Categories
სტატიები

კენ ტაი ჯო #1 – The old way

წყარო: https://aikidotakemusu.org/ken-tai-jo-1-the-old-way/

ამ კენ ტაი ჯოს პირველ თვლაზე შუბი მარცხნისაკენ ჭრის. ამ ჭრის შეგრძნების განსავითარებლად მას სამიზნედ ხმალს აძლევენ, დაახლოებით ისევე, როგორც მოკრივეს ჩამოუკიდებენ ხოლმე ტომარას, რათა მან დარტყმა ისწავლოს. ჭრა ასე უკვე რაღაცას დაეყრდნობა, რაღაც მატერიალურს.

თუმცა ეს სხვა არაფერია, თუ არა სავარჯიშო პროცედურა, არამც და არამც არ უნდა გადავაკეთოთ ეს სავარჯიშო და არ ჩავდოთ შიგ ის აზრი, თითქოს საჭიროა უჩის ხმლის გვერდზე გაწევა, იმიტომ რომ ამგვარად ჭრას მოგერიებად გადავაქცევთ, მაშინ როცა მოგერიების კონცეფცია აიკიდოში არ არსებობს.

აიკიდოში არასდროს ებრძვიან უჩის იარაღს, აიკიდოში აკეთებენ ირიმის და უჩის იარაღი სიცარიელეში ეშვება. როდესაც აიკიდოს მოძრაობა სრულდება სწორად, იარაღებს შორის კონტაქტი არ არის. ამის გაგება არსებითად მნიშვნელოვანია: მხოლოდ ვარჯიშის დროს ეჯახება ერთმანეთს ხმალი და ჯო.

მოწინააღმდეგის იარაღთან ბრძოლა ფუჭად დაკარგული ძვირფასი დროა და ამასთან ხელსაყრელ ვითარებას და დროს ვთავაზობთ სხვა მოწინააღმდეგეს, რომ ჩვენ დაგვარტყას. ასევე ვქმნით სრულიად არასაჭირო ღიაობას საკუთარ დგომში.

პირიქით, აიკიდო გვთავაზობს მოქმედებას, რომელშიც აცილების, მოგერიების, დაბლოკვის ცნება საერთოდ არ არსებობს. და წამით თუ ჩავუფიქრდებით, მხოლოდ ამგვარი ტექნიკური ბაზა შეიძლება მოერგოს არშეწინააღმდეგების იდეას, რაც აიკიდოს გულის გულში ძევს. მართლაც, როგორ გავანადგუროთ თავისთავად ბრძოლის ჟინი, როდესაც ეს ჟინი მოწინააღმდეგის იარაღთან ბრძოლითაა დაკავებული?

მაგრამ, რასაკვირველია, ყველა სავარჯიშოში იარაღები ერთმანეთს ეჯახება, ვინაიდან მოთხოვნაა, რომ სწავლება ამგვარად მიმდინარეობდეს. ამ დროს ვეჩვევით ასეთ ხმაურიან მოქმედებას და ბოლოს იმით ვამთავრებთ, რომ ვფიქრობთ, კენისა და ჯოს ჭეშმარიტება ამაშიაო… გვგონია, რომ ეს ჭეშმარიტება სულაც არ განსხვავდება იმ სანახაობიდან, რომელიც ეროლ ფლაინმა მოგვცა რობის ჰუდის თავგადასავლებში.

სწორედ ამ დროს გადავდივართ კინოს კეთებაზე და აიკიდოს პრინციპი გვერდზე გვრჩება.

ამ ვიდეოში ეს კუმიჯო n°1 ნაჩვენებია იმ სახით, რა სახითაც ასწავლიდა საიტო სენსეი 1980-იან წლებში, როდესაც მან ის ტექნიკური ფორმები შექმნა, რომლებიც დღეს კენ ტაი ჯოს სახელითაა ცნობილი. იმხანად მეც ივამაში გახლდით და წილად მხვდა ბედნიერება, შევსწრებოდი ამ სავარჯიშოების თანდათანობით დახვეწას, რომელთა დროსაც არაერთხელ მეც გამიწევია მისთვის უკეობა. ტექნიკა იცვლებოდა თითქმის ყოველ დილას, ის სრულქმნიდა მუშაობის მისეულ მეთოდს.

შესრულების ეს ძველებური ყაიდა საშუალებას გვაძლევს, მივხვდეთ, თუ რატომ შეიძლება დაბრუნდეს შუბი ცენტრში, როდესაც ვჭრით მარცხნიდან მარჯვნივ და პირუკუ, ეს მოქმედება არაა ბუნებრივი, როდესაც ჭრა მარჯვნიდან მარცხნივაა მიმართული.

ფილიპ ვოარინო
27 ივნისი 2021