Categories
სტატიები

ნელა თუ ისწავლი

წყარო: https://aikidotakemusu.org/au-dela-de-la-methode-114/

კუმიჯოები (აქ ნომერი 1), კუმიტაჩები და, ზოგადად, ყველა სავარჯიშო იარაღით, უნდა სრულდებოდეს ნელა.

ივამაში საიტო სენსეი ყოველგვარ სისწრაფეს კრძალავდა იარაღით ვარჯიშისას და, როდესაც ხალხი არ იცავდა ამ მითითებას, გულწრფელად განრისხდებოდა ხოლმე. ერთ დილას, ვარჯიშის დროს, მან განმარტა ეს, პატრისია ჰერდრიქსი კი ამ ყველაფერს შერბილებულად თარგმნიდა. რაკი შესაბამისი რეაქცია ვერ იხილა ჩვენს სახეებზე, მან სთხოვა დანიელ ბუბოს, რომელიც იქვე იყო, შეეცვალა პატრისია და მთელი სიძლიერით გაემეორებინა მისი სიტყვები:

თქვენ აქ ხართ იმისთვის, რომ გახდეთ მასწავლებლები და, თუ არ შეგიძლიათ ისწავლოთ სწორად (ნელი მუშაობით), აიკრიფეთ გუდა-ნაბადი და დაუყოვნებლივ დატოვეთ ეს დოჯო.

ნელა შესრულებისას ვარჯიში უფრო ნაყოფიერი ხდება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გაქვთ აუცილებელი დრო, „შეხედოთ საკუთარ თავს“. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაინახოთ, რა არ ვარგა და გაასწოროთ ის, რაც გასასწორებელია.

საბრძოლო რეალობაში მნიშვნელოვანია არა იმდენად შესრულების სისწრაფე, რამდენადაც ჰარმონიზაცია შეტევასთან (ავასე), ხოლო რაც უფრო ნელა ვარჯიშობს ადამიანი, ავასეს შესწავლა მით უფრო უიოლდება.

პატარა სამურაიობანას სინდრომი წმინდად კონვენციური სასწავლო სავარჯიშოების ძალიან სწრაფად შესრულებაში მდგომარეობს. ეს იგივეა, მთელი სისწარფით დაუკრა გამები, იგივეა, რომ სასწავლო სავარჯიშო, რომელიც გარკვეულ წესებს, სახელდობრ კი, გარკვეულ რიტმს უნდა ექვემდებარებოდეს, სრულიად უსარგებლო და ერთთავად სასაცილო სისწრაფის სავარჯიშოდ აქციო. ეს ყოველივე ეგოს გამოვლინებაა, რომლესაც სურს გამოჩნდეს და გაბრწყინდეს.

მეომრის სიმამაცე მხოლოდ ბრძოლის ველზე არსებობს, სხვაგან კი სწავლაა ან სკოლის შესვენებების ეზო, აიკიდოს დოჯო კი – ამის თქმა უნდოდა საიტო სენსეის – არ უნდა ვაქციოთ სასკოლო შესვენებების ეზოდ.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის დეკემბერი.

Categories
სტატიები

მეთოდის მიღმა #2

ნი ნო ტაჩი

წყარო: https://aikidotakemusu.org/au-dela-de-la-methode-2/

სწორხაზოვანი სუბურის პირველი დარტყმა (შდრ. « მეთოდის მიღმა #1) ძალიან ჰგავს უჩი ტაჩის ხმლის გედანის ბლოკირებას, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ო-სენსეის სწავლებას, რომელიც ღაღადებს, რომ აიკიდოში არც თავდაცვა არსებობს და არც მოგერიება. ოთხი მიმართულებით მუშაობა ამიერიდან საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რომ აქ ლაპარაკი არ არის თავდაცვაზე უჩი ტაჩის ხმლისაგან: ის, რაც გედანის ბლოკირებად ჩანდა, სინამდვილეში ჭრაა მუხლთან და თან არა აუცილებლად იმ მოწინააღმდეგის მუხლთან, რომელიც პირისპირ გვიდგას.

უკე ტაჩის მეორე დარტყმა, რომელიც უჩი ტაჩის წინამხარისხკენაა დამიზნებული, სამართლიანად შეიძლება მოგვეჩვენოს უცნაურად და მოუხერხებლად სწორხაზოვანი სუბურის დროს, იმდენად, რამდენადაც იგი უჩი ტაჩის გედან პოზიციაში საშიშად დაშვებული ხმლის სახიფათოდ წინ სრულდება. ეს პრობლემაც ქრება ოთხი მიმართულებით ბრუნვისას, როგორც ამას ვიდეო # 2-ში ვხედავთ, სადაც სწორხაზოვანი კუმიტაჩის პირველი ორი ბიჯი ჩანს, მაგრამ ამჯერად ოთხმიმართულებიანი მოქმედებისას.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურ სტატიათა ამ სერიის ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ, ბევრი რამ უნდა დავინახოთ აქ:

  1. – ბრუნვისას შესრულებული ჭრა საშუალებას გვაძლევს რამდენიმე შეტევის საერთო სამიზნე ადგილს გავეცალოთ, რის სსაშუალებასაც სწორხაზოვანი სუბური არ გვაძლევს.
  2. – ბრუნვისას შესრულებული ჭრა ორ მოწინაარმდეგეს სწვდება (ნაცვლად ერთისა სწორხაზოვანი სუბურის დროს), რადგან სწორედ « ორი » დარტყმა სრულდება ერთ მოძრაობაში და ერთ თვლაზე. შესრულების ასეთი სისწრაფის მიღწევა შეუძლებელია სწორხაზოვანი სუბურის დროს, რადგან ამ უკანასკნელი სავარჯიშოს შინაგანი ლოგიკის აუცილებლობა მოითხოვს, რომ ჭრის ეს ორი მოქმედება ორ თვლად და ორ მოქმედებად შესრულდეს.
  3. – თანაც თავდამსხმელთა წრეში სწორედ ელვაზე უსწრაფესი ბრუნვით ამ ზემოხსენებულ შეჭრას ეწოდება აიკიდოში ირიმი. რამდენადაც ამგვარი ბრუნვა არ არსებობს სწორხაზოვანი სუბურის შემთხვევაში, რომელიც, სახელიდწოდებიდან გამომდინარე, სწორ ხაზზე წინიდან უკნისაკენ ან უკნიდან წინისაკენ გადაადგილებისთვისაა გააზრებულ-შექმნილი, გამოდის, რომ სწორხაზოვან სუბურში არც არის ირიმი იმ განსაკუთრებული მნიშვნელობით, რომელსაც აიკიდო ანიჭებს ამ სიტყვას.

ირიმის ცნება მხოლოდ და მხოლოდ ოთხი მიმართულებით მუშაობის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს. ამ საკუთხის ცოდნა ფუნდამენტური რამაა.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის მაისი

Categories
სტატიები

მეთოდის მიღმა #1

ნი ნო ტაჩი

წყარო: https://aikidotakemusu.org/au-dela-de-la-methode-1/

ამ ვიდეოში ნაჩვენებ სავარჯიშოს საიტო სენსეის მეთოდის მიხედვით ნი ნო ტაჩი ეწოდება. იგი უნდა განვიხილოთ, როგორც სუბური: წყვილში შესრულებული, მაგრამ მაინც ისევ და ისევ სუბური.

სუბურის არსებითი მახასიათებელი ის გახლავთ, რომ იგი სწორ ხაზზე სრულდება და თან ისე, რომ არავითარი ყურადღება არ ექცევა ოთხი მხრიდან ერთდროულად მომავალ პოტენციურ საშიშროებას. უკეტაჩის საზრუნავი მხოლოდ და მხოლოდ მის პირისპირ მდგარი მოწინააღმდეგეა. ამასთან, ალბათ უფრო პარტნიორი უნდა დამეწერა აქ.

ეს სავსებით ნორმალურია, რადგან ამ სავარჯიშოს საერთო არაფერი აქვს ბრძოლასთან.
ამ სტადიაზე მხოლოდ სავარჯიშოზეა საუბარი, რომელიც ორი უნარ-თვისების განვითარებისთვისაა გამიზნული:

  1. – ზუსტი ფორმა (შისეი/კოკიუ)
  2. – ავასეს გაგება (კამაე/მააი), ანუ სხვის მოძრაობასთან და ენერგიასთან შერწყმისა და ჰარმონიზების უნარი.

სავარჯიშო უნდა სრულდებოდეს კონცენტრაციითა და სიმტკიცით (ზანჩინი), თუმცა მისი შესრულებისას სისწრაფე არ მოითხოვება, სხვათა შორის, საიტო სენსეი ყოველგვარ აჩქარებას კრძალავდა ვარჯიშის დროს და ლეგენდარული მრისხანება ეუფლებოდა, როდესაც მოწაფეთაგან რომელიმე მეტისმეტად სწრაფად ასრულებდა ამა თუ იმ სავარჯიშოს. ამის მიზეზი ის არასწორი გზა გახლავთ, როდესაც მოვარჯიშეები დროს კარგავენ და საბრძოლო რეალობას სწორ ხაზზე შესასრულებელ პრაქტიკაში ეძებენ. ცნება ერთი მეტოქის წინააღმდეგ იარაღის რამდენიმეჯერადი ხმარებისა სრულიად უცხოა აიკიდოსათვის.

ამიტომაცაა ნაადრევი აიკიდოზე ლაპარაკი ამ სტადიაზე, ეს მხოლოდ აიკიდოსათვის მოსამზადებელი სავარჯიშოებია. თუმცა სავარჯიშოს ამ ფორმით ცოდნა აუცილებელია საიმისოდ, რომ პრაქტიკის მომდევნო სტადიაზე, ანუ საკუთრივ აიკიდოზე გადავიდეთ. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ესაა საიტო სენსეის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური სწავლების სისტემის ამოცანა.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის მაისი.