Categories
ო-სენსეის წიგნი

თავი II – #7 – დასკვნა კაჯოების სისტემის შესახებ

თუკი არსებობს ოთხი კაჯო, ეს იმიტომ ხდება, რომ არსებობს ადამიანის ხელის სახსრების სამი შესაძლო კომბინაცია. მეტი არ არის და სწორედ ამიტომ ლაპარაკობს ო-სენსეი „ბუდოში“ მხოლოდ ოთხ კანონზე.

… გაგრძელება

მაშასადამე, ვიპოვეთ პასუხი კითხვაზე, რომელიც მესამე კაჯოს ბოლოს დაისვა. ადამიანის ხელს მეოთხე სახსარი არ აქვს, რასაკვირველია, კაჯოები არ არის დანომრილი გამოყენებული სახსრების რიცხვის მიხედვით. ეს ინტერპრეტაცია იოლი იყო, ცხადი ჩანდა პირველი სამი კაჯოს შემთხვევაში, მაგრამ არ გვაძლევს იმის ახსნის საშუალებას, თუ რატომ არის მეოთხე კაჯოც. ოთხი კაჯო არ შეესაბამება უშუალოდ ხელის სახსრების რაოდენობას, ისინი ხელის სამი სახსრის ოთხ შესაძლო კომბინაციას შეესაბამება. თუკი არსებობს ოთხი კაჯო, ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის კონტროლის ოთხი ხერხი არსებობს მისი ხელის სამი სახრსის საშუალებით:

1- იდაყვის სახსრით, რომელიც ხელს ორ, ზედა და ქვედა (წინამხარი) ნაწილებად ყოფს: ესაა პირველი კანონი, როგორც ო-სენსეი უწოდებს მას „ბუდოში“, ეს იკიოა, რომელსაც ბრუნვის ორი, სიმატრიული მიმართულება აქვს.

2- ხელის ქვედა ნაწილის ორი სახსრით, მაჯითა და იდაყვით: ესაა მეორე კანონი, როგორც ო-სენსეი უწოდებს მას „ბუდოში“, ეს ნიკიოა, რომელსაც ასევე ბრუნვის ორი, სიმატრიული მიმართულება აქვს.

3- მთლიანი ხელის სამი სახსრით, მაჯით, იდაყვითა და მხრით: ესაა მესამე კანონი, როგორც ო-სენსეი უწოდებს მას „ბუდოში“, ეს სანკიოა, რომელსაც ბრუნვის მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს.4- ხელის ზედა ნაწილის ორი სახსრით, იდაყვითა და მხრით: ესაა მეოთხე კანონი, როგორც ო-სენსეი უწოდებს მას „ბუდოში“, ეს იონკიოა, რომელსაც ბრუნვის მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს.

მხოლოდ ეს ოთხი კომბინაციაა შესაძლებელი, არ არსებობს სხვა და ამიტომაც არსებობს მხოლოდ ოთხი კანონი. მართლაც, მარტო მაჯას არ შეუძლია გააკონტროლოს სხეული, არც მხოლოდ მხარს შეუძლია გააკონტროლოს სხეული და მაჯასა და მხარს ერთად არ შეუძლიათ გააკონტრონოლონ სხეული ისე, რომ მათთან ერთად იდაყვიც არ იყოს ჩართული საქმეში. ეს კარგად ჩანს მესამე კაჯოს შემთხვევაში.

ახლა შევეცადოთ და ამ კანონებს სახსრების კონტროლის შესახებ სამყაროს ტრადიციული ხედვის ჩარჩოებში შევხედოთ, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ ყველა ქმნილება თავდაპირველი წერტილის გაყოფის შედეგია. მეცნიერება სიცოცხლეს ამავენაირად განიხილავს, როდესაც გვიჩვენებს, რომ რთული არსება თავის არსებობას საწყისი უჯრედის მარტივი გაყოფით იწყებს. გაყოფის ამ ოპერაციით წარმოშობა ორმაგ რეალობას იძენს: ის არსებობს, როგორც ყველაფრის წინაპირობა, მაგრამ ასევე წარმოდგენილია მის მიერ წარმოქმნილ ფენომენებში, რამდენადაც თითოეული მათგანი, ამა თუ იმ ეტაპზე, ამ წარმოშობის საწყისი დაყოფის შედეგია. პირველ ეტაპზე, საწყისი ორად იყოფა და ეს დუალობის გაჩენაა. ამ ორმაგობაში საწყისი არ ქრება; ის უბრალოდ ორად იხლიჩება. გაყოფის დაწყებისთანავე, ის კავშირს ამყარებს საწყისსა და პირველ დუალობას შორის. თუ საწყისი არის 1, ხოლო 2 დუალობაა, მაშინ 1-სა და 2-ს შორის ეს გამომდინარეობითი კავშირი შეადგენს 3-ს, ისე, რომ არაფრის დამატება არ ხდება საჭირო, ეს არის პირველი სამება: მამა, ძე და სულიწმინდა, თუ გვინდა, რომ მხატვრულად გამოვსახოთ… სამი ერთში.

ახლა ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება ამ მეტაფიზიკური პრინციპის გამოყენება ისეთ სფეროში, რომელიც ერთი შეხედვით ისეთივე  ნაკლებად ტრანსცენდენტული ჩანს, როგორც ხელის სახსრების კონტროლის ტექნიკა. კონტროლის საწყისი წერტილია იდაყვი (იკაჯო), რომელიც ხელს ორ ნაწილად ყოფს ორი მეორადი კონტროლის მიხედვით: იდაყვი-მაჯის კონტროლისა (ნიკაჯო) და იდაყვი-მხრის კონტროლის (იონკაჯო). ამგვარად – როგორც კოსმიურ მოდელში – დუალობა ერთი საწყისიდან ისე წარმოიშობა, რომ ეს საწყისი არ ქრება: იდაყვი მართლაც მაჯას უკავშირდება ხელის ქვედა ნაწილის კონტროლისთვის (კო ტე), ხოლო მხართან – ხელის ზედა ნაწილის კონტროლისთვის (ტაკა ტე). ამგვარად, იდაყვის კონტროლი სახეზეა როგორც თავდაპირველი ფორმით (იკიო-შიჰო ნაგე), ასევე სახეზეა ორ ტექნიკურ ფორმაში, რომლებიც თავდაპირველი ფორმიდან წარმოიშვა: ნიკიო-კოტე გაეშიდან და იონკიო-ტენჩი ნაგედან.

ერთი ტექნიკა პირველ ტექნიკურ დუალობად გაიყო. ეს შეიძლება ასე შეჯამდეს 1 = 2 : ერთი საწყისი ტექნიკა გაყოფის გზით პირველ ტექნიკურ დუალობას (ნიკაჯო-იონკაჯო) წარმოშობს. მიმართება ამ ტექნიკურ საწყისსა და პირველ ტექნიკურ დუალობას შორის მესამე ტექნიკურ დუალობას შეადგენს: კონტროლი მაჯა-იდაყვი-მხარი (სანკაჯო), რომელიც სანკიო-კაიტენ ნაგეს ტექნიკური ფორმით გამოიხატება, სადაც იდაყვი-საწყისი ცენტრალურ ადგილს იკავებს. ამ პროცესის მთლიანობა პირველ ტექნიკურ სამებას შეადგენს და ასეთ დროს შეგვიძლია, დავწეროთ, რომ 1 = 2 = 3. მეტაფიზიკური მოდელი სრულადაა ასახული აიკიდოს ტექნიკურ მოდელში და სწორედ ამის გამო ამბობდა ო-სენსეი, აიკიდო სამყაროს კანონების მიხედვით მოქმედებს და ამიტომაც ის სამყაროაო.

ეს ყველაფერი ერთი სქემით და ლეონარდო და ვინჩის ერთი ნახატით შეიძლება შეჯამდეს. როდესაც ბრძენი თითით მთვრეს აჩვენებს, სულელი თითს უყურებსო, ნათქვამია, თუმცა იოანე ნათლისმცემელი ცბიერად იღიმება, რადგან სასაცილოა ინფორმაციის დამალვა დღისით-მზისით, თუკი შემთხვევით თითი გაშვერილია არა მთვარის (ან ცის) საჩვენებლად, არამედ, როგორც ცოტა ნაჩქარევად მიიჩნევს ბრძენი, პირიქით, ხელის დასამალად:

კაჯოები ის ოთხი კანონია, რომლებიც ხელის სამი სახსრის გამოყენების წესს განსაზღვრავს. და ისევ ლეონარდო და ვინჩი გვაძლევს საშუალებას,  ეს ოთხი შესაძლებლობა ერთად და ნათლად ვიხილოთ ნახატზე, სადაც, საინტერესო დამთხვევაა და, მან იდაყვი თავდაპირველი ესკიზის ზუტად ცენტრში მოათავსა:

ამ ნახატის შემდეგ ყურადღება მივაქციოთ ჩანახატს, რომელიც ტანაკა ბანსენის მიერ 1976 წელს დაწერილ წიგნში, „აიკიდო შინზუი“-ში გვხვდება:

იაპონელები მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ.

მაჯვენა ჩანახატის მესიჯი შემდეგია: აიკი-დოს მეთოდი ადამიანისთვის ხელის საშუალებით წონასწორობის დაკარგვინებასა და მის ამგვარადავე კონტროლს გვასწავლის.

მარცხენა ფიგურის მთავარი აზრი ასეთია: ხელის ეს შესწავლა აგებულია ოთხი პრინციპის მიხედვით, რომლებიც მისი გამოყენების ოთხ მოდალობას განსაზღვრავს, სხეულის ცენტრალურ ღერძთან მიმართებაში და თანმიმდევრულად ჩართული სახსრების პროგრესირების მიხედვით.

ეს ემთხვევა კაჯოების შესახებ ჩვენს დასკვნებს და ამ მცირე ჩანახატში მოცემული ინფორმაცია ჩვენს ყურადღებას იმსახურებს. რადგან ტანაკა ბანსენმა აიკიდოს შესწავლა 1936 წელს მორიჰეი უეშიბასთან დაიწყო. ის აიკიდოს იმ მცირერიცხოვან ოსტატთაგან ერთ-ერთია, რომლებიც დამფუძნებელთან სწავლობდნენ როგორც ომამდე, ასევე ომის შემდეგ. 1951 წელს ო-სენსეიმ სთხოვა, ოსაკაში აიკიდოს დოჯო აეშენებინა, სადაც მას ჩასვლა და სწავლება შეეძლებოდა. 1952 წელს, დოჯოს მშენებლობის დროს, ტანაკა ბანსენი გადავიდა ივამაში, რათა დამფუძნებელთან ეცხოვრა, სადაც ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა. დოჯოს აშენების შემდეგ, ო-სენსეი გარდაცვალებამდე (1969 წლამდე) ოსაკაში ტანაკასთან დიდი ხნით რჩებოდა ხოლმე და ამის გამო ტანაკამ მისგან ბევრი რამ მიიღო:

ო-სენსეი 1955 – ოსაკა – ტანაკა ბანსენის დოჯო

ადვილად შეამჩნევდით, რომ ტადაში აბეს წიგნის თანამიმდევრობა არ არის დაცული ნახატზე, რომელიც ოთხი კაჯოს შესახებ შევასრულეთ. ისინი იქ აშკარად მოუწესრიგებლადაა წარმოდგენილი, როდესაც სპირალის სათავიდან იწყება:

1- ნიკიო – კოტე გაეში          (კანონი n°2)

2- სანკიო – კაიტენ ნაგე      (კანონი n°3)

3- იკიო – შიჰო ნაგე           (კანონი n°1)

4- იონკიო – ტენჩი ნაგე      (კანონი n°4)

ჩვენ ახლა ვნახავთ, რომ ეს ის თანამიმდევრობაა, რომელსაც ო-სენსეი იცავს „ბუდოში“, მაგრამ ამის მიზეზის ახსნა ჯერ ადრეა, ამას მომდევნო თავში დავინახავთ. უბრალოდ, ვთქვათ, რომ ეს გეგმა კაჯოების ბუნებრივ მიმდევრობას ემთხვევა და რომ ტანაკა ბანსენის ჩანახატის სპირალი ამ მიმდევრობის გამოხატულებაა.

რატომ არ არსებობს მეხუთე კაჯო

მაშასადამე, იკაჯო იდაყვით კონტროლის კანონია, ნიკაჯო მაჯითა და იდაყვით კონტროლის კანონია, სანკაჯო მაჯით, იდაყვითა და მხრით კონტროლის კანონია, იონკაჯო კი იდაყვითა და მხრით კონტროლის კანონია. არსებობს კი ხელის სახსრების კომბინირების მეხუთე შესაძლებლობა?

არა, როგორც ეს ვრცლად ვიხილეთ აქ.

აი, რატომ ვერ იარსებებს მეხუთე კაჯო. აი, როტომ მოიხსენიებს ო-სენსეი „ბუდოში“ მხოლოდ ოთხ კანონს, ოთხ კატეგორიას და არასდროს არაფერს ამბობს მეხუთე კანონის შესახებ.

ტადაშის პირველი ოთხი პრინციპი ზუსტად და დეტალურად შეესაბამება პირველ ოთხ კანონს, რომელიც „ბუდოშია“ მოხსენიებული. ამიტომაც აქედან შეგვიძლია დავუშვათ, რომ ტერმინ პრინციპს, რომელიც ჟან ზენმა შეარჩია ტადაში აბეს მითითებების ტრანსკრიპციაში, უფრო ზუსტი იქნება, თუ ვთარგმნით, როგორც კანონს, რადგან სწორედ ამ ტერმინს იყენებს ო-სენსეი (法). ეს უფრო მორგებული თარგმანი იქნება კანჯისთვის 条 კაჯოში (ケ条), რომელსაც გამყოფი ხაზის, სისტემის, წესისა და კანონის მნიშვნელობა აქვს.

მაგრამ რატომ არის მითითებული ტადაში აბეს წიგნში მეხუთე პრინციპის არსებობა? რატომ შემოაქვს ტადაშის მეხუთე კაჯო, მეხუთე კანონი, რომელზეც არსად არაფერს ამბობს ო-სენსეი?

იმიტომ, რომ ტადაში არ იყო დარწმუნებული და ეს მისი ფორმირების იმდროინდელ ეტაპს უკავშირდება. ის იმ უშუალოდ ომის შემდგომ თაობას მიეკუთვნებოდა და ამიტომ ჩვევად ჰქონდა საიტო სენსეის – მისი უმცროსი პარტნიორისა ივამაში ვარჯიშის დროს – მსგავსად, რომ გოკიო ეწოდებინათ იმ ტექნიკისთვის, რომელსაც მას შემდეგ ასე ეწოდება თანამედროვე აიკიდოში. არადა ო-სენსეი ასე არ უწოდებდა ამ ტექნიკას, რომელსაც, როგორც უკვე ვნახეთ, მოიხსენიებდა, როგორც კანონი ნომერი 1. ჩვენ ვრცლად ვილაპარაკეთ, თუ როგორ გაჰყავს თანამედროვე აიკიდო აზროვნების არასწორ გზაზე ამ ტერმინის დამკვიდრებას. ჰოდა ვერც ტადაში აბე გაექცა ამ გავლენას და მანაც დაიჯერა, რომ ეს სწავლება მკაფიოდ განსხვავდებოდა პირველი ოთხი კიოსაგან. არსებობს ოთხი სწავლება, ოთხი კიო (教), რომლებიც ოთხ კანონს (法 ho) შეესაბამება, რომლებიც, თავის მხრივ, ხელის სახსრების შესაძლო ოთხ კომბინაციას შეესაბამება. გოკიო, „მეხუთე სწავლება“ გაჭიმულ იდაყვს ბლოკავს, ამიტომაც სინამდვილეში ის პირველ სწავლებაა, გოკიო უბრალოდ იკიოს ფორმაა, ის პირველ კანონს, პირველ კაჯოს გვიჩვენებს და ის წარმოდგენილია ზევით, თავში იკაჯო 一ケ条… სწორედ ასე ესმოდა ოსენსეის.

ის, რაც მოხდა ომის შემდეგ გოკიოს შემთხვევაში, ეკვივალენტური იქნებოდა, დღეს თუ ვინმე მოინდომებდა მეექვსე კაჯოს შექმნას იმ საბაბით, რომ მოვარჯიშეებმა გადაწყვიტეს, როკიო დაერქმიათ ტექნიკისთვის, რომელსაც დღეისთვის ჰიჯი კატამე (ჰიჯი ჯიმე ოსაე) ეწოდება. ჰიჯი კატამე, როგორც ამას თავად სახელწოდება მიუთითებს, იდაყვის (ჰიჯი) და მხოლოდ მისი გაუძრავებაა, მაჯა საქმეში არ ერთვება, იმის საპირისპიროდ, რასაც დღეს ხშირად შეცდომით ასწავლიან. ამის გამო ჰიჯი კატამე იკიოს ენათესავება და ზუსტად ისევე მიეკუთვნება პირველ კაჯოს, როგორც გოკიო. ისევე არ არსებობს როკიო, როგორც არ არსებობს გოკიო და ისევე არ არსებობს მეექვსე კაჯო, როგორც არ არსებობს მეხუთე კაჯო.

პრობლემა, რომელსაც ფეხი წამოჰკრა ტადაში აბემ, ის გახლავთ, რომ არ იცოდა, სად მოეთავსებინა მოძრაობა, რომელსაც ის გოკიოს უწოდებდა. და თავისთვის შექმნა მეხუთე კაჯო. და რაკი კაჯოები საერთო პრინციპებს დაქვემდებარებულ ტექნიკათა ოჯახებია, მან იფიქრა, რომ გოკიო, ცხადია, მარტო ვერ იქნებოდა ერთ რომელიმე კაჯოში. ამასვე მიაკუთვნა ირიმი ნაგეს ტექნიკაც, რომელიც ასევე არ იცოდა, სად მოეთავსებინა (რასაც ზენი გადავსებას უწოდებდა). თუმცა კაჯოები მხოლოდ და მხოლოდ ხელის გამოყენების მეთოდებია, ირიმი ნაგე კი არ იყენებს ხელს და ამიტომაც ვერ მოთავსდება ვერცერთ კაჯოში. ირიმი ტექნიკური მეთოდი არ გახლავთ, როგორც ეს ვნახეთ I თავში, ირიმი აიკის ფუძემდებლური პრინციპია. ის გვხვდება ყველა ტექნიკაში, ის ყველაფრის გულია და არ უპირისპირდება არაფერს… ის იქმდეც კი გვხვდება, ვიდრე ტექნიკა გახდება ხილული.

სახელწოდებითა და იმ ჩვევით მოტყუებულმა, რომ გოკიოში მეხუთე სწავლება დაენახა, ტადაში აბე ვერ მიხვდა, რომ აქ საქმე მხოლოდ იკიოს ერთ-ერთ ფორმას ეხებოდა. ირიმი ნაგეს პრაქტიკით მოტყუებული ვერ მიხვდა, რომ ეს არ იყო ისეთივე მოძრაობა, როგორებიც გვხვდება კაჯოებში, რომ ეს პრინციპის გამოხატულებაა და სინამდვილეში კაჯოების ბუნებრივი მეთოდის მიზანია. სწორედ ამის გამო ის ვერ მიეკუთვნება ვერცერთ კაჯოს. ინტერპრეტაციის ამ ორმა შეცდომამ მას უბიძგა, რომ დაემატებინა მეხუთე კანონი იმ ოთხი კანონისთვის, რომლებზეც ფუძემდებელი ლაპარაკობს, რათა იქ „გოკიო“ და ირიმი შეეყვანა, რასაც „ბუდოში“ არსად და არასდროს აკეთებდა ო-სენსეი.

ამას ვამბობ ღრმა პატივისცემით, უდიდესი მადლიერებითა და სიყვარულით ტადაში აბეს მიმართ, რომელიც შეუცვლელი დამაკავშირებელი რგოლია ფუძემდებლის აიკიდოსა და მის მემკვიდრეობას შორის. ამ ახალგაზრდა კაცმა ოცდაათი წლის ასაკში ერთგულად გადმოგვცა ო-სენსეის მიერ გამოყენებული უნიკალური სწავლების მეთოდი და დაგვიტოვა აუცილებელი გასაღებები თუნდაც მის მიერვე გაკეთებული არასწორი ინტერპრეტაციის გასაგებადაც კი. და აქვე დავძენ, რომ მის მიერ 1957 წელს ჟან ზენთან ერთად დაწერილი წიგნის გარეშე, რომელიც დამფუძნებლის მეთოდის გამორჩეული დასტურია, ბუდოს გაშიფვრა დღეს უკვე შეუძლებელი იქნებოდა. ეს კარგად უნდა გვესმოდეს.

ამ თავის დასკვნად ღირს იმ რეალობის გამეორება, რომელიც ზემოთაა აღწერილი და რომელიც მორიჰეი უეშიბას შემდეგ დავიწყებას მიეცა: კაჯოები წარმოადგენს ბუნების მიერ შედგენილ გეგმას ირიმის შესასწავლად და ამისთვის ხელის სახსრები გამოიყენება. ეს გეგმა, რომელიც ადამიანის გონებას არ შეუმუშავებია, განსაზღვრავს ბუნებრივ მეთოდს, რომელიც ირიმის პრინციპის გაგებისა და მისი დაუფლების ერთადერთი გზაა. „ბუდო“ ო-სენსეის სურვილი და მცდელობაა, ახსნას ეს მეთოდი. თუმცა მის წიგნში ამ მცდელობით მიღებული ფორმები არც ისე თვალსაჩინოა და ჩვენც სწორედ ამ ფორმების ცხადად ჩვენებას შევეცდებით.

გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წლის დეკემბერი