ქრისტეშობამდე მეოთხე საუკუნეში, ერთმა ეფესოელმა ბერძენმა ცეცხლი წაუკიდა არტემიდას ტაძარს. მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი ფერფლად იქცა. ჰეროსტრატე, ასე ერქვა წამკიდებელს, თვითონაც დაწვეს ამ დანაშაულის გამო. და ბერძნებმა გამოსცეს განკარგულება, რომელიც კრძალავდა – და დანაშაული სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა – მომავალში ხანძრის გამჩენის სახელის წარმოთქმას.
ეს იმდროინდელი ამბავია, როდესაც ადამიანები არ იყვნენ ყველაფრის მიმართ გულგრლნი. დღეს სიწმინდეთა წაბილწვა გულზე არავის ხვდება და ისე განაგრძობენ ყოფას, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
ზოგი მაინც კოჰერენტული რჩება და რეაგირებას ახდენს, როცა მის რწმენას ძირს უთხრიან. ბერნარ პალმიე ამათ შორისაა. Aikido Journal-ის 28-ე ნომერში ის მკაცრად აკრიტიკებს TAI-ის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიათა სერიას. ეს რუბრიკა სათაურად „გავრცელებული შეცდომები“ ეხება დოშუ კიშომარუ უეშიბა სენსეის, რომელიც თავიდან ასაცილებელ ტექნიკურ შეცდომებს აჩვენებს. ბერნარ პალმიე მიიჩნევს, რომ აიკიდოს ფუძემდებლის ვაჟის გამოყენება ამგვარ კონტექსტში სკანდალური უპატივცემულობის გამოხატულებაა.
რამდენადაც ამ სტატიებში განფენილი არგუმენტაცია მიზნად ისახავს, აჩვენოს, რომ ყველაზე გავრცელებული ტექნიკური შეცდომები, რომლებიც კი დღეს ტატამიზე გვხვდება, სათავეს კიშომარუ უეშიბას სწავლებაში იღებს, მინდა ვუთხრა ბერნარ პალმიეს, რომ პირველ რიგში ის მეჩვენება მე სკანდალურად, რომ ამ ორი წლის მანძილზე, რაც ეს რუბრიკა ინტენეტშია, ის პირველი გამოერკვა საყოველთაო ძილბურანიდან და ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც პასუხი გასცა ზემოხსენებულ თეზისს.
მართლაც, რაკი აიკიდოს დღეს მოქმედი მასწავლებლები თავის მხრივ უმეტესწილად კიშომარუს მიერ მომზადებული მასწავლებლების მოწაფეები არიან, როგორ დატოვეს ურეაქციოდ ის ამბავი, რომ მათი ცოდნა ეჭვქვეშ დადგა?
ხალხი პატივს სცემს თავის მშობლებს, მასწავლებლებს, გზის მკვლევრებს… და ყველას თავისებურად ესმის პატივისცემის ეს ცნება. მაგრამ ადამიანი ხანდახან ისეთ სიტუაციაში და ისეთი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე, რომელიც ვერ ეთავსება ამა თუ იმ კონცეფციაში თავმოყრილ ზოგ ღირებულებას.
დე გოლმა და თავისუფალმა ფრანგებმა პატივი არ სცეს და არ დაიცვეს 1940 წლის ზავი. ვიშის მთავრობამ უყოყმანოდ მიუსაჯა მათ სიკვდილით დასჯა. არადა დღეს ვინ იტყვის, ცუდად მოიქცნენ, მოხუცი მარშლის და მისი კოლაბორაციონისტი მინისტრების მითითებები რომ არ შეასრულესო?
მარტინ ლუთერმა საჯაროდ დაწვა პაპის ბულა. ეკლესიისთვის ავტორიტეტის ამ შელახვის სამიზნე კი თვითონ პაპი იყო. XVI საუკუნეში ამგვარი საქციელი სკანდალზე მეტს უდრიდა, ერესად შეირაცხებოდა და ჩამდენს წამებად ან კოცონზე დაწვად შეიძლება დასჯდომოდა. ლუთერი გააძევეს. იმათ, ვინც იგი გაამტყუნა, ბერნარ პალმიეს მსგავსად, მხედველობის ველში მხოლოდ ამპარტავნობა და ლუთერული ურჩობა ჰქონდათ. ყველაზე მთავარი კი გამოეპარათ: უპატივცემულობა იერარქიის მიმართ იმ ძალიან დიდი პატივისცემის შედეგი იყო, რომელიც მას ქრისტიანული რელიგიის არსის მიმართ ჰქონდა და ფიქრობდა, რომ რელიგია ცუდ დღეში იყო და აღორძინება სჭირდებოდა.
და თუკი რელიგიის არსის პატივისცემა ორთოდოქსობის კრიტიკის გარდა სხვა არჩევანს არ უტოვებდა და ამის კეთებისას ვატიკანის ოქროში ჩაფლული რამდენიმე ზნედაცემული იერარქის მიმართ უპატივცემლობას გამოხატვა სჭირდებოდა, მან თავისი არჩევანი გააკეთა. და ამ არჩევანმა ის რეფორმამდე მიიყვანა.
„გავრცელებული შეცდომების“ რუბრიკის დასაწყისში, სტატიაში „იატაკქვეშა აიკიდო“ ნათლად გამოვხატე ის პატივისცემა, რომელიც მე მაქვს კიშომარუ უეშიბას მიმართ:
(…) კიშომარუ უეშიბას, ვისთანაც არაერთხელ ვმჯდარვარ სუფრასთან, ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის, რაც მან გააკეთა ცხოვრების მანძილზე დიდი მოწიწებით განგვაწყობს მის მიმართ: მან პლანეტის მასშტაბით განავრცო იაპონიის არისტოკრატულ წრეებში რამდენიმე წლის წინ შობილი რთული, იდუმელებით მოცული და ელიტური ხელოვნება. ქედს ვიხრი მის წინაშე. გასაკეთებელი იყო ეს. და თუკი მამამ შექმნა აიკიდო, უდაოდ შვილს ერგებოდა მისი გავრცელება. მის გარეშე მე, ვინც ახლა ამას ვწერ, განა ოდესმე მეღირსებოდა შიჰო ნაგეს გაკეთება?
მაგრამ როდესაც სასწორზე უნდა შემედო ჩემი პატივისცემა კიშომარუს მწარმოებლური უნარების მიმართ და ის მკაფიო ხედვა იმ ტექნიკური ჩიხისა, რომელშიც მან შეიყვანა აიკიდო ო-სენსეის გარდაცვალების შემდეგ, მე ლუთერისმაგვარი არჩევანი გავაკეთე. და ვსვამ შემდეგ შეკითხვას: თუ არსებობს შემოწმების შესაძლებლობა გონების შუქით, რომ კიშომარუს სწავლება მართლაც გამომწვევი მიზეზი შეიქნა, რის გამოც აიკიდომ ზოგადი ტრანსფორმაცია განიცადა, როგორ ვაჩვენოთ ეს, თუკი ამ ევოლუციაზე პასუხისმგებელ პირს სცენაზე არ ავიყვანთ და პროჟექტორებს არ ჩავრთავთ?
ბოდიშს ვუხდი მართებულობას. ვწუხვარ, თუ ვინმესთვის რამე მისაღები ვერ იქნება, ვწუხვარ თუ ზოგის რწმენას შევარყევ ან ზოგის გრძნობებს ტკივილს მივაყენებ. მაგრამ ის, რასაც საქმე ეხება აქ, აღემატება ქცევის წესებსა და კარგ მანერებს. ჭეშმარიტების ძიება ხანდახან მტკივნეულია ხოლმე.
დაწვრილებით შევადარე კიშომარუს მოძრაობები იმ ილეთებსა და არასადაო ტექნიკურ დირექტივებს, რომლებიც ო-სენსეიმ დაგვიტოვა, რათა მეჩვენებინა და არგუმენტებით დამესაბუთებინა, რომ ვაჟის მოძრაობები იმდენად განსხვავდება ფუძემდებლის მოძრაობებისაგან, რომ ეს უკვე მხოლოდ მსუბუქი გარეგნული მსგავსებაა და მეტი აღარაფერი. ხისტი სამუშაოა, მაგრამ მკაცრი და დოკუმენტირებულია. ვინმეს თუ არ მოეწონება, გავიგებ, მაგრამ შეებრძოლონ ამას ამავე იარაღით და ამავე გარემოებებში: გააკრიტიკონ ტექნიკური თვალსაზრისით. მაჩვენონ, სად რა დავინახე არასწორად და რატომ ვადგავარ მცდარ გზას. ყველა არგუმენტირებულ მოსაზრებას სიხარულით მივიღებ. TAI-ს ფორუმი ღიაა საპირისპირო აზრებისთვის და ყველას შეუძლია თავისი აზრი თავისუფლად გამოხატოს.
ეს კონსტრუქციული კრიტიკა, ცხადია, ცოტა შრომასაც მოითხოვს. განა სწორედ ამიტომაც არ აღმოვჩნდი, მოსალოდნელი დიალოგის ნაცვლად, სიჩუმის სამეფოში ჟაკ-ივ კუსტოს მსგავსად? არც ყვირილი, არც ჩურჩული… ჩამიჩუმი არ ისმის. აქედან კი იმას ვასკვნი, რომ კიშომარუს მოწაფეთა პასუხი ეს უმოქმედობა, ეს დაუდევრობა და ეს საყოველთაო გულგრილობაა და მეტი არაფერი.
ამიტომაც ტაშს ვუკრავ ბერნარ პალმიეს რეაქციას, რომელმაც FFAAA-ს მასწავლებელთა მიმართ პატივისცემის დონე ამიწია, თუმცა გული დამწყდა, რომ ეს რეაქციაც ძალიან ზედაპირული აღმოჩნდა. ამ ტექნიკურ დოსიეებში განთავსებული სერიოზული პრობლემატიკის შეჯამება ისეთი ბანალური ფრაზებით, როგორიცაა „ამგვარი ჩაკეტვა აიკიდოს ეწინააღმდეგება…“, ცოტა არ იყოს მოკლედ მომეჩვენა. არადა უფლება მქონდა, ფრანგულის ენის მასწავლებლისგან მეტი ანალიზი იმედი მქონოდა.
თუმცა არც მიკვირს, რადგან დიდი ხანია აიკიდოს სამყაროში ორადაა ყველაფერი გაყოფილი. მიწასთან ასწორებენ და ლაფში სვრიან მოვარჯიშეთა ერთ ციცქნა ჯგუფს და რეტროგრადებს, ელიტისტებს, ნაჭუჭში ჩაკეტილებს, აიკიდოს პრეისტორიულ ხანის გაქვავებულ ტექნიკურ ფორმებზე შეყოვნებულებს უწოდებენ, რომლებიც თავიანთი სოფლის სიღრმიდან ტაკემუსუს ტოტემს ასხამენ ხოტბას. მეორე მხარეს კი თანამედროვე მოვარჯიშეთა უზარმაზარი ზღვაა, ტოლერანტებისა, გახსნილებისა და „აიკიდოს ყველა ფორმის“ მიმღებებისა, თავიანთი განსხვავებებით მდიდრებისა და გამწკრივებულებისა ერთი ჯადოსნური სიტყვის უკან, სიტყვისა, რომელიც ზღვას პირს უხსნის, მთებს ასწორებს და თანამედროვეობას ხიბლავს. და ეს სიტყვაა ევოლუცია.
მაშ კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო იმ ხალხის წინაშე, რომელიც ქიშპობით იმეორებს დაურულებლად მისთვის გამოჭედილ სიტყვას – და ეს სიტყვა არ ისმის იმ ციური სფეროს უკან, სადაც ო-სენსეის – , რომ აიკიდო არ განიცდის ევოლუციას: აიკიდო არის. ის არის დასაბამიდან და ჩვენი სამყაროს ხელშეუხებელ * კანონთა სფეროს მინეკუთვნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ის განვითარდებოდა, ვერ იქნებოდა სამყაროს არსის შემადგენელი ნაწილი, წესთა მონაცვლეობა, უპრინციპობა და *შემთხვევითობად იქცეოდა.
სამყარო ენერგიის იდეალური სპირალივითაა, აიკიდოს ამა თუ იმ ილეთის შესაბამისია, თუკი ამ ილეთს თავისი განვითარების მოცემულ დროსა და სივრცეში განვიხილავთ. ამ სამყაროში არ არის ადგილი იმისათვის, რომ მეორე იდეალურმა სპირალმა იარსებოს ამავდროულად. თუკი დავიწყებთ მტკიცებას, რომ აიკიდო ვითარდება, გამოდის, ვაღიარებთ, რომ თანაბრად შეიძლება, დღეს ეს სპირალი იყოს, ხვალ მეორე, ზეგ მესამე და მაზეგ კიდევ სხვა. ეს კი შეუძლებელია, რადგანაც თუ ერთ-ერთი ამ სპირალთაგანი ერთხელ მაინც ნამდვილია, ის ნამდვილი იქნება ყოველთვის. ამა თუ იმ სხეულისგან გამომავალი ენერგიის ტალღის იდეალური გადაცემა სხვა სხეულისთვის მათემატიკის კანონებს ემორჩილება: ვერ შეიცვლება მიმდინარე დროში ამა თუ იმ ინტერპრეტაციის ან მოდის მიხედვით. აიკიდოს კანონები პითაგორას თეორემის კანონებზე მეტად ვერ იცვლება. მათ იცავენ ან არ იცავენ, მაგრამ ისინი მუდამ არსებობს.
ბერნარ პალმიეს მსგავსად რომ იფიქრო, ტექნიკა ევოლუციას განიცდისო, ეს სინამდვილიდან გაქცევას ნიშნავს. რადგან ტექნიკა კი არ ვითარდება, ადამიანი ვითარდება, შეიცნობს აიკიდოს კანონებს და ემორჩილება მათ. ადამიანი ვითარდება და ამა თუ იმ ილეთს მეტ-ნაკლები სიხარულით და მეტ-ნაკლები გამოცდილებით ასრულებს, ადამიანი ვითარდება, საბედნიეროდ, ადამიანი განიცდის პროგრესს. აიკიდო არ იცვლება. აიკიდო თავის თავს უდრის.
უზუსტობა ამ ფუნდამენტურ საკითხში აფიქრებინებს ბერნარ პალმიეს რომ „აიკიდოს ყველა ფორმა მისაღებია“. მაგრამ არ არსებობს აიკიდოს ფორმები: აიკიდო ქმნის ფორმებს და ეს სხვა ამბავია. ეს ფორმები განუსაზღვრელი რაოდენობისაა, მაგრამ მათი წარმმართველი პრინციპი ერთია. ეს პრინციპი ერთადერთი ელემენტია, რომელიც არ მოძრაობს: ცენტრი, რომლის გარშემოც და რომლის საშუალებითაც ტრიალებს ყველაფერი დანარჩენი. ეს არის უძრავი ძრავა. გაიგო და დაინახო აიკი, ნიშნავს გაიგო და დაინახო ის, რაც არ მოძრაობს, გაიგო და დაინახო ის, რაც შექმნილი ფორმების თავბრუდამხვევი სიმრავლის შუაგულში სუფევს სიმშვიდეში. და რაკი პრინციპი უძრავია, რაკი ის თავად მისავე განსაზღვრებაშია, რომ არანაირად არ შეიძლება შეიცვალოს, მაშინ როგორღა შეიძლება განვითარდეს?
აიკიდოს ამ ურიცხვ ფორმათაგან თითოეული ამ პრინციპთან ლოგიკური და თითქმის ბიოლოგიური კავშირითაა დაკავშირებული: პრინციპისაგან შობილი თითოეული ილეთი, ცოცხალი ორგანიზმის უჯრედის მსგავსად, მემკვირდეობით იღებს ამ პრინციპისათვის დამახასიათებელ მთელ საგანძურს. მაშასადამე, პრინციპი ილეთს ზოგიერთ სპეციფიკურ მახასიათებელს ანიჭებს. ეს სპეციფიკური მახასიათებლები ცნობადია. ჰოდა აიკიდოს ყველა ილეთს, მხატვრულად რომ ვთქვათ, საერთო ნათესაური გენეტიკური კვალი ეტყობა.
სწორედ ამ საოცრად რთულ და მრავალმხრივ კავშირს უწოდებენ აიკიდოში „რიაის“. აი ამას ხსნიდა საიტო სენსეი. რიაის არაფერი აქვს საერთო ბუნდოვან ნათესაობასთან, რომელიც ვითომ ერთი დიდი ოჯახის სხვადასხვა მიმდინარეობებს, აერთიანებს სადაც ხალხი მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე რაღაცეებს გააკეთებდა და ჰაკამებით იფრიალებდა. ბერნარ პალმიე ცდება, როცა ფიქრობს, რომ საიტო სენსეი ამ აზრს დებდა რიაის ცნებაში. საიტო სენსეის არასოდეს დაუშვია აზრი, რომ აიკიდოშისტილები არსებობდა. და მე ვიცი, რას ვამბობ, იმიტომ რომ ხშირად შევსწრებივარ, როგორ ხსნიდა ხოლმე ამას და ხანდახან გაცხოველებითაც. მისთვის ო-სენსეის აიკიდოს გარდა სხვა აიკიდო არ არსებობდა. და ყველაფერი ის, რაც აიკიდოს პრინციპებს არ ემორჩილებოდა, უბრალოდ აიკიდო არ იყო. ამაში სავსებით ეთანხმებოდა ტამურა სენსეის, რომელიც ამბობდა:
ერთი სანტიმეტრი მარცხნივ, ერთი სანტიმეტრი მარჯვნივ და ეს უკვე აიკიდო აღარ არის.
მე მქონია შესაძლებლობა ამეხსნა, თუ როგორი ენობრივი უზუსტობა და ბედის ირონიაა, რომ ივამაში ფუძემდებლის მიერ შექმნილ-დახვეწილი აიკიდო მსოფლიომ გაიცნო სახელწოდებით „ივამური სტილი“. და მე ვამტკიცებ, რომ ბერნარ პალმიეს რომ წარმოეთქვა საიტო სენსეიც წინაშე თავისი ინტერვიუს ეს ფრაზა: „ალბათ იმდენი აიკიდოა, რამდენი სენსეი ან მოვარჯიშეც არსებობსო“, ისე მოხვდებოდა ბოკენი თავში, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებდა. ეს ისეთი უაზრო ფრაზაა, რომ ინტერვიუს გადამწერმა სიტყვა „აიკიდოს“ ბოლოში s-ის დაწერაც კი ვერ გაბედა (1). ბერნარ პალმიე შემდეგნაირად ცდილობს გაამართლოს ეს დამბნევი სიტყვები: „მნიშვნელოვანია, (…) დაიცვა აიკის პრინციპები ილეთების შესრულების დროს, რა სახისაც არ უნდა იყოს სამუშაო.“
ყველაფერი აქაა სინამდვილეში: პრინციპებში. რას გულისხმობენ პრინციპებში : შისეის, კოკიუს, კამაეს, მააის, ავასეს…? ყველა აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება იცავს ამ „პრინციპებს“. მოკრივემაც უნდა მიაქციოს ყურადღება თავის დგომს, სუნთქვის ძალას, დაცვას, უნდა იმუშაოს სწორ მანძილზე, მოწინააღმდეგის ენერგიის ჰარმონიულად… სადაა ამგვარ პრინციპებში აიკიდოს სპეციფიკურობა? თუ მხოლოდ ამ პრინციპებს დავიცავთ, გამოდის, ყველა, ვინც იცავს ამ პრინციპებს, აიკიდოს აკეთებს: ძიუდოკაც, ჩოგბურთელიც და სერფინგისტიც… ამგვარი პოსტულატით ყველა აიკიდოს აკეთებს და, აქედან გამომდინარე, „იმდენი აიკიდო არსებობს, რამდენი მოვარჯიშეცაა“.
ამ პაროდიას თუ ჭეშმარიტებასავით იცავენ ბერნარ პალმიესნაირი ფედერალური აიკიდოს პასუხისმგებელი პირები, აი რა მიმაჩნია მე ნამდვილ უპატივცემლობად. ესაა სრული (და, იმედი მაქვს, გაუცნობიერებელი) უპატივცემლობა, იმიტომ რომ ის მიმართულია არა აიკიდოს რომელიმე დამსახურებული მოღვაწის წინააღმდეგ, არა თვით ო-სენსეის წინააღმდეგ, არამედ თვით აიკიდოს წინააღმდეგ.
არასდროს არ იქნებოდა ამგვარი სრული კარგვა პატივისცემისა, ორად-ორი რამ რომ გაეგოთ და გაეაზრებინათ:
პირველი ისაა, რომ აიკიდოს ქმნის პრინციპის და არა პრინციპების დაცვა.. პრინციპი უპირველესი რამაა, მარტივი და სათავეებთან არსებული. თვითონ განსაზღვრებიდან გამომდინარე ვერ იქნება ის მრავალნაირი. ისაა ერთადერთი და სათავე ყველაფერი არსებულისა. პრინციპზე ლაპარაკი და ამ სიტყვის ჩაყენება მრავლობით რიცხვში აზროვნების უწესრიგობის ნიშანია. და ეს უმარტივესი სემანტიკური მოსაზრება კმარა იმის საჩვენებლად, რომ ბერნარ პალმიეს პოზიციის გამართლება შეუძლებელია.
მეორე და არსებითი ისაა, რომ უნდა გავიგოთ სად სცოდავს ძირეულად ეს „ღიაობის თეორია“: გამოვლენილი ფორმები პრინციპზეა დამოკიდებული.. ფორმები მართლაც არ მოდის არარაობიდან, ისინი დაფარული პრინციპის ხილული და ამუშავებული შედეგებია. და, როგორც ვიხილეთ, ეს პრინციპი ანიჭებს ტექნიკას გარკვეულ სპეციფიკურ მახასიათებლებს. აქედან, ბუნებრივია, რომ ეს მახასიათებლები განსაზღვრავს თავის მხრივ ილეთის გარეგან მხარეს, ანუ ფორმას. სწორედ ამ ფუნდამენტური მიზეზის გამო არ შეიძლება ფორმები იყოს ისეთი არეულ-დარეული და ჰეტეროგენული, როგორებიც დღეს გვხვდება. რადგან მათი გარეგნული მრავალფეროვნების მიღმა, აბსოლუტური აუცილებლობა არსებობს იმისა, რომ ისინი ღრმა ერთიანობას ასახავდეს და ეს ერთიანობა მათ ფართო სინთეზში უყრიდეს თავს და აწესრიგებდეს.
შომენ უჩი იკიო ომოტეს მოძრაობა, მაგალითად, თავის საბაზო ფორმაში მოითხოვს საწყის ბრუნვას 45º-ით იმისათვის, რომ ირიმი-ტენკანის პრინციპი იქნეს დაცული. თუ არ ვბრუნავ საერთოდ ან საკმარისად, ჩემი მოძრაობის გარეგნული ფორმა განსხვავებული იქნება 45º-იანი მოძრაობისაგან. რასაკვირველია, განსხვავება ძლივს შესამჩნევია, ჰგავს, კიდეც ერთმანეთს ეს ორი მოძრაობა და ცდუნება დიდია, რომ ვთქვათ – ეს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული, ფორმააო, რომ ყველა სამუშაო ფორმა არსებობსო და რომ ღია უნდა იყო კაცი და ყველა ფორმა მიიღოო და ა. შ. და ა. შ… მაგრამ სინამდვილეში, მიზეზი რის გამოც ეს ფორმა განსხვავდება, ისაა, რომ რაკი არ იცავს აიკიდოს პრინციპს, აღარც გამოდის აიკიდოს გამოვლინება, იგი არაა შექმნილი ამ პრინციპის ამუშავების შედეგად და, აქედან გამომდინარე, აღარც არაფერი აკავშირებს აიკიდოსთან. ამ მიზეზით ეს არ არის აიკიდო.
თუკი „შეზღუდულობის“ ნიშანია კეთილგონიერების დაცვა, მაშინ მე ვიცხოვრებ ჩაკეტილობაში. მაგრამ ხელგაშლილი ღიაობის ასეთი თეორია, რის სახელითაც კარგ ტონად ითვლება გულზე ხელის დადება და აიკიდოს ყველა ფორმის მიღება, სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ტექნიკის სიმკაცრისა და სიზუსტის ნაკლებობის გამო განსხვავებული ფორმების მიღება. ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვა, პირადად მე ღიაობის ამ სულგრძელ გამოხატულებაში მხოლოდ ელეგანტურ მაკიაჟს ვხედავ, რაც აიკიდოს სინამდვილეში ქიმერის სახეს აძლევს.
თავისი დროის აზროვნების გამოსაყვანად გაქვავებული და იოლი აზრების ჩაკეტილი წრიდან ჯორდანო ბრუნო, ისევე, როგორც უფრო ადრე ლუთერი, არად დაგიდევდა ეკლესიის მტვრიან იერარქიას. მან დაწერა წიგნი, რომლის სათაურიც გასაოცრად შეიცავს იმას, რაც ბერნარ პალმიესა და მე გვაცალკევებს ერთმანეთისგან: „მიზეზი, პრინციპი და ერთიანობა“. თავხედობა იმად დაუჯდა, რომ ცოცხლად დაწვეს კოცონზე, თუმცა იქამდე ვერც რომის ინკვიზიციისგან წამებას გადაურჩა. რამდენიმე წლის შემდეგ კეპლერის კანონებმა ის გაამართლა. ამ გამოცდილებიდან ჩანს, რომ მსოფლიოში საუკეთესო არგუმენტები უძლურია ძალაუფლების წინააღმდეგ და ვერ გადაწონის მას. ამ უკანასკნელს, არც თავისი არსით და არც თავისი ფუნქციით, დიდად არ აწუხებს ჭეშმარიტების ძიება. არ ვდაობ იმაზე, რომ ბევრად უფრო კომფორტულია საკუთარ ლოგინში ჩაწოლა. ეს ამშვიდებს და ასვენებს კაცს. დაღლილობა დიდია მეტოქეთა ბანაკში, სადაც ყველაფერს ძლივძლიობით აკეთებენ.
მე შორსა ვარ გალილეისთვის ქვის სროლისგან, ვინც უარყო თავისი აღმოჩენები, როდესაც ყელზე დანა მიაბჯინეს. მაგრამ რაკი პატივისცემაზე ვლაპარაკობთ, პატივი უნდა ვცეთ სხვებს, საკუთარ თავს და იმ პატარა როლს, რომელიც შესასრულებელი გვაქვს ამ ქვეყანაზე, უნდა დავიცვათ ის საქმიანობები, რომლებიც ცხოვრების არსს წარმოაგდენს. მოხლმოდრეკილი ლოცვა შეცდომის წინაშე, როდესაც იცი, რომ ეს შოცდომაა, არ არის ჩემთვის მოსაწონი ქცევა. თუ ეს უპატივცემლობაა, რაშიც ბერნარ პალმიე მადანაშაულებს, ესეც დიდი გულუბრყვილობისა და დიდი ოპტიმიზმის ნიშანია. ეს ორი ცოდვა ახალგაზრდული ცოდვებია. და ყველამ იცის, რომ ახალგაზრდობას ბევრ რამეს პატიობენ…
ფილიპ ვოარინო, კამპო დეი ფიორი, 2008 წლის თებერვალი
(1) s – ფრანგულ ენაში მრავლობითი რიცხვის ნიშანია.