წყარო: https://aikidotakemusu.org/ikkyo-kihon/
ვიდეოში წარმოდგენილი მოძრაობა იკიო ომოტეს საბაზო, ელემენტარული ფორმაა. ის ანბანის ასო „ა“-ს შეესაბამება.
ყველაფერს სჭირდება რაღაცით დაწყება.
ტექნიკის შესწავლას ყოველთვის იკიოთი ვიწყებთ.
ვიდეოში წარმოდგენილი მოძრაობა იკიო ომოტეს საბაზო, ელემენტარული ფორმაა. ის ანბავის ასო ა-ს შეესაბამება. როდესაც ის მარტოა, ასო ა-ს შინაარსი არა აქვს, ის ჯერ კიდევ მხოლოდ და მხოლოდ მუსიკის ნოტია. როდესაც შეგვეძლება ეს ასო სხვა ასოებს დავუკავშიროთ და ამით სიტყვა შევადგინოთ, მხოლოდ მაშინ ჩნდება შინაარსი.
თანაც, იკიო კიჰონია და სხვა არაფერი. ვინაიდან იგივე სიტყვა ხის ფესვსაც ნიშნავს, საჭიროა, რომ ეს ხე ერთ მშვენიერ დღესაც ამოვიდეს, რათა ფესვმა თავისი არსებობის საფუძველი დაინახოს. ფესვი უნდა გაძლიერდეს სწავლით, ვარჯიშით, მაგრამ არ უნდა დარჩეს სტერილური, ხეც უნდა აღმოცენდეს და გაიზარდოს: სიცოცხლემ უნდა შექმნას, ისევე როგორც ამ ტექნიკამ, ილეთმა უნდა გამოისხას ნაყოფი.
არ შეიძლება დავკმაყოფილდეთ ტექნიკათა (ილეთების) უსასრულოდ გამეორებით მეთოდის წიაღში, რადგან აიკიდო ტექნიკის მიღმაა და, აქედან გამომდინარე, მეთოდის მიღმაცაა. მეთოდი აუცილებელია, თუმცა ის არ გახლავთ ხელოვნების საბოლოო მიზანი, ის ისეთად უნდა მივიღოთ, როგორიც არის: ის არის მოაჯირივით, ამ სიტყვის პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. ამიტომაც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ის საბოლოო მიზნად არ ვაქციოთ, მეთოდმა სასკოლო სავარჯიშოების მარადიული ყოველდღიურობისგან განსხვავებულ განზომილებამდე უნდა მიგვიყვანოს.
ყველაზე დიდი პატივი, რომელიც შეგვიძლია მის შემქმნელს მივაგოთ, მდგომარეობს იმაში, რომ გამოვიყენოთ ეს მეთოდი იმ სულისკვეთებით, რომელიც წინ უძღოდა მის შექმნას. და იგი – მეთოდი – არ დახვეწილა იმისათვის, რომ საბოლოო მიზნად ქცეულიყო, არამედ პირიქით, გიდის სახელმძღვანელოდ გამხდარიყო ადამიანისთვის და ილეთებს თავისი შედეგები მოეტანა. ეს შედეგები კი აშკარად ისაა, რასაც ო-სენსეი ტაკემუსუს უწოდებდა.