თუკი ბუდო მკითხველთა ფართო მასებისთვის განკუთვნილი არ იყო, აბა მაშ რა იყო? ეს გახლდათ მორიჰეი უეშიბას საჩუქარი იმ მეცენატებისათვის, რომლებიც ფინანსურად დაეხმარნენ მას აიკიდოს აღმოჩენაში.

…გაგრძელება
ბუდოს ბედი
ამის შემდეგ არაერთხელ შევხვდი სტენლი პარანინს, რადგან იმხანად ყოველ კვირა ჩამოდიოდა ტოკიოდან ივამაში საიტო სენსეის გაკვეთილებზე დასასწრებად. ვხვდებოდით ტატამზე და შემდეგ თითო ჭიქასაც გეახლებოდით ხოლმე, როდესაც ის მატარებელს ელოდებოდა, რითიც უნდა დაბრუნებულიყო. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ის დამელაპარაკა ბუდოზე და მიამბო, თუ როგორ ბედზე აღმოაჩინა ეს წიგნი სრულიად შემთხვევით.
მძიმედ ვცდებოდით, როდესაც წარმოგვედგინა, რომ მორიჰეი უეშიბა 1930-იანი წლების ერთ მშვენიერ დღეს დაჯდა და გონებაში გაივლო აზრი, დაეწერა წიგნი, რომლითაც ის აიკიდოს მკითხველთა ფართო მასებს გააცნობდა. ეს დრომოჭმული აზრი ნაყოფია თანამედროვე აზროვნებისა, რომელიც შეჩვეულია, იფიქროს, რომ, ერთი მხრივ, ბუნებრივია, ადამიანმა მზის სინათლეზე გამოიტანოს და თანაც შეუზღუდავად ის, რაც თავად იცის და, მეორე მხრივ, რომ შესაძლებელია, ეს ცოდნა ქაღალდზე დაიტანოს და ასე გადასცეს სხვას. ეს ტრადიციული იაპონური ხელოვნებების შესახებ წარმოდგენის არქონის ნიშანია, სადაც ყველაფერი დაფარულ-გასაიდუმლოებულია და ის შეიძლება აღმოაჩენოს მხოლოდ იმან, ვინც ამ გზას წრფელი გულით დაადგება. მაშასადამე, პირველი პირობა ძებნა-ძიებაა. დააკაკუნეთ და გაგიღებენ, მხოლოდ ასე ხდება და ბუდო აიკიდოს ვულგარიზაციის მცდელობისაგან ისეა დაშორებული, მეტი რომ არ შეიძლება. ო-სენსეი თადარიგს იჭერს და თავის წიგნში წერს, რომ ეს ტექნიკები არ უნდა გაუმჟღავნდეს ფართო პუბლიკას განურჩევლად.
თუკი ბუდო მკითხველთა ფართო მასებისთვის განკუთვნილი არ იყო, აბა მაშ რა იყო?
რა და, ბუდო საჩუქარია, მადლიერების ნიშანია მორიჰეი უეშიბას მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც აქტიურად დაუჭირეს მხარი და სხვადასხვაგვარად დაეხმარნენ მას აიკიდოს აღმოჩენასა და ამ აღმოჩენის დახვეწის საქმეში და რომლებთანაც ვალში იყო მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ამ მეცენატთაგან პირველი იაპონიის იმპერატორის ცოლის ღვიძლი ბიძაშვილი, პრინცი კაია ცუნენორი იყო და ეს ნაშრომიც სწორედ მას მიუძღვნა. მადლიერება გამოხატა ყველას მიმართ, რანგისა და დამსახურების მიხედვით. თუმცა სხვებმაც მიიღეს ეს საჩუქარი. ასე მოხდა, რომ ივამელი აკაძავების ოჯახს წიგნის ერთი ეგზემპლარი ერგო მადლიერების ნიშნად იმ არსებითი როლისათვის, რომელიც მათ შეასრულეს 70 აკრი მიწის შესყიდვის საქმეში იბარაკის პრეფექტურის ამ პატარა სოფლის განაპირას, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. მორიჰეი უეშიბა იქ საბოლოოდ 1942 წელს დაფუძნდა. დიდი დახმარება გაუწიეს მისმა თანამორწმუნეებმა ომოტო-კიოს სექტიდან — თანდათანობით აშენდა მისი სახლი, შემდეგ აიკი ჯინკა (აიკიდოსადმი მიღძვნილი საკურთხეველი), და ბოლოს დოჯო ომის შემდგომის წლების განმავლობაში.
ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ძენძაბურო აკაძავა, ო-სენსეის მოწაფე გახლდათ 1930-იან წლებში. სტენლი პრანინმა მას ინტერვიუ ჩამოართვა ივამაში, მასთან სახლში, 1980 წელს. ერთ მომენტში, თავისი სიტყვების გასამყარებლად ბუდო ახსენა. სტენლი, რომელიც ვერ მიხვდა, რაზე იყო ლაპარაკი, ჰკითხა, რას გულისხმობთო. აკაძავა წამომდგარა, ბიბლიოთეკიდან წიგნი გამოუღია და მისთვის უჩვენებია. ეს მთელ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა სტენლი პრანინის, აიკიდოს ისტორიის მკვლევრისათვის. ხელში საუნჯე ეჭირა: აიკიდოს ფუძემდებელს წიგნი დაუწერია, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა.
ძნელი მისახვედრი არ არის მიზეზი ამ არცოდნისა, თუკი გვეცოდინება მიზანი, რომელიც მორიჰეი უეშიბას ჰქონდა დასახული, როდესაც თავის ნაშრომს აქვეყნებდა, ავტორის ხარჯით, 1938 წელს. როდესაც ვინმეს საჩუქრად უნდა ესა თუ ის წიგნი რამდენიმე რჩეული ადამიანისთვის, მას არ გამოსცემს ათი ათას ეგზემპლარიანი ტირაჟით. შეიძლება დაბეჭდოს ოცი, ან ორმოცდაათი ეგზემპლარი, თუ დიდი სანაცნობო წრე ჰყავს. მაშასადამე, ბუდო ძალიან მცირე ოდენობით გამოიცა და აქედან ალბათ ცოტა თუ გადაურჩა იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელ არეულობებს. სტენლი პრანინის მიერ ასეთ უცნაურ ვითარებაში აღმოჩენა რომ არა, თითქმის დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი სამუდამო დავიწყებას მიეცემოდა.
რომ შევიქმნათ წარმოდგენა იმ კონფიდენციალურობის შესახებ, რომელიც ამ წიგნის ირგვლივ მეფობდა, საკმარისია, გავიხსენოთ, რომ მორიჰირო საიტომ მისი არსებობს შესახებ არაფერი იცოდა, მაშინ როცა მან პრაქტიკა 1946 წელს, წიგნის გამოცემიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო და ფუძემდებელთან უახლოეს კონტაქტში გაატარა თავისი ცხოვრების 23 წელი, მასზე ყოველდღიურ ზრუნვასა და მისი მეთვალყურეობით ვარჯიშში 1969 წლამდე — ო-სენსეის გარდაცვალებამდე. მან წიგნის არსებობის შესახებ სტენლი პრანინისგან შეიტყო, რომელმაც აკაძავასგან ნათხოვარი ეს ეგზემპლარი აჩვენა. ადვილი წარმოსადგენია მისი გაოცება.
ამ აღმოჩენის შემდგომ წლებში სტენლი პრანინი, რომელიც ზრუნავდა, რომ ფუძემდებლის ეს ნაშრომი მომავალი თაობებისთვის გადაეცა და აცნობიერებდა, რომ მისი პროფესიული საქმიანობა მას ავალდებულებდა, ეს ამოცანა საუკეთესოდ შეესრულებინა, ხელახალი გამოცემის (რეპრინტის) სახით ათას ეგზემპლარად დააბეჭდინა იაპონურ ენაზე, ზუსტი ასლი იმ დედნისა, რომელიც მას აკაძავამ ათხოვა. ბუნებრივია, მისი გავრცელების ნებართვა სთხოვა ო-სენსეის ვაჟსა და საავტორო უფლების მფლობელს, დოშუ კიშომარუ უეშიბას, და ასევე კისაბურო ოსავას, აიკიკაის იმდროინდელ რუხ კარდინალს. მისი ერთადერთი მოთხოვნა იმ ხარჯების ანაზღაურება იყო, რომელიც მან ამ საქმეში გასწია. ეს ნებართვა მისთვის არასოდეს მიუციათ. მან ეს მიამბო გრძნობით, რომელშიც თანაბრად იყო სევდაცა და ბრაზიც. ეს 1987 წლის ზაფხულის ერთ დღეს მოხდა, როდესაც მას სტუმრად ვეწვიე შინ, ტოკიოში და გაკვირვებულმა დავინახე ჭერამდე ახორხლილი მუყაოს დასტები, რომლებიც მისი ბინის შესასვლელს ხერგავდა. სიტყვას საქმე დაურთო თან, დასტიდან ბუდოს ერთი ეგზემპლარი გამოაძრო და გამომიწოდა. სწორედ ასე, სტენთან ერთად მის საცხოვრებელი სახლის ძირას იაკისობას საჭმელად ჩასულმა გადავფურცლე პირველად ეს უცნაური ბედისწერის მქონე წიგნი. აქამდე ის მხოლოდ საიტო სენსეის ხელში მენახა. რაღაც ხნით ადრე სტენლიმ მასაც აჩუქა ერთი ეგზემპლარი, რომელიც საიტო სენსეის სულ თან დაჰქონდა, დედამიწის ყველა წერტილში, სადაც კი სემინარებს ატარებდა და ყველას აჩვენებდა, რომ მისი სწავლება სრულად, ყველა პუნქტში იდენტური იყო ფუძემდებლის სწავლებისა. ვისაც უნახავს საიტო სენსეი, როგორ უფრიალებდა ცხვირწინ გაოგნებულ დასავლელებს, რომელთაც ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდათ იაპონურისა, და ამასთან თავის სათვალესაც სთავაზოვობდა, მათ უკეთ რომ წაეკითხათ, ეს მომენტები ღიმილით ახსენდება.
მაშასადამე ორმაგად უნდა ვუმადლოდე სტენლის, რომ მე ამ არც თუ ისე ჩვეულებრივ წიგნს გადავეყარე: პირველ რიგში იმიტომ, რომ მან ის აღმოაჩინა და მეორეც, იმიტომ რომ, მიუხედავად კიშომარუ უეშიბას მხრიდან მტკიცე აკრძალვისა, მან მეგობრულად მაჩუქა ერთ-ერთი ეგზემპლარი. სტენლი 2017 წელს გარდაიცვალა. იმედი მაქვს, სამუშაო, რომელიც ამ ამბის გაგრძელება იქნება, post mortem შესძენს აზრს მის სულგრძელობას და ამასთან გამოხატავს ჩემს ღრმა მადლიერებას, რათა გვახსოვდეს, რომ ო-სენსეის სწავლების გაშიფვრა ბუდოს ახსნით (რაც მომდევნო გვერდების საგანს წარმოადგენს) შეუძლებელი იქნებოდა ამ საქმეში სტენლი პრანინის არსებითი მონაწილეობის გარეშე.
სტენლი პირველი იყო, ვინც ბუდოს მნიშვნელობას მიხვდა. 1977 წელს იაპონიაში დაფუძნების შემდეგ, წიგნის აღმოჩენამდე სამი წლით ადრე, დიდად აღფრთოვანებული იყო საიტო სენსეით, რომლის გაკვეთილებსაც რეგულარულად ესწრებოდა. თუმცა სტენლი დარწმუნებული არ გახლდათ, თავად საიტო სენსეის ხშირი მტკიცების მიუხედავად, რომ მისი სწავლება ზუსტი ანარეკლი იყო ფუძემდებლის სწავლებისა. საიტოში ის დიდ მასწავლებელს ხედავდა, მაგრამ თავისი გარკვეული თავისებურებებით, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, გოძო შიოდა და კოიჩი ტოჰეი. ო-სენსეის ამ პატარა ნაშრომის წაკითხვამ გაუფანტა ეს ეჭვები: აშკარად ერთი და იგივე იყო თვით სწავლებაც, ყველა მოქმედება, ყველა სიტყვა, ყველა ახსნა-განმარტება ემთხვეოდა ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე საიტოს არასდროს ენახა წიგნი და ამიტომაც ვერავინ შეიტანდა ეჭვს იმაში, რომ იქიდან კვებავდა თავის სწავლებას. აქედან სტენლიმ ეს რევოლუციური დასკვნა გამოიტანა:
თუკი არავითარი განსხვავება არ არსებობს ო-სენსეის მიერ საიტოსთვის 1946-1969 წლებში ნასწავლებ აიკიდოსა და 1938 წლის აიკიდოს შორის (უფრო ადრინდელსაც ეხება ეს — 1935 წელს ოსაკას ასაჰი შინბუნში გადაღებული კინოფირი, რომელზეც ო-სენსეია ასახული, საკმარის დამაჯერებლობას სძენს ამ აზრს), აიკიდოს თანამედროვე ევოლუცია არის მოვლენა, რომელიც შეუძლებელია, ფუძემდებელს ეკუთვნოდეს.
მაშასადამე, ეს ევოლუცია უეჭველად აიკიკაის ჰომბუ დოჯოს, ტოკიოს ცენტრალური დარბაზის სწავლებას უკავშირდება, სადაც ეს სწავლება კიშომარუ უეშიბას ტექნიკური მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწავლება, რომელსაც ავრცელებს აიკიკაი და რომელიც მთელ მსოფლიოში აიკიდოს ავთენტურობის განარტადაა წარმოდგენილი, სინამდვილეში ფუძემდებლის სწავლებას დაშორდა, ხოლო ისინი, რომლებიც ო-სენსეის სწავლების ერთგულნი დარჩნენ, დღეს გზასაცდენილებად არიან მიჩნეულები. და მაშინ სტენლი მიხვდა, რომ „ივამას სტილი“ (Iwama style, როგორც გაიჯინები [არაიაპონელები] ეძახდნენ), არ ყოფილა სხვადასხვა სტილთაგან ერთ-ერთი, აიკიდოს განსხვავებული ფორმა, არამედ ო-სენსეის სწავლების ზუსტი ფორმა გახლდათ. და ის მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აიკიკაის აიკიდო, აიკიდო, რომელსაც წიგნებში ოფიციალური ეწოდა, სინამდვილეში გადახრილ-გადაგვარებული ფორმაა და არასწორად მიიჩნევა საფუძვლად და სარწმუნო წყაროდ, რასაც შეიძლება ადამიანი დაეყრდნოს.
რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, სწორედ ასე მოხდა — ძალები, რომლებიც საკუთარ ინტერესს მიჰყვებიან, იღებენ იმათ ფორმას, რომლებიც წინათ ნამდვილ იმპულსებს იძლეოდნენ. ასეთია ადამიანთა მოდგმის ისტორია და თანაც ყველა სფეროში. სტენლი პრანინმა არგუმენტებით გაამყარა ეს მოსაზრება 1996 წელს Aikido Journal-ის 109-ე ნომრის სარედაქციო წერილში, სათაურით “Is O Sensei really the father of modern Aikido ?” (მართლა იყო თუ არა ო-სენსეი თანამედროვე აიკიდოს მამა?).
ასეთი ჭეშმარიტება ისეთი ბუნებისა გახლდათ, როგორიც ეჭვქვეშ აყენებს აიკიკაის ავტორიტეტს მთელ მსოფლიოში და კიშომარუ უეშიბაც, ალბათ კისაბურო ოსავას რჩევით, მიხვდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თავიდან აეცილებინა მამამისის წიგნის ხელახალი გამოცემა (რეპრინტი). ამას სტენლი პრანინის გარდა შეიძლება სხვა ადამიანებიც მიეყვანა ამავე დასკვნამდე. აი, რატომ არის, რომ უეშიბების ოჯახის მიერ დადებული ვეტოს გამო აიკიდოს ფუძემდებლის მიერ დაწერილი ერთადერთი წიგნის შოვნა იაპონურ ენაზე დღესაც შეუძლებელია…
… გაგრძელება იქნება
ფილიპ ვოარინო
2025 წელი, სექტემბერი
წყარო : https://www.aikidotakemusu.org/le-livre-cache-du-fondateur-de-laikido-introduction-2/
