კიომ (教) კაჯო (ケ条) ჩამოაგდო ტახტიდან, ტექნიკებმა კი ის ადგილი დაიკავა, რომელიც იქამდე, როგორც წესი, კანონებს ეკავა.
გაგრძელება…
“Coincidentia oppositorum”
ქვის კარი(岩戸)
1970-იან წლებში, როდესაც მე აიკიდო დავიწყე, დოჯოებში ჯერ კიდევ გაიგონებდით სიტყვას კაჯო (ケ条), როგორც ძველი დროიდან შემორჩენილ გადმონაშთს. არავინ კარგად არ იცოდა, რა იყო ეს, არავის ესმოდა კავშირი კაჯოსა და კიოს (教) (იკიო, ნიკიო და ა. შ.) შორის, მაგრამ ყველა კარგად ერგებოდა ამ არცოდნას. მომდევნო ათწლეულებში ეს სიტყვა და ის, რასაც ის ნიშნავდა, ნელ-ნელა თანამედროვე აიკიდოს ქვიშის ქვეშ ჩაიმარხა. იმხანად ისეთ მეცნიერ ვირებსაც კი წააწყდებოდა ადამიანი, რომლებიც ამტკიცებდნენ, იკაჯო, ნიკაჯო, სანკაჯო და იონკაჯო იკიოს, ნიკიოს, სანკოისა და იონკიოს ძველი დასახელებებია და ამაზე უარი იმიტომ ითქვა, რომ ორმაგი სახელწოდებები საჭირო აღარ იყოო…
ასე და ამგვარად, ყველასათვის შეუმჩნევლად, ამ დიადი ჩანაცვლებით გააქრეს ნამდვილი ღირებულებები. კიომ ტახტიდან ჩამოაგდო კაჯო. თუმცა იმხანად ვერავინ მიხვდა — და ვშიშობ, რომ მას შემდეგ თუნდაც სულ მცირე პროგრესი მაინც მოხდა — რომ ჯამბაზური ფოკუსით ტექნიკებმა ის ადგილი დაიკავა, რომელიც იქამდე კანონებს ეკავა. რადგან კაჯოები, როგორც ამას სულ მალე ვაჩვენებთ, კანონებია, დიდი პრინციპებია, რომლებიც აიკიდოს სტრუქტურას წარმოადგენს და საიდანაც ტექნიკები იბადება. აიკიდოს მოძრაობები ჩნდება იმდენად, რამდენადაც მათ ეს კანონები არეგულირებს იმ წესრიგის საშუალებით, რომელიც ტექნიკების მარტივი მოძრაობების წესრიგი სულ არ გახლავთ და რომელსაც ესა თუ ის ადამიანი სწავლობს და იზეპირებს და თან ფიქრობს, რომ მოქმედებისას უზენაეს არჩევანს აკეთებს. ტექნიკები იმ კანონების გამოხატულებაა მხოლოდ და მხოლოდ, რომლებიც მათ წარმოქმნის ადამიანური ფაქტორის შუამავლობით — რაც, რასაკვირველია, აუცილებელია — მაგრამ რომლებსაც პრეტენზია ვერ ექნება დამოუკიდებლობაზე. ამიტომაც თანამედროვე აიკიდო, რომელმაც ამ ტექნიკების ცალ-ცალკე დასახელებები აირჩია, ვეღარ ხედავს მთლიანობაში იმას, რაც მათ წარმოქმნის, რადგან ამ ფუნადმენტური კანონების ცოდნა თანდათანობით დაიკარგა. ემანსიპირებულ ადამიანს გაუჩნდა რწმენა, რომ ის მარტო, ინდივიდუალურად და თავისუფლად წარმოქმნიდა ტექნიკებს.
სხვა ასპექტებს შორის ეს წიგნი გახლავთ მცდელობა იმის საჩვენებლად, რომ ადამიანის თავისუფლება თუკი არსებობს, ის არ აიგება გაბერილ ეგოზე, არ აიგება იმ კავშირის დავიწყებით კანონების სამყაროსთან, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს მასთან. აიკის გზაზე ამგვარი დამოკიდებულება სწორი გზიდან გადახვევას იწვევს. სწორი გზიდან გადახვევის საჩვენებლად ძნელად შესადავებელი საშუალებაა ბუდოში იმ მტკიცებულების ძებნა, რომ ო-სენსეი ტექნიკებს არ მიიჩნევდა თავისთავად, დამოუკიდებელ რამედ, არამედ პირიქით, თვალწინ ყოველთვის ის უზენაესი წესრიგი ჰოქნდა, რომელიც ყველა ტექნიკის სათავეს წარმოადგენს. სწორედ ამ წესრიგს უწოდებდა იგი სახელად ტაკუმუსუს (武産).
ამ წესრიგის ცოდნისა და პატივისცემის გარეშე აიკის კარი დახურული რჩება და აიკიდოც უბრალო ტანვარჯიშად იქცევა. თანაც აიკიდო ბევრად მეტია, ვიდრე სპორტი. ო-სენსეის მიხედვით მეთოდი გვაძლევს საშუალებას, გავაღოთ ქვის კარი 岩戸開キ (ივატო ბირაკი). ეს ფრაზა მას ეკუთვნის და ის ბუდოს შესავალში წერია(გვერდი 4):

სხვათა შორის, უცნაურია და, შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ აქ, რომ მორიჰეი უეშიბა ივა-მაში (岩間), ქვიან ადგილას ცხოვრობდა და რომ სწორედ ივა-მაში გააღო მან ქვის კარი (岩戸) აიკი-დოთი, აიკის მეთოდით. ეს სახელი ოფიციალურად სწორედ იქ უწოდა, ივა-მაში, სადაც 1942 წელს დარჩენილი ცხოვრების გასატარებლად დაფუძნდა.
თუმცა დავუბრუნდეთ ტადაში აბეს.
რაც შეეხება მას, ის საფრანგეთში დაფუძნდა 1952 წლის პირველ თვეებში. მაშინ ოცდაექვსი წლისა იყო და აქტივში აიკიდოს სულ რამდენიმეწლიანი პრაქტიკა ჰქონდა. ასეთ ახალგაზრდა მასწავლებელს, რაგინდ ნიჭიერიც არ უნდა ყოფილიყო, რაოდენ ძლიერი ხასიათიც არ უნდა ჰქონოდა და თუნდაც ფუძემდებლის შიდა მოწაფეც (უჩი დეში) ყოფილიყო უწვეტად შვიდი წლის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდული ცოდნა თუ ექნებოდა ასეთ დიდ და ვრცელ ხელოვნებაში. ამას არ ვამბობ მისი დამსახურებების დასაკნინებლად, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ასაკს და სწავლის ხანრძლივობას დიდი მნიშვნელობა აქვს და რომ იმხანად ის ტრადიციული პროგრესიის, შუ-ჰა-რის (守破離) მიხედვით შუ (守) ფაზაში იქნებოდა და, აქედან გამომდინარე, ჯერ მხოლოდ იმის გამეორება შეეძლო, რაც მიღებული სწავლებისას ჰქონდა დამახსოვრებული. ეს სწავლება კი ექსკლუზიურად ო-სენსეის სწავლება გახლდათ. ამიტომაც შეგვიძლია დავამტკიცოთ და თანაც ეს შეცდომის შიშის გარეშე გავაკეთოთ, რომ სწავლება, რომელიც 1958 წელს გამოცემულ ამ ორ ტომშია, სხვა არაფერია, თუ არა ფუძემდებლისგან მიღებული სწავლების უტყუარი ასლი — ცხადია, ამასთანავე ის, რაც მან ამ სწავლებიდან გაიგო. ამ რეალობის დასტურს ტადაში აბეს შესავალში იხილავთ, რომელიც მისივე წიგნისთვის აქვს წამძღვარებული. ის გადაჭრით უარყოფს იმ მეთოდის ორიგინალობას, რომელსაც ის წარმოადგენს და ღიად აცხადებს თავისი მასწავლებლის სწავლების უცვლელობას და მის მიმართ ერთგულებას (ამას თავად უსვამს ხაზს ტექსტში) :

ამგვარი განწყობა ტადაში აბეს მიდგომას საპირისპიროდ განასხვავებს მინორუ მოშიძუკის მიდგომისაგან, რომელმაც აიკიდოს სწავლება დანამატად მიიღო ჯიუდოსა და კარატეს დაწინაურებულ ცოდნასთან ერთად. ამ გარემოებებმა და მოშიძუკის რწმენამ, რომ იაპონიის ტრადიციულ საფრძოლო ხელოვნებებს გაქრობის საფრთხე ემუქრებოდა და მათი გადარჩენა იყო საჭირო ერთიან მეთოდში მოქცევით, ის ამ სამი დისციპლინის სინთეზის შემუშავებამდე მიიყვანა, რაც მის პირად საბრძოლო მეთოდად იქცა. იქ აიკიდოც იყო, მაგრამ ადაპტირებული და ნაწილობრივი სახით. 1957 წელს ჯიმ ალშეიკის მიერ ფრანგულად ნათარგმნი მისი ნაშრომის სათაური — „აიკიდოს და ჯიუ-ჯიცუს ჩემი მეთოდი“ — ნათლად გვაჩვენებს იმ ხელოვნების პერსონალიზაციას, რომელსაც ის სიცოცხლის ბოლომდე ასწავლიდა. და მიზანში, რა თქმა უნდა, სწორედ მოშიძუკი იყო ამოღებული იმ შეტყობინებაში, რომელსაც ტადაში აბეს შესავლის ბოლოს ვხვდებით:
„ეს სწორედაც ერთადერთი ნაშრომია, რომელიც ფრანგი მოწაფეების განკარგულებაშია და რომელიც ჩემი მასწავლებლის სრულ მეთოდს შეესაბამება, რაც ზოგიერთმა იაპონელმა ექსპერტმა თავის პირად მეთოდად გარდაქმნა…“
ეს ფუნდამენტური განსხვავება აიკიდოსადმი მიდგომაში ნიშანდობლივია სათაურშივე, რომელიც ტადაში აბემ შეურჩია თავის წიგნს: „აიკი-დო,ოსტატი მორიჰეი უეშიბას მიერ შექმნილი უნიკალური მეთოდი“. ეს სათაური მოშიძუკის წიგნის სათურის ანტიპოდია. პირიქით, ეს არის მტკიცება, რომ მოწაფეს არაფერი შეუცვლია მასწავლებლის ხელოვნებაში, რომ ის მხოლოდ მიღებული სწავლების უცვლელად გამეორებით კმაყოფილდება და მას თავისას არაფერს ამატებს. სიტყვების არჩევანს თავისი მნიშვნელობა აქვს, არ დაგვავიწყდეს, რომ ტადაში აბემ კარგად გამოიყენა საფრანგეთში ყოფნა, სამართალი შეისწავლა სორბონაში და ლაპარაკობდა ფრანგულად, მიუხედავად იმისა, რომ ამას მოკრძალებით უარყოფს შესავალში.

წამით შევჩერდეთ ტერმინ მეთოდზე, რომელიც მუდმივად მოიხსენიება საფრანგეთში აიკი-დოს ამ ორი წინამორბედის ნაშრომებში. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ 道-ს (დო) ვთარგმნით, როგორც გზას. არადა ეს ამ კანჯის მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო შინაარსია, რადგან მას თანაბრად ასევე ხერხის, საშუალების, მეთოდის მნიშვნელობაც აქვს. რასაკვირველია, ზოგადი გაგებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აიკი-დო აიკის გზა არის, მაგრამ უფრო ზუსტი, უფრო პრატქიკული და ამასთან ლეგიტიმური შინაარსით აიკი-დო უწინარესად აიკისთან მისასვლელი მეთოდია. და სწორედ ამ მეორე მნიშვნელობით ესმოდათ და ხმარობდნენ მას მინორუ მოშიძუკი და ტადაში აბე, რაგინდ განსხვავებულიც არ უნდა ყოფილიყო ერთმანეთისგან მათი მეთოდები. მართლაც, თავიანთი წიგნების სათაურებში道-ს (დო) ორივენი თარგნიდნენ, როგორც მეთოდს და დეფიზიც აიკისა და დოს შორის, რაც სისტემატური იყო იმ დროისთვის, სრულად იძენს მთელ თავის შინაარსს. რადგან ნებისმიერი მეთოდი გააზრებული მოქმედებებისა და ორგანიზებული პრაქტიკის ერთიანობაა გარკვეული მიზნის მისაღწევად. და ჩვენ ვიხილეთ I თავში, რომ სწორედ ეს გაგება დევს სიტყვაში ბუდო, როდესაც მას ისე ვკითხულობთ, როგორ საჭიროა: არა როგორც ზოგადი ფილოსოფიის წიგნი საბრძოლო გზის შესახებ, არამედ უფრო ნაშრომი, განკუთვნილი პრაქტიკული ცოდნის მისაცემად, ომის ხელოვნების სწავლების მეთოდი, მაშასადამე საბრძოლო მეთოდი (ბუ-დო).
მორიჰეი უეშიბას წიგნის ეს არსებითი ასპექტი — რომელიც, ცხადია, არ ეწინააღმდეგება გზის გაგებას — ინგლისურ თარგმანში გზის ტრანსცენდენტული ბუნებისაკენ სისტემატური წარმართვით წაიშალა და კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც ო-სენსეის ცხოვრება როგორც ჰაგიოგრაფია, ისე წარმოგვიდგინეს.
ამასთან, მორიჰეი უეშიბა ყოველთვის ხაზს უსვამდა გზის გასაგებ და ხელმისაწვდომ ბუნებას. კანძოუ მიურას მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში, რომელიც 1932 წელს გამოქვეყნდა სათაურით 現出の超人 (გენშიცუ ნო შოჯინ), ზეკაცის გამოჩენა, ის, ვისაც იმხანად მორიკატა უეშიბა ერქვა, არაორაზროვნად პასუხობს შეკითხვას მისტიციზმზე:
დამკვირვებლის თვალით თქვენი ფარიკაობა სრულიად ელექტრულს ჰგავს, ტენგუს (იაპონური დემონი) ცეცხლოვანი მოძრაობების მსგავსად . რაიმე მეთოდი დგას ამის უკან? თუ მოწინააღმდეგეს ინსტინქტურად უტევთ რაიმე დაფარული ძალის წყალობით?
აი ოსტატი უეშიბას პასუხი:
„არსებობს კონკრეტული მეთოდი.“
ეს მეთოდი ყველამ შეიძლება შეისწავლოს?
„დიახ, ეს შესაძლებელია.“
კატეგორიული პასუხი, რომელსაც მორიჰეი უეშიბა სცემს აქ კანზოუ მიურას, დასტურია იმისა, რომ აიკიდო მართლაც უნდა მივიჩნიოთ მეთოდად და მე დიდ მადლობას ვუხდი კრისტოფერ ლის, რომელმაც ეს ინტერვიუ იპოვა და გამოაქვეყნა ბლოგში l’Aikido Sangenkai.
მეთოდი, რომელზეც ო-სენსეი ლაპარაკობს აქ, ის მეთოდია, რომელზეც ტადაში გვამცნობს ნათლად თავისი წიგნის ყდაზევე და რომელზეც ამბობს, ეს ჩემი მეთოდი არ არის, არამედ აიკიდოს ფუძემდებლისააო. ფაქტობრივად, მალე ვნახავთ, რომ ამ ორი ტომიდან პირველი ჯუნბი დოსას იდენტური გამეორებაა, ზუსტი ასლია იმისა, რაც ბუდოს შესაბამის თავში ფიგურირებს და რაც ჩვენ აქ პირველ თავში გავაანალიზეთ.
ტადაში აბეს წარდგინების მსგავსება ო-სენსეის წარდგინებასთან იმდენად მკაფიოა, რომ შეიძლება ვიფიქროთ, ტადაშის წაკითხული ხომ არ ჰქონდა ბუდო და ერთი ეგზემპლარი თან ხომ არ ჰქონდა ჩემოდანში, როდესაც საფრანგეთში ჩავიდაო. მართლაც, დიდი შანსია იმისა, რომ ო-სენსეის ეს წიგნი მამამისისთვის, საიმპერატორო კართან დაახლოვებული მეწარმისთვის და წლების მანძილზე მისი აიკიდოს დოჯოს დამფინანსებლისთვის ეჩუქებინა, რომელიც ამის გამო ხელგაშლილ შემომწირველთა თვალსაჩინო წარმომადგენელი გახდა, ვისთვის მადლობის სათქმელადაც ფუძემდებელმა ბუდო დაწერა.
1952 წელს მარსელში ჩასვლისას, როდესაც გემის კიბით პორტში ჩავიდა, ტადაში აბეს „რივ ნევის“ სანაპირო უნდა გადაეკვეთა და პირდაპირ ჟან ზენის პროვანსის დოჯოს მიადგებოდა. ჟან ზენს მაღაზია ჰქონდა ძველი პორტის ქუჩაზე. მან ტადაში თავისთან მიიღო, დააბინავა, მისი პირველი მოწაფე და, სიმართლე ითქვას, პირველი აიკიდოკა გახდა საფრანგეთში. რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ მან შეასრულა მნიშვნელოვანი სამუშაო ტადაში აბეს სწავლების ადაპტირებისა და წარდგენის საქმეში თავისი წიგნის შესაქმნელად.
ვფიქრობ, აქ პატივი უნდა მივაგოთ ამ უსამართლოდ დავიწყებულ ბატონს, პიონერთა შორის პიონერს, რომელიც ენთუზიაზმით, პატიოსნებითა და თავმდაბლობით იღვაწა იმხანად სრულიად უცნობი დისციპლინისათვის. ის პირველი ფრანგი იყო, რომელმაც აიკიდოს უნივერსალური ღირებულება ირწმუნა. დიდი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში საფრანგეთსა და მთელ ევროპაში, როდესაც პირველ ევროპელ მოვარჯიშეებს პირველი ღირებული და განვითარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი, საფრნაგეთის ეროვნული მეთოდი მისცა, როგორც ამას თავად წერს თავისი ნაშრომის სატიტულო გვერდზე. როდესაც ტადაში აბე იაპონიაში დაბრუნდა, სწორედ მან მიიღო მისი მემკვიდრეები და მეგობრები და ყოველგვარი მხარდაჭერა აღმოუჩინა მათ: მასამიჩი ნოროსა და მუცურო ნაკაძონოს 1961 წელს, ნობუიოში ტამურას 1964 წელს, ისევე როგორ თავად ტადაში აბეს ათი წლით ადრე.


თანამედროვე აიკიდო, რომელმაც არ იცის, რომ სწორედ ჟან ზენის მიერ შექმნილ ფუნდამენტზე აღმოცენდა და გაიხარა, მას ერთ უბრალო და ჩვეულებრივ ჯიუდოკად მოიხსენიებს. ეს დიდი უმადურობაა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც უკვე მესამე დანი ჰქოდნა აიკიდოში თავად ო-სენსეი მორიჰეი უეშიბასაგან, როდესაც ვინმე ანდრე ნოკე იოკოჰამაში ჩავიდა ტოკიოს აიკიკაიში აიკიდოს შესასწავლად.
აიკიდოს წარდგინების ზენისეული „გაფრანგულება“ დამახასიათებელი იყო იმ დროისათვის. დღეს ეს ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ეს მხოლოდ წვრილმანია და მეტი არაფერი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ნაშრომში ბუდოს ყველა ელემენტს ვხვდებით, დაწყებული თავით „კონსტრუქციული მოქმედებები“, რომლის სათაურიც უკვე ახლოსაა ბუდოს „მოსამზადებელ მოქმედებასთან“.
მეტიც, ტადაში აბემ ყველა ის პუნქტი გაიმეორა, რომელსაც ო-სენსეი განიხილავს და თანაც იმავე თანამიმდევრობით: ჰანმი (გვ. 29), კამაე (გვ. 33), ტაი ნო ჰენკა, რომელსაც ამ შემთხვევაში ტაი საბაკი ჰქვია (გვ. 34), როპო (გვ.41), ირიმი და ირიმი-ტენკა, აღწერილი რუბრიკაში საბაზო მოძრაობები. ყურადღება მივაქციოთ, რომ როპოც არის და რომ ტადაში აბე მას ათავსებს რუბრიკაში გადაადგილება. ეს კი ააშკარავებს, რომ მან მორიჰეი უეშიბასგან ისწავლა ჰანმი და როპო და რომ გააზრებული ჰქონდა, რომ აქ ერთსა და იმავე, ოღონდ განსხვავებული კუთხით განხილულ რამეზეა ლაპარაკი. მან იცოდა, რომ ჰანმი აღწერს იმ პოზიციას, რომელსაც სხეულს ფიზიკურად იღებს, მაშინ როცა როპო ყურადღებას ამახვილებს პოტენციურ გადაადგილებაზე ექვსი მიმართულებით, რის საშუალებასაც ეს დგომი იძლევა.
ის ამბავი, რომ ტადაში აბე ასე სრულად, ლამის ასლივით იმეორებს ბუდოში ჯუნბი დოსასადმი მიძღვნილ თავს, რომ სკრუპულოზურად იცავს ფაზებს და რომ ბუდოს მსგავსად, ნაშრომის დასაწყისში ათავსებს მას, უტყუარად მოწმობს, რომ ეს სწავლება უშაულოდ ო-სენსეისგან მომდინარეობს. ესაა დასტური იმ მნიშვნელობისა, რომელსაც ფუძემდებელი ანიჭებდა მას, როგორც აიკის მოქმედების პრინციპის ჩვენებას, როგორც ამ პრინციპისთვის მომზადებას და როგორც შესავალს იმ დიდი კანონებისათვის, რომელთა მიხედვითაც ეს პრინციპი იწყებს მუშაობას და რომლებიც სხვადასხვა ტექნიკას წარმოშობს.
თუმცა მომზადება ყველაფერი არ არის, როგორც კი მოქმედების პრინციპი გადმოცემულია, თავის მხრივ, ეს დიდი, ფუნდამენტური კანონებიც აუცილებლად უნდა იყოს ნაჩვენები და განმარტებული, ვინაიდან ბოლოს სწორედ მათი საშუალებით სრულდება აიკის მოძრაობების ფორმირება. და რაკი შეუძლებელია კანონის ჩვენება ადამიანის სხეულით მისი ეფექტების, მისი გამოვლინების გარეშე, ტადაში აბე იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რა პრობლემის წინაშეც დადგა ო-სენსეი თავის ბუდოში. მის ხელთ არსებული ერთადერთი მასალა, რისი გამოყენებაც შეიძლება ამ კანონების საჩვენებლად, ტექნიკაა, სხვაგვარად არ გამოდის. და ამ დროს ის უმკაცრესად იცავს იმას, რაც მორიჰეი უეშიბასგან ჰქონდა ნასწავლი.
ჩვენ ვიცით, რომ ტადაში აბეს ო-სენსეის გარდა სხვა მასწავლებელი არ ჰყოლია, მაშასადამე ამ კანონებს ეს მხოლოდ და მხოლოდ მისგან და სხვა ვერავისგან ისწავლიდა. ეს საკმარისი იქნებოდა იმ კანონების საჩვენებლად, რომლებიც მას თავის ნაშრომში აქვს წარმოდგენილი, ისევე როგორც ჯუნბი დოსა, უშუალოდ ო-სენსეისგან მიღებული სწავლება. მაგრამ თუკი ამავე კანონების ზუსტად ამავე სახით ნახვა ო-სენსეის წიგნშიც შეიძლება, მაშინ ეს იქნება მტკიცებულება და შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენს ხელთ აიკის დიადი კანონებია, ისე როგორც ამას მორიჰეი უეშიბა ხსნის და რომლებიც სრულიად უცნობია თანამედროვე აიკიდოსთვის.
ჩვენ ვაჩვენებთ მეორე თავში, რომლებია ეს კანონები და ამისთვის გამოვიყენებთ ტადაში აბეს მიერ გადმოცემულ მასალას, მესამე თავი კი გამოგვადგება იმის საჩვენებლად, რომ სწორედ ამ კანონების ჩვენებისთვისაა მიძღვნილი ო-სენსეის წიგნი.
გაგრძელება იქნება…
ფილიპ ვოარინო
2025 წლის ოქტომბერი
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/chapitre-ii-les-lois-kajos-ketiao/
