წყარო: https://www.aikidotakemusu.org/nikyo-ki-no-nagare/
არმოქმედება კი ნო ნაგარესთან ერთად ჩნდება, ანუ მაშინ, როდესაც ტორის მოქმედების დინამიკას ირიმი-ტენკანი მართავს.
სტატიაში „ნიკიო კიჰონი“ ვიხილეთ, რომ კოტაიში – ანუ მაშინ, როდესაც სავარჯიშო სტატიკურად სრულდება – საშიში იყო უკეს შიდა მხარეს შესვლა. ამ სავარჯიშოში მხოლოდ უკეს გარეთა მხარეს შეიძლება ამ ილეთის ისე შესრულება, რომ საპასუხო დარტყმის საფრთხე არ გემუქრებოდეს.
მაგრამ აიკიდო არ გახლავთ სტატიკური ხელოვნება, პირიქით, ის უსასრულო მოძრაობის ხელოვნებაა.
ივამაში ერთ მრავლისმეტყველ სცენას შევესწარი. ერთი გერმანელი მოწაფე უყვებოდა საიტო სენსეის – აიკიდოში ის მხიბლავს, რომ გაჩერებული პოზიციიდანვე შემიძლია მძლავრად გადავიდე ტექნიკის შესრულებაზეო. ის ხელოვნების საუკეთესო მხარედ ამ თავისებურებას მიიჩნევდა. ის თითქოს ღრუბლებიდან ჩამოვარდა, როდესაც საიტო სენსეიმ მყისიერად მიუგო, ვერაფერი გაგიგია ტაკემუსუ აიკიდოშიო.
მართლაც, თუკი მოძრაობა „გაჩერებულია“ სწავლების მეთოდში, ეს ხელოვნურად ხდება და ამას მხოლოდ პედაგოგიური მიზანი აქვს. თუ ეს არ გვესმის, მაშინ არც ის გვესმის, რა გააკეთა საიტო სენსეიმ აიკიდოს მომავალი თაობებისათვის გადაცემის საქმეში და, ყველაფერზე მეტად, არც ის, რომ ო-სენსეის აიკიდო სრულად ეწინააღმდეგება ამ პრაქტიკას: ო-სენსეი არასდროს ჩერდებოდა, ტაკემუსუ აიკიდო მხოლოდ მოძრაობაში არსებობს.
როდესაც ნიკიო თავისი კოტაი ფორმით სრულდება, მკაფიოდ ჩანს, რომ სწორედ ტორი დგება ამა და ამ პოზიციაში, რათა ნიკიოს ტექნიკაზე გადავიდეს, რომ სწორედ თავად ტორი აკეთებს ნიკიოს, რომ სწორედ თავად ტორი მოქმედებს.
ეს კი ვერ იქნება არმოქმედება.
არმოქმედება ჩნდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ტორი აღარ „ინდომებს“ ამა თუ იმ ტექნიკის შესრულებას. არმოქმედება ჩნდება მხოლოდ კი ნო ნაგარესთან ერთად, ანუ მაშინ, როცა ირიმი-ტენკანის მიერ მართული ტორის მოძრაობის დინამიკა ისეთია, რომ თავისთავად „კეთდება“ ნიკიო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რამე გააზრებული ნება-სურვილის შედეგი. ტექნიკა სრულდება, თუმცა ის არ მომდინარეობს ტორისაგან, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ აუცილებელი ვექტორია და არა საწყისი, მისი წარმომშობი.
ამ გაგებით ამბობდა ო-სენსეი ტაკემუსუს ტექნიკებზე, ისინი ღვთიურიაო: მათ არ ქმნის ადამიანი, რომელიც მათ ასრულებს. და სწორედ ამავე გაგებითაა მართალი ის ღრმა, მაგრამ ხშირად არასწორად აღქმული აზრი, რომ აუცილებელია „დაივიწყო ტექნიკები“, როგორც კი მათ შეისწავლი.
არმოქმედება არ ნიშნავს არაფრის კეთებას, პირიქით, ესაა ცისა და დედამიწის სრულყოფილი მოქმედება, მოქმედება, რომელიც ადამიანის საშუალებით, გავლით სრულდება, მაგრამ არაა დაბინძურებული ამ უკანასკნელის ინტერპრეტაციითა და ალალბედი, გაუაზრებელი არჩევნით. ასეთ დროს ხდება გასაგები ო-სენსეის სიტყვების შინაარსი, მე სამყარო ვარ და ვისაც ჩემთან დატოლება მოუნდება, იცოდეს, სინამდვილეში ამით სამყაროს ეტოლებაო.
ეს არ გახლავთ გასხივოსნებული ადამიანის სიტყვები, ეს რეალობის გამოხატულებაა და სწორედ ამ რეალობის წარმოჩენას ცდილობს ქვევით წარმოდგენილი ვიდეოც.
ფილიპ ვოარინო
12 დეკემბერი, 2021 წელი