Categories
ო-სენსეის წიგნი

თავი II – #6 – იონკაჯო 四ケ条

იონკაჯო არის ოჯახი, რომელშიც შევა ყველა ტექნიკა, რომელიც ერთდროულად ორ, ოდაყვისა და მხრის, სახსარზე მოქმედებს.

გაგრძელება…

4 – იონკაჯოケ条

რაკი იკიო პირველ კაჯოს, ნიკიო მეორე კაჯოს, სანკიო კი მესამე კაჯოს მიეკუთვნება, მოსალოდნელია, რომ იონკიო მეოთხე კაჯოს მიეკუთვნებოდეს.

და მას მართლაც იქ ათავსებს ტადაში აბე, რომელიც ამავე კაჯოში მას ტენჩი ნაგეს უკავშირებს. ეს კავშირი სრულიად ლოგიკურია, თუმცა საფუძველი აქ ოდნავ უფრო ძნელად დასანახია, ვიდრე პირველი სამი კაჯოს შემთხვევაში.

იონკიო

უპირველეს ყოვლისა, ცნობილია და შეგვიძლია, ო-სენსეის ფოტოზე გადავამოწმოთ, რომ მაჯის სახსარი იონკიოს დროს ბლოკირებული არ არის. უკე გაუძრავებულია ორი სახსრის საშუალებით, იდაყვისა და მხრისა. ყბადაღებული მტკივნეული წერტილი წინამხარზე  ფუნდამენტური ხასიათისა არ არის, ადამიანთა გარკვეულ რიცხვს ის მგრძნობიარე არ აქვს და საიტო სენსეი ტექნიკის ამ პუნქტზე საგანგებოდ არ ამახვილებდა ყურადღებას.

მაშასადამე, იონკაჯო არის ოჯახი, რომელშიც შედის ყველა ის ტექნიკა, რომელიც ერთდროულად მოქმედებს იდაყვისა და მხრის სახსრებზე.

ორი მოძრაობა შეადგენს ამ ტექნიკის გულს: იონკიო და ტენჩი ნაგე.იონკიოსა და ტენჩი ნაგეს საერთო შეხების წერტილი ის აქვს, რომ ისინი იდაყვის სახსარზე და მხრის სახსარზე – და მხოლოდ და მხოლოდ ამ ორ სახსარზე – მოქმედებს.

ტენჩი ნაგე არ არის მოძრაობა, რომლის დროსაც ერთი ხელი ცისკენაა (ტენ) მიმართული, მეორე კი მიწისკენ (ჩი). მართლაც, როდესაც ორივე ხელი ერთმანეთის საპირისპირო მხარეს მიემართება, ტორის ენერგია იფანტება და ტექნიკა არ მუშაობს.

ტანჩი ნაგეს – როგორც ამას მისი სახელწოდებაც მიუთითებს – მართლაც აქვს კავშირი ცასა და მიწასთან, მაგრამ იმიტომ, რომ ამ მოძრაობის დროს პირველ ნაწილში ტორი უკეს ცისკენ (ტენ) სწევს, რათა ის მიწისკენ (ჩი) მოისროლოს მას შემდეგ, რაც ეს უკანასნელი, თავისი წონასწორობის საფუძველს მოკლებული, მიწასთან კავშირს დაკარგავს. ტერმინი ტენ-ჩი ნიშნავს, რომ მოძრაობა ჯერ ცისკენ იწყება, რათა შემდეგ ისევ მიწისკენ დაეშვას. სწავლება, როგორც ამას თანამედროვე აიკიდო აკეთებს, რომ ეს ტერმინი ხელების მიმართულებას აჩვენებს, ერთს ცისკენ და მეორეს მიწისკენ, წმინდა წყლის გაუგებრობაა.

ეს მე საიტო სენსეიმ გამაგებინა, მაგრამ არა სიტყვით, არამედ მოქმედებით. ყოველ ჯერზე, როდესაც მე მას უკეობას ვუწევდი ტენჩი ნაგეს დროს, მეუფლებოდა შეგრძნება, რომ შესვლის მომენტში მიწას ვწყდებოდი. თანაც ეს შეგრძნება წინ უსწრებდა წონასწორობის კარგვას, რომელიც ყოველთვის წამის მეათასედში მოჰყვებოდა ამას და განსხვავდებოდა მისგან:

მორიჰიო საიტო – ანტიბი, ოქტომბერი, 1989 – ტენჩი ნაგე – უკე ფილიპ ვოარინო

თავიდან იმისთვის დამჭირდა დრო, რომ გამეაზრებინა, თუ რას აკეთებდა, შემდეგ კი დრო იმისთვის დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი, როგორ ახერხებდა ამას.

ტენჩი ნაგეს დროს ტორის ზედა ხელის მოქმედება იდენტურია მოქმედებისა, რომელსაც ფუნდამენტური სავარჯიშოს, სუვარი ვაზა კოკიუ ჰოს დროს ვხვდებით ხოლმე. ეს სამუშაო კარგადაა ცნობილი, ის უკეს მიზიდულობის ცენტრს იდაყვის გავლით და მხრიკენ მიწოლით ზევითკენ სწევს. ეს გასაგებია, ათვისებულია, მაგრამ ზუსტად რას აკეთებს ამ დროს ქვედა ხელი? ეს იყო ჩემი მიზანიც: მეცადა, გამეგო, ზუსტად რას აკეთებდა ამ დროს ქვედა ხელი.

არსებობს რაიმე მითითება ამ ხელის სამუშაოს შესახებ „ბუდოში“?

დიახ, არსებობს შესანიშნავი მითითება.

აი ისიც, დედანი ვერსიის 21-ე გვერდი და იგივე მოძრაობა, მარჯვნივ, შესრულებული მორიჰირო საიტოს მიერ:

ქვედა ხელის მუშაობა ტენჩი ნაგეს დროს

მე არაერთხელ შემისრულებია ეს მოძრაობა ივამაში, საიტო სენსეისთან ერთად, მაგრამ იმხანად არ მესმოდა მისი კავშირი ტენჩი ნაგესთან.

ამ ფოტოებზე ნათლად ჩენს, რომ ტორის ქვედა ხელის მოქმედება უკეს მიწიდან ზევით სწევს. ის კოკიუს მიწოლით ისე ადის ზევით, რომ უკეს ხელი იჭიმება და თან  მასვე მხრისკენ აწვება: იდაყვი და მხარი მობილიზებულია ისეთ ხაზზე, რომ ხელს მოკეცვის საშუალებას არ აძლევს, მხარი ზევითკენ ადის და ხერხემალს პირდაპირ აკარგვინებს წონასწორობას. ეს მოქმედება უკესკენ აგზავნის ენერგიას, რომელიც ტორის მუცლის ქვედა ნაწილიდან, კიკაი ტანდენიდან მოდის:

თუკი ო-სენსეი ამ მოძრაობის ფოტოს „ბუდოში“ ტენჩი ნაგეს ჩვენების წინ ათავსებს, ეს შემთხვევით არ ხდება, როგორც ამ წიგნის მთარგმნელი ფიქრობდა. ამ ფოტოს საფუძველი აქვს, აქ რომ იყოს, თავისი ფუნქცია აქვს და ეს ფუნქციაა, ტენჩი ნაგეს დროს ქვედა ხელის მთავარი სამუშაოს შესახებ გვამცნოს.  ფუძემდებლის ამ გაფრთხილების წყალობით – რასაკვირველია, თუკი მას დავინახავთ და გავითვალისწინებთ – ბევრად უფრო ადვილი ხდება იმის შემჩნევა, თუ როგორ იჭიმება უკეს ხელი და როგორ აწვება მას ზევითკენ ო-სენსეი იმ ფოტოზე, რომელიც უშუალოდ მოსდევს ამას და რომელიც ამჯერად სრულფასოვანი ტენჩი ნაგეა:

ვხედავთ, რომ იგივე მოძრაობაა, რომელიც საიტო სენსეის ქვედა ფოტოზეა გამოსახული. და ამ ფოტოს მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის დავიმოწმებ, რომ მეტი ძალა შევძინო ჩემს სიტყვებს, რადგან პირადად გამიგონია საიტო სენსეისგან ივამაში ახსნა-განმარტება, რომ ქვედა ხელი უკეს უკნისაკენ ზევით აწევით უნდა აწვებოდეს:

მაშასადამე, ამ პუნქტის სწორად გაგება არსებითია: ტენჩი ნაგეს მოძრაობის დასაწისში ტორის ორივე ხელი ერთად ადის ცისკენ. ეს ტექნიკური ასპექტი თვალში საცემია საიტო სენსეის ქვედა ფოტოებზე, რომლებზეც ვხედავთ, რომ ‘გედან’ დონის ხელი აშკარად აღმავალია მოძრაობის პირველ ნაწილში (ტენ). და მოძრაობის მხოლოდ მეორე ნაწილში (ჩი) ასევე ერთად ჩამოდის ორივე ხელი მიწისკენ. ამ ორი ფაზის გამყოფი ხაზი ადვილად შესამჩნევია იმათთვის, ვინც გაიგო, თუ როგორ მუშაობს ეს მოძრაობა:

მაშასადამე, ტორის ორივე ხელი მობილიზებას უკეთებს უკეს ორივე ხელის იდაყვის სახსარს, ჯერ ზევითკენ, შემდეგ ქვევითკენ, როგორც იონკიოს დროს ხდება ხოლმე, ოღონდ ცალ ხელზე.

თუ იონკიოსა და ტენჩი ნაგეს შორის კავშირის დამატებითი დადასტურება გნებავთ, შეგიძლიათ მარტივი ხრიკი სცადოთ და ო-სენსეის ტენჩი ნაგეს შემდეგი ფოტო თავდაყირა დააყენოთ:

ნათლად ვხედავთ, რომ უკეს იდაყვსა და მხარზე ზეწოლა ორივე ტექნიკაში მართლაც იდენტურია და რომ ო-სენსეის ხელს, რომელიც უკეს სახეში ხვდება ტენჩი ნაგეს დროს, ეკვივალენტური ეფექტი აქვს იმისა, რაც იონკიოს დროს ხდება, ოღონდ მიწისკენ. ყველაფერი ვერტიკალურ ღერძზეა შებრუნებული; ეს არის ზურმუხტისფერ ფილაზე დაწერილი სწავლება, რომელიც აიკიდოს მოძრაობებშია შემოწმებულ-დადასტურებული: „ის, რაც ქვევითაა, იმის მსგავსია, რაც ზევითაა და ის, რაც ზევითაა, იმის მსგავსია, რაც ქვევითაა“. ეს პითაგორას სწავლებაცაა: „ბუნება ყველაფერში მსგავსია თავისი თავისა“.

ახლა კი განვიხილოთ სანკაჯოსთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული იგივე მნიშვნელოვანი დაკვირვება: სიმეტრიის კანონი, რომელიც პირველ და მეორე კაჯოში აღვნიშნეთ, მესამე კაჯოს მსგავსად არც ამ მეოთხე კაჯოშია. იონკიოსა და ტენჩი ნაგეს მოძრაობები ერთი მიმართულებით ბრუნავს. იონკაჯოსთან დანათესავებული ყველა ტექნიკა ერთი მიმართულებით ბრუნავს და სინამდვილეში ერთი და იმავე მოძრაობის სხვადასხვა ნიუანსს წარმოადგენს. ეს კი იმ ფაქტის შედეგია, რომ იდაყვისა და მხრის ორი სახსრის ერთად მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლება. იონკაჯოში ტექნიკის მხოლოდ ერთი ოჯახი შედის, ისევე როგორც – იმავე მიზეზით – სანკაჯოში ტექნიკის მხოლოდ ერთი ოჯახი შედიოდა.

…გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წლის დეკემბერი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/chapitre-ii-6-yonkajo-si-ketiao/