Categories
სტატიები

ჰასო გაეში – ორი შეცდომა

არსებობს ორი კლასიკური შეცდომა ჰასო გაეშის მოძრაობის დროს. ჯო კანონების დაცვით უნდა გამოვიყენოთ.

არსებობს ორი შეცდომა ჰასო გაეშის მოძრაობის დროს.

პირველი შეცდომა ჯოს თავიდანვე უკნისაკენ გამოწევაში მდგომარეობს, თითქოს ერთგვარად „ვამზადებთ“ მას მოძრაობისთვისო. ბრძოლის ველზე ეს დრო მთელი ფუფუნებაა, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუიჯდეს ადამიანს. ბრძოლისას დრო, რომელიც მოქმედების დაწყებამდე იარაღის „მომზადებას“ სჭირდება გამოყენებისათვის, არ არსებობს. ბრძოლა მყისიერებაში მდგომარეობს, იქ არაფერს ამზადებენ. ჯოს გამოწევა უკნისაკენ, რათა მერე დაარტყან, სახიფათო და უსარგებლო მოძრაობაა. რადგან სხეული, რომელიც ამგვარად გადის უკან, თითქოს იწვევს მოწინააღმდეგეს შემოსასვლელად, ზუსტად ისევე, როგორც წყალი იღვრება, როგორც კი ზღუდე ეხსნება. ეს ბუნების კანონია, ბუნებას თავზარს სცემს სიცარიელე. პუტინი თავის დივიზიებს სამხრეთით, უკრაინაში განალაგებს და კიევს უმიზნებს, ევროპამ კი თავისი ჯარები სამხრეთით, ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთში უნდა განალაგოს და მოსკოვს დაუმიზნოს, ესაა სტრატეგია, წონასწორობის სტრატეგია. გაშიშვლებული იარაღი მოძრაობს მხოლოდ დასარტყმელად, იარაღით დამუქრება სისუსტის ნიშანია, ეს დიდი საშიშროებაა, კარგი ხმალი ქარქაშში უნდა რჩებოდეს, მაგრამ თუკი ის იქიდან ამოდის, ეს მხოლოდ საჭრელად ხდება და არა სხვა რამისთვის. იარაღით არ ამზადებენ არაფერს, იარაღით მოქმედებენ, თავად დაცვაში დგომაც სისუსტეა, თუკი ეს უბრალოდ დგომი არაა, დაცვის გარეშე.

მაშასადამე, არ არსებობს დრო უკნისაკენ ჰასო გაეშის დასაწყისში და საიტო სენსეი ყოველთვის მკაფიოდ ასწავლიდა მყისიერ შებრუნებას მარჯვნისაკენ:

ოთხი მიმართულებით განხორციელებული პრაქტიკა განმარტავს ამ აუცილებლობის სიღრმისეულ მიზეზებს.

მეორე შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ჯოს მარცხენა ხელით „წინ აგდებენ“ წაკვრით ჰასო გაეშის მოძრაობის მეორე ნაწილში. „ზენზენ დამეო“, ამბობდა ხოლმე საიტო სენსეი:

რადგან შეუძლებელია ეფექტურად დარტყმა, თუკი ხელს ვუშვებთ ჯოს სამიზნესთან შეხების მომენტში. შეხების ეს მომენტი მოითხოვს, რომ ჯოს გავლით მთელი სხეული მიაწვეს წინ მარცხენა ხელით:

სწორედ ამ დაწოლით გადაეცემა მარჯვენა თეძოდან მომავალი ბრუნვის ძალა ჯერ მარჯვენა ფეხს და ბოლოს მიწას. სწორედ მიწა ურტყამს მოწინააღმდეგეს, როდესაც მარცხენა ხელი შეკრულია ჯოზე. ჯოს „მოსროლა“ მარცხენა ხელით და მისი აფრენა თავის გვერდით, სიმაღლეზე, ქორეოგრაფიული მიზეზებით, ნიშნავს, რომ კავშირს ვკარგავთ მიწასთან და გვავიწყდება, რომ აიკიდოს ჯოხი არ არის პარადზე გამოსული გოგონების ჯოხი, რომელსაც ლამაზად ატრიალებენ და ისვრიან ჰაერში. ეს უკანასკნელნი არ არიან მეომრები და საკმარისია, რომ მათი ჯოხები ჰაეროვანი და მოხდენილი იყოს, განსხვავებით ჯოსაგან, რომელიც მოითხოვს, რომ ის მოვიხმაროთ, როგორც იარაღი.

არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ის რაღაცეები, რასაც ერთმანეთთან კავშირი არა აქვს. ცხოვრების რომელი სფეროც არ უნდა იყოს ეს, ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც ჰარმონიის კანონებს ექვემდებარება, ლამაზია, იმიტომ რომ ის ნამდვილია და მას ლოგიკა აქვს. სიმახინჯე მომდინარეობს მოქმედებებისაგან, რომლებსაც სამყაროს პერმანენეტული ტრანსფორმაციის წარმმართველი კანონების არცოდნით ასრულებენ. ჯო ამ კანონების დაცვით უნდა ვიხმაროთ, აიკი-ჯოს პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს საუკეთესოდ გავიგოთ და გავიაზროთ ეს კანონები.

ფილიპ ვოარინო
13 თებერვალი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/hasso-gaeshi-les-deux-erreurs/