Categories
სტატიები

სპირალი

თეძოებით შესრულებული ორივე სპირალი ერთი და იმავე მიმართულებით ტრიალებს, მაგრამ ერთი ტენკანია, მეორე კი ირიმი. ირიმი-ტენკანის გაგების ინსტრუმენტი სხეულია.

დღეს 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიას ვუბრუნდები, სათაურით „გარე სპირალი თუ შიდა სპირალი“ და ვიყენებ იმავე ვიდეოს, რომელიც აიკიდოს გაგებისათვის აუცილებელ ფუნდამენტურ პუნქტს განმარტავს:

ათასწლეულებია, რაც ადამიანმა სპირალების არსებობის შესახებ იცის. ამ უხსოვარ დროში მისეული გაგება აშკარად არ ჩამოუვარდებოდა იმ ცოდნას, რომელიც ჩვენ გვერგო მემკვიდრეობით არქიმედესა და ფერმასაგან:

სპირალებისადმი მათემატიკური მიდგომა საშუალებას აძლევს მეცნიერებას, მოგვცეს ახსნა, რომელიც არსებითად ადამიანის ორ მთავარ მოთხოვნას აკმაყოფილებს: მისი გონების ცნობისწადილსა და მის სურვილს, აჯობოს ბუნებას ტექნოლოგიების წყალობით. მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ აძლევს ადამიანს აზროვნების განვითარების საშუალებას. მართლაც, გონების დაკმაყოფილება არ კმარა აზროვნების პროგრესისათვის.

შესწავლის საგანი“ მაინც იმის გარეთ რჩება, ვინც ამაზე ფიქრობს, რაც არ უნდა დიდი იყოს ამ უკანასკნელის ჭკუა და სიბრძნე. იმისათვის, რომ ტრანსფორმაცია მოხდეს, იმისათვის, რომ ნამდვილი და არა კოსმეტიკური განვითარება გახდეს შესაძლებელი, ადამიანმა ფუნდამენტური პრინციპის (‘არხე’ ძველ საბერძნეთში) გზა უნდა იპოვოს, საიდანაც ყველაფერი გამომდინარეობს და რომელიც სამყაროს ერთიანობაზე მეტყველებს სხვადასხვა გარეგანი გამოვლინებებით.

იოლი არ გახლავთ ამ გზაზე წინ სიარული, თუმცა გარდასულ დროთა საზოგადოებებმა სიმბოლოები დაგვიტოვეს, რომლებიც ობიექტური ცოდნის ძიებისას საკმარის ორიენტირებად გვევლინება. სიმბოლოს დანიშნულება მართლაც რომ ჩვენთვის სამყაროს ობიექტურ შეცნობასთან მისასვლელი გზის ჩვენებაა. რადგან ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის შესწავლით სამყაროს ფუნდამენტურ კანონებს მიაგნოს. ეს შესაძლებლობა მაკროკოსმოსსა და მიკრიკოსმოსს შორის არსებული ანალოგიის წყალობითაა შესაძლებელი. „შეიცან თავი შენი“ იყო პრინციპი, რომელიც დელფოსის ტაძრის მთავარ ფასადზე ეწერა, რასაც პითაგორამ „შეიცან თავი შენი და შეინობ საყაროსო“, დაუმატა…

გზა, რომელიც საშუალებას გვაძლევს სიმრავლიდან ერთიან პრინციპამდე მივიდეთ, დუალობის გზაა. ყველაფერი, რაც ფენომენთა სამყაროში ხდება, მართლაც წარმოიშვება ორი საპირისპირო და ამავდროულად ურთიერთშემავსებელი პრინციპის უსასრულოდ შეერთებისას (ჩინელები ამას ინსა და იანს ეძახიან). ამ დუალობის გამოცდილება ადამიანმა თავისი გონებით უნდა მიიღოს, მაგრამ ამისათვის ჯერ მისმა სხეულმა უნდა გაიგოს, როგორ შეიძლება დუალობიდან ერთიანობამდე ამაღლება. სწორედ ამ გზას გვთავაზობს აიკიდო. ამ გზაზე სიმბოლო მხოლოდ ადამიანის ინტელექტუალურ თვისებებისკენ არ არის მიმართული, ის მას ეძლევა, რათა ადამიანმა ამისგან თავისი ჩამოყალიბებისა და განვითარების კონკრეტული სხეულებრივი ინსტრუმერტი შექმნას.

ასეთ დროს იაზრებს ადამიანი, თუ როგორია ორმაგი სპირალი, გარე და შიდა, რომელთაც აიკიდოს მოძრაობისას თეძოების ასრულებს, ხელშესახები დუალობა და ურთიერთშემავსებლობა. ეს კი საშუალებას გვაძლევს, ტრიალის პრინციპის ერთიანობა სხეულით ვიგრძნოთ და გავიგოთ.

თეძოებით შესრულებული ორივე სპირალი ერთი და იმავე მიმართულებით ტრიალებს, მაგრამ ერთი ტენკანია, მეორე კი ირიმი. საშუალება, ინსტრუმენტი ირიმი-ტენკანის პრინციპის გასაგებად სხეულია და ეს სხეული შემდეგ გონებას გადასცემს ცოდნას. შეგახსენებთ ამონარიდს მკვდარი ზღვის ხელნაწერებიდან, რომელიც ადრე უკვე მოვიხმე: „თუკი სხეულს მართავს გონება, ეს სასწაულია, ხოლო თუ გონებას მართავს სხეული, ეს უკვე სასწაულთ სასწაულია…

ფილიპ ვოარინო
2024 წლის იანვარი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/etre-spirale/