Categories
ო-სენსეის წიგნი

თავი II – #5 – ნიკაჯო 二ケ条 – სანკაჯო 三ケ条

კაჯოები კანონებია და ისინი განსაზღვრავს კავშირებს, რომლებიც ტექნიკებს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს კანონები ადამიანის ხელის სახსრების ბლოკირებასთანაა მიმართებაში.

სანკაჯო

..გაგრძელება

2 – ნიკაჯო 二ケ条

ტადაში აბეს წიგნის მეორე პრინციპი აერთიანებს ორ მოძრაობას, რომლებიც ერთი შეხედვით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან: ნიკიოსა და კოტე გაეშის. პირველ კაჯოში წამოჭრილი საკითხი აქაც ჩნდება: რა არის ის კავშირი ამ ორ ტექნიკას შორის, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ისინი ერთსა და იმავე კატეგორიაში მოვათავსოთ?

პასუხი აქაც ორდონიანია:

1-    ნიკიოსა და კოტე გაეშის საერთო შეხების წერტილი ისა აქვთ, რომ ორივე ერთდროულად მაჯისა და იდაყვის სახსრებზე – და მხოლოდ ამ ორ სახსარზე – მოქმედებს.

A- ნიკიო მაჯისა და იდაყვის სახსრებზე პრონაციით (მიწისკენ) მოქმედებს,B- კოტე გაეში კი მაჯისა და იდაყვის სახსრებზე სუპინაციით (ცისკენ) მოქმედებს.

მეორე კანონი – ნიკაჯო

ტე (手) იაპონურად ნიშნავს ხელის მტევანს, მაგრამ ნიშნავს ასევე მკლავსაც. ტაკე-ტე (高手) მკლავის ზედა ნაწილია, იდაყვსა და მხარს შორის. კო-ტე (小手) ხელის ქვედა ნაწილია, იდაყვიდან თითების დაბოლოებამდე.მაშასადამე, კოტე გაეში არ ნიშნავს მაჯის ჩაკეტვას, როგორც ეძახიან არასწორად ინგლისურ თარგმანში (wrist lock), არამედ ეს ხელის იმ ნაწილის ჩატრიალებაა, რომელიც თითებსა და იდაყვს შორის მდებაროებს, ანუ წინამხრისა იდაყვის ჩათვლით.

მაშასადამე, ნიკიო და კოტე გაეში ერთი მოქმედების ორი საპირისპირო და კომპლემენტარული (პრონაცია-სუპინაცია, მიწა-ცა) ასპექტია, გამომდინარე ორი სიმეტრიული მოქმედებიდან, რომლებიც უკეს მაჯასა და იდაყვს ერთდროულად, ორი საპირისპირო მიმართულების როტაციით უბლოკავს. ეს პოლარულობა თანხვედრაშია დაოს პრინციპებთან.

ამ ტექნიკური მახასიათებლის შედეგი ის გახლავთ, რომ ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც ერთდროულად მოქმედებს უკეს მაჯასა და იდაყვზე – და მხოლოდ მაჯასა და იდაყვზე – შეიძლება კავშირში იყოს ან ნიკიოსთან, ან კოტე გაეშთან, როტაციის მიმართულების მიხედვით. ამიტომაც ნებისმიერი ტექნიკა, რომელიც ამ მოქმედების პრინციპს დაიცავს, დე ფაქტო მიეკუთვნება მეორე კაჯოს. ბევრნაირი ხერხი არსებობს ნიკიოს გაკეთებისა და ბევრნაირი ხერხი არსებობს კოტე გაეშის გაკეთებისა, მაგრამ ყოველი მათგანი ნიკაჯოს კატეგორიას მიეკუთვნება.

ამ სტადიაზე არ იქნება ინტერესს მოკლებული იმ მიმართების დანახვა, რომელიც იკაჯოსა და ნიკაჯოს შორის არსებობს. იკიოსა და შიჰო ნაგეს ტექნიკების ბრუნვა ერთმანეთის საპირისპიროა ვერტიკალურ ღერძზე. ნიკიოსა და კოტე გაეშის ტექნიკების ბრუნვა კი ერთმანეთის საპირისპიროა ჰორიზონტალურ ღერძზე. ასე და ამგვარად, პირველი კაჯოს მოძრაობათა ბრუნვა და მეორე კაჯოს მოძრაობათა ბრუნვა ერთმანეთში ქმნის ჯვარს: 

3 – სანკაჯო 三ケ条

იმის თქმა, როგორც აქამდე ვიქცეოდით, რომ კაჯოები აერთიანებს მოძრაობებს, რომლებიც ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულია, აზრის გამოთქმის ერთგვარი მანერაა, რომელიც სწორი არ არის. იგი შესაძლებელია მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ტექნიკებს როგორც ერთმანეთისგან განცალკევებულ, ინდივიდუალურ ფენომენებს ვუყურებთ, იმიტომ რომ ჩვენი აზროვნება თანამედროვეობის დასაწყისიდანვე ასეთი ხედვით ჩამოყალიბდა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამგვარი ხედვა სრულიად უცხო იყო ტრადიციული აზროვნებისათვის.

ო-სენსეი ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ რამეს ვერ ხედავდა, როდესაც იკიოსა და შიჰო ნაგეს, ან ნიკიოსა და კოტე გაეშს განიხილავდა. იგი ერთი რეალობის ორ ასპექტს ხედავდა, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ, მაგრამ კომპლემენტარულად გამოიხატებოდა. ვიდრე ტექნიკა დამოუკიდებელ რეალობად აღიქმება, ის გვაძლევს ხატებას, რომელსაც ჩვენ ასე თუ ისე ვითვისებთ აიკიდოს გაკვეთილების დროს, მაგრამ რომელსაც კავშირი არა აქვს ფუძემდებლის ტაკემუსუ აიკისთან.

მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ ამ ყველაფერს, ის დამოკიდებულებას სამყაროსთან გვიცვლის და მოქმედებაზე ახდენს გავლენას.

და მაინც, იმისათვის, რომ განმარტება მოსახერხებელი იყოს – დაე, მკითხველმა მომიტევოს საქმეს ასეთი გამარტივება – გავაგრძელებთ ტერმინოლოგიის ასე გამოყენებას, როგორც კაჯოების დასაწყისიდანვე ვიქცეოდით, იმის სათქმელად, რომ სანკაჯო, ტადაში აბეს წიგნის მესამე პრინციპი, ასევე აერთიანებს ორ მოძრაობას, რომლებიც ერთი შეხედვით სრულიად განსხვავდება ერთამენთისგან: სანკიოსა და კაიტენ ნაგეს. კიდევ ერთხელ ვსვამთ კითხვას, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ ორ მოძრაობას შორის, რაც საშუალებას გვაძლევს, ისინი ერთსა და იმავე კატეგორიაში მივათავსოთ.

პასუხი კვლავაც ხელის სახსრებს უკავშირდება:

სანკიოსა და კაიტენ ნაგეს საერთო შეხების წერტილი ის აქვთ, რომ ორივე მაჯის, იდაყვისა და მხრის სახსრებზე – და ამ სამ სახსარზე ერთდროულად – მოქმედებს.

მესამე კანონი – სანკაჯო

ამ ტექნიკური მახასიათებლის შედეგი ის არის, რომ ნებისმიერ მოძრაობა, რომელიც ერთდროულად მოქმედებს უკეს მაჯაზე, იდაყვსა და მხარზე, შეიძლება ან სანკიოს მივაკუთვნოთ, ან კაიტენ ნაგეს. ამიტომაც, ყოველი ტექნიკა, რომელიც მოქმედების ამ ყაიდას დაიცავს, დე ფაქტო მესამე კაჯოს მიეკუთვნება.

თუმცა ერთმა მნიშვნელოვანმა განსხვავებამ უნდა მიიპყროს აქ ჩვენი ყურადღება. პირველ და მეორე კაჯოებში ვნახეთ, რომ მიმართება იკიო-შიჰო ნაგე და მიმართება ნიკიო-კოტე გაეში, ორივე სიმეტრიული მიმართებებია: მოძრაობები კომპლემენტარულია ორ-ორად, იმიტომ რომ ბრუნვის მიმართულებებია საპირსიპირო. სანკიო და კაიტენ ნაგე კი ამ წესს არ ემორჩილება: სანკიოსა და კაიტენ ნაგეს ბრუნვა ერთი და იმავე მიმართულებით ხორციელდება (სწორედ ამის გამოა, რომ ერთიდან მეორეზე გადასვლა მოძრაობის შეუცვლელად შეიძლება). მაშასადამე, მიმართება, რომელიც მათ აერთიანებს ერთმანეთთან, არ არის სიმეტრიული მიმართება, ეს იდენტურობის მიმართებაა.

არავითარი ფუნდამენტური განსხვავება არ არსებობს სანკიოს, კაიტენ სანკიოსა, კაიტენ ნაგესა და ყველა იმ ტექნიკას შორის, რომელიც ხელის ამ სამ სახსარს ერთად უკეთებს მობილიზებას. ყველა ეს ტექნიკა სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ნიუანსებია ერთი და იმავე მოძრაობისა: არსებობს ერთადერთი მიმართულება, საითაც ეს სამი სახსარი ერთად შეიძლება იყოს მობილიზებული.

მცირე ხნით შევყოვნდეთ ამ მესამე კაჯოს შემდეგ და შევაჯამოთ ის ინფორმაცია, რომელიც აქამდე შევაგროვეთ:

1- კაჯოები არის კანონები, რომლებიც ერთმანეთთან სხვადასხვა ტექნიკებს აკავშირებს. ეს კანონები  ადამიანის ხელის სახსრების ბლოკირებასთანაა მიმართებაში.

2- ერთი და იმავე კაჯოს წიაღში ტექნიკები საერთო მახასიათებლით უკავშრდება ამავე კაჯოს სხვა ტექნიკებს. აქ გამონაკლისი არ გვაქვს. ეს მახასიათებელი განსაზღვრავს, რომ ესა თუ ის ტექნიკა ერთ რომელიმე კაჯოს უნდა მიეკუთვნოს და არა სხვას.

3- იკაჯოს ტექნიკების მახასიათებელი ერთი სახსრის – იდაყვის – ბლოკირებაში მდგომარეობს. სამი სახსრიდან ის ერთია, რომელიც საშუალებას იძლევა მარტომ გააკოტროლოს ადამიანის სხეული. არც მხოლოდ მაჯას და არც მხოლოდ მხარს არ შეუძლია ადამიანის სხეულის სრული კონტროლი.

4- ნიკაჯოს ტექნიკების მახასიათებელი ერთდროულად ორი სახსრის ბლოკირების საშუალებას იძლევა: მაჯისას და იდაყვისას.

5- სანკაჯოს ტექნიკების მახასიათებელი ერთდროულად სამი სახსრის ბლოკირების საშუალებას იძლევა: მაჯისას, იდაყვისას და მხრისას.

6- პირველი სამი კაჯო სასახსრო კონტროლის სამ შესაძლებლობას შეესაბამება, იმის მიხედვით, თუ რამდენ სახსარს ვიყენებთ ამისთვის, ერთს, ორს თუ სამს.

7- პირველსა და მეორე კაჯოებში არსებობს სიმეტრიის კანონი, რომელიც ისეთია, რომ თითოეული ამ კაჯოს ტექნიკებს ორ საპირისპირო და კომპლემენტარულ ქვე-ოჯახად ყოფს ბრუნვის ორი საწინააღმდეგო მიმართულების მიხედვით.

8- სიმეტრიის ეს კანონი არ არსებობს მესამე კაჯოში, ის იქ იდენტურობის კანონითაა ჩანაცვლებული: სანკაჯოში ტექნიკათა მხოლოდ ერთი ოჯახი არის.

ამგვარად წინ წავედით – იკაჯო ერთ სახსარს შეეხება, ნიკაჯო ორს, სანკაჯო კი სამს. მაგრამ ერთი კითხვა მაინც ჩნდება ამ აღმოჩენის შემდეგ, რადგან ახლა, როდესაც მე ამას ვწერ, ადამიანის ხელს ჯერ კიდევ მხოლოდ სამი სახსარი აქვს: მაშ რა შეიძლება იყოს ის მეოთხე სახსარი, რომელიც მეოთხე კაჯოს არსებობას გაამართლებდა?

გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წლის ნოემბერი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/chapitre-ii-5-nikajo-er-ketiao-sankajo-san-ketiao/