Categories
ო-სენსეის წიგნი

თავი III – კაჯოები ბუდოში #2 – კანონი n°2 (二法)

აიკის ოთხი დიდი კანონი თანამედროვე აიკიდოში ოთხ მთავარ გაუძრავებამდე იქნა დაყვანილი, რაც ოთხი კანონის მხოლოდ ერთ-ერთ ცალკეულ წახნაგს წარმოადგენს.

…გაგრძელება

კანონი n°2 (二法) : კოტე გაეში – ნიკიო

1 – კოტე გაეში

მთელ ბუდოს გასდევს ო-სენსეის მიდგომა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ იგი მოძრაობებს ერთმანეთთან ნათესაობის მიხედვით ალაგებს. მან მკითხველს გააცნო ირიმის პრინციპი იმ მოძრაობის წყალობით, რომელიც მის ყველაზე ძლიერ სიმბოლოს წამოადგენს და რომელსაც ირიმი ნაგე ეწოდება. იდეალურ შემთხვევაში, მის თვალსაზრისს თუ გავიზიარებთ, ბუნებრივი მეთოდის კანონების აღწერა უნდა დაიწყოს იმ მოძრაობით, რომელსაც – ამ მეთოდის ფარგლებში – ყველაზე დიდი მსგავსება ირიმი ნაგესთან აქვს. მაშ, რომელი მოძრაობაა ყველაზე ახლოს ირიმი ნაგესთან?

რომელი და კოტე გაეში, რომლის მოძრაობაც იდენტურია ირიმი ნაგეს მოძრაობისა. მეტი თვალსაჩინოებისთვის კავშირი ამ ორ მოძრაობას შორის შემდეგნაირად შეგვიძლია შევაჯამოთ: ირიმი ნაგე არის კოტე გაეში, შესრულებული თავთან, ხოლო კოტე გაეში არის ირმი ნაგე, შესრულებული წინამხართან. რაც იცვლება ამ ორ მოძრაობას შორის, მხოლოდ შესრულების მანძილია (მააი). კოტე გაეშის უფრო დიდი დისტანცია გვაიძულებს, ვიმუშაოთ ხელზე, ხოლო ხელის გამოყენება მაჩვენებელია იმისა, რომ ჯერ კიდევ სწავლების მეთოდის ფარგლებში ვიმყოფებით. ნულოვანი მანძილი უკეს ხერხემალთან, რის შედეგადაც მისი ხელები აღარ გამოიყენება, მიუთითებს, რომ პირიქით, აქ უკვე წმინდად პრინციპთან გვაქვს საქმე. თუმცა, ფორმის თვალსაზრისით, კოტე გაეში პრინციპთან ყველაზე ახლო მდგომი ტექნიკაა, რამდენადაც ამ პრინციპს ყველაზე ნათლად ირიმი ნაგე გამოხატავს.

და ირიმი ნაგეს შემდეგ სწორედაც კოტე გაეშის წარმოგვიდგენს ო-სენსეი ბუდოში. სასწავლო კომენტარებში ფრაზა, რომელსაც ო-სენსეი იყენებს კოტე გაეშის დასაწყებად, იდენტურია იმისა, რასაც ირიმი ნაგეს დასაწყებად იყენებს:

„ენერგიით (რომელსაც იკრებთ თქვენში) მოწინააღმდეგე პირდაპირი შეტევისათვის (შომენ) გამოიწვიეთ.”  (仕 氣勢ッ以テ敵ノ正面打ラ導ク)

ამასთან ექვსი ტექნიკიდან, რომელსაც ის შომენით შეტევის რუბრიკაში აერთიანებს, მხოლოდ და მხოლოდ ირიმი ნაგე და კოტე გაეშია, რომლებისთვისაც წერს, მოძრაობის ინიციატორი სწორედაც ენერგიააო. დანარჩენი ოთხისთვის (იკიო ომოტე, იკიო ურა, ნიკიო და სანკიო) პირიქით, ის მკაფიოდ ამბობს, ადამიანს აქვს შეტევის ინიციატივა, იქნება ეს უკე თუ ტორი, და არა ენერგიაო. ეს წერია, საკმარისია მისი წაკითხვა და აქ გვაქვს დადასტურება იმ მონათესაობისა, რომელიც ამ ორ მოძრაობას აერთიანებს.

წამით შევჩერდეთ ამ ტექნიკაზე, კოტე გაეშიზე, და მის სახელწოდებაზე. ჩვენ უკვე ვიცით, რომ კოტე წინამხარს ნიშნავს, იდაყვიდან დაწყებული თითების დაბოლოებამდე. გაეში ერთგვარი წარმოთქმაა სიტყვისა კაეში, როდესაც ის შედგენილ არსებით სახელში ხვდება და მომდინარეობს ზმიდან კაესიუ (返す), რომელიც გადაბრუნებას, გადატრიალებას, ამოტრიალებას ნიშნავს. გადატრიალების ეს ცნება განსაკუთრებულად თვალხილულია კოტე გაეშის დროს, რომელიც წინამხარს ატრიალებს და ამ თავისი ტრიალით ძალას მიწისკენ წარმართავს. მაგრამ ცოტას თუ დავფიქრდებით,  ეს სახელწოდება სხვა ტექნიკებსაც შეიძლება შეესაბამებოდეს. მაგალითად, შიჰო ნაგე არის მოძრაობა, რომელიც უკეს წინამხარს ატრიალებს და თავის ენერგიას ასეთივე დამახასიათებელი როტაციით მიწისკენ წარმართავს. მშვენივრად შეიძლებოდა დარქმეოდა ამ ტექნიკას, მაგალითად, უდე გაეში (腕返し),რადგანაც უდე მკლავს ნიშნავს. იკიოს შემთხვევაშიც ასეა, ნიკიოსაშიც და ა. შ. და ყურადღებით თუ შევხედავთ აიკიდოს ტექნიკებს, შევამჩნევთ, რომ ყოველი მათგანი ასე თუ ისე იყენებს იმას, რასაც თითქოს ამოტრიალების ან გადატრიალების პრინციპი უნდა ერქვას და რომელსაც სწორედაც კაეშის სახელი ეწოდება.

პრინციპი მიზეზია გარკვეული ეფექტებისა იმ სისტემის წიაღში, რომელსაც ის შთაბერავს სიცოცხლეს და ამ სისტემის ყველა ელემენტში ამა თუ იმ ფორმით აუცილებლად იჩენს თავს. მაშასადამე, კაეშის პრინციპი აიკიდოს ყველა ტექნიკაში საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ აქ საქმე დატრიალებასთან, მოწინააღმდეგის ენერგიის დატრიალებასთან გვაქვს, რაც ამ ენერგიას მიწისკენ წარმართავს. ამასთან ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ეს პრინციპი ტექნიკური პრინციპია, რომელიც, რასაკვირველია, აიკიდოს უნიკალურ და ფუნდამენტურ პრინციპთან, ირიმისთანაა კავშირში, მაგრამ მასთან შედარება მაინც არ შეიძლება.

აიკიდოს ყველა ტექნიკა ასე თუ ისე ენერგიის შეტრიალების პრინციპს გამოხატავს და ნებისმიერ მათგანს შეიძლებოდა დარქმეოდა კაეშის სახელი. თუკი ტერმინი კაეში მიეკუთვნა კოტე გაეშის, ეს იმიტომ მოხდა, რომ ეს ტექნიკა ყველაზე კარგად ასურათხატებს ამ ტექნიკურ პრინციპს, ისევე როგორც ირიმი ნაგემ მიიღო ეს სახელწოდება, იმიტომ რომ ის ყველა სხვაზე უკეთ ასურათხატებდა ირიმის პრინციპს.

2 – ნიკიო

ტადაში აბეს წყალობით, წინა თავიდან ვიცით, რომ კოტე გაეშის ტექნიკა, რომელიც მაჯისა და იდაყვის ორი სახსრის სუპინაციით სრულდება, მეორე კანონის (მაშასადამე, მეორე კაჯოს) ცის პოლუსია. და ვიცით, რომ ამ კაჯოში ის თავის ურთიერთშემავსებელ ტექნიკას, ნიკიოს უკავშირდება, რომელიც ასევე მაჯისა და იდაყვის ორ სახსარზე სრულდება, ოღონდ პრონაციით, და რომელიც მიწის პოლუსია. კანონების წარდგენის ლოგიკა ბუნებრივი სიმეტრიული სტრუქტურის გათვალისწინებით, მოითხოვდა, რომ ო-სენსეის ბუდოში ნიკიოს ტექნიკა ზუსტად კოტე გაეშის ტექნიკის შემდეგ მოეთავსებინა.

და ასეც მოიქცა: ნიკიო უშუალოდ კოტე გაეშის მოჰყვება. ამიტომაც ფუძემდებელი მე-15 გვერდზე, თავის კომენტარში, ამ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაძლევს: 之ラ第二法ト稱ス „ამას ეწოდება მეორე კანონი“:

როდესაც ის ამას წერს, ყველას ჰგონია, რომ ეს ნიკიოს ეხება, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი, ის აქ გვაჩვენებს იმ კავშირს, რომელიც მის მიერ ნაჩვენებ ამ ორ მოძრაობას აერთიანებს: კოტე გაეშისა და ნიკიოს. არავინ დავობს, რომ ნიკიო მეორე გაუძრავებაა, მაგრამ ო-სენსეი აქ ნიკიოზე (რომლის სახელიც, როგორც ვიცით, მას არასდროს წარმოუთქვამს) არ ლაპარაკობს, ის აქ მეორე კანონს ახსენებს. და არ შეიძლება, მეორე კანონი ნიკიომდე დავიყვანოთ, ის კოტე გაეშისა და ნიკიოს შორის კავშირს განსაზღვრავს. ამ სიმეტრიულ კავშირს განსაზღვრავს ის ფაქტიც, რომ მაჯისა და იდაყვის ორივე სახსარი ორი ურთიერთსაპირისპირო მიმართულების ბრუნვით, როტაციით შეიძლება იქნეს გაუძრავებული.

უნდა გვესმოდეს, რომ ო-სენსეის მზერა მიპყრობილი ჰქონდა არა ტექნიკებისკენ, არამედ რიაისკენ, კავშირისკენ, რომელიც ყველა ტექნიკას ერთ ოჯახად აქცევს და რომელიც ამ შემთხვევაში არ აცალკევებს კოტე გაეშის ერთ მხარეს და ნიკიოს მეორე მხარეს, ის ხედავდა სიმეტრიის კანონს, რომელიც მაჯისა და იდაყვის ორი სახსრის საპირისპირო მიმართულებით ტრიალს აერთიანებს. სწორედ ამ სიღრმისეული მიზეზის გამო ამბობდა ყოველთვის უარს, რომ ისინი ინდივიდუალურად მოეხსენიებინა, რადგან სახელდება მათ ერთმანეთისგან გამორჩევას ნიშნავს, მათთვის დამახასიათებელი კავშირის გარეთ არსებობას ნიშნავს და ეს თვით ტაკემუსუ აიკის იდეასთან წყვეტას ნიშნავს. სწორედ რიაის არცოდნის გამო თარგმნა ჯონ სტივენსმა გაუძრავებით (პინ) კანჯი „კანონი“ (法), რომელსაც იყენებს ო-სენსეი. ო-სენსეისგან განსხვავებით, სტივენსი ვერ ხედავდა კავშირს კოტე გაეშისა და ნიკიოს შორის, ის მხოლოდ ნიკიოს, ნიკიოს ტექნიკას, ნიკიოს გაუძრავებას ხედავდა. და მას არასდროს დაუსვამს კითხვა – არადა ამას შეეძლო გაეოცებინა ის მისივე ხედვის ფარგლებში – თუ რატომ გადაწყვიტა ო-სენსეიმ, მიენიჭებინა ნომრები მხოლოდ ამ ოთხი გაუძრავებისთვის და არაფრით აღენიშნა ყველა სხვა დანარჩენი ტექნიკა.

ო-სენსეის ზოგიერთი მოწაფე მიხვდა ოთხდონიან გასაოცარ ბუნებრივ სისტემას, რომელსაც გამუდმებით მოიხსენიებდა ფუძემდებელი კანონებზე (法) ლაპარაკისას. ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ კაჯოების ცოდნა, რასაც თვალნათლივ გვიჩვენებს ახალგაზრდა ტადაში აბე 1957 წელს თავის წიგნში, მისგან ვერ წამოვიდოდა და რომ ის სინამდვილეში ო-სენსეის პირდაპირი, უშუალო სწავლების შედეგია. თუმცა ო-სენსეის მოწაფეთა აბსოლუტური უმრავლესობა დაკმაყოფილდა იმით, რომ კანონების ეს კონცეფცია აიკიდოს ოთხ გაუძრავებას მოარგო (იკიო, ნიკიო, სანკიო და იონკიო), ნაცვლად იმ ურთიერთკავშირისა, რომელიც ამ ოთხ გაუძრავებასა და მათ ურთიერთშემავსებელ ტექნიკებს შორის არსებობს. თანამედროვე აიკიდომ კიოები კაჯოების უბრალო სინონიმებად აღიქვა. აიკის სისტემის ოთხი დიდი კანონი ოთხ ფუნდამენტურ გაუძრავებამდე იქნა დაყვანილი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი გარკვეული წახნაგია ამ ოთხი კანონისა. ო-სენსეის შემდეგ აიკიდო მსოფლიოს მასშტაბით ამ ბაზაზე, ანუ არასწორი ინტერპრეტაქციის ბაზაზე განვითარდა.

შინაარსის, მნიშვნელობის ეს ცვლილება ძალიან მკაფიოდ ჩანს, მაგალითად, გოძო შიოდასთან, რომელიც კენჯი ტომიკისთან, მინორუ მოშიძუკისთან, კოიჩი ტოჰეისთან და მორიჰირო საიტოსთან ერთად მეოცე საუკუნის აიკიდოს ხუთი სკოლიდან ერთ-ერთის ფუძემდებელი იყო აიკიკაის მიღმა. თავის წიგნში „იოშინკან აიკიდო გოკუი“, რომელიც გამომცემლობა „კოდანშამ“ გამოსცა, ის ოთხ გაუძრავებას წარმოგვიდგენს და მათ იკაჯოს, ნიკაჯოს, სანკაჯოსა და იონკაჯოს უწოდებს, რითაც გვატყობინებს, რომ კაჯო სხვა არაფერია, თუ არა გაუძრავების სპეციფიკური ტექნიკა. ამასთან სრულ სიმართლეს ჰგავს ის ამბავი, რომ მან კაჯოების სწავლება ო-სენსეისგან მიიღო. სულ ცოტა ორი რამ გვიჩვენებს ამას: პირველი ის, რომ მან შეინარჩუნა ეს დასახელება და მეორეც – მან იცის, რომ ეს კანონები ოთხია და არა ხუთი, რაკი არ უშვებს შეცდომას და გოკიოს ცალკე სპეციფიკურ გაუძრავებად არ გამოყოფს, განსხვავებით მასზე უმცროსი ტადაში აბესაგან. სამაგიეროდ, კაჯოების კიოებთან ეს გაიგივება გვიჩვენებს, რომ შიოდა არ იყო მისული გლობალური სისტემის იმ ხედვასთან, რომელიც ტადაში აბეს ჰქონდა. ამას არაფერი აქვს საერთო ამ ორი ადამიანის ტექნიკურ ღირებულებასთან… მათ მიერ აიკიდოში განვლილი გზები ძალიან განსხვავებულია. თუმცა არის აქ ერთი ელემენტი, რამაც შემდეგზე უნდა დაგვაფიქროს: მხოლოდ უმაღლეს ტექნიკურ დონეზე ხდება, რომ სისტემის არასწორი გაგება მთლიანობაში შეიძლება ხელისშემშლელი გახდეს მოვარჯიშისათვის, გადალახოს უკანასკნელი ეტაპი. მართლაც, სწორედ ამ უაკასკნელ ეტაპზე – რომელსაც მწამს, რომ არის დონე, რომელსაც მორიჰეი უეშიბამ მიაღწია – სხეულებრივი სისტემის მკაფიო ხედვა ტაკემუსუს ტექნიკების წარმოქმნაში მონაწილეობს, იმიტომ რომ ეს ტექნიკები გონების გამოვლინებაა და რომ გონება ვერ წარმოქმნის ვერაფერს მანამ, სანამ საკუთარი ბუნების შესახებ სრულყოფილ ცოდნას არ მიიღებს. და ის, რაც ამ შემთხვევაში გვაქვს, არ გახლავთ არსი, რომლისგან დამოუკიდებელიც შეიძლება იყოს სხეული.

გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2026 წლის იანვარი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/chapitre-iii-les-kajos-dans-budo-2-loi-ndeg2-er-fa/