წინასწარვე ვიტყვი, რომ კი… რასაკვირველია. მაგრამ საინტერესოა, რამ გააჩინა ეს შეკითხვა? რატომ დადგა ეჭვქვეშ ამ სწორუპოვარი საბრძოლო ხელოვნების რეალურობა? ვეცდებით ახსნა მოვუძებნოთ ამ გარემოებას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ საზოგადოებაში ამ შეკითხვაზე აზრი ორადაა გაყოფილი: ზოგი ფიქრობს, რომ კი, რეალურია, ხოლო ზოგს ამის არ სჯერა. პირველ მოსაზრებას, ძირითადად, ორი კატეგორია ემხრობა: პირველი – ძირითადად ისინი, ვინც თავად ვარჯიშობენ ამ საბრძოლო დისციპლინაში და ამიტომ, ბუნებრივია, სუბიექტური დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ და მეორე – ისინი, ვისაც საერთოდ არანაირი შეხება არა ჰქონია ტატამთან და, ზოგადად, ნდობითა და სიმპათიით არიან განწყობილნი ტრადიციული ხელოვნებების მიმართ. მეორე მოსაზრებას (არარეალურობას) კი იზიარებენ და ამას ხანდახან ერთობ უხეში ფორმებითაც გამოხატავენ სხვა საბრძოლო ხელოვნებებისა და ამ ხელოვნებებისგან სპორტის სახეობებად ქცეული დისციპლინების მიმდევრები (კარატეკები, მოჭიდავეები, მოკრივეები და ა. შ.). ეს უკანასკნელნი აიკიდოს დახასიათებისას ხშირად „ბალეტსა“ და (საბრძოლო ხელოვნებისათვის) სხვა, უფრო შეურაცხმყოფელ ეპითეტებს იყენებენ. მართალნი არიან თუ არა ეს ბატონები?
პირადად მე ამ შეკითხვაზე (თუ რამ გამოიწვია მათი მხრიდან ეს კრიტიკა) სწორ პასუხს ვარჯიშის დაწყებიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ მივაგენი. როგორც ახლა იტყვიან ხოლმე, პასუხი ცალსახა არ გახლავთ და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი ამბივალენტურია. მარტივად (და სპორტსმენებისთვის გასაგები ენით) რომ ვთქვათ – თან კი და თან არა. რა იგულისხმება ამაში? ძალიან მარტივი რამ: რასაც ეს ბატონები, რბილად რომ ვთქვათ, აკრიტიკებენ და „ბალეტს“ უწოდებენ, ის მართლაც გასაკრიტიკებელი და „ბალეტია“, მაგრამ აქვე და მყისვე უნდა დავუმატოთ შემდეგიც – იმას, რასაც ეს ბატონები აკრიტიკებენ, აიკიდოსთან საერთო არაფერი აქვს (გარდა ტატამისა, კეიკოგისა და სხვა გარეგანი ატრიბუტიკისა).
მივადექით ერთი შეხედვით თითქოს ყველაზე მარტივ, სინამდვილეში კი ალბათ ყველაზე რთულ შეკითხვას – რა არის აიკიდო? სავარაუდო პასუხი ორგვარი შეიძლება იყოს, ბანალური, რომელიც ერთი-ორი სიტყვით შემოიფარგლება (ვთქვათ, ასეთი: ერთ-ერთი საბრძოლო ხელოვნება) და განვრცობილი, რომლისთვისაც შეიძლება საათები და დღეებიც არ აღმოჩნდეს საკმარისი… სრული პასუხი კი, გასაოცარია და, შეიძლება თავად შემოქმედსა და ფუძემდებელს, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბასაც არ ჰქონოდა თავის დროზე. აკი 80 წლის ასაკში თავად უთქვამს ფუძემდებელს, გული მწყდება, კიდევ 80 წელი რომ არა მაქვს წინ, რომ ბოლოს და ბოლოს გავიგო, აიკიდო რა არისო. ამიტომაც, ცოტა სასაცილოდ ჟღერს ხოლმე, როდესაც მავანნი ორკვირიანი, ორთვიანი და, თუგინდ, ორწლიანი პრაქტიკის შემდგომ ბრძნულ აზრებს აფრქვევენ და ნაირ-ნაირ თეორიებს აგებენ ხოლმე აიკიდოს რაობის შესახებ.
მე აიკიდოსკენ მიმავალ გზას 33 წლის ასაკში, ნულოვანი გამოცდილებით დავადექი (ამისთვის დიდი მადლობა ჩემს მეგობარს, დევი ბერძენიშვილს). ტატამი იქამდე მხოლოდ ტელევიზორში მენახა. პირველი მასწავლებელი საქართველოს აიკიდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ბ-ნი ზურაბ გავარდაშვილი იყო. ამ ადამიანმა ავადსახსენებელ 90-იან წლებში თავდაუზოგავი და მუხლჩაუხრელი შრომით უზრუნველყო, რომ არ ჩამქრალიყო აიკიდოს იმხანად მინავლებული ნაკვერჩხალი, რისთვისაც უზომოდ მადლიერნი ვართ მისი მოწაფეები. როგორც ყველა „ახალი“, მეც გაფაციცებული და ყურებდაცქვეტილი ვისმენდი და ვისრუტავდი ყველაფერს. ამიხსნეს, რომ აიკიდო სპორტი არ არის და საბრძოლო ხელოვნებაა (თუმცა მაშინ კარგად არც მესმოდა, რაში მდგომარეობდა ეს განსხვავება) და რომ მას ჰყავს შემქმნელი, დამაარსებელი (უფრო გავრცელებული ტერმინი ‘ფუძემდებელია’), მორიჰეი უეშიბა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, 1969 წელს გარდაიცვალა. სრულიად გაუთვითცნობიერებელმა ვიფიქრე, რომ ყველაფერი, ნებისმიერი მოძრაობა, მთელი ის ტექნიკა, რომელსაც მაშინ ჩვენ ტატამზე ვაკეთებდით, ამ დიდი ადამიანის მოგონილი და შექმნილი იყო. ცოტა კი მიკვირდა, ამდენი საუკუნე და ათასწლეული როგორ გამოიარა კაცობრიობამ, ასეთი (ერთი შეხედვით) მარტივი და ლოგიკური ილეთები რომ ვერ აღმოაჩინა-მეთქი, მაგრამ რას ვიზამდი? რასაც მეუბნებოდნენ, ყველაფერს ვიჯერებდი. ცოტა ხნის შემდეგ, გარკვეული ლიტერატურის კითხვის, ვიდეოების ნახვის (მაშინ იუტუბი ჯერ არ არსებობდა) და თემატური საუბრების შედეგად აღმოვაჩინე, რომ ჯერ ერთი, მერე მეორე, და ბოლოს პრაქტიკულად ყველა ილეთი, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებდით ვარჯიშების დროს, სხვა საბრძოლო ხელოვნებებშიც (ჯიუჯიცუ, ტაიჩი და ა. შ.) მოიძევებოდა. ამან ცოტა დამაბნია და, ბუნებრივია, გამიჩნდა შეკითხვა – კი მაგრამ, აბა რა შექმნა ო-სენსეიმ და რაში მდგომარეობს მისი ფუძემდებლობა-მეთქი? ახლა ვხვდები, რომ იმხანად, ინფორმაციის წარმოუდგენელი სიმწირის გამო ამ შეკითხვაზე დამაჯერებელი პასუხი არ არსებობდა და, რომც ეარსება, მე თვითონ არ ვიყავი მზად მის სწორად გაგებისათვის. საუკეთესო შემთხვევაში ასეთი ვერსია მესმოდა ხოლმე ყოველი მხრიდან: შენ ივარჯიშე და ოთხმოცი წლის ასაკში გონება გაგეხსნება და ყველაფერს მიხვდებიო.
მაშ როგორ აიხსნება, რომ ერთ შემთხვევაში X ადამიანი X1 ადამიანს ამა თუ იმ ილეთს (ნებისმიერს, ვთქვათ, ნიკიოს ან შიჰო ნაგეს) უკეთებს და ეს აიკიდოა, ხოლო მეორე შემთხვევაში Y ადამიანი Y1 ადამიანს ზუსტად ამავე ილეთს უკეთებს და ეს უკვე ჯიუჯიცუა? ან, ვთქვათ, ჰაპკიდოა… ან სულაც სხვა რამ, ტაიჩი ან უშუ? რაში მდგომარეობს სხვაობა? რა არის ის „ჯადო“, რომელიც ამ სხვაობებს განაპირობებს?
საბრძოლო ხელოვნებებს ბევრი რამ აქვს საერთო ჩვეულებრივ, არასაბრძოლო ხელოვნებებთან (მუსიკა, მხატვრობა, ლიტერატურა და ა. შ.) ერთ-ერთი საერთო ნიშანი ის გახლავთ, რომ ზოგს ჰყავს „ავტორი“ და ზოგსაც არა და, შეიძლება ითქვას, ხალხურად ითვლება. მაგალითად, აიკიდოს ჰყავს ფუძემდებელი, ჯიუდოსაც (ჩვენში არასწორადაა დამკვიდრებული ეს სიტყვა – ძიუდო) ჰყავს, აი სუმო, კარატე, ან, სხვა, ვთქვათ, ჩინური თუ ინდური სისტემები კი, როგორც წესი, ხალხურებია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ჩემი აზრით, იმას, რომ ესა თუ ის ტექნიკა, რომელსაც საბრძოლო ხელოვნებები იყენებენ, მხოლოდ და მხოლოდ „ნედლეულია“, „საშენი მასალაა“, რომელიც ამა თუ იმ კონცეფციით გამოყენების შემთხვევაში იღებს სხვადასხვა სახელწოდებას, აიკიდოს, ჯიუჯიცუს და ა. შ. ამ კონცეფციას აიკიდოსა და ჯიუდოს შემთხვევაში ჰყავს „ავტორი“, სხვა შემთხვევებში ეს კონცეფციები „ხალხურია“. მხოლოდ ტექნიკის ათვისება ამა თუ იმ კონცეფციის გარეშე, თუნდაც ძალიან მაღალ დონეზე, არ ნიშნავს, რომ ადამიანი რომელიმე საბრძოლო ხელოვნებას ფლობს. ერთი და იმავე მასალით, ვთქვათ, აგურითა და ცემენტით, შეიძლება აიგოს სასახლეც, აშენდეს სახლიც, ქოხიც და, ბოდიში და, სოფლის ტუალეტიც. ერთი და იმავე ინგრედიენტებით კარგი მზარეული სხვადასხვა კერძს ამზადებს. გამოდის, რომ მთავარია ეს კონცეფცია, რომელიც აქ მოხმობილი მაგალითებიდან ერთ შემთხვევაში „არქიტექტურული პროექტია“, მეორეში „კულინარიული რეცეპტი“ და ა. შ… სწორედ „რეცეპტი“ შექმნა ო-სენსეი მორიჰეი უეშიბამ, რომლითაც დაიტო რიუ აიკიჯიცუსა თუ ჯიუჯიცუს სხვა სკოლებში გამოყენებული ტექნიკა აიკიდოდ იქცა. ამ „რეცეპტის“ გარეშე არაფერს აზრი არა აქვს. მხოლოდ ტექნიკის შესწავლით ადამიანი ემსგავსება იმას, ვინც, მაგალითად, ხატვის ტექნიკას ეუფლება სამხატვრო აკადემიაში და ამ ტექნიკის ათვისებისთანავე თავი მხატვარი ჰგონია… არადა მხატვრობა სწორედაც ამის შემდეგ იწყება. ანდა ის, ვისაც მხოლოდ გამებისა და ეტიუდების დასწავლის შემდეგ თავი მუსიკოსი ჰგონია… გინდაც, წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მენდელეევის სისტემას დაისწავლის სხაპასხუპით და ამის შემდეგ გამოაცხადებს, ქიმიკოსი ვარო… ასევეა ტექნიკაც საბრძოლო ხელოვნებებში, მათი შეძლებისდაგვარად სრულყოფილად ათვისება იმპერატიულად აუცილებელია, უამისოდ წარმოუდგენელია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ხელოვნება. ანუ ტექნიკა და ხელოვნება სხვადასხვა რამაა. ხელოვნება იყენებს ტექნიკას. უფრო შორსაც შეიძლება წასვლა – დროთა განმავლობაში ზოგი საერთოდ ივიწყებს ამ ტექნიკის არსებობას. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ტექნიკა მხოლოდ გასავლელი გზა იყო სადღაც მისასვლელად. ასე იყო მორიჰეი უეშიბას შემთხვევაში – ცხოვრების ბოლო პერიოდში თითქმის აღარც აკეთებდა „ილეთებს“, უბრალოდ მოძრაობდა ტატამზე და ჩვენი თვალისთვის „უხილავ“ და ჩვენი გონებისთვის გაუგებარ რაღაცეებს აკეთებდა.
ასეთ მარტივ და სრულიად ბანალურ რამეს (ტექნიკისა და ხელოვნების ერთმანეთისგან გარჩევა) იმიტომ დავუთმეთ ამხელა ადგილი, რომ პრაქტიკა გვიჩვენებს – ადამიანს, რაგინდ გონებაგამჭრიახიც არ უნდა იყოს ის, დროთა მანძილზე „უბლაგვდება“ ამ განსხვავების აღქმის უნარი და ბოლოს იჯერებს, რომ ის ილეთები, რომლებზეც მას წლების განმავლობაში უმუშავია, თავად ხელოვნებაა, უბრალოდ, რასაც დარბაზში ნელა ასრულებს, ის რეალობაში უფრო სწრაფად უნდა გააკეთოს.
სად არის ეს „რეცეპტი“? სად არის ის „არქიტექტურული პროექტი“, რომელიც სოკაკუ ტაკედას უბადლო ტექნიკას მორიჰეი უეშიბას ჰერმეტულ ხელოვნებად, აიკიდოდ აქცევს? აქ მივადექით ყველაზე „მტკივნეულ“ საკითხს.
მახსენდება ის დებატები, რომლებიც წინათ წლების მანძილზე იმართებოდა ხოლმე ტატამზე ამის შესახებ – გვიმალავენ აზიელები (ჩინელები, იაპონელები, კორეელები) ნამდვილ საბრძოლო ხელოვნებებს, თუ უშურველად გვაწვდიან ყველაფერს და, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვსწავლობთ მათსავით კარგად. თავიდან იმდენად რთულად და უჩვეულოდ ეჩვენება ადამიანს ყველაფერი, რომ მე არ მეგონა, კიდევ რამე თუ არსებობდა „დასამალი“. ამიტომ მეორე მოსაზრებას უფრო ვემხრობოდი, მაგრამ დრომ (და ძიებამ) აჩვენა, რომ ვცდებოდი და მართალნი ისინი გამოდგნენ, ვინც სასწავლი მასალის „დაშიფვრისა“ და მისი ჭეშმარიტი არსის გასაიდუმლოების ვერსიას იზიარებდა.
აქ ერთი პატარა, თუმცა უმნიშვნელოვანესი ამბავი უნდა ვთქვათ, რომელიც ასევე უცნობია ამ წერილის მკითხველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ბოლომდე და სწორად რომ შევიმეცნოთ ეს პატარა ამბავი, რამდენიმე პერსონაჟზე უნდა გვქონდეს გარკვეული წარმოდგენა მაინც…
ესენი არიან:
ო-სენსეი მორიჰეი უეშიბა (აიკიდოს ფუძემდებელი)
კიშომარუ უეშიბა (ო-სენსეის ვაჟი და აიკიდოს ყველაზე დიდი ორგანიზაციის, აიკიკაის დამაარსებელი)
მორიჰირო საიტო სენსეი (ო-სენსეის მოწაფე, რომელიც ყველაზე დიდხანს, 24 წლის მანძილზე იყო მასწავლებელთან)
სტენლი პრანინი (აიკიდოს უბადლო ისტორიკოსი და „აიკი ჯორნალის“ მთავარი რედაქტორი)
ჯონ სტივენსი (იაპონიაში მცხოვრები ამერიკელი, რომელიც იმხანად თავისთვის ვარჯიშობდა აიკიდოს)
რინჯირო შირატა სენსეი (უეშიბების ოჯახთან დაახლოებული, აიკიკაის ერთ-ერთი რუხი კარდინალი).
ახლა კი თავად ამბავი:
ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას, უმაღლესი ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და საქმისადმი მეცნიერული მიდგომის მიუხედავად, ერთადერთი წიგნი ჰქონდა დაწერილი მთელი ცხოვრების მანძილზე (იგულისხმება საბრძოლო ხელოვნების შესახებ). წიგნს სახელად „ბუდო“, ანუ „მეომრის გზა“ ეწოდება, 1938 წელს გამოიცა და მის რუსულ თარგმანს (სამწუხაროდ, ქართულად ჯერ არ არსებობს) ბევრ თბილისელ ბუკინისტთან წააწყდება ადამიანი. ამ ამბავში მთავარი რამდენიმე შტრიხია: ეს წიგნი ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის არ დაწერილა. მისი დაწერა იაპონიის იმპერატორმა, ასე ვთქვათ, კლასგარეშე საკითხავ მასალად სთხოვა თავისი მეუღლის მკვიდრი ბიძაშვილის, პრინც კაია ცუნენორისთვის, რომელიც ო-სენსეის მოწაფე გახლდათ. ტირაჟის ზუსტი როდენობა უცნობია. ვიცით მხოლოდ ზედა და ქვედა ზღვრები – მაქსიმუმ 100 და მინიმუმ 50 ეგზემპლარი. წიგნი გამოცემისთანავე გაქრა. სავარაუდოდ, მცირე ნაწილი რამდენიმე უაღრესად დაწინაურებულ მოწაფეს გადაეცა (მადლიერების ნიშნად), დანარჩენმა ეგზემპლარებმა კი იაპონიის უმაღლესი არისტოკრატიის ოჯახების სეიფებში დაიდო ბინა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 80 წელზე მეტი გავიდა და მსოფლიოს ლამის ყველა დიდ ენაზე ითარგმნა) იაპონიაში იაპონურ ენაზე მისი ხელახალი გამოცემის რაოდენობა უდრის ნულს (!!!). წიგნი გაქრა. გაქრა! უერთგულესმა მორიჰირო საიტომაც კი, რომელიც 1946 წლიდან ო-სენსეის გარდაცვალებამდე (1969) თითქმის ყველა დღე მასწავლებელთან ერთად გაატარა, ამ წიგნის არსებობის შესახებ სულ რაღაც 1979 თუ 1980 წელს შეიტყო. ჩვენთვის უცნობ გარემოებებში ამ წიგნს სადღაც მიაგნო სტენლი პრანინმა და საიტო სენსეის აჩვენა. ალბათ თავადაც წარმოიდგენთ ამ უკანასკნელის გაოგნებას. ამის შემდეგ სტენლი პრანინმა, რომელმაც ივარაუდა, რომ ეს ამბავი უეშიბების ოჯახისთვისაც უცნობი იქნებოდა, წიგნი ერთ-ერთ სტამბაში რამდენიმე ათასიანი ტირაჟით დააბეჭდინა და ო-სენსეის ვაჟთან, კიშომარუსთან მიიტანა სახლში – სიურპრიზის გაკეთება სურდა. რაც შემდეგ მოხდა, რთულად გამოსაცნობია. მოსალოდნელი სიხარულის ნაცვლად კიშომარუმ უეშიბამ შეშა და ასანთი გაუწოდა სტენლის, ადგილიც მიუთითა ბაღში და უთხრა, რომ მას ერთი საათი ჰქონდა ამ ყველაფრის გასანადგურებლად. ალბათ პრანინის სულიერი მდგომარეობაც ადვილი გამოსაცნობია იმ მომენტში. ტირაჟი განადგურდა, მაგრამ… მაგრამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა. ხმა დაირხა, რომ ო-სენსეის მიერ დაწერილი რაღაც არსებობდა, რაღაც, რომლის გავრცელების მცდელობაც მყისიერად აღიკვეთა. ამის შემდეგ დაიწყო მორალური ზეწოლა ოჯახზე. იაპონელებზე მეტად ევროპელები აქტიურობდნენ ამ მიმართულებით. მათი არგუმენტი ოჯახის მიმართ ასეთი იყო: კი, ბატონო, მამათქვენის მიერ დაწერილი წიგნია და უფლებებიც თქვენ გეკუთვნით, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ მამათქვენი მხოლოდ თქვენ აღარ გეკუთვნით და ის უკვე ზოგადსაკაცობრიო „საკუთრებააო“… ორ-სამ წელს გაუძლო ოჯახმა ამ ზეწოლას. თან გამოსავალს ეძებდნენ. ამასობაში გამოსავალიც გამოიძებნა: კი, ბატონოო, ოჯახმა. თქვენ ნუ შეწუხდებით, ჩვენ თვითონ უზრუნველვყოფთ ყველაფერს, ინგლისურად თარგმნასაც და გამოცემასაცო. სასწრაფოდ გამოძებნეს ამ საქმისთვის შესაფერისი კანდიდატი – ვინმე ჯონ სტივენსი, ადამიანი, რომლისთვისაც უცხო გარემო არ იყო ტატამიანი დარბაზი, რომელიც საკმარისად ფლობდა იაპონურს და რომლისთვის ინგლისური მშობლიური ენა გახლდათ. დაიბარეს და გეგმა გააცნეს – ო-სენსეი წიგნი უნდა თარგმნოთ ინგლისურადო. ამხელა პატივისაგან აღფრთოვანებულ სტივენსს ერთი სული ჰქონდა, როდის წაიღებდა წიგნს სახლში და როდის შეუდგებოდა მუშაობას, მაგრამ……. ნურას უკაცრავად. წიგნი ხელშიც კი არ დააჭერინეს. მიუჩინეს ზედამხედველი, რინჯირო შირატა, რომელიც მუშაობის პროცესში თავად ამ წიგნითა და დიდი „მაკრატლით“ ხელში ადგა თავზე და იმას კარნახობდა, რისი თარგმნა (და შედეგად, ცოდნაც) საჭიროდ ჩაითვალა უბრალო მოკვდავთათვის. ანუ ის „რეცეპტი“, რაზეც ოდნავ ზევით ვილაპარაკეთ, გულდასმით იქნა გადამალული და მსოფლიოს ამ დიდი წიგნის, ასე ვთქვათ, „კასტრირებული“ ვერსია წარედგინა. გაგრძელებაც ადვილად გამოსაცნობია – როდესაც, ვთქვათ, ფრანგები მიადგნენ ოჯახს იმავე თხოვნით, ოჯახმა ინგლისური ვერსია შესთავაზა მათ – აქედან თარგმნეთ, განა ასე უფრო იოლი არ იქნებაო? ასევე მოხდა სხვა ენებზეც. ზემოთ ნახსენები რუსული თარგმანიც, ცხადია, ინგლისურიდანაა შესრულებული და არა დედნიდან.
ჩვენი ორგანიზაციის (სტაფ – საქართველოს ტაკემუსუ აიკიდოს ფედერაცია) მთავარი მასწავლებელი, სენსეი ფილიპ ვოარინოც ასეთივე მეცნიერია, ამ წიგნს (ცხადია, „დაუჩეხავ“ დედანს) იკვლევს და ყველა სხვა, დიდი თუ პატარა სენსეისგან განსხვავებით, ერთ მარტივ შეკითხვას სვამს: რას აკეთებდა ო-სენსეი? გავკადნიერდები და ხმამაღლა ვიტყვი, რომ მე ეს შეკითხვა მხოლოდ მისგან გამიგონია. გასაოცარია, მაგრამ ასეა. სვამს ამ შეკითხვას და, ამასთან, ეძებს კიდეც პასუხს. არქეოლოგივით ფენა-ფენა თხრის და ამ „გათხრების“ შედეგებს ჩვენ, მის მოწაფეებს, ხელის გულზე გადაფენილ შრეებად გვაცნობს უშურველად. თუმცა არა მხოლოდ ჩვენ გვაზიარებს ამ ყოველივეს – სენსეი ვოარინო ამას ღიად აკეთებს და კვლევის შედეგებს თავის საიტზე სტატიების სახით აქვეყნებს. ერთგან კი ასეთ საინტერესო რამეს წერს: „’ბუდო’ არ არის ტექნიკური სახელმძღვანელო, ის ჰერმეტული წიგნია. მასში თავმოყრილი ცოდნა უხილავი რჩება მათთვის, ვისაც ამ ნაშრომის მიწისქვეშა გეგმაზე არ მიუწვდება ხელი. ეს გეგმა კი არსებობს და იქ ყველაფერია ნათქვამი.“
მაშ, დავადგინეთ, რომ ხელოვნებისა და ამავე ხელოვნებაში გამოყენებული ტექნიკის განუსხვავებლობა წყარო ხდება ხოლმე ათასი გაუგებრობისა. ასე ხდება სხვაგან და ასე ხდება აქ, აიკიდოს წიაღშიც.
მეორე ფენომენი, რაც აიკიდოს რეალურობა-არარეალურობის შესახებ ატეხილ კამათებს ასაზრდოებს, მეთოდისა და სინამდვილის ვერგაგებისა და ერთმანეთისგან ვერგარჩევის პრობლემაა. როდესაც პირველად შევხვდი ჩემს მომავალ მასწავლებელს (სენსეი ფილიპ ვოარინოს), მიუხედავად თერთმეტწლიანი „სტაჟისა“, ორი „მცნება“ მომხვდა ყურში და დარჩა გაუგებარი გარკვეული ხნის განმავლობაში.
პირველი მცნება ასეთი იყო: იკიო, ნიკიო, სანკიო (ანუ ზოგადად ილეთები, ტექნიკა) აიკიდო არ არის.
და მეორე: მეთოდი, რაგინდ კარგიც არ უნდა იყოს ის, მაინც შეიცავს ერთ დიდ საფრთხეს – ლაბირინთსა ჰგავს და იქ შესულმა ადამიანმა შეიძლება უკან ვეღარ გამოაგნოს.
პირველმა მაშინ იმიტომ გამაკვირვა, რომ იქ ჩამოთვლილ (და კიდევ სხვა) ილეთებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვაკეთებდი წლების განმავლობაში და აიკიდო მეგონა, მითხრეს, აიკიდო არ არისო. ამ საკითხზე პირველ ნაწილში ვრცლად ვიმსჯელეთ და გამეორება აღარაა საჭირო – მე ვსწავლობდი და ვასრულებდი ტექნიკას, რომელსაც აიკიდო იყენებს (!), მაგრამ აიკიდომდე ჯერ კიდევ შორი იყო.
რაც შეეხება მეორე პუნქტს, მეთოდის შესახებ, აქაც საკუთარი გამოცდილებით დავიწყებ. როგორც ყველა ბეჯითი მოწაფე, ვარჯიშის შემდეგ სახლში მეც ძალიან ბევრს ვუყურებდი საიტო სენსეის სემინარებზე გადაღებულ ვიდეომასალას. ცხადია, თავიდან ვერაფერს ვხედავდი და თითქმის არაფერი მესმოდა, თუმცა თანდათანობით „თვალი შეეჩვია“ და ძალიან ბევრი რამ გამოჩნდა. ერთი ამბავი კი მაინც გაუგებარი რჩებოდა წლების მანძილზე: ვხედავდი თვალში საცემ სხვაობებს საიტო სენსეის სხვადასხვა პერიოდში გადაღებულ ვიდეოებში. სულ სხვა იყო 70-იანი წლების ტექნიკა, სულ სხვა 80-იანებისა, განსხვავდებოდა 90-იანების დასაწყისის და მეორე ნახევრის მასალაც. ცხადია, გაჩნდა შეკითხვაც… მარტივი შეკითხვა: რას ნიშნავდა ეს სხვაობები? აიკიდო იცვლებოდა? ვითარდებოდა? ანუ ო-სენსეის „უხეშ“ ტექნიკას საიტო სენსეი „ხვეწდა“ წლების მანძილზე? არ ჰგავდა სიმართლეს. ამას ემატებოდა საიტო სენსეის ურიცხვი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მისი ცხოვრებისეული მისია ო-სენსეის ტექნიკის დაცვა და მისი უცვლელობა იყო. აკი სინამდვილეში სულაც მორიზუ ერქვა საიტო სენსეის და, იაპონური ტრადიციის თანახმად, მასწავლებელმა შეუცვალა სახელი და მორიჰირო (ანუ „მცველი“) დაარქვა. აბა რას წარმოადგენდა ეს განსხვავებები? რა იყო ამისი წყარო და არსი? პასუხი იმხანად არც ამ შეკითხვაზე არსებობდა. სიმართლე კი ძალიან მარტივია: მეთოდი. მეთოდი იცვლებოდა. რას ნიშნავს ეს?
ო-სენსეის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ათასობით მოწაფე ჰყავდა. იგულისხმება მეტ-ნაკლებად „ფრაგმენტული“ მოწაფეები, რომლებმაც არც ისე დიდი ხანი გაატარეს ივამაში, ო-სენსეის დოჯოში. მთავარი და მნიშვნელოვანი მოწაფე კი ორ ათეულზე მეტი არ ჰყოლია: ტომიკი სენსეი, ტოჰეი სენსეი, შიოდა სენსეი, საიტო სენსეი და ა. შ. თითოეულმა მათგანმა, იმისათვის, რომ ო-სენსეისგან მიღებული ცოდნა თავისი მოწაფეებისთვის გადაეცა, საკუთარი მეთოდი შეიმუშავა. ბუნებრივია – ის, რასაც უეშიბა აკეთებდა, დამწყებისთვის რთული და, აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი იყო. მასწავლებლის ფუნქცია და მოვალეობაც ხომ სწორედ ეს გახლდათ: ის, რაც მოწაფისთვის რთული და გაუგებარია, მასწავლებელს ადვილი და გასაგები უნდა გაეხადა. ამიტომაც მასწავლებელს ო-სენსეის ტექნიკის გარკვეულწილად შეცვლა უწევდა. დავარქვათ ამას კოდირება. აქვე არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი წახნაგიც: სირთულის გარდა საბრძოლო ხელოვნებებში ვარჯიშისას, მეცადინეობისას უსაფრთხოების ამბავიც იდგა დღის წესრიგში, განსხვავებით სხვა ხელოვნებებისგან, სადაც ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებთ. ხატვის ან მუსიკის გაკვეთილისგან განსხვავებით აიკიდოს (ან სხვა საბრძოლო ხელოვნების) გაკვეთილის დროს სერიოზული ტრავმა შეიძლება მიიღოს ადამიანმა. ესეც გასათვალისწინებელი იყო ზემოხსენებული კოდირების დროს. რა განსხვავება არის საიტო სენსეისა და მორიჰეი უეშიბას სხვა მოწაფეებს შორის? საიტო ყველაზე დიდხანს იყო ო-სენსეისთან, თითქმის 24 წელი. უფრო საინტერესო კი მათ მეთოდებს შორის განსხვავებაა. თუ სხვა მოწაფეებმა თავ-თავიანთი მეთოდი გარკვეული დროის (ზოგმა ხუთი და ზოგმა ათი წლის) განმავლობაში შექმნეს და მასზე მუშაობა დაასრულეს, საიტო სენსეის თავის მეთოდის დახვეწა-დამუშავება არასდროს არ დაუსრულებია და მის შემთხვევაში ეს პროცესი მის გარდაცვალებასთან ერთად შეწყდა. მეტსაც გეტყვით, ამ მეთოდის შექმნა მან თავისთვის დაიწყო – როდესაც სულ მთლად ჯეელი და დამწყები ო-სენსეის მოძრაობებს უყურებდა და არაფერი ესმოდა. მერე თანდათანობით შეაჩვია თვალი, გარკვეული მოძრაობები ერთმანეთისგან განასხვავა და მათი დალაგება, კლასიფიკაცია დაიწყო. თავისთვის! ანუ მან ამ მეთოდის შექმნა 1946 წელს დაიწყო და მასზე მუშაობა და მისი დახვეწა, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე (2002 წლამდე) არ შეუწყვეტია.
მაგრამ ამ მეთოდიდან ოდესმე გამოსვლაა აუცილებელი, რადგან სწორედ ის ფორმები, რომლებსაც ამ შემთხვევაში საიტო სენსეი, სხვა შემთხვევებში კი სხვა შიჰანები სთავაზობენ თავიანთ მიმდევრებს, არ მუშაობს რეალობაში. პრობლემა კი ის გახლავთ, რომ მოვარჯიშეები არათუ ვერ ან არ გამოდიან ამ მეთოდიდან, არამედ არც იციან, რომ აქედან გამოსვლაა საჭირო! სიმართლე მწარეა, მაგრამ არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა! მეთოდის ფარგლებში ყოფნა შეიძლება ჩანასახის და შემდგომ უკვე წიწილის ყოფნას შევადაროთ კვერცხის ნაჭუჭში. თუ წიწილამ საჭირო დროს არ გამოტეხა ნაჭუჭი და გარეთ არ გამოვიდა, აუცილებლად დაიღუპება. ასევეა აიკიდოშიც, თუ ადამიანი ჩარჩება მეთოდში და იქიდან არ „გამოვა“, ის, როგორც აიკიდოკა, „დაიღუპება“, ვერ შედგება. და ამ დროს რას ვხედავთ მთელ მსოფლიოში (დიახ, მთელ მსოფლიოში, ვინაიდან ეს არ გახლავთ მხოლოდ საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის პრობლემა)? მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში მეტ-ნაკლებად ყველა ხვდება, რომ ის, რასაც ტატამზე ასწავლიან, ე. წ. სასწავლო ფორმაა და არა რეალური, წლებისა და ათწლეულების განმავლობაში ერთისა და იმავეს კეთებისგან ასევე თითქმის ყველას უბლაგვდება ეს შეგრძნება და იწყებს დაჯერებას, რომ ესაა რეალობა… ასეთივე რამეს ოდნავ ზევითაც შევეხეთ, როდესაც ადამიანი დროთა განმავლობაში კარგავს უნარს, გაარჩიოს ერთმანეთისგან ტექნიკა და ხელოვნება… უბრალოდ, ქუჩაში (თუ დაგჭირდა) უფრო სწრაფად უნდა გააკეთო, ვიდრე დარბაზში და ესაა… სულ ესაა… ამგვარი განმარტება ჩემი ყურით მომისმენია აიკიდოს უმაღლესი „იერარქებისგან“… არა და არა! ამიტომ ხდება, რომ ძალიან დიდი სტაჟის მქონე აიკიდოკებს სულ იოლად უსწორდებიან ე. წ. ქუჩის მოჩხუბრები ან დამწყები მოკრივეები თუ მოჭიდავეები. თუ იმ „კოდირებული“ ინფორმაციის (ცოდნის) მიღებას, არ მოჰყვა „დეკოდირება“, მაშინ ასე მოხდება მუდამ და აიკიდო მთლიანად დაკარგავს ისედაც უკვე გარკვეულწილად შერყეულ რეპუტაციას.
საიტო სენსეის მოღვაწეობა ასე შეიძლება დავახასიათოთ ხატოვნად: წარმოიდგინეთ, რომ ევერესტზე გსურთ ასვლა. არადა არ იცით, საით მდებარეობს ეს მთა. არც ის იცით, საითაა აღმოსავლეთი. საიტო სენსეი კი გაძლევთ რუკას, კომპასს და დაგიგებთ ათას კილომეტრიან რკინიგზას სწორი მიმართულებით. მიზნამდე კი ოთხ ათას კილომეტრზე მეტია. რა უნდა ვქნათ იქამდე მისაღწევად? რა და, გავყვეთ მატარებელს და, სადაც ლიანდაგები მთავრდება, ჩამოვიდეთ ვაგონიდან. ამის შემდეგ კი ფეხით უნდა განვაგრძოთ სვლა. ამ დროს რა ხდება პრაქტიკულად ყველა დოჯოში, მთელ მსოფლიოში? ამ ათას კილომეტრიან მონაკვეთზე დაქრიან წინ და უკან (ზოგი „წრიულადაც“ კი) და არ იციან, რომ ჩამოსვლა და გზის გაგრძელებაა საჭირო. ეს უკეთეს შემთხვევაში. იმიტომ რომ არის მოვარჯიშეთა მთელი ჯგუფები და გაერთიანებები, რომლებიც საერთოდაც სამხრეთით ან ჩრდილოეთით „უბერავენ“… რას ნიშნავს ეს? მარტივ რამეს: ის ვინც საიტო სენსეის „მატარებელს“ გაჰყვება, ლიანდაგის ბოლოს ვაგონიდან ჩამოვა, ფეხით განაგრძობს სიარულს და რუკისა და კომპასის დახმარებით ამ ყველაზე მაღალი მთის ძირს მიადგება, იმას მწვერვალზე ასვლის შანსი მაინც აქვს (რადგან მთის ძირში მისვლა კიდევ არ ნიშნავს, რომ მწვერვალს იხილავ). დანარჩენები კი – მატარებლით წრიული მგზავრობის მოყვარულები და „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საზოგადოება – საერთოდაც „განწირულები“ არიან იმისათვის, რომ მთელი ცხოვრება ლიტრობით ოფლი ღვარონ ტატამზე და, მიუხედავად ყველაფრისა, თეორიული შანსიც კი ვერ მოიპოვონ იმისა, რაზეც სულ ოდნავ ზევით ვილაპარაკეთ – ახლოდან მაინც ჩაუარონ გვერდზე ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას ხელოვნებას. სიმართლე მწარეა, მაგრამ რაც უფრო ადრე გაიგებს ამას ადამიანი და გამოიტანს აქედან დასკვნებს, მით უკეთესია ალბათ.
მოკლედ რომ შევაჯამოთ ყოველივე ზემოთქმული, შეკითხვას აიკიდოს რეალურობა-არარეალურობის შესახებ ორი რამ წარმოშობს:
პირველი – ხელოვნებისა და ტექნიკის ერთმანეთში აღრევა
და
მეორე – მეთოდისა და სინამდვილის ერთმანეთში აღრევა.
ისევ და ისევ – ამის ცოდნა შანსს გვაძლევს, რომ ოდესმე სწორ გზას დავადგეთ. ამის არცოდნა კი აუცილებლად (!) გამოუვალი წყვდიადისკენ გვაძლევს ბიძგს.
არჩევანი შენზეა, მკითხველო.
P. S. არის კიდევ ერთი კატეგორია ადამიანებისა მთელ მსოფლიოში – დადიან აიკიდოს წრეზე, მაგრამ თან დარწმუნებულები არიან, რომ აიკიდო არარეალურია. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ელევიან (ალბათ სატრაბახოდ, რადგან გარკვეულ წრეებში აიკიდო მაინც ინარჩუნებს პოპულარობას) და ჩუმად (ზოგიც ღიად) კარატეს, კრავ მაგას ან რომელიმე სხვა, უფრო „რეალურ“ ხელოვნებას ეწაფებიან – მაინც, რა იცი, რა ხდება – ეგება და ქუჩაში დასჭირდეთ ხელის გაქნევა.