წყარო : https://aikidotakemusu.org/le-secret-de-tai-no-henka-2/
ძალიან ხშირია, როდესაც ტაი ნო ჰენკას დროს ჩაჭიდებული ხელი სპირალურ მოძრაობას ასრულებს ვერტიკალურ ჭრილში. საიტო სენსეი გვიხსნიდა, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავით.
ტაი ნო ჰენკა ტენკანის მოძრაობაა, ანუ, ოდნავ რომ გავამარტივოთ საკითხი და არასწორად ვთქვათ, ბრუნვა უკნისაკენ, უკეს ზურგისაკენ. სწორედ ამის გამო მოიხსენიებენ ამ მოძრაობას სახელწოდებით „ტაი ნო ტენკანი“.
ეს დატრიალება უკნისაკენ მოძრაობის დასაწყისია, მისი სულ მთლად პირველი წამია: არ არსებობს არავითარი მოძრაობა, რომელიც წინ გაუსწრებდა დროში უკნისაკენ ტრიალს.
თეძოები მყისიერად გაიქაჩება უკნისაკენ და ჩაჭიდებული ხელიც იძულებული ხდება, თეძოების მოძრაობას მიჰყვეს, მაშასადამე, ისიც დაუყივნებლივ უკნისკენ მიდის, მისთვის შეუძლებელია – თუკი ის მართლაც ჰარმონიაშია თეძოების მოძრაობასთან – გააკეთოს რამე მოძრაობა წინისაკენ, რაგინდ მცირეც არ უნდა იყოს ის: წინისაკენ შესრულებული ნებისმიერი მოძრაობა კონფლიქტში შედის ტენკანის ბრუნვასთან.
ამ სტატიაში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვუპასუხო ნიკ რენიეს კომენტარს, რომელიც მან იუტუბის არხზე წინა სტატიასთან დაკავშირებით დატოვა.
ტაი ნო ჰენკას დროს ჩაჭიდებული ხელი ხშირად ასრულებს სპირალს ვერტიკალურ ჭრილში (ისე, როგორც თხრის მექანიკური ნიჩაბი).
საიტო სენსეი განმარტავდა, რომ არ იყო საჭირო ამის კეთება ვერტიკალურ ჭრილში, რადგან ამ დროს შესაძლებელია, რომ უკემ დაგიბლოკოთ მოძრაობა.
შეგიძლიათ, არ ენდოთ სიტყვაზე საიტო სენსეის და შეეცადოთ ეს სხეულის მექანიკიდან გამომდინარე გაიგოთ.
ბევრი ბავშვის მსგავსად, მეც გამიკეთებია ძალიან დიდი ხნის წინ ხელნაკეთი მარიონეტები, სადაც ხის ცილინდზე მიბმული ოთხი ბაწარი ხელებსა და ფეხებს ამოძრავებდა. როდესაც ხელის გულებში მოქცეულ ცილინდრს სწრაფად ვატრიალებდით ფშვნეტის მოძრაობით, კაცუნა ხელებისა და ფეხების ქნევას იწყებდა და ისინი ცილინდრულად ტრიალებდა: ცენტრიდანული ძალის გავლენით ისინი, ცხადია, გვერდულად ტრიალებდა.
ეს ცოტა მარტივი მაგალითია, თუმცა ადამიანის სხეული ამ მამოძრავებელი პრინციპით მუშაობს. როდესაც ხერხემალი ტრიალს იწყებს ჩიკორივით, ყველაფერი, რაც მიბმულია მასზე, ასევე დატრიალდება: ჯერ თეძოები, შემდეგ მხრები, ხელები და, ბოლოს, ფეხები. შეხედეთ, როგორ ტრიალებენ დერვიშები. სხეულის ცენტრალური ღერძის ეს მბრუნავი მოძრაობა გვერდულად აამოძრავებს ყველაფერს: შეუძლებელია, რომ სხეულის თუნდაც ერთი რომელიმე ელემენტი ვერტიკალურ ჭრილში ამოძრავდეს გვერდული ეფექტის მქონე ტრიალის შედეგად.
სხვა სიტყვებით, როდესაც თეძოები მარჯვნიდან მარცხნივ ან მარცხნიდან მარჯვნივ ტრიალებს, ხელები აუცილებლად მიჰყვება გვერდულ ჭრილში, ისინი ვერ ამოძრავდება ზევიდან ქვევით ან ქვევიდან ზევით, მათ არ შეუძლიათ „თხარონ ისე, როგორც მექანიკური ნიჩაბი თხრის“.
ერთადერთი ხერხი არსებობს საიმისოდ, რომ ტაი ნო ჰენკას დროს ხელები ვერტიკალურ ჭრილში ამოძრავდეს, ამისათვის არ უნდა დაატრიალოთ თეძოები და იმუშაოთ მხრისა და წინამხრის კუნთების ძალით. ასევე გადაადგილდეთ უბრალო ნაბიჯით უკნისაკენ. ფიზიკურად საკმარისად ღონიერი უკე ასეთ დროს თავისუფლად შეძლებს ტორის დაბლოკვას.
განსაკუთრებით კი, თეძოების ბრუნვით ამუშავების გარეშე ნიშნავს, მხედველობაში არ მიიღოთ, რომ აიკიდო იყენებს ბრუნვით ენერგიას, რომელსაც კავშირი არა აქვს მუსკულარულ ძალასთან.
მართლაც, ღონე – თუნდაც ძალიან დიდი – რომელიც მბრუნავ ცილინდრზე გამოიყენება, არიდებული იქნება ცენტრიდანული ძალისაგან, იგი აცილებული და, ევენტუალურად, წაყვანილი იქნება იმ წერტილისკენ, სადაც მთელი ეს ღონე განეიტრალდება: აიკიდოს ილეთების პრინციპი ადამიანის სხეულის როტაციული დინამიკის გამოყენებაა, რა დროსაც მოწინააღმდეგის ღონეს გვერდს ვუვლით და მიზანმიმართულად მიგვყავს იგი იმ წერტილში, სადაც ვეღარ გვავნებს.სხეულის ღერძის ბრუნვის გარეშე არ არსებობს აიკიდო. რომელი ტექნიკაც არ უნდა განვიხილოთ, ის ამ პირველადი ჭეშმარიტების ფონზე უნდა გავაანალიზოთ.