აღმოჩენა იმისა, რომ უკეს გდება მისი დაგდების სურვილის შედეგი არ არის, პირდაპირ უკავშირება რიაის.
წინა ტექნიკურ სტატიაში განმარტებულია, თუ როგორ და რატომ არის საჭირო პედაგოგიური მეთოდის პირველ ხანებში ჯო დორი ჯუჯი ნაგეს შესრულება წრფივად და რატომ უნდა დავკმაყოფილდეთ უჩის გდებით იმავე ხაზზე, საიდანაც ის მოდის.
ამ ვიდეოში ნაჩვენებია, რომ ამავე სავარჯიშოს რეალური გამოყენება გვიკრძალავს იმ განზომილებას, რომელიც გააზრებულად არის ამოღებული მის პედაგოგიურ ვერსიაში და ეს განზომილება ირიმი-ტენკანით ბრუნვაა:
აქ ჩანს, რომ ირიმი-ტენკანის გამოყენებით ტექნიკის არსი არ იცვლება, უჩის იმავე, ჯვრის ფორმით გადაჯვარედინებული თავისივე ხელებით ვაგდებთ. ერთაერთი რამ, რაც იცვლება, სივრცეში ნაგეს გადაადგილებაა, იმიტომ რომ აქ ის უკვე არა ერთი, არამედ ოთხი მხრიდან მომავალ შეტევებს ითვალისწინებს.
სივრცეში სხეულის ამ ახლებური გადაადგილებით ნაგეს ცნობიერება იცვლება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მართლაც, როდესაც დიდხანს ასრულებს ნაგე ამ სავარჯიშოს სწორ ხაზზე მეთოდის ფარგლებში, იწყებს ფიქრს, რომ მისი მიზანი უჩის იარაღის ხელში ჩაგდება და ამ უკანასკნელის გდებაა ერთგვარი ტექნიკით, რომელიც მან უნდა ისწავლოს და მეცადინეობით დახვეწოს. და ის სრულიად მართალია, ვინაიდან მეთოდით ვარჯიშისას მიზანიც სწორედ ესაა.
ირიმი-ტენკანის გადაადგილება, რომელიც აიძულებს ნაგეს თავდამსხმელთა წრეში შეიჭრას, საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს, რომ იარაღი, რომელსაც ის ხელს დაადებს, პირველივე წამიდან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ირგვლივ მყოფი დანარჩენი მოწინააღმდეგეებისთვის დასარტყმელად. ასეთ დროს ის ამჩნევს, რომ უჩი არ ვარდება ისე, როგორც მას ეგონა – სურვილით, რომ დაადგოს ის, არამედ ამ უკანასკნელის ვარდნა ბუნებრივი შედეგი ხდება სხულის ჭრისა და დარტყმის იმ მოძრაობებისა, რომელთაც ის აამუშავებს გარშემომყოფი სხვა თავდამსხმელების წინააღმდეგ:
აღმოჩენა იმისა, რომ უკეს ვარდნა მისი დაგდების სურვილის შედეგი არ არის, უკავშირდება რიაის. ნაგე უკვე აღარ ფიქრობს, რომ არსებობს, ერთი მხრივ, მოძრაობები იარაღის ხელში ჩასაგდებად და, მეორე მხრივ, მოძრაობები ამ იარაღით დარტყმისათვის. მას ესმის, რომ ამგვარი მიდგომა იგივეა, რომ ადამიანმა იფიქროს, წყლის მოლეკულა ხან წყალბადია და ხანაც ჟანგბადიო. ეს კი, ცხადია, არასწორია, წყლის მოლეკულა მხოლოდ და მხოლოდ წყალბადის ორი ატომისა და ჟანგბადის ერთი ატომის თანამშრომლობის შედეგია. ის არის H2O და სხვა არაფერი და თუ წყლის მოლეკულა ასეა შედგენილი, ეს ერთიან, მთლიანში მისი ელემენტების ურთიერთდამოკიდებულებით ხდება. ასევე ხდება აიკიდოს ტექნიკებშიც, ისინი ურთიერთდამოკიდებულია და მათგან აღარაფერი დარჩება, თუკი მოვშლით კავშირს, რომელიც მათ აერთიანებს და ამთლიანებს.
რიაის გააზრების გამოღვიძება შეუძლებელია მეთოდის ფარგლებში მუშაობის შედეგად. რადგან მეთოდი არ არის შექმნილი ამგვარი გააზრების გამოსაღვიძებლად, მას სხვა მიზნები აქვს და ეს მიზნები აუცილებელია ამ გამოღვიძების შესაძლებლობის მოსამზადებლად, მაგრამ არ შეუძლია ამის გამოწვევა. ცნობიერების გამოღვიძება პიროვნული სამუშაოა, რომლის შესრულებაც აიკიდოში მოვარჯიშეს მხოლოდ მეთოდის მიღმა მუშაობისას შეუძლია. ამ სამუშაოს დროს ადამიანი მარტოა, მეგზურს მხოლოდ ევენტუალურად შეუძლია მისთვის გარკვეული ორიენტირების მიცემა და რთული მონაკვეთბის დროს გზის ჩვენება, მაგრამ ასეთ დროს ადამიანი ან დგამს ნაბიჯებს ერთიმეორის მიყოლებით და მთისკენ ამავალ გზას მიუყვება… ან არა.
ფილიპ ვოარინო
2023 წელი
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jo-dori-juji-nage-application/