Categories
სტატიები

მამაჩემი ამბობდა

კვადრატი წრის შიგნით ტრიალებს გადაადგილების ოთხი მთავარი და ოთხი დამატებითი ღერძის მიხედვით, ესე იგი რვა მიმართულებით.

მამაჩემი ამბობდა, 1950-იან წლებში ერთი გასართობი ხერხი არსებობდა რთული საკითხის თავიდან აცილებისთვის ან ისეთი რამის მოგვიანებით გადადებისთვის, რისი გაკეთების სურვილიც არა გვაქვსო. ის ამას ღიმილით და ასეთი ფრაზით ამბობდა: „ეს 2000 წელს გამოჩნდებაო“, რაც ნიშნავდა, არასდროსო.

მაგრამ 2000 წელი უკან მოვიტოვეთ.

როდესაც ვფიქრობთ, რომ თითოეული ადამიანი დედამიწაზე მისი წინაპრების უწყვეტი წარმატების შედეგია, წინაპრებისა, რომელთაც მას სიცოცხლე თაობიდან თაობაში გადასცეს და რომ ის თავის არსებობას ამ ხაზის განგრძობითობას უნდა უმადლოდეს, ერთგვარი სასწაულის შეგრძნება გვეუფლება.

რადგან გარკვეულ ვითარებაში ქვიშის სულ უმცირეს მარცვალს შეუძლია ბოლო მოუღოს თაობების ამ მონაცვლეობას ათასგზის განახლებულ ამ ნათესაობას და ის, ვინც უდარდელად ტკბება დღეს ზამთრის საღამოს სავსე მთვარის ყურებით, შეიძლება სულ არ ყოფილიყო ამქვეყნად.

ყოველთვის, როდესაც ადამიანი შთამომავლობის გარეშე მიდის, კაცობრიობის ხეზე თითო რტო კვდება. ის თაობების იმ ძაფს წყვეტს, რომელიც უხსოვარი დროიდან მოდის და მოქმედებს, რათა დღის სინათლე იხილოს, ის ამით არყოფნისთვის წირავს მთელ შთამომავლობას, რომელსაც ამის გამო არსებობა არ უწერია.

ამ თვალსაზირით სიცოცხლის გადაცემა თაობიდან თაობაში ძალიან მყიფე რამაა. სიმართლე ითქვას, ყველანაირი გადაცემა მყიფეა – ისევე აღარავის აქვს ის ცოდნა, რომელიც დროთა განმავლობაში დაიკარგა, როგორც არ ჰყავს შთამნომავლობა ადამიანს, რომელისაც შვილი არ ჰყოლია. რაც უფრო მეტად ვშორდებით ტრადიციული ცოდნის სათავეს, მით უფრო მეტია დანაკარგი.

აიკიდო არის ხელოვნება, რომელიც კაცობრიობასთან ერთად დაიბადა, მაგრამ სახე მისცა და დახვეწა მოგვინებით მორიჰეი უეშიბამ, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში. მაშასადამე, ჩვენ ჯერ კიდევ ახლოს ვართ დასაწყისთან და ჩემი დაბადების ბედისწერამ ჩამაყენა იმ მდგომარეობაში, რომ სწავლება აიკიდოს ფუძემდებლის პირდაპირი (უშუალო) მოწაფეებისგან მიმეღო.

ნობუიოში ტამურასთან ვარჯიშში გატარებულ წლებს ვაჯამებ და მათ პირველი შეხვედრით გამოწვეულ მოჯადოებას ვუწოდებ. მართლაც, მისი წყალობით აღმოვაჩინე აიკიდო 1977 წელს ნიცის ერთ-ერთ ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, ოცი წლის გახლდით და ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება. მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ის ჩემი მასწავლებელი იყო, ჩვენს ურთიერთობას ის სიახლოვე აკლდა, რომელიც მასწავლებლისა და მოწაფის ურთიერთდამოკიდებულებას უნდა ახლდეს თან.

მის შემდეგ ორი ადამიანი იყო: პიერ შასანი და მორიჰირო საიტო. ისინი ჩემთვის ახლობლები იყვნენ და, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვაგვარად, მაგრამ ორივენი მასწავლებლები იყვნენ. ამაზე წერისას თავში ის წარწერა მომდის, რომელიც ნიცშეს ჰქონდა თავისი კარის თავზე:

‘ ვცხოვრობ ჩემს საკუთარ სახლში,

არასდროს არავისთვის მიმიბაძავს,

და დავცინოდი ყველა მასწავლებელს,

რომელიც თავის თავს არ დასცინოდა.’

მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ეს ორი მასწავლებელი თავის თავს დასცინოდა, იმ გაგებით, რომ არ ჰქონიათ ილუზია, რომ მათ ჭეშმარიტების მხოლოდ ის ნაწილი შეეძლოთ გადაეცათ მოწაფეებისთვის, რომელიც თითოეულ მათგანს ჰქონდა მიღებული აიკიდოსგან. და იმის გამო, რომ ისინი დასცინოდნენ საკუთარ თავს, მე მათთვის არასოდეს დამიცინია. მე მათთვის არ მიმიბაძავს, მე მათ ვუყურებდი, ვუსმენდი, მე მათი გონების სინათლე და პატიოსნება მიყვარდა და მათ ისე ნელა, თანდათანობით მასწავლეს, რომ მე ეს არც კი შემიმჩნევია.

ორივემ იცოდა სწავლების ის დიდი ჭეშმარიტება, რომლის თანახმადაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გადაცემაა შესაძლებელი მოწაფეებისთვის, რის მისაღებადაც ეს უკანასკნელნი არიან მზად, რისი წარმოდგენის უნარიც აქვთ მათ: იმისა, რაც მათ იციან უკვე. ის, რაც ადამიანმა მართლაც არ იცის, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იპოვოს, იმას ადამიანი სხვისგან ვერ ისწავლის.

ის ამას კიდევ უფრო ნაკლებად დაინახავს, აღმოაჩენს ვინმე ისეთთან, რომელმაც მასზე მეტი არ იცის. ერთმა სულ ახალმა, ახლადგამომცხვარმა აიკიდოს მასწავლებელმა მისაყვედურა, რატომ გამოდიხარ სიტყვით და არ მონაწილეობ დისკუსიებშიო. ის ჩემს სიტყვას ქედმაღლურად მიიჩნევდა, და, რა თქმა უნდა, არც დაფიქრებულა, რომ ამით საიტო სენსეის სიტყვასაც ასეთად თვლის. მისთვის დისკუსია გონების გახსნასა და ცოდნის გაზიარებას ემსახურებოდა, თუმცა ვერ ხედავდა, რომ დისკუსია, სადაც უმთავრესი რამ არ იციან მასში მონაწილეებმა, ბანალობებისა და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების გაცვლა-გამოცვლაა და მეტი არაფერი. ასეთი ლაყბობებიდან არავითარი ჭეშმარიტება არ იბადებს და მათში თავმდაბლობის ნიღბის უკან ნამდვილი პატივმოყვარეობა იმალება.

როდესაც ადამიანი გარკვეულ ასაკს გადასცდება, აღარც დრო აქვს ლაყბობის და აღარც სურვილი. მაშ რა უნდა ქნას – თუკი მხოლოდ იმის გადაცემა შეუძლია სხვებისათვის, რაც მათ უკვე იციან – იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ცოდნა, რომელიც უმეტეს აიკიდოში მოვარჯიშეთა მხედველობის ველში არ არის?

ვფიქრობ, უბრალოდ, უნდა იმუშაოს, პიერისა და საიტო სენსეის მსგავსად, და არ იდარდოს ზედმეტად, თუ რა სარგებელი შეიძლება ნახონ შემთხვევით სხვებმა ამ „მაგალითიდან“. ეს არ გახლავთ ფატალიზმი, ეს რეალიზმია და ვფიქრობ, ესაა ტერმინ „შიჰანის“ ღრმა შინაარსი, რომელსაც ზოგადად თარგმნიან, როგორც „მოდელს“, მისაბაძს.

მე-6 დანის მიღება არ ნიშნავს ავტომატურად შიჰანობას. ის, რომ აიკიკაიმ ასეთი ბავშვური წესი დაამკვიდრა, მხოლოდ იმ უფსკრულს აჩვენებს, რომელიც თანამედროვე აიკიდოს საზოგადოებას ტრადიციული პრინციპებისაგან აშორებს. დღეს იაპონიაში შიჰანების კლუბი არსებობს, შიჰანკაი, და ამით ყველაფერია ნათქვამი.

თუკი ITAF-ს ასეთი დასახელება არა აქვს, ეს იმიტომ ხდება, რომ ის ტერმინ „შიჰანს“ ისევე უყურებს, როგორც ტერმინ „ო-სენსეის“ (დიდ მასწავლებელს). მორიჰეი უეშიბას არ გადაუწყვეტია ერთ მშვენიერ დღეს, რომ მისთვის ასე ეწოდებინათ. მე ამას ივამაში მივხვდი, როდესაც ერთ-ერთმა იაპონელმა მოწაფემ საიტო სენსეის „ო-სენსეი“ უწოდა. გაკვირვებისგან სახტად დავრჩი იმ ტერმინის გაგონებისას, რომელიც ჩემს გონებაში მხოლოდ აიკიდოს ფუძელდებლისთვის იყო განკუთვნილი. სიმართლე ითქვს, ის კიდევ უფრო გამიკვირდა, რომ საიტო სენსეიმ ღიმილით უპასუხა ამ წინდაუხედავ მოწაფეს, ნაცვლა იმისა, რომ უხეშად შეეხსენებინა მისთვის წესები, როგორც სჩვეოდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ უბრალოდ იქამდე არასოდეს მეფიქრა, საიდან იბადება ამგვარი ტერმინები. მართლაც, სწორედ მოწაფეები წყვეტენ ერთ დღეს, დაუძახონ „ო-სენსეი“ იმას, ვისაც იქამდე უბრალოდ, „სენსეის“ უწოდებდნენ.

დამოკიდებულების ამგვარ გამოხატულებაში უთუოდ არ იგულისხმება მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, ამაში უთუოდ ცხოვრებისეული პატივისცემის ფორმაც იგულისხმება, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამაა ნათელი – ვერავინ გახდება შიჰანი ან ო-სენსეი, თუკი მას ასეთად სხვები არ აღიარებენ. რაც შემეხება მე, ნაკლებად მადარდებს იმის ცოდნა, თუ ვინ ვარ. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი გადასაწყვეტი არ გახლავთ. ვმუშაობ მხოლოდ იმაზე, რომ ცხადვყო ის ბუნებრივი პრინციპი, რომელიც ქმნის აიკიდოს, რადგან ამ ცოდნის მატარებელი მე გავხდი, რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს ეს გაიჯინისთვის (გაიჯინი – იაპონურად, უცხოელი, არაიაპონელი): კვადრატი წრის შიგნით ტრიალებს გადაადგილების ოთხი მთავარი და ოთხი დამატებითი ღერძის მიხედვით, ესე იგი რვა მიმართულებით. ამასთან შედარებით ტექნიკას მხოლოდ ნაწილობრივი მნიშვნელობა აქვს.

ბედნიერ ახალ, 2023 წელს გისურვებთ ყველას, ვინც პატიოსნად ეძებს. და იპოვეთ, რადგან ამას ვერავინ გააკეთებს თქვენს ნაცვლად!

ლავერნი, 2023 წლის 1-ლი იანვარი
ფილიპ ვოარინო

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/mon-pere-disait/