ვიდეოში ნაჩვენებია მე-5 კენ ტაი ჯო სრული ირიმი-ტენკანით მეორე დარტმის დროს. სწორედ ასე ასწავლიდა საიტო სენსეი ამ სავარჯიშოს მისი შექმნის მომენტში.
ამ ვიდეოში ნაჩვენებია მე-5 კენ ტაი ჯოს (ხმალი ჯოს წინააღმდეგ) საწყისი ფორმა:
მე ეს სავარჯიშო უშუალოდ საიტო სენსეისგან ვისწავლე ივამაში, 1980-იანი წლების მიწურულს, იმ დროს, როდესაც მან შვიდი კენ ტაი ჯოსგან შემდგარი სერია შეიმუშავა. ის იმხანად ძიებისა და დახვეწის ფაზაში იყო, ამ სავარჯიშოების საბოლოო ფორმა ჯერ არ ჰქონდა ნაპოვნი და ყოველი დილის ვარჯიშისას ამ მოძრაობებში გარკვეული ნაწილი შეცვლილი გვხვდებოდა. სულ ერთი მუჭა უჩი დეშები ვიყავით, ვისაც წილად გვხვდა პრივილეგია, შევსწრებოდით სწავლების ამ პროგრამის შემუშავების პროცესს იმ ექსპერიმენტების ჭრილში, რომლებსაც საიტო სენსეი ატარებდა თავისი ცხოვრების იმ პერიოდში. ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი და დღეს უკეთ მესმის ის კრიტერიუმები, რომლებითაც ის ხელმძღვანელობდა ამა თუ იმ არჩევანის გაკეთებისას.
ვიდეოში ნაჩვენებია მე-5 კენ ტაი ჯო სრული ირიმი-ტენკანით მეორე დარტყმის დროს. სწორედ ასე ასწავლიდა საიტო სენსეი ამ სავარჯიშოს მისი შექმნის მომენტში:
მხოლოდ ოდნავ მოგვიანებით შეწყვიტა ასეთი შესვლა, რომელიც ღრმა ტაი ნო ჰენკას მოითხოვდა უჩის მარცხენა, უკანა მხარეს და დაკმაყოფილდა იმით, რომ მეორე დარტყმისას მსუბუქად გადიოდა მარჯვნივ. ამგვარად ამოიღო აქედან ირიმი-ტენკანის ცნება.
მინდა, ასეთმა ტექნიკურმა ევოლუციამ დაგვაფიქროს იმ ფაქტზე, რომ სრული ირიმი-ტენკანი არასდროსაა ნაჩვენები აიკიდოს მეთოდით შესრულებულ იარაღის სავარჯიშოებში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ირიმი-ტენკანი აიკიდოს პრინციპია და რომ ის, ბუნებრივია, თითოეულ ტექნიკაში უნდა იყოს. ის ამბავი, რომ ეს პრინციპი არსადაა მეთოდის მიხედვით შესრულებულ იარაღის სავარჯიშოებში, ცხადად გვაჩვენებს, რომ აქ საქმე პედაგოგიურ არჩევანთან გვაქვს.
ნიშანდობლივი ტექნიკური ამბავი, რომელიც აქ გავიხსენე, ამ ფაქტის მტკიცებულებაა. ირიმი-ტენკანის სწავლება მე-5 კენ ტაი ჯოს მეორე დარტყმისას უადგილო იყო მეთოდის სავარჯიშოში და სწორედ ამის გამო ამოიღო ის საიტო სენენიმ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ.
სიმართლე ითქვას, მეორე მიზეზიც არსებობს აქ, რომელიც აიკიდოს სიღრმისეულ რეალობას შეეხება. 180°-იანი ტრიალი, რომელსაც საიტო სენსეი ასრულებდა მე-5 კენ ტაი ჯოს კეთებისას და რომელიც ამ ვიდეოშია ნაჩვენები, მართლაც არავითარი აზრი არ აქვს. ნამდვილ, რეალურ აიკიდოში, აიკიდოში, რომელიც საშუალებას გვაძლევს ოთხი
მხრიდან ერთდროულად წამოსულ შეტევებს ვუპასუხოთ, ყველა ბრუნი 270°-იანია. და საიტო სენსეიმაც უთუოდ ასეთი მსჯელობით იხელმძღვანელა: 270°-იანი ტრიალი სწორია აიკიდოს რეალობაში, ტრიალის ამოღება კი გამართლებულია სწავლების მეთოდის ფარგლებში, 180°-იანი ტრიალი არაფერს შეესაბამება და ამიტომაც ის არ უნდა ფიგურირებდეს არსად.
აი, რატომ არ არის საჭირო აქ ნაჩვენები ღრმა შესვლა, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ მეთოდის ფარგლებში შექმნილი სავარჯიშოა.
ფილიპ ვოარინო 2023 წელი
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ken-tai-jo-5-anecdote-technique/