Categories
სტატიები

კენ სუბური #1

წყარო: https://aikidotakemusu.org/ken-suburi-1/

ხმლის პრაქტიკა სწორად ჭერის სწავლით იწყება. იხილეთ აქ, როგორ დაიჭიროთ სწორად თქვენი კენი 1-ელი სუბურის შესასრულებლად.

ხმლის პრაქტიკა სწორად ჭერის სწავლით იწყება.

კენი მარცხენა და მარჯვენა ხელების ნეკსა და არათითს უჭირავს. აკუპუნქტურის ორი მნიშვნელოვანი მერიდიანი, გულის მერიდიანი და წვრილი ნაწლავის მერიდიანი, აკავშირებს ნეკის ბოლოებს მუცლის სიღრმესთან, იმ ადგილთან, სადაც იაპონური ტრადიციის მიხედვით მდებარეობს კიკაი ტანდენი, ენერგიის ოკეანე. კენის ჭერა მარცხენა და მარჯვენა ნეკებიდან, ნიშნავს მის ჭერას სხეულის ცენტრით, იმ ენერგიით, რომელიც მუცლიდან გადმოდის.

ამ ოთხ თითს მტკიცედ უნდა ეჭიროს ცუკა (ხმლის ტარი).

სამაგიეროდ, თითოეული ხელის შუა და საჩვენებელ თითებს ძალიან მოქნილად უნდა ვუჭერდეთ, ჩავლებისას მათ მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებათ და საერთოდ რომ არ გვქონდეს ისინი, ამით ჭრა სულ არ შეიცვლებოდა.

მაშასადამე, კენი სხეულის ენერგიის გადამცემია, მან საშუალება უნდა მისცეს ამ ენერგიას, თავისუფლად იტრიალოს, ესაა არხი, საიდანაც კიკაი ტანდენის ენერგია უნდა გამოედინოს. სწორედ ამიტომ უნდა გვეჭიროს ის მუცლის გაგრძელებაზე, როგორც ამას საიტო სენსეი გვიჩვენებს ვიდეოში, წვერით მკერდის სიმაღლეზე (ჩუდან).

ქვედა ფოტო ნამდვილი თვალსაჩინოებაა და მას თავისი ისტორია აქვს: 1950-იან წლებში, როდესაც ო-სენსეი მინდორში მუშაობდა რამდენიმე თავის მოწაფესთან ერთად, რომელთა შორის საიტოც იყო, საუბარი ჩამოვარდა ხმლის სწორი ჭერის შესახებ. მაშინ ფუძემდებელმა ითხოვა, წასულიყო ვინმე სოფლის ფოტოგრაფის მოსაყვანად და მანვე თავის სამუშაო ტანსაცმელში გადაიღო სურათი ზუსტი დგომის უკვდავსაყოფად.

მე აქ ვდებ საიტო სენსეის ფოტოს იმავე ჩუდან ნო კამაე დგომში. ფოტო ოცდაათი წლით გვიანაა გადაღებული (ანტიბის ფორტიფიკაციებზე 1989 წლის ოქტომბერში).

კენის ჭერა ჩუდან ნო კამაეში ზედმეტად ვერტიკალური ღერძით, ხმლის წვერით ცისკენ, შეცდომაა, რომელიც ხელს უშლის მის გამოყენებას, როგორც მუცლის ბუნებრივ გაგრძელებას და აიძულებს მოვარჯიშეს, რომ მხოლოდ მხრების კუნთოვანი ენერგია ამუშაოს.

პირველი სუბურის ჭრა ხმლის ერთადერთი შესაძლო სრულყოფილი შომენია. კენი ადის პირდაპირ და ჩადის ზურგს უკან იქამდე, ვიდრე ხერხემალს არ შეეხება, შემდეგ შეუძლია ისევე სწორ ხაზზე ჭრას შომენ უჩით, როგორც აიტანა, ასეთ დროს ხმლის პირის გვერდზე გადახრა ნულს უდრის, ის იატაკის პერპენდიკულარულია და ვერტიკალურობაც სრულყოფილია.

ჭრის დასასრულს, კისაკი (ხმლის წვერი) იატაკის პარალელურად უნდა გაჩერდეს. ხმლის გაჩერება ამ წერტილამდე, ნიშნავს ჭრისთვის ხელის შეშლას მოძრაობის დინამიკის ნაადრევი და ხელოვნური დაბლოკვით. და პირუკუ, ხმლის გაჩერება ამ წერტილის მიღმა, ქვევით, ნიშნავს კონტროლის დაკარგვას იარაღზე, რასაც შედეგად სხეულის წინ გაქაჩვა მოჰყვება.

შიმერუ სახელწოდებაა მოქმედებისა, რომელიც კეტავს ხმალს ზუსტ ადგილას ჭრის ბოლოს. ეს არ გახლავთ მარჯვენა ხელის მოქმედება, რომელიც „შეაკავებდა“ ხმალს დაშვებისას, ესაა ტალღოვანი ფორმის მოქმედება, რომელიც მარცხენა ხელსა და მუცელს შორის სუბტილურ მიმართებას მოჰყვება შედეგად.