日々ノ練習ニ際シテハ先ッ體ノ變更 – ყოველდღიური ვარჯიში იწყება ტაი ნო ჰენკოთი. არსებობს აიკის სტრატეგია…

…გაგრძელება…
4 – ირიმი-ტენკა 入身転化
…შევარდენი მოულდონელი რწევით გადაადგილდება (動作)…
მაშასადამე, ო-სენსეი წერდა ტენ-კა (転化), ჯონ სტივენსი კი კითხულობს და თარმნის, როგორც ტენ-კან (転換).
ეს არჩევანი ახალი თავისუფლებაა ტექსტისა და ავტორის მიმართ. რადგან იგულისხმება, რომ მთარგმნელი უნდა თარგმნიდეს იმას, რაც წერია, ამასთან მეტიც, 化-სა და 換-ს ერთი და იგივე ღირებულება არა აქვს.
換-ის (კან) შინაარსი უბრალოდ, ნეიტრალური შეცვლაა.化 (კა) კი, როგორც უკვე ვნახეთ, ასევე შეცვლას ნიშნავს, ოღონდ იმ გაგებით, რომ მას (ამ შემთხვევაში) შეცდომაში შეყვანის, მოტყუების, მოულოდნელობის ნიუანსიც ემატება.
არ ვიცი, რატომ თარგმნა სტივენსმა იმ კანჯის საფუძველზე, რომელიც ო-სენსეის მიერ ნახმარი კანჯისაგან განსხვავდებოდა და არც მინდა, ვიცოდე. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამ მანიპულაციამ თავისი შედეგი გამოიღო: ის ნიღბავს საცოდნელად იმ აუცილებელ ელემენტს, რომელსაც ტრიალი წარმოადგენს ო-სენსეისათვის. კანჯი 化 (კა), რომელსაც ხმარობს 転化-ში (ტენ კა) წარმოაჩენს ბრუნვას 転 (ტენ), როგორც სისტემატური მოულოდნელობის შედეგს, რაც სტრატეგიის გადამწყვეტი ელემენტია. სტრატეგია კი საბრძოლო ხელოვნების ქვაკუთხედია, აქ მოცემული უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ის გახლავთ, რომ აიკის თავისი სტრატეგია აქვს და რომ ეს სტრატეგია ადამიანის სხეულის ფუნქციონირების ყაიდას უკავშირდება, როდესაც გადაადგილება კონფლიქტის ამა თუ იმ სიტუაციას უნდა მოერგოს. და სწორედ ეს ინფორმაცია ქრება, როდესაც ვწერთ ტენკანს (転換).
აქ არ შეიძლება, არ გავიხსენოთ მიამოტო მუსაში, რადგან აღმოჩნდა, რომ გზა, რომელსაც ყველაზე ცნობილი სამურაი მიჰყვებოდა, სწორედაც სტრატეგიის გზაა და ამ გზას ეს სახელი უწოდა მან: ჰეიჰო ნო მიში (兵法の道), უფრო ზუსტად, სტრატეგიის (兵) კანონის (法) მეთოდი (道). ამას მიუძღვნა თავისი ცხოვრება და ესაა მისი წიგნი-ანდერძის, გო რინ ნო შოს, მთავარი საგანი. მუსაში განმარტავს, რომ სტრატეგიის კანონი ადამიანის ყველანაირი მოქმედების წინ არის იმისათვის, რომ თავი იჩინოს… და ამიტომაც — მას ის კი არ გამოუგონია, არამედ აღმოაჩინა, მიხვდა მას თავისი ურიცხვი გამარჯვებული ბრძოლების შესწავლის შედეგად:
„ოცდაათი წლის ასაკში ჩემს წარსულზე დავფიქრდი. ჩემი მოპოვებული გამარჯვებები სტრატეგიის (兵法) ფლობის შედეგი არ ყოფილა. ეს შეიძლება ბუნებრივი ნიჭის შედეგი ყოფილიყო, ან ღმერთის ბრძანებისა, ან სულაც იმისა, რომ სხვა სკოლების სტრატეგია ვერ იყო სათანადო სიმაღლეზე. მაშინ დავიწყე ძებნა დილიდან საღამომდე, თუ რა განაპირობებდა ამ გამარჯვებებს… და სტრატეგიის კანონს ორმოცდაათი წლის ასაკში მივხვდი.“
ჰოდა მორიჰეი უეშიბაც მიხვდა ამ ერთადერთ კანონს, რომელიც ასე შეიძლება შეჯამდეს აქ: ყველაზე დიდი ოსტატობა, რომელსაც ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს, მდგომარეობს იმაში, რომ გვაჩვენოს ის, რაც არის. და ის არაფერს ამბობს მუსაშისგან განსხვავებულს, როდესაც ამტკიცებს, აიკიდო ადამიანის მიერ გამოგონილი ბუდო არ არის, ის იქამდე გაჩნდა, ვიდრე თავად სამყარო გაჩნდებოდაო… — ლექციები ტაკემუსუ აიკის შესახებ, ტომი 2
სტრატეგია არის რაღაც, რაც თავისთავად არსებობს და აიკის სტრატეგიაც მორიჰეი უეშიბამდე არსებობდა. ის არსებობს თავიდანვე სამყაროს გეგმაში, რომელმაც შექმნა ადამიანის მოტორული ჩვევები ისეთი, როგორიც ჩვენ ვიცით. თუკი ბუდოს სულ ბოლო გვერდზე გადავალთ, იქ დაგვხვდება სტრატეგია, რომელსაც ო-სენსეი პოეტურად და სიმბოლურად წარმოგვიჩენს თავისი ნაშრომის დასკვნით ნაწილად. რვა დოკა აქ შემთხვევით არ არის და არც თავად რვა არის შემთხვევით. და არც ამ გვერდის სათაურია შემთხვევით შერჩეული: 武道奧義 (ბუდო ოკუგი), ბუდოს ფარული მიზანი. ფარული სწავლება…

ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ბუდოს ბოლო გვერდზე მოთავსებული რვა „გზის სიმღერის (歌)“ შინაარსს, რომლებიც ფუძემდებელმა მკითხველის გასაგონად დატოვა, როგორც ნიშანი, მაგრამ ახლა მხოლოდ მეოთხე მათგანის თაგმნით დავკმაყოფილდეთ, რომელიც აიკის სტრატეგიის პოეტურ გამოხატულებას წარმოადგენს:
まが敵に (მაგატეკი ნი) მოწინააღმდეგეს
切りつけさせて (კირიცუკე სასეტე) ვაცლი, რომ ჭრას
我が姿 (ვაგა სუგატა) ჩემო გამოსახულება
後に立ちて (უშირო ნი ტაჩიტე) მე კი უკან ვდგავარ
敵を切るべし(ტეკი ო კირუ ბეში) რომ გავჭრა მოწინააღმდეგე
რა შეიძლება ვთქგმნოთ აქედან:
„მე მოტყუებით ვაცლი მოწინააღმდეგეს, რომ ჩემი გამოსახულება გაჭრას, როდესაც მე უკვე მის ზურგსუკან ვარ, რათა ის დარტყმით ძირს დავცე.”
ჰანმი-ირიმის დგომი სხეულს ექვსი მიმართულებით (როპო) ხსნის, რაც საშუალებას გვაძლევს, შესვლის მოძრაობის წყალობით და თითქოს რაღაც ჯადოსნობით მოწინააღმდეგის მხედველობიდან გავქრეთ და ამასთანავე უსაფრთხოდ, ამ უკანასკნელის უკან, მომგებიან პოზიციაში დავდგეთ. ამ ბრუნვით შესვლას სახელად ირიმი-ტენკა ჰქვია და იგი სტრატეგიის მამოძრავებელი ელემენტია, რომლის წარმოშობაშიც ადამიანის ხელი არ ურევია, მაგრამ ეხება ყველა ადამიანს, ვისაც შეუძლია შეიცნოს ბუნების დიადი კანონი, ფუნდამენტური კანონი ადამიანის სხეულის მოძრაობის შესახებ ბრძოლის სიტუაციაში. ნებისმიერ ადამიანს, რაკი ისეა აგებული, როგორ არის, შეუძლია იმოქმედოს იდეალურად, თუკი ამ კანონთან თანხვედრით გააკეთებს ამას. ეს კანონი გეომეტრიული და ბიომეტრიული მონაცემების გათვალისწინებითაა ჩამოყალიბებული და მისი წარმოთქმა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ის ესმის.
მიამოტო მუსაშის ნაწერებისა და მის მიერვე შესრულებული ნახატების შესწავლის შემდეგ მე აქ ვამტკიცებ, რომ სტრატეგია, რომელსაც ის აღწერს, იგივეა, რაც აიკიდოს ირიმი-ტენკას პრინციპის საფუძველში ძევს. მიამოტო მუსაში ირიმი-ტენკას იყენებდა, მიამოტო მუსაში და მორიჰეი უეშიბა ლაპარაკობენ ერთსა და იმავე სტრატეგიაზე, რომელიც ხმლის ხმარებაზეა დაფუძნებული. მათი აღმოჩენების დამთხვევამ არ უნდა გაგაკვირვოთ, იმიტომ რომ ორივე მათგანმა საბრძოლო ხელოვნებების უმაღლეს წერტილს მიაღწია. ბევრი მთა არსებობს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მთა, მას მხოლოდ ერთი მწვერვალი აქვს და ვინც მას მიაღწევს, ამ ერთადერთ რეალობას უსათუოდ აღმოაჩენს.
ო-სენსეი სამი თანმიმდევრული ეტაპის საშუალებით გაგვიძღვა თავისი წიგნის პირველ ნაწილში: ჯერ კამაე, შემდეგ ირიმი და ბოლოს ტაი ნო ჰენკა, რათა ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ არსებობს აიკის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ის ირიმი-ტენკას ეძახის და რომელიც ამ სამი საწყისის პროდუქტს წარმოადგენს. მაგრამ როდესაც პრინციპის წინამავლი ეს სამი ეტაპი ფოტოებით დაასურათა, მან იგივე არ გააკეთა თავად ამ პრინციპისათვის. ეს არჩევანი ერთი შეხევდით შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს. იმდენად, რამდენადაც პრინციპი ამ სამი შემდგენელი ელემენტის ერთიანობისგან შობილი შედევრია, მოსალოდნელი იყო, რომ რომ ისიც, სულ მცირე, დასურათებული იქნებოდა.
ამ დაუსურათებლობის ორი არსებითი მიზეზი არსებობს:
– პირველი მეტაფიზიკურია: რაკი პრინციპი იქამდე არსებობს თითოეულ ამ შემთხვევათაგანში, ვიდრე გამოვლინდება, ბუდოს ამ თავში მისი დასურათება სწორედაც გამოვლინებამდე დამცრობის ტოლფასი იქნებოდა, თანაც აქ იგულისხმება თავი, რომელიც აიკის ეზოთერულ ცოდნას შეეხება (იმ გაგებით, რომ ეს ცოდნა მხოლოდ კვალიფიციური ადეპტებისთვისაა განკუთვნილი).
– მეორე ფიზიკურია: ვინაიდან პრინციპი ირიმი-ტენკა ირიმისა და ტაი ნო ჰენკას ბრუნვის შერწმის შედეგია, ის უკვე ვლინდება ტაი ნო ჰენკას მოძრაობაში, რომელიც მას შესანიშნავად ავლენს ასეთად. ამიტომაც არც მისი ხელმეორედ დასურათების საჭიროება არსებობს. აიკის პრინციპის ეს პირველი გამოჩენა ტაი ნო ჰენკას ფორმით იმ სიღრმისეულ მიზეზს წარმოადგენს, რომ „ყოველდღიური პრაქტიკა ტაი ნო ჰენკოთი“ (日々ノ練習ニ際シテハ先ッ體ノ變更) უნდა დაიწყოს. ფუძემდებელმა ეს მითითება თავისი უშიგომეს დოჯოს შესასვლელთან გააკრა 1931 წელს და ის ამას კიდევ ერთხელ გვეუბნება ბუდოში, მე-8 გვერდის მე-5 პუნქტში:

იმ ამბავმა, რომ ო-სენსეიმ იგრძნო საჭიროება, იდენტურად გაგმოეტანა ბუდოს შესავალში ის ექვსი მითითება, რომელიც მას გაკრული ჰქონდა რამდენიმე წლით ადრე უშიგომის დოჯოს შესასვლელში, უნდა დაგვაფიქროს იმის მნიშვნელოვნებაზე, რაც აქ წერია.
სათაური, რომლითაც მე-8 გვერდი იხსნება, პირველ რიგში იპყრობს ჩვენს ყურადღებას:
技法圖解解說 – მუშაობის მეთოდების დასურათებული განმარტებები
ამ სათაურის ქვეშ იწყება წიგნის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ სახელდახელოდ შევარქმევთ „ტექნიკას“. III თავში ვნახავთ, თუ რატომ უნდა მოვეკიდოთ უკიდურესი სიფრთხილით ტერმინ ტექნიკას. ამ სიფრთხილეს საერთოდ არ იჩენს ჯონ სტივენსი, როდესაც 技法圖解解說-ს თარგმნის, როგორც: შერჩეული ტექნიკების დასურათება და განმარტება (Illustration and explanation of selected techniques).
მთელი წიგნის განმავლობაში გაჩვენებთ, რომ პირიქით, ბუდო საერთოდ არ არის ტექნიკათა წარმოჩინება რომელიმე კატალოგის მიხედვით, როგორც ეს ინგლისურმა თარგმანმა შეიძლება გვაფიქრებინოს. ბუდო არის მსჯელობა მეთოდზე, რომელსაც უნდა მივდიოთ, რათა აიკის მივაღწიოთ და ამიტომაც ტექნიკებს ამ ნაშრომში ის დანიშნულება აქვს, რომ ისინი მხოლოდ ამის დემონსტრირებისათვის აუცილებელი მხარდაჭერაა და სხვა არაფერი. აი, რატომ უნდა იყოს აქ ტექნიკაზე უპრიანი მუშაობის (技) მეთოდი (法), როდესაც 技法-ს ვთარგმნით.
ქვესათაური 練習上ノ心得, რომელიც უშიგომის დოჯოში გამოკრულ მითითებებს გვაუწყებს წინასწარ, ასევე ნიშანდობლივია.
心得 ცოდნას, ინფორმაციას, სწავლას ნიშნავს და არავითარ შემთხვევაში სიფრთხილესა და სიფხიზლეს. ჯონ სტივენსი კი ამ სათაურს თარგმნის, როგორც სიფრთხილის გამოჩენა ვარჯიშის დროს (Precautions for training). ამგვარი მოქმედებით ის თვითნებურად ამახვილებს ყურადღებას ვარჯიშის უსაფრთხოების პირობებზე და საერთოდ უგულებელყოფს 心得-ის შინაარსს. მაგრამ თუკი უსაფრთხოება ვარჯიშის დროს აუცილებელია, სტივენსის მიერ წინ წამოწეული სიფრთხილე სრულებითაც არ არის ო-სენსეის მითითებების მთავარი საზრუნავი, და თარგმანი მითითებები ვარჯიშისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იაპონური ტექსტის შინაარსს, აშკარად უმჯობესი უნდა იყოს.
ამ მითითებებს შორის გვხვდება ეს, მე-5 პუნქტში, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ მას არაფერი აქვს საერთო სიფრთხილესთან:
日々ノ練習ニ際シテハ先ッ體ノ變更
ყოველდღიური ვარჯიში იწყება ტაი ნო ჰენკოთი
ფუძემდებლის ამ უმთავრეს მითითებაში ჯონ სტივენსი 體ノ變更-ს თარგმნის, როგორც „საბაზო მოძრაობებს“ (basic movements) და წერს: ყოველდღიური ვარჯიშისას დაიწყეთ საბაზო მოძრაობებით (In daily training, begin with basic movements).
კი მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, 體ノ變更 ტაი ნო ჰენკოა. რატომ უნდა შეიცვალოს ის „საბაზო მოძრაობებით“? „საბაზო მოძრაობების“ დაწერა ადამიანს აფიქრებინებს, რომ ვარჯიში ერთგვარი ტანვარჯიშით, მოთელვა-გახურებით უნდა დაიწყოს, რაც მარტივ მოძრაობებზეა დაფუძნებული. არადა ტაი ნო ჰენკოს არაფერი აქვს საერთო ასეთ აზრთან, ტაი ნო ჰენკო პრინციპის ფიზიკური გამოხატულებაა და ის სულ არაა ტანვარჯიში. ის პრინციპის პირველი გამოვლინებაა უნიკალური, ფუნდამენტური ფორმით, რომელიც ყოველთვის ერთნაირია და რომელზეც ო-სენსეი გვეუბნებოდა, ყოველი ვარჯიშის წინ პირველ რიგში სწორედ ეს უნდა გააკეთოთო. ეს იმისთვისაა, რომ თითოეულმა გაიგოს ბოლოს და ბოლოს, რომ აქ საქმე გვაქვს პრინციპთან და გაიფიქროს გულის სიღრმეში, აი რა უნდა ავამოქმედოთ ახლაო. სამი გვერდის მოშორებით, მე-2 ნაწილში, ო-სენსეის მიერ მისი წარმოდგენა აიკის მოქმედების პრინციპის ამოქმედების მოდალობად ტაი ნო ჰენკოს ფუნდამენური მნიშვნელობის დადასტურება გახლავთ. ამ ყოველივეს საერთო არაფერი აქვს ინგლისურ თარგმანში მოხსენიებულ მოთელვა-გახურების ტანვარჯიშთან, რასაც მკითხველი არასწორ გზაზე გაჰყავს და ო-სენსესის სწავლებასთან ახლოს მისვლაში აშკარად ხელს უშლის.
თანაც, თუ გნებავთ უფრო მარტივად, რატომ ითარგმნა ასე ჩახლართულად ეს გამოთქმა, ტაი ნო ჰენკო, როცა ის ყველა აიკიდოკასათვის კარგად ნაცნობია და ისინი მიჩვეულნი არიან მისი იაპონური ფორმულირებით გამოყენებას?
რა თქმა უნდა, ყველამ მიაქცია ყურადღება, რომ ამ გვერდის დასაწყისიდან ტაი ნო ჰენკა (體ノ變化) წერია და (წარმოითქმის) როგორც ტაი ნო ჰენკო (體ノ變更). ამის მიზეზი, ცხადია, ისაა, რომ თავად ო-სენსეი იყენებს აქ კანჯის 更 ტაი ნო ჰენკოს დასაწერად, მაშინ როცა სხვაგან ყველგან ხმარობს კანჯის 化 იმისათვის, რომ დაწეროს ტაი ნო ჰენკა.
ეს გარემოება დამატებით საშუალებას გვაძლევს, დავასრულოთ ძველისძველი კამათი აიკიდოს მოვარჯიშეთათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ამ გამოთქმის სწორი წარმოთქმის შესახებ: ო-სენსეი ფაქტობრივად ორივე წარმოთქმას იყენებდა, რომლებიც ორ განსხვავებულ დაწერილობასა და ორ შინაარსობრივ ნიუანსს შეესაბამებოდა ერთი და იმავე გამოთქმისათვის. აქ იგი დიდი დახვეწილობით გვაგებინებს, რომ პრინციპია ტაი ნო ჰენკა (化), როდესაც ის ამოქმედდება თავის სტრატეგიულ განზომილებაში, რაც კონფლიქტის რეალობას უკავშირდება და რომ ეს არის ტაი ნო ჰენკო (更), როდესაც საქმე ეხება მის განმეორებას ისევ და ისევ, და თავიდან, ყოველ დღე, თითოეული ვარჯიშის დასაწყისში. კანჯის 更 (kō) მართლაც აქვს სხეულის შეცვლის პერმანენტულ გამეორებასთან სრულიად მორგებული ორივე შინაარსი: ის ერთდროულად ნიშნავს შეცვლასაც და ჩანაცვლებასაც, და ამავე დროს, ხელახლა, ახლებურად.
როდესაც ო-სენსეის აქცენტის გაკეთება ვარჯიშის დასაწყისში მოქმედების პრინციპის აუცილებელ სისტემატურ გამეორებაზე სურდა, მაშინ ის ტაი ნო ჰენკოს ამბობდა, როგორც ამას ვარჯიშისათვის გასათვალისწინებელ მითითებებში აკეთებს მე-8 გვერდზე, მაგრამ როდესაც ის პრინციპზე მსჯელობდა თავის სტრატეგიულ შესრულებაში, მაშინ ამბობდა ტაი ნო ჰენკას, როგორც ამას 體ノ變化-ის დაწერის მანერა გვიჩვენებს ბუდოს მთელ დარჩენილ ნაწილში.
თუკი უზადო ლოგიკის გამოა, რომ ოსტატმა უეშიბამ არ დაასურათა ირიმი-ტენკას პრინციპი ბუდოს მე-11 გვერდზე, თავს უფლებას მივცემ — და თან უდიდესი მოწიწებით — მე დავასურათო აქ ეს და, ცხადია, ამისთვის გამოვიყენო ტექნიკა, რომელიც საუკეთესოდ განასახიერებს ირიმის პრინციპს, როგორც ჩვენ ეს ერთხელ უკვე ვნახეთ: ირიმი ნაგე. ამ მიყოლებით გადაღებულ სურათებზე ვხედავთ, როგორ შედის ო-სენსეი მარცხენა ფეხით (ირიმი), რასაც მყისიერად მოჰყვება უკანა, მარჯვენა ფეხის 180°-იანი ტრიალი წინა ფეხის გარშემო (ტაი ნო ჰენკა):

ეს სრული მოძრაობა აიკის ირიმი-ტენკას პრინციპია და ის სამი საწყისიდან (კამაე, ირიმი და ტაი ნო ჰენკა) იბადება.
მაშასადამე, არსებობს პრინციპი (იჩი რეი), შობილი სამი საწყისიდან (სან გენ), და ეს იმ ეზოთერული ფორმულის მიხედვითაა, რომლის ხმარებაც ასე უყვარდა ფუძემდებელს: იჩირეი, შიკონ, სანგენ, ჰაჩირიკი.
ამ წიგნის V თავში ჩვენ კიდევ დავუბრუდებით ო-სენსეის სწავლების ამ ასპექტს, მას შემდეგ, რაც აღმოვაჩენთ II და III თავებში, თუ რას შეესაბამება შიკონ და ჰაჩირიკი.
ჯუნბი დოსას დასასრული
მაშასადამე, ირიმი-ტენკათი ჯუნბი დოსა დასრულებულია, ამიერიდან ვიცით, როგორ უნდა მოემზადოს შევარდენი და როგორ უნდა იმოქმედოს მან. მორიჰეი უეშიბამ სკრუპულოზურად ახსნა და ნაბიჯ-ნაბიჯ გვიჩვენა ამ თავში, თუ როგორ მუშაობს აიკის მოქმედების პრინციპი თავისებური საწყისი დგომიდან, რომელსაც ჰანმი-ირიმი ეწოდება.
ასახსნელი რჩება აიკის ოთხი დიდი კანონი და ამასთან საჩვენებელია, თუ როგორ გამოიხატება მათი საშუალებით პრინციპი, რომლის ფუნქციონირებაც ახლახანს აღწერა მან ჯუნბი დოსებში.
მზერისაგან დამალული ამ რაღაცეების საჩვენებლად სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, უნდა გამოეყენებინა მასალა, რომელსაც (აიკიდოს, ანუ სწავლების მეთოდის თვალსაზრისით თუ განვიხილავთ) სახელად ტექნიკა ჰქვია. მაგრამ ახლა ის ტექნიკაზე არ დაგველაპარაკება, აიკიდოს მოძრაობებს მხოლოდ ქარგად გამოიყენებს, რათა გვიჩვენოს, რომ სამყაროს ჰარმონიის წყალობით აიკის მოძრაობები სპონტანურად ჩნდება, რომ ისინი მომენტის საჭიროებასთან შესანიშნავადაა მორგებული, და თან ისე, რომ ეს ჰარმონია ადამიანთა მხრიდან შესაბამისი მოქმედების შესარჩევად ჩატარებული გამოთვლების შედეგი არ არის.
ამგვარი რეალობა გასაოცარია, მაგრამ ის სულაც არ არის ზებუნებრივი, ფიზიკის კანონებს ემორჩილება, რომლებიც იაპონურ ენაში რიაის კონცეფციით გამოიხატება. მალე ვნახავთ, რომ ბუდოს გაგრძელება ამ კანონების განმარტებას წარმოადგენს.
…გაგრძელება იქნება…
ფილიპ ვოარინო
2025 წლის ოქტომბერი
წყარო : https://www.aikidotakemusu.org/le-livre-cache-du-fondateur-de-laikido-junbi-dosa-fin-irimi-tenka-ru-shen-zhuan-hua/
