Categories
ო-სენსეის წიგნი

აიკიდოს ფუძემდებლის გადამალული წიგნი – შესავალი #1

მე დიდი ხნის განმავლობაში მიცხოვრია ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას ხის პატარა სახლში, ივამაში, და მის საძინებელ ოთახში მიძინია.

გვერდი ტადაში აბესა და ჟან ძინის წიგნიდან აიკი-დო, 1958 წელი

დღეს 2025 წლის 8 ივნისია და მე 68 წლის გახდი. უკვე 40 წელია, აიკიდოს ვასწავლი. ცოტა ხნის წინ სერჟი, ჩემი ერთ-ერთი პირველი მოწაფე, გარდაიცვალა. რამდენიმე საათით ადრე კი ერთად ვსვამდით ყავას და ვლაპარაკობდით წიგნზე, რომელიც დღეს აქ, თქვენ თვალწინაა. მაშინ ეს ჯერ კიდევ გეგმა იყო. გამომშვიდობებისას ბოლო სიტყვებით სერჟმა ამ გეგმის განსახორციელებლად გამამხნევა. ის ვერ წაიკითხავს ამ წიგნს, მაგრამ მე ის დავწერე. მისი სიტყვები მივიღე ნიშნად, რომ დადგა მომენტი, როდესაც მე სხვებს უნდა გავუზიარო ის, რასაც ბუდოს კითხვისას ჩავწვდი. ჩემთვის ეს ერთგვარი საშუალება აღმოჩნდა იმისა, რომ მისი თვითმკვლელობისათვის რაიმე აზრი მიმეცა.

აიკიდოს შესწავლა ნახევარი საუკუნის წინ, 1977 წელს, ნიცის ჯიუდოს კლუბში, რობერ ბოგართან დავიწყე. ის ჯიუდოს დიდი მასწავლებელი იყო და ცოტა რამ თუ იცოდა აიკიდოს შესახებ, მაგრამ მისი წყალობით ამ ხელოვნების ორი ოსტატი გავიცანი: ჯერ ნობუიოში ტამურა და შემდეგ პიერ შასანი.

ტამურა სენსეი აიკიდოს დიდი პრაქტიკოსი იყო. მას ჩემთვის თავისი ცოდნა არ გადმოუცია. მიუხედავად იმისა, რომ მან დაწერა წიგნი, სათაურით ეტიკეტი და ცოდნის გადაცემა — რის დროსაც მე მასთან ვთანამშრომლობდი — მჯერა, რომ მას თავისი ცოდნა არასდროს და არავისთვის გადაუცია ისე, რასაც სინამდვილეში გადაცემა ჰქვია. აქ მე არ მეთქმის ამის ნამდვილი მიზეზი. მაგრამ ჩემი ცხოვრების იმ პერიოდში, როდესაც ჩემს ახალგაზრდობას ენთუზიაზმი სჭირდებოდა, მისმა მასტიმულირებელმა პრაქტიკამ მე აიკიდოს შესწავლის სურვილი გამიჩინა. მასთან ჩემი ურთიერთობა 1989 წელს შეწყდა, მას შემდეგ, რაც მორიჰირო საიტო სენსეი მოვიწვიე საფრანგეთში ორკვირიანი ტურნესათვის.

პიერ შასანი ჩემი მასწავლებელი და მეგობარი იყო. ის ნამდვილი მეომარი იყო, გენერალ დე გოლს შეუერთდა კარლტონ გარდენში, ლონდონში, მას შემდეგ, რაც თავისი ყაზარმიდან გამოიპარა 18 ივნისის მოწოდებამდეც კი [იგულისხმება შარლ დე გოლის მიერ 1940 წლის 18 ივნისს ლონდონიდან, რადიო BBC-ს საშუალებით გაკეთებული მოწოდება] და შემდეგ, მთელი ომის განმავლობაში თავისუფალი საფრანგეთის პირველ დივიზიაში იბრძოდა. 1953 წელს ის ტადაში აბეს მოწაფე გახდა. ტადაში აბე გუშინდელი მტერი და იაპონიის კაპიტულაციის წყალობით ცოცხლად გადარჩენილი ახალგზარდა კამიკაძე იყო, აიკიდოს ფუძემდებლის მოუსვენარი მოწაფე ივამაში 1944-1951 წლებში, სადაც მისი სემპაი კოიჩი ტოჰეი, კოჰაი (ახალგაზრდა მოწაფე) კი მორიჰირო საიტო იყო. პიერმა მე აიკიდოს სულისკვეთება ამ ხელოვნებისადმი მიძღვნილი თავისი გრძელი და თავგადასავლებით სავსე ცხოვრების გამოცდილებითა და დიდი გატაცებით გადმომცა. ჩვენი მეგობრობა სამ ათწლეულს გაგრძელდა და, უცნაურია და, 2013 წლის 26 აპრილს, ზუსტად იმ დღეს დასრულდა, რა დღესაც ორმოცდაოთხი წლით ადრე მორიჰეი უეშიბა გარდაიცვალა.

1986 წელს მორიჰირო საიტოს მოწაფე გავხდი და ეს მის სიკვდილამდე, 2002 წლამდე გაგრძელდა. ის დიდი ოსტატი იყო, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თავისი ყოველდღიური ცხოვრება 23 წლის განმავლობაში აიკიდოს ფუძემდებელთან ერთად გაატარა. მე ვიცხოვრე ივამაში მასთან ერთად, როგორც მან იცხოვრა ამ პატარა სოფელში მორიჰეი უეშიბასთან ერთად ოთხი ათწლეულით ადრე. ადგილის სიმცირის გამო მე დიდხანს მომიწია თავად ო-სენსეის ხის პატარა სახლში ცხოვრება:

ო-სენსეის ხის პატარა სახლი ივამაში

მიძინია მის საძინებელ ოთახში, 1957 წელს ანდრე ნოკეს მიერ ნაჩუქარი ლიმოჟის ფაიგურით შესრულებული მისი პორტრეტის ქვეშ:

ო-სენსეის საძინებელი ოთახი ივამაში და საფრანგეთის მიერ 1957 წელს ნაჩუქარი პორტრეტი

გავეცანი მისი ბიბლიოთეკის ნაშრომებს და დამიკეცია მისი თეთრი ჰაკამა, რომელიც დაჭმუჭნული ეგდო კომოდის ერთ-ერთ უჯრაში. მივარჯიშია მისი ხმლითა და შუბით, რომლებიც იმხანად ჯერ კიდევ ეწყო  დოჯოს იარაღის სადგამზე:

ო-სენსეის მოკლე შუბი — ფოტო გადაღებულია ივამას დოჯოს კამიზას წინ

ფუძემდებლის სულითა და ისტორიით გაჟღენთილ ამ ადგილას საიტო სენსეიმ გადმომცა ტექნიკა ზუსტად იმ ფორმით, როგორითაც ო-სენსეი ასწავლიდა მათ, 1989-1991 წლებში გადმომცა აიკი კენისა და აიკი ჯოს ხუთივე მოკუროკუ, 2001 წელს კი მეექვსე დანი.

მე იაპონიაში ტურიზმისთვის არ წავსულვარ, არამედ გამეშურე იმ იმედით, რომ იქ ვიპოვიდი იმას, რასაც ევროპაში ამაოდ ვეძებდი წინა ათი წლის განმავლობაში: იმ ხელოვნების შინაარსს, რომელსაც მე მივდევდი, აიკიდოს შინაარსს. სწორედ ამ სულისკვეთებით ჩავედი პირველად ტოკიოში 1986 წლის თებერვლის თვის ერთ ყინულივით ცივ ღამეს. დამშეული ვიყავი (პირდაპირი და ირიბი გაგებით). ინტერნეტის შექმნამდე ხუთი წლით ადრე და მობილური ტელეფონების არსებობამდე ათი წლით ადრე ჩემი მომზადების დონე ასეთი იყო იმხანად: ვიცოდი ოთხი სიტყვა იაპონურად, ჯიბეში კი ტელეფონის ნომერი, გულუბრყვილობის გარკვეული დოზა და, მგონი, ბედნიერი ვარსკვლავიც მედო.

მისამართი იყო აიკი შურენ დოჯო, ივამა, იბარაკი-კენ. წარმოდგენაც კი არ მქონდა, როგორ უნდა ჩავსულიყავი სოფელ ივამაში, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იქ ჩასვლისას დარბაზის მიმართულება უნდა მეკითხა სადგურის უფროსისთვის…

ტოკიოში მყოფი სტენლი პრანინის ტელეფონის ნომერი მქონდა და მეორე დილასვე დავურეკე. კაფეში, რომელშიც ის გავიცანი და სადაც ცხოვრებაში პირველად გავსინჯე დონატის გემო, მან ქაღალდის ნაგლეჯზე სამი სიტყვა დამიწერა იაპონურად და გამომიწოდა: „ივამა მადე, კუდასაი“ (ივამისკენ, თუ შეიძლება). მადლობა გადავუხადე, ეს ძვირფასი საშვი დიდი სიფრთხილით შევინახე ჩემს პორტფელში და მანაც ასე თუ ისე, რაღაცნაირად მაინც მიმიყვანა იბარაკის პრეფექტურამდე. როდესაც, როგორც იქნა, აიკი შურენ დოჯოს შესასვლელამდე მივაღწიე, თოვდა…

პატარა „საკურთხეველი“ ივამას დოჯოს შესასვლელთან

 …გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წელი, აგვისტო

წყარო : https://www.aikidotakemusu.org/le-livre-cache-du-fondateur-de-laikido-introduction-1/