足ノ踏ミ方ニハ外六方、内六方及外巴、内巴アリ 練習ノ際ニ傅授ス ამ ფრაზის თარგმანი ინგლისურ ვერსიაში ჭკუაზე შემშლელია…

“Nessuna azion naturale si può abbreviare. Ogni azion naturale è generata dalla natura nel più brieve modo, che trovar si possa.”
Leonardo da Vinci – Pensieri sulla natura (Legge del minimo sforzo)
ჯუნბი დოსა 準備動作 – მომზადება მოქმედებისათვის
როდესაც მე აიკიდო დავიწყე ნობუიოში ტამურასთან 1977 წელს, გაკვეთილს ყოველთვის საკმაოდ თავისებური მომზადებით იწყებდა, რაც პირდაპირ ერგო მემკვიდრეობით ო-სენსეის მორიჰეი უეშიბასაგან. მეც ისე მივეჩვიე მოძრაობების ამ ერთობლიობის გამეორებას, რომ შინაარსი დიდად არ მესმოდა და ამაში, მართალი ვთქვა, მხოლოდ ერთგვარ გახურება-მოთელვას, სხვა სიტყვებით, ფოლკლორულ, ნახევრად ფიზიკურ და ნახევრად გონებრივ ვარჯიშს ვხედავდი. ამ მომზადებას სახელად ჯუნბი დოსა ერქვა.
იმ ფორმით, რომელიც მას იმხანად ჰქონდა, ჯუნბი დოსა მთლიანად მიატოვეს თვით იაპონიაში, სადაც ახლა ის სრულიად მივიწყებულია. ტამურას რამდენიმე მოწაფემ ეს ტრადიცია განაგრძო და, ჩემი აზრით, ისინი მართლები იყვნენ, რომ შემოინახეს, იმიტომ რომ ეს ფუძემდებლისგან მოდიოდა და მრავალრიცხოვანი სწავლებებით იყო მდიდარი. მე თავად კვლავაც ვასრულებ მას… და, იმედი მაქვს, უფრო გააზრებულად, ვიდრე წინათ.
მიუხედავად ამისა, ძალიან გამიკვირდა, როდესაც დავინახე, რომ ჯუნბი დოსა ო-სენსეის წიგნის ყველაზე მნიშვნელოვან თავს სათაურად ჰქონდა წამძღვარებული. მალე ვნახავთ, რომ ბუდოს მე-9, მე-10 და მე-11 გვერდები მართლაც წიგნის ცოცხალ გულს წარმოადგენს. თუმცა ჯუნბი დოსას სათაურის ქვეშ ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი გრძელი მომზადება მაინც არ არის. მაშ რითია ამ სამ ძალიან განსაკუთრებულ გვერდზე გამოტანილი ელემენტები მომზადება? რითია ეს მომზადება ასეთი მნიშვნელოვანი და რითაა გამართლებულია ის ამბავი, რომ ო-სენსეი მას ფუძემდებლურ თავს უძღვნის აიკის ტექნიკათა შესავალში? ან რატომ აირჩია მან ეს იდუმალებით მოცული სათაური? ვფიქრობ, ეს სამი კითხვა იმსახურებს, რომ დავსვათ.
ვნახოთ, რას გვეუბნება იდეოგრამები ჯუნ ბი დო სა.
ჯუნ 準 : შევარდენი / მოწესრიგება / კორექტირება
ბი 備 : ბრძოლისათვის მზად / მომზადებული
დო 動 : მოძრაობა / გადაადგილება / ქანაობა
სა 作 : კეთება / მოტყუება / ფინტის ჩატარება
კანჯის მიერ ჩვენთვის მოცემული ინფორმაცია უფლებას გვაძლევს, ო-სენსეის მე-2 თავის სათაური, ჯუნბი დოსა, შემდეგი ფრაზით ვთარგმნოთ: შევარდენი აკორექტირებს თავის დგომს, მზადაა ბრძოლისათვის, შემდეგ კი გადაადგილდება მომატყუებელი ქანაობით.
აქ არანაირი ინტერპრეტაცია არ არსებობს, უზუსტესადაა აღდგენილი წერილობითი ნიშნების აზრი და ახლავე ვნახავთ არქაული მნიშვნელობის სრულ საჭირობას ო-სენსეის მეტყველებასთან მიმართებაში. მაგრამ თარგმანი ვერ იქნება ასეთი ხატოვანი, ის უფრო სინთეტურ ფორმულირებას მოითხოვს და ჩვენც ვთქვათ მომზადება მოქმედებისათვის, რაც, მიუხედავად ყველაფრისა, იმ ორ მთავარ აზრს ინარჩუნებს, რომელსაც კანჯი შეიცავს.
აქ ვხედავთ პირველ აცდენას ჯონ სტივენსთან, რომელიც ჯუნბი დოსას საბაზო მოძრაობას თარგმნის, ეს თარგმანი არ არის დამაკმაყოფილებელი, რადგან მასში იაპონური ენის მიერ გამოხატული მოზადების ზუსტი აზრი იკარგება.
თანაც კანჯის ზუსტ შინაარსს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ახლა ო-სენსეის ინსტრუქციების თავად გეგმას ვნახავთ, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით ლაგდება:
1 – კამაე
2 – ირიმი
3 – ტაი ნო ჰენკა
4 – ირიმი-ტენკა (ო-სენსეი წერს ტენკა-ს და არა ტენკანს-ს და მალე ვნახავთ, რატომაც)
ბუდოს გეგმის ეს ოთხი პუნქტი მართლაც გასაოცრად შეესაბამება იმ აზრებს, რომლებიც ჯუნბი დოსას ოთხ კანჯიში ფიგურირებს. ამასთან, ამგვარი კორელაცია ვერც შემთხვევითი იქნება და ვერც ო-სენსეი უეშიბას სურვილის ანარეკლი, რადგან ვერც არც აიკის მოქმედების პრინციპის სტრუქტურაზე მოახდენს ვინმე ზემოქმედებას და ვერც იდეოგრამების არქაულ მნიშვნელობებზე. აიკის მოქმედების პრინციპისათვის დამახასიათებელი ოთხი პუნქტის სრული შესაბამისობა 準備動作-ის შინაარსთან უთუოდ არის ის მიზეზი, რის გამოც ო-სენსეიმ თავისი წიგნის მე-2 თავს ეს სათაური შეურჩია, მაგრამ ფაქტი, რომ იგივე რეალობა თარგმნილი იყოს ორი ერთმანეთისთვის უცხო გამოთქმით, იმ რაღაცის უნივერსალურ ხასიათს გვიჩვენებს, რაზეც ახლა ვილაპარაკებთ.

1 – კამაე 構え
準備 – შევარდენი ასწორებს თავის დგომს და მზადაა ბრძოლისათვის…
ყველაფერი კამაეზე, დგომზეა დამყარებული. იაპონური ზმნა 構える(კამაერუ) ერთდროულად ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ მომზადებას, ანუ სწორი პოზიციის დაკავებას ნიშნავს. კამაე საფუძველია, საძირკველი და დასაწყისი ყველაფრისა, რაც ამას მოჰყვება. კამაე არსებითია და ყველაფერი ამ უნიკალურ დგომზეა დამოკიდებული. ო-სენსეი ამ კამაეს 半身入身-ს (ჰანმი-ირიმი) უწოდებს, და ის არცერთ სხვა კამაეს არ ახსენებს თავის წიგნში. უმთავრესია, გვესმოდეს, რომ აიკიდოში ჰანმი-ირიმის გარდა სხვა დგომი არ არსებობს.
ამ თავში, სადაც ბუდოს ტექნიკური ნაწილი შემოდის, მის ფრაზებში, თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია, თითოეული სიტყვა ზუსტია, ო-სენსეის მიერ რუდუნებით შეწონილია და თავის თავში ატარებს მესიჯს, რომელიც არაფრით არ შეიძლება გადასხვაფერდეს თარგმანში და ამით იქ თავმოყრილი ინსტრუქციების სწორი გაგება დაიკარგოს.
პირველი ფრაზა შემდეგ რამეს ამბობს სიტყვასიტყვით:
氣勢ニヲ充實 აღივსეთ მძლავრი ენერგიით,
シ足ヲ六方ニ開キ გახსენით თქვენი ტერფები ექვსი მიმართულებით
半身入身合氣ノ姿勢 დადექით აიკის ჰანმი-ირიმის დგომში,
ヲ以テ敵ニ對ス და ასე აღმოჩნდით მტრის პირისპირ.
ჯონ სტივენსის ინგლისური თარგმანი („კოდანშას“ გამოცემის 39-ე გვერდი) ამ ფრაზის შინაარსს ორ არსებით პუნქტში ცვლის:
1 – ტერმინი როპო (六方), ექვსი მიმართულება, თარგმნილია როგორც სამოც გრადუსიანი კუთხე, რაც სრულად განსხვავდება იაპონური ტექსტისაგან.
2 – ტერმინი ჰანმი-ირიმი (半身入身), თარგმნილია როგორც მხოლოდ ჰანმი, სიტყვა ირიმი (შესვლა) ამოღებულია და ჩანაცვლებულია სიტყვით მოქნილი, რასაც არავითარი კავშირი არა აქვს იაპონურ 入身-სთან.
იაპონური ენა ორაზროვანი ენაა, რაც მთარგმნელს ზოგჯერ თავისი არჩევანის გაკეთებას აიძულებს და ნორმალურია, რომ სხვადასხვა მთარგმნელების მიერ შესრულებულ ერთსა და იმავე ტექსტის თარგმანში ნიუანსების დონეზე იპოვოთ განსხვავებული ინტერპრეტაციები. მაგრამ აქ ასე არ არის, საქმე არ გვაქვს თარგმანის გარდაუვალ და თავიდან აუცილებელ ნიუანსებთან. აქ უკვე შინაარსის ცვლილებასთან გვაქვს საქმე და ეს ცვლილებები იმდენად მძიმეა, რომ ისინი ფუძემდებლის მიერ მოცემულ ორ უმთავრეს ინფორმაციას აქრობს.
ჩვენ მართლაც დაგანახებთ, რომ ეს ორი ინფორმაცია, ჰანმი-ირიმი და როპო, სწორედაც ისინია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, დავტოვოთ აიკი-დოს სამყარო, და აიკის სამყაროში შევიდეთ. რადგან გონებაში სულ უნდა გვქონდეს, რომ ო-სენსეისთვის აიკი-დო მეთოდია (道 do), რომელიც საშუალებას გვაძლევს, აიკიმდე (合氣) მივაღწიოთ. მე-2 თავში ვნახავთ, როგორ გადაეცათ ფუძემდებლის ეს კონცეფცია მის საუკეთესო მოწაფეებს.
ჯუნბი დოსას მესამე ფრაზა უთუოდ მთელი წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაა და მას უდიდესი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. ის შემდეგ რამეს გვეუბნება (სიტყვასიტყვით):
足ノ踏ミ方ニハ外六方 ტერფების გადასაადგილებლად არსებობს ექვსი გარე მიმართულება და
内六方及外巴、 ექვსი შიდა მიმართულება, რაც მიიღწევა ერთი გარე სპირალით
内巴アリ და ერთი შიდა სპირალით,
練習ノ際ニ傅授ス ეს ნასწავლები იქნება პრაქტიკაში.
ამ ფრაზის ჯონ სტივენსისეული თარგმანი ინგლისურ ენაზე ჭკუაზე შემშლელია:
„წინა ტერფი და უკენა ტერფი სამოც გრადუსზე უნდა გაიხსნას. ამის მიზეზი პრაქტიკის დროს გახდება ნათელი.“
დედანი ტექსტი უბრალოდ და მარტივად გამქრალია:
– გამქრალია ტერფების გადაადგილება (足ノ踏),
– გამქრალია გარე ექვსი მიმართულება (外六方),
– გამქრალია ექვსი შიდა მიმართულება (内六方),
– გამქრალია გარე სპირალი (外巴),
– გამქრალია შიდა სპირალი (内巴),
– გამქრალია აზრი, რომ ეს ექვსი მიმართულება ორი სხვადასხვა სპირალის მოძრაობით მიიღწევა (及).
თარგმნის დროს ყველა ეს ინფორმაცია ცენზურამ ამოჭრა და შეცვალა გამოთქმით „სამოც გრადუსიანი კუთხე“, რაც ბუნდოვანი და ორაზროვანია, რადგან არ არის განსაზღვრული, რის მიმართაა ეს კუთხე, მაგრამ ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ფრაზა საერთოდ არ შეესაბამება არაფერს, რასაც ფუძემდებელი წერს.
ო-სენსეის მეოთხე ფრაზა მესამე ფრაზის ინსტრუქციას იმეორებს და უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას ექვსი მიმართულების სასიცოცხლო აუცილებლობაზე (要). ეს პუნქტი მშვიდად და წყნარად არის წაშლილი ჯონ სტივენსის თარგმანში:
動作ノ終リシ時兩 თითოეული მოქმედების ბოლოს
足ハ常ニ六方ニ開キアル如ク ყოველთვის გახსენით ტერფები ექვსი მიმართულებით
練磨スル要ス სასიცოცხლო/აუცილებელია ამაზე ვარჯიში.
ჩვენ უკვე ბევრ ელემენტს მოვუყარეთ თავი. ცოტა ხნით შევჩერდეთ აქ და ვცადოთ, კარგად დავინახოთ, რა გააკეთა ო-სენსეიმ სათაურის ქვეშ კამაე. მან ნათლად მიგვითითა:
1- რომ აიკის ერთადერთი დგომი არის ჰანმი-ირიმი (半身入身) და რომ ის უნდა მივიღოთ ყველა მოქმედების დასაწყისში,
2- რომ ეს დგომი ისეთია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სივრცის ექვსი მიმართულებით (六方) წავიდეთ, რაც მხოლოდ ჰორიზონტალურ სიბრტყეში შეიძლება მდებარეობდეს (ეს მნიშვნელოვანია, რადგან ვერტიკალურობა, ზევით და ქვევით, არის ასპექტი, რომლის ადგილიც აქ ჯერ არ არის),
3- რომ ჰანმი-ირიმი და როპო ერთადერთი და ერთი და იგივე დგომია, მაგრამ ორი სხვადასხვა კუთხით განხილული:
– ერთი, აღწერილია ფიზიკურად (ჰანმი = სხეულის ნახევარი) და გვეუბნება, თუ რის საშუალებას იძლევა (ირიმი = შესვლა),
– და მეორე, გვიჩვენებს ექვს მიმართულებას (როპო), რომლისკენ წასვლის საშუალებასაც ის იძლევა,
4- რომ ირიმის მომენტში ტერფები გადაადგილდება ექვსი გარე მიმართულებით (外六方), რაც გარე სპირალის (外巴) საშუალებით მიიღწევა,
5- რომ ისინი გადაადგილდება ასევე ექვსი შიდა მიმართულებით (内六方), რაც შიდა სპირალის (内巴) საშუალებით მიიღწევა,
6- მაშასადამე, აიკიდოს გადაადგილება სპირალური გადაადგილებაა,
7- რომ ჰანმი-ირიმის დგომი, რომელიც აუცილებლად მიტოვებულია გადაადგილების მომენტში, ასევე აუცილებლად უნდა აღდგეს მოქმედების ბოლოს.
მე-7 პუნქტი ლოგიკური გაგრძელებაა 1-ლი პუნქტისა: ვინაიდან ჰანმი-ირიმი პრინციპულადაა ყველა მოძრაობის დასაწყისში და რაკი ნებისმიერი მოძრაობის დასასრული პოტენციურად ახალი მოძრაობის დასაწყისი შეიძლება გახდეს, მაშასადამე ჰანმი-ირიმის დგომი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ნებისმიერი მოძრაობის ბოლოს.
საიდან მოვდივართ, სად მივდივართ, რომელი გზებით და თან როგორ? ო-სენსეი იმაზე მეტს ვერ გააკეთებდა, რაც აქ გააკეთა, რომ ჩვენთვის მოეცა აუცილებელი ცოდნა აიკის პრაქტიკისთვის მოსამზადებლად: განსაზღვრა, როგორ ვიწყებთ და როგორ ვამთავრებთ, გვაჩვენა ექვსი გზა, რომელსაც უნდა მივყვეთ, რომ ერთიდან მეორეში გადავიდეთ და თორმეტი ხერხი (მოდალობა) ამის გასაკეთებლად. დეტალურად მოგვცა უმკაცრესი გეგმა, რომელსაც უნდა მიჰყვეს აიკის ნებისმიერი მოძრაობა და ეს ყველაფერი ჩაწერილია კამაეში, ისევე როგორც რკოშია ჩაწერილი მთელი მუხა. არ აკლია არაფერი და ჯუნბი (準備) აქ დასრულებულია, ჩვენ კი ინტელექტუალურად მომზადებულები ვართ, გავიგოთ ო-სენსეის სათქმელის ლოგიკური გაგრძელება. ეს უკანასკნელი ახლა ფუნდამენტურ პუნქტებს წარმოგვიჩენს, რომლებიც სულ ცოტა ხნით ადრე წინასწარ გამოგვიცხადა. ესენია: ირიმი, ტაი ნო ჰენკა, ირიმი-ტენკა. ეს დოსას სფეროა (動作).
…გაგრძელება იქნება…
