მაჯის გამოთავისუფლება მნიშვნელოვანია. აქ ეს მხოლოდ და მხოლოდ წინამხრის დატრიალების შედეგია.
კანჯი 捌, რომელიც სიტყვა „საბაკის“ შემადგენლობაში შედის, დაპირისპირების, მართვის და სირთულისა თუ სიტუაციის მოგვარების მნიშვნელობა აქვს.
აიტე (აგრესორი) მოდის, ჰარმონიას ურღვევს ტორის და აიძულებს მას ახალი წონასწორობა შექმნას. ამისათვის ტორიმ ისე უნდა გადააადგილოს სხეული, რომ შეტევა ვერ შეეხოს და ამავდროულად რამენაირად მოწინააღმდეგის გაკონტროლება შეძლოს.
აი, ესაა ტაი საბაკის არსი აიკიდოში.
თუმცა ტაი საბაკი არასდროს არის მარტო, მას ყოველთვის თან ახლავს ტე საბაკი.
ტეს (ხელს) მართლაც აქვს მნიშვნელოვანი როლი ახალი წესრიგის დამყარებისას. მაგალითად, ბრუნვისას ის საშუალებას გვაძლევს ჩავლებისაგან გავითავისუფლოთ მაჯა.
ხელის მტევანს ამბობენ, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი ხილული ნაწილია ბრუნვისას. თუმცა მაჯას, სინამდვილეში, სულაც არ შეუძლია ტრიალი, ხოლო ხელი მხოლოდ და მხოლოდ მიჰყვება წინამხრის ტრიალს იდაყვის გარშემო (კოტე მავარუ). სინამდვილეში სწორედ ის უზრუნველყოფს ბრუნვას, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავი გავითავისუფლოთ ჩაჭიდებისაგან.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მაჯის გამოთავისუფლება მნიშვნელოვანია, ის ასევე მხოლოდ წინამხრის ტრიალის ერთ-ერთი შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ ამ დამახასიათებელ მოძრაობას აიკიდოს ყველა ტექნიკაში ვხვდებით, იკიოდან დაწყებული და ტენჩი ნაგეთი დასრულებული, ირიმი ნაგეს ჩათვლით. ეს ყველა ილეთის ფუნდამენტური ელემენტია და დამახასიათებელია კოკიუ ჰოსათვის: მას ვხვდებით ყველგან. აიკიდოს ყველა ტექნიკა ამგვარ ქცევას ეფუძნება.
კოკიუ ჰოს ქცევა , „იდაყვები სხეულთან“, გულისხმობს ორივე წინამხრის ბრუნვას შიგნითკენ (პრონაციას), რომელიც ხელის გულის ბაზას წარმოადგენს წინამხრის გაგრძელებაზე. ის საშუალებას გვაძლევს, გადავცეთ დარტყმის ან მიწოლის ძალა, რომელიც მთელ სხეულს ეყრდნობა და ამავდროულად მისი სრულყოფილი გაგრძელებაა. ეს ძალა ხელის მტევნამდე აღწევს და აიკიდოში მას ტე კატანა (ხელი ხმალი) ეწოდება. კოკიუ ჰო ეფექტური ტე კატანას აუცილებელი პირობაა. ამით ვხვდებით, თუ რატომ ურტყამენ აიკიდოში გაშლილი ხელით და არა შეკრული მუშტით.
ეს იმიტომ ხდება, რომ წინამხრის შიგნითკენ ბრუნვით წარმოქმნილი ენერგიის კონცენტრაცია აიკიდოს ყველა ტექნიკის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ის ისწავლება და სისტემატურად სრულდება ყველა ვარჯიშის დასაწყისსა და დასასრულს ივამაში: კოკიუ ჰო ზეზეულად სრულდება ვარჯიშის დასაწყისში და კოკიუ ჰო მუხლებზე კეთდება ვარჯიშის ბოლოში. ეს გვიჩვენებს, თუ რატომ არის სხეულის ამგვარი ქცევა ძალიან მნიშვნელოვანი აიკიდოს პრაქტიკაში.
აუცილებლად უნდა გამოვნახოთ ხოლმე დრო და გადავხედოთ იმ მეთოდოლოგიურ ფორმებს, რომლებიც ტრადიციულმა სწავლებამ შემოინახა, რადგან ისინი არ არის ტყუილუბრალოდ, ისინი მოწაფეების სწორად ჩამოყალიბებისათვისაა შერჩეული და შეიცავს ნიშნებს, რომლებმაც უნდა დაგვაფიქროს და ცოდნა გაგვიღრმაოს.
ფილიპ ვოარინო
20 აგვისტო, 2022