Categories
სტატიები

ჯო დორი კოკიუ ნაგე – საბრძოლო ფორმა

საბრძოლო კონტექსტში, თუ უიარაღოდ ვართ, მოწინააღმდეგე კი შეიარაღებული გვიტევს და ვახერხებთ მის იარაღზე ხელის ჩავლებას, ამას იარაღის ძირს დასადებად არ ვაკეთებთ, როგორც ეს დანზე ჩატარებული გამოცდის დროს ხდება.

წინა სტატიაში ვნახეთ გდების ორი შესაძლო ფორმა ჯოთი ცკის შეტევის დროს: ჯერ გდება 180°-ით უკნისაკენ, რაც სწავლების მეთოდის კლასიკური ფორმაა ელემენტარულ დონეზე, რომლის დროსაც მხოლოდ ირიმის ვიყენებთ და შემდეგ ჩვეულებრივი ფორმა, რომელიც უკვე ირიმი-ტენკანის სრულად გამოყენებით სრულდება.

ეს ორივე შესანიშნავი სასწავლო ფორმაა, მაგრამ ნამდვილი საბრძოლო ფორმა მათგან განსხვავდება და მხოლოდ ამ ვიდეოშია ნაჩვენები:

იმ მომენტიდან, როდესაც ტორის ხელები უკეს იარაღს ევლება, ის სინამდვილეში მისი იარაღი ხდება. შეუძლია მიმართოს იქით, საითაც მოესურვება და გამოიყენოს ისე, როგორც იარაღის გამოყენებას შეეფერება, ანუ დაარტყას ასე ან ისე.

აიკიდოში გდებები შეიძლება იყოს საბრძოლო ხასიათისა, როგორც ეს შიჰო ნაგეს შემთხვევაში ხდება, თუკი ის სრული ძალით სრულდება. სხვა შემთხვევებში, როგორიცაა ჯო დორი სოკუმენ ირიმი ნაგე, გდება ჯოს გამოუყენებლად არ არის საბოლოო მიზანი, ესაა სავარჯიშო ტექნიკა საბრძოლო რეალობის გარეშე, რამაც უკეს უსაფრთხოდ ვარდნის საშუალება უნდა მისცეს.

როდესაც ჯო დორი საბრძოლო კონტექსტში სრულდება, არავითარი აზრი არა აქვს, დავიტოვოთ იარაღი ერთ ხელში და დავაგდოთ უკე მეორე ხელით, თითქოს შეიძლებოდეს, რომ თავს უფლება მივცეთ, მოწინააღმდეგეზე ვიმოქმედოთ ჩვენს ხელთ არსებული ძალის პატარა ნაწილით და არ ვისარგებლოთ ტენკანის მოძრაობით, რათა ამ იარაღით სხვა მიმართულებებიდან წამოსული შეტევები გავაკონტროლოთ. მოწინააღმდეგის გდება ცალი ხელით, როგორც ეს სავარჯიშოშია ნაჩვენები, ნიშნავს, რომ ჯეროვან და აუცილებელ ყურადღებას არ ვაქცევთ არც მას და არც სხვებს, რომლებიც აქვე არიან, ყოველ შემთხვევაში ვირტუალურად მაინც. ეს ამპარტავნული საქციელია და შეიძლება ძვირადაც დაგვიჯდეს.

საბრძოლო კონტექსტში, სადაც ჩვენს სიცოცხლეს ვიცავთ, თუ უიარაღოდ ვართ, მოწინააღმდეგე კი შეიარაღებული გვიტევს და ვახერხებთ მის იარაღზე ხელის ჩავლებას, ამას იარაღის ძირს დასადებად კი არ ვაკეთებთ, როგორც ეს დანზე ჩატარებული გამოცდის დროს ხდება, არამედ მის გამოსაყენებლად. ეს უნდა გავაკეთოთ დაუყოვნებლივ, ანუ ის უნდა გამოვიყენოთ გდებისათვის.

ბრძოლის წესები განსხვავდება ვარჯიშის წესებისაგან, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთმანეთში არ ავურიოთ და ყოველთვის ვიცოდეთ, რომელ დონეზე ვიმყოფებით ამა თუ იმ ტექნიკის შესრულებისას. უამისოდ ბოლოს იქამდე მივალთ, რომ დავიჯერებთ სხვადასხვა „სტილების“ არსებობას იქ, სადაც სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკის სხვადასხვა დონეებია.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jo-dori-kokyu-nage-forme-martiale/