Categories
სტატიები

ჰენკა, ტექნიკური ვარიაცია – რისთვისაა ის?

ტექნიკური ვარიაციები გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია ნებისმიერი ტენკანის მოძრაობა ირიმის მოძრაობით ჩავანაცვლოთ. ესაა ვარიაციების როლი.

აქ დავასრულებთ კუმიტაჩი n°1-ისა და მისი ვარიაცებისადმი (ჰენკა) მიძღვნილი სტატიების სერიას.

რას ხედავს გაუთვითცნობიერებელი მაყურებელი ხმლის ამ საბაზო სავარჯიშოებში? ხედავს, რომ უკე ტაჩი „უკან იხევს“ უჩი ტაჩის შეტევების მოგერიებისას. ჩვენ კი ვიცით, რომ ის უკან არ იხევს და სინამდვილეში ტენკანის მოძრაობას ასრულებს. და სწორედ ეს ახასიათებს მეთოდს საბაზო სავარჯიშოებში: უკე ტაჩი აქ, ძირითადად, ტენკანის მოძრაობას სწავლობს.

სწავლის მეორე ეტაპზე უკე ტაჩი იმ ვარიაციების შესრულებას სწავლობს, რომლებიც საბაზო ტექნიკიდან წარმოიქმნება და რასაც იაპონურად ჰენკა ვაზა ეწოდება. ეს ტექნიკური ვარიაციები მას უჩვენებს, რომ ნებისმიერი ტენკანის მოძრაობა ირიმის მოძრაობით შეიძლება ჩანაცვლდეს. ვარიაციების როლი ის გახლავთ, რომ უკე ტაჩის ისეთი რაღაცეების აღმოჩენაში ეხმარება, როგორებიც მას აიკიდოს გაგებისა და გააზრების საქმეში წინსვლის საშუალებას მისცემს.

მაგრამ არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ვარიაციების ეს შესწავლა ჯერ კიდევ მეთოდის ფარგლებში მუშაობას ნიშნავს. რისთვისაა ეს? იმისათვის, რომ ამ მრავალფეროვან ვარიაციებში ირიმი სწორ ხაზზე შესრულდეს, ისევე როგორც ტენკანი სრულდება სწორ ხაზზე საბაზო სავარჯიშოებში.

და ეს სრულიად ნორმალურია: როდესაც ადამიანი მხოლოდ ირიმის ასრულებს, ან მხოლოდ ტენკანს, ამის გაკეთება მხოლოდ სწორ ხაზზეა შესაძლებელი. მომცრო კუთხე, რომლითაც უკე ტაჩი დროდადრო გადის ხოლმე უჩი ტაჩის შეტევების ხაზიდან, არ კმარა იმ აზრის უარსაყოფად, რომ ეს ისევ და ისევ წრფივი სამუშაოა.

ტენკანისა და შემდეგ ირიმის ამ თანმიმდევრული შესწავლის ფუნქცია მოწაფის მომზადებაა საიმისოდ, რომ ის აიკიდოს სრული მოძრაობის არსს ჩასწვდეს. და ეს მოძრაობა არც მსოლოდ ტენკანია და არც მხოლოდ ირიმი, ის ირიმი-ტენკანია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პედაგოგიური საჭიროების მიღმა ირიმის ან ტენკანს არავითარი აზრი არა აქვს, თუკი მათ ასე, დაცალკევებულად განვიხილავთ. აიკიდოს სრული მოძრაობისას სხეულის ერთი ნახევარი ირიმით შედის, ხოლო მეორე ნახევარი მას მყისიერად მოჰვება ტენკანით. ასე ხდება ყოველთვის და სხვაგვარად შეუძლებელია.

როდესაც ეს სრული გადაადგილება ერთვება საქმეში, ფუნდამენტური შედეგიც მაშინვე დგება: სწორ ხაზზე მუშაობა უკვე შეუძლებელი ხდება. ირიმი-ტენკანი გარდაუვლად იწვევს სხეულის ბრუნვას, რაც ხელს უშლის წრფივ მუშაობას. და კარგიცაა, ასე რომ ხდება, რადგან მხოლოდ ბრუნვა ანიჭებს მაქსიმალურ ძალას მოძრაობას და ამავდროულად საშუალებას აძლევს უკე ტაჩის, თავდამსხმელთა მრავლობით და სინქრონულ დარტყმებს მათივე მოქმედების პერიმეტრში უსაფრთხოდ შესვლით გაერიდოს.

იმ დღეს, როდესაც ირიმი-ტენკანის პრინციპის სიღრმისეული გაგება მოდის, მოწაფეს შეუძლია, ბოლოს და ბოლოს, მეთოდის ფარგლები დატოვოს. ამის შემდეგ მას ესმის, რომ მთელი ის დრო, რომელიც მან მოთმინებით და დაუღალავად მიუძღვნა მეთოდის მოძრაობებისა და მოქმედებების შეთვისებას, მიზნად ისახავდა, რომ მას აიკიდოს გულის – ირიმი-ტენკანის – პრინციპი აღმოეჩინა და იმ წერტილამდე მისულიყო, სადაც მეთოდი მთავრდება, რადგან მან – მეთოდმა – თავისი ფუნქცია უკვე ბოლომდე შეასრულა. აიკიდო მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც მოწაფე უკან მოიტოვებს მეთოდის სამყაროს, მაგრამ მეთოდის ამ სამყაროს გარეშე აიკიდო ვერა და ვერ გაჩნდება. ან, უფრო სწორად, შეიძლება გამონაკლისის სახით გაჩნდეს განსაკუთრებულ ადამიანთათვის, რომელთაც მისი პოვნა კარგად დამუშავებული მეთოდის გარეშე შეუძლიათ. თუმცა ყველა ვერ იქნება ო-სენსეი და სწორედ ამიტომ შექმნა მორიჰირო საიტომ სწავლების მეთოდი.

რისი ჩვენებაც გვინდოდა.

ფილიპ ვოარინო
2024 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/henka-waza-variation-technique-pourquoi/