Categories
ო-სენსეის წიგნი

თავი III – კაჯოები ბუდოში #1

აიკი-დო არის ადამიანის გაკონტროლების მეთოდი მისივე ხელის საშუალებით. იკიო „ბუდოს“ დასაწყისშივეა, როგორც ამ მეთოდის საუკეთესო თვალსაჩინო ფორმა.

ო-სენსეი მორიჰეი უეშიბა : 一法 (იპო)

… გაგრძელება

შესავალში განვმარტე, თუ როგორი ექო ჰპოვა ჯონ სტივენსის შენიშვნებმა ჩემს განცვიფრებაში, როდესაც პირველად წავიკითხე „ბუდო“ 1987 წელს. შეგახსენებთ, რას წერდა ჯონი 1991 წელს (გვ. 26):“The translation (…) follows the original organisation of the book,which was somewhat haphazard”  [თარგმანი (…) მიჰყვება წიგნის ორიგინალურ აგებულებას, რომელიც რამდენადმე ქაოტურია]. სიმართლე ითქვას, მეც ზუსტად ამასვე ვგრძნობდი იმხანად, ვერ ვხედავდი ვერანაირ ლოგიკას „ბუდოს“ ტექნიკების, ერთი შეხედვით, სრულიად შემთხვევით და არეულ თანამიმდევრობაში. ჩემი განსხვავება ჯონ სტივენისასაგან ის გახლავთ, რომ მე ვერ შევეგუე ამ აშკარა უწესრიგობას და რომ გამიჩნდა აზრი — ის, რაც უწესრიგობად მეჩვენებოდა, შეიძლება რაღაც უფრო დიდი წესრიგი ყოფილიყო, რომლის დანახვაც მაშინ, უბრალოდ, არ შემეძლო. არადა იმხანად წარმოდგენაც არ მქონდა კაჯოების არსებობის შესახებ, ამიტომაც ვერცერთი რაციონალური არგუმენტი ვერ მაიძულებდა, რომ ასე მეფიქრა.

აქ საქმეში უთუოდ ჩაერთო ის, რასაც ჩვენ რწმენას ვეძახით და ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება ინტუიციის ერთ-ერთი გამოხატულება იყოს. მე მწამდა მორიჰეი უეშიბასი, უფრო სწორად, იმ რეალობისა, რომელსაც ის გვაუწყებდა, მაშინაც კი, როდესაც მისი სათქმელიდან ერთი სიტყვაც კი არ მესმოდა. რწმენა ირაციონალურია, ისევე როგორც ინტუიცია, ამიტომაც სათქმელი არაფერია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს აქ — რაც, კაცმა რომ თქვას, გასაოცარია — და სწორედ ირაციონალურმა მოქმედებამ მაპოვნინა გრძელი გზის ბოლოს სისტემის ის საფუძველი, რომელიც იმხანად ჩემთვის სრულიად ჰერმეტული რჩებოდა. მართლაც არსებობს საფუძველი და არსებობს წესრიგი ო-სენსეის მიერ ბუდოში წარმოდგენილი ტექნიკების, ერთი შეხედვით, სრულ არათანმიმდევრულობაში. წინა თავის წაკითხვის შემდეგ მივხვდით, რომ ეს წესრიგი მიმართებაშია კაჯოებთან, ანუ იმ გეგმასთან, რომელიც აიკიმ აირჩია თავისი თავის წარმოსაჩენად.

ვინაიდან ეს გეგმა აიკის გეგმაა, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ამ ადრეულ სტადიაზე, მეთოდით სწავლების ამ სტადიაზე, მაშასადამე აიკი-დოს სტადიაზე ის ჯერ ხილული არ არის. აქედან გამონდინარე, ის ხილული არ გახლავთ სწავლების მეთოდებში, რომლებსაც დღეს აიკიდოს სახელით ვიცნობთ. მართალია, სიტყვა კაჯო კი ჩნდება ხოლმე აქა-იქ,  მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთი მეთოდი არ აღიქვამს კაჯოებს ისე, როგორც ეს წინა თავშია ახსნილი. და ამის გამო არც საიტო სენსეის მეთოდი (რომელიც, შემიძლია ვთქვა, რომ ზედმიწევნით ვიცი, რაკი დიდხანს ვსწავლობდი მასთან, ივამაში 1986 წლის თებერვლიდან 2000 წლის დეკემბრამდე), წარმოადგენს გამონაკლისს, რა უდაო ღირსებებითაც აღჭურვილი არ უნდა იყოს ის.

საიტო სენსეისგან განსხვავებით, ტადაში აბეს საკუთარი მეთოდი არ შეუმუშავებია. ის ძალიან ახალგაზრდა ასწავლიდა, იმ დროს, როდესაც მისი ცოდნა აიკიდოში არ იყო სრული. ამის გამო, ან უბრალოდ, არჩევანის გამო, ის ფუძემდებლის მიერ გამოყენებულ მეთოდს დაეყრდნო. შეგახსენებთ, რა დაწერა თავისი წიგნის შესავალში, იქ, სადაც მადლობას უხდის ჟან ზენს იმ დახმარებისათვის, რომელიც მან გაუწია ფრანგული თარგმანის შესრულებისას:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბ-ნმა ჟან ზენმა ითავა არა ჩემი, არამედ ჩემი მასწავლებლის, მორიჰეი უეშიბას მეთოდის რეალიზება.“

ეს ხაზგასმა ჩემი არ გახლავთ, თავად ტადაში აბესია. და ჩვენ უკვე ყველა მიზეზი დავასახელეთ, რომელთა გამოც უნდა დავიჯეროთ, როდესაც იგი ამტკიცებს ასეთი მონდომებით, მეთოდი, რომელსაც ჩემს წიგნში წარმოვაჩენ, ჩემი კი არა, არამედ ჩემი მასწავლებლისააო. ამასთან კაჯოების გეგმა ძალიან თვალსაჩინოა ტადაში აბეს წიგნში და სარჩევიც სწორედ მათგან შედგება. ეს იმას ნიშნავს, რომ კაჯოები მხოლოდ აიკის გამოვლინების მახასიათებელი არ არის და ისინი აიკი-დოშიც გვხვდება, ანუ თავად მეთოდშიც, რომელიც მათ რაციონალურად ხსნის. არა ნებისმიერ მეთოდში, რასაკვირველია, არამედ მორიჰეი უეშიბას მეთოდში, რომელზეც ფუძემდებელი უკვე 1932 წელს ლაპარაკობდა, როდესაც კანძოუ მიურას ინტერვიუში სცემდა პასუხებს. ეს ჩვენ II თავში მოვიხსენიეთ: „არსებობს ზუსტი მეთოდი“. სწორედ ეს ზუსტი მეთოდი შეადგენს ბუდოს კვლევის საგანს, რაც ჩვენთვის უხილავი რჩებოდა, რამდენადაც არ გვქონდა კაჯოების ცოდნით მიღებული გასაღები, რომელიც შემდგომში ტადაშიმ გადმოგვცა.

და ბოლოს, რა თქმა უნდა, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ბუდო სწორედ ამ მეთოდის წარმოჩენაა, რომელიც, როგოც ჩვენს განმარტებაში დავინახავთ, ო-სენსეის არ აურჩევია. ეს III თავის საგანს წარმოადგენს.

დასაწყისისთვის გავიხსენოთ აღმოჩენა, რომელიც I თავში გავაკეთეთ: ბუდოს პირველი რვა ფოტო, დედანი გამოცემის მე-9-დან მე-11 გვერდამდე, არ უნდა მივიჩნიოთ ტექნიკის ამსახველ ფოტოებად. ამ ფოტოების ერთადერთი მიზანი კანონების წარმოჩენაა, ჩვენება კანონებისა, რომლებიც აიკის მოქმედების პრინციპებს მართავს: ჯუნბი დოსა.

მხოლოდ ბუდოს III თავში, სახელად შიშველი ხელი შიშველი ხელის წინააღმდეგ (徒手對徒手), იწყება წიგნის ის ნაწილი, რომელსაც „ტექნიკა“ეწოდება. ეს სიტყვა, ტექნიკა, მაინც შესაფერისი თავშეკავებით უნდა იქნეს გაგებული, რადგან აქ ტექნიკები საკუთრივ ჩვენი ყურადღების მისაქცევად არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან დაწვრილებით არის გარჩეული. მათი დანიშნულებაა, საშუალება მოგვცეს ჩვენ, გავიაზროთ კანონები და პრინციპი, რომლის აღქმა და შეცნობა შეუძლებელი იქნებოდა მოძრაობის ნახვის გარეშე. ეს კარგად უნდა იყოს დანახული, თუ გვინდა, გავიგოთ ის გეგმა, რომელსაც ო-სენსეი მიჰყვება თავის წიგნში: ეს არ წარმოადგენს ტექნიკებს რაიმე კატალოგის სახით, რომლის რიგითობასაც ის პირადად შეარჩევდა, იგი წარმოგვიჩენს ტექნიკებს, რამდენადაც ისინი სიმბოლოებია იმ რიგითობისა, რომლის დაცვაც მას უწევს და რომელიც ვერ იქნება თვალხილული მოძრაობის ჩვენების გარეშე.

ახლა ვნახოთ ეს.

პირველი მოძრაობები ნაჩვენებია პირველ ნაწილში, რომელიც შომენის შეტევას ეძღვნება და შემდეგი თანამიმდევრობით ლაგდება: იკიო, ირიმი ნაგე, კოტე გაეში, ნიკიო, სანკიო.

ვიდრე დავიწყებდეთ, ჯერ ეს დიდი მნიშვნელობის ფაქტი უნდა გავიხსენოთ: ო-სენსეი არ იყენებდა არცერთ იმ ტერმინს, რომელიც დღეს აიკიდოში მოვარჯიშეთათვის ჩვეული რამაა და ეს სრულიად ბუნებრივად გვეჩვენება.

ო-სენსეი სახელებს არ უწოდებდა ტექნიკებს: ბუდოში არსად მოიხსენიება ტექნიკები იმ დასახელებებით, რომლებითაც ჩვენ აღვნიშნავთ მათ დღეს.

მნიშვნელოვანი გაფრთხილება: თხრობის გასაიოლებლად საჭირო გახდება მუდმივი მინიშნებები ტექნიკებზე, რათა ო-სენსეის წიგნის გეგმას მივყვეთ, იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც სულ ცოტა ხნის წინ ითქვა. ამისათვის კი გამოვიყენებთ ყველა იმ თანამედროვე სახელწოდებას, რომლებიც ო-სენსეის მოწაფეებმა შეიმუშავეს. ამ არჩევანის გაკეთებისას არასდროს დავკარგავთ მხედველობიდან იმ ამბავს, რომ ეს სახელწოდებები არავითარ რეალობას არ წარმოადგენდა ფუძემდებლისთვის და ის მათ არ იყენებდა.

I – შომენი

პირველი სწავლება

აიკიდოში მოვარჯიშე ყველა ადამიანმა იცის იკიო, რომელიც გაჭიმული იდაყვის კონტროლს წარმოადგენს:

ო-სენსეი – იკიო

კიო (教) ნიშნავს სწავლებას, მაშასადამე  一教 (იკიო) პირველ სწავლებას ნიშნავს.

თუმცა ასეთ დროს შემდეგი კითხვა ჩნდება: რატომ ეწოდა ამ ტექნიკას სახელად პირველი სწავლება? ეს ჩვენ წინა თავში გავარკვიეთ: იმიტომ, რომ არსებობს ერთადერთი სახსარი, რომელსაც შეუძლია მარტომ გააკონტროლოს ადამიანის სხეული და რომ ეს სახსარი იდყავისაა. იდაყვი სახსრების ყველა კონტროლის სათავეა. ნებისმიერი სხვა კონტროლი ხელის სახსრების ორი ან სამი სახსრის საშუალებით სრულდება და იდაყვი თითოეულ მათგანში მონაწილეობს, რაც ასე არ გახლავთ სხვა სახსრების შემთხვევაში. ასე და ამგვარად, იკიო უმთავრესი ფორმაა ხელის სახსრებით სხეულის გასაკონტროლებლად და ამიტომაც ბუნებრივია, რომ მასში პირველი სწავლება დავინახოთ. სხვათა შორის, ეს თანხვედრაშია იმ ტრადიციულ იდეასთან, რომ იდაყვი ხელის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს: ქველა ხელი (კო-ტე), და ზედა ხელი (ტაკა-ტე), სამყაროს შუაგულს. ამ გაყოფისას „ერთი“ იყოფა ორად, ასევე არსებობს მეტაფიზიკური ლოგიკა, რომელიც იდაყვიდან – სათავიდან – იწყება.

ო-სენსეი თავის წიგნს იწყებს იკიოთი, იმიტომ რომ ეს პირველი სწავლებაა?

დიახ, გარკვეული თვალსაზრისით ასეა, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა — ო-სენსეი არ ხმარობდა ტერმინს იკიო. როდესაც ის ამ ტექნიკას მოიხსენიებდა, უკვე ვნახეთ, რომ ამბობდა და წერდა 一法-ს (იპო), პირველ კანონს. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ სიტყვებს აქვთ შინაარსი, ტერმინი იკიო უცხო იყო ფუძემდებლის მეტყველებისათვის, ის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იქნება თავისთავად პირველი სწავლება — რაც მის თარგმანს წარმოადგენს — რომ ო-სენსეი მას ტექნიკათა დასაწყისში ათავსებს. ის შეიძლება იყოს — როგორც ო-სენსეის მიერ ნახმარი ტერმინი გვიჩვენებს — პირველი კანონის (一法) პირველი გამოვლინება.

ამიერიდან ვიცით, რომ კაჯოები არ არის ადამიანის ტვინიდან წამოსული სისტემა. არამედ ისინი ადამიანის ანატომიიდან ბუნებრივად შობილი მეთოდია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, თანდათანობით მივუახლოვდეთ ირიმის პრინციპს ხელების საშუალებით. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს მეთოდი, რაგინდ გენიალურიც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ და მხოლოდ ანატომიაზე დაფუძნებული ბუნებრივი პედაგოგიკაა, რათა ირიმის პრინციპს ჩავწვდეთ. თუმცა ისიც ვიცით, რომ ირიმი მოწინააღმდეგის სხეულთან სრულყოფილი კავშირია, ერთიანობაა ისე, რომ ამისთვის მისი ხელი არ გვჭირდება. სწორედ ამ გაგებით ამბობდა ო-სენსეი, აიკი ერთი სიტყვით, ირიმით გამოიხატებაო. ჰოდა ამის სიმეტრიულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აიკი-დო (აიკის მეთოდი) ერთი სიტყვით, იკიოთი გამოიხატება, ვინაიდან ეს ტექნიკა ამ მეთოდის საუკეთესო სიმბოლოს წარმოადგენს.

როდესაც თავის წიგნს იკიოთი იწყებს, ო-სენსეი არ გვიმტკიცებს უბრალოდ, აი პირველი გაუძრავებაო, როგორც ფიქრობენ ზოგადად… ის სხვა რამესაც, ბევრად უფრო ფუნდამენტურ რამეს გვეუბნება: აიკი-დო არის მეთოდი იმისა, თუ როგორ გავაკონტროლოთადამიანი თავისივე ხელის საშუალებით და აი, ეს მეთოდი თავისი ყველაზე უფრო სიმბოლური ფორმით. იკიო ბუდოს დასაწყისშია იმდენად, რამდენადაც ის ამ მეთოდის საუკეთესო ილუსტრაციაა.

რამდენადაც იკიო პირველ ტექნიკადაა წარმოდგენილი ბუდოში, რაკი ის ყველაზე უფრო სიმბოლურია ამ ბუნებრივი მეთოდისათვის და რამდენადაც პრინციპის აღმოჩენა ამ მეთოდის არსს და საფუძველს წარმოადგენს, ამიტომაც სრულიად ლოგიკურია, რომ იკიოს უშუალოდ მოჰყვეს ტექნიკა, რომელიც ამ პრინციპის ყველაზე უფრო სიმბოლურ ფორმას წარმოადგენს: ირიმი ნაგე.

და სწორედ ამას აკეთებს ო-სენსეი: იკიოს შემდეგ მაშინვე ირიმი ნაგეს ათავსებს.

მუშაობის მეთოდების შესახებ თავისი წარდგინების დასაწყისში ფუძემდებელი გადაწყევტილებას იღებს, სიმბოლურად გადასცეს მომავალ თაობებს ეს ინფორმაცია, საიდანაც გამომდინარეობს ურთიერთკავშირი ადამიანსა და აიკის შორის. აიკი-დოს პრაქტიკის მთელი შინაარსიც ესაა:

1-    კაჯოები ბუნებრივი მეთოდია ხელის სახსრების საილუსტრაციოდ, რათა საბოლოოდ ირიმის პრინციპი მოვიშიანაუროთ. სწორედ ეს შინაარსი ვიპოვეთ ტანაკა ბანსენის ნახატში:

ამ მიზეზით ათავსებს ო-სენსეი თავისი ნაშრომის დასაწყისში ამ მოძრაობას, რომელიც ამ მეთოდის სიმბოლოს წარმოადგენს: იკიოს.

2- ირიმის პრინციპი მეთოდის მიზანია, რომელიც წინ უსწრებს მას.

ამის გამო ზუსტად იკიოს შემდეგ ათავსებს მოძრაობას, რომელიც ყველაზე უკეთ განასახიერებს ირიმის პრინციპს, როგორც ტამურა სენსეი შენიშნავს, მოძრაობა, რომელიც არ მიეკუთვნება არცერთ კაჯოს და რომელიც არ მიეკუთნება მეთოდს: ირიმი ნაგეს.

იკიო, მეთოდის სიმბოლო, ირიმი ნაგე კი პრინციპის სიმბოლოა. პირველი საშუალებას გვაძლევს, მივიდეთ მეორესთან. ასე გამოხატავს მას მორიჰეი უეშიბა, როდესაც შემოაქვს აღწერილობა, რომელიც აიკის ბუნებრივ გეგმას მიჰყვება.

იმაში დასარწმუნებლად, რომ აქ შემთხვევითი არაფერია, ამ ორი მოძრაობის თანმხლები კომენტარები უნდა წავიკითხოთ. რადგან ო-სენსეი ამ კომენტარებს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ინფორმაციის მოსაცემად არ იყენებს, ის მათ იმ მკითხველისათვის გზის გასაკვლევად ხმარობს, რომელსაც ამ საკითხავი მასალის მეორე დონის გაგება შეუძლია.

ის მართლაც წარმოგვიდგენს იკიოს ორი მთავარი ფორმით, რომლებსაც დღეს იკიო ომოტეთი და იკიო ურათი მოვიხსენიებთ. და შემდეგ დაზუსტებებს გვაძლევს:

1-     „წინ წადგით მარჯვენა ფეხი და პირდაპირ დაარტით თქვენს მოწინააღმდეგეს.“ (ამას ვეძახით დღეს ჩვენ იკიო ომოტეს)

2- „როდესაც თქვენი მოწინააღმდეგე პირველი გიტევთ შომენით, შეტრიალდით შეტევიდან ირიმი-ტენკათი.“ (ამას ვეძახით დღეს ჩვენ იკიო ურას)

მაშადამაე ვიგებთ, რომ ტორის ორი არჩევანი აქვს: ან უტევს (და ამასობაში ეს ეწინააღმდეგება გავრცელებულ აზრს, რომ აიკიდო თითქოს თავდაცვის ხელოვნებაა), ანდა მას უტევენ. როდესაც ტორი უტევს, იკიო ომოტეა, როდესაც მოწინააღმდეგე უტევს, მაშინ ურაა. ეს ინფორმაცია, თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ის იმიტომ გვაინტერესებს განსაკუთრებულად, რომ ორივე შემთხვევაში ამ მოქმედებას სათავეში ადამიანის არჩევანი უდევს: ტორის არჩევანი, შეუტიოს ან უკეს არჩევანი, შეუტიოს.

სამაგიეროდ, კომენტარი, რომელსაც აქ აკეთებს ო-სენსეი ირიმი ნაგეს ტექნიკის შესახებ, კავშირში არ არის პრაქტიკის ამ დონესთან. ძნელად სათარგმნია, მაგრამ აზრი ესაა:

“ენერგიით (რომელიც თქვენშია) მიიწვიეთ მოწინააღმდეგე, რომ შეგიტიოთ წინიდან (შომენ).”  (仕 氣勢ラ以テ敵ノ正面打ラ導ク)

ამ გამოთაქმის შინაარსი ის გახლავთ, რომ შეტევა ამ შემთხვევაში აღარ არის უკეს ან ტორის გადაწყვეტილება, მოქმედებას არ განსაზღვრავს ადამიანის არჩევანი: თავად ენერგია წარმართავს მოწინააღმდეგის შეტევას. აქ სრულიად არსებითი ხასიათის განსხვავებაა მოძრაობაში: ადამიანი კი აღარ წარმართავს, არამედ ენერგია ადამიანის გავლით უძახის, იწვევს შეტევას. და ო-სენსეიც სწორედ იმას გვანიშნებს, რომ განსხვავება არის ტექნიკებს შორის — იმისდა მიხედვით, შესრულებულია ისინი მეთოდის ფარგლებში (აიკი-დო) თუ აიკის ფარგლებში.

მას შემდეგ, რაც ყველაფერი პერსპექტივაში და ერთმანეთთან კავშირში დაალაგა და თანაც არსებითად, ო-სენსეის შეუძლია იმ კანონების აღწერას შეუდგეს, რომლებიც მეთოდს შეადგენს.

…გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წლის დეკემბერი

წყარო : https://www.aikidotakemusu.org/chapitre-iii-les-kajos-dans-budo-1/