Categories
ტატამს მიღმა

არწივისა და გველის თამაში

ნობუიოში ტამურა ჟურნალ „დრაკონს“ ინტერვიუზე დასთანხმდა და იგი გამოქვეყნდა 22-ე ნომერში, სათაურით „აიკიდოს არწივი“.

არწივი ზევსის შუქს ატარებს და ცის ისეთ ადგილებში შედის, რომლებიც ადამიანისთვის მიუწვდომელია. ის სულის სამყაროებში დაქრის. ამიტომაცაა იოანე ნათლისმცემელი არწივის ნიშნით გამოსახული. არწივი, გველების მკვლელი, ბნელ ძალებზე გამარჯვებას ზეიმობს. მზესთან ახლოს რომ ცხოვრობს, სინათლის გამარჯვებას ატარებს თავის თავში.

მაგრამ არწივის შორეთისკენ მიპყრობილი მზერა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მან არ იცის, გარს რა არტყამს და თითქოს ერთგვარ ზიზღსაც კი გრძნობს იმ ყველაფრის მიმართ, რაც მასთან ახლოსაა. ამიტომაცაა, რომ მას ოდითგანვე ქედმაღლობის ცოდვაც აწევს ზურგზე. ამის გამო ხშირად ორი თავითაც გამოსახავენ ხოლმე. სინამდვილეში არწივს ორი სახე აქვს. და გველმა მისი მეორე, ნაკლებად ძლევამოსილი მხარე იცის, რადგან იგი ფრინველთა მეფის თანამგზავრია საპირისპიროთა მარადიულ თამაშში.

არწივი თუ ციდან იღებს თავის ძალას, გველი თავისას მიწაში პოულობს. ოდითგანვე ერთნი არიან ისინი, როგორც დღე და ღამე, როგორც მდედრობითი და მამრობითი. გველი თუ ეშმაკია, ის ამავე დროს კუნდალინია, ოურობოროსია, ესკულაპის თანამგზავრია, ისეა წკირზე შემოხვეული, როგორც სამყაროს ღერძის გარშემო.

ლეგიტიმური რომ გამოვიდეს ჩემი პასუხი აიკიდოს არწივის მიმართ, ერთადერთ გზად გველის ტყავში შეძვრომაღა დამრჩენია. ბევრს წაკითხვამდე გაუჩნდება სურვილი თავი გაუჭეჭყოს ამ მცოცავ ცხოველს. არადა ყველა ცხოველს შორის მხოლოდ გველსა აქვს ღმერთების მესიჯის მოსმენის თვისება.

როდესაც საჯაროდ საკუთარ პოზიციას გამოხატავ, კრიტიკისთვისაც უნდა იყო მზად. გარდაუვალი ამბავია. მე კარგად ვიცი ეს, რადგან სიგიჟის ჟამს ბევრს ვწერ ხოლმე. ნობუიოში ტამურამაც იცის ეს. სწორედ ამიტომაც ის სიბრძნეს იჩენს და თითქმის არასდროს არ ლაპარაკობს. ამ თავისი დუმილით ძალაც კი შექმნა, რადგან იმის მიმართ, ვინც თავის აზრს არ გამოხატავს, საზოგადოდ ძირითადად მაღალი აზრისანი არიან. და ის იშვიათად არღვევს ამ წესს.

ასეთი სიტყვაძუნწი კაცი რომ ცხრაგვერდიან ინტერვიუს აძლევს დიდ საჯარო ჟურნალს, ამას შემთხვევითობას ვერ მივაწერთ. ეს გააზრებული საქციელია, რომლის აზრიც ღირს, რომ დავადგინოთ. შუაში რამდენიმე სასაცილო ამბით შენიღბული ნამდვილი მიზეზი ამ სიტყვით გამოსვლისა ძნელი გამოსაცნობი არ გახლავთ.

`ოფიციალურ~ აიკიდოს ეშინია მორიჰირო საიტოსი, იმიტომ რომ იგი ეჭვქვეშ აყენებს აიკიკაის ტექნიკურ ავტორიტეტს როგორც იაპონიაში, ისე საფრანგეთში და სხვაგანაც. და ყველაფერია ამოქმედებული ჰომბუ დოჯოდან გამოსულ აიკიდოს პატარა სამყაროში როგორც პირადად საიტო სენსეის, ისე ო-სენსეის მიერ დატოვებული მემკვირდეობის მიმართ მისი ერთგულებით მიძღვნილი ცხოვრების დისკრედიტაციისთვის.

ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო იარაღი დეზინფორმაციაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ნობუიოში ტამურასნაირი ისტორიული წონის მქონე კაცისგან მომდინარეობს.

ასეთი ბუმბერაზი რომ თავის წონას სასწორზე დადებს, ეს ამავე დროს შიშისა და კანკალის საბაბს იძლევა თანამედროვე აიკიდოს ქვიშაზე აშენებულ მთელ იმპერიაში.

ნობუიოში ტამურას სიტყვები ამ ინტერვიუში ცივსისხლიან, დაუზოგავ და თითქმის ფრონტალურ შეტევას წარმოადგენს მორიჰირო საიტოს სწავლების მიმართ. ამის დაწერით რასაკვირველია არ ამცდება პარანოიდული ბოდვის იარლიყი იმათი მხრიდან, ვისაც აზრი უკვე ამ სტატიის წაკითხვამდე აქვს ჩამოყალიბებული. ჩემს ნაცნობებზე ვამბობ.

1989 წელს ორკვირიანი ტურნეს დროს, რომელიც მე მოვაწყვე საფრანგეთში მორიჰირო საიტოსთვის, ჩემთან სახლში მოვიწვიე ნობუიოში ტამურა და მისი მეუღლე. ჩემს მაგიდასთან, ჩემ და კიდევ ბევრი მოწმის თვალწინ ნობუიოში ტამურამ ჯიბიდან ამოიღო სქელი კონვერტი და გაუწოდა მორიჰირო საიტოს, რომელმაც კონვერტი ოდნავ გახსნა და იქ 10.000 იენიანი კუპიურების კარგა სქელი დასტა გამოჩნდა. ოფიციალურად ეს ძღვენი იყო ახალი დოჯოსათვის, რომლის აგებასაც საიტო სენსეი აპირებდა ივამაში. იმხანად აიკიკაი მართლაც ემუქრებოდა მას იმ დოჯოდან გაძევებით, რომლის დაცვა-პატრონობაც ო-სენსეიმ მიანდო. საიტომ შეწუხებული სახით და ზრდილობიანად, მაგრამ მტკიცედ უთხრა უარი ამ საჩუქარზე და ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ტამურამ ჯიბეში ჩაიდო კონვერტი. ვისაც იაპონიაში უცხოვრია და ოდნავ მაინც იცნობს იაპონურ სულს, იოლად მიხვდება, თუ რა იმალებოდა ამ თავაზიანობისა და ზრდილობის ფასადის მიღმა. მიახლოებით ასე ითარგმნება ეს ყველაფერი: „სულაც არ არის კეთილი თქვენი მობრძანება აქ. აი ფული. აიღეთ და ამიერიდან თქვენი ფეხი აღარ იყოს ამ მიწაზე.

მორიჰირო საიტოს გავლენით გამოწვეული ეს შიში და წუხილი გუშინდელი არ გახლავთ. სწორედ ისინი შემოიჭრნენ მოურიდებლად ჩემს სახლში და სწორედ მათ ვცნობ ნობუიოში ტამურას ჟურნალ „დრაკონისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამ ინტერვიუში სამი ეშმაკური ოინია გამოყენებული და ისინი აწ უკვე გარდაცვლილი საიტო სენსეის იმიჯისა და ავტორიტეტის შესალახადაა გამიზნული.

1 – ჰიროკაძუ კობაიაშის წარმოჩენა, როგორც საიტო სენსეის სემპაისა.

პირმოთნე ნობუიოში ტამურა გვიხსნის:

ჰიროკაძუ კობაიაში სენსეის, რომელიც ოსაკაში ცხოვრობდა, დიდი გამოცდილება ჰქონდა იარაღზე მუშაობისა, რადგან ის კენდოს ოსტატი იყო (…) მიამბო, რომ ხშირად დახმარებია საიტო სენსეის და გაუსწორებია მისთვის ფუძემდებელთან ნანახი მოძრაობები (…) კობაიაში სენსეის დიდი გამოცდილება ჰქონდა ხმლისა და მისი დახმარება ბევრ მოწაფეს წაადგა, სახელდობრ საიტო სენსეის.

მცირედ ინფორმირებული მკითხველი ბუნებრივია, იფიქრებს, რომ ჰიროკაძუ კობაიაში მორიჰირო საიტო სენსეის სემპაი გახლდათ და რომ ის ეხმარებოდა ამ უკანასკნელს, ო-სენსეისგან ნასწავლი მოძრაობებში ხარვეზები გამოესწორებინა.

არადა სულ პირიქით იყო ყველაფერი.

მორიჰირო საიტომ აიკიდო 1946 წელს დაიწყო, ჰიროკაძუ კობაიაშიმ კი 1953-ში, შვიდი წლით გვიან. უკვე სამი წელი იყო, რაც მორიჰიროს მე-4 დანი ჰქონდა ო-სენსეისგან, როდესაც ახალგაზრდა ჰიროკაძუმ პირველად შეიკრა თავისი თეთრი ქამარი.

ომის შემდეგ ტოკიოს ჰომბუ დოჯო 1952 წელს გაიღო. მხოლოდ ამ დროიდან დაიწყო ო-სენსეიმ ტოკიოში მოგზაურობა ივამადან, სადაც იგი 1941 წლიდან ცხოვრობდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე შვიდი წელი იყო, რაც მორიჰირო საიტო ო-სენსეისთან ყოველდღიურად ვარჯიშობდა ივამაში, ვიდრე ჰიროკაძუ კობაიაში დაიწყებდა აიკიდოში ვარჯიშს.

შვიდწლიანი ყოველდღიური ვარჯიში დაახლოებით 2000 საათია კენისა ო-სენსეისთან ერთად თითქმის ექსკლუზიური პარტნიორობით. გასაგებია, რომ ასეთი ღარიბი გამოცდილების მქონე საიტო სენსეიმ 23 წლის (კობაიაში 1929 წელს დაიბადა) ახალგაზრდა დებიუტანტსა და კენდოს `ექსპერტს~, როგორც არიან ხოლმე ამ ასაკში, წინამძღოლობა მიანდო!

ამასთან გამოვიჩენ გულუბრყვილობასაც და ო-სენსეის მოსაზრებას გავიმეორებ, რომ აიკი კენსა და კენდოს შორის კავშირი არ არსებობს!

კობაიაშის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ საიტო სენსეიმ ივამაში გამანდო ჭეშმარიტება, რომელიც სრულიად განსხვავებულია ამ ინტერვიუში მოხმობილი ამბებისგან. მე ამას ჩემთვისვე შევინახავდი, ნობუიოში ტამურას ამ მედია-აქტს რომ არ ეიძულებინა ჩემთვის ამ ჭეშმარიტების გამომზეურება: ჰიროკაძუ კობაიაშის ბევრჯერ მიუწვევია მორიჰირო საიტო ოსაკაში, რომ მას იქ აიკი კენი და აიკი ჯო ესწავლებინა. ერთ დღესაც კობაიაშის ხარჯების ანაზღაურება დავიწყებია. კოჰაისთვის გაწეული დახმარებაც ამგვარად დასრულებულა.

2 – საიტო სენსეის წარმოჩენა ისეთ ვინმედ, ვინც ვარჯიშს თავისი დროის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს უთმობდა.

ნობუიში ტამურა ყალბი თანაგრძნობის ტონალობაში ლაპარაკს განაგრძობს:

(საიტო სენსეი) ამავე დროს მატარებლის მემანქანე იყო და ალბათ ძალიან რთული იყო მისთვის ეს ყველაფერი. ჩვენ არ ვმუშაობდით და მთელ დროს მხოლოდ ვარჯიშს ვუთმობდით…

ტენდენციური წარდგინების ეშმაკობას შეუჩვეველი მკითხველი უთუოდ ისე გაიგებს ამ ნათქვამს, რომ ტოკიოელი უჩი დეშები ბევრად მეტს ვარჯიშობდნენ, ვიდრე რკინიგზაში სამუშაოთი შებორკილი უბედური საიტო.

სამი რეალობა, რომელიც ყველაფერს ცვლის, „გამორჩენილია“ არ ინტერვიუში:

  • პირველ რიგში მორიჰირო საიტო ცხოვრობდა ივამაში, ო-სენსეისთან ახლოს და ყველანაირ სავარჯიშოს ის ო-სენსეისთან აკეთებდა. მაშინ, როცა უჩი დეშები ტოკიოში ცხოვრობდნენ და აიკიდოს კიშომარუ დოშუსთან სწავლობდნენ.
  • მეორე – საიტო მუშაობდა ღამე, რაც საშუალებას აძლევდა, დღისით დახმარებოდა ო-სენსეის მინდვრებში და ევარჯიშა მასთან ერთად, მაშინაც კი, როდესაც ღამე არ ეძინა. დიახაც, „ალბათ ძალიან რთული იყო მისთვის ეს ყველაფერი“, მაგრამ მან ეს გააკეთა.
  • მესამე – როდესაც ტოკიოელმა უჩი დეშებმა საბოლოოდ დატივეს იაპონია, მათი წლების რაოდენობა აიკიკაიში სწავლისა შემდეგნაირია: ტამურა 10 წელი. კანაი 9 წელი, იამადა 8 წელი, ჩიბა 7 წელი, სუგანო 7 წელი, ნორო 5 წელი… რაც შეეხება საიტო სენსეის, მან იცხოვრა და ივარჯიშა ო-სენსეისთან ერთად ოცდასამი წლის განმავლობაში, ანუ ორჯერ მეტი და კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ტოკიოელმა ყველაზე ბეჯითმა უჩი დეშიმ.

ჭეშმარიტება ის გახლავთ, რომ იაპონიიდან წასვლის შემდგომ ამ ახალგაზრდა მასწავლებლების მიერ შეძენილი ცოდნა აღარ მომდინარეობდა არც ო-სენსეისგან და არც კიშომარუსგან: მათ თვითონ, თავიანთი დასავლელი მოწაფეების (რომლებიც არაფერს ეჭვობდნენ) სწავლებისას აღმოაჩინეს მეტ-ნაკლებად ის, რასაც აწი ვეღარ მიიღებდნენ თავიანთი მასწავლებლებისგან.

3 – საიტო სენსეის წარმოჩენა ისეთ ვინმედ, ვინც ზოგი ფუნდამენტური პუნქტი შეცვალა და ამგვარად ო-სენსეის ავთენტურ სწავლებას დაშორდა.

ნობუიოში ტამურა, ვისაც ერთ დღეს – და ესაა აპოგეა – შესანიშნავი ივამური ბოკენი ვაჩუქე, გვიხსნის:

საიტო სენსეიმ მოიგონა სქელი ბოკენი, რომელსაც ივამური ბოკენი დაერქვა. ო-სენსეი ძირითადად ხმარობდა აბანოზის ხის შესანიშნავ ბოკენს, უფრო წვრილს იაგიუს ტიპისა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საიტო სენსეიმ აიკიდოს კენი შეცვალა და რაღაც განსხვავებული კენი „გამოიგონა“… რა თქმა უნდა, დემონსტრაციების დროს ო-სენსეი მსუბუქ კენს ხმარობდა, იმიტომ რომ ასე ბევრად უფრო სწრაფი იყო. მაგრამ ვარჯიშის დროს გადაღებული ბევრი ფოტოზე სულ პირიქით – მძიმე იარაღები ჩანს.

ო-სენსეი და მორიჰირო საიტო ვარჯიშის დროს ივამაში.

ივამაში იმხანად, როდესაც უჩი დეშად გახლდით იქ 80-იან წლებში, ჯოჯგინაზე ჯერ კიდევ იდო ის უზარმაზარი ბოკენი, რომელიც ხელში ეჭირა ო-სენსეის ივამას დოჯოს წინ გადაღებულ ცნობილ ფოტოებზე. იქ ფუძემდებელი სამუშაო ტანსაცმლითაა გადაღებული.

პირადად მე ათასობით მიკეთებია სუბურები ამ კენით ივამას დოჯოში და შემიძლია დავადასტურო, რომ მსუბუქისა და თხელისა არაფერი სცხია.

სხეულის ტექნიკაზე სწორად რომ იმუშაო, აუცილებელია მძიმე იარაღით ვარჯიში. სხვათა შორის, სწორედ ამის გამო ვარჯიშობენ ხანდახან სუბურიტოებით.

იგივე კენი ვარჯიშისას სამუშაო ტანსაცმელში ჩაცმული ო-სენსეის ხელში. შეუძლებელია, სწორად იხმაროს კაცმა, თუ ხელში ძალა არა აქვს.

(ო-სენსეი) იკიოსაც კი არ ასწავლიდა! (…) ის არ მისდევდა პედაგოგიკას სასკოლო გაგებით და განსაზღვრული ეტაპებით.“ (…) აზრი, რომელიც საგანთა დაყოფაში მდგომარეობს, არ ამართლებს ჩვენს გზაზე (…) აიკიდოს ილეთები (…) უნდა კეთდებოდეს, ისწავლებოდეს და გაიაზრებოდეს გლობალურად. თუ მათ დაშლილად სწავლობენ, აუცილებლად იქნება აცდენები, რაც მათ გამოყენებას შეუძლებელს გახდის.

ეს ოთხხაზიანი მოსაზრება კატეგორიული და დაუნდობელი გმობაა საიტო სენსეის სწავლებისა, რაც სწორედაც ამ ვარაუდის საპირისპიროდან მომდინარეობს. მიმნდობი დამიამიტი მკითხველი დაასკვნის, რომ მორიჰირო საიტო, ვინც თავისი ძალიან მეთოდური სისტემით შლის ილეთებს უკეთ გაგებისათვის, შორდება ფუძემდებლის ავთენტურ სწავლებას. ეს არის გზის დაკარგვა, რაც ტოკიოელ უჩი დეშებს არასოდეს დამუქრებია… რა თქმა უნდა!

მაშ ვის მხარესაა სიმართლე?

ეჭვგარეშეა, რომ ახალგაზრდა ნობუიოშიმ ტექნიკა ტოკიოში „გლობალურად“ შეისწავლა. და გასაგებია, რომ თავის მხრივ, მან სხვებს ისე გადასცეს იგი, როგორც თვითონ მიიღო და თავის სწავლებას აწ უკვე ცნობილი წარწერაც გაუკეთოს: „ჰაერში დაიჭირეთ ჩემი ტექნიკა!“

რადგანაც მან იგი მხოლოდ და მხოლოდ ასე შეისწავლა და სხვა გამოცდილებას არ იცნობს, ფიქრობს, რომ „ეს არის სწავლის მეთოდი *(მე ვიტყოდი, უფრო უმეთოდობა) * რომელსაც ალტერნატივა არა აქვს და იგი უნდა მივიჩნიოთ შეუცვლელად.“ არადა ვინც კი ივამაში ო-სენსეის სწავლებას შესწრებია, ყველა ამბობს, რომ ფუძემდებელი ძალიან მეთოდური იყო და ამას მრავალ ახსნა-განმარტებას ურთავდა, უმცირესი დეტალების ჩათვლით.

ისტორიული რეალობა რთულია. დღეისთვის საყოველთაოდ ცნობილია, რომ ო-სენსეი სხვადასხვაგვარად ასწავლიდა იმის მიხედვით, თუ სად იყო და ვინ ედგა პირისპირ.

მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მაინც არის ერთი რამ, რაც ნობუიოში ტამურას ნამდვილად ვერ ეცოდინება: ის, თუ როგორ ასწავლიდა ო-სენსეი ივამაში. მთელი ცხოვრების მანძილზე ტამურა ორჯერ თუ სამჯერ იყო ივამაში და ნამდვილად არ ასულა იქ სავარჯიშოდ. მე მივაწოდე ივამას დოჯოს კლიშეები, რომლებიც მის წიგნში `ეტიკეტი და ცოდნის გადაცემა~ ფიგურირებს. ტამურა დოშუ კიშომარუს მოწაფეა და ის ო-სენსეის გაკვეთილებს დასწრებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი სტუმრად ჩადიოდა ტოკიოში ან მისი მოგზაურობების დროს ოტომოს (თანმხლები თანაშემწე) რანგში. ეს გარემოებები და მისი სიახლოვე ო-სენსეისთან ასეთ მომენტებში დიდი იღბალი იყო მისთვის და უთუოდ გასათვალსწინებელი ამბავია. მაგრამ ეს არანაირად არ აძლევს მას უფლებას ილაპარაკოს, თუ როგორ ასწავლიდა ო-სენსეი ივამაში, რადგან ამის ნამდვილი გამოცდილება მას არ ჰქონია.

ვის შეუძლია გონივრულად შეეწინააღმდეგოს ნობუიოში ტამურას, როდესაც იგი ამტკიცებს, აიკიდოს ტექნიკა მხოლოდ და მხოლოდ ყველა მისი შემადგენელი პარამეტრის გლობალურობაში უნდა შესრულდესო? საიტო სენსეის, რასაკვირველია, არასდროს გამოუთქვამს სურვილი საწინააღმდეგოს თქმისა. აიკიდოს მოძრაობა ერთია ან საერთოდ არ არის, ეს ცხადზე ცხადია.

მაგრამ დიდი განსხვავებაა რომელიმე მოძრაობის ყველა აუცილებელი პარამეტრით შესრულებასა და ამავე მოძრაობის სწავლას შორის.

ნობუიოში ტამურას ნათქვამის საწინააღმდეგოდ, შეიძლება დაშალო, რომ უკეთ გაიგო და ისწავლო. შესაძლებელია სწავლების მეორე ფაზაში შეაერთო და დააკავშირო ეს სხვადასხვა ელემენტები, როდესაც მოძრაობის კი ნო ნაგარეში შესრულების დრო დგება. თუ ადამიანს სურს შეიძინოს ფუნდამენტური ცოდნა და მერე იგი შეინარჩუნოს, მაშინ ეს მეთოდია უალტერნატივო.

ისეც არ არის, რომ გლობალური მეთოდი სულ უვარგისი იყოს, ბავშვებში უკეთესიც კია ასე, იმიტომ რომ ბავშვებს სუფთა გონება აქვთ და რეფლექსიური სწავლის მექანიზმებს არ ფლობენ. მაგრამ 12 წელს ზევით გლობალური მეთოდი გარანტიაა იმისა, რომ ადამიანმა გამოუსწორებლად შეითვისოს გარკვეული შეცდომები. და მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ, რომ კიშომარუს სწავლებას, რომელიც ნობუიოში ტამურამ და სხვა უჩი დეშებმა გადასცეს თავიანთ მოწაფეებს, საშუალება მოეცა ამ გადახვევების თავიდან აცილებისა, ფუნდამეტურის დაცვისა და ცოდნის შენარჩუნებისა. ეს უკანასკნელი მოსაზრება, რაგინდ უსიამოვნოდაც არ უნდა მოეჩვენოს ზოგიერთს, სულაც არაა თითიდან გამოწოვილი და ის არგუმენტებს ემყარება, რაც ფართოდაა გავრცობილი ამავე საიტზე რუბრიკაში გავრცელებული შეცდომები.

აი, დაიწერა ის, რაც უნდა დაწერილიყო. რადგან საგანთა წესის მიხედვით, მაღალი მთა, სადაც ის ცხოვრობს, არწივს თავისივე სიტყვების ექოს უგზავნის.

არ ვიცი, ღრუბელთა მბრძანებელი ჩაავლებს თუ არა გველს თავის კლანჭებს, რომ ცათა შინიდან რომელიმე ქარაფსა შინა ჩაუძახოს. მაგრამ იმასობაში გველი სიფხიზლეს ინარჩუნებს და ტაძარსაც იცავს. არწივი კი ყურადღებით უნდა იყოს, ზედმეტად წინ რომ არ წაიწიოს ამ ქედმაღლობის გზაზე, რაც მისი მარადიული ცოდვაა, თუ არ უნდა, რომ იქ რამდენიმე ბუმბული დატოვოს.

ფილიპ ვოარინო, რეკვისტა, მეგობრობის ხეივანი, 2007 წლის 10 აგვისტო