Categories
სტატიები

იოკომენ უჩი ირიმი ნაგე (კი ნო ნაგარე)

სტატიის დედანი

ამ ვიდეოში საიტო სენსეი განმარტავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთში არ ავურიოთ კოტაის ყაიდა (სტატიკური, სწორკუთხოვანი) და კი ნო ნაგარეს ყაიდა (დინამიური).

ეს ორი რამ სულაც არ სრულდება ერთნაირად: კი ნო ნაგარეს ყაიდა სულაც არ გახლავთ კოტაის ყაიდა, რომლის შესრულების სისწრაფეც უბრალოდ გაზრდილი იქნებოდა. ფუნდამენტური ტექნიკური პუნქტები, რომლებიც წინ წამოვწიეთ სტატიაში „იოკომენ უჩი ირიმი ნაგე კოტაი“, შენარჩუნებულია, რასაკვირველია, მაგრამ კი ნო ნაგარეს ყაიდაში ტორი აღარ „აჩერებს“ უკეს დარტყმას (ეს ცნება არ არსებობს აიკიდოში), ის მას გვერდს უვლის და წარმართავს თავისი მტევნის ქვედა ნაწილით, მას იყენებს მისსავე გასაკონტროლებლად, წონასწორობის დასაკარგინებლად და უკეს ძირს დასაგდებად. კარგად უნდა გვესმოდეს და კარგად უნდა გვქონდეს დასწავლილი კოტაის დეტალები, თუკი გვინდა მთელი სიზუსტით ავამუშაოთ კი ნო ნაგარეს ყაიდა, რომელიც ამგვარად სულ სხვა სახით წარმოგვიდგება.

ამ ვიდეოს დასაწყისში საიტო სენსეის მიერ ნაჩვენები ირიმი ნაგე უკეს გარეთა მხარეს სრულდება.

ნაჩვენები მეორე ფორმა კი პირიქით, მოითხოვს, რომ ტორი წინასწარ შევიდეს უკეს შიდა მხარეს (ატემით სახეში). ამის შემდეგ გადადის გდებაზე, ოღონდ გარეთკენ, მას შემდეგ, რაც უკეს ხელს გააკონტროლებს ჯერ ქვევითკენ ჭრით, შემდეგ კი მისი მაჯაში ჩავლებით.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შესრულების ეს განსხვავებული ყაიდები ჯერ კიდევ და კვლავ სასწავლი ფორმებია, ამიტომაც ისინი მეთოდის სფეროს განეკუთვნებიან. ვიდეოს დასაწყისში ნაჩვენები კი ნო ნაგარე ასევე რჩება სასწავლ სავარჯიშოდ. შესაძლოა, გდება სანახაობრივია, მაგრამ საშიში იქნებოდა ირიმი ნაგეს ასე შესრულება ნამდვილ საბრძოლო კონტექსტში, სადაც ტორის ერთდროულად სხვადასხვა მხრიდან მომავალი რამდენიმე მოწინააღმდეგე შეუტევდა.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის ივნისი.