მხოლოდ 4 მიმართულებიან პრაქტიკას შეუძლია მოხსნას ელემენტარული, ერთმიმართულებიანი პედაგოგიური სავარჯიშოს ესოდენ თვალში საცემი ლოგიკური შეუსაბამობები.
კი მუსუბი ნო ტაჩის სავარჯიშოში მესამე დარტყმის შესრულების შემდეგ, ანუ თავისკენ მიმართული იოკომენის შემდეგ საიტო სენსეის სასწავლო მეთოდი მოითხოვს უკე ტაჩისაგან, რომ მან დაასრულოს ეს იოკომენი კონტროლით უჩი ტაჩის ხმლის ზურგის ნაწილზე, ვიდრე უკანასკნელ მოძრაობაზე გადავიდოდეს:
ყველა მოწაფე იმეორებს ამას კეთილსინდისიერად და ეს კარგია.
ზოგჯერ ვინმე დასვამს ხოლმე შეკითხვას იმ მოწინააღდეგის ხმლის გაკონტროლების აუცილებლობის შესახებ, რომელსაც ის-ისაა თავი მოვაჭერით.
პასუხი ის გახლავთ, რომ მართლაც, არაფითარი საფუძველი არ არსებობს ამის გაკეთებისა იმ მოწინააღმდეგესთან, რომელიც ეს-ესაა დავარტყით, ვინაიდან ის უკვე გამოეთიშა ბრძოლას და მისი ხმალი არავითარ საშიშროებას აღარ წარმოადგენს ჩვენთვის.
მაშინ რისთვისღაა საჭირო ეს კონტროლი?
ქვევით წარმოდგენილი ვიდეო საშუალებას გვაძლევს გავიგოთ მიზეზი, რომელიც უჩი ტაჩის ხმლის კონტროლის უკან იმალება:ეს ვიდეო ჩემთვის ცოტათი განსაკუთრებული მოგონებაა, იმიტომ რომ იმ მომენტის დაჭერას ჰგავს, როდესაც მივხვდი ამ კონტროლის არსებობის მიზეზს, ეს კონტროლი მექანიკურად რამდენიმე ათასჯერ მაინც შემისრულებია კი მუსუბი ნო ტაჩის ოცდაათწლიანი რეგულარული პრაქტიკის განმავლობაში:
აქ საჭიროა, გავიხსენო, რომ მე დიდი პრივილეგია მხვდა წილად ივამა რიუს სწავლების თვალსაზრისით, იმ გაგებით, რომ დიდხანს ვიცხოვრე ივამაში, რომ მორიჰირო საიტოს უშუალო მოწაფე ვიყავი 16 წლის მანძილზე, 1986-დან 2002 წელს, მის გარდაცვალებამდე, და რომ მან გადმომცა უმაღლესი წოდება, რაც მისი სწავლების მეთოდის ფლობას ადასტურებდა და ამაში, განსაკუთრებით, აიკი-კენისა და აიკი-ჯოს ხუთი მოკუროკუ იგულისხმება.
უთუოდ დრო კიდევ მჭირდება ამ ყველაფრის არსის გასაგებას, მაგრამ ეს მაინც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ივამას მეთოდის ფლობა, მისი სწავლება და სხვებისთვის გადაცემა ისე, რომ ადამიანს არ ესმოდეს, რას აკეთებს. შესაძლებელია, ადამიანმა შესანიშნავად იმეოროს მეთოდი ისე, რომ თან აიკიდოსი არაფერი გაეგებოდეს.
იმისათვის, რომ აიკიდომდე მივაღწიოთ, არსებითია, რომ მეთოდი ვაგშიფროთ, ამისათვის კი თითოეული საბაზო სავარჯიშო უნდა შევისწავლოთ ოთხი მიმართულებით. მხოლოდ ამ ოთხი მიმართულებით შესრულებული პრაქტიკა მოგვცემს საშუალებას მოვხსნათ ერთმიმართულებიანი პედაგოგიური სავარჯიშოს ესოდენ თვალში საცემი ლოგიკური შეუსაბამობები:
სრულიად აუცილებელია ამის გაკეთება, თუკი გვინდა გავიგოთ, რომ აიკიდო არ არის მთელი ცხოვრების მანძილზე წრფივი, სასკოლო და რუტინული სავარჯიშოების მონოტონური გამეორება.პასუხი, რომელიც უნდა გაეცეს იმას, ვისაც არ ესმის, თუ რატომ გვავალდებულებს მეთოდი, გავაკონტროლოთ მკვდარი მოწინააღმდეგის ხმალი, შემდეგია – ეს კონტროლი სინამდვილეში განკუთვნილია მომდევნო მოწინააღმდეგისათვის, მას შემდეგ, რაც უკე ტაჩის ხმალი გაივლის და გადაკვეთს წინა მოწინააღმდეგის თავს:
ამის გასაკეთებლად რამდენიმე მოწინააღმდეგეა საჭირო და რაკი მეთოდის სავარჯიშოში მხოლოდ ერთი მეტოქე გვყავს, იმავე პარტნიორს, რომელსაც თავს ვკვეთთ, სიმულაციას ვუკეთებთ ხმლის კონტროლისა, უბრალოდ, სხვა გზა არ არის.
ეს საშუალება გამონახა საიტო სენსეიმ იმისათვის, რომ ხმლის პრაქტიკის ამ ელემენტის ცოდნა არ დაკარგულიყო. რას ვიზამთ, თუკი ასეთი შეუსაბამობაა მეთოდის სტადიაზე, ტექნიკის მექანიკური გამეორება, თუგინდ ის გაუაზრებლად შესრულდეს, საშუალებას გვაძლევს გადავარჩინოთ და შევინახოთ ინფორმაცია. არსებითია ცოდნასთან მისასვლელი გზის დაცვა, ვინც ეძებს, ის იპოვის, ხოლო ვისაც შეუძლია, ის ჩასწვდება კიდეც მის არსს, საიტომ თავისი საქმე გააკეთა და ამისთვის დიდი მადლობა მას.
ფილიპ ვოარინო
2023 წელი
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ki-musubi-no-tachi-la-raison-du-controle-du-sabre/