Categories
სტატიები

ტაი ნო ჰენკა თუ ტაი ნო ჰენკო ?

წყარო : https://aikidotakemusu.org/tai-no-henka-tai-no-henko/

რატომაა განსხვავება დაწერილობასა და შინაარსში ‘ტაი ნო ჰენკოსა’ და ‘ტაი ნო ჰენკას’ შორის? როგორ წერდა ამას ო-სენსეი? ნუთუ ‘ჰენკა’ უბრალოდ ვარიაციას ნიშნავს?

20 AVR. 2020 • 12 MIN READ

TAI NO HENKA
ou TAI NO HENKO ?

აი ჩემი ამხანაგის, იტან ვაისგარდის კომენტარი, რომელიც მან გამოაქვეყნა TAI-ს YouTube არხის ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელშიც მორიჰირო საიტო ტაი ნო ჰენკას ასრულებს:

მორიჰირო საიტო სენსეი – ტაი ნო ჰენკა (Aikido Lost Seminar საფრანგეთი 1989)

სტატია ხელმისაწვდომია მისამართზე https://aikidotakemusu.org/tai-no-henka-2/

Saito Sensei always used the term tai no henko, 体の変更 meaning “body turn”. Turn = henkō 変更. Henka 変化 means “change”. Other Sensei use the term tai no henka but Saito Sensei never did.

თარგმანი:

საიტო სენსეი ყოველთვის იყენებდა ტერმინს ‘ტაი ნო ჰენკო’, 体の変更 რაც ნიშნავს „სხეულის შემობრუნებას“. შემობრუნება = henkō 変更. ‘ჰენკა’ 変化 ნიშნავს „ცვლილებას“. სხვა სენსეები იყენებენ ტერმინს ‘ტაი ნო ჰენკა’, მაგრამ საიტო სენსეის ეს არასდროს უქნია.

მე, ჩემი მხრივ, ყოველთვის წარმოვთქვამდი, როგორც ‘ტაი ნო ჰენკა’ ნაცვლად ‘ტაი ნო ჰენკოსი’ და ამას მარტივი მიზეზით ვაკეთებდი: საქმე ის გახლავთ, რომ ჩემს ყურს ყოველთვის ესმოდა, რომ საიტო სენსეი ასე გამოთქვამდა. მართალია, რომ ‘ა’ აქ არ არის ისეთივე მკაფიო, როგორიცაა, მაგალითად, სიტყვაში ‘კატანა’, უფრო ერთგვარი ღია ‘ო’ [ᴐ] არის, დაახლოებით ისე, როგორც ინგლისურად გამოთვაქმენ, მაგალითად, lot-ს ან what-ს, ანუ სადღაც შუალობითი წარმოთქმა ‘ა’-სა და ‘ო’-ს შორის.

ვიცოდი, რომ ინგლისურენოვნები არჩევდნენ ‘ტაი ნო ჰენკოს’ გამოყენებას ‘ტაი ნო ჰენკას’ ნაცვლად, და ყოველთვის ამ მსუბუქ ცდომილებას ინტონაციურ შეგრძნებას მივაწერდი, რომელიც შეიძლება არსებობდეს ფრანგულსა და ინგლისურს შორის, რის გამოც ანგლოფონებს ესმოდათ უფრო ‘ო’, ხოლო ფრანგებს უფრო ‘ა’. უფრო დიდი მნიშვნელობა ამისთვის არასდროს მიმინიჭებია.

და ვცდებოდი.

იტანის შენიშვნა მიანიშნებს, რომ აზრობრივი განსხვავებაა ‘ტაი ნო ჰენკოსა’ და ‘ტაი ნო ჰენკას’ შორის, რომ ‘ჰენკო’ (変更) ნიშნავს ‘შემობრუნებას’, მაშინ როცა ‘ჰენკა’ (変化) ნიშნავს ‘შეცვლას’. მაშინ ტაი ნო ჰენკო, „სხეულის შემოტრიალება“, უნდა ჰქონდეს ღერძის, ტრიალის მნიშვნელობა, უფრო ზუსტი, ვიდრე ტაი ნო ჰენკას, მარტივად „სხეულის შეცვლას“, და საიტო სენსეი იყენებდა პირველ შინაარსს, განსხვავებით აიკიდოს სხვა ოსტატებისაგან.

ძალიან კარგი.

პირველი რიგის ამოცანად დავისახე, გადამემოწმებინა, რომ გამოთქმა ‘ტაი ნო ჰენკა’ საერთოდაც იხმარება თუ არა იაპონურად აიკიდოს ლექსიკონში. ასეც აღმოჩნდა, ოსტატი ნობუიოში ტამურა, მაგალითად, წერდა 変化, თავისი მასწავლებლის, პირველი დოშუ კიშომარუ უეშიბას მსგავსად და ჯონ სტივენსიც ასევე წერს ‘ტაი ნო ჰენკას’ ო-სენსეის წიგნის, „ბუდოს“ ინგლისურ თარგმანში, რინჯირო შირატას მეთვალყურეობით.

ამ პუნქტის გავლის შემდეგ უნდა გადამემოწმებინა, რომ საიტო სენსეი მართლა წერდა ‘ჰენკოს’ ისე, როგორც ამას მიგვითითებს იტან ვაისგარდი.

პირველი სიურპრიზი: არაფერი ამის მსგავსი.

აი, როგორ წერს იტანი ტაი ნო ჰენკოს: 体の変更

აი, როგორ წერდა საიტო სენსეი ტაი ნო ჰენკოს: 体の変向

და აი, ვფიქრობ, უტყუარი საბუთი იმისა, რასაც მე ვავითარებ – მორიჰირო საიტოს მიერ შედგენილი და 1970-იანი წლების დასაწყისში, იაპონიაში გამოცემული ორენოვანი (იაპონურ-ინგლისური) „ტრადიციული აიკიდოს“ ხუთტომეულის პირველი ტომის 61-ე გვერდი:

საიტო სენსეის წიგნის, ‘ტრადიციული აიკიდოს’ 1-ელი ტომი, გვ. 61

იტან ვაისგარდის ‘კო’ ( 更 ) სულაც არ არის საიტო სენსეის ‘კო’ (向).

რატომ? რაკი საქმე ასე გართულდა, საჭირო შეიქნა ცოტათი უფრო ახლოდან გვენახა ამ გამოთქმის შემადგენელი იდეოგრამების შინაარსი.

変 ჰენ, კაერუ, ნიშნავს ‘ცვლილებას’.

კანჯის ქვედა ნაწილი არის ხელი, რომელიც ურტყამს ან აიძულებს, ზედა ნაწილი წარმოადგენს ახლართულ თოკებს, მაშასადამე, კანჯის საწყის მნიშვნელობად ერთმანეთში გადახლართული თოკების გახსნის იძულება ჰქონდა.

დროთა განმავლობაში მისი მნიშვნელობა გაფართოვდა და ‘იძულების’, ‘ძალდატანების’ ნაცვლად უკვე ‘გარკვეულ მდგომარეობამდე შეცვლასდ’, ‘ცვლილების შეტანად’ იქცა.

საბოლოოდ, ‘იძულების’ ცნება საერთოდ გაქრა და ადგილი შეცვლის მნიშვნელობას დაუთმო.

更 კო, სარა, ფუკერუ

ამ კანჯიშიც გვხვდება ხელი, რომელიც აიძულებს, მაგრამ ამას ამჯერად ორი ფეხით მიწაზე მყარად მდგომი მონუმენტის იდეაც ერწყმის, რაც მებრძოლის დგომის უძველესი სიმბოლოა. მაშასადამე, კანჯის ძველი შინაარსი ყოფილა : აიძულო, შეცვალოს დგომი. მინიშნება საბრძოლო ხელოვნებაზე საინტერესოა, მაგრამ ამ კანჯიში არავითარი პირდაპირი ან არაპირდაპირი აზრი არ დევს ბრუნვის, ტრიალის შესახებ.

იძულებისა და დგომის ცნებები დროსთან ერთად გაქრა და ადგილი დაუთმო უფრო ზოგად მნიშვნელობას – შეცვლას, განახლებას.

მაშასადამე, 更 (კო)-ს სულაც არა აქვს როტაციის მნიშვნელობა, რომელსაც იტანი მოიხსენიებს თავის განმარტებაში, ის მხოლოდ შეცვლას ნიშნავს, და ბედის ირონიით, იგივე მნიშვნელობა, რომელიც გვხვდება იდეოგრამაში ‘კა’ (化).

თუ შევაჯამებთ, ჰენ (変), კო (更), და კა (化) სამივე ითარგმნება როგორც შეცვლა და არა შეცვლა ტრიალითტრიალის აზრი ამ სამი კანჯიდან არც ერთში არ დევს.

განვიხილოთ ახლა ‘კო’, რომელსაც საიტო სენსეი ხმარობს:

向 კო, მუკუ/კაუ

თავდაპირველი მნიშვნელობით, ესაა ნახატი, ფანჯარა სახლის მაღალ კედელზე იმ იდეით მიმართულების შესახებ, საითაც იყურება ეს ფანჯარა. პირისპირ ყურებას იაპონურშიც, ისევე როგორც ფრანგულსა და ინგლისურ ენებში, შეწინააღმდეგების (ოპოზირება) მნიშვნელობა აქვს, ამ კანჯიში ვხვდებით იდეას საპირისპირო მიმართულების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მოპირდაპირე მიმართულების საპირისპიროდ ყურებას ნიშნავს.

აიკიდოს თვალსაზრისით, შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვყალიბდეთ: საწყისი ჰანმის დგომიდან შეუძლებელია წინ აღვუდგეთ საპირისპირო მიმართულებას, თუკი არ შემოვატრიალებთ სხეულს. სხვა სიტყვებით, 向-ში, როდესაც ამ იდეოგრამას აიკიდოს მოძრაობის აღწერისათვის ვიყენებთ, აუცილებლადაა მიმართულების შეცვლის იდეა სხეულის შემობრუნების საშუალებით.

ისე მოხდა, რომ საიტო სენსეი მართლაც იყენებდა ‘ტაი ნო ჰენკოს’ დაწერისას იდეოგრამას 向, რომელიც წარმოითქმის, როგორც ‘კო’, მაგრამ ამ იდეოგრამას არაფერი აქვს საერთო იტანის მიერ მოცემულ განმარტებასთან.

მაშ სად იპოვა იტან ვაისგარდმა, რომელიც საიტო სენსეის მოწაფე იყო, ‘ჰენკოს’ ამგვარი დაწერილობა 変更, რომელზეც აცხადებს, ავთენტურიაო, მაშინ როცა მისი მასწავლებელი ამას არ იყენებდა?

როგორც ჩანს, ეს დაწერილობა შემოიღო აიკიკაიმ, იმიტომ რომ ის თანამედროვე თარგმანის ფორმას შეესაბამება და ისეთია, როგორსაც თანამედროვე ლექსიკონები იმოწმებენ. ტაი ნო ჰენკო  体の変更  „სხეულის შეცვლა, მოდიფიცირება, ვარირება“.

იტან ვაისგარდი, რომელიც საკუთარ თავს ტრადიდიციის დამცველად წარმოგვიდგენს, სინამდვილეში დიდ დათმობაზე მიდის და აიკიკაის არჩევანისკენ იხრება.

იგი, ვინც თითქოს შეუვალია თავისი მასწავლებლის სწავლების ავთენტურობაში, იგი, ვინც კეთილსინდისიერად უსწორებს წარმოთქმას რანგით თავისნაირებს, უყოყმანოდ ცვლის საიტო სენსეის დედან იდეოგრამას აიკიკაის მიერ შემოღებული თანამედროვე იდეოგრამით. იაზრებს კი იგი იმ აზრობრივ გამრუდებას, რომელსაც ეს ცვლილება იწვევს მისი მასწავლებლის დისკურსში და რომ ეს გამრუდება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და მძიმეა, ვიდრე სულ ოდნავი სხვაობა წარმოთქმის თვალსაზრისით?

ეს გაუმართლებელი დათმობა ფსევდო-მოდერნულობისადმი ძალიან მჭიდრო კავშირშია იტან ვაისგარდის სხვა მტკიცებასთან, რომელიც მან ჩემი ერთ-ერთი ქართველი მოწაფის შეკითხვაზე დაწერა ირიმი-ტენკანის შესახებ. რადგან სწორედაც ტაი ნო ჰენკაში და მისი საშუალებით ჩნდება პირველად ირიმი-ტენკანის პრინციპი (ამიტომაც იწყება აიკიდოს ყველა გაკვეთილი ტაი ნო ჰენკათი, რომ მოუქანცავად ვიმეოროთ: აი, ყველაფრის სული და გული).

ჰოდა იტანი ირიმი-ტენკანის ლაპარაკისას განმარტავდა, რომ ესენი მოძველებული და ყავლგასული ტერმინებია და რომ უმობესია მათი შეცვლა უფრო თანამედროვე ტერმინებით, როგორებიცაა ომოტე და ურა.

TAI-ს საიტზე ათგან მაინც შეხვდებით განმარტებით ელემენტებს, რომლეთა გაცნობის შემდეგაც გამაოგნებელი  მოგეჩვენებათ ამგვარი მტკიცება.

ირიმი-ტენკანი მართლაც აიკიდოს ფუძემდებლური პრინციპია, მოძრრაობის პირველი საფუძველი, რომელიც წინ უსწრებს დროში ყველა ტექნიკას. ბიპოლარობა ‘ომოტე-ურა’ მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება და მხოლოდ ტექნიკათა მოდალობას ეხება (თანაც არა აუცილებლად ყველასი), მას შემდეგ, რაც მათ პრინციპი წამოიწყებს.

ფილოსოფიური სიტყვებით რომ ვთქვათ, ირიმი-ტენკანი აიკიდოს არსია, ილეთები მისი არსებობის სახე, ომოტე-ურა კი მხოლოდ და მხოლოდ ამ არსებობის შემთხვევითობები.

ირიმი-ტენკანისა და ომოტე-ურას კონცეპტები მათ შორის არსებული არათანაბარზომიერი რეალობის ველებს გამოხატავენ, ეს კონცეპტები არც ეკვივალენტურებია და არც ურთიერთშეცვლადები. აქ არც ლექსიკონის ან ლინგვისტური ყაიდის პრობლემა დგას და არც ძველისა და თანამედროვე რამეებს შორის უთანხმოებისა. ეს იგივეა, თქვათ, რომ „გრავიტაციის პრინციპი“ მოძველებული ტერმინია და ის უნდა შეიცვალოს გამოთქმით „ვაშლთა ცვენა“. არა, მილიონი წლის შემდეგაც ვაშლის ჩამოვარდნა მხოლოდ და მხოლოდ გრავიტაციის პრინციპის შემთხვევითობა იქნება, ამ შემთხვევითობის შედეგი (ვაშლის ხეები შეიძლება გაქრეს), ის ვერ ჩაანაცვლებს ამ პრინციპს, ისევე როგორც ომოტე-ურა ვერ ჩაანაცვლებს ირიმი-ტენკანის პრინციპს.

იმის თქმა, რომ ომოტე-ურა სხვაგვარი მანერაა ირიმი-ტენკანის სახელდებისა, ერთგვარი „ფეშენ“ მანერა, სრული უაზრობაა. როდესაც ვიგებ, რომ ეს აბსურდი ისწავლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პასუხისმგებელი პირის მიერ სკანდინავიაში აიკიდოს განვითარების საქმეში, ავტორიტეტული ადამიანის მიერ, ვის სიტყვასაც ყურს უგდებენ, გონებაში ერთადერთი ხატება მომდის – მავნებლებისა, რომლებიც მე-18 საუკუნეში ბრეტონის სანაპიროებზე ცეცხლს ანთებდნენ ხოლმე ნისლიან ღამეებში, გაჭირვებაში ჩავარდნილ გემებს აფიქრებინებდნენ, რომელიმე პორტის შესასვლელთან ვართო და ამგვარად მათ კლდოვანი ადგილებისკენ მიუძღოდნენ დასამსხვრევად. იტან ვაისგარდს მათსავით აღუმართავს ხელში ლამპარი, რომელსაც მხოლოდ შესახედაობა აქვს ჭეშმარიტებისა, სინამდვილეში კი სწირავს ყველას მათ, ვინც თავის ბედს ამ ლამპარს მიანდობს და შედეგად აიკიდოს ქარიბდასა და სცილას შორის ჩაიძირება.

ყურადღება მივაქციოთ ერთ რამეს : მე არ ვგულისხმობ აქ, რომ ასეთ ქცევაში რაიმე წინასწარგანზრახულობაა და მე ამას განვსჯი.

ასეთი ხისტი სიტყვების შემდეგ, და მგონია, რომ ასეც უნდა ყოფილიყო, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვუხატო იტანს.

რადგან მაიძულა ამ საკითხზე მემუშავა დასაბუთებული პასუხისთვის მის კომენტარზე და ამით საშუალება მომცა, გამეგო იმ აზრის მნიშვნელოვნება, რომელიც ტაი ნო ჰენკას ბოლო ნაწილში, ‘ჰენკაში’ ძევს.

ამიერიდან გააზრებულად დავწერ ჰენკს და არა ჰენკს. განვმარტავ:

რამდენადაც აიკიდოს აღმომჩენი მაინც მორიჰეი უეშიბაა, ცხადია, მოვინდომე გამეგო, ის როგორ წერდა ტაი ნო ჰენკას. ცუდად არ გამიგოს „თანამედროვე“ აიკიდომ, რომელიც ო-სენსეიში ფუძემდებლის მითისა და წვეროსიანი რელიკვიის მეტს ვერაფერს ვეღარ ხედავს და, მეჩვენა, რომ ასეთი ინფორმაცია მაინც შეძლება მცირედი ინტერესის მატარებელი ყოფილიყო… სიტყვა ტაი ნო ჰენკა მკაფიოდ ჩანს რამდენიმე ადგილას ო-სენსეის წიგნში ბუდო, მე ის ქვევით ჩარჩოში მოვაქციე ორჯერ ამ მოძრაობისადმი მიძღვნილ გვერდზე:

體ノ變化

გვერდი ო-სენსეის წიგნიდან ‘ბუდო’

體 ტაი, ტეი, კარადა

ეს ისაა, სადაც ბევრი ძვალია, სხვა სიტყვებით, სხეული. ო-სენსეი ჯერ კიდევ იყენებდა ამ ძველ კანჯის, რომელიც მოგვიანებით 体-ით შეიცვალა.

ノ ნო

ეს ძველებური მანერაა の-ს დასაწერად, მარტივი ნაწილაკია კავშირისა.

變 ჰენ, კაერუ

ო-სენსეი ‘ჰენ’-ის ძველ ფორმას იყენებდა. ზედა ნაწილში, თოკები იკვრება იდეოგრამის გარშემო, რომელიც ნიშნავს ‘სიტყვა’-ს. თითქოს ამოცანა (წარმოდგენილი კანჯის ქვედა ნაწილით) დაპატიმრებული სიტყვის გათავსუფლება ყოფილიყოს. აქ ამის ადგილი არ არის, მაგრამ საინტერესო იქნებოდა იმის მოძებნა, თუ რა მეტაფიზიკური ინფორმაციის მოტანა შეეძლო ამ შინაარსს ტაი ნო ჰენკას მოძრაობის არსზე.

სწორედ ეს ძველი იდეოგრამა გამარტივდა 変-ით, რომლის შინაარსიც უკვე გავაანალიზეთ.

გაგრძელებისათვის სასარგებლო იქნებოდა შეგვენიშნა, რომ რაღაც მაინც სანახავი დარჩა ამ იდეოგრამაში ტრანსფორმაციის კუთხით, სწორედ ის ჩნდება, მაგალითად, სიტყვაში ჰენსეი, მეტამორფოზა.

化 კა, კე, ბაკერუ

ესაა ფეხზე მდგომი ადამიანი, რომლის გვერდითაც სხვა, დაცემული ადამიანია. ეს მიუთითებს მდგომარეობის შეცვლას.

ესე იგი… ო-სენსეი მორიჰეი უეშიბა, აიკიდოს ფუძემდებელი, წარმოთქვამდა ტაი ნო ჰენკას

სწორედ ამ მიზეზით დაწერა, ბუნებრივია, ჯონ სტივენსმა, მიუხედავად თავისი ინგლისურენოვნებისა, ტაი ნო ჰენკა და არა ტაი ნო ჰენკო, როდესაც მან ო-სენსეის წიგნი თარგმნა ინგლისურად.

მაშასადამე, იტანი სავსებით მართალია, „სხვა სენსეები იყენებენ ტერმინს ტაი ნო ჰენკა“… და ო-სენსეიც მათ რიცხვშია.

მომდევნო შეკითხვა ჩნდება დაუყოვნებლივ: თუ ო-სენსეი ამბობდა ტაი ნო ჰენკას და ამას წერდა 化-თი, რატომ ამბობდა საიტო სენსეი ტაი ნო ჰენკოს და ამას წერდა 向-თი?

რატომ გადააკეთა საიტო სენსეიმ ო-სენსეის გამოთქმა?

მე არ მაქვს დანამდვილებითი პასუხი ამ შეკითხვაზე, მაგრამ შემიძლია ორი სხვადასხვა შესაძლო მიზეზი დავასახელო:

1 – საიტო სენსეის ზუსტად არ ესმოდა, რას ამბობდა ო-სენსეი და საკუთარი ინტერპრეტაცია გაუკეთა. ეს არაა სრულიად შეუძლებელი, რადგან ოსტატი უეშიბა რთულად გასაგები ადამიანი იყო თვით იაპონელებისთვისაც… ცოდნა კი ზეპირად გადაიცემოდა. ძალიან გვიან, ფუძემდებლის გარდაცვალებიდან წლების გასვლის შემდეგ აღმოაჩინა საიტო სენსეიმ, რომ მას წიგნი ჰქონდა დაწერილი, როდესაც სტენლი პრანინმა მას ბუდოს ერთ-ერთი ეგზემპლიარი აჩვენა 1981 წელს (იხილეთ დაწვრილებით ეს ამბავი სტატიაში “Much obliged Stan“). სიმართლეს ჰგავს ის ამბავი, რომ მხოლოდ მაშინ დაინახა პირველად, თუ როგორ წერდა ო-სენსეი ტაი ნო ჰენკას. თანაც ხუთტომეული „ტრადიციული აიკიდო“ ამ თარიღზე უფრო ადრე გამოიცა.

2 – საიტო სენსეიმ იცოდა, რომ ო-სენსეი 化-ს იყენებდა ‘ჰენკა’-სთვის, მაგრამ ჩათვალა, რომ ‘ჰენკო’ იდეოგრამა 向-ით თუ დაიწერება, ეს შექმნიდა საპირისპირო მიმართულებით გახედვის აუცილებლობას, ნაგულისხმები იქნებოდა ბრუნვა და ამიტომ არჩია ეს ო-სენსეის დაწერილობას, რომელიც ნაკლებ პედაგოგიურად ეჩვენებოდა.

არც ეს ამბავი ჩანს სრულიად შეუძლებელი, საიტო სენსეი ბევრ რამეს სწირავდა პედაგიგიკას. ის დაჟინებით მოითხოვდა თავის სწავლებაში, რომ იმავე მიმართულებით გვეყურებინათ, საიდაც მოწინააღმდეგე იყურებოდა ისეთი ილეთების დროს, როგორებიცაა ირიმი ნაგე ან შიჰო ნაგე ურა, მაგალითად. და ის დაჟინებით ამახვილებდა ყურადღებას მზერაზე ზოგადადაც, რომ ბრუნვის დროს სხეული უნდა წარემართა და წაეღო მზერას.

მაშინ რჩება ბოლო შეკითხვა.

ო-სენსეი ნაკითხი და განათლებული კაცი იყო, ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული და თან სულ სხვადასხვა ავტორებისა – პირადად შემიძლია ამის დადასტურება, რადგან არაერთხელ დამილაგებია მისი წიგნები ივამაში, ცუიუს, იაპონიაში წვიმების სეზონის გრძელი დღეების განმავლობაში.

ო-სენსეი, და ეს ნაკლებად ცნობილია, თავისებური აზროვნების მქონე ფილოსოფოსი იყო და აქ მინდა ჩემი ღრმა მომიწება გამოვთქვა ბრუნო ტრავერსის მიმართ, ვინც ამ აზროვნების გამოსაკვლევად შესანიშნავი შრომა გასწია (შდრ. საფრანგეთის სენაკლის გამოცემა).

ო-სენსეი ასევე დიდი ნიჭის მქონე კალიგრაფიც გახლდათ, ის შესანიშნავად იცნობდა უძველესი იდეოგრამების სხვადასხვა, ხანდახან დაფარულ მნიშვნელობებსაც, რომლებიც იაპონური მითებისა და კოსმოგონიის უმთავრეს ნაშრომში, ‘კოჯიკიში’ ჰქონდა შესწავლილი.

და ბოლოს, იგი პოეტი და არაერთი დოკას ავტორი იყო.

ნუთუ ასეთი ბრწყინვალე გონების ეს დახვეწილი ადამიანი, ისეთ ბანალურ და ზოგად გამოთქმას აირჩევდა, როგორიცაა „სხეულის შეცვლა“ აიკიდოს წმინდა გულის სახელდებისათვის, მოძრაობისათვის, რომელიც პირველად და ყველაზე შეულამაზებელი ფორმით წარმოგვიჩენს თავად ფუძემდებლურ პრინციპს: ირიმი-ტენკანს?!

ვერ დავიჯერებ ამას. მაშინ განვაგრძოთ გათხრები, გამოვათავისუფლოთ ოდნავ უფრო ეს იდეოგრამა 化, როგორც ხის გადანაჭერს უკეთებენ ხოლმე, როცა მისი ამოთხრა უნდათ ძირ-ფესვიანად.

არავინ დაობს იმაზე, რომ 化-ს (კა) ყველაზე უფრო ზოგადი თარგმანი შეცვლა ან ვარიაციაა, მაგრამ ეს უბრალო შინაარსი სხვა რამეს მალავს და ფარავს, უფრო ღრმად ‘ჩასობილს’. მართლაც არსებობს 化-ის სხვა, კლასიკური და აღიარებული თარგმანი, და ესაა მონუსხვა, მისტიფიცირება, შეცდენით კვალის არევა.

ტაი ნო ჰენკა 體ノ變化, აიკიდოში, გამოდის, რომ მოწინააღმდეგის შეცდენაა, მოულოდნელი მოძრაობით მისთვის გზა-კვალის არევაა, რომელიც გარდაქმნის სხეულს და აუჩინარებს მას მონუსხვის საშუალებით. მეტამორფოზის იდეა, რომელიც ოდნავ ზევით მოვიხსენიეთ, წარმოდგენილია Hen 變-ში და კიდევ უფრო აძლიერებს ჰენკა 變化-ს ამ მნიშვნელობას.

ახლა კი ამ შინაარსს უნდა დავუმატოთ ო-სენსეის ამასთან დაკავშირებული სიტყვები:

მტერთაგან გარშემორტყმულს, თქვენ შეგეძლებათ მათ შეუტიოთ თქვენ მიერვე არჩეული მიმართულებით, საკუთარ ღერძზე დარტიალდეთ და მოექცეთ მათ ზურგსუკან, რათა ისინი  ძირს დაყაროთ. – ო-სენსეი – ბუდო

სწორი ფორმაა, ტაი ნო ჰენკა, რასაკვირველია, იმდენად, რამდენადაც ტაი ნო ჰენკა ირიმი-ტენკანის პრინციპის პირველი გამოვლინებაა. პრინციპის დაცვა გვაძლევს ფრთებს და ტაი ნო ჰენკა ხდება საშუალება იმისა, რომ თითქოს რაღაც ჯადოს ძალით თავგზააბნეული მოწინააღმდეგის ზურგსუკან გავჩნდეთ, თანაც ზუსტად იმ დროს, როდესაც ის ფიქრობს, რომ მისი დარტყმა თქვენ უნდა მოგწვდეთ.

სრულიად მისაღებია, რომ ო-სენსეის გონებაში 化-ს (კა) ეს მაგიური შინაარსი ჰქონოდა, როდესაც ამ იდეოგრამას ირჩევდა ტაი ნო ჰენკას მოძრაობის სახელდებისათვის. საიტო სენსეის, რომელიც შორს იყო იდეოგრამების ისეთი სრული ცოდნისაგან, როგორიც ჰქონდა ო-სენსეის, შეიძლება არც არასდროს შეუმჩნევია ეს განსაკუთრებული ნიუანსი.

როგორც არ უნდა იყოს, ვინაიდან ო-სენსეი ტაი ნო ჰენკაზე ლაპარაკობდა და არა ტაი ნო ჰენკოზე, მე ამ სავარჯიშოს კვლავაც ტაი ნო ჰენკათი მოვიხსენიებ. რაც არ უნდა დიდი იყოს ჩემი ერთგულება საიტო სენსეის მიმართ, თუ გარკვეულ შემთხვევებში საჭირო ხდება არჩევანის გაკეთება მის სწავლებასა და ფუძემდებლის სწავლებას შორის, მე ვირჩევ ო-სენსეის.

თავისდა სრულიად უნებურად, იტან ვაისგარდმა საშუალება მომცა, ამ გამოთქმაში ამიერიდან ბევრად უფრო ღრმა აზრი დამენახა, ვიდრე „ვარიაცაა“, რასაც მე ვდებდი აქამდე ‘ჰენკა’-ში და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი მას.

რადგან – და ეს აიკიდოს ერთ-ერთი საიდუმლოა – სიღრმისეული გააზრება იმ მოძრაობისა, რომელსაც ვასრულებთ ხოლმე, მისი სწორად გაკეთების წინაპირობაა.

იმედი მაქვს საკმარისად მოვიხმე აქ არგუმენტები საიმისოდ, რომ ჩემი პოზიცია გამემართლებინა.

ფილიპ ვოარინო, აღდგომა, 2020