Categories
სტატიები

იკიო – ეკი ტაი

წყარო: https://aikidotakemusu.org/ikkyo-eki-tai/

ირიმი-ტენკანი შემოდის ვარჯიშში ეკი ტაის სტადიაზე, როდესაც მოწაფე უკვე კარგად იცნობს კოტაისა და ჯუტაის ტექნიკურ ფორმებს.

რა არის იკიო ომოტეს სახელით ცნობილი სავარჯიშოს მიზანი, როდესაც ის სრულდება საბაზო ფორმაში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ სტატიაში იკიო: კიჰონი“?

ამგვარად შესრულებული ამ სავარჯიშოს ფუნდამენტური მიზანია, საშუალება მისცეს მოწაფეს შეიძინოს ტექნიკური ფორმა მოუქანცავად გამეორებული მოძრაობის დახმარებით, რაც, სხვათა შორის, მისი ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებასაც უწყობს ხელს.

პოსტულატი ის გახლავთ, რომ შეუძლებელია ადამიანმა რომელიმე ხელოვნებაში ერთბაშად ისწავლოს ყველაფერი, ამიტომაც სავარჯიშო გამარტივებულია, რათა დამწყებმა დასაწყისში 100%-ით მიუძღვნას თავისი ყურადღება მისთვის შემოთავაზებული ფორმის მხოლოდ ტექნიკურ შესწავლას.

ამ მიზნით მას შესასრულებლად აძლევენ სავარჯიშოს, რომლისგანაც ხელოვნურადაა ამოღებული ირიმი-ტენკანის განზომილება. ასეთ დროს ჩვენს მოწაფეს შეუძლია შეასრულოს იკიო ომოტე ისე, როგორც მას მოეთხოვება, ანუ ტრანსლაციით – პირდაპირი გადატანით, კუთხეების შეუცვლელად – და ამ დროს არ იფიქროს როტაციულ პრინციპზე, რაც აიკიდოს გულის გულს წარმოადგენს. ამგვარად ის მოძრაობების კოორდინირებას სწავლობს, აწვება უკეს იდაყვს და ამისთვის საყრდენად უკანა ფეხს იყენებს. ასე იგებს ძალების გადაცემის პრინციპს, აცნობიერებს თეძოების ამოძრავებას სხეულის ჰიტო ე მით გახსნის დროს და აღმოაჩენს მორფოლოგიას – მაგალითად, იდაყვის გამონაშვერის გამოყენებას იკიოთი იდაყვის გაუძრავებისას, და ა. შ.

ეს ყველაფერი ძალიან საჭიროა ტექნიკური ფორმის შესასწავლად. ამიტომაც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჯერ კიდევ მხოლოდ მზადებაა აიკიდოსთვის და რომ აიკიდო არ არის ტექნიკაში. აიკიდო ამ ტექნიკის მიღმაა და ის მხოლოდ როტაციულ პრინციპთან ერთად ჩნდება. ამ პრინციპს ირიმი-ტენკანი ეწოდება და ის მატერიალიზდება გადაადგილებით, რომელსაც თავის მხრივ ტაი ნო ჰენკა ჰქვია.

ირიმი-ტენკანი ვარჯიშში ეკი ტაის სტადიაზე შემოდის, ესე იგი მაშინ, როდესაც მოწაფე უკვე კარგად ფლობს ტექნიკურ ფორმებს, რომლებიც კოტაისა და ჯუტაის სტადიების დროს აითვისა. ამ დროს მას შეუძლია ეს ფორმები როტაციულ გადაადგილებას – ტაი ნო ჰენკას – შეურწყას, რაც აიკიდოს სიცოცხლესა და შინაარსს სძენს.

ამიტომაც კი ნო ნაგარე საშუალებაა, რითაც ტორი კი აღარ „პასუხობს“ უკეს შეტევას, არამედ პირიქით, აიძულებს მას, ცენტრისკენული თუ ცენტრიდანული ძალა შეიგრძნოს. ამ ძალას წარმოქმნის მოძრაობა, რომლის წყაროც ამიერიდან თავად ტორი წარმოადგენს.

ამიერიდან კოტაისა და ჯუტაის სტადიებზე მარტივი ტრანსლაციით შესრულებული მოძრაობას თავისი სახელი ერქმევა: სწავლიდან გარდამავალი ფაზა.

როგორც კი ეს ფაზა გავლილია, როტაციის ენერგია ისრუტავს უკეს და ის იკიოს გაუძრავებამდე მიჰყავს, როგორც წყალი გაიტყორცნება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გემის ვინტისაგან. აქ უკვე შეგვიძლია აიკიდოზე ლაპარაკი, ტექნიკას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი: ის კონფლიქტური სიტუაციის ტრანსფორმაციის პროცესის აუცილებელი, თუმცა კი მეორადი ელემენტია.

არ შეიძლება სათანადოდ არ შევაფასოთ სწავლების ყველაზე დიდი ნაწილის წმინდად პედაგოგიური განზომილება, რომელიც დღეს აიკიდოს სახელით გადაიცემა და რომელიც, სინამდვილეში, ჯერ კიდევ არ არის აიკიდო. სწავლების მეთოდი ლეგიტიმურია, მაგრამ ასევე ლეგიტიმურია, რომ ის არ მივიჩნიოთ იმად, რასაც ის არ წარმოადგენს. ამ ყველაფრის გარეშე აიკიდო დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის შექმნილ მეთოდოლგიამდე დაიყვანება.

ფილიპ ვოარინო
1 ნოემბერი,. 2021