წყარო : https://aikidotakemusu.org/aikido-principe-deplacement-terre/
არსებობს ინფორმაციები, რომლებსაც გვერდზე გადავდებთ, ან მომდევნო ხანებისთვის ვინახავთ ხოლმე.
მე ძალიან ადრე წავიკითხე ო-სენსეის ეს სიტყვები:
აიკიდოში აუცილებელია სამყაროს ბუნებრივი კანონების შეცნობა, მაგალითად, უნდა ვიცოდეთ და ვიყენებდეთ დედამიწის ბრუნვას თავისი ღერძის გარშემო.
ვიყენებდეთ დედამიწის ბრუნვას თავისი ღერძის გარშემოო… პლანეტისას… მოწინააღმდეგის ძირს დასაგდებადო… ადვილი წარმოსადგენია, რისი გაგება შეეძლო ამ ენიგმიდან ისეთ დამწყებს, როგორიც მე ვიყავი ოცი წლის ასაკში. და მაინც, შეიძლება გულუბრყვილობად ჩათვალოდ, მაგრამ ამ დამწყებს არასდროს შეუტანია ეჭვი იმაში, რომ ეს ავთენტური სწავლება იყო.
ეს ახალგაზრდა კაცი ძალიან შორს მოვიტოვე უკან, ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე, შევხვდი ოსტატებს, მათგან ვისწავლე, იაპონიაში იმ სახლში ვიცხოვრე, სადაც ოდესღაც ო-სენსეის უცხოვრია, მის ოთახში მიძინია, მისი ქვაბებით მიმზარეულია, მისი იარაღები გამომიყენებია, მისი ბიბლიოთეკის წიგნები გადამიფურცლავს და იმათთან მილაპარაკია, ვინც მას იცნობდა… შემეძლო კი უფრო მეტად მივახლოვებოდი ამ ხელოვნების სათავეებს? არადა ვერავინ ვერასდროს ვერ ამიხსნა, როგორ უნდა გამომეყენებინა დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო.
და თქვენ, ვინც ჩემს ნაწერებს კითხულობთ, შეგიძლიათ თქვათ, როგორ უნდა გამოვიყენოთ დედამიწის ბრუნვა აიკიდოში?
შეიძლება არ დამისვამს ეს შეკითხვა იმათთვის, ვისთვისაც უნდა დამესვა, ან შეიძლება გარკვეული რაღაცეები არ ისწავლება. ამიტომაც ჩავღრმავდი საკუთარ თავში იმ ცოდნის საძებნელად, რომელიც ვერსად ვიპოვე გარეთ. ძებნა ისე დავიწყე, რომ ზუსტად არც ვიცოდი, რას ვეძებდი, ყველანაირი გზა მოვსინჯე, ყოველ ჯერზე ენთუზიაზმით ვაწვებოდი წინ ჩემი უვიცობითა და იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს რომელიმე კარი გაიღებოდა. გარდაცვლილებსა და ღმერთებს მას შემდეგ მივმართე, რაც ჩემი მიმართვა ცოცხლებისადმი უპასუხო და ამაო დარჩა. იმდენი და ისე ვქენი, რომ, ეტყობა, სადღაც რაღაც ძალას შევეცოდე. და ერთ დღესაც, ირლანდიაში ერთი პატარა გზის პირას, ფოლკლორის მოყვარული ტურისტებისათვის გამართული „უმნიშვნელო წვრილმანების“ ბაზრობაზე ო-სენსეის საიდუმლოების ამოხსნა მელოდებოდა. ხუთ ევროდ ვიყიდე ჩემი ჩაკეტილი ტვინის გასახსნელად საჭირო გასაღები, თავდამსხმელთა წრეში მოქცეული ადამიანის შესაძლო გადაადგილებების გეგმა, გამოჭედილი თითბრის შენადნობიდან:
ეს უჩვეულო ნივთი ნამდვილად ვერაფერში გამომადგებოდა, რომ არა ის ხეტიალი და ჩემს გამრჯე ცხოვრებაში დაგროვილი შეცდომები, რომლებიც წინ უძღოდა მის გამოჩენას, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ იგი შესაფერის მომენტში გამოჩნდა, იმ მომენტში, როდესაც შემეძლო ბოლოს და ბოლოს დამენახა ის, რაც აგრერიგად თვალში საცემი იყო.
სტატიების სერიაში, სახელად „ო-სენსეის გადაადგილება“, მე უკვე ვრცლად განვმარტე ის მიზეზები, რომელთა გამოც მეომრის გადაადგილება უნდა მიჰყვებოდეს ცენტრის შუაგულიდან სპირალების იმ ტრაქეტორიას, რომლებიც ამ ორნამეტზეა გამოსახული. არ დავუბრუნდები ამ განმარტებებს, მაგრამ შეგახსენებთ მათემატიკურ მოდელს, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ფიგურას და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას გიორგი ჭანტურიას, თეორიული ფიზიკის სტუდენტს თბილისში, რომელმაც მისი გამოცნობა შეძლო:
უნდა წარმოვიდგინოთ წრის შუაგულში მდგომი, ოთხი მოწინააღმდეგით გარშემორტყმული მეომარი, მეტოქეებს კონვენციურად ოთხი მხარე უჭირავთ და ერთდროულად უტევენ ამ პოზიციებიდან.
მაშასადამე ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი აკრძალული აქვს ამ მეომარს და მხოლოდ შემდეგ ოთხ სექტორში ძალუძს გადაადგილება:
ჩრდილო-დასავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და სამხრეთ-დასავლეთით.
ის თითოეულ ამ სექტორში ბზრიალასავით შეიჭრება სხეულის ბრუნვითი მოძრაობით, რასაც აიკიდოში ირიმი-ტენკანი ეწოდება და რაც ორადორი სახით შეიძლება შესრულდეს: საათის ისრის მიმართულებით ან საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, საწყისი სამკუთხა პოზიციიდან, რომელსაც აიკიდოში ჰანმის უწოდებენ.
მაშასადამე, ჩვენს მეომარს ორი არჩევანი აქვს თითო სექტორში, რვა შესაძლებლობა მთლიანობაში და, ტრიალის ეფექტით, ამ გადაადგილებებიდან თითოეული აუცილებლად მიჰყვება რვა სპირალიდან ერთ-ერთის ტრაექტორიას.
ყოველ ჯერზე, როცა ის ამგვარად გადაადგილდება, აღიდგენს წონასწორობას, ახალი წრის ცენტრში ხვდება, რომელიც მას გადაადგილების რვა ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. ამ მოქმედებას აიკიდოში საბაკუ ჰქვია: ტაი საბაკი ირიმი-ტენკანის აქტივაციის შედეგია.
ეს რვა მარშრუტი, მოქმედების ეს რვა საშუალება, შეადგენს რვა ძალას ფიზიკურ სფეროში – ჰაჩი რიკის – რაზეც ო-სენსეი ლაპარაკობს.
შევადაროთ ახლა ამგვარად მოძრაობა იმას, თუ როგორ მოძრაობს დედამიწა:
ეს ანიმაცია – აჩქარებული სახით, რასაკვირველია – ფუკოს ქანქარაა, ისტორიული ექსპერიმენტი, რომელმაც 1851 წელს აჩვენა, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს (ეს რთული მოძრაობა, ფაქტობრივად, სამი სხვადასხვა მოძრაობის გაერთიანებაა): ყურადღება მიაქციეთ, ქანქარა სინამდვილეში უძრავია, ის წარმოადგენს ღერძს და დედამიწა ბრუნავს მის გარშემო.
და ვხედავთ, რომ დედამიწა ქანქარასთან მიმართებაში ისე მოძრაობს, რომ თან რვა შტოიანი ნახაზის სპირალებს ხაზავს, რომლებიც ორ-ორად ლადგება ოთხი მთავარი მიმართულების სექტორებში, ჩრდილო-დასავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით.
ამასთან, გადაადგილების ეს მოდელი ზუსტად ისაა, რაზეც ცოტა ხნის წინ ვილაპარაკეთ, რომელიც „ო-სენსეის გადაადგილებაში“ ვაჩვენეთ და რომელიც აუცილებელია როგორც მებრძოლის დარტყმის საჭიროებებისათვის, ისე მისი უსაფრთხოებისათვის.
ამ შედარებიდან ის დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ მებრძოლი ისე მოძრაობს დედამიწაზე, როგორც დედამიწა მოძრაობს თავის გარშემო. იდეალური გადაადგილების მოდელი, რომელიც მეომარს მოეთხოვება თავის ხელოვნებაში საბრძოლო საჭიროებებიდან გამომდინარე, იგივეა, რაც გადაადგილების მოდელი, რომელსაც დედამიწა იყენებს სივრცეში ტრიალისთვის თავისი ღერძის გარშემო.
ეს გვიჩვენებს, რომ ო-სენსეის ფრაზა არის არა რაღაც ბნელი პარაბოლა რომელიმე იდუმალებით მოცულ ეზოთერულ სწავლებაზე მისანიშნებლად, არამედ ის წმინდად ფიზიკურ რეალობას აღწერს: აიკიდოს კეთება ნიშნავს, პირდაპირი გაგებით, იმოძრაო ისე, როგორც მოძრაობს დედამიწა, მოიქცე მასავით, ნიშნავს „იცოდე და იყენებდე დედამიწის ბრუნვას თავისი ღერძის გარშემო“. როდესაც მებრძოლი გადაადგილდება ისე, როგორც საჭიროა, მაშინ ის დედამიწის ნამდვილი შვილია.
აქ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გადაადგილების ეს კანონი არ არის მიბმული მხოლოდ ერთ რომელიმე ხელოვნებაზე, ის არ არის მეტ-ნაკლებად ორიგინალური მახასიათებელი, რომელიც აიკიდოს სხვა დისციპლინებისგან გამოარჩევდა. პირიქით, ჩვენ აქ ვხედავთ ფიზიკის კანონს, რომელიც ზოგადად ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი ადამიანის გადაადგილებას მოერგება, როდესაც, ჰორიზონტალურ ჭრილში, ის ოთხი მიმართულების ფარგლებშია მოქცეული.
თუ ამ ადამიანს უნდა სრულყოფილად შეურწყას ერთმანეთს უსაფრთხოების მოთხოვნები და ზოგად ბრძოლასთან დაკავშირებული ეფექტურობა და არა მხოლოდ მარტივი მუშტი-კრივით შემოიფარგლოს, მას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა დედამიწის გადაადგილების ზუსტად გამეორებისა.
ეს არჩევანი ოფცია არ გახლავთ, ის არ უკავშირდება ამა თუ იმ დისციპლინის ან ამა თუ იმ სკოლის პროგრამას: ყველა აღმოსავლური და დასავლური საბრძოლო ხელოვნება ერთი და იმავე რეალობის წინაშე დგას. გამარჯვებისა და გადარჩენისათვის, აქილევსიდან მიამოტო მუსაშიმდე და რაინდ ბაიარამდე, მეომრებმა ფიზიკის ერთი და იგივე კანონი უნდა დაიცვან, როდესაც საქმე მათი სხეულის გადაადგილებას ეხება საბრძოლო სივრცეში.
ერთადერთი განსხვავება აიკიდოსა და სხვა საბრძოლო ხელოვნებებს შორის შეიძლება ის იყოს, რომ დედამიწის გადაადგილების პრინციპს აქ უწინარეს ყოვლისა არსებითი მნიშვნელობა აქვს, როგორც სტრატეგიის გული, რომელიც სრულად უნდა იყოს ათვისებული, თუკი გვინდა, რომ ხელოვნების უნივერსალურ ხასიათს ჩავწვდეთ.
ეს პრინციპი მართლაც სრულიად პრიორუტეტულად მიაჩნდა ფუძემდებელს:
ერთ მოწინააღმდეგესთანაც კი არ უნდა გვადარდებდეს მხოლოდ ის, რაც წინ ხდება, პრაქტიკის დროს აუცილებელად ყურადღებით უნდა ვიყოთ ოთხი, რვა მიმართულებით.
გონების მდგომარეობა სავარჯიშოს დროს” – რეკომენდაცია n°1 – ტექსტი, რომელიც ტოკიოს აიკიკაი სო ჰომბუ დოჯოს შესასვლელთან ეწერა 1931 წლიდან
ო-სენსეი გვიჩვენებს აქ პირდაპირი გაგებით და სრულიად არაორაზროვნად, თუ რა უნდა იყოს ყველაზე მთავარი საზრუნავი და რა უნდა ჰქონდეს გონებაში მოწაფეს: იცოდეს, რომ ის ყოველთვის დგას წრის ცენტრში და ყოველთვის წარმართოს თავისი მოქმედება შეტევის ოთხ მხარესთან და პასუხის რვა მხარესთან მიმართებაში, როგორიც არ უნდა იყოს კერძო შემთხვევა და კონტექსტი.
მაშასადამე, დიდი ხნის წინანდელი ალალი დამწყები მოვარჯიშე მართალი ყოფილა, სიტყვასიტყვით რომ გაიგო ო-სენსეის სიტყვები. მან ირწმუნა ის, რისი გაგებაც მაშინ არ შეეძლო. მცირედი რწმენა ალბათ აუცილებელია გზის დასაწყებად, შემდეგ ერთ ნაბიჯს მეორე მოჰყვება და ის, ვინც ეძებს, პოულობს კიდეც ერთ მშვენიერ დღეს.
ის ამბავი, რომ საშუალო ბუნებრივი თვისებების მქონე ამ დამწყებმა მოვარჯიშემ თავის გზაზე აიკიდოს ამ საიდუმლოების გაშიფვრა შეძლო, ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს თავის სფეროში და თავისი ჩართულობის შესაბამისად, შეუძლია ბოლოს ამგვარ შედეგს მიაღწიოს.
ყველას თავისი ხერხი, ყველას თავისი ადგილი, ყველას თავისი როლი აქვს დედამიწაზე, ყველა ვერ იქნება გოეთე, მონტენი ან ნიუტონი. პირველად რომ შექმნა ასტრონომიული ჭოგრიტი და იმით დააკვირდა მთვარესა და ვარსკვლავებს, ამიტომაც გაიხედა გალილეიმ არისტოტელეზე უფრო შორს და მიხვდა, რომ დედამიწა გადაადგილდებოდა კოსმოსში.
პიზელი ოსტატის მიმართ განმსჭვალული პატივისცემით მეც ვიყურები მთვარისა და ვარსკვლავებისაკენ, ოღონდ ჩემი ოპტიკა განსხვავებულია. და თუკი მე მისი ძიების საფუძლვებსა და მიზეზებს ვერ ჩავწვდები, ასევე ძნელი იქნება ჩემი მიზეზების გამოცნობაც, თუმცა, მიუხედავად თვისობრივი განსხვავებებისა, ესენიც მისი მიზეზებივით ეწერებიან იმ მოულოდნელ და ხანდახან თავგზის ამბნევ გეგმაში, რომელსაც სამყარო გვიხატავს და რომელიც ცხოვრებას ესოდენ ლამაზ მოგზაურობად აქცევს.
ვართ თუ არა ბრმები ამ გეგმის მიმართ, გვესმის თუ არა ის, მივყვებით თუ არა მას, ვებუტებით თუ არა მას, სამყარო თავისი გზით მიდის და „გაიგოს, ვისაც შეუძლია“, ასე ჰქვია ბობი ლაპუენტის სიმღერას.
ფილიპ ვოარინო, თებერვალი 2021