Categories
სტატიები

ნამდვილი მე-5 კუმიტაჩი

ხმლის თითოეული დარტყმა საბოლოოა და თითო სხვადასხვა მოწინააღმდეგისთვისაა განკუთვნილი. მაშასადამე, იმდენი მოწინააღმდეგე იქნება, რამდენი დარტყმაცაა.

წინა სტატიაში მე-5 კუმიტაჩის (გო ნო ტაჩის) სასწავლო ფორმა ვიხილეთ და ვთქვით, რომ ეს სავარჯიშო პედაგოგიურ მიზნებზე მორგებული მეთოდის ნაწილია. ის ერთ სწორ ხაზზე და ერთ მოწინააღმდეგესთან აერთიანებს დარტყმებს, რომლებიც სინამდვილეში სხვადასხვა მხრიდან მომავალი სხვადასხვა მოწინააღმდეგეების სინქრონულ შეტევებს სცემს პასუხს:

მორიჰირო საიტოს უზარმაზარი პედაგოგიური ნიჭის დამსახურებაა, რომ ეს რეალური და რთული ფორმები ამგვარადაა შემჭიდროვებული და თანაც ისე, რომ მინიმალური გამრუდებითაა ჩასმული მარტივ და დასახსომებლად იოლ ფორმებში, რომლებსაც კუმიტაჩები და კუმიჯოები წარმოადგენს.

მაგრამ დგება მომენტი, როდესაც მეთოდის მიღმა წინსვლა ხდება აუცილებელი და ამისთვის იგივე გზა უკუღმა უნდა გამოვიაროთ – წრფივი სავარჯიშოდან 360°-იანი წრიდან წამოსული დარტყმების რეალობაში გადავიდეთ. ეს დარტყმები სასწავლო სავარჯიშოს საჭიროებებისათვის შეაჯამა და ერთ ხაზზე გააწყო საიტო სენსეიმ. ახლა კი ამ გამარტივებული და კოდირებული ფორმიდან რთულ საბრძოლო რეალობას უნდა დავუბრუნდეთ. სწორედ ეს სამუშაოა ნაჩვენები ვიდეოში.

ყურადღება: ასეთი სახის სავარჯიშოებში არ არის საჭრო ახალი ფორმების გამოგონება. სასწავლო სავარჯიშოს ფორმები რეალური, სრულყოფილი ფორმებიდან მომდინარეობს და, ცხადია, აქ არაფერი არ უნდა შევცვალოთ. უნდა ვიცნოთ თავდაპირველი ფორმა და ჩავანაცვლოთ ის იმ კონტექსტში, სადაც ეს აუცილებელია და საიდანაც ის სასწავლო სავარჯიშოს ფორმად „კონდენსირდება“:

უკე ტაჩი ვერ დაარტყამს ზედიზედ ორჯერ ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს ისე, რომ თავი საფრთხეში არ ჩაიგდოს სხვა მიმართულებებიდან. ხმლის თითოეული დარტყმა საბოლოოა და თითო სხვადასხვა მოწინააღმდეგისათვისაა დანიშნული.  მაშასადამე, რეალობაში იმდენი მოწინააღმდეგეა, რამდენი დარტყმაცაა სასწავლო სავარჯიშოში. მე-5 კუმიტაჩში ექვსი დარტყმაა, ამიტომაც ამ სავარჯიშოსთვის აუცილებელია ექვს მოწინააღმდეგესთან მუშაობა.

და მაინც, იმისათვის, რომ არ გადავტვირთოთ ზედმეტად სამართავი სივრცე, აქ შემდეგი არჩევანი იჩენს თავს: ოთხი მოწინააღმდეგე ნაცვლად ექვსისა, იმ დაშვებით, რომ ორ მოწინააღმდეგეს ხელმეორედ შეტევის საშუალება ეძლევა. ეს მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმებაა, რომლის მიზანიც შესრულების გაიოლებაა. მოწინააღმდეგეთა როცხვი თავისუფლად შეიძლება იყოს ექვსი, ოღონდ მათ უნდა შეეძლოთ თავი გაართვან იმ სირთულეს, რომელიც მათმა მომატებულმა რაოდებამ შეიძლება გამოიწვიოს.

მოწინააღმდეგეებმა უნდა დაარტყან ერთდროულად, მაგრამ აუჩქარებლად, რათა უკე ტაჩიმ სიტუაციის ვიზუალიზაცია მოახერხოს და გაიგოს, როგორ აირჩიოს სწორი გადაადგილება. ასევე არსებითია, რომ დარტყმები ნამდვილი იყოს დისტანციის (მააი) თვალსაზრისით, რათა უკე ტაჩიმ შეძლოს და შეამოწმოს, აყენებს თუ არა ეს გადაადგილება ყოველ ჯერზე იმ სიტუაციაში, როცა მას დარტმა შეუძლია ისე, რომ ამავდროულად თავად აღმოჩნდეს მოწინააღმდეგეთათვის მიუწვდომელ მანძილზე:

ფილიპ ვოარინო
10 სექტემბერი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/le-veritable-5eme-kumitachi/

Categories
სტატიები

კუმიტაჩი #5 – კიჰონი

მე-5 კუმიტაჩი თავის კლასიკურ, პედაგოგიურ ვერსიაში, რათა შევძლოთ ეს სასკოლო ვერსია იმ საბრძოლო რეალობას შევადაროთ, რომელსაც იგი ამარტივებს.

მე-5 კუმიტაჩი, ისევე როგორც ყველა კუმიტაჩი, არის სავარჯიშო, რომელიც ერთ ხაზზე და ერთ მოწინააღმდეგესთან გვიჩვენებს იმ დარტყმებს, რომლებიც სინამდვილეში სხვადასხვა მხრიდან წამოსული სხვადასხვა მოწინააღმდეგის დატყმებს სცემს პასუხს.

დამწყებისთვის მართლაც რთული იქნებოდა პირველივე დღეს შეესწავლა წრის 360°-დან წამოსული შეტევების მართვა.

კუმიტაჩები შეიმუშავეს სწავლის გასამარტივებლად და ყველა დარტყმა ერთი მოწინააღმდეგისკენაა ერთი და იმავე მიმართულებით. კუმიტაჩები მრავალფორმიანი საბრძოლო რეალობის შემცირებული სახეა და პედაგოგიური მიზნების გათვალისწინებით აქ ყველაფერი ერთ ხაზზე ხდება.

ეს აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რათა ღრმა შეცდომაში არ ამოვყოთ თავი, იგულისხმება ის, რომ კუმიტაჩი ბრძოლად მივიჩნიოთ: კუმიტაჩები სხვა არაფერია, თუ არა სასწავლო სავარჯიშოები, რასაც კავშირი არა აქვს ხმლით ბრძოლის რეალობასთან და მხოლოდ მოწაფის აღზრდას ემსახურება.

მომდევნო სტატიაში მე-5 კუმიტაჩი თავისი საბრძოლო კონტექსტის რეალობაში იქნება განხილული. ავხსნით მის შესრულებას სხვადასხვა მიმართულებებით.

მგონია, რომ კარგი იქნებოდა, გვენახა ამ ვიდეოში მე-5 კუმიტაჩი კლასიკურ პედაგოგიურ ვერსიაში, რათა შევძლოთ და ეს სასკოლო ვერსია იმ საბრძოლო რეალობას შევადაროთ, რომელსაც ის ამარტივებს, რომლიდანაც ის წარმოიშვება და რომელთან მიახლოებაც მხოლოდ იმის შემდეგაა საჭირო, როდესაც მისი შესრულება სასწავლო მეთოდით გვეცოდინება.

ფილიპ ვოარინო
4 სექტემბერი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kumitachi-5-kihon/

Categories
სტატიები

სიჩი ნო ავასე – ჰენკა

წრე ჰანმიდან ჰანმიში ჰიტო ემისა და კენკა გოშის გავლით იკვრება და ტექნიკები სულ ერთი და იმავე მოდელის მიხედვით შეიძლება გადაებას ერთმანეთს.

სიჩი ნო ავასე არის ავასეს (ჰარმონიზაციის) სავარჯიშო, რომელიც მე-7 (სიჩი ნო) სუბურს ეფუძნება და მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს.

ის ჰიდარი ნო კამაედან (მარცხენა დგომი) იწყება:

პირველ თვლაზე უჩი ტაჩი იოკომენით უტევს უკე ტაჩის, ეს უკანასკნელი კი შომენით პასუხობს:

მეორე თვლაზე კი უკე ტაჩი შეტევის ხაზიდან გვერდით აწევინებს ხმალს უჩი ტაჩის:

ყოველგვარი ღიაობის ჩასაკეტად უკე ტაჩის ხმალმა არ უნდა დატოვოს თავისი ადგილი ცენტრალურ ხაზზე, რაც ხდება ხოლმე, როდესაც უჩი ტაჩის ხმალს ზედმატად დიდი ამპლიტუდით ურტყამენ. მოძრაობა უნდა იყოს მოკლე და უჩი ტაჩის ხმალი იმ ზომით უნდა გადაწიოს გვერდით, რომ თავად ცკით შესვლა შეძლოს:

ხმლის შესასვლელად საკმარისია ეს სივრცე და მოკლე იმპულსი კმარა ამ გახსნისათვის. უნდა მოვიშოროთ ის აზრი, რომ საჭიროა უჩი ტაჩის ხმლის დიდი მოძრაობით ძალიან შორს გაწევა.

სინამდვილეში არ არსებობს ორი მოძრაობა – ერთი ხმლის გადასაწევად და მეორე ცკით საჩხვლეტად – არის მხოლოდ ერთი მოძრაობა. მოწინააღმდეგის ხმალს თავად ცკი წევს გვერდით, რომელსაც უკე ტაჩის ხმალი ერთგვარი ჩახვევით ასრულებს:

ყურადღება

არ უნდა ვუჩხვლიტო ჰანმიში, რადგან ჰანმი დგომია და არა მოქმედების რომელიმე მომენტი.

ჰანმი წინ უნდა უსწრებდეს და მოჰყვებოდეს მოქმედებას, ხოლო დარტყმის მომენტში კენკა გოშის (ტერფები ოთხკუთხედად) პოზიციაში უნდა ვიყოთ, ეს ზოგადი წესი ძალაშია აიკიდოს ყველა მოძრაობის დროს, ესაა ცნობილი კვადრატი, რომელიც სხეულის მიერ ჰანმიში სამკუთხედად დგომას მოჰყვება და რომელსაც ჰიტო ე მით გახსნის საშუალებით ვაღწევთ.

ჰანმის პოზიციის მიღება გვაშორებს უჩი ტაჩისაგან, ეს ბიომექანიკური ფაქტი ადვილად შეიძლება შემოწმდეს. უკანა თეძოს გარიდებისას ეს გარდაუვალი შედეგია. შეუძლებელია სხეულის ამ უკან დაწევის კომპენსირება ხელების წინ გაშვერით, რადგან ამ უკანასკნელთ არა აქვს ამდენი ავტონომია და მოქმედება აიკიდოში. ხელები მხოლოდ სხეულთან ერთად მოძრაობს.

ასეთ დროს ვხვდებით, რომ ეს დაშორება შეუთავსებელია ირიმის ცნებასთან, რაც პირიქით, მოწინააღმდეგესთან მიახლოვებას მოითხოვს.

და პირუკუ, ეს დაშორება სრულიად აუცილებელია მოწინააღმდეგის სხეულიდან ხმლის წვერის გამოსაძრობად, როდესაც ერთი მოქმედება დასრულდება და მეორე უნდა დაიწყოს… სწორედაც ჰანმით:

წრე ჰანმიდან ჰანმიში ჰიტო ემისა და კენკა გოშის გავლით იკვრება და ტექნიკები ერთმანეთს უცვლელი ციკლით, ყოველთვის ერთი და იმაბე მოდელით შეიძლება გადაებას.

საბრძოლო ეფექტურობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა პასუხი ერთნაირია ყველა გარემოებაში, როდესაც გამოსავალთა „კატალოგი“ არ არსებობს. შეტევებისა და სიტუაციების ნაირგვარობა, ისევე როგორც მათი მოულოდნელობა, ერთ, საერთო პასუხს მოითხოვს.

აიკიდო არის გზა, რომელიც ცდილობს იპოვოს მრავალთაგან „ერთი“ და რომელიც ამ სიმრავლეს ამ „ერთით“ პასუხობს. აიკიდოს ტექნიკები, გარეგნულად რაგინდ განსხვავებულიც არ უნდა იყოს ერთმანეთისაგან, ყველანი ერთადერთი ფუნადმენტური გადაადგილებისაგან იშვება. ეს გახლავთ ო-სენსეის დიადი აღმოჩენა. ირიმი-ტენკანი ამ გადაადგილების სახელწოდებაა, ტაი ნო ჰენკა მისი გამოყენების დასახელება, ხოლო ტაი საბაკი ტაი ნო ჰენკას შედეგია. ტექნიკები (ილეთები) შემთხვევითობებია, ისინი ნაკლებად მნიშვნელოვანია და სწორედ ამ მნიშვნელობით უნდა „დავივიწყოთ“ ისინი.

ფილიპ ვოარინო
28 აგვისტო, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/shichi-no-awase-henka/

Categories
სტატიები

ტე საბაკი

მაჯის გამოთავისუფლება მნიშვნელოვანია. აქ ეს მხოლოდ და მხოლოდ წინამხრის დატრიალების შედეგია.

კანჯი 捌, რომელიც სიტყვა „საბაკის“ შემადგენლობაში შედის, დაპირისპირების, მართვის და სირთულისა თუ სიტუაციის მოგვარების მნიშვნელობა აქვს.

აიტე (აგრესორი) მოდის, ჰარმონიას ურღვევს ტორის და აიძულებს მას ახალი წონასწორობა შექმნას. ამისათვის ტორიმ ისე უნდა გადააადგილოს სხეული, რომ შეტევა ვერ შეეხოს და ამავდროულად რამენაირად მოწინააღმდეგის გაკონტროლება შეძლოს.

აი, ესაა ტაი საბაკის არსი აიკიდოში.

თუმცა ტაი საბაკი არასდროს არის მარტო, მას ყოველთვის თან ახლავს ტე საბაკი.

ტეს (ხელს) მართლაც აქვს მნიშვნელოვანი როლი ახალი წესრიგის დამყარებისას. მაგალითად, ბრუნვისას ის საშუალებას გვაძლევს ჩავლებისაგან გავითავისუფლოთ მაჯა.

ხელის მტევანს ამბობენ, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი ხილული ნაწილია ბრუნვისას. თუმცა მაჯას, სინამდვილეში, სულაც არ შეუძლია ტრიალი, ხოლო ხელი მხოლოდ და მხოლოდ მიჰყვება წინამხრის ტრიალს იდაყვის გარშემო (კოტე მავარუ). სინამდვილეში სწორედ ის უზრუნველყოფს ბრუნვას, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავი გავითავისუფლოთ ჩაჭიდებისაგან.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მაჯის გამოთავისუფლება მნიშვნელოვანია, ის ასევე მხოლოდ წინამხრის ტრიალის ერთ-ერთი შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ ამ დამახასიათებელ მოძრაობას აიკიდოს ყველა ტექნიკაში ვხვდებით, იკიოდან დაწყებული და ტენჩი ნაგეთი დასრულებული, ირიმი ნაგეს ჩათვლით. ეს ყველა ილეთის ფუნდამენტური ელემენტია და დამახასიათებელია კოკიუ ჰოსათვის: მას ვხვდებით ყველგან. აიკიდოს ყველა ტექნიკა ამგვარ ქცევას ეფუძნება.

კოკიუ ჰოს ქცევა , „იდაყვები სხეულთან“, გულისხმობს ორივე წინამხრის ბრუნვას შიგნითკენ (პრონაციას), რომელიც ხელის გულის ბაზას წარმოადგენს წინამხრის გაგრძელებაზე. ის საშუალებას გვაძლევს, გადავცეთ დარტყმის ან მიწოლის ძალა, რომელიც მთელ სხეულს ეყრდნობა და ამავდროულად მისი სრულყოფილი გაგრძელებაა. ეს ძალა ხელის მტევნამდე აღწევს და აიკიდოში მას ტე კატანა (ხელი ხმალი) ეწოდება. კოკიუ ჰო ეფექტური ტე კატანას აუცილებელი პირობაა. ამით ვხვდებით, თუ რატომ ურტყამენ აიკიდოში გაშლილი ხელით და არა შეკრული მუშტით.

ეს იმიტომ ხდება, რომ წინამხრის შიგნითკენ ბრუნვით წარმოქმნილი ენერგიის კონცენტრაცია აიკიდოს ყველა ტექნიკის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ის ისწავლება და სისტემატურად სრულდება ყველა ვარჯიშის დასაწყისსა და დასასრულს ივამაში: კოკიუ ჰო ზეზეულად სრულდება ვარჯიშის დასაწყისში და კოკიუ ჰო მუხლებზე კეთდება ვარჯიშის ბოლოში. ეს გვიჩვენებს, თუ რატომ არის სხეულის ამგვარი ქცევა ძალიან მნიშვნელოვანი აიკიდოს პრაქტიკაში.

აუცილებლად უნდა გამოვნახოთ ხოლმე დრო და გადავხედოთ იმ მეთოდოლოგიურ ფორმებს, რომლებიც ტრადიციულმა სწავლებამ შემოინახა, რადგან ისინი არ არის ტყუილუბრალოდ, ისინი მოწაფეების სწორად ჩამოყალიბებისათვისაა შერჩეული და შეიცავს ნიშნებს, რომლებმაც უნდა დაგვაფიქროს და ცოდნა გაგვიღრმაოს.

ფილიპ ვოარინო
20 აგვისტო, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/te-sabaki/

Categories
სტატიები

უჩი კაიტენ სანკიო – როგორ ავიცილოთ ტკივილი

როდესაც უკეს სწორად ვაკარგვინებთ წონასწორობას, ის ვარდება ბუნებრივად, სახსრებზე ზემოქმედების ზღვარზე.

უჩი კაიტენ სანკიოს გასაღები წონაწორობის დაკარგვინებაშია.

თუ უკეს წონასწორობა დაკარგული არა აქვს მოძრაობის დასაწყისიდან დასასრულამდე, ტექნიკა არასრულყოფილია, ვინაიდან ის ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ უკეს სახსრებზე მიყენებულ ტკივილს ემყარება.

აიკიდოს ილეთები იყენებს ადამიანის სხეულის სახსრებს, ცხადია. ილეთებს სახსრები იმ მდგომარეობამდე და ისეთი კუთხით მიაქვს, რომლებიც მათი ბუნებრივი მოძრაობის ზღვარს წარმოადგენს. მაგრამ სწორი ტექნიკა ამ ზღვარს ისე აღწევს, რომ მას არ სცდება, რადგან ის უკეს წონასწორობას სწორედ სახსრებზე ზემოქმედებით აკარგვინებს. და როდესაც უკეს სწორად ვაკარგვინებთ წონასწორობას, ის ვარდება ბუნებრივად, სახსრებზე ზემოქმედების ზღვარზე:

სხვა სიტყვებით, თუკი უკეს წონასწორობას სწორად ვაკარგვინებთ, შეუძლებელია, ვატკინოთ მას, რადგან ტკენინება ნიშნავს, „ვაიძულოთ“ სახსრები, გასცდნენ იმ საზღვრებს, რომელსაც წონასწორობიდან იდეალურად გამოყვანა მოითხოვს. ძალა დაატანო უკეს სახსრებს, ატკინო მას, ეს ნიშნავს, შექმნა კონფლიქტი წონაწორობის დაკარგვინებასა და სახსროვან ბლოკირებას შორის და ამასთან, მხარი დაუჭირო მეორეს, პირველის საზიანოდ. ეს არასრულყოფილი ტექნიკა და სისუსტეა, რადგან ტკივილი ყოველთვის არ კმარა ზოგიერთი ადამიანის დასამორჩილებლად.

სწორი ქცევა მდგომარეობს იმაში, რომ არ გვინდოდეს ტკენინება, არა რომელიმე მორალური ცნების დასაკმაყოფილებლად, არამედ მოძრაობის დასახვეწად, ამასთან უნდა ვიცავდეთ ფიზიკის კანონებს, რომლებიც მოითხოვს, რომ წონაწორობის დაკარგვინება და სახსრების ბლოკირება ურთიერთშეთახმებულად მოქმედებდეს და არასდროს დაირღვეს მათი გამაერთიანებელი ჰარმონია.

ფილიპ ვოარინო
31 ივლისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/uchi-kaiten-sankyo-eviter-la-douleur/

Categories
სტატიები

უჩი კაიტენ სანკიო – ჰენკა ვაზა

სანკიოს ტექნიკის ეფექტურობა არ ეფუძნება იმ ტკივილს, რომელიც უკეს სახსრებს ადგება. ტკივილი აქ მხოლოდ მეორეხარისხოვანი შემადგენელი ნაწილია.

უჩი კაიტენ სანკიოს კლასიკურ ფორმაში უკეს ხელის მტევანს მთლიანი ხელის ჩამოტანის შემდეგ ვავლებთ და ის სრულ გაუძრავებამდე გრძელდება. ამ ტექნიკის ვარიანტში (ჰენკა ვაზა) კი პირიქით, ტორიმ უნდა ჩაავლოს უკეს ხელის მტევანს უშუალოდ იმ მომენტში, როდესაც იგი მისი ხელის ქვეშ გადის.საჭიროა, რომ მან ორჯერ შეცვალოს ხელების ჩავლება ტრიალის დროს, რათა გაუძრავების გაზას მიაღწიოს:

ეს ცვლილებები შეიძლება რთული მოგვეჩვენოს, თუმცა რეგულარული პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, რომ უკეს კონტროლი აქ უწყვეტი და მძლავრია და არ არსებობს არავითარი სუსტი მონაკვეთი, რომლის გამოყენებითაც უკე გაქცევას მოახერხებდა.

ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ უკე გვერდითკენ წონასწორობადაკარგული იყოს მოძრაობის დასაწყისიდან დასასრულამდე. წონასწორობას კი მის მკლავზე ჩავლებულის ხელის გვერდითკენ მიწოლით ვაკარგინებთ:

იმის საპირისპიროდ, რაც შეიძლება იფიქროს ადამიანმა, სანკიოს ტექნიკის ეფექტურობა არ ეფუძნება იმ ტკივილს, რომელიც უკეს სახსრებს ადგება. ტკივილი აქ მხოლოდ მოძრაობის მეორეხარისხოვანი შემადგენელი ნაწილია და მის სიდიდეს სრულად ზომავს ტორი. აიკიდოში უკეს წონასწორობის დაკარგვინებით ვაკონტროლებთ. ყველაზე სრულყოფილი სანკიო ისაა, რომელიც ტკივილს არ აყენებს უკეს.

ფილიპ ვოარინო
17 ივლისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/uchi-kaiten-sankyo-henka-waza/

Categories
სტატიები

მოიქციე უკე მკლავებში

აიკი ნიშნავს, რომ კი (ენერგია) უნდა შეერთდეს. ტორის ენერგია უნდა შეუერთდეს უკესას, რათა ამ ყველაფერმა ერთიანი და უფრო დიდი ძალა წარმოქმნას.

აიკიდოს მოძრაობა შეერთების, გაერთიანების აქტია.

აიკი ნიშნავს, რომ კი (ენერგია) უნდა შეერთდეს. ტორის ენერგია უნდა იყოს ერთიანი და ეს ერთიანი ენერგია უერთდება უკეს ენერგიას, რათა წარმოქმნას კიდევ უფრო დიდი ენერგია.

ვერ შეუერთდები სხვას, თუ დაშორდები ან შეეწინააღმდეგები მას, უკესთან შესაერთებლად ტორი მისკენ უნდა წავიდეს. ამგვარი სვლა სხვისკენ მასთან გასაერთიანებლად სიყვარულის განსაზღვრებაა და ამიტომაც ამბობდა ო-სენსეი, აიკიდო სიყვარულის გამოხატულებააო.

სიყვარულს არა ჰყავს მტერი, გაერთიანებული კი არის ძალა, რომელიც არ ცდილობს განადგურებას, თუმცა მას შეუძლია დაგვეხმაროს გაუწონასწორებელი სიტუაციის გამოსწორებაში.

ვიდეოში ნაშვენები მოძრაობა აიკიდოს ამ განზომილებას განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გამოხატავს, უკე პირდაპირი გაგებით უნდა მოიქციო მკლავებში:

ფილიპ ვოარინო
10 ივლისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/prendre-uke-dans-ses-bras/

Categories
სტატიები

კოკიუ ნაგე

ვიდეოში ნაჩვენები ეს კოკიუ ნაგე შედეგია კატატე დორიდან შესრულებული ტაი ნო ჰენკასი, რომელსაც მყისიერად მოჰყვება ატემი ნიკაპში.

კოკიუ ნაგე, რომელიც ნაჩვენებია ვიდეოში, შედეგია კატატე დორიდან შესრულებული ტაი ნო ჰენკასი, რომელსაც მყისიერად მოჰყვება ატემი ნიკაპში.

ქვევიდან ზევით წამოსული ეს დარტყმა იგივეა, რასაც ინგლისურ კრივში აპერკოტს უძახიან, თუმცა აიკიდოში ვურტყამთ არა მუშტს, არამედ გაშლილი ხელის გულის ქვედა ნაწილს, რომელიც წინამხარის გაგრძელებას წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ამგვარად წინამხარი დაჯახების მომენტში არაა ისე, რომ ხელის გული ზევით იყურებოდეს, ის ბუნებრივ პოზიციაშია – ხელის გული მიმართულია ქვვით და ამას თავისი შედეგი მოაქვს ძალების გადაცემის საქმეში. ხელების ეს დამახასიათებელი პოზიცია იგივეა, რაც კოკიუ ჰოს დროაა, იდაყვები სხეულთან:

იმისათვის, რომ სავარჯიშო შესაძლებელი გახდეს, აუცილებელია, რომ უკე ტაი ნო ჰენკათი ავამოძრაოთ. ტორის ბრუნვას ის ეფექტი უნდა ჰქონდეს, რომ უკე – თავისივე სურვილის ტყვეობაში მყოფი, რომ ეჭიროს –  წამოვიყვანოთ და გავტყორცნოთ წრის ხაზზევე წინ და დარტყმის მიმართულებით:

ასეთ დროს უკეს კინეტიკური ენერგია საპირისპირო მხრიდან მომავალი ტორის როტატიულ ენერგიას ხვდება. დარტყმის ძალა ამ ორი ძალის ჯამია, ზუსტად ისევე, როგორც ფრონტალური დაჯახებისას ორი ავტომანქანის სიჩქარეების ჯამი:

ფილიპ ვოარინო
3 ივლისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kokyu-nage/

Categories
სტატიები

ჩავლებიდან ო-სენსეისეული პრიმიტიული გამოთავისუფლება

საიტო სენსეი განმარტავდა, რომ ო-სენსეიმ ეს სამი ხერხი ერთ დროს არსებული ერთადერთი ხერხიდან განავითარა, როგორც თავად აკეთებდა თავდაპირველად.

კოტე გაეშისადმი მიძღვნილ წინა სტატიებში ვნახეთ, რომ არსებობს სამი კლასიკური ხერხი თავის გამოხსნისა გიაკუ ჰანმი კატატე დორიდან ჩავლების დროს: ჯოდან, ჩუდან და გედან.

საიტო სენსეი განმარტავდა, რომ ო-სენსეიმ ეს სამი ხერხი ერთ დროს ერთადერთი ხერხიდან განავითარა, როგორც თავად აკეთებდა თავდაპირველად და რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ უკეს მაჯას ქვევიდან ვავლებთ თავისუფალ ხელს:

ეს თავდაპირველი ხერხია ნაჩვენები ამ ვიდეოში.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და ვასრულებდეთ გამოთავისუფლების ამ ფორმას, რადგან ის ძალიან საიმედოა, ჩავლება მართლაც გვაძლევს საშუალებას უკეს მთელი ხელი გავაკონტროლოთ შემოტრიალების ბოლოს:

ასე უკეს არ ვაძლევთ საშუალებას დაგვარტყას იდაყვი. ამიტომაც ასეთ დროს კონტრტექნიკები ძნელი შესასრულებელია.

ამგვარი გამოხსნის შემთხვევაში შეგვიძლია მოძრაობა გავაგრძელოთ როგორც ტექნიკით, სახელად კოტე გაეში, ისე ტექნიკით, სახელად ირიმი ნაგე:

ეს, როგორც უკვე ვიხილეთ სტატიაში „ირიმი გაეში“, ამ ორი ტექნიკის იდენტურობის შედეგია.

ფილიპ ვოარინო
26 ივნისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/le-degagement-primitif-do-sensei/

Categories
სტატიები

„ირიმი გაეში“

ნებისმიერი ირიმი ნაგე სხვა არაფერია, თუ არა კოტე გაეში, შესრულებული კისრის არეში, მაჯის ტრიალი აქ თავის ტრიალითაა შეცვლილი.

სტატიაში „კოტე გაეში: მაქსიმალური ძალა“ ვიხილეთ, რომ შიჰო ნაგეს ფორმით ჩავლება მაჯაში საშუალებას გვაძლევს ჩუდანით გავთავისუფლდეთ კოტე გაეშის ამ ჩავლებიდან:

მაშასადამე, ამ ფორმით შესაძლებელია მოქმედება უკეს წინამხარზე (კოტე) მაჯის (ტეკუბი) გადატრიალებით (ჰინერი) და წარმოშობს ტექნიკას, რომელსაც ვუწიდებთ კოტე გაეშს. საქმეში ერთვება წონასწორობის დაკარგვინების მთელი ჯაჭვი და ბოლოს ეს ყველაფერი უკეს გდებით მთავრდება.

ტორისა და უკეს დამაკავშირებელი მააის სულ ოდნავი შეცვლა საშუალებას გვაძლევს ჩავავლოთ უკეს საყელოს, ნაცვლად მისი მაჯისა:

ეს განსხვავებული მააი წარმოშობს ტექნიკას, რომელსაც ირიმი ნაგეს ვუწოდებთ:

ტორის გადაადგილება არანაირად არ იცვლება, რჩება სრულიად იდენტური იმისა, რაც იყო კოტე გაეშის დროს, მოძრაობა მთლიანობაში სრულიად შენარჩუნებულია.

უფრო ახლოდან თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ არავითარი ფუნდამენტური სხვაობა არ არის კოტე გაეშსა და ირიმი ნაგეს შორის, გარდა იმ წერტილისა, რომელიც ტრიალის ძალების ღერძად იქცევა: ნებისმიერი ირიმი ნაგე სხვა არაფერია, თუ არა კოტე გაეში, შესრულებული კისრის არეში, მაჯის ტრიალი აქ თავის ტრიალითაა შეცვლილი. უკეს სხეულს წონასწორობას ზუსტად იმავენაირად ვაკარგვინებთ.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ირიმი ნაგე და კოტე გაეში არ არის ერთმანეთისგან გაბსხვავებული ორი ტექნიკა, როგორც ზოგადად ჰგონიათ, სინამდვილეში ეს ერთი და იგივე ილეთია, რომელიც უკეს სხეულის ორ სხვადასხვა ნაწილზე სრულდება. სწორედ ამის გამო აღვიქვამთ მათ ორ სხვადასხვა ილეთად.

უნდა ითქვას, რომ ირიმი ნაგესა და კოტე გაეშს შორის არსებული ამ მიმართების გაგებას მეთოდის მოდალობები ართულებს. მართლად, ეს უკანასკნელი მოითხოვს, რომ ირიმი ნაგეს გდება განხორციელდეს საყელოში ჩავლებით, მაშინ როცა მეორე ხელი უკეს თავს კოკიუ ჰოსათვის დამახასიათებელი ფორმით ატრიალებს:

გდების ეს მანერა და სხეულის ეს ფორმა, რასაკვირელია, სწორია სწავლების ფარგლებში, მაგრამ ამავდროულად ხელს გვიშლის, დავინახოთ ანალოგია ირიმი ნაგესა და კოტე გაეშს შორის. გონებაში კი სულ უნდა გვქონდეს ის ამბავი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საბრძოლო ტექნიკის შერბილებული სახეა, რომლის დროსაც სინამდვილეში უკეს თავს ისევე უგრეხს ორივე ხელით ტორი, როგორც კოტე გაეშის დროს. ნამდვილი ტექნიკა ბევრად უფრო სახიფათოა და შეუძლია კისრის მალების დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომაც ამოიღეს ეს ვარჯიშის დროს.

ეს ტერმინი, „ირიმი გაეში“ – ირიმი ნაგესა და კოტე გაეშის შერწყმა, რაც, ცხადია, არ არსებობს აიკიდოში – იმისთვის გამოვიყენე ამ სტატიის სათაურად, რომ გაგვიადვილდეს ამ ორი მოძრაობის ღრმა იდენტურობის სწორად გაგება. ეს კონკრეტული იდენტურობა რიაის ერთი შემადგენელი ნაწილია, წითელი ძაფია, რომელიც აიკიდოს ყველა ელემენტს აკავშირებს ერთმანეთთან და ამით ერთ დიდ, ორგანიზებულ ოჯახს ქმნის საერთო პრინციპების გარშემო.

ფილიპ ვოარინო
20 ივნისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/irimi-gaeshi/