აიკიდოს ფუძემდებელი ამბობდა, მე ვარ არაფერი, მე ვარ სამყაროო. არაფრად ყოფნა მართლა არაფერი კი არ არის, ეს უმთავრესი მიზანია…
რა კარგად იცის მშობიარე ქალმა, რა არის ნამდვილი და რა არა. სიცოცხლე სასწაულია, რა არის ყოფიერება და რატომ სჯობნის ყოფნა არყოფნას?
მშობიარე ქალი არ იკარგება ამ შეკითხვებში, მას მოქმედება ურჩევნია, მოქმედებს კიდეც უზუსტესად და უმშვენიერესად, საუკეთესოდ: ბადებს სიცოცხლეს. მუცელში რაღაც ხნით წყალსა და ცეცხლს უყრის თავს, მშობიარე ქალი ტაძარივითაა, აღთქმის კიდობანს აძლევს თავშესაფარს. და ბავშვი, რომელიც იბადება, მიწისა და ცის შვილია, თავის თავში ატარებს ძალას, რომელიც სამყაროს დასაწყისს ეხება, ძალას, რომელიც უსასრულოდ სცდება ახალგაზრდა დედას, თუმცა ეს დედა მაინც სჭირდება, რათა სიცოცხლე თაობიდან თაობას გადაეცეს, როგორც ხეს სჭირდება მიწა არსებობისათვის. მშობიარე ქალი არასდროს ცდება, ის თავის მისიას ასრულებს.
ნუ დავუპირისპირებთ მას სიბერისკენ მიმავალი საზოგადოებების შიშს ბუნდოვანი მომავლის მიმართ და ყველა პროზაულ თუ სიფრთხილის შემცველ მიზეზს. სამყაროს წარმოშობისას სიფრთხილე სრულიად უადგილო იყო, უძღებობა, შემართება და სიმამაცე იყო ყველაფრის წარმმართველი, მშობიარე ქალი კი სავსეა სიმამაცით და ამაშია მისი სიმართლე.
ახალი დედის თვალებში ზაფხულის ცის ვარსკვლავებია, მას უკან არ დაუხევია. გამბედაობით და ნდობით მიიღო თავისი ბედი მშვენიერმა ზელანდინმა, თავის ღრმა ბუნებას შეერწყა, გამოფხიზლდა და მიატოვა პერცეფორესტი, რათა თავისი ბედნიერების მწვერვალზე ასულიყო. ის დედოფალია, მის გარშემო ყველა ბედნიერია, მის დაბადებას ზეიმობენ და მეც კი, ვინც უცხო ვარ და არაფერი გამეგება ამ ყველაფრისა, ისე ვარ აღფრთოვანებული, რომ მან ამაზე არაფერი იცის, მაოცებს ის სამარადისო არჩევანი, რომელიც მან გააკეთა.
ქალისგან განსხვავებით მამაკაცი არაა ისე მოწყობილი, რომ მან საკუთარ თავში სიცოცხლე ატაროს, თუმცა ისე ხდება ხოლმე, ისიც შობს რაღაცას. ასეთი რამ ხდება აიკიდოში, მაგალითად. ცოცხალ არსებებს არ ვშობთ, რასაკვირველია, აქ ეფემერულ ტექნიკურ ფორმებს წარმოვშობთ, თუმცა აქაც იგივე გზა იგულისხმება.
იმისათვის, რომ ზუსტად წარმოვიდგინოთ, რისი თქმა მინდა აქ, იმისათვის, რომ ბუნდოვანი სურათის ნაცვლად სხვა რამ დავინახოთ, უნდა გვესმოდეს, რომ აიკიდოს მოძრაობები იმავე ძალის, იმავე კანონების, იმავე სიზუსტისა და იმავე სრულყოფილების გამოვლინებაა, რომლებიც ბავშვს აჩენენ დედის წიაღში.
ქალი არ განაგებს იმ წესებსა და კანონებს, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, ბავშვი ჩასახოს, ის მას იღებს და იცავს. ასეთივე თავმდაბლობით უნდა მიიღოს და დაიცვას აიკიდოში მოვარჯიშემ ის წესები და კანონები, რომელთაც სრულყოფილი მოძრაობა წარმოქმნის. ისევე, როგორც ქალი, ვერც ის წყვეტს ამა თუ იმ კანონის არსებობა-არარსებობას, ქალის მსგავსად ვერც ის ირჩევს ვერაფერს, ის სამყაროს ნებას მიჰყვება, მაშინ სამყაროს შეუძლია თავის თავს მოუსმინოს მისი სხეულის გავლით, და მერე შექმნას.
სწორედ ამ გაგებით ამბობდა ო-სენსეი მორიჰეი უეშიბა, აიკიდოს ფუძემდებელი, მე ვარ არაფერი, მე ვარ სამყაროო. ეს მართლა არაფრად ყოფნას არ ნიშნავს, ეს უმთავრესი მიზანია, რადგან თავისებური ხედვა, რომ ინდივიდი შეიძლება თავის თავში მთელ სამყაროს შეიცავდეს, თუ გნებავთ, მისი იდეოსინკრეზია, არ აძლევს საშუალებს, მასში იმაზე დიდმა ენერგიამ იმოძრაოს, რაც მას ისედაც აქვს. თანაც ეს უმთავრესი ენერგია მან უნდა ატაროს და გასცეს, ისევე როგორც ქალმა უნდა ატაროს ბავშვი და მერე გამოუშვას ის. რაც არ უნდა დიდი იყოს სამყარო, რაც არ უნდა პატარა იყოს ადამიანი, მათ ერთმანეთი სჭირდებათ.
ძალიან ხშირად ადამიანი ვერ ცნობს სამყაროს კანონების მნიშვნელობას. ასეთ დროს რაღაცეების ძებნას იწყებს საკუთარი თავისთვის. კანონებს საკუთარი აზრებით ჭედავს და ფიქრობს, რომ თავისი მოძრაობების ორგანიზება მათ მიხედვით შეუძლია. ასეთ დროს ის საკუთარი გემოვნებით შექმნილი თეატრალური პიესის მსახიბად იქცევა, საიდანაც სამყარო სრულადაა უგულებელყოფილი. გადაცმული და სახეზე ნიღაბაფარებული ასრულებს როლს მასკარადში, რომელსაც აიკიდოსგან სახელის მეტი აღარაფერი შერჩენია. ესაა თანამედროვე აიკიდო და ამით განსხვავდება ერთმანეთისგან მშობიარე ქალი და მამაკაცი, რომელიც აიკიდოს ტექნიკას წარმოშობს: მამაკაცს, რამე რომ იყოს, შეუძლია რაღაცა რაღაცას მიამსგავსოს, ქალს ეს არ შეუძლია, ამ ყველაზე წმინდა მომენტში ქალს არანაირი ნიღაბი არ უკეთია.
ისწავლოს ადამიანმა ცხოვრება, გარკვეულწილად, ნიშნავს, რომ არ მოაჩვენოს თავი რაღაცად. ამ თვალსაზრისით, აკიდოში მოვარჯიშე, რომელსაც წინსვლა უნდა თავის გზაზე, ინტერესით უნდა უყურებდეს პატარა ადამიანების დაბადებას, ამ უმნიშვნელოვანესი აქტის კავშირი უნდა დაინახოს თავის ხელოვნებასთან და ისე მოიხაროს ქედი ქალის წინაშე, რომელიც სიცოცხლეს უდებს სათავეს, როგორც ოსტატის, მასწავლებლის წინაშე მოიხრიდა.
ფილიპ ვოარინო
17 ოქტომბერი, 2022