აიკიდოს ყველა ტექნიკას საერთო წარმოშობა აქვს და სწორედ ეს საერთო წარმოშობა ქმნის კავშირს ამ ტექნიკებს შორის.
თუკი აიკიდო სხვა საბრძოლო ხელოვნებებისგან გამოირჩევა, სწორედ იმ განსაკუთრებული კავშირის გამოა, რომელიც ამ ხელოვნების ტექნიკებს შორის არსებობს.
ამ კავშირს, რომელსაც იაპონურად რიაი ეწოდება, ხშირად ახსენებენ აიკიდოს გაკვეთილების დროს. მას, ძირითადად, განმარტავენ, როგორც ერთგვარ ნათესაობას ტექნიკებს შორის. ამ ნათესაობას უმეტესწილად ამართლებენ იმ მსგავსებით, რომელსაც ტექნიკების ზოგიერთ ელემენტს შორის ნახულობენ.
მაგალითად, შიჰო ნაგე ერთ-ერთ ასეთ კლასიკური მიდგომის მაგალითს წარმოადგენს: ტორი აგდებს ამ ტექნიკით, შემდეგ იღებს ხმალს, ზუსტად ასევე ჭრის და ამგვარად აჩვენებს, რომ არ არის განსხვავება შიშველი ხელით მოძრაობასა და ხმლიან მოძრაობას შორის.
ძალიან კარგი და არც არის სადაო, რომ ასე ხილული ხდება გარკვეული გარეგანი მსგავსებები ამ ორ ტექნიკას შორის. მაგრამ არის კი საკმარისი ეს რიაის არსის გასაგებად?
ეს ცოტათი იმ ამბავს ჰგავს, როცა კავშირს განმარტავენ ორ ნამდვილ ტყუპს შორის და ამბობენ, მათ ერთნაირი ცხვირი, ყურები, თვალები და ყოფა-ქცევა აქვთო… ეს ყველაფერი სიმართლეა, რასაკვირველია, ისინი გარეგნულად სრულად ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ შედეგია იმ მიზეზისა, რამაც ეს შესაძლებელი გახადა.
თუკი მონოზიგოტური ტყუპისცალები ჰგვანან ერთმანეთს, ეს იმიტომ ხდება, რომ ორივე ემბრიონი ერთი და იმავე საწყისი უჯრედიდან გამოდის და ამიტომ მათ ერთი და იგივე გენეტიკური მემკვიდრეობა აქვთ: არსებობს უპირველესი მიზეზი მათი მსგავსებისა.
ასევე, არსებობს აიკიდოს ყველა ტექნიკის საერთო წარმომავლობა და ეს საერთო საწყისი წარმოშობს მიმართებას ტექნიკებს შორის. სწორედ ეს საწყისი უნდა გვესმოდეს, თუკი გვინდა რომ რიაის აზრს ჩავწვდეთ.
აიკიდოს ყველა ტექნიკისთვის – რომელიც არ უნდა იყოს, ის, შიშველი ხელისა, ხმლისა თუ ჯოსი – საერთო „გენეტიკური მემკვიდრეობა“ ცენტრალური ღერძის ტრიალია, რომელიც ორნაბიჯიან მოძრაობას უდებს სათავეს, იქნება ეს წინა, თუ უკანა ფეხით დაწყებული. სხვა გადაადგილება არ არსებობს და ის აიკიდოს ყველა ტექნიკის სათავეა. ამ სრულიად განსაკუთრებულ, ბრუნვით გადაადგილებას თავისი სახელი აქვს და მას ირიმი-ტენკანი ეწოდება:
და რადგანაც ყოველი ტექნიკის წარმოშობაში ირიმი-ტენკანის ეს მუდამ ერთნაირი გადაადგილება არსებობს, ამიტომ შეგვიძლია გავყვეთ იმ წითელ ძაფს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ხელოვნების ყველა ტექნიკას და ამგვარად მათ ერთი ოჯახის წევრებად აქცევს.
ვიდეოში სამაგალითოდაა ნაჩვენები, რომ სწორედ ერთი და იგივე გადაადგილება გვაძლევს საშუალებას, ისევე შევასრულოთ სანკიო, როგორც კოტე გაეში და ეს ორივე ოფცია ისევე კარგად ერგება როგორც ერთ, ისე ორ მოწინააღმდეგეს.
სანკიო და კოტე გაეში აქ სხეულის საერთო მოძრაობითაა დაკავშირებული, რასაც საერთო გადაადგილებასთან მივყავართ. ამ ორი ტექნიკის წარმოშობის იდენტურობა მათ სიღრმისეულ ნათესაობას წარმოჩენს:
რა თქმა უნდა, ეს ნათესაობა შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, თუ ტექნიკების მხოლოდ გარეგულ მსგავსებას მივაქცევთ ყურადღებას, რადგან მართალია, რომ სანკიოსა და კოტე გაეშის ფორმები ვიზუალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
მაგრამ ეს განსხვავება მხოლოდ გარეგნულია, ზედაპირულია და მხოლოდ ინვერსიული ჩავლებების შედეგია. ამგვარი შეზღუდვა მეორეხარისხოვანია და მხოლოდ ზედაპირზე ჩანს, ის ვერაფერს უცვლის მოძრაობის სიღრმეს, რომელიც ამ ორივე ტექნიკისთვის ერთი და იგივეა. სწორედ ასეთ სიღრმეებში უნდა ვეძებოთ რიაი.
ტექნიკებს შორის ასეთი ნათესაობის სხვა ასპექტებიც არსებობს, მაგალითად, იმ შემთხვევისთვის, რომელსაც ახლა განვიხილავთ, ის ფაქტი, რომ სანკიოსა და კოტე გაეშის ორი ბრუნვა უკეს წინამხარზე სრულიად ურთიერთშემავსებელია.
სინამდვილეში, აქ საქმე გვაქვს ერთი და იმავე ტექნიკის ორ ძალასთან. ეს ცოტათი იმ ქაღალდის ფურცელს ჰგავს, რომელსაც წინა და უკანა მხარე აქვს. ასეთ დროს თავში არავის მოუვა აზრად, რომ წინ ორი ფოთოლი უდევს. გვერდი ორია, ფურცელი კი ერთი. ასევე – არ არის ორი ტექნიკა, სანკიო და კოტე გაეში, არის ერთი საერთო მოძრაობა, რომელიც ვლინდება ანალოგიური და ურთიერთშემავსებელი ფორმებით და ეს ორი ფორმა ერთი მთლიანობის შემადგენელი ნაწილებია.რიაის დანახვა მრავალგანშტოებიანი ხის დანახვას ჰგავს, როცა გვესმის, რომ ყველა ეს განშტოება ერთი ღეროდანაა გამოსული, სიმრავლეში ერთიანობის დანახვას ჰგავს. ეს, ცხადია, ტექნიკების ერთგვარი დავიწყებაა, ვინაიდან ამის შემდეგ აღარ არსებობს საკუთრივ ტექნიკები, რომლებიც შექნილ-გააზრებულია ერთმანეთისგან მკაფიოდ განსხვავებული ელემენტებივით, რაც აიკიდოს ფედერაციების წიაღში საგამოცდო კატალოგებშია მოთავსებული.
ფილიპ ვოარინო
16 იანვარი, 2023 წელი