Categories
სტატიები

TAI-ს წარდგინება

წყარო: https://aikidotakemusu.org/presentation-de-tai/

ვინც უარს ამბობს მეტოქეობაზე, ის ყოველგვარ კრიტიკასაც გაურბის – ლაო ძი.

დისციპლინა, რომელიც ჩვენს დროში აიკიდოს სახელით ისწავლება, სპორტული პრაქტიკისკენ უფრო იხრება და აღარ შეესაბამება ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას მიერ შექმნილ ხელოვნებას. TAI და ITAF-ი ორი, ერთმანეთის საქმიანობის შემავსებელი ასოციაციაა. ისინი ამგვარ ევოლუციას არ აღიარებენ და აერთიანებენ ძალისხმევას, რომ მოვარჯიშეს მისცენ საჭირო ინფორმაცია (TAI) და სტრუქტურა (ITAF). ეს კი საშუალებას მისცემს მოვარჯიშეს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას.

მოკლედ TAI-ს შესახებ

ტაკემუსუ აიკი ინტერკონტინენტალი არ არის ფედერაცია, აქედან გამომდინარე, ის არ არის არც ერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ფედერაციის მეტოქე.

TAI არის მოგებაზე არაორიენტირებული საერთაშორისო ასოციაცია, რომლის წევრებიც არიან არა ასოციაციები, არამედ ფიზიკური პირები, ინდივიდუალური და დამოუკიდებელი წევრები, რომელნიც, ცხადია, თავისუფალნი არიან ამადროულად განეკუთვნებოდნენ აიკიდოს მათთვის სასურველ ნებისმიერ სხვა ასოციაციას.

TAI 1992 წელს დაარსდა და ის ბუნებრივი პასუხი იყო შემდეგ კონსტატაზე:

დისციპლინა, რომელიც დღეს ისწავლება აიკიდოს სახელით, მსოფლიოს დოჯოთა უმრავლესობაში აღარ შეესაბამება ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას მიერ შექმნილ ხელოვნებას..

ამ ხელოვნებამ თავის ყველაზე სრულ ფორმას მიაღწია 1940-იანებიდან 1960-იან წლებამდე, მაშინ, როდესაც ფუძემდებელი ცხოვრობდა და ვარჯიშობდა ივამაში.

შეკითხვას: `როგორ ავიცილოთ თავიდან მორიჰეი უეშიბას დანატოვარი საგანძურის საბოლოოდდაკარგვა?~ ტაის დამაარსებლებმა შემდეგნაირად გასცეს პასუხი: მომავალი თაობებისთვის აიკიდოს გადაცემაზე პასუხს აგებენ მასწავლებლები, მაშასადამე ტაი კისრულობს მასწავლებელთა მომზადებას, რომ მათ ავთენტური აიკიდოს სწავლება და გადაცემა შეძლონ.

ეს სიტყვები უთუოდ პროვოკაციულად მოეჩვენება ზოგიერთს, მაგრამ ტაი არ აპირებს, ყველას აამოს. მაშინ, როდესაც აიკიდოს მრავალი მოვარჯიშე იმდენს ლაპარაკობს ევოლუციაზე, რომ ო-სენსეის ლამის ერთ მოძველებულტექნიკიან ბერიკაცად ხატავენ, საჭირო გახდა, რომ რამდენიმე ადამიანს ეთქვა, თუ რას ფიქრობენ ისინი ამ პრეტენზიულ სიტუტუცეზე. დღემდე ვერავის ვერ მიუღწევია ფუძემდებლის დონისთვის. ხოლო ის, რასაც აიკიდოს ევოლუციად ასაღებენ დღეს, არაფერია, თუ არა ამ პირთაგან ტექნიკური ნაკლოვანებებისა და უცოდინარობის გამართლების მცდელობა.

აიკიდოს ქცევა სხეულის გამომხატველობით გიმნასტიკად უკვე კარგა ძლიერადაა მოდებული ყველა კონტინენტზე და TAI-ს მესვეურთ ამ პროცესის შეჩერების იმედი არა აქვთ. სამაგიეროდ, ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება TAI სასარგებლო ორინეტირად იქცეს მათთვის, ვისაც მართლა აინტერესებს ო-სენსეის აიკიდო.

TAI-დან ITAF-ამდე

ასოციაცია TAI დაარსდა 1992 წელს იმ ევოლუციასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, რომელსაც „თანამედროვე აიკიდოს “ უწოდებენ. ეს მიზეზები ზევითაა წარმოდგენილი.

დროსთან და ასოციაციის განვითარებასთან ერთად ახალმა საჭიროებებმა იჩინა თავი, რომლებიც ტაის კომპეტენციათა და მის საწყისი, საწესდებო მიზნების ფარგლებს გასცდა. წესდების მორგება ახალ საქმიანობებთან ახალ რეალობებს შექმნიდა და ასოციაციის ხელახალი ჩამოყალიბების საჭიროებას წარმოშობდა.

არჩევანი საპირისპიროზე შევაჩერეთ. გადაწყდა, რომ ტაის მოწყობა ხელუხლებელი დარჩენილიყო და მას კვლავაც თავისი საწყისი ამოცანების შესრულება გაეგრძელებინა.

სამაგიეროდ, საერთაშორისო დონეზე სწავლებისა და გამოცდების ორგანიზების მძიმე სამუშაოს გასაწევად, რათა თანხვედრა შენარჩუნდეს ერთდორულად ტექნიკისა და ადმინისტრირების სფეროებში ჯგუფების იმ მზარდი რაოდენობებისათვის, რომლებიც ერთმანეთისგან ხანდახან ძალიან დაშორებულ ქვეყნებში ჩნდება, გადაწყდა დაარსდეს აიკიდოს ნამდვილი საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც ამ მუდმივად მზარდი მოცულობის სამუშაოს მართვას შეძლებს.ამ ფედერაციას ჰქვია ITAF : International Takemusu Aikido Federation. მისი წევრები სხვადასხვა ქვეყნებიდან. არიან. ყოველ ქვეყანაში მხოლოდ თითო ოფიციალური წარმომადგენელია. ამგვარად, TAI-სა და ITAF-ის საქმიანობები ურთიერთშემავსებელია. ეს ორი ასოციაცია აერთიანებს თავის ძალისხმევას – თითოეული თავის სფეროში – რათა მოვარჯიშეს მისცენ მუშაობისათვის საჭირო ინფორმაცია და სტრუქტურა, რომ ეს უკანასკნელი რაც შეიძლება ახლოს იყოს აიკიდოს ფუძემდებლის,ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობასთან

TAI-ს უკეთ გაგებისათვის

TAI აიკიდოს სკოლაა

ეს არის მოგებაზე არაორიენტირებული საერთაშორისო ასოციაცია, რომლის წევრებიც ინდივიდები არიან. ეს არ არის ასოციაციათა გაერთიანება. ადამიანები, რომლებიც მართავენ ასოციაციას, მოხალისეები არიან და ასოციაცაში შესრულებული ფუნქციებისათვის გასამრჯელოს არ იღებენ.

TAI 1992 წლის სექტემბერში შეიქმნა შემდეგი მიზეზით:

თანამედროვე მსოფლიოში აიკიდო სპორტის სახით განვითარდა. აიკიდო კი სპორტი არ არის.

აიკიდოს ფუძემდებელმა, ო-სენსესი მორიჰეი უეშიბამ ნათლად გამოთქვა თავისი აზრი ამის თაობაზე 1938 წელს თავის წიგნში „ბუდო“:

დღეს სპორტი ფართოდაა გავრცელებული. ეს შესანიშნავი რამაა ფიზიკური ვარჯიშისათვის. მეომარიც ავარჯიშებს თავის სხეულს, მაგრამ ის სხეულის ამ ვარჯიშს სულიერი განვითარებისთვის იყენებს, გონების დამშვიდება და სიქველისა და სილამაზის აღქმის უნარი ის განზომილებებია, რომლებიც სპორტულ პრაქტიკას აკლია.

აიკიდოს საშუალებით განხორციელებული მუშაობა სხეულზე სულისა და გონების განვითარებას ემსახურება.

სულისა და გონების განვითარება სხეულის საშუალებით აიკიდოს ვარჯიშისას შეუძლებელია, თუკი ამ ხელოვნებას მხოლოდ მის სპორტულ ასპექტს შევუნარჩუნებთ ან მხოლოდ ილეთების შესრულებით შემოვიფარგლებით.

ილეთები (ტექნიკა) აუცილებელია, მაგრამ ეს არ არის მიზანი, ესაა საშუალება, რომელიც აიკიდოს ჭეშმარიტ არსთან მისვლის გზას გვიკვალავს. აიკიდო ტექნიკის მიღმაა. აიკიდოს სპორტად ქცევას თან დაერთო ფუძემდებლის მიერ შემუშავებული ორიგინალური ტექნიკის სიღრმისეული მოდიფიკაცია და თანამედროვე მოვარჯიშე უკვე მხოლოდ დეფორმირებულ და სრულიად აზრგამოცლილ მოძრაობებს იმეორებს.

ფუძემდებელმა აიკიდოს სახელწოდებით გააერთიანა იარაღის მხარების ტექნიკა, რასაც აიკი-კენი და აიკი-ჯო ეწოდება, და შიშველი ხელის ტექნიკა.

ამ დისციპლინის ისტორიასთან დაკავშირებული მიზეზების გამო იაპონელმა მასწავლებლებმა, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ და აიკიდო იაპონიის გარეთ გაიტანეს 1950-იანი წლების შემდეგომ, არ იცოდნენ აიკი-კენი და აიკი-ჯო. მაშასადამე, მათ ასწავლეს აიკიდოს ის ვერსია, რომელშიც იარაღის ტექნიკა არ შედიოდა, ან ეს იარაღის ტექნიკა ნასესხები იყო იმ დისციპლინებიდან, რომელთაც აიკიდოსთან საერთო არაფერი აქვთ.

ისე მოხდა, რომ ო-სენსეის ხელოვნება სინთეზისგან შეიქმნა. სინთეზს კი არ შეიძლება რომელიმე შემადგენელი ნაწილი მოვაკლოთ და კიდევ უფრო არ შეიძლება აქა-ია სხვადასხვა სკოლებიდან ალალბედად ნასესეხები შეუსაბამო ელემენტები დავუმატოთ, რაგინდ რესპექტაბელური არ უნდა იყოს ეს სკოლები.

ამიტომ ხამს, გავიხსენოთ ის დიდ განსხვავება, რომელიც სინთეზსა და სინკრეტიზმს შორის ძევს:

სინკრეტიზმი მდგომარეობს მეტ-ნაკლებად შეუსაბამო ელემენტების გარედან შეგროვებაში, რომლებიც, აქედან გამომდინარე, ვერასდროს ვერ იქნება ჭეშმარიტად შეერთებული;&ნბსპ; ეს სხვა არაფერია, თუ არა ერთგვარი ეკლექტიკა იმ ყველაფრისა, რაც ამას მოაქვს ხოლმე – მუდამ ფრაგმენტული და არაკოჰერენტული. სწორედ ესაა წმინდად გარეგანი და ზედაპირული; ყოველი მხრიდან აღებული და ხელოვნურად შეკოწიწებული ელემენტები ყოველთვის ნასესხებ ელემენტებად დარჩება და ვერ ინტეგრირდება ამ სახელის ღირს რომელიმე დოქტრინაში.

სინთეზი კი, პირიქით, არსებითად შიგნიდან ხორციელდება; ამით იმის თქმა გვინდა, რომ ამგვარად საგნებს პრინციპით მიღწეულ ერთიანობაში განვიხილავთ, ვხედავთ, თუ როგორ გამომდინარეობს ისინი და როგორაა ისინი დამოკიდებული ამ პრინციპზე. ასე ვაერთიანებთ მათ, უფრო სწორად, ვაცნობიერებთ მათ რეალურ ერთიანობას შინაგანი კავშირების წყალობით, მათ სიღრმისეულ განუყოფლობას.

რენე გენონი „ჯვრის სიმბოლიზმი“

საკუთრივ აიკიდოს ტექნიკური ელემენტები სწორედ შინაგანი კავშირებითაა ერთმანეთთან შეერთებული. ამ კავშირს იაპონურად `რიაი~ ეწოდება. ეს კავშირი სწორედ იმ ჰარმონიული პრინციპით ხორციელდება, რომლითაც ო-სენსეიმ თავისი ხელოვების სინთეზი მოახდინა.

ტექნიკის ეს ჰომოგენურობა არსობრივად გამორიცხავს აიკიდოს ორგანიზების პრინციპისათვის ყოველგვარი შეუსაბამო ელემენტის დამატებას.

მაშასადამე, ტექნიკა აიკიდოში არ შეიძლება ინტერპრეტირდეს ერთთა სურვილებისა თუ მეორეთა გრძნობების საფუძველზე. მხოლოდ ნათელი ხედვა იმ კავშირის რეალურობისა, რომელიც სხვადასხვა მოძრაობებს აერთიანებს (იარაღით თუ უიარაღოდ) ერთი პრინციპის საფუძველზე, არ მოგვცემს საშუალებას ჩავიკარგოთ ინტერპრეტაციებში და ამას რამე ახალი და არაკოჰერენტული დავუმატოთ. აიკიდოს თანამედროვე ევოლუცია ამის გამო ჩიხშია შესული.

გარდაცვალების წინ, 1969 წელს, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბამ თავის მემკვიდრედ და ივამას დოჯოს თავკაცად ერთადერთი მოწაფე დაასახელა. ის ერთი, ვინც აიკიდოს იარაღის სფეროში სრული განათლება მიიღო: მორიჰირო საიტო.

მორიჰირო საიტო სენსეიმ ადრიდანვე გააცნობიერა აიკიდოს სპორტული ევოლუციის პრობლემა, თვით იაპონიაშიც კი. 1960-იანი წლების დასაწყისიდანვე სთხოვა ფუძემდებელს ნებართვა, შეემუშავებინა სწავლების საგანგებო მეთოდიკა, რომელიც აიკიდოს ორიგინალური ტექნიკის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს, რათა მთელი ხელოვნება ქორეოგრაფიისა და სტერილური საბალეტო მოძრაობების მიმართულებით არ განვითარებულიყო.

ო-სენსეიმ მკაფიო თანხმობა გამოთქვა ამ მეთოდის დახვეწაზე, რაც მორიჰირო საიტომ 1960-იანი წლებიდან 2002 წლამდე გამოიყენა კვალიფიციური მასწავლებლების ფორმირებისათვის.

ტაის ზოგიერთი დამაარსებელი უჩი დეში, ანუ დარბაზში მცხოვრები მოწაფე იყო საიტო სენსეისთან, იაპონიაში ამ პერიოდის განმავლობაში.

განათლება, რომელიც მათ ამ წლების მანძილზე მიიღეს, ნათლად ხსნის ასოციაციის ზოგიერთ პედაგოგიურ და მეთოდოლოგიურ არჩევანს. სახელდობრ, იმ ფაქტს, რომ ტაი ცდილობს სწავლების ის სახე წამოსწიოს წინ და ის პრინციპი წარმოაჩინოს, რომელიც აიკიდოს იარაღის ტექნიკასა და შეშველი ხელის ტექნიკას აერთიანებს.

ფუძემდებელმა არაერთხელ განმარტა, რომ აიკიდო ტაკემუსუს გამოხატულებაა:

ტაკემუსუ შესაქმის ცეცხლისა და წყლის ჰარმონია და შერწყმაა. ეს ურთიერთქმედება აიკიდოს აბსოლუტური ტექნიკის წყაროა. – მორიჰეი უეშიბა, დოკა 12

ამგვარი სიტყვები, ცხადია, გაუგებარი რჩება იმათთვის, ვინც მხოლოდ მათი წაკითხვით კმაყოფილდება. აზრი მხოლოდ თანდათანობით, წლების პრაქტიკასთან ერთად მოდის.

აიკიდო არაა გასართობი, ეს სამუშაოა. ინდივიდი უნდა იყენებდეს აიკიდოს პრაქტიკას, რომ საკუთარ სხეულზე იმუშაოს და ამგვარად გარდაქმნას საკუთარ თავში ის, რაც უნდა გარდაიქმნეს საიმისოდ, რომ გონება და სული გაიხსნეს სამყაროს ისეთი ხედვისათვის, როგორიც მას აპრიორულად არ ჰქონდა.

სხეულსა და გონებას შორის არსებობს კავშირი. ამასვე გულისხმობს ანთროპოლოგი ანრი დე ლუმლი, როდესაც განმარტავს, რომ აზროვნება ხელსა და ტვინს შორის დიალოგიდან გაჩნდა. სწორედ ამგვარი,ტაკემუსუს პრინციპზე დაფუძნებული მუშაობის ორგანიზებას ცდილობს ტაკემუსუ აიკი ინტერკონტინენტალი.

ჩვეულებრივ, აიკიდო მასწავლებლისგან მოწაფეს გადაეცემა, ადამიანთა მცირე ჯგუფის წიაღში, სადაც თითოეული მოწაფე მასწავლებელთან ყოველდღიურ კონტაქტში ცხოვრობს.

ცოდნის გადაცემის ასეთი იდეალური პირობების შექმნას თანამედროვე საზოგადოება ვერ ახერხებს – ვერც იაპონიაში და ვერც სხვაგან – და ეს საზოგადოება მხოლოდ დიდი ზომის სოციალური ორგანიზაციების შექმნას ცდილობს. ზოგი ფედერაცია, რომელიც ნამდვილი ადმინისტრაციასავით იმართება, მრავალ ათას წევრს მოითვლის.

ტაის დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ ეს სტრუქტურები ვერაა მორგებული აიკიდოს გადაცემისათვის. სწორედ ამიტომ აირჩიეს მათ აიკიდოს გადაცემის და ორგანიზების სრულიად განსხვავებული მოდელი და უპირატესობას დღევანდელობაში საყოველთაოდ მიღებული და გავრცელებული კრიტერიუმებისგან სრულიდ განსხვავებულ კრიტერიუმებს ანიჭებენ.

TAI-ს ცენტრალური ორგანო საერთაშორისო კოლეგიაა

რომელიც იმ ჭკვიანი ხალხის მცირე ჯგუფისგან შედგება, რომელთაც აიკიდოს დიდი გამოცდილება აქვთ და გადაწყვეტილებებს დემოკრატიულად იღებენ.


ასოციაციის საგანი

TAI-ს სოციალური მიზანი აცოციაციის წესდებაშია. ეს ასოციაცია მხოლოდ და მხოლოდ მორიჰეი უეშიბას მიერ დაარსებულ და მის მიერვე ტაკემუსუს გამოვლინებად მიჩნეულ ტრადიციულ აიკიდოს ეყრდნობა.

მიზანი

ავთენტური აიკიდოს ცოდნის გადაცემა მომავალი თაობებისთვის მასწავლებელთა კარგ ფორმირებაზეა დამოკიდებული.

აქედან გამომდინარე, ტაის მიზანია, ორგანიზება გაუკეთოს – საერთაშორისო დონეზე – აიკიდოს მასწავლებელთა ფორმირებას ამ დისციპლინის ტექნიკურ და სულიერ ასპექტში. ასევე დაეხმაროს მათ თავიანთი მისიის შესრულებაში და ამ მიზნით შემდეგი საშუალებები გამოიყენოს:

  1. კონცეფცია, კოორდინაცია, ამუშავება და ადმინისტრირება აიკიდოს სწავლების საერთაშორისო პოლიტიკისა.
  2. ამ სწავლების გამოცოცხლება:
    – სტაჟებისა და სემინარების, დემონსტრაციებისა და კონფერენციების მოწყობით, ექსპერტთა მისიებითა და საჩვენებელი გამოსვლებით;
    – ბროშურების, ჟურნალების, წიგნების და, ზოგადად, ბეჭდური დოკუმენტების, აუდიო და ვიდეო მასალების შედგენით, გამოცემითა და გავრცელებით;
    – ტექნიკური და სხვაგვარი კომისიების შედგენით, რაც აიკიდოს სწავლებასა და გავრცელებას შეეხება;
    – იმ ცენტრების შექმნით, აგებით, მართვითა და გამოყენებით, რომლებიც აიკიდოს სწავლებას ეძღვნება;
    – ზოგადად ყველა აქტის, ყველა ოპერაციის და ყველა იმ საქმიანობის განხორციელებით, რომელიც ხელს შეუწყობს მორიჰეი უეშიბას აიკიდოს გადაცემას მომავალი თაობებისთვის, ყველა კანონის დაცვითა და ყოველგვარი მორალური, პოლიტიკური, რასობრივი თუ აღმსარებლობითი დისკრიმინაციის აკრძალვით;
    – ამავე მიზნების მქონე სხვა ასოციაციებთან ერთობლივი საქმიანობით ან მათი შერწყმით. 
  3. თავისი წევრების საერთო ინტერესების დაცვა და ამ ინტერესების რეპრეზენტირება ასოციაციებთან, ორგანიზაციებთან და, ზოგადად, ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო ინსტანციაში.