Categories
ო-სენსეის წიგნი

თავი III – კაჯოები ბუდოში #1

აიკი-დო არის ადამიანის გაკონტროლების მეთოდი მისივე ხელის საშუალებით. იკიო „ბუდოს“ დასაწყისშივეა, როგორც ამ მეთოდის საუკეთესო თვალსაჩინო ფორმა.

ო-სენსეი მორიჰეი უეშიბა : 一法 (იპო)

… გაგრძელება

შესავალში განვმარტე, თუ როგორი ექო ჰპოვა ჯონ სტივენსის შენიშვნებმა ჩემს განცვიფრებაში, როდესაც პირველად წავიკითხე „ბუდო“ 1987 წელს. შეგახსენებთ, რას წერდა ჯონი 1991 წელს (გვ. 26):“The translation (…) follows the original organisation of the book,which was somewhat haphazard”  [თარგმანი (…) მიჰყვება წიგნის ორიგინალურ აგებულებას, რომელიც რამდენადმე ქაოტურია]. სიმართლე ითქვას, მეც ზუსტად ამასვე ვგრძნობდი იმხანად, ვერ ვხედავდი ვერანაირ ლოგიკას „ბუდოს“ ტექნიკების, ერთი შეხედვით, სრულიად შემთხვევით და არეულ თანამიმდევრობაში. ჩემი განსხვავება ჯონ სტივენისასაგან ის გახლავთ, რომ მე ვერ შევეგუე ამ აშკარა უწესრიგობას და რომ გამიჩნდა აზრი — ის, რაც უწესრიგობად მეჩვენებოდა, შეიძლება რაღაც უფრო დიდი წესრიგი ყოფილიყო, რომლის დანახვაც მაშინ, უბრალოდ, არ შემეძლო. არადა იმხანად წარმოდგენაც არ მქონდა კაჯოების არსებობის შესახებ, ამიტომაც ვერცერთი რაციონალური არგუმენტი ვერ მაიძულებდა, რომ ასე მეფიქრა.

აქ საქმეში უთუოდ ჩაერთო ის, რასაც ჩვენ რწმენას ვეძახით და ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება ინტუიციის ერთ-ერთი გამოხატულება იყოს. მე მწამდა მორიჰეი უეშიბასი, უფრო სწორად, იმ რეალობისა, რომელსაც ის გვაუწყებდა, მაშინაც კი, როდესაც მისი სათქმელიდან ერთი სიტყვაც კი არ მესმოდა. რწმენა ირაციონალურია, ისევე როგორც ინტუიცია, ამიტომაც სათქმელი არაფერია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს აქ — რაც, კაცმა რომ თქვას, გასაოცარია — და სწორედ ირაციონალურმა მოქმედებამ მაპოვნინა გრძელი გზის ბოლოს სისტემის ის საფუძველი, რომელიც იმხანად ჩემთვის სრულიად ჰერმეტული რჩებოდა. მართლაც არსებობს საფუძველი და არსებობს წესრიგი ო-სენსეის მიერ ბუდოში წარმოდგენილი ტექნიკების, ერთი შეხედვით, სრულ არათანმიმდევრულობაში. წინა თავის წაკითხვის შემდეგ მივხვდით, რომ ეს წესრიგი მიმართებაშია კაჯოებთან, ანუ იმ გეგმასთან, რომელიც აიკიმ აირჩია თავისი თავის წარმოსაჩენად.

ვინაიდან ეს გეგმა აიკის გეგმაა, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ამ ადრეულ სტადიაზე, მეთოდით სწავლების ამ სტადიაზე, მაშასადამე აიკი-დოს სტადიაზე ის ჯერ ხილული არ არის. აქედან გამონდინარე, ის ხილული არ გახლავთ სწავლების მეთოდებში, რომლებსაც დღეს აიკიდოს სახელით ვიცნობთ. მართალია, სიტყვა კაჯო კი ჩნდება ხოლმე აქა-იქ,  მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთი მეთოდი არ აღიქვამს კაჯოებს ისე, როგორც ეს წინა თავშია ახსნილი. და ამის გამო არც საიტო სენსეის მეთოდი (რომელიც, შემიძლია ვთქვა, რომ ზედმიწევნით ვიცი, რაკი დიდხანს ვსწავლობდი მასთან, ივამაში 1986 წლის თებერვლიდან 2000 წლის დეკემბრამდე), წარმოადგენს გამონაკლისს, რა უდაო ღირსებებითაც აღჭურვილი არ უნდა იყოს ის.

საიტო სენსეისგან განსხვავებით, ტადაში აბეს საკუთარი მეთოდი არ შეუმუშავებია. ის ძალიან ახალგაზრდა ასწავლიდა, იმ დროს, როდესაც მისი ცოდნა აიკიდოში არ იყო სრული. ამის გამო, ან უბრალოდ, არჩევანის გამო, ის ფუძემდებლის მიერ გამოყენებულ მეთოდს დაეყრდნო. შეგახსენებთ, რა დაწერა თავისი წიგნის შესავალში, იქ, სადაც მადლობას უხდის ჟან ზენს იმ დახმარებისათვის, რომელიც მან გაუწია ფრანგული თარგმანის შესრულებისას:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბ-ნმა ჟან ზენმა ითავა არა ჩემი, არამედ ჩემი მასწავლებლის, მორიჰეი უეშიბას მეთოდის რეალიზება.“

ეს ხაზგასმა ჩემი არ გახლავთ, თავად ტადაში აბესია. და ჩვენ უკვე ყველა მიზეზი დავასახელეთ, რომელთა გამოც უნდა დავიჯეროთ, როდესაც იგი ამტკიცებს ასეთი მონდომებით, მეთოდი, რომელსაც ჩემს წიგნში წარმოვაჩენ, ჩემი კი არა, არამედ ჩემი მასწავლებლისააო. ამასთან კაჯოების გეგმა ძალიან თვალსაჩინოა ტადაში აბეს წიგნში და სარჩევიც სწორედ მათგან შედგება. ეს იმას ნიშნავს, რომ კაჯოები მხოლოდ აიკის გამოვლინების მახასიათებელი არ არის და ისინი აიკი-დოშიც გვხვდება, ანუ თავად მეთოდშიც, რომელიც მათ რაციონალურად ხსნის. არა ნებისმიერ მეთოდში, რასაკვირველია, არამედ მორიჰეი უეშიბას მეთოდში, რომელზეც ფუძემდებელი უკვე 1932 წელს ლაპარაკობდა, როდესაც კანძოუ მიურას ინტერვიუში სცემდა პასუხებს. ეს ჩვენ II თავში მოვიხსენიეთ: „არსებობს ზუსტი მეთოდი“. სწორედ ეს ზუსტი მეთოდი შეადგენს ბუდოს კვლევის საგანს, რაც ჩვენთვის უხილავი რჩებოდა, რამდენადაც არ გვქონდა კაჯოების ცოდნით მიღებული გასაღები, რომელიც შემდგომში ტადაშიმ გადმოგვცა.

და ბოლოს, რა თქმა უნდა, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ბუდო სწორედ ამ მეთოდის წარმოჩენაა, რომელიც, როგოც ჩვენს განმარტებაში დავინახავთ, ო-სენსეის არ აურჩევია. ეს III თავის საგანს წარმოადგენს.

დასაწყისისთვის გავიხსენოთ აღმოჩენა, რომელიც I თავში გავაკეთეთ: ბუდოს პირველი რვა ფოტო, დედანი გამოცემის მე-9-დან მე-11 გვერდამდე, არ უნდა მივიჩნიოთ ტექნიკის ამსახველ ფოტოებად. ამ ფოტოების ერთადერთი მიზანი კანონების წარმოჩენაა, ჩვენება კანონებისა, რომლებიც აიკის მოქმედების პრინციპებს მართავს: ჯუნბი დოსა.

მხოლოდ ბუდოს III თავში, სახელად შიშველი ხელი შიშველი ხელის წინააღმდეგ (徒手對徒手), იწყება წიგნის ის ნაწილი, რომელსაც „ტექნიკა“ეწოდება. ეს სიტყვა, ტექნიკა, მაინც შესაფერისი თავშეკავებით უნდა იქნეს გაგებული, რადგან აქ ტექნიკები საკუთრივ ჩვენი ყურადღების მისაქცევად არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან დაწვრილებით არის გარჩეული. მათი დანიშნულებაა, საშუალება მოგვცეს ჩვენ, გავიაზროთ კანონები და პრინციპი, რომლის აღქმა და შეცნობა შეუძლებელი იქნებოდა მოძრაობის ნახვის გარეშე. ეს კარგად უნდა იყოს დანახული, თუ გვინდა, გავიგოთ ის გეგმა, რომელსაც ო-სენსეი მიჰყვება თავის წიგნში: ეს არ წარმოადგენს ტექნიკებს რაიმე კატალოგის სახით, რომლის რიგითობასაც ის პირადად შეარჩევდა, იგი წარმოგვიჩენს ტექნიკებს, რამდენადაც ისინი სიმბოლოებია იმ რიგითობისა, რომლის დაცვაც მას უწევს და რომელიც ვერ იქნება თვალხილული მოძრაობის ჩვენების გარეშე.

ახლა ვნახოთ ეს.

პირველი მოძრაობები ნაჩვენებია პირველ ნაწილში, რომელიც შომენის შეტევას ეძღვნება და შემდეგი თანამიმდევრობით ლაგდება: იკიო, ირიმი ნაგე, კოტე გაეში, ნიკიო, სანკიო.

ვიდრე დავიწყებდეთ, ჯერ ეს დიდი მნიშვნელობის ფაქტი უნდა გავიხსენოთ: ო-სენსეი არ იყენებდა არცერთ იმ ტერმინს, რომელიც დღეს აიკიდოში მოვარჯიშეთათვის ჩვეული რამაა და ეს სრულიად ბუნებრივად გვეჩვენება.

ო-სენსეი სახელებს არ უწოდებდა ტექნიკებს: ბუდოში არსად მოიხსენიება ტექნიკები იმ დასახელებებით, რომლებითაც ჩვენ აღვნიშნავთ მათ დღეს.

მნიშვნელოვანი გაფრთხილება: თხრობის გასაიოლებლად საჭირო გახდება მუდმივი მინიშნებები ტექნიკებზე, რათა ო-სენსეის წიგნის გეგმას მივყვეთ, იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც სულ ცოტა ხნის წინ ითქვა. ამისათვის კი გამოვიყენებთ ყველა იმ თანამედროვე სახელწოდებას, რომლებიც ო-სენსეის მოწაფეებმა შეიმუშავეს. ამ არჩევანის გაკეთებისას არასდროს დავკარგავთ მხედველობიდან იმ ამბავს, რომ ეს სახელწოდებები არავითარ რეალობას არ წარმოადგენდა ფუძემდებლისთვის და ის მათ არ იყენებდა.

I – შომენი

პირველი სწავლება

აიკიდოში მოვარჯიშე ყველა ადამიანმა იცის იკიო, რომელიც გაჭიმული იდაყვის კონტროლს წარმოადგენს:

ო-სენსეი – იკიო

კიო (教) ნიშნავს სწავლებას, მაშასადამე  一教 (იკიო) პირველ სწავლებას ნიშნავს.

თუმცა ასეთ დროს შემდეგი კითხვა ჩნდება: რატომ ეწოდა ამ ტექნიკას სახელად პირველი სწავლება? ეს ჩვენ წინა თავში გავარკვიეთ: იმიტომ, რომ არსებობს ერთადერთი სახსარი, რომელსაც შეუძლია მარტომ გააკონტროლოს ადამიანის სხეული და რომ ეს სახსარი იდყავისაა. იდაყვი სახსრების ყველა კონტროლის სათავეა. ნებისმიერი სხვა კონტროლი ხელის სახსრების ორი ან სამი სახსრის საშუალებით სრულდება და იდაყვი თითოეულ მათგანში მონაწილეობს, რაც ასე არ გახლავთ სხვა სახსრების შემთხვევაში. ასე და ამგვარად, იკიო უმთავრესი ფორმაა ხელის სახსრებით სხეულის გასაკონტროლებლად და ამიტომაც ბუნებრივია, რომ მასში პირველი სწავლება დავინახოთ. სხვათა შორის, ეს თანხვედრაშია იმ ტრადიციულ იდეასთან, რომ იდაყვი ხელის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს: ქველა ხელი (კო-ტე), და ზედა ხელი (ტაკა-ტე), სამყაროს შუაგულს. ამ გაყოფისას „ერთი“ იყოფა ორად, ასევე არსებობს მეტაფიზიკური ლოგიკა, რომელიც იდაყვიდან – სათავიდან – იწყება.

ო-სენსეი თავის წიგნს იწყებს იკიოთი, იმიტომ რომ ეს პირველი სწავლებაა?

დიახ, გარკვეული თვალსაზრისით ასეა, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა — ო-სენსეი არ ხმარობდა ტერმინს იკიო. როდესაც ის ამ ტექნიკას მოიხსენიებდა, უკვე ვნახეთ, რომ ამბობდა და წერდა 一法-ს (იპო), პირველ კანონს. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ სიტყვებს აქვთ შინაარსი, ტერმინი იკიო უცხო იყო ფუძემდებლის მეტყველებისათვის, ის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იქნება თავისთავად პირველი სწავლება — რაც მის თარგმანს წარმოადგენს — რომ ო-სენსეი მას ტექნიკათა დასაწყისში ათავსებს. ის შეიძლება იყოს — როგორც ო-სენსეის მიერ ნახმარი ტერმინი გვიჩვენებს — პირველი კანონის (一法) პირველი გამოვლინება.

ამიერიდან ვიცით, რომ კაჯოები არ არის ადამიანის ტვინიდან წამოსული სისტემა. არამედ ისინი ადამიანის ანატომიიდან ბუნებრივად შობილი მეთოდია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, თანდათანობით მივუახლოვდეთ ირიმის პრინციპს ხელების საშუალებით. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს მეთოდი, რაგინდ გენიალურიც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ და მხოლოდ ანატომიაზე დაფუძნებული ბუნებრივი პედაგოგიკაა, რათა ირიმის პრინციპს ჩავწვდეთ. თუმცა ისიც ვიცით, რომ ირიმი მოწინააღმდეგის სხეულთან სრულყოფილი კავშირია, ერთიანობაა ისე, რომ ამისთვის მისი ხელი არ გვჭირდება. სწორედ ამ გაგებით ამბობდა ო-სენსეი, აიკი ერთი სიტყვით, ირიმით გამოიხატებაო. ჰოდა ამის სიმეტრიულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აიკი-დო (აიკის მეთოდი) ერთი სიტყვით, იკიოთი გამოიხატება, ვინაიდან ეს ტექნიკა ამ მეთოდის საუკეთესო სიმბოლოს წარმოადგენს.

როდესაც თავის წიგნს იკიოთი იწყებს, ო-სენსეი არ გვიმტკიცებს უბრალოდ, აი პირველი გაუძრავებაო, როგორც ფიქრობენ ზოგადად… ის სხვა რამესაც, ბევრად უფრო ფუნდამენტურ რამეს გვეუბნება: აიკი-დო არის მეთოდი იმისა, თუ როგორ გავაკონტროლოთადამიანი თავისივე ხელის საშუალებით და აი, ეს მეთოდი თავისი ყველაზე უფრო სიმბოლური ფორმით. იკიო ბუდოს დასაწყისშია იმდენად, რამდენადაც ის ამ მეთოდის საუკეთესო ილუსტრაციაა.

რამდენადაც იკიო პირველ ტექნიკადაა წარმოდგენილი ბუდოში, რაკი ის ყველაზე უფრო სიმბოლურია ამ ბუნებრივი მეთოდისათვის და რამდენადაც პრინციპის აღმოჩენა ამ მეთოდის არსს და საფუძველს წარმოადგენს, ამიტომაც სრულიად ლოგიკურია, რომ იკიოს უშუალოდ მოჰყვეს ტექნიკა, რომელიც ამ პრინციპის ყველაზე უფრო სიმბოლურ ფორმას წარმოადგენს: ირიმი ნაგე.

და სწორედ ამას აკეთებს ო-სენსეი: იკიოს შემდეგ მაშინვე ირიმი ნაგეს ათავსებს.

მუშაობის მეთოდების შესახებ თავისი წარდგინების დასაწყისში ფუძემდებელი გადაწყევტილებას იღებს, სიმბოლურად გადასცეს მომავალ თაობებს ეს ინფორმაცია, საიდანაც გამომდინარეობს ურთიერთკავშირი ადამიანსა და აიკის შორის. აიკი-დოს პრაქტიკის მთელი შინაარსიც ესაა:

1-    კაჯოები ბუნებრივი მეთოდია ხელის სახსრების საილუსტრაციოდ, რათა საბოლოოდ ირიმის პრინციპი მოვიშიანაუროთ. სწორედ ეს შინაარსი ვიპოვეთ ტანაკა ბანსენის ნახატში:

ამ მიზეზით ათავსებს ო-სენსეი თავისი ნაშრომის დასაწყისში ამ მოძრაობას, რომელიც ამ მეთოდის სიმბოლოს წარმოადგენს: იკიოს.

2- ირიმის პრინციპი მეთოდის მიზანია, რომელიც წინ უსწრებს მას.

ამის გამო ზუსტად იკიოს შემდეგ ათავსებს მოძრაობას, რომელიც ყველაზე უკეთ განასახიერებს ირიმის პრინციპს, როგორც ტამურა სენსეი შენიშნავს, მოძრაობა, რომელიც არ მიეკუთვნება არცერთ კაჯოს და რომელიც არ მიეკუთნება მეთოდს: ირიმი ნაგეს.

იკიო, მეთოდის სიმბოლო, ირიმი ნაგე კი პრინციპის სიმბოლოა. პირველი საშუალებას გვაძლევს, მივიდეთ მეორესთან. ასე გამოხატავს მას მორიჰეი უეშიბა, როდესაც შემოაქვს აღწერილობა, რომელიც აიკის ბუნებრივ გეგმას მიჰყვება.

იმაში დასარწმუნებლად, რომ აქ შემთხვევითი არაფერია, ამ ორი მოძრაობის თანმხლები კომენტარები უნდა წავიკითხოთ. რადგან ო-სენსეი ამ კომენტარებს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ინფორმაციის მოსაცემად არ იყენებს, ის მათ იმ მკითხველისათვის გზის გასაკვლევად ხმარობს, რომელსაც ამ საკითხავი მასალის მეორე დონის გაგება შეუძლია.

ის მართლაც წარმოგვიდგენს იკიოს ორი მთავარი ფორმით, რომლებსაც დღეს იკიო ომოტეთი და იკიო ურათი მოვიხსენიებთ. და შემდეგ დაზუსტებებს გვაძლევს:

1-     „წინ წადგით მარჯვენა ფეხი და პირდაპირ დაარტით თქვენს მოწინააღმდეგეს.“ (ამას ვეძახით დღეს ჩვენ იკიო ომოტეს)

2- „როდესაც თქვენი მოწინააღმდეგე პირველი გიტევთ შომენით, შეტრიალდით შეტევიდან ირიმი-ტენკათი.“ (ამას ვეძახით დღეს ჩვენ იკიო ურას)

მაშადამაე ვიგებთ, რომ ტორის ორი არჩევანი აქვს: ან უტევს (და ამასობაში ეს ეწინააღმდეგება გავრცელებულ აზრს, რომ აიკიდო თითქოს თავდაცვის ხელოვნებაა), ანდა მას უტევენ. როდესაც ტორი უტევს, იკიო ომოტეა, როდესაც მოწინააღმდეგე უტევს, მაშინ ურაა. ეს ინფორმაცია, თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ის იმიტომ გვაინტერესებს განსაკუთრებულად, რომ ორივე შემთხვევაში ამ მოქმედებას სათავეში ადამიანის არჩევანი უდევს: ტორის არჩევანი, შეუტიოს ან უკეს არჩევანი, შეუტიოს.

სამაგიეროდ, კომენტარი, რომელსაც აქ აკეთებს ო-სენსეი ირიმი ნაგეს ტექნიკის შესახებ, კავშირში არ არის პრაქტიკის ამ დონესთან. ძნელად სათარგმნია, მაგრამ აზრი ესაა:

“ენერგიით (რომელიც თქვენშია) მიიწვიეთ მოწინააღმდეგე, რომ შეგიტიოთ წინიდან (შომენ).”  (仕 氣勢ラ以テ敵ノ正面打ラ導ク)

ამ გამოთაქმის შინაარსი ის გახლავთ, რომ შეტევა ამ შემთხვევაში აღარ არის უკეს ან ტორის გადაწყვეტილება, მოქმედებას არ განსაზღვრავს ადამიანის არჩევანი: თავად ენერგია წარმართავს მოწინააღმდეგის შეტევას. აქ სრულიად არსებითი ხასიათის განსხვავებაა მოძრაობაში: ადამიანი კი აღარ წარმართავს, არამედ ენერგია ადამიანის გავლით უძახის, იწვევს შეტევას. და ო-სენსეიც სწორედ იმას გვანიშნებს, რომ განსხვავება არის ტექნიკებს შორის — იმისდა მიხედვით, შესრულებულია ისინი მეთოდის ფარგლებში (აიკი-დო) თუ აიკის ფარგლებში.

მას შემდეგ, რაც ყველაფერი პერსპექტივაში და ერთმანეთთან კავშირში დაალაგა და თანაც არსებითად, ო-სენსეის შეუძლია იმ კანონების აღწერას შეუდგეს, რომლებიც მეთოდს შეადგენს.

…გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წლის დეკემბერი

წყარო : https://www.aikidotakemusu.org/chapitre-iii-les-kajos-dans-budo-1/

Categories
ო-სენსეის წიგნი

თავი II – #7 – დასკვნა კაჯოების სისტემის შესახებ

თუკი არსებობს ოთხი კაჯო, ეს იმიტომ ხდება, რომ არსებობს ადამიანის ხელის სახსრების სამი შესაძლო კომბინაცია. მეტი არ არის და სწორედ ამიტომ ლაპარაკობს ო-სენსეი „ბუდოში“ მხოლოდ ოთხ კანონზე.

… გაგრძელება

მაშასადამე, ვიპოვეთ პასუხი კითხვაზე, რომელიც მესამე კაჯოს ბოლოს დაისვა. ადამიანის ხელს მეოთხე სახსარი არ აქვს, რასაკვირველია, კაჯოები არ არის დანომრილი გამოყენებული სახსრების რიცხვის მიხედვით. ეს ინტერპრეტაცია იოლი იყო, ცხადი ჩანდა პირველი სამი კაჯოს შემთხვევაში, მაგრამ არ გვაძლევს იმის ახსნის საშუალებას, თუ რატომ არის მეოთხე კაჯოც. ოთხი კაჯო არ შეესაბამება უშუალოდ ხელის სახსრების რაოდენობას, ისინი ხელის სამი სახსრის ოთხ შესაძლო კომბინაციას შეესაბამება. თუკი არსებობს ოთხი კაჯო, ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის კონტროლის ოთხი ხერხი არსებობს მისი ხელის სამი სახრსის საშუალებით:

1- იდაყვის სახსრით, რომელიც ხელს ორ, ზედა და ქვედა (წინამხარი) ნაწილებად ყოფს: ესაა პირველი კანონი, როგორც ო-სენსეი უწოდებს მას „ბუდოში“, ეს იკიოა, რომელსაც ბრუნვის ორი, სიმატრიული მიმართულება აქვს.

2- ხელის ქვედა ნაწილის ორი სახსრით, მაჯითა და იდაყვით: ესაა მეორე კანონი, როგორც ო-სენსეი უწოდებს მას „ბუდოში“, ეს ნიკიოა, რომელსაც ასევე ბრუნვის ორი, სიმატრიული მიმართულება აქვს.

3- მთლიანი ხელის სამი სახსრით, მაჯით, იდაყვითა და მხრით: ესაა მესამე კანონი, როგორც ო-სენსეი უწოდებს მას „ბუდოში“, ეს სანკიოა, რომელსაც ბრუნვის მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს.4- ხელის ზედა ნაწილის ორი სახსრით, იდაყვითა და მხრით: ესაა მეოთხე კანონი, როგორც ო-სენსეი უწოდებს მას „ბუდოში“, ეს იონკიოა, რომელსაც ბრუნვის მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს.

მხოლოდ ეს ოთხი კომბინაციაა შესაძლებელი, არ არსებობს სხვა და ამიტომაც არსებობს მხოლოდ ოთხი კანონი. მართლაც, მარტო მაჯას არ შეუძლია გააკონტროლოს სხეული, არც მხოლოდ მხარს შეუძლია გააკონტროლოს სხეული და მაჯასა და მხარს ერთად არ შეუძლიათ გააკონტრონოლონ სხეული ისე, რომ მათთან ერთად იდაყვიც არ იყოს ჩართული საქმეში. ეს კარგად ჩანს მესამე კაჯოს შემთხვევაში.

ახლა შევეცადოთ და ამ კანონებს სახსრების კონტროლის შესახებ სამყაროს ტრადიციული ხედვის ჩარჩოებში შევხედოთ, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ ყველა ქმნილება თავდაპირველი წერტილის გაყოფის შედეგია. მეცნიერება სიცოცხლეს ამავენაირად განიხილავს, როდესაც გვიჩვენებს, რომ რთული არსება თავის არსებობას საწყისი უჯრედის მარტივი გაყოფით იწყებს. გაყოფის ამ ოპერაციით წარმოშობა ორმაგ რეალობას იძენს: ის არსებობს, როგორც ყველაფრის წინაპირობა, მაგრამ ასევე წარმოდგენილია მის მიერ წარმოქმნილ ფენომენებში, რამდენადაც თითოეული მათგანი, ამა თუ იმ ეტაპზე, ამ წარმოშობის საწყისი დაყოფის შედეგია. პირველ ეტაპზე, საწყისი ორად იყოფა და ეს დუალობის გაჩენაა. ამ ორმაგობაში საწყისი არ ქრება; ის უბრალოდ ორად იხლიჩება. გაყოფის დაწყებისთანავე, ის კავშირს ამყარებს საწყისსა და პირველ დუალობას შორის. თუ საწყისი არის 1, ხოლო 2 დუალობაა, მაშინ 1-სა და 2-ს შორის ეს გამომდინარეობითი კავშირი შეადგენს 3-ს, ისე, რომ არაფრის დამატება არ ხდება საჭირო, ეს არის პირველი სამება: მამა, ძე და სულიწმინდა, თუ გვინდა, რომ მხატვრულად გამოვსახოთ… სამი ერთში.

ახლა ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება ამ მეტაფიზიკური პრინციპის გამოყენება ისეთ სფეროში, რომელიც ერთი შეხედვით ისეთივე  ნაკლებად ტრანსცენდენტული ჩანს, როგორც ხელის სახსრების კონტროლის ტექნიკა. კონტროლის საწყისი წერტილია იდაყვი (იკაჯო), რომელიც ხელს ორ ნაწილად ყოფს ორი მეორადი კონტროლის მიხედვით: იდაყვი-მაჯის კონტროლისა (ნიკაჯო) და იდაყვი-მხრის კონტროლის (იონკაჯო). ამგვარად – როგორც კოსმიურ მოდელში – დუალობა ერთი საწყისიდან ისე წარმოიშობა, რომ ეს საწყისი არ ქრება: იდაყვი მართლაც მაჯას უკავშირდება ხელის ქვედა ნაწილის კონტროლისთვის (კო ტე), ხოლო მხართან – ხელის ზედა ნაწილის კონტროლისთვის (ტაკა ტე). ამგვარად, იდაყვის კონტროლი სახეზეა როგორც თავდაპირველი ფორმით (იკიო-შიჰო ნაგე), ასევე სახეზეა ორ ტექნიკურ ფორმაში, რომლებიც თავდაპირველი ფორმიდან წარმოიშვა: ნიკიო-კოტე გაეშიდან და იონკიო-ტენჩი ნაგედან.

ერთი ტექნიკა პირველ ტექნიკურ დუალობად გაიყო. ეს შეიძლება ასე შეჯამდეს 1 = 2 : ერთი საწყისი ტექნიკა გაყოფის გზით პირველ ტექნიკურ დუალობას (ნიკაჯო-იონკაჯო) წარმოშობს. მიმართება ამ ტექნიკურ საწყისსა და პირველ ტექნიკურ დუალობას შორის მესამე ტექნიკურ დუალობას შეადგენს: კონტროლი მაჯა-იდაყვი-მხარი (სანკაჯო), რომელიც სანკიო-კაიტენ ნაგეს ტექნიკური ფორმით გამოიხატება, სადაც იდაყვი-საწყისი ცენტრალურ ადგილს იკავებს. ამ პროცესის მთლიანობა პირველ ტექნიკურ სამებას შეადგენს და ასეთ დროს შეგვიძლია, დავწეროთ, რომ 1 = 2 = 3. მეტაფიზიკური მოდელი სრულადაა ასახული აიკიდოს ტექნიკურ მოდელში და სწორედ ამის გამო ამბობდა ო-სენსეი, აიკიდო სამყაროს კანონების მიხედვით მოქმედებს და ამიტომაც ის სამყაროაო.

ეს ყველაფერი ერთი სქემით და ლეონარდო და ვინჩის ერთი ნახატით შეიძლება შეჯამდეს. როდესაც ბრძენი თითით მთვრეს აჩვენებს, სულელი თითს უყურებსო, ნათქვამია, თუმცა იოანე ნათლისმცემელი ცბიერად იღიმება, რადგან სასაცილოა ინფორმაციის დამალვა დღისით-მზისით, თუკი შემთხვევით თითი გაშვერილია არა მთვარის (ან ცის) საჩვენებლად, არამედ, როგორც ცოტა ნაჩქარევად მიიჩნევს ბრძენი, პირიქით, ხელის დასამალად:

კაჯოები ის ოთხი კანონია, რომლებიც ხელის სამი სახსრის გამოყენების წესს განსაზღვრავს. და ისევ ლეონარდო და ვინჩი გვაძლევს საშუალებას,  ეს ოთხი შესაძლებლობა ერთად და ნათლად ვიხილოთ ნახატზე, სადაც, საინტერესო დამთხვევაა და, მან იდაყვი თავდაპირველი ესკიზის ზუტად ცენტრში მოათავსა:

ამ ნახატის შემდეგ ყურადღება მივაქციოთ ჩანახატს, რომელიც ტანაკა ბანსენის მიერ 1976 წელს დაწერილ წიგნში, „აიკიდო შინზუი“-ში გვხვდება:

იაპონელები მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ.

მაჯვენა ჩანახატის მესიჯი შემდეგია: აიკი-დოს მეთოდი ადამიანისთვის ხელის საშუალებით წონასწორობის დაკარგვინებასა და მის ამგვარადავე კონტროლს გვასწავლის.

მარცხენა ფიგურის მთავარი აზრი ასეთია: ხელის ეს შესწავლა აგებულია ოთხი პრინციპის მიხედვით, რომლებიც მისი გამოყენების ოთხ მოდალობას განსაზღვრავს, სხეულის ცენტრალურ ღერძთან მიმართებაში და თანმიმდევრულად ჩართული სახსრების პროგრესირების მიხედვით.

ეს ემთხვევა კაჯოების შესახებ ჩვენს დასკვნებს და ამ მცირე ჩანახატში მოცემული ინფორმაცია ჩვენს ყურადღებას იმსახურებს. რადგან ტანაკა ბანსენმა აიკიდოს შესწავლა 1936 წელს მორიჰეი უეშიბასთან დაიწყო. ის აიკიდოს იმ მცირერიცხოვან ოსტატთაგან ერთ-ერთია, რომლებიც დამფუძნებელთან სწავლობდნენ როგორც ომამდე, ასევე ომის შემდეგ. 1951 წელს ო-სენსეიმ სთხოვა, ოსაკაში აიკიდოს დოჯო აეშენებინა, სადაც მას ჩასვლა და სწავლება შეეძლებოდა. 1952 წელს, დოჯოს მშენებლობის დროს, ტანაკა ბანსენი გადავიდა ივამაში, რათა დამფუძნებელთან ეცხოვრა, სადაც ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა. დოჯოს აშენების შემდეგ, ო-სენსეი გარდაცვალებამდე (1969 წლამდე) ოსაკაში ტანაკასთან დიდი ხნით რჩებოდა ხოლმე და ამის გამო ტანაკამ მისგან ბევრი რამ მიიღო:

ო-სენსეი 1955 – ოსაკა – ტანაკა ბანსენის დოჯო

ადვილად შეამჩნევდით, რომ ტადაში აბეს წიგნის თანამიმდევრობა არ არის დაცული ნახატზე, რომელიც ოთხი კაჯოს შესახებ შევასრულეთ. ისინი იქ აშკარად მოუწესრიგებლადაა წარმოდგენილი, როდესაც სპირალის სათავიდან იწყება:

1- ნიკიო – კოტე გაეში          (კანონი n°2)

2- სანკიო – კაიტენ ნაგე      (კანონი n°3)

3- იკიო – შიჰო ნაგე           (კანონი n°1)

4- იონკიო – ტენჩი ნაგე      (კანონი n°4)

ჩვენ ახლა ვნახავთ, რომ ეს ის თანამიმდევრობაა, რომელსაც ო-სენსეი იცავს „ბუდოში“, მაგრამ ამის მიზეზის ახსნა ჯერ ადრეა, ამას მომდევნო თავში დავინახავთ. უბრალოდ, ვთქვათ, რომ ეს გეგმა კაჯოების ბუნებრივ მიმდევრობას ემთხვევა და რომ ტანაკა ბანსენის ჩანახატის სპირალი ამ მიმდევრობის გამოხატულებაა.

რატომ არ არსებობს მეხუთე კაჯო

მაშასადამე, იკაჯო იდაყვით კონტროლის კანონია, ნიკაჯო მაჯითა და იდაყვით კონტროლის კანონია, სანკაჯო მაჯით, იდაყვითა და მხრით კონტროლის კანონია, იონკაჯო კი იდაყვითა და მხრით კონტროლის კანონია. არსებობს კი ხელის სახსრების კომბინირების მეხუთე შესაძლებლობა?

არა, როგორც ეს ვრცლად ვიხილეთ აქ.

აი, რატომ ვერ იარსებებს მეხუთე კაჯო. აი, როტომ მოიხსენიებს ო-სენსეი „ბუდოში“ მხოლოდ ოთხ კანონს, ოთხ კატეგორიას და არასდროს არაფერს ამბობს მეხუთე კანონის შესახებ.

ტადაშის პირველი ოთხი პრინციპი ზუსტად და დეტალურად შეესაბამება პირველ ოთხ კანონს, რომელიც „ბუდოშია“ მოხსენიებული. ამიტომაც აქედან შეგვიძლია დავუშვათ, რომ ტერმინ პრინციპს, რომელიც ჟან ზენმა შეარჩია ტადაში აბეს მითითებების ტრანსკრიპციაში, უფრო ზუსტი იქნება, თუ ვთარგმნით, როგორც კანონს, რადგან სწორედ ამ ტერმინს იყენებს ო-სენსეი (法). ეს უფრო მორგებული თარგმანი იქნება კანჯისთვის 条 კაჯოში (ケ条), რომელსაც გამყოფი ხაზის, სისტემის, წესისა და კანონის მნიშვნელობა აქვს.

მაგრამ რატომ არის მითითებული ტადაში აბეს წიგნში მეხუთე პრინციპის არსებობა? რატომ შემოაქვს ტადაშის მეხუთე კაჯო, მეხუთე კანონი, რომელზეც არსად არაფერს ამბობს ო-სენსეი?

იმიტომ, რომ ტადაში არ იყო დარწმუნებული და ეს მისი ფორმირების იმდროინდელ ეტაპს უკავშირდება. ის იმ უშუალოდ ომის შემდგომ თაობას მიეკუთვნებოდა და ამიტომ ჩვევად ჰქონდა საიტო სენსეის – მისი უმცროსი პარტნიორისა ივამაში ვარჯიშის დროს – მსგავსად, რომ გოკიო ეწოდებინათ იმ ტექნიკისთვის, რომელსაც მას შემდეგ ასე ეწოდება თანამედროვე აიკიდოში. არადა ო-სენსეი ასე არ უწოდებდა ამ ტექნიკას, რომელსაც, როგორც უკვე ვნახეთ, მოიხსენიებდა, როგორც კანონი ნომერი 1. ჩვენ ვრცლად ვილაპარაკეთ, თუ როგორ გაჰყავს თანამედროვე აიკიდო აზროვნების არასწორ გზაზე ამ ტერმინის დამკვიდრებას. ჰოდა ვერც ტადაში აბე გაექცა ამ გავლენას და მანაც დაიჯერა, რომ ეს სწავლება მკაფიოდ განსხვავდებოდა პირველი ოთხი კიოსაგან. არსებობს ოთხი სწავლება, ოთხი კიო (教), რომლებიც ოთხ კანონს (法 ho) შეესაბამება, რომლებიც, თავის მხრივ, ხელის სახსრების შესაძლო ოთხ კომბინაციას შეესაბამება. გოკიო, „მეხუთე სწავლება“ გაჭიმულ იდაყვს ბლოკავს, ამიტომაც სინამდვილეში ის პირველ სწავლებაა, გოკიო უბრალოდ იკიოს ფორმაა, ის პირველ კანონს, პირველ კაჯოს გვიჩვენებს და ის წარმოდგენილია ზევით, თავში იკაჯო 一ケ条… სწორედ ასე ესმოდა ოსენსეის.

ის, რაც მოხდა ომის შემდეგ გოკიოს შემთხვევაში, ეკვივალენტური იქნებოდა, დღეს თუ ვინმე მოინდომებდა მეექვსე კაჯოს შექმნას იმ საბაბით, რომ მოვარჯიშეებმა გადაწყვიტეს, როკიო დაერქმიათ ტექნიკისთვის, რომელსაც დღეისთვის ჰიჯი კატამე (ჰიჯი ჯიმე ოსაე) ეწოდება. ჰიჯი კატამე, როგორც ამას თავად სახელწოდება მიუთითებს, იდაყვის (ჰიჯი) და მხოლოდ მისი გაუძრავებაა, მაჯა საქმეში არ ერთვება, იმის საპირისპიროდ, რასაც დღეს ხშირად შეცდომით ასწავლიან. ამის გამო ჰიჯი კატამე იკიოს ენათესავება და ზუსტად ისევე მიეკუთვნება პირველ კაჯოს, როგორც გოკიო. ისევე არ არსებობს როკიო, როგორც არ არსებობს გოკიო და ისევე არ არსებობს მეექვსე კაჯო, როგორც არ არსებობს მეხუთე კაჯო.

პრობლემა, რომელსაც ფეხი წამოჰკრა ტადაში აბემ, ის გახლავთ, რომ არ იცოდა, სად მოეთავსებინა მოძრაობა, რომელსაც ის გოკიოს უწოდებდა. და თავისთვის შექმნა მეხუთე კაჯო. და რაკი კაჯოები საერთო პრინციპებს დაქვემდებარებულ ტექნიკათა ოჯახებია, მან იფიქრა, რომ გოკიო, ცხადია, მარტო ვერ იქნებოდა ერთ რომელიმე კაჯოში. ამასვე მიაკუთვნა ირიმი ნაგეს ტექნიკაც, რომელიც ასევე არ იცოდა, სად მოეთავსებინა (რასაც ზენი გადავსებას უწოდებდა). თუმცა კაჯოები მხოლოდ და მხოლოდ ხელის გამოყენების მეთოდებია, ირიმი ნაგე კი არ იყენებს ხელს და ამიტომაც ვერ მოთავსდება ვერცერთ კაჯოში. ირიმი ტექნიკური მეთოდი არ გახლავთ, როგორც ეს ვნახეთ I თავში, ირიმი აიკის ფუძემდებლური პრინციპია. ის გვხვდება ყველა ტექნიკაში, ის ყველაფრის გულია და არ უპირისპირდება არაფერს… ის იქმდეც კი გვხვდება, ვიდრე ტექნიკა გახდება ხილული.

სახელწოდებითა და იმ ჩვევით მოტყუებულმა, რომ გოკიოში მეხუთე სწავლება დაენახა, ტადაში აბე ვერ მიხვდა, რომ აქ საქმე მხოლოდ იკიოს ერთ-ერთ ფორმას ეხებოდა. ირიმი ნაგეს პრაქტიკით მოტყუებული ვერ მიხვდა, რომ ეს არ იყო ისეთივე მოძრაობა, როგორებიც გვხვდება კაჯოებში, რომ ეს პრინციპის გამოხატულებაა და სინამდვილეში კაჯოების ბუნებრივი მეთოდის მიზანია. სწორედ ამის გამო ის ვერ მიეკუთვნება ვერცერთ კაჯოს. ინტერპრეტაციის ამ ორმა შეცდომამ მას უბიძგა, რომ დაემატებინა მეხუთე კანონი იმ ოთხი კანონისთვის, რომლებზეც ფუძემდებელი ლაპარაკობს, რათა იქ „გოკიო“ და ირიმი შეეყვანა, რასაც „ბუდოში“ არსად და არასდროს აკეთებდა ო-სენსეი.

ამას ვამბობ ღრმა პატივისცემით, უდიდესი მადლიერებითა და სიყვარულით ტადაში აბეს მიმართ, რომელიც შეუცვლელი დამაკავშირებელი რგოლია ფუძემდებლის აიკიდოსა და მის მემკვიდრეობას შორის. ამ ახალგაზრდა კაცმა ოცდაათი წლის ასაკში ერთგულად გადმოგვცა ო-სენსეის მიერ გამოყენებული უნიკალური სწავლების მეთოდი და დაგვიტოვა აუცილებელი გასაღებები თუნდაც მის მიერვე გაკეთებული არასწორი ინტერპრეტაციის გასაგებადაც კი. და აქვე დავძენ, რომ მის მიერ 1957 წელს ჟან ზენთან ერთად დაწერილი წიგნის გარეშე, რომელიც დამფუძნებლის მეთოდის გამორჩეული დასტურია, ბუდოს გაშიფვრა დღეს უკვე შეუძლებელი იქნებოდა. ეს კარგად უნდა გვესმოდეს.

ამ თავის დასკვნად ღირს იმ რეალობის გამეორება, რომელიც ზემოთაა აღწერილი და რომელიც მორიჰეი უეშიბას შემდეგ დავიწყებას მიეცა: კაჯოები წარმოადგენს ბუნების მიერ შედგენილ გეგმას ირიმის შესასწავლად და ამისთვის ხელის სახსრები გამოიყენება. ეს გეგმა, რომელიც ადამიანის გონებას არ შეუმუშავებია, განსაზღვრავს ბუნებრივ მეთოდს, რომელიც ირიმის პრინციპის გაგებისა და მისი დაუფლების ერთადერთი გზაა. „ბუდო“ ო-სენსეის სურვილი და მცდელობაა, ახსნას ეს მეთოდი. თუმცა მის წიგნში ამ მცდელობით მიღებული ფორმები არც ისე თვალსაჩინოა და ჩვენც სწორედ ამ ფორმების ცხადად ჩვენებას შევეცდებით.

გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წლის დეკემბერი

Categories
ო-სენსეის წიგნი

თავი II – #6 – იონკაჯო 四ケ条

იონკაჯო არის ოჯახი, რომელშიც შევა ყველა ტექნიკა, რომელიც ერთდროულად ორ, ოდაყვისა და მხრის, სახსარზე მოქმედებს.

გაგრძელება…

4 – იონკაჯოケ条

რაკი იკიო პირველ კაჯოს, ნიკიო მეორე კაჯოს, სანკიო კი მესამე კაჯოს მიეკუთვნება, მოსალოდნელია, რომ იონკიო მეოთხე კაჯოს მიეკუთვნებოდეს.

და მას მართლაც იქ ათავსებს ტადაში აბე, რომელიც ამავე კაჯოში მას ტენჩი ნაგეს უკავშირებს. ეს კავშირი სრულიად ლოგიკურია, თუმცა საფუძველი აქ ოდნავ უფრო ძნელად დასანახია, ვიდრე პირველი სამი კაჯოს შემთხვევაში.

იონკიო

უპირველეს ყოვლისა, ცნობილია და შეგვიძლია, ო-სენსეის ფოტოზე გადავამოწმოთ, რომ მაჯის სახსარი იონკიოს დროს ბლოკირებული არ არის. უკე გაუძრავებულია ორი სახსრის საშუალებით, იდაყვისა და მხრისა. ყბადაღებული მტკივნეული წერტილი წინამხარზე  ფუნდამენტური ხასიათისა არ არის, ადამიანთა გარკვეულ რიცხვს ის მგრძნობიარე არ აქვს და საიტო სენსეი ტექნიკის ამ პუნქტზე საგანგებოდ არ ამახვილებდა ყურადღებას.

მაშასადამე, იონკაჯო არის ოჯახი, რომელშიც შედის ყველა ის ტექნიკა, რომელიც ერთდროულად მოქმედებს იდაყვისა და მხრის სახსრებზე.

ორი მოძრაობა შეადგენს ამ ტექნიკის გულს: იონკიო და ტენჩი ნაგე.იონკიოსა და ტენჩი ნაგეს საერთო შეხების წერტილი ის აქვს, რომ ისინი იდაყვის სახსარზე და მხრის სახსარზე – და მხოლოდ და მხოლოდ ამ ორ სახსარზე – მოქმედებს.

ტენჩი ნაგე არ არის მოძრაობა, რომლის დროსაც ერთი ხელი ცისკენაა (ტენ) მიმართული, მეორე კი მიწისკენ (ჩი). მართლაც, როდესაც ორივე ხელი ერთმანეთის საპირისპირო მხარეს მიემართება, ტორის ენერგია იფანტება და ტექნიკა არ მუშაობს.

ტანჩი ნაგეს – როგორც ამას მისი სახელწოდებაც მიუთითებს – მართლაც აქვს კავშირი ცასა და მიწასთან, მაგრამ იმიტომ, რომ ამ მოძრაობის დროს პირველ ნაწილში ტორი უკეს ცისკენ (ტენ) სწევს, რათა ის მიწისკენ (ჩი) მოისროლოს მას შემდეგ, რაც ეს უკანასნელი, თავისი წონასწორობის საფუძველს მოკლებული, მიწასთან კავშირს დაკარგავს. ტერმინი ტენ-ჩი ნიშნავს, რომ მოძრაობა ჯერ ცისკენ იწყება, რათა შემდეგ ისევ მიწისკენ დაეშვას. სწავლება, როგორც ამას თანამედროვე აიკიდო აკეთებს, რომ ეს ტერმინი ხელების მიმართულებას აჩვენებს, ერთს ცისკენ და მეორეს მიწისკენ, წმინდა წყლის გაუგებრობაა.

ეს მე საიტო სენსეიმ გამაგებინა, მაგრამ არა სიტყვით, არამედ მოქმედებით. ყოველ ჯერზე, როდესაც მე მას უკეობას ვუწევდი ტენჩი ნაგეს დროს, მეუფლებოდა შეგრძნება, რომ შესვლის მომენტში მიწას ვწყდებოდი. თანაც ეს შეგრძნება წინ უსწრებდა წონასწორობის კარგვას, რომელიც ყოველთვის წამის მეათასედში მოჰყვებოდა ამას და განსხვავდებოდა მისგან:

მორიჰიო საიტო – ანტიბი, ოქტომბერი, 1989 – ტენჩი ნაგე – უკე ფილიპ ვოარინო

თავიდან იმისთვის დამჭირდა დრო, რომ გამეაზრებინა, თუ რას აკეთებდა, შემდეგ კი დრო იმისთვის დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი, როგორ ახერხებდა ამას.

ტენჩი ნაგეს დროს ტორის ზედა ხელის მოქმედება იდენტურია მოქმედებისა, რომელსაც ფუნდამენტური სავარჯიშოს, სუვარი ვაზა კოკიუ ჰოს დროს ვხვდებით ხოლმე. ეს სამუშაო კარგადაა ცნობილი, ის უკეს მიზიდულობის ცენტრს იდაყვის გავლით და მხრიკენ მიწოლით ზევითკენ სწევს. ეს გასაგებია, ათვისებულია, მაგრამ ზუსტად რას აკეთებს ამ დროს ქვედა ხელი? ეს იყო ჩემი მიზანიც: მეცადა, გამეგო, ზუსტად რას აკეთებდა ამ დროს ქვედა ხელი.

არსებობს რაიმე მითითება ამ ხელის სამუშაოს შესახებ „ბუდოში“?

დიახ, არსებობს შესანიშნავი მითითება.

აი ისიც, დედანი ვერსიის 21-ე გვერდი და იგივე მოძრაობა, მარჯვნივ, შესრულებული მორიჰირო საიტოს მიერ:

ქვედა ხელის მუშაობა ტენჩი ნაგეს დროს

მე არაერთხელ შემისრულებია ეს მოძრაობა ივამაში, საიტო სენსეისთან ერთად, მაგრამ იმხანად არ მესმოდა მისი კავშირი ტენჩი ნაგესთან.

ამ ფოტოებზე ნათლად ჩენს, რომ ტორის ქვედა ხელის მოქმედება უკეს მიწიდან ზევით სწევს. ის კოკიუს მიწოლით ისე ადის ზევით, რომ უკეს ხელი იჭიმება და თან  მასვე მხრისკენ აწვება: იდაყვი და მხარი მობილიზებულია ისეთ ხაზზე, რომ ხელს მოკეცვის საშუალებას არ აძლევს, მხარი ზევითკენ ადის და ხერხემალს პირდაპირ აკარგვინებს წონასწორობას. ეს მოქმედება უკესკენ აგზავნის ენერგიას, რომელიც ტორის მუცლის ქვედა ნაწილიდან, კიკაი ტანდენიდან მოდის:

თუკი ო-სენსეი ამ მოძრაობის ფოტოს „ბუდოში“ ტენჩი ნაგეს ჩვენების წინ ათავსებს, ეს შემთხვევით არ ხდება, როგორც ამ წიგნის მთარგმნელი ფიქრობდა. ამ ფოტოს საფუძველი აქვს, აქ რომ იყოს, თავისი ფუნქცია აქვს და ეს ფუნქციაა, ტენჩი ნაგეს დროს ქვედა ხელის მთავარი სამუშაოს შესახებ გვამცნოს.  ფუძემდებლის ამ გაფრთხილების წყალობით – რასაკვირველია, თუკი მას დავინახავთ და გავითვალისწინებთ – ბევრად უფრო ადვილი ხდება იმის შემჩნევა, თუ როგორ იჭიმება უკეს ხელი და როგორ აწვება მას ზევითკენ ო-სენსეი იმ ფოტოზე, რომელიც უშუალოდ მოსდევს ამას და რომელიც ამჯერად სრულფასოვანი ტენჩი ნაგეა:

ვხედავთ, რომ იგივე მოძრაობაა, რომელიც საიტო სენსეის ქვედა ფოტოზეა გამოსახული. და ამ ფოტოს მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის დავიმოწმებ, რომ მეტი ძალა შევძინო ჩემს სიტყვებს, რადგან პირადად გამიგონია საიტო სენსეისგან ივამაში ახსნა-განმარტება, რომ ქვედა ხელი უკეს უკნისაკენ ზევით აწევით უნდა აწვებოდეს:

მაშასადამე, ამ პუნქტის სწორად გაგება არსებითია: ტენჩი ნაგეს მოძრაობის დასაწისში ტორის ორივე ხელი ერთად ადის ცისკენ. ეს ტექნიკური ასპექტი თვალში საცემია საიტო სენსეის ქვედა ფოტოებზე, რომლებზეც ვხედავთ, რომ ‘გედან’ დონის ხელი აშკარად აღმავალია მოძრაობის პირველ ნაწილში (ტენ). და მოძრაობის მხოლოდ მეორე ნაწილში (ჩი) ასევე ერთად ჩამოდის ორივე ხელი მიწისკენ. ამ ორი ფაზის გამყოფი ხაზი ადვილად შესამჩნევია იმათთვის, ვინც გაიგო, თუ როგორ მუშაობს ეს მოძრაობა:

მაშასადამე, ტორის ორივე ხელი მობილიზებას უკეთებს უკეს ორივე ხელის იდაყვის სახსარს, ჯერ ზევითკენ, შემდეგ ქვევითკენ, როგორც იონკიოს დროს ხდება ხოლმე, ოღონდ ცალ ხელზე.

თუ იონკიოსა და ტენჩი ნაგეს შორის კავშირის დამატებითი დადასტურება გნებავთ, შეგიძლიათ მარტივი ხრიკი სცადოთ და ო-სენსეის ტენჩი ნაგეს შემდეგი ფოტო თავდაყირა დააყენოთ:

ნათლად ვხედავთ, რომ უკეს იდაყვსა და მხარზე ზეწოლა ორივე ტექნიკაში მართლაც იდენტურია და რომ ო-სენსეის ხელს, რომელიც უკეს სახეში ხვდება ტენჩი ნაგეს დროს, ეკვივალენტური ეფექტი აქვს იმისა, რაც იონკიოს დროს ხდება, ოღონდ მიწისკენ. ყველაფერი ვერტიკალურ ღერძზეა შებრუნებული; ეს არის ზურმუხტისფერ ფილაზე დაწერილი სწავლება, რომელიც აიკიდოს მოძრაობებშია შემოწმებულ-დადასტურებული: „ის, რაც ქვევითაა, იმის მსგავსია, რაც ზევითაა და ის, რაც ზევითაა, იმის მსგავსია, რაც ქვევითაა“. ეს პითაგორას სწავლებაცაა: „ბუნება ყველაფერში მსგავსია თავისი თავისა“.

ახლა კი განვიხილოთ სანკაჯოსთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული იგივე მნიშვნელოვანი დაკვირვება: სიმეტრიის კანონი, რომელიც პირველ და მეორე კაჯოში აღვნიშნეთ, მესამე კაჯოს მსგავსად არც ამ მეოთხე კაჯოშია. იონკიოსა და ტენჩი ნაგეს მოძრაობები ერთი მიმართულებით ბრუნავს. იონკაჯოსთან დანათესავებული ყველა ტექნიკა ერთი მიმართულებით ბრუნავს და სინამდვილეში ერთი და იმავე მოძრაობის სხვადასხვა ნიუანსს წარმოადგენს. ეს კი იმ ფაქტის შედეგია, რომ იდაყვისა და მხრის ორი სახსრის ერთად მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლება. იონკაჯოში ტექნიკის მხოლოდ ერთი ოჯახი შედის, ისევე როგორც – იმავე მიზეზით – სანკაჯოში ტექნიკის მხოლოდ ერთი ოჯახი შედიოდა.

…გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წლის დეკემბერი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/chapitre-ii-6-yonkajo-si-ketiao/

Categories
ო-სენსეის წიგნი

თავი II – #5 – ნიკაჯო 二ケ条 – სანკაჯო 三ケ条

კაჯოები კანონებია და ისინი განსაზღვრავს კავშირებს, რომლებიც ტექნიკებს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს კანონები ადამიანის ხელის სახსრების ბლოკირებასთანაა მიმართებაში.

სანკაჯო

..გაგრძელება

2 – ნიკაჯო 二ケ条

ტადაში აბეს წიგნის მეორე პრინციპი აერთიანებს ორ მოძრაობას, რომლებიც ერთი შეხედვით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან: ნიკიოსა და კოტე გაეშის. პირველ კაჯოში წამოჭრილი საკითხი აქაც ჩნდება: რა არის ის კავშირი ამ ორ ტექნიკას შორის, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ისინი ერთსა და იმავე კატეგორიაში მოვათავსოთ?

პასუხი აქაც ორდონიანია:

1-    ნიკიოსა და კოტე გაეშის საერთო შეხების წერტილი ისა აქვთ, რომ ორივე ერთდროულად მაჯისა და იდაყვის სახსრებზე – და მხოლოდ ამ ორ სახსარზე – მოქმედებს.

A- ნიკიო მაჯისა და იდაყვის სახსრებზე პრონაციით (მიწისკენ) მოქმედებს,B- კოტე გაეში კი მაჯისა და იდაყვის სახსრებზე სუპინაციით (ცისკენ) მოქმედებს.

მეორე კანონი – ნიკაჯო

ტე (手) იაპონურად ნიშნავს ხელის მტევანს, მაგრამ ნიშნავს ასევე მკლავსაც. ტაკე-ტე (高手) მკლავის ზედა ნაწილია, იდაყვსა და მხარს შორის. კო-ტე (小手) ხელის ქვედა ნაწილია, იდაყვიდან თითების დაბოლოებამდე.მაშასადამე, კოტე გაეში არ ნიშნავს მაჯის ჩაკეტვას, როგორც ეძახიან არასწორად ინგლისურ თარგმანში (wrist lock), არამედ ეს ხელის იმ ნაწილის ჩატრიალებაა, რომელიც თითებსა და იდაყვს შორის მდებაროებს, ანუ წინამხრისა იდაყვის ჩათვლით.

მაშასადამე, ნიკიო და კოტე გაეში ერთი მოქმედების ორი საპირისპირო და კომპლემენტარული (პრონაცია-სუპინაცია, მიწა-ცა) ასპექტია, გამომდინარე ორი სიმეტრიული მოქმედებიდან, რომლებიც უკეს მაჯასა და იდაყვს ერთდროულად, ორი საპირისპირო მიმართულების როტაციით უბლოკავს. ეს პოლარულობა თანხვედრაშია დაოს პრინციპებთან.

ამ ტექნიკური მახასიათებლის შედეგი ის გახლავთ, რომ ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც ერთდროულად მოქმედებს უკეს მაჯასა და იდაყვზე – და მხოლოდ მაჯასა და იდაყვზე – შეიძლება კავშირში იყოს ან ნიკიოსთან, ან კოტე გაეშთან, როტაციის მიმართულების მიხედვით. ამიტომაც ნებისმიერი ტექნიკა, რომელიც ამ მოქმედების პრინციპს დაიცავს, დე ფაქტო მიეკუთვნება მეორე კაჯოს. ბევრნაირი ხერხი არსებობს ნიკიოს გაკეთებისა და ბევრნაირი ხერხი არსებობს კოტე გაეშის გაკეთებისა, მაგრამ ყოველი მათგანი ნიკაჯოს კატეგორიას მიეკუთვნება.

ამ სტადიაზე არ იქნება ინტერესს მოკლებული იმ მიმართების დანახვა, რომელიც იკაჯოსა და ნიკაჯოს შორის არსებობს. იკიოსა და შიჰო ნაგეს ტექნიკების ბრუნვა ერთმანეთის საპირისპიროა ვერტიკალურ ღერძზე. ნიკიოსა და კოტე გაეშის ტექნიკების ბრუნვა კი ერთმანეთის საპირისპიროა ჰორიზონტალურ ღერძზე. ასე და ამგვარად, პირველი კაჯოს მოძრაობათა ბრუნვა და მეორე კაჯოს მოძრაობათა ბრუნვა ერთმანეთში ქმნის ჯვარს: 

3 – სანკაჯო 三ケ条

იმის თქმა, როგორც აქამდე ვიქცეოდით, რომ კაჯოები აერთიანებს მოძრაობებს, რომლებიც ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულია, აზრის გამოთქმის ერთგვარი მანერაა, რომელიც სწორი არ არის. იგი შესაძლებელია მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ტექნიკებს როგორც ერთმანეთისგან განცალკევებულ, ინდივიდუალურ ფენომენებს ვუყურებთ, იმიტომ რომ ჩვენი აზროვნება თანამედროვეობის დასაწყისიდანვე ასეთი ხედვით ჩამოყალიბდა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამგვარი ხედვა სრულიად უცხო იყო ტრადიციული აზროვნებისათვის.

ო-სენსეი ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ რამეს ვერ ხედავდა, როდესაც იკიოსა და შიჰო ნაგეს, ან ნიკიოსა და კოტე გაეშს განიხილავდა. იგი ერთი რეალობის ორ ასპექტს ხედავდა, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ, მაგრამ კომპლემენტარულად გამოიხატებოდა. ვიდრე ტექნიკა დამოუკიდებელ რეალობად აღიქმება, ის გვაძლევს ხატებას, რომელსაც ჩვენ ასე თუ ისე ვითვისებთ აიკიდოს გაკვეთილების დროს, მაგრამ რომელსაც კავშირი არა აქვს ფუძემდებლის ტაკემუსუ აიკისთან.

მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ ამ ყველაფერს, ის დამოკიდებულებას სამყაროსთან გვიცვლის და მოქმედებაზე ახდენს გავლენას.

და მაინც, იმისათვის, რომ განმარტება მოსახერხებელი იყოს – დაე, მკითხველმა მომიტევოს საქმეს ასეთი გამარტივება – გავაგრძელებთ ტერმინოლოგიის ასე გამოყენებას, როგორც კაჯოების დასაწყისიდანვე ვიქცეოდით, იმის სათქმელად, რომ სანკაჯო, ტადაში აბეს წიგნის მესამე პრინციპი, ასევე აერთიანებს ორ მოძრაობას, რომლებიც ერთი შეხედვით სრულიად განსხვავდება ერთამენთისგან: სანკიოსა და კაიტენ ნაგეს. კიდევ ერთხელ ვსვამთ კითხვას, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ ორ მოძრაობას შორის, რაც საშუალებას გვაძლევს, ისინი ერთსა და იმავე კატეგორიაში მივათავსოთ.

პასუხი კვლავაც ხელის სახსრებს უკავშირდება:

სანკიოსა და კაიტენ ნაგეს საერთო შეხების წერტილი ის აქვთ, რომ ორივე მაჯის, იდაყვისა და მხრის სახსრებზე – და ამ სამ სახსარზე ერთდროულად – მოქმედებს.

მესამე კანონი – სანკაჯო

ამ ტექნიკური მახასიათებლის შედეგი ის არის, რომ ნებისმიერ მოძრაობა, რომელიც ერთდროულად მოქმედებს უკეს მაჯაზე, იდაყვსა და მხარზე, შეიძლება ან სანკიოს მივაკუთვნოთ, ან კაიტენ ნაგეს. ამიტომაც, ყოველი ტექნიკა, რომელიც მოქმედების ამ ყაიდას დაიცავს, დე ფაქტო მესამე კაჯოს მიეკუთვნება.

თუმცა ერთმა მნიშვნელოვანმა განსხვავებამ უნდა მიიპყროს აქ ჩვენი ყურადღება. პირველ და მეორე კაჯოებში ვნახეთ, რომ მიმართება იკიო-შიჰო ნაგე და მიმართება ნიკიო-კოტე გაეში, ორივე სიმეტრიული მიმართებებია: მოძრაობები კომპლემენტარულია ორ-ორად, იმიტომ რომ ბრუნვის მიმართულებებია საპირსიპირო. სანკიო და კაიტენ ნაგე კი ამ წესს არ ემორჩილება: სანკიოსა და კაიტენ ნაგეს ბრუნვა ერთი და იმავე მიმართულებით ხორციელდება (სწორედ ამის გამოა, რომ ერთიდან მეორეზე გადასვლა მოძრაობის შეუცვლელად შეიძლება). მაშასადამე, მიმართება, რომელიც მათ აერთიანებს ერთმანეთთან, არ არის სიმეტრიული მიმართება, ეს იდენტურობის მიმართებაა.

არავითარი ფუნდამენტური განსხვავება არ არსებობს სანკიოს, კაიტენ სანკიოსა, კაიტენ ნაგესა და ყველა იმ ტექნიკას შორის, რომელიც ხელის ამ სამ სახსარს ერთად უკეთებს მობილიზებას. ყველა ეს ტექნიკა სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ნიუანსებია ერთი და იმავე მოძრაობისა: არსებობს ერთადერთი მიმართულება, საითაც ეს სამი სახსარი ერთად შეიძლება იყოს მობილიზებული.

მცირე ხნით შევყოვნდეთ ამ მესამე კაჯოს შემდეგ და შევაჯამოთ ის ინფორმაცია, რომელიც აქამდე შევაგროვეთ:

1- კაჯოები არის კანონები, რომლებიც ერთმანეთთან სხვადასხვა ტექნიკებს აკავშირებს. ეს კანონები  ადამიანის ხელის სახსრების ბლოკირებასთანაა მიმართებაში.

2- ერთი და იმავე კაჯოს წიაღში ტექნიკები საერთო მახასიათებლით უკავშრდება ამავე კაჯოს სხვა ტექნიკებს. აქ გამონაკლისი არ გვაქვს. ეს მახასიათებელი განსაზღვრავს, რომ ესა თუ ის ტექნიკა ერთ რომელიმე კაჯოს უნდა მიეკუთვნოს და არა სხვას.

3- იკაჯოს ტექნიკების მახასიათებელი ერთი სახსრის – იდაყვის – ბლოკირებაში მდგომარეობს. სამი სახსრიდან ის ერთია, რომელიც საშუალებას იძლევა მარტომ გააკოტროლოს ადამიანის სხეული. არც მხოლოდ მაჯას და არც მხოლოდ მხარს არ შეუძლია ადამიანის სხეულის სრული კონტროლი.

4- ნიკაჯოს ტექნიკების მახასიათებელი ერთდროულად ორი სახსრის ბლოკირების საშუალებას იძლევა: მაჯისას და იდაყვისას.

5- სანკაჯოს ტექნიკების მახასიათებელი ერთდროულად სამი სახსრის ბლოკირების საშუალებას იძლევა: მაჯისას, იდაყვისას და მხრისას.

6- პირველი სამი კაჯო სასახსრო კონტროლის სამ შესაძლებლობას შეესაბამება, იმის მიხედვით, თუ რამდენ სახსარს ვიყენებთ ამისთვის, ერთს, ორს თუ სამს.

7- პირველსა და მეორე კაჯოებში არსებობს სიმეტრიის კანონი, რომელიც ისეთია, რომ თითოეული ამ კაჯოს ტექნიკებს ორ საპირისპირო და კომპლემენტარულ ქვე-ოჯახად ყოფს ბრუნვის ორი საწინააღმდეგო მიმართულების მიხედვით.

8- სიმეტრიის ეს კანონი არ არსებობს მესამე კაჯოში, ის იქ იდენტურობის კანონითაა ჩანაცვლებული: სანკაჯოში ტექნიკათა მხოლოდ ერთი ოჯახი არის.

ამგვარად წინ წავედით – იკაჯო ერთ სახსარს შეეხება, ნიკაჯო ორს, სანკაჯო კი სამს. მაგრამ ერთი კითხვა მაინც ჩნდება ამ აღმოჩენის შემდეგ, რადგან ახლა, როდესაც მე ამას ვწერ, ადამიანის ხელს ჯერ კიდევ მხოლოდ სამი სახსარი აქვს: მაშ რა შეიძლება იყოს ის მეოთხე სახსარი, რომელიც მეოთხე კაჯოს არსებობას გაამართლებდა?

გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წლის ნოემბერი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/chapitre-ii-5-nikajo-er-ketiao-sankajo-san-ketiao/

Categories
ო-სენსეის წიგნი

თავი II – #4 – იკაჯო 一ケ条

一法ヲ應用ス „შეასრულეთ პირველი კანონი“. ო-სენსეისთვის გოკიო არ იყო მეხუთე გაუძრავება, ის პირველი კანონი გახლდათ.

…გაგრძელება

1 – იკაჯო 一ケ条

იმის საჩვენებლად, თუ რატომ წარმოადგენს ტადაში აბესა და ჟან ზენის წიგნი გასაღებს ბუდოს კითხვისა და გაგებისათვის, ახლა შემდეგ გეგმას მივყვეთ.

აიკიდოს სხვადასხვა მოძრაობები ამ ნაშრომში ხუთი პრინციპის მიხედვითაა დაჯგუფებული. ეს ტერმინი შეიძლება საუკეთესო თარგმანი არ იყოს იაპონურიდან, მაგრამ ეს აირჩია ჟან ზენმა, გამოვიყენოთ ის ამჯერად და ამ თავის დასასრულს დავინახავთ, უნდა შევინარჩუნოთ ის, თუ შევცვალოთ იმ აღმოჩენების შუქზე, რომლებსაც ჩვენ გავაკეთებთ.

ამ პრინციპთაგან პირველი აერთიანებს ორ მოძრაობას, რომლებიც ერთი შეხედვით ძალიან განსხვავდება ერთმაენეთისაგან: იკიოსა და შიჰო ნაგეს. ამიტომაც პირველი კითხვა ბუნებრივად ჩნდება: რა კავშირია ამ ორ მოძრაობას შორის, რომ ის საშუალებას გვაძლევს, ისინი ერთსა და იმავე კატეგორიაში მოვათავსოთ?

პასუხი ორდონიანია:

1- იკიოსა და შიჰო ნაგეს ის საერთო პუნქტი ის აქვს, რომ ორივე იდაყვის სახსარზე – და მსოლოდ იდაყვის სახსარზე – მოქმედებს.

A- იკიო მოქმედებს ისე, რომ უკეს იდაყვს გაჭიმვით და, ამავდროულად, პრონაციით (მიწისკენ) აკონტროლებს,

B- შიჰო ნაგე მოქმედებს ისე, რომ უკეს იდაყვს მოხრით და, ამავდროულად, სუპინაციით (ცისკენ) აკონტროლებს.

მაშასადამე, იკიო და შიჰო ნაგე უკეს იდაყვზე შესრულებული ერთი და იმავე მოქმედების ორი საპირისპირო და ურთიერთშემავსებელი (გაჭიმვა-მოხრა, პრონაცია-სუპინაცია, მიწა-ცა) ასპექტია. ეს პოლარულობა სრულად შეესაბამება დაოს

ამ ტექნიკური მახასიათებლის შედეგი ის გახლავთ, რომ მოძრაობა, რომელიც უკეს იდაყვზე – და მხოლოდ მის იდაყვზე – მოქმედებს, უკავშირდება იკიოს ან შიჰო ნაგეს, გამოყენებული ტრიალის მიმართულების მიხედვით. ამიტომაც, რომელი ტექნიკაც არ უნდა იყოს, თუკი ის ამგვარ მოქმედებას ასრულებს, ფაქტობრივად აუცილებლად განეკუთვნება პირველ კაჯოს.

კონკრეტული მაგალითის მოსახმობად ავიღოთ კლასიკური ილეთი, რომელსაც თანამედროვე აიკიდო გოკიოს სახელით იცნობს და რომელიც ხშირად გამოიყენება სწავლების მეთოდში დანით შეტევის გასამკლავებლად. ამ ილეთის ფუნდამენტური მახასიათებელი ის არის, რომ იგი იდაყვის – და მხოლოდ იდაყვის – მიწისკენ გაჭიმვით განხორციელებული ბლოკირებით სრულდება, ზუსტად ისევე, როგორც იკიო. ყველანაირი ლოგიკით ის პირველ კაჯოს ეკუთვნის და ეს კაჯო იკიოს ოჯახისაა.

შეიძლება ამის დადასტურების პოვნა ო-სენსეის წიგნში?

დიახ.

ბუდოს დედანი გამოცემის 19-ე გვერდზე ო-სენსეი აჩვენებს ამ ტექნიკას, რომელსაც ფედერაციების საგამოცდო პროგრამებში დღეს გოკიოს უწოდებენ. ვიცით და ეს ნათლად ჩანს ფოტოზეც, რომ ჩავლება მხოლოდ უკეს იდაყვზეა და ზემოქმედება არც მაჯაზე ხდება და არც მხარზე. ამის გამო და იმ ლოგიკის მიხედვით, რომელიც ჩვენ სულ ახლახანს მოვიხმეთ, ეს ტექნიკა იკაჯოს პრინციპს უნდა მივაბათ და, აქედან გამოდინარე, ჩვენი მოლოდინით სწორედ მასში უნდა ათავსებდეს ფუძემდებელი, თუკი სწორად წავიკითხეთ ტადაში აბე.

რას ამბობს ო-სენსეი იმ ტექნიკის ფოტოების კომენტარში (13), რომელსაც დღეს ჩვენ გოკიოს ვეძახით?

„შეასრულეთ პირველი კანონი“ (一法ヲ應用ス)

„შეასრულეთ პირველი კანონი“ (一法ヲ應用ス)

ეს შესანიშნავი დადასტურებაა: რაკი გოკიო იკიოს გაუძრავების პრინციპს ემორჩილება, ო-სენსეი ამ მოძრაობას ლოგიკურად ათავსებს ამავე ბუნების სხვა ილეთებთან ერთად, იკაჯოს ოჯახში. და ლოგიკურად ამბობს, პირველ კანონსო, აქ გამოყენებული კანჯი არის 法,რომლის პირველადი მნიშვნელობაც კანონია. ის არ ხმარობს ტერმინ გოკიოს, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ კონტექსტში და მისთვის აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს.

რას გვეუბნება ინგლისური თარგმანი?

“Bring him down with Pin Number One” : ჩაიყვანეთ ის მიწასთან გაუძრავებით ნომერი ერთი.

და აქ ჩვენ ვაწყდებით ჯონ სტივენსის და მასთან ერთად მთელი თანამედროვე აიკიდოს შეცდომას, რომელთაც კაჯოების შესახებ ცოდნა დაკარგეს. სტივენსს არ ესმის, რას ნიშნავს პირველი კანონი და ფიქრობს, რომ ო-სენსეი აქ პირველ გაუძრავებას, იკიოს და, მაშასადამე, ტექნიკას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, მას არ ესმის, რატომ უწოდებს ფუძემდებელი n° 1 გაუძრავებას იმას, რაც მისთვის და მთელი თანამედროვე აიკიდოსთვის n° 5 გაუძრავება, გოკიოა. ამიტომაც, რაკი ეს პრობლემა მისთვის გადაუჭრელი დარჩა, ინგლისური გამოცემის 72-ე გვერდზე პატარა სქოლიოს (27) წერს, რომელიც სრულიად განმაიარაღებელია, თუკი გავითვალისწინებთ იმ ხარვეზის სიდიდეს, რომელსაც ფრჩილებშია მოთავსებული: „თანამედროვე აიკიდოში აქ აღწერილ ტექნიკას გაუძრავება ნომერი ხუთი ეწოდება“.

ეს სულ მთლად პატარა სქოლიო იმ უფსკრულს წარმოგვიჩენს, რომელიც ო-სენსეისეული აიკის დიდი კანონების ფართო ხედვასა და თანამედროვე აიკიდოს მიერ ცალკეული ტექნიკების ერთობლიობის ვიწრო ხედვას შორის გაჩნდა. ის, რომ ადამიანს შეუძლია ამგვარი შენიშვნის ჩაწერა, რომ შეუძლია ამით დაკმაყოფილდეს, ნიშანია აიკის კანონების სრული გაუგებლობისა, იმისა, რაზეც აიკიდოს ფუძემდებელი ლაპარაკობს.

წინასწარგანზრახულობის შესახებ ყოველგვარი განსჯის გარეშე ვფიქრობ, რომ ძალისხმევა არ სჭირდება იმის დადგენას, იყო თუ არა უნებლიე ტიპოგრაფიული შცდომა თავად დედან ტექსტში. მაგრამ სტივენსი ვერ შევიდოდა ასე ღრმად იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ო-სენსეი ჯიუტად იმეორებს თავის განმარტებას ბუდოს 29-ე გვერდზე. ის იქ კვლავ გოკიოს აჩვენებს, ამჯერად დანით შეტევის წინააღმდეგ, და აჩვენებს ისეთი თანამიმდევრულობით, რომელიც გვიდასტურებს, რომ უნებლიე შეცდომა აქ არც ტიპოგრაფიის და არც მისი მხრიდან არ არის:

შეასრულეთ პირველი კანონი ( 一法ヲ應用ス) :

„შეასრულეთ პირველი კანონი“  (一法ヲ應用ス)

მაშასადამე, ჯონ სტივენსი აქ უდრტვინველად ურთავს პირველის ტოლფას ახალ სქოლიოს (30): „ეს უკანასკნელი დღეს მეხუთე გაუძრავების სახელითაა ცნობილი“…

მაგრამ ო-სენსეის გაუძრავების თქმა რომ ნდომოდა, მაგალითად, 固定-ს (კოტეი) დაწერდა და არა 法-ს (ჰო), რასაც ეს შინაარსი სულაც არ აქვს. როდესაც ფუძემდებელი წერს (一法)-ს, ის აქ არ გულისხმობს ცალკეულ გაუძრავებას, არ ლაპარაკობს რომელიმე ტექნიკაზე, არ ახსენებს გოკიოს, არამედ ლაპარაკობს კანონზე (法), რომელიც იკიოსა და შიჰო ნაგეს ტიპის ყველა გაუძრავებასა თუ გდებას, ესე იგი იკაჯოს წარმართავს. იკაჯო სახელია კატეგორიისა, სადაც ერთიანდება ყველა ტექნიკა, რომელიც პირველი კანონს ემორჩილებს, ყველა ტექნიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავაკონტროლოთ ადამიანი და ამისთვის მხოლოდ მისი იდაყვის სახსარი გამოვიყენოთ. გოკიო, რასაკვირველია, მასში შედის, რაკი ის მხოლოდ და მხოლოდ იდაყვის სახსარს იყენებს, ზუსტად ისევე, როგორც ამავე მიზეზით ჰიჯი კიმე ოსაე (ან ჰიჯი კატამე), მაგალითად, რომელსაც დღეს არასწორად და კაჯოების უცოდინარობის გამო როკიოდ მოიხსენიებენ.

იკიო მართლაც პირველი გაუძრავებაა, მაგრამ ბუდოს ინგლისური თარგმანის ავტორი ვერ მიხვდა, რომ 法-ს დაწერისას ო-სენსეი არ გულისხმობდა იკიოს, არ გულისხმობდა პირველ გაუძრავებას, არამედ ლაპარაკობდა იკაჯოზე, აიკის ოთხ დიდ კანონთაგან პირველზე. ჯონ სტივენსი პირისპირ აღმოჩნდა იმ საიდუმლოების წინაშე, რომელიც მან თავადვე შექმნა: რატომ, ეძახდა ო-სენსეი იკიოს იმას, რასაც ყველა აიკიდოკა დღეს გოკიოს ეძახის? სწორედ ასეთ პრობლემას ეწოდება ცრუ პრობლემა და სტივენსი ამ თავისი შეცდომის გაუაზრებლად გარდაიცვალა. ამისათვის ის უნდა მიმხვდარიყო, რომ ტექნიკა, რომელსაც არასწორად ეძახიან გოკიოს, ძირფესვიანად სულაც არ განსხვავდებოდა იკიოსაგან, ანუ იდაყვის გაუძრავების პრინციპისაგან და რომ სწორედ ამის გამო ართიანებს ო-სენსეი ორივე მათგანს ერთსა და იმავე პირველ კანონში. სიმართლე ითქვას, ის უნდა მიმხვდარიყო, რომ მთელი აიკიდო არასწორ გზას დაადგა 1940-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც შექმნა გაუძრავება ნომერი ხუთი, რაც სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა იკიოს სხვადასხვა ფორმათაგან ერთი და, აქედან გამომდინარე, იკიოსგან დამოუკიდებლად არც არსებობს. ამისათვის ჯონ სტივენსი კაჯოებს უნდა მიმხვდარიყო.

გოკიოდ წოდებული ტექნიკა ხელოვნურად და სრულად გამოყვეს თავისი კუთვნილების ჯგუფიდან, რომელიც პირველი კაჯოა, და ცალკე მდგომ გაუძრავებად გარდაქმნეს, თითქოს მეხუთე გაუძრავება პირველი ოთხისგან დამოუკიდებლად არსებულიყო. თითქოს მეხუთე ხერხი არსებობდეს ადამიანის ხელის სამი სახსრის გასაკონტროლებლად, რომელსაც მეხუთე კანონის წარმოქმნა შეეძლოს.

ეს ბოლო შენიშვნა ამ ეტაპზე ოდნავ ძნელი გასაგებია, მაგრამ მას მალე მოეფინება ნათელი.

… გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წლის ნოემბერი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/chapitre-ii-4-ikkajo-yi-ketiao/

Categories
ო-სენსეის წიგნი

თავი II – #3 – შესავალი კანონების წარდგენისათვის

ო-სენსეის მიერ გაცხადებული განზრახვა, ეჩვენებინა გონების უნარი, ჩასწვდეს გზის მექანიზმებს, არ მოიძევება ინგლისურ თარგმანში, რომელიც არასწორად აზოგადებს იმას, რაც სრულიად კონკრეტული უნდა იყოს.

…გაგრძელება…

შესავალი კანონების წარდგენისათვის

თავისი წიგნის შესავლში ო-სენსეი ცდილობს, მკითხველის ყურადღება მიაპყროს კანონების არსებობაზე, როგორც იქცევიან ხოლმე ბუნებრივად, როდესაც მნიშვნელოვანი რამ აქვთ ასახსნელი და უნდათ გააფრთხილონ მკითხველი, თუ რა იქნება შესავლის შემდეგ. გონებაში ამ განზრახვით, ფუძემდებელი პირველ რიგში დიდი მზრუნველობით გვამცნობს იმას, რის აღწერასა და ახსნასაც აპირებს მეორე რიგში: მისი წიგნის მთელი პირველი ნაწილი, რომელიც დასაწყისიდან დედანი გამოცემის მეშვიდე გვერდამდე გრძელდება, ეძღვნება მკითხველის მომზადებას იმ საკითხისათვის, რომელიც შემდგომში ინქნება განხილული.

საუბედუროდ, ჯონ სტივენსის თარგმანი ლამის სრულად აქრობს მორიჰეი უეშიბას ძალისხმევას, აცნობოს მკითხველს თავისი განზრახვები და ის თემა, რომელიც ბუდოს მომდევნო გვერდებზე იქნება განვითარებული.

და ეს შესავალშივე იწყება, სადაც ინგლისური სათაურში 道文 ნათარგმნია, როგორც „გზის სწავლება“. არადა 文 (ბუნ) დღეს ტექსტს, ნაწერს, წარდგინებას ნიშნავს და არა სწავლებას. რა თქმა უნდა, ვინმემ შეიძლება რამე ისწავლოს იქიდან, რაც გამოხატულია, მაგრამ ეს უკვე დედანი ტექსტის ინტერპრეტაციაა და არა თარგმანი. მეორე მხრივ, ცხადია, თუკი 道 (დო) შეიძლება ითარგმნოს, როგორც გზა, ვიცით, რომ მას ასევე საშუალების, მეთოდის მნიშვნელობაც აქვს. არადა მორიჰეი უეშიბას მთელი მიზანი ბუდოში სწორედ იმის ახსნაა, თუ რომელი კანონებით და ამ კანონებთან შესაბამისობაში არსებული საშუალებებით შეუძლია ადამიანს, გახდეს ამ გზის განსახიერება. ამ კონტექსტში, როგორც ჩანს, 道-ის სათარგმნად „მეთოდი“ აშკარად სჯობს „გზას“. ამიტომაც სათაურის თარგმნა, როგორც „მეთოდის წარდგენა“ უფრო შეესაბამება ო-სენსეის ზრახვებს ამ შესავალშიც და მთელ წიგნშიც.

ძნელია, არ გაახსენდეს ადამიანს რენე დეკარტის თანამედროვე დასავლური ფილოსოფიური აზროვნების ფუძემდებლური ნაშრომი მსჯელობა მეთოდის შესახებ. და თუკი მორიჰეი უეშიბას მიდგომა ბევრი რამით განსხვევდება დეკარტის მიდგომისაგან, ერთი რამ კი საერთო აქვთ მათ – მოწოდება გონიერებისა და მეთოდისაკენ. ამ გვერდზე ო-სენსეი სამჯერ იყენებს იდეოგრამას 理(რი), რომლის შინაარსიც ლოგიკა, საფუძველი, წესი და კანონია. არადა ეს სიტყვა ინგლისურ თარგმანში სამჯერაა ნათარგმნი, როგორც პრინციპი, რაც მისი უფრო ზოგადი გაგებისკენ იხრება და რაც ვერ გამოხატავს ო-სენსეის განზრახვას, აქცენტი გააკეთოს გზის რაციონალურ ხასიათზე, ანუ იმაზე, რაც მას ხელმისწვდომს გახდის ადამიანის გონებისათვის. რადგან სწორედ ამას გვთავაზობს აიკი-დო: გავიგოთ კანონები, რომლებიც ქმნის ტექნიკებს, რათა შევძლოთ და დავიცვათ მათი ფუქნციონირების წესები და მეთოდის ადეკვატური გამოყენებით ჩვენი პრქატიკა გზის ჩარჩოებში მოვათავსოთ. 理(რი) არავითარ შემთხვევაში არ უნდა ითარგმნოს, როგორც პრინციპი.

ო-სენსეი გზის მოწესრიგებულ და რაციონალურ ხასიათს ხაზს უსვამს და ამ ლოგიკით ასევე სამჯერ იყენებს ამ გვერდზე კანჯის 法 (ჰო), რომელსაც აქ კანონის მნიშვნელობა აქვს ისეთ გამოთქმებში, როგორებიცაა კანონის დაცვა (法二就テ), ანდა კანონის გამოყენება პრაქტიკაში (法チ修), და კიდევ ამ გამოთქმაში, რომლის თარგმნაც რთულია პერიფრაზის გარეშე, მაგრამ რომლის შინაარსიცაა: კანონი საბრძოლო ხელოვნებებში ჩამალული დიდი სულიერი ძალაა. როგორც ჩანს, ო-სენსეი აქ სიტყვებით თამაშობს, რათა აჩვენოს, რომ არ შეიძლება ავურიოთ ორი რამ, რასაც ერთმანეთთან საერთო არა აქვს: ერთი მხრივ, ბუკი (武器) იარაღი და, აქედან გამომდინარე, კონფლიქტი, ომი, განადგურება და, მეორე მხრივ, ბუკი (武氣) ჰარმონიის სულისკვეთება, რომელიც კვებავს და აცოცხლებს საბრძოლო ხელოვნებას. 武器 და 武氣 მართლაც ერთნაირად წარმოითქმის: ყველა ლექსიკონში შეხვდებით იარაღების „ბუკის“, მაგრამ ვერცერთში ვერ ნახავთ ბუდოს ბუკის. ეს გამოთქმა აქ ო-სენსეიმ შექმნა იმ მესიჯის შემოსატანად, რომელიც მისი ტექსტის გაგრძელებაშია:

 „კანონის დაცვა (რედაქტორის შენიშვნა: აიკის მეთოდის კონკრეტულ პრაქტიკაში) საშუალებას იძლევა, მივიღოთ დიდი საბრძოლო ენერგიის ნაკადი და მისით აღვავსოთ სხეული და სული(…)ამ ენერგიით მუშაობისას მისით ვავსებთ ჩვენს სხეულსა და გონებას, ვავითარებთ გულსა და სულს, ჰარმონიაში ვართ ცასთან და მიწასთან, ვაერთიანებთ გამოღვიძებასა და მოქმედებას და მთელ ჩვენს არსებას ამ საბრძოლო სულისკვეთებით ვავსებთ – სწორედ ასეთი წარმომიდგენია გამოღვიძების გზა და რიტუალური პრაქტიკა, რაც სულს გვიმშვიდებს.“

ფუძემდებლის ეს განცხადება გვაფიქრებინებს, რომ თუკი ერთი სიტყვით გახდება საჭირო აიკიდოს განსაზღვრა, რიტუალი ყველაზე შესაფერისი იქნებოდა. მას ყველა ზემოხსენებული სხვა ელემენტის თანხმებით ვხვდებით ბუდოს შესავლის გვერდზე:

道文 – მეთოდის წარდგენა

ამ გრძელ პროლოგში ო-სენსეის მიერ შერჩეული ლექსიკონი ნათლად მიუთითებს, მისი ეს სიტყვა შემდეგი რამის დასადგენადაა: გზის გაზომვა შეუძლებელია, მაგრამ მისი კანონების შესწავლა ჩვენი გონებისთვის მისაწვდომია, რაკი აიკი-დო სრულიად კონკრეტული მეთოდია – საბრძოლო ხელოვნების ფარგლებში – რომელიც ჩვენ ამ კანონების შესრულების საშუალებას გვაძლევს და ამ მოქმედებით საწყის ენერგიასთან გვაერთიანებს.

პროლოგს მოსდევს შესავალი. ინგლისური სათაური გვაუწყებს “The essence of technique”-ს და აქაც ამჯობინებს, რომ არ თაგმნოს კანჯი „კანონი“(法), რომელიც იაპონურ სათაურშია 技法眞髓 და რომელსაც ვხვდებით ფრაზაში 劍法惟神ノ大道ニ適ヒ (ხმლის კანონი ღვთიური მეთოდის შესაბამისია), რომლის დანახვაც ქვევით შეგვიძლია:

技法眞髓 – ტექნიკის ფუნდამენტური კანონები

იაპონურ ტექსტთან უფრო ახლო თარგმანში, წესით, უნდა ყოფილიყო კანონის ცნება, როგორც არის, მაგალითად, ფრაზაში „ტექნიკის ფუნადამენტური კანონები“, ან კიდევ „ხელოვნების არსებითი წესები“, თუკი ვფიქრობთ, რომ ტერმინი ტექნიკა აქ ზედმეტად შეზღუდულია. რადგან ო-სემსეი უმიზეზოდ არ ირჩევს აქ კანჯი კანონის ხმარებას: მას განზრახული აქვს, გველაპარაკოს აიკის კანონებზე და ამ შესავალს ჩვენთვის ამის შესატყობინებლად იყენებს.

რაც შეეხება ფრაზას, რომელიც გვამცნობს, რომ ღვთიური მეთოდი არსებობს და რომ ხმლის ტექნიკა ამ მეთოდის კანონებს იცავს, რასაკვირელია, ისიც ცხადყოფს ადამიანის უნარს, ცნოს ეს კანონები, დაიცვას ისინი, მიჰყვეს მათ და მათით გააღვიძოს ადამიანში სხვა განზომილება, განსხვავებული ინდივიდუალობის განზომილებისაგან, სადამდეც ზოგადად დაჰყავს ადამიანს თავისი მოქმედება.

ო-სენსეის მიერ გაცხადებული განზრახვა, ეჩვენებინა გონების უნარი, ჩასწვდეს გზის მექანიზმს, არ აისახება ინგლისურ თარგმანში, რომელიც არასწორად აზოგადებს იმას, რაც სრულიად კონკრეტული უნდა იყოს. კანონი მართლაც შეიძლება აღმოაჩინოს და განსაზღვროს ადამიანმა, მაშინ როცა პრინციპი ბუნდოვანი გაგებაა. ჯონ სტივენსის მიერ გაკეთებული არჩევანი თარგმნისას ხელს უწყობს იმას, რომ კანონები, რომლებსაც ფუძემდებელი ნაშრომის მომდევნო გვერდებზე აღწერს, რთულად გასაგები გახადოს. ინგლისურ თარგმანში ტერმინ „კანონის“ გაქრობა და მისი სისტემატური ჩანაცვლება ტერმინ „პრინციპით“ გონებას დაბრკოლებას უქმნის კვლევისათვის, ვინაიდან ადამიანს მეტი შანსი აქვს რამის პოვნისა მაშინ, როდესაც მან იცის, რაც უნდა მოძებნოს.

პირველ თავში ნათლად ჩანს, თუ რაოდენ მოწადინებულია ო-სენსეო, ახსნას აიკის მოქმედების ყველა ფუნდამენტური ტექნიკური ასპექტი. ახლა კი მეორე თავში ვნახავთ, რომ აიკის ოთხ კანონს ამავე სულისკვეთებით აღწერს. და ახლა უკვე შეიძლება თქმა, რომ გრძნობა, რომელიც ამ შრომის შედეგად ჩნდება, მომავალი თაობებისთვის იმ ცოდნისა და ძალის დეტალურად გადაცემის მისწრაფებაა ტექნიკური თვალსაზრისით, რომლის მხოლოდ და მხოლოდ მედიატორია ადამიანი. პრაქტიკისადმი ასეთი მიდგომა ბუდოს სასწავლო სახელმძღვანელოდ აქცევს, რაც ბევრად აღემატება გზის შესახებ შექმნილ ფილოსოფიურ ტრაქტატს. ეს სახელმძღვანელო სრულიად აუცილებელია, რამდენადაც სწორედ პრაქტიკით შეიცნობა გზის მეტაფიზიკური განზომილება. და ეს იდეა არაფრით განსხვავდება იმ იდეისაგან, რომელიც ტაძრების მშენებლებს ამოძრავებდათ: ოპერატიული გასაღებია სპეკულატიურისა.

გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წლის ნოემბერი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/chapitre-ii-3-introduction-a-lexpose-des-lois/

Categories
ო-სენსეის წიგნი

თავი II – #2 კანონები : კაჯოები ケ条

კიომ (教) კაჯო (ケ条) ჩამოაგდო ტახტიდან, ტექნიკებმა კი ის ადგილი დაიკავა, რომელიც იქამდე, როგორც წესი, კანონებს ეკავა.

გაგრძელება

“Coincidentia oppositorum”

ქვის კარი(岩戸)

1970-იან წლებში, როდესაც მე აიკიდო დავიწყე, დოჯოებში ჯერ კიდევ გაიგონებდით სიტყვას კაჯო (ケ条), როგორც ძველი დროიდან შემორჩენილ გადმონაშთს. არავინ კარგად არ იცოდა, რა იყო ეს, არავის ესმოდა კავშირი კაჯოსა და კიოს (教) (იკიო, ნიკიო და ა. შ.) შორის, მაგრამ ყველა კარგად ერგებოდა ამ არცოდნას. მომდევნო ათწლეულებში ეს სიტყვა და ის, რასაც ის ნიშნავდა, ნელ-ნელა თანამედროვე აიკიდოს ქვიშის ქვეშ ჩაიმარხა. იმხანად ისეთ მეცნიერ ვირებსაც კი წააწყდებოდა ადამიანი, რომლებიც ამტკიცებდნენ, იკაჯო, ნიკაჯო, სანკაჯო და იონკაჯო იკიოს, ნიკიოს, სანკოისა და იონკიოს ძველი დასახელებებია და ამაზე უარი იმიტომ ითქვა, რომ ორმაგი სახელწოდებები საჭირო აღარ იყოო

ასე და ამგვარად, ყველასათვის შეუმჩნევლად, ამ დიადი ჩანაცვლებით გააქრეს ნამდვილი ღირებულებები. კიომ ტახტიდან ჩამოაგდო კაჯო. თუმცა იმხანად ვერავინ მიხვდა — და ვშიშობ, რომ მას შემდეგ თუნდაც სულ მცირე პროგრესი მაინც მოხდა — რომ ჯამბაზური ფოკუსით ტექნიკებმა ის ადგილი დაიკავა, რომელიც იქამდე კანონებს ეკავა. რადგან კაჯოები, როგორც ამას სულ მალე ვაჩვენებთ, კანონებია, დიდი პრინციპებია, რომლებიც აიკიდოს სტრუქტურას წარმოადგენს და საიდანაც ტექნიკები იბადება. აიკიდოს მოძრაობები ჩნდება იმდენად, რამდენადაც მათ ეს კანონები არეგულირებს იმ წესრიგის საშუალებით, რომელიც ტექნიკების მარტივი მოძრაობების წესრიგი სულ არ გახლავთ და რომელსაც ესა თუ ის ადამიანი სწავლობს და იზეპირებს და თან ფიქრობს, რომ მოქმედებისას უზენაეს არჩევანს აკეთებს. ტექნიკები იმ კანონების გამოხატულებაა მხოლოდ და მხოლოდ, რომლებიც მათ წარმოქმნის ადამიანური ფაქტორის შუამავლობით — რაც, რასაკვირველია, აუცილებელია — მაგრამ რომლებსაც პრეტენზია ვერ ექნება დამოუკიდებლობაზე. ამიტომაც თანამედროვე აიკიდო, რომელმაც ამ ტექნიკების ცალ-ცალკე დასახელებები აირჩია, ვეღარ ხედავს მთლიანობაში იმას, რაც მათ წარმოქმნის, რადგან ამ ფუნადმენტური კანონების ცოდნა თანდათანობით დაიკარგა. ემანსიპირებულ ადამიანს გაუჩნდა რწმენა, რომ ის მარტო, ინდივიდუალურად და თავისუფლად წარმოქმნიდა ტექნიკებს.

სხვა ასპექტებს შორის ეს წიგნი გახლავთ მცდელობა იმის საჩვენებლად, რომ ადამიანის თავისუფლება თუკი არსებობს, ის არ აიგება გაბერილ ეგოზე, არ აიგება იმ კავშირის დავიწყებით კანონების სამყაროსთან, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს მასთან. აიკის გზაზე ამგვარი დამოკიდებულება სწორი გზიდან გადახვევას იწვევს. სწორი გზიდან გადახვევის  საჩვენებლად ძნელად შესადავებელი საშუალებაა ბუდოში იმ მტკიცებულების ძებნა, რომ ო-სენსეი ტექნიკებს არ მიიჩნევდა თავისთავად, დამოუკიდებელ რამედ, არამედ პირიქით, თვალწინ ყოველთვის ის უზენაესი წესრიგი ჰოქნდა, რომელიც ყველა ტექნიკის სათავეს წარმოადგენს. სწორედ ამ წესრიგს უწოდებდა იგი სახელად ტაკუმუსუს (武産).

ამ წესრიგის ცოდნისა და პატივისცემის გარეშე აიკის კარი დახურული რჩება და აიკიდოც უბრალო ტანვარჯიშად იქცევა. თანაც აიკიდო ბევრად მეტია, ვიდრე სპორტი. ო-სენსეის მიხედვით მეთოდი გვაძლევს საშუალებას, გავაღოთ ქვის კარი 岩戸開キ (ივატო ბირაკი). ეს ფრაზა მას ეკუთვნის და ის ბუდოს შესავალში წერია(გვერდი 4):

სხვათა შორის, უცნაურია და, შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ აქ, რომ მორიჰეი უეშიბა ივა-მაში (岩間), ქვიან ადგილას ცხოვრობდა და რომ სწორედ ივა-მაში გააღო მან ქვის კარი (岩戸) აიკი-დოთი, აიკის მეთოდით. ეს სახელი ოფიციალურად სწორედ იქ უწოდა, ივა-მაში, სადაც 1942 წელს დარჩენილი ცხოვრების გასატარებლად  დაფუძნდა.

თუმცა დავუბრუნდეთ ტადაში აბეს.

რაც შეეხება მას, ის საფრანგეთში დაფუძნდა 1952 წლის პირველ თვეებში. მაშინ ოცდაექვსი წლისა იყო და აქტივში აიკიდოს სულ რამდენიმეწლიანი პრაქტიკა ჰქონდა. ასეთ ახალგაზრდა მასწავლებელს, რაგინდ ნიჭიერიც არ უნდა ყოფილიყო, რაოდენ ძლიერი ხასიათიც არ უნდა ჰქონოდა და თუნდაც ფუძემდებლის შიდა მოწაფეც (უჩი დეში) ყოფილიყო უწვეტად შვიდი წლის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდული ცოდნა თუ ექნებოდა ასეთ დიდ და ვრცელ ხელოვნებაში. ამას არ ვამბობ მისი დამსახურებების დასაკნინებლად, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ასაკს და სწავლის ხანრძლივობას დიდი მნიშვნელობა აქვს და რომ იმხანად ის ტრადიციული პროგრესიის, შუ-ჰა-რის (守破離) მიხედვით შუ (守) ფაზაში იქნებოდა და, აქედან გამომდინარე, ჯერ მხოლოდ იმის გამეორება შეეძლო, რაც მიღებული სწავლებისას ჰქონდა დამახსოვრებული. ეს სწავლება კი ექსკლუზიურად ო-სენსეის სწავლება გახლდათ. ამიტომაც შეგვიძლია დავამტკიცოთ და თანაც ეს შეცდომის შიშის გარეშე გავაკეთოთ, რომ სწავლება, რომელიც 1958 წელს გამოცემულ ამ ორ ტომშია, სხვა არაფერია, თუ არა ფუძემდებლისგან მიღებული სწავლების უტყუარი ასლი — ცხადია, ამასთანავე ის, რაც მან ამ სწავლებიდან გაიგო. ამ რეალობის დასტურს ტადაში აბეს შესავალში იხილავთ, რომელიც მისივე წიგნისთვის აქვს წამძღვარებული. ის გადაჭრით უარყოფს იმ მეთოდის ორიგინალობას, რომელსაც ის წარმოადგენს და ღიად აცხადებს თავისი მასწავლებლის სწავლების უცვლელობას და მის მიმართ ერთგულებას (ამას თავად უსვამს ხაზს ტექსტში) :

ამგვარი განწყობა ტადაში აბეს მიდგომას საპირისპიროდ განასხვავებს მინორუ მოშიძუკის მიდგომისაგან, რომელმაც აიკიდოს სწავლება დანამატად მიიღო ჯიუდოსა და კარატეს დაწინაურებულ ცოდნასთან ერთად. ამ გარემოებებმა და მოშიძუკის რწმენამ, რომ იაპონიის ტრადიციულ საფრძოლო ხელოვნებებს გაქრობის საფრთხე ემუქრებოდა და მათი გადარჩენა იყო საჭირო ერთიან მეთოდში მოქცევით, ის ამ სამი დისციპლინის სინთეზის შემუშავებამდე მიიყვანა, რაც მის პირად საბრძოლო მეთოდად იქცა. იქ აიკიდოც იყო, მაგრამ ადაპტირებული და ნაწილობრივი სახით. 1957 წელს ჯიმ ალშეიკის მიერ ფრანგულად ნათარგმნი მისი ნაშრომის სათაური — „აიკიდოს და ჯიუ-ჯიცუს ჩემი მეთოდი“ — ნათლად გვაჩვენებს იმ ხელოვნების პერსონალიზაციას, რომელსაც ის სიცოცხლის ბოლომდე ასწავლიდა. და მიზანში, რა თქმა უნდა, სწორედ მოშიძუკი იყო ამოღებული იმ შეტყობინებაში, რომელსაც ტადაში აბეს შესავლის ბოლოს ვხვდებით:

ეს სწორედაც ერთადერთი ნაშრომია, რომელიც ფრანგი მოწაფეების განკარგულებაშია და რომელიც ჩემი მასწავლებლის სრულ მეთოდს შეესაბამება, რაც ზოგიერთმა იაპონელმა ექსპერტმა თავის პირად მეთოდად გარდაქმნა…

ეს ფუნდამენტური განსხვავება აიკიდოსადმი მიდგომაში ნიშანდობლივია სათაურშივე, რომელიც ტადაში აბემ შეურჩია თავის წიგნს: „აიკი-დო,ოსტატი მორიჰეი უეშიბას მიერ შექმნილი უნიკალური მეთოდი“. ეს სათაური მოშიძუკის წიგნის სათურის ანტიპოდია. პირიქით, ეს არის მტკიცება, რომ მოწაფეს არაფერი შეუცვლია მასწავლებლის ხელოვნებაში, რომ ის მხოლოდ მიღებული სწავლების უცვლელად გამეორებით კმაყოფილდება და მას თავისას არაფერს ამატებს. სიტყვების არჩევანს თავისი მნიშვნელობა აქვს, არ დაგვავიწყდეს, რომ ტადაში აბემ კარგად გამოიყენა საფრანგეთში ყოფნა, სამართალი შეისწავლა სორბონაში და ლაპარაკობდა ფრანგულად, მიუხედავად იმისა, რომ ამას მოკრძალებით უარყოფს შესავალში.

წამით შევჩერდეთ ტერმინ მეთოდზე, რომელიც მუდმივად მოიხსენიება საფრანგეთში აიკი-დოს ამ ორი წინამორბედის ნაშრომებში. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ 道-ს (დო) ვთარგმნით, როგორც გზას. არადა ეს ამ კანჯის მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო შინაარსია, რადგან მას თანაბრად ასევე ხერხის, საშუალების, მეთოდის მნიშვნელობაც აქვს. რასაკვირველია, ზოგადი გაგებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აიკი-დო აიკის გზა არის, მაგრამ უფრო ზუსტი, უფრო პრატქიკული და ამასთან ლეგიტიმური შინაარსით აიკი-დო უწინარესად აიკისთან მისასვლელი მეთოდია. და სწორედ ამ მეორე მნიშვნელობით ესმოდათ და ხმარობდნენ მას მინორუ მოშიძუკი და ტადაში აბე, რაგინდ განსხვავებულიც არ უნდა ყოფილიყო ერთმანეთისგან მათი მეთოდები. მართლაც, თავიანთი წიგნების სათაურებში道-ს (დო) ორივენი თარგნიდნენ, როგორც მეთოდს და დეფიზიც აიკისა და დოს შორის, რაც სისტემატური იყო იმ დროისთვის, სრულად იძენს მთელ თავის შინაარსს. რადგან ნებისმიერი მეთოდი გააზრებული მოქმედებებისა და ორგანიზებული პრაქტიკის ერთიანობაა გარკვეული მიზნის მისაღწევად. და ჩვენ ვიხილეთ I თავში, რომ სწორედ ეს გაგება დევს სიტყვაში ბუდო, როდესაც მას ისე ვკითხულობთ, როგორ საჭიროა: არა როგორც ზოგადი ფილოსოფიის წიგნი საბრძოლო გზის შესახებ, არამედ უფრო ნაშრომი, განკუთვნილი პრაქტიკული ცოდნის მისაცემად, ომის ხელოვნების სწავლების მეთოდი, მაშასადამე საბრძოლო მეთოდი (ბუ-დო).

მორიჰეი უეშიბას წიგნის ეს არსებითი ასპექტი — რომელიც, ცხადია, არ ეწინააღმდეგება გზის გაგებას — ინგლისურ თარგმანში გზის ტრანსცენდენტული ბუნებისაკენ სისტემატური წარმართვით წაიშალა და კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც ო-სენსეის ცხოვრება როგორც ჰაგიოგრაფია, ისე წარმოგვიდგინეს.

ამასთან, მორიჰეი უეშიბა ყოველთვის ხაზს უსვამდა გზის გასაგებ და ხელმისაწვდომ ბუნებას. კანძოუ მიურას მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში, რომელიც 1932 წელს გამოქვეყნდა სათაურით 現出の超人 (გენშიცუ ნო შოჯინ), ზეკაცის გამოჩენა, ის, ვისაც იმხანად მორიკატა უეშიბა ერქვა, არაორაზროვნად პასუხობს შეკითხვას მისტიციზმზე:

დამკვირვებლის თვალით თქვენი ფარიკაობა სრულიად ელექტრულს ჰგავს, ტენგუს (იაპონური დემონი) ცეცხლოვანი მოძრაობების მსგავსად . რაიმე მეთოდი დგას ამის უკან? თუ მოწინააღმდეგეს ინსტინქტურად უტევთ რაიმე დაფარული ძალის წყალობით?

აი ოსტატი უეშიბას პასუხი:

არსებობს კონკრეტული მეთოდი.

ეს მეთოდი ყველამ შეიძლება შეისწავლოს?

დიახ, ეს შესაძლებელია.

კატეგორიული პასუხი, რომელსაც მორიჰეი უეშიბა სცემს აქ კანზოუ მიურას, დასტურია იმისა, რომ აიკიდო მართლაც უნდა მივიჩნიოთ მეთოდად და მე დიდ მადლობას ვუხდი კრისტოფერ ლის, რომელმაც ეს ინტერვიუ იპოვა და გამოაქვეყნა ბლოგში l’Aikido Sangenkai.

მეთოდი, რომელზეც ო-სენსეი ლაპარაკობს აქ, ის მეთოდია, რომელზეც ტადაში გვამცნობს ნათლად თავისი წიგნის ყდაზევე და რომელზეც ამბობს, ეს ჩემი მეთოდი არ არის, არამედ აიკიდოს ფუძემდებლისააო. ფაქტობრივად, მალე ვნახავთ, რომ ამ ორი ტომიდან პირველი ჯუნბი დოსას იდენტური გამეორებაა, ზუსტი ასლია იმისა, რაც ბუდოს შესაბამის თავში ფიგურირებს და რაც ჩვენ აქ პირველ თავში გავაანალიზეთ.

ტადაში აბეს წარდგინების მსგავსება ო-სენსეის წარდგინებასთან იმდენად მკაფიოა, რომ შეიძლება ვიფიქროთ, ტადაშის წაკითხული ხომ არ ჰქონდა ბუდო და ერთი ეგზემპლარი თან ხომ არ ჰქონდა ჩემოდანში, როდესაც საფრანგეთში ჩავიდაო. მართლაც, დიდი შანსია იმისა, რომ ო-სენსეის ეს წიგნი მამამისისთვის, საიმპერატორო კართან დაახლოვებული მეწარმისთვის და წლების მანძილზე მისი აიკიდოს დოჯოს დამფინანსებლისთვის ეჩუქებინა, რომელიც ამის გამო ხელგაშლილ შემომწირველთა თვალსაჩინო წარმომადგენელი გახდა, ვისთვის მადლობის სათქმელადაც ფუძემდებელმა ბუდო დაწერა.

1952 წელს მარსელში ჩასვლისას, როდესაც გემის კიბით პორტში ჩავიდა, ტადაში აბეს „რივ ნევის“ სანაპირო უნდა გადაეკვეთა და პირდაპირ ჟან ზენის პროვანსის დოჯოს მიადგებოდა. ჟან ზენს მაღაზია ჰქონდა ძველი პორტის ქუჩაზე. მან ტადაში თავისთან მიიღო, დააბინავა, მისი პირველი მოწაფე და, სიმართლე ითქვას, პირველი აიკიდოკა გახდა საფრანგეთში. რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ მან შეასრულა მნიშვნელოვანი სამუშაო ტადაში აბეს სწავლების ადაპტირებისა და წარდგენის საქმეში თავისი წიგნის შესაქმნელად.

ვფიქრობ, აქ პატივი უნდა მივაგოთ ამ უსამართლოდ დავიწყებულ ბატონს, პიონერთა შორის პიონერს, რომელიც ენთუზიაზმით, პატიოსნებითა და თავმდაბლობით იღვაწა იმხანად სრულიად უცნობი დისციპლინისათვის. ის პირველი ფრანგი იყო, რომელმაც აიკიდოს უნივერსალური ღირებულება ირწმუნა. დიდი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში საფრანგეთსა და მთელ ევროპაში, როდესაც პირველ ევროპელ მოვარჯიშეებს პირველი ღირებული და განვითარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი, საფრნაგეთის ეროვნული მეთოდი მისცა, როგორც ამას თავად წერს თავისი ნაშრომის სატიტულო გვერდზე. როდესაც ტადაში აბე იაპონიაში დაბრუნდა, სწორედ მან მიიღო მისი მემკვიდრეები და მეგობრები და ყოველგვარი მხარდაჭერა აღმოუჩინა მათ: მასამიჩი ნოროსა და მუცურო ნაკაძონოს 1961 წელს, ნობუიოში ტამურას 1964 წელს, ისევე როგორ თავად ტადაში აბეს ათი წლით ადრე.

ჟან ზინი
ჟან ზენი

თანამედროვე აიკიდო, რომელმაც არ იცის, რომ სწორედ ჟან ზენის მიერ შექმნილ ფუნდამენტზე აღმოცენდა და გაიხარა, მას ერთ უბრალო და ჩვეულებრივ ჯიუდოკად მოიხსენიებს. ეს დიდი უმადურობაა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც უკვე მესამე დანი ჰქოდნა აიკიდოში თავად ო-სენსეი მორიჰეი უეშიბასაგან, როდესაც ვინმე ანდრე ნოკე იოკოჰამაში ჩავიდა ტოკიოს აიკიკაიში აიკიდოს შესასწავლად.

აიკიდოს წარდგინების ზენისეული „გაფრანგულება“ დამახასიათებელი იყო იმ დროისათვის. დღეს ეს ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ეს მხოლოდ წვრილმანია და მეტი არაფერი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ნაშრომში ბუდოს ყველა ელემენტს ვხვდებით, დაწყებული თავით „კონსტრუქციული მოქმედებები“, რომლის სათაურიც უკვე ახლოსაა ბუდოს „მოსამზადებელ მოქმედებასთან“.

მეტიც, ტადაში აბემ ყველა ის პუნქტი გაიმეორა, რომელსაც ო-სენსეი განიხილავს და თანაც იმავე თანამიმდევრობით: ჰანმი (გვ. 29), კამაე (გვ. 33), ტაი ნო ჰენკა, რომელსაც ამ შემთხვევაში ტაი საბაკი ჰქვია (გვ. 34), როპო (გვ.41), ირიმი და ირიმი-ტენკა, აღწერილი რუბრიკაში საბაზო მოძრაობები. ყურადღება მივაქციოთ, რომ როპოც არის და რომ ტადაში აბე მას ათავსებს რუბრიკაში გადაადგილება. ეს კი ააშკარავებს, რომ მან მორიჰეი უეშიბასგან ისწავლა ჰანმი და როპო და რომ გააზრებული ჰქონდა, რომ აქ ერთსა და იმავე, ოღონდ განსხვავებული კუთხით განხილულ რამეზეა ლაპარაკი. მან იცოდა, რომ ჰანმი აღწერს იმ პოზიციას, რომელსაც სხეულს ფიზიკურად იღებს, მაშინ როცა როპო ყურადღებას ამახვილებს პოტენციურ გადაადგილებაზე ექვსი მიმართულებით, რის საშუალებასაც ეს დგომი იძლევა.

ის ამბავი, რომ ტადაში აბე ასე სრულად, ლამის ასლივით იმეორებს ბუდოში ჯუნბი დოსასადმი მიძღვნილ თავს, რომ სკრუპულოზურად იცავს ფაზებს და რომ ბუდოს მსგავსად, ნაშრომის დასაწყისში ათავსებს მას, უტყუარად მოწმობს, რომ ეს სწავლება უშაულოდ ო-სენსეისგან მომდინარეობს. ესაა დასტური იმ მნიშვნელობისა, რომელსაც ფუძემდებელი ანიჭებდა მას, როგორც აიკის მოქმედების პრინციპის ჩვენებას, როგორც ამ პრინციპისთვის მომზადებას და როგორც შესავალს იმ დიდი კანონებისათვის, რომელთა მიხედვითაც ეს პრინციპი იწყებს მუშაობას და რომლებიც სხვადასხვა ტექნიკას წარმოშობს.

თუმცა მომზადება ყველაფერი არ არის, როგორც კი მოქმედების პრინციპი გადმოცემულია, თავის მხრივ, ეს დიდი, ფუნდამენტური კანონებიც აუცილებლად უნდა იყოს ნაჩვენები და განმარტებული, ვინაიდან ბოლოს სწორედ მათი საშუალებით სრულდება აიკის მოძრაობების ფორმირება. და რაკი შეუძლებელია კანონის ჩვენება ადამიანის სხეულით მისი ეფექტების, მისი გამოვლინების გარეშე, ტადაში აბე იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რა პრობლემის წინაშეც დადგა ო-სენსეი თავის ბუდოში. მის ხელთ არსებული ერთადერთი მასალა, რისი გამოყენებაც შეიძლება ამ კანონების საჩვენებლად, ტექნიკაა, სხვაგვარად არ გამოდის. და ამ დროს ის უმკაცრესად იცავს იმას, რაც მორიჰეი უეშიბასგან ჰქონდა ნასწავლი.

ჩვენ ვიცით, რომ ტადაში აბეს ო-სენსეის გარდა სხვა მასწავლებელი არ ჰყოლია, მაშასადამე ამ კანონებს ეს მხოლოდ და მხოლოდ მისგან და სხვა ვერავისგან ისწავლიდა. ეს საკმარისი იქნებოდა იმ კანონების საჩვენებლად, რომლებიც მას თავის ნაშრომში აქვს წარმოდგენილი, ისევე როგორც ჯუნბი დოსა, უშუალოდ ო-სენსეისგან მიღებული სწავლება. მაგრამ თუკი ამავე კანონების ზუსტად ამავე სახით ნახვა ო-სენსეის წიგნშიც შეიძლება, მაშინ ეს იქნება მტკიცებულება და შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენს ხელთ აიკის დიადი კანონებია, ისე როგორც ამას მორიჰეი უეშიბა ხსნის და რომლებიც სრულიად უცნობია თანამედროვე აიკიდოსთვის.

ჩვენ ვაჩვენებთ მეორე თავში, რომლებია ეს კანონები და ამისთვის გამოვიყენებთ ტადაში აბეს მიერ გადმოცემულ მასალას, მესამე თავი კი გამოგვადგება იმის საჩვენებლად, რომ სწორედ ამ კანონების ჩვენებისთვისაა მიძღვნილი ო-სენსეის წიგნი.

გაგრძელება იქნება

ფილიპ ვოარინო
2025 წლის ოქტომბერი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/chapitre-ii-les-lois-kajos-ketiao/

Categories
ო-სენსეის წიგნი

თავი II – აიკის ოთხი კანონი – #1 რიაი

ტადაში აბეს წიგნის გეგმა ზუსტი ასლია იმ გეგმისა, რომელსაც მორიჰერი უეშიბა მიჰყვება „ბუდო“-ში.

Learn principles, not formulas.

Richard Feynman

რიაი

ერთი წამით წარმოვიდგინოთ ო-სენსეი 1938 წელს, იმ მომენტში, როდესაც სუფთა ფურცელს უზის და უნდა სცადოს და წარუდგინოს აიკი იმ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ვისთვისაც წიგნის დაწერა გადაწყვიტა. ეს ხელგაშლილი მეცენატები წინა ათწლეულში მას ძალიან დაეხმარნენ თავისი ხელოვნების განვითარებაში, როდესაც ფინანსური, მატერიალური თუ პოლიტიკური მხარდაჭერა შესთავაზეს, მაგრამ აიკიდოზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ და უმეტესობას ფეხიც არასდროს დაედგა ტატამზე.

ფუძემდებელს შეეძლო რამდენიმე სანახაობრივი ილეთი ამოერჩია, მოეწყო პროფესიონალური გადაღებები, იქიდან საუკეთესო ფოტოები ამოეკრიბა, მათთვის რამდენიმე კომენტარი დაერთო აიკიდოს ფილოსოფიის შესახებ და შედეგსაც უთუდ მიმზიდველს მიიღებდა. მის შემდეგ ბევრი მოიქცა ასე. მაგრამ მას ასეთი რამ არ ახასიათებდა. ო-სენსეი პატიოსანი და სერიოზული კაცი იყო, რომელსაც მომავალი თაობებისთვის  თავისი ხელოვნების შესახებ სიმართლის გადაცემა ადარდებდა და მასზე მაცდუნებელი, მაგრამ ზედაპირული წარმოდგენის შექმნა სულ არ აინტერესებდა. არადა ამის გაკეთებაც თავისუფლად შეეძლო. სხვათა შორის, მას რაციონალური, მათემატიკური გონება ჰქონდა და ახალგაზრდობაში სორობანის [იაპონური აბაკუსის] მასწავლებელიც კი იყო. წარმოსადგენად ხელოვნების საფუძვლები, აიკის კანონები, ბუნებრივი ცხრილი აირჩია, რომლის ხედვაც მხოლოდ მას ჰქონდა და რომლის სილამაზეც უსასრულოდ აღემატება მისივე ნებისმიერ სანახაობას, რისი სცენაზე გამოტანაც და ამითი გალერეის შთამბეჭდავად მორთავაც თავისუფლად შეეძლო. ამისათვის, რასაკვირველია, აიკიდოს საკუთარი ტექნიკური მასალის გამოყენებაზე უკეთესს ვერც ვერაფერს იზამდა, მაგრამ ილეთები მხოლოდ იმ მიზნით გამოიყენა, რომ ეს კანონები დაესურათებინა და აეხსნა, თუ როგორ მოქმედებს ისინი. მისი წიგნი აიკიდოს შემოკლებული ვერსიაა.

ეს, ცხადია, ნაჩვენები უნდა იყოს.

პირველი, რაც უნდა დავინახოთ, ისაა, რომ ბუდოში არცერთი ტექნიკის არცერთი სახელწოდება არ არის ნახსენები. საქმე ის გახლავთ, რომ ფუძემდებელი არასდროს ახსენებდა ილეთებს (ტექნიკებს): ის მხოლოდ იმ ოთხ დიდ კანონს მოიხსენიებს, რომლებიც მათ წარმოქმნის. მხოლოდ ეს კანონები ჩნდება ბუდოში, გამოსახული ყოველ ჯერზე კანჯით 法 (ჰო), რომელიც კანონს ნიშნავს. ორიენტირების ამ არარსებობის გამო ფუძემდებლის მოწაფეებს ძალიან უჭირდათ მისი სწავლებისთვის ალღოს აღება და განსხვავებული მოძრაობების დამახსოვრება. ამიტომაც, მოსახერხებელი რომ გაეხადათ, ადვილად დაემახსოვრებინათ ეს ურიცხვი „ტექნიკები“ და გაეიოლებინათ მათი შესწავლა, ჩვევად აქციეს ერთმანეთში, რომ მათთვის დასახელებები მიეცათ. ამ ტენდენციამ ნამდვილი გაქანება მხოლოდ ომის შემდგომ პერიოდში შეიძინა.

მაშასადამე, 1938 წლისთვის ო-სენსეისთვის სრულიად შეუძლებელი იქნებოდა იკიოს, შიჰო ნაგეს, კოტე გაეშის, ნიკიოს, კაიტენ ნაგესა და სხვა ილეთების თქმა, როგორც ამას დღეს ვაკეთებთ, რადგან ეს სახელწოდებები მისთვის არაფერს ნიშნავდა, მის გონებაში ისინი არ არსებობდა, და ისინი იმხანად არც მისი მოწაფეებისთვის არსებობდა.

ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და სიმართლე ის გახლავთ, რომ ვერავინ გაითვალისწინა ის შედეგები, რომლებიც ტექნიკების ამ ინდივიდუალურ სახლედებას მოჰყვებოდა. ეს სახელდება ო-სენსეის სიცოცხლეშიც კი ჩნდება, ოღონდ მისგან დამოუკიდებლად. რადგან ამა თუ იმ მოძრაობისათვის ცალკე სახელის მიცემა მთავრდება იმით, რომ გონებაში ჩაიბეჭდება აზრი, თითქოს ესა და ეს მოძრაობა განსხვავებულია სხვებისაგან და ის თავისთავად, დამოუკიდებლად არსებობს. თითოეული ტექნიკის განცალკევებულად განხილვას მივყავართ იმ აზრამდე, რომ ისინი მართლაც განცალკევებულად არსებობს და რომ მათ შორის რაიმე მიმართება არ არის, ბოლოს კი აიკიდოში მხოლოდ ერთმანეთთან დაუკავშირებელი ტექნიკური მოძრაობების ერთგვარ ჯამს დავინახავთ და მეტს ვეღარაფერს.

ეს თანამედროვე კონცეფცია განზოგადდა და ოფიციალური ფორმა აიკიდოს ფედერაციების საგამოცდო კატალოგებში მიიღო, რასაც შედეგად ამ ტექნიკების გაუფასურება მოჰყვა. ტექნიკათა რაოდენობის ცოდნა ხარისხის მატებასთან ერთად იზრდება. და მეფობს რაოდენობა.

სიმართლე კი ამის საპირისპიროა, ტექნიკა არ არსებობს განცალკევებულად, თითოეული მჭიროდ უკავშირდება სხვებს, იარაღით იქნება ეს თუ უიარაღოდ, და ამ ურთიერთკავშირს აიკიში სახელად რიაი ჰქვია. ტექნიკების ინდივიდუალური სახელდება და მათი რაოდენობრივი განსაზღვრა ხელს უშლის ამ ურთირთკავშირის დანახვას და ადამიანს აფიქრებინებს, აიკიდო განსხვავებული ელემენტების კომპილაციააო. მორიჰეი უეშიბას მზერა კი პირიქით,  პრინციპისკენ 理 (რი) იყო მიპყრობილი, რაც ამ ხელოვნების ყველა ელემენტს გასდევს, მათ ერთმანეთთად ჰარმონიულად 合(აი) აკავშირებს და მათგან ერთ დიდ ოჯახს ქმნის. სუფთა ფურცლის წინ მჯდომმა უეშიბამ სწორედ ამის ჩვენება გადაწყვიტა:

რი-აი 理合. მაგრამ როგორ მიუდგა საქმეს იმ ურთიერთკავშირის საჩვენებლად, რომელსაც, მისი ბუნებიდან გამომდინარე, თვალი ვერ ხედავს იმ ფენომენთაგან დამოუკიდებლად, რომელთაც ის, ზუსტადაც რომ, ერთმანეთთან აკავშირებს?

ტადაში აბემ მომცა საშუალება, ამ კითხვისთვის პასუხი გამეცა.

მე პირადად არ ვიცნობდი  ტადაშის, მაგრამ ახლოს ვიცნობდი მის მოწაფეთაგან და მეგობართაგან ოთხს: პიერ შასანს, სერჟ მერლეს, ჟერარ გრას და ჟორჟ რუსოს. ესენი ყველანი ევროპული აიკიდოს პიონერები იყვნენ და დღეს არცერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის.

ტადაში კაიტენის მესაჭე იყო 1945 წელს, ისიც მოკვდა, მოკვდა იაპონიის კაპიტულაციისას, მოკვდა თავისივე გულის სიღრმეში, მოკვდა იმით, რომ სწორედაც ვერ შეძლო სიკვდილი, რომ ვერ შეძლო თავისი სიცოცხლის შეწირვა ერთ-ერთ იმ უპატარავეს წყალქვეშა ნავში მჯდომმა, რომლებითაც ამერიკულ ხომალდებს ეჯახებდნენ ჩასაძირად. მან ეს გადარჩენა დამარცხებად მიიღო, სერჟ მერლემ ის ატირებული დაინახა ერთ დღეს, როდესაც ის თავისი ახალგაზრდობის ამბებს იხსენებდა.

ამ ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ გავლენა მოახდინა მის ქცევაზე. ომის დასასრულს, თავისი ვაჟის აგრესიული და უკონტროლო ტემპერამენტით შეფიქრიანებულმა მამამისმა, კორეაში მაღაროების მდიდარმა მფლობელმა და მორიჰეი უეშიბას თაყვანისმცემელმა, ფუძემდებელს სთხოვა, მიეღო მისი ვაჟი აიკიდოს სასწავლად ივამაში, დოჯოში, რომლისთვისაც თავისი სიმდიდრის ნაწილს გამოყოფდა ხოლმე. ეს ინტერნატი რამდენიმე წელს გაგრძელდა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა ტადაშის მოუსვენრობას, რომელიც სულ უფრო და უფრო ებმებოდა ჩხუბებში იქაურობის ღამის ადგილებში. თან ცდილობდა, გარიჟრაჟზე ისე დაბრუნებულიყო, რომ ვერ შეემჩნია ო-სენსეის, რომელიც ამ დროს ყოველთვის ფეხზე იყო თავისი დილის მედიტაციებისთვის. მოგვიანებით, ევროპაში, როდესაც გასახდელში იცვლიდა ხოლმე და იმ ნაიარევების წარმოშობაზე ეკითხებოდნენ, რომლებითაც მთელი სხეული ჰქონდა დაფარული, ის ყოველთვის უცვლელად პასუხობდა, ხარისხების მომატებისას დამემართაო. ტადაშის ქცევამ ბოლოს დაძაბულობა შექმნა ივამას დოჯოს წიაღშიც, სადაც მის გვერდით იყვნენ გოძო შიოდა, კოიჩი ტოჰეი, მორიჰირო საიტო, ტანაკა ბანსენი და სხვა ღირებული მოვარჯიშეები, რომელთა სახელებიც ისტორიას არ შემოუნახავს. ო-სენსეიმ, რომელიც გამგები და მომთმენი იყო წლების განმავლობაში, აუხსნა მამამისს, რომ დრო იყო, რაიმე სხვა გამოსავალი მოეძებნათ. ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა, გარკვეული თანხა მიეცა თავისი ვაჟისთვის, რათა მას საშუალება მისცემოდა, მსოფლიო შემოევლო, იმ იმედით, რომ ცხოვრების შეცვლა დაეხმარებოდა მას დამშვიდებასა და წონასწორობის აღდგენაში. ეს თავგადასავალი 1952 წელს, იოკოჰამაში, მარსელისკენ მიმავალ გემზე დაიწყო. და დასრულდა საფრანგეთში. პარიზი ფინანსურად საბედისწერო აღმოჩნდა მოგზაურისთვის, თუმცა აქ დეტალების განხილვა საჭირო არ არის. ტადაში დარჩა დედაქალაქში, მაგრამ უფულოდ და იძულებული გახდა, ეპოვა სამუშაო და გააკეთა ის, რაც ყველაზე კარგად იცოდა, აიკიდო. რამდენიმე წელიწადში თავისი უხეში მანერით ჯიუდოკებისაგან სპეციალისტების პირველი თაობა შექმნა და ამ მიზნით არაერთ ქვეყანაში იმოგზაურა: ინგლისში, იტალიაში, ბელგიაში, ალჟირში და ა. შ.

1960 წელს, ეს დაუდგრომელი პიონერი, ფუძემდებლის აიკიდოს პირველი ნამდვილი მეჩირაღდნე იაპონიის საზღვრებს გარეთ, რომელმაც რვა წელიწადში მარტომ გაუკვალა გზა აიკიდოს მომავალ განვითარებას ევროპაში, თავის ქვეყანაში დაბრუნდა, რადგან იძულებული გახდა, დაეტოვებინა საფრანეთის ტერიტორია გარკვეული მიზეზების გამო, რომლებიც შეიძლება როდისმე ავხსნა და რომელთა შესახებაც აქ ჯერ არაფერს ვიტყვი. თავისი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი აზიაში ჰალსტუხების გაყიდვით იყო დაკავებული. სხვათა შორის მისი ცხოვრება ყველაფერში ძალიან ჰგავს არტურ რემბოს ცხოვრებას, რომელმაც ოცი წლის ასაკში დაანება თავის წერას და სიცოცხლის ბოლომდე საყოფაცხოვრებო ნივთებს ყიდიდა აფრიკაში…

რემბოს მსგავსად ტადაშიმაც ახალგაზრდამ, ოცდათოთხმეტი წლის ასაკში დაასრულა ის მნიშვნელოვანი მისია, რომელიც ბედისწერამ დააკისრა მას, ბედისწერამ, რომელმაც შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზის გამო უთხრა უარი დიდებულ სიკვდილზე, რა მიზეზითაც თვრამეტი წლის ასაკში უთხრა უარი იმ წყალქვეშა ნავმა, რომლის საჭესაც ის მარავდა. ის თავის ლოგინში გარდაიცვალა და მისი სიკვდილი თუ არ იყო დიდებული, მისი ცხოვრება აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი ფუძემლებლის აიკიდოს მომავალი თაობებისთვის გადაცემის საქმეში.

ტადაში აბე – 1957 

1958 წელს, საფრანგეთიდან საბოლოოდ წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ტადაში აბე აქვეყნებს წიგნს თავის სულ პირველ მოწაფესთან, ჟან ზენთან თანამშრომლობით. ეს იყო პირველი წიგნი ფრანგულად აიკიდოზე და, სიმართლე ითქვას, ასევე პირველი წიგნი აიკიდოზე ბუდოს შემდეგ. რადგან მინორუ მოშიძუკის წიგნი, გამოცემული ორი წლით ადრე და ჯიმ ალჩეიკის მიერ ნათარგმნი, ვერ ჩაითვლება წმინდად აიკიდოს შესახებ დაწერილ წიგნად. მართლაც, ეს არის წიგნი მოშუძუკის პირადი საბრძოლო მეთოდის შესახებ, სადაც აიკიდოს ზოგიერთი ელემენტი სინკრეტულადაა შერწყმული ჯიუ-ჯიცუსა და კარატესთან.

ახლა კი ისე ხდება, რომ ერთი ფრაზით უნდა ვთქვა ის, რისი დანახვისა და გაგებისათვისაც ორმოცი წელი დამჭირდა: ტადაში აბეს წიგნის გეგმა ზუსტი ასლია იმ გეგმისა, რომელსაც მორიჰეი უეშიბა მიუყვებოდა ბუდოში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ტადაშის გეგმა სრულიად მკაფიოა, მაშინ როცა ო-სენსეის გეგმა უფრო ღრმა და რთულ დონეზე მოქმედებს, რაც მას ნაკლებად თვალნათლივს ხდის და, აქედან გამომდინარე, გაშიფვრას საჭიროებს. ტადაში აბეს სწავლება შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ლამპარი, რათა მოგვიანებით — და სწორედ ეს იქნება III თავის საგანი — დავინახოთ ის სწავლებები, რომლებიც ნაწილობრივ შებურვილია ო-სენსეის წიგნში

მაშ მივყვეთ ჯერ — დიდი მადლიერებით — ტადაში აბეს მიერ გაკვალულ გზას, რათა ჩვენს თავს მორიჰეი უეშიბას ნააზრევთან უფრო ახლოს მისვლის საშუალება მივცეთ.

…გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წლის ოქტომბერი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/chapitre-ii-les-quatre-lois-aiki-1-riai/

Categories
ო-სენსეის წიგნი

აიკიდოს ფუძემდებლის გადამალული წიგნი – ჯუნბი დოსა (დასასრული) : ირიმი-ტენკა 入身転化

日々ノ練習ニ際シテハ先ッ體ノ變更 – ყოველდღიური ვარჯიში იწყება ტაი ნო ჰენკოთი. არსებობს აიკის სტრატეგია…

入身転化 – ირიმი-ტენკა

…გაგრძელება…

4 – ირიმი-ტენკა  入身転化

…შევარდენი მოულდონელი რწევით გადაადგილდება (動作)

მაშასადამე, ო-სენსეი წერდა ტენ-კა (転化), ჯონ სტივენსი კი კითხულობს და თარმნის, როგორც ტენ-კან (転換).

ეს არჩევანი ახალი თავისუფლებაა ტექსტისა და ავტორის მიმართ. რადგან იგულისხმება, რომ მთარგმნელი უნდა თარგმნიდეს იმას, რაც წერია, ამასთან მეტიც, 化-სა და 換-ს ერთი და იგივე ღირებულება არა აქვს.

換-ის (კან) შინაარსი უბრალოდ, ნეიტრალური შეცვლაა.化 (კა) კი, როგორც უკვე ვნახეთ, ასევე შეცვლას ნიშნავს, ოღონდ იმ გაგებით, რომ მას (ამ შემთხვევაში) შეცდომაში შეყვანის, მოტყუების, მოულოდნელობის ნიუანსიც ემატება.

არ ვიცი, რატომ თარგმნა სტივენსმა იმ კანჯის საფუძველზე, რომელიც ო-სენსეის მიერ ნახმარი კანჯისაგან განსხვავდებოდა და არც მინდა, ვიცოდე. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამ მანიპულაციამ თავისი შედეგი გამოიღო: ის ნიღბავს საცოდნელად იმ აუცილებელ ელემენტს, რომელსაც ტრიალი წარმოადგენს ო-სენსეისათვის. კანჯი 化 (კა), რომელსაც ხმარობს 転化-ში (ტენ კა) წარმოაჩენს ბრუნვას 転 (ტენ), როგორც სისტემატური მოულოდნელობის შედეგს, რაც სტრატეგიის გადამწყვეტი ელემენტია. სტრატეგია კი საბრძოლო ხელოვნების ქვაკუთხედია, აქ მოცემული უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ის გახლავთ, რომ აიკის თავისი სტრატეგია აქვს და რომ ეს სტრატეგია ადამიანის სხეულის ფუნქციონირების ყაიდას უკავშირდება, როდესაც გადაადგილება კონფლიქტის ამა თუ იმ სიტუაციას უნდა მოერგოს. და სწორედ ეს ინფორმაცია ქრება, როდესაც ვწერთ ტენკანს (転換).

აქ არ შეიძლება, არ გავიხსენოთ მიამოტო მუსაში, რადგან აღმოჩნდა, რომ გზა, რომელსაც ყველაზე ცნობილი სამურაი მიჰყვებოდა, სწორედაც სტრატეგიის გზაა და ამ გზას ეს სახელი უწოდა მან: ჰეიჰო ნო მიში (兵法の道), უფრო ზუსტად, სტრატეგიის (兵) კანონის (法) მეთოდი (道). ამას მიუძღვნა თავისი ცხოვრება და ესაა მისი წიგნი-ანდერძის, გო რინ ნო შოს, მთავარი საგანი. მუსაში განმარტავს, რომ სტრატეგიის კანონი ადამიანის ყველანაირი მოქმედების წინ არის იმისათვის, რომ თავი იჩინოს… და ამიტომაც — მას ის კი არ გამოუგონია, არამედ აღმოაჩინა, მიხვდა მას თავისი ურიცხვი გამარჯვებული ბრძოლების შესწავლის შედეგად:

„ოცდაათი წლის ასაკში ჩემს წარსულზე დავფიქრდი. ჩემი მოპოვებული გამარჯვებები სტრატეგიის (兵法) ფლობის შედეგი არ ყოფილა. ეს შეიძლება ბუნებრივი ნიჭის შედეგი ყოფილიყო, ან ღმერთის ბრძანებისა, ან სულაც იმისა, რომ სხვა სკოლების სტრატეგია ვერ იყო სათანადო სიმაღლეზე. მაშინ დავიწყე ძებნა დილიდან საღამომდე, თუ რა განაპირობებდა ამ გამარჯვებებს… და სტრატეგიის კანონს ორმოცდაათი წლის ასაკში მივხვდი.“

ჰოდა მორიჰეი უეშიბაც მიხვდა ამ ერთადერთ კანონს, რომელიც ასე შეიძლება შეჯამდეს აქ: ყველაზე დიდი ოსტატობა, რომელსაც ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს, მდგომარეობს იმაში, რომ გვაჩვენოს ის, რაც არის. და ის არაფერს ამბობს მუსაშისგან განსხვავებულს, როდესაც ამტკიცებს, აიკიდო ადამიანის მიერ გამოგონილი ბუდო არ არის, ის იქამდე გაჩნდა, ვიდრე თავად სამყარო გაჩნდებოდაო… — ლექციები ტაკემუსუ აიკის შესახებ, ტომი 2

სტრატეგია არის რაღაც, რაც თავისთავად არსებობს და აიკის სტრატეგიაც მორიჰეი უეშიბამდე არსებობდა. ის არსებობს თავიდანვე სამყაროს გეგმაში, რომელმაც შექმნა ადამიანის მოტორული ჩვევები ისეთი, როგორიც ჩვენ ვიცით. თუკი ბუდოს სულ ბოლო გვერდზე გადავალთ, იქ დაგვხვდება სტრატეგია, რომელსაც ო-სენსეი პოეტურად და სიმბოლურად წარმოგვიჩენს თავისი ნაშრომის დასკვნით ნაწილად. რვა დოკა აქ  შემთხვევით არ არის და არც თავად რვა არის შემთხვევით. და არც ამ გვერდის სათაურია შემთხვევით შერჩეული: 武道奧義 (ბუდო ოკუგი), ბუდოს ფარული მიზანი. ფარული სწავლება…

武道奧義 (ბუდო ოკუგი), ბუდოს ფარული მიზანი

ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ბუდოს ბოლო გვერდზე მოთავსებული რვა „გზის სიმღერის (歌)“ შინაარსს, რომლებიც ფუძემდებელმა მკითხველის გასაგონად დატოვა, როგორც ნიშანი, მაგრამ ახლა მხოლოდ მეოთხე მათგანის თაგმნით დავკმაყოფილდეთ, რომელიც აიკის სტრატეგიის პოეტურ გამოხატულებას წარმოადგენს:

まが敵に                  (მაგატეკი ნი)          მოწინააღმდეგეს

切りつけさせて     (კირიცუკე სასეტე)    ვაცლი, რომ ჭრას

我が姿                      (ვაგა სუგატა)         ჩემო გამოსახულება

後に立ちて             (უშირო ნი ტაჩიტე)     მე კი უკან ვდგავარ

敵を切るべし(ტეკი ო კირუ ბეში) რომ გავჭრა მოწინააღმდეგე

რა შეიძლება ვთქგმნოთ აქედან:

„მე მოტყუებით ვაცლი მოწინააღმდეგეს, რომ ჩემი გამოსახულება გაჭრას, როდესაც მე უკვე მის ზურგსუკან ვარ, რათა ის დარტყმით ძირს დავცე.”

ჰანმი-ირიმის დგომი სხეულს ექვსი მიმართულებით (როპო) ხსნის, რაც საშუალებას გვაძლევს, შესვლის მოძრაობის წყალობით და თითქოს რაღაც ჯადოსნობით მოწინააღმდეგის მხედველობიდან გავქრეთ და ამასთანავე უსაფრთხოდ, ამ უკანასკნელის უკან, მომგებიან პოზიციაში დავდგეთ. ამ ბრუნვით შესვლას სახელად ირიმი-ტენკა ჰქვია და იგი სტრატეგიის მამოძრავებელი ელემენტია, რომლის წარმოშობაშიც ადამიანის ხელი არ ურევია, მაგრამ ეხება ყველა ადამიანს, ვისაც შეუძლია შეიცნოს ბუნების დიადი კანონი, ფუნდამენტური კანონი ადამიანის სხეულის მოძრაობის შესახებ ბრძოლის სიტუაციაში. ნებისმიერ ადამიანს, რაკი ისეა აგებული, როგორ არის, შეუძლია იმოქმედოს იდეალურად, თუკი ამ კანონთან თანხვედრით გააკეთებს ამას. ეს კანონი გეომეტრიული და ბიომეტრიული მონაცემების გათვალისწინებითაა ჩამოყალიბებული და მისი წარმოთქმა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ის ესმის.

მიამოტო მუსაშის ნაწერებისა და მის მიერვე შესრულებული ნახატების შესწავლის შემდეგ მე აქ ვამტკიცებ, რომ სტრატეგია, რომელსაც ის აღწერს, იგივეა, რაც აიკიდოს ირიმი-ტენკას პრინციპის საფუძველში ძევს. მიამოტო მუსაში ირიმი-ტენკას იყენებდა, მიამოტო მუსაში და მორიჰეი უეშიბა ლაპარაკობენ ერთსა და იმავე სტრატეგიაზე, რომელიც ხმლის ხმარებაზეა დაფუძნებული. მათი აღმოჩენების დამთხვევამ არ უნდა გაგაკვირვოთ, იმიტომ რომ ორივე მათგანმა საბრძოლო ხელოვნებების უმაღლეს წერტილს მიაღწია. ბევრი მთა არსებობს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მთა, მას მხოლოდ ერთი მწვერვალი აქვს და ვინც მას მიაღწევს, ამ ერთადერთ რეალობას უსათუოდ აღმოაჩენს.

ო-სენსეი სამი თანმიმდევრული ეტაპის საშუალებით გაგვიძღვა თავისი წიგნის პირველ ნაწილში: ჯერ კამაე, შემდეგ ირიმი და ბოლოს ტაი ნო ჰენკა, რათა ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ არსებობს აიკის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ის ირიმი-ტენკას ეძახის და რომელიც ამ სამი საწყისის პროდუქტს წარმოადგენს. მაგრამ როდესაც პრინციპის წინამავლი ეს სამი ეტაპი ფოტოებით დაასურათა, მან იგივე არ გააკეთა თავად ამ პრინციპისათვის. ეს არჩევანი ერთი შეხევდით შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს. იმდენად, რამდენადაც პრინციპი ამ სამი შემდგენელი ელემენტის ერთიანობისგან შობილი შედევრია, მოსალოდნელი იყო, რომ რომ ისიც, სულ მცირე, დასურათებული იქნებოდა.

ამ დაუსურათებლობის ორი არსებითი მიზეზი არსებობს: 

–         პირველი მეტაფიზიკურია: რაკი პრინციპი იქამდე არსებობს თითოეულ ამ შემთხვევათაგანში, ვიდრე გამოვლინდება, ბუდოს ამ თავში მისი დასურათება სწორედაც გამოვლინებამდე დამცრობის ტოლფასი იქნებოდა, თანაც აქ იგულისხმება თავი, რომელიც აიკის ეზოთერულ ცოდნას შეეხება (იმ გაგებით, რომ ეს ცოდნა მხოლოდ კვალიფიციური ადეპტებისთვისაა განკუთვნილი).

–         მეორე ფიზიკურია: ვინაიდან პრინციპი ირიმი-ტენკა ირიმისა და ტაი ნო ჰენკას ბრუნვის შერწმის შედეგია, ის უკვე ვლინდება ტაი ნო ჰენკას მოძრაობაში, რომელიც მას შესანიშნავად ავლენს ასეთად. ამიტომაც არც მისი ხელმეორედ დასურათების საჭიროება არსებობს. აიკის პრინციპის ეს პირველი გამოჩენა ტაი ნო ჰენკას ფორმით იმ სიღრმისეულ მიზეზს წარმოადგენს, რომ „ყოველდღიური პრაქტიკა  ტაი ნო ჰენკოთი“ (日々ノ練習ニ際シテハ先ッ體ノ變更) უნდა დაიწყოს. ფუძემდებელმა ეს მითითება თავისი უშიგომეს დოჯოს შესასვლელთან გააკრა 1931 წელს და ის ამას კიდევ ერთხელ გვეუბნება ბუდოში, მე-8 გვერდის მე-5 პუნქტში:

日々ノ練習ニ際シテハ先ッ體ノ變更 – „ყოველდთიური პრაქტიკა ტაი ნო ჰენკოთი უნდა დაიწყოს

იმ ამბავმა, რომ ო-სენსეიმ იგრძნო საჭიროება, იდენტურად გაგმოეტანა ბუდოს შესავალში ის ექვსი მითითება, რომელიც მას გაკრული ჰქონდა რამდენიმე წლით ადრე უშიგომის დოჯოს შესასვლელში, უნდა დაგვაფიქროს იმის მნიშვნელოვნებაზე, რაც აქ წერია.

სათაური, რომლითაც მე-8 გვერდი იხსნება, პირველ რიგში იპყრობს ჩვენს ყურადღებას:

 技法圖解解說 – მუშაობის მეთოდების დასურათებული განმარტებები

ამ სათაურის ქვეშ იწყება წიგნის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ სახელდახელოდ შევარქმევთ „ტექნიკას“. III თავში ვნახავთ, თუ რატომ უნდა მოვეკიდოთ უკიდურესი სიფრთხილით ტერმინ ტექნიკას. ამ სიფრთხილეს საერთოდ არ იჩენს ჯონ სტივენსი, როდესაც 技法圖解解說-ს თარგმნის, როგორც: შერჩეული ტექნიკების დასურათება და განმარტება (Illustration and explanation of selected techniques).

მთელი წიგნის განმავლობაში გაჩვენებთ, რომ პირიქით, ბუდო საერთოდ არ არის ტექნიკათა წარმოჩინება რომელიმე კატალოგის მიხედვით, როგორც ეს ინგლისურმა თარგმანმა შეიძლება გვაფიქრებინოს. ბუდო არის მსჯელობა მეთოდზე, რომელსაც უნდა მივდიოთ, რათა აიკის მივაღწიოთ და ამიტომაც ტექნიკებს ამ ნაშრომში ის დანიშნულება აქვს, რომ ისინი მხოლოდ ამის დემონსტრირებისათვის აუცილებელი მხარდაჭერაა და სხვა არაფერი. აი, რატომ უნდა იყოს აქ ტექნიკაზე უპრიანი მუშაობის (技) მეთოდი (法), როდესაც 技法-ს ვთარგმნით.

ქვესათაური 練習上ノ心得, რომელიც უშიგომის დოჯოში გამოკრულ მითითებებს გვაუწყებს წინასწარ, ასევე ნიშანდობლივია.

心得 ცოდნას, ინფორმაციას, სწავლას ნიშნავს და არავითარ შემთხვევაში სიფრთხილესა და სიფხიზლეს. ჯონ სტივენსი კი ამ სათაურს თარგმნის, როგორც სიფრთხილის გამოჩენა ვარჯიშის დროს (Precautions for training). ამგვარი მოქმედებით ის თვითნებურად ამახვილებს ყურადღებას ვარჯიშის უსაფრთხოების პირობებზე და საერთოდ უგულებელყოფს 心得-ის შინაარსს. მაგრამ თუკი უსაფრთხოება ვარჯიშის დროს აუცილებელია, სტივენსის მიერ წინ წამოწეული სიფრთხილე სრულებითაც არ არის ო-სენსეის მითითებების მთავარი საზრუნავი, და თარგმანი მითითებები ვარჯიშისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იაპონური ტექსტის შინაარსს, აშკარად უმჯობესი უნდა იყოს.

ამ მითითებებს შორის გვხვდება ეს, მე-5 პუნქტში, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ მას არაფერი აქვს საერთო სიფრთხილესთან:

日々ノ練習ニ際シテハ先ッ體ノ變更

ყოველდღიური ვარჯიში იწყება ტაი ნო ჰენკოთი

ფუძემდებლის ამ უმთავრეს მითითებაში ჯონ სტივენსი 體ノ變更-ს თარგმნის, როგორც „საბაზო მოძრაობებს  (basic movements) და წერს: ყოველდღიური ვარჯიშისას დაიწყეთ საბაზო მოძრაობებით (In daily training, begin with basic movements).

კი მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, 體ノ變更 ტაი ნო ჰენკოა. რატომ უნდა შეიცვალოს ის „საბაზო მოძრაობებით“? „საბაზო მოძრაობების“ დაწერა ადამიანს აფიქრებინებს, რომ ვარჯიში ერთგვარი ტანვარჯიშით, მოთელვა-გახურებით უნდა დაიწყოს, რაც მარტივ მოძრაობებზეა დაფუძნებული. არადა ტაი ნო ჰენკოს არაფერი აქვს საერთო ასეთ აზრთან, ტაი ნო ჰენკო პრინციპის ფიზიკური გამოხატულებაა და ის სულ არაა ტანვარჯიში. ის პრინციპის პირველი გამოვლინებაა უნიკალური, ფუნდამენტური ფორმით, რომელიც ყოველთვის ერთნაირია და რომელზეც ო-სენსეი გვეუბნებოდა, ყოველი ვარჯიშის წინ პირველ რიგში სწორედ ეს უნდა გააკეთოთო. ეს იმისთვისაა, რომ თითოეულმა გაიგოს ბოლოს და ბოლოს, რომ აქ საქმე გვაქვს პრინციპთან და გაიფიქროს გულის სიღრმეში, აი რა უნდა ავამოქმედოთ ახლაო. სამი გვერდის მოშორებით, მე-2 ნაწილში, ო-სენსეის მიერ მისი წარმოდგენა აიკის მოქმედების პრინციპის ამოქმედების მოდალობად ტაი ნო ჰენკოს ფუნდამენური მნიშვნელობის დადასტურება გახლავთ. ამ ყოველივეს საერთო არაფერი აქვს ინგლისურ თარგმანში მოხსენიებულ მოთელვა-გახურების ტანვარჯიშთან, რასაც მკითხველი არასწორ გზაზე გაჰყავს და ო-სენსესის სწავლებასთან ახლოს მისვლაში აშკარად ხელს უშლის.

თანაც, თუ გნებავთ უფრო მარტივად, რატომ ითარგმნა ასე ჩახლართულად ეს გამოთქმა, ტაი ნო ჰენკო, როცა ის ყველა აიკიდოკასათვის კარგად ნაცნობია და ისინი მიჩვეულნი არიან მისი იაპონური ფორმულირებით გამოყენებას?

რა თქმა უნდა, ყველამ მიაქცია ყურადღება, რომ ამ გვერდის დასაწყისიდან ტაი ნო ჰენკა (體ノ變化) წერია და (წარმოითქმის) როგორც ტაი ნო ჰენკო (體ノ變更). ამის მიზეზი, ცხადია, ისაა, რომ თავად ო-სენსეი იყენებს აქ კანჯის 更 ტაი ნო ჰენკოს დასაწერად, მაშინ როცა სხვაგან ყველგან ხმარობს კანჯის 化 იმისათვის, რომ დაწეროს ტაი ნო ჰენკა.

ეს გარემოება დამატებით საშუალებას გვაძლევს, დავასრულოთ ძველისძველი კამათი აიკიდოს მოვარჯიშეთათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ამ გამოთქმის სწორი წარმოთქმის შესახებ: ო-სენსეი ფაქტობრივად ორივე წარმოთქმას იყენებდა, რომლებიც ორ განსხვავებულ დაწერილობასა და ორ შინაარსობრივ ნიუანსს შეესაბამებოდა ერთი და იმავე გამოთქმისათვის. აქ იგი დიდი დახვეწილობით გვაგებინებს, რომ პრინციპია ტაი ნო ჰენკა (化), როდესაც ის ამოქმედდება თავის სტრატეგიულ განზომილებაში, რაც კონფლიქტის რეალობას უკავშირდება და რომ ეს არის ტაი ნო ჰენკო (更), როდესაც საქმე ეხება მის განმეორებას ისევ და ისევ, და თავიდან, ყოველ დღე, თითოეული ვარჯიშის დასაწყისში. კანჯის 更 (kō) მართლაც აქვს სხეულის შეცვლის პერმანენტულ გამეორებასთან სრულიად მორგებული ორივე შინაარსი: ის ერთდროულად ნიშნავს შეცვლასაც და ჩანაცვლებასაც, და ამავე დროს, ხელახლა, ახლებურად.

როდესაც ო-სენსეის აქცენტის გაკეთება ვარჯიშის დასაწყისში მოქმედების პრინციპის აუცილებელ სისტემატურ გამეორებაზე სურდა, მაშინ ის ტაი ნო ჰენკს ამბობდა, როგორც ამას ვარჯიშისათვის გასათვალისწინებელ მითითებებში აკეთებს მე-8 გვერდზე, მაგრამ როდესაც ის პრინციპზე მსჯელობდა თავის სტრატეგიულ შესრულებაში, მაშინ ამბობდა ტაი ნო ჰენკს, როგორც ამას 體ノ變化-ის დაწერის მანერა გვიჩვენებს ბუდოს მთელ დარჩენილ ნაწილში.

თუკი უზადო ლოგიკის გამოა, რომ ოსტატმა უეშიბამ არ დაასურათა ირიმი-ტენკას პრინციპი ბუდოს მე-11 გვერდზე, თავს უფლებას მივცემ — და თან უდიდესი მოწიწებით — მე დავასურათო აქ ეს და, ცხადია, ამისთვის გამოვიყენო ტექნიკა, რომელიც საუკეთესოდ განასახიერებს ირიმის პრინციპს, როგორც ჩვენ ეს ერთხელ უკვე ვნახეთ: ირიმი ნაგე. ამ მიყოლებით გადაღებულ სურათებზე ვხედავთ, როგორ შედის ო-სენსეი მარცხენა ფეხით (ირიმი), რასაც მყისიერად მოჰყვება უკანა, მარჯვენა ფეხის 180°-იანი ტრიალი წინა ფეხის გარშემო (ტაი ნო ჰენკა):

კამაე – ირიმი – ტაი ნო ჰენკა

ეს სრული მოძრაობა აიკის ირიმი-ტენკას პრინციპია და ის სამი საწყისიდან (კამაე, ირიმი და ტაი ნო ჰენკა) იბადება.

მაშასადამე, არსებობს პრინციპი (იჩი რეი), შობილი სამი საწყისიდან (სან გენ), და ეს იმ ეზოთერული ფორმულის მიხედვითაა, რომლის ხმარებაც ასე უყვარდა ფუძემდებელს: იჩირეი, შიკონ, სანგენ, ჰაჩირიკი.

ამ წიგნის V თავში ჩვენ კიდევ დავუბრუდებით ო-სენსეის სწავლების ამ ასპექტს, მას შემდეგ, რაც აღმოვაჩენთ II და III თავებში, თუ რას შეესაბამება შიკონ და ჰაჩირიკი.

ჯუნბი დოსას დასასრული

მაშასადამე, ირიმი-ტენკათი ჯუნბი დოსა დასრულებულია, ამიერიდან ვიცით, როგორ უნდა მოემზადოს შევარდენი და როგორ უნდა იმოქმედოს მან. მორიჰეი უეშიბამ სკრუპულოზურად ახსნა და ნაბიჯ-ნაბიჯ გვიჩვენა ამ თავში, თუ როგორ მუშაობს აიკის მოქმედების პრინციპი თავისებური საწყისი დგომიდან, რომელსაც ჰანმი-ირიმი ეწოდება.

ასახსნელი რჩება აიკის ოთხი დიდი კანონი და ამასთან საჩვენებელია, თუ როგორ გამოიხატება მათი საშუალებით პრინციპი, რომლის ფუნქციონირებაც ახლახანს აღწერა მან ჯუნბი დოსებში.

მზერისაგან დამალული ამ რაღაცეების საჩვენებლად სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, უნდა გამოეყენებინა მასალა, რომელსაც (აიკიდოს, ანუ სწავლების მეთოდის თვალსაზრისით თუ განვიხილავთ) სახელად ტექნიკა ჰქვია. მაგრამ ახლა ის ტექნიკაზე არ დაგველაპარაკება, აიკიდოს მოძრაობებს მხოლოდ ქარგად გამოიყენებს, რათა გვიჩვენოს, რომ სამყაროს ჰარმონიის წყალობით აიკის მოძრაობები სპონტანურად ჩნდება, რომ ისინი მომენტის საჭიროებასთან შესანიშნავადაა მორგებული, და თან ისე, რომ ეს ჰარმონია ადამიანთა მხრიდან შესაბამისი მოქმედების შესარჩევად ჩატარებული გამოთვლების შედეგი არ არის.

ამგვარი რეალობა გასაოცარია, მაგრამ ის სულაც არ არის ზებუნებრივი, ფიზიკის კანონებს ემორჩილება, რომლებიც იაპონურ ენაში რიაის კონცეფციით გამოიხატება. მალე ვნახავთ, რომ ბუდოს გაგრძელება ამ კანონების განმარტებას წარმოადგენს.

…გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წლის ოქტომბერი

წყარო : https://www.aikidotakemusu.org/le-livre-cache-du-fondateur-de-laikido-junbi-dosa-fin-irimi-tenka-ru-shen-zhuan-hua/

Categories
ო-სენსეის წიგნი

აიკიდოს ფუძემდებლის გადამალული წიგნი – 準備動作 ჯუმბი დოსა #2 – ირიმი – ტაი ნო ჰენკა

體ノ變化後 両足ヲ六方に開き姿勢ヲ安定セシマルを要ス – ამ ფრაზის ინგლისური თარგმანიც ისეთივე მაზალოა, როგორც წინა ფრაზებისა…

…გაგრძელება…

2 – ირიმი  入身  

…შევარდენი გადაადგილდება (動)…

入身 – ირიმი

მოძრაობა, რომელსაც ო-სენსეი აჩვენებს ამ ფოტოებზე, აიკიდოში ირიმი ნაგეს სახელითაა ცნობილი. ფუძემდებელი აქ ამ ტერმინს არ იყენებს, ის მხოლოდ ირიმის ახსენებს.

ნეტავ რატომ?

პირველი მიზეზი საკმაოდ რადიკალურია — ფუძემდებელი არც ერთ ტექნიკას ინდივიდუალური დასახელებით არ მოიხსენიებდა. ის არ იყენებდა არც ირიმი ნაგეს და არც სხვა სახელწოდებებს, რომლებსაც ჩვენ ვხმარობთ დღეს ილეთების მოსახსენიებლად. ამ უმნიშვნელოვანეს პუნქტს მომდევნო თავში ისევ დავუბრუნდებით.

რაც შეეხება მეორე მიზეზს — რაც ასევე კავშირშია პირველ მიზეზთან — მასზე პასუხის გაცემის საშუალებას მე დღეს ტამურა სენსეი მაძლევს. ერთ დღეს, როდესაც ის პიერ შასანთან ერთად თვითმფრინავით მგზავრობდა, არც აცია, არც აცხელა და პიერი ამ სიტყვებზე დააფიქრა: „ირიმი ნაგეს იმიტომ ჰქვია ასე, რომ ის ყველაზე უკეთ ასახავს ირიმის პრინციპს“. „სენსეი, რატომ უფრო ადრე არ მითხარით ეს?“ ჰკითხა პიერმა, რომელიც ამ შენიშვნამ ჯერ დააფიქრა, შემდეგ კი ჩამთან ლაპარაკში გამიმეორა.

ირიმი (入身) სხეულში შესვლას ნიშნავს, შეტევის სხეულში, ესე იგი მოწინააღმდეგის სფეროში მოქმედებაზე კონტროლის ხელში აღების მიზნით. ეს აიკიდოს ფუძემდებლური პრინციპია და აიკიდოს ყველა ტექნიკა აუცილებლად ამ პრინციპსაა მორგებული. თუმცა დღეს ირიმი ნაგეს სახელით ცნობილ გდების ტექნიკას ერთი თავისებურება ახასიათებს, იგი ტორის ხერხემლის მოწინააღმდეგის ხერხემალზე სუპერპოზიციის საშუალებით ხორციელდება. ეს დამთხვევა, ორი ხერხემლის ეს ერთიანობა ირიმი ნაგეს ის თავისებურება გახლავთ, რომლითაც ირიმის პრინციპი თვალსაჩინოდ და განსაკუთრებული სიცხადით იჩენს თავს. აი, რისი თქმა უნდოდა ტამურა სენსეის პიერ შასანისთვის, აი, რატომ ჰქვია ირიმი ნაგეს ეს სახელი

თუკი ფუძემდებელი თავისი წიგნის მე-2 პუნქტს ასათაურებს ტერმინით ირიმი, ეს ნიშნავს, რომ იგი აქ არა ერთ რომელიმე ტექნიკაზე, ილეთზე, არამედ თავად აიკის პრინციპზე ლაპარაკობს. ამ პრინციპის წარმოსაჩენად, მკითხველისთვის მის საჩვენებლად, ის აიკიდოს მოძრაობას მიმართავს დახმარებისათავის, სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ბუდოს მე-10 გვერდის ამ ოთხი ფოტოს მიზანი ირიმი ნაგეს ჩვენება არ გახლვათ, მათი დანიშნულება პრინციპის წარმოდგენაა, რომელიც ყველაზე ნიშანდობლივად და სუფთა სახით სწორედ ამ ილეთში იჩენს თავს. ეს სურათები პრინციპის ილუსტრაციაა და ყოველგვარი ტექნიკური განხილვა-შეფასება გვერდზეა გადადებული. სწორედ ამის გამო არ არის ნაჩვენები უკეს ვარდნა, რადგან ის მართლაც ტექნიკაზე გააკეთებდა აქცენტს და პრიციპიდან სხვა რამეზე გადაიტანდა ყურადღებას.

ამასთან აიკიდოს პრინციპი შესვლაა და ის ტრიალით შესვლაში მდგომარეობს. ეს მისი მოდალობაა. ეს არის უმთავრესი ინფორმაცია — გამქრალი ინგლისურ თარგმანში — რომელიც ო-სენსეიმ მოგვცა კამაეს ამ მესამე, ესოდენ მნიშვნელოვან ფრაზაში: ამ ექვსი მიმართულებისკენ არ მივდივართ ნებისმიერი სახით, არ მივდივართ პირდაპირ, იქითკენ სპირალური ბრუნვით მივემართებით.

მას შემდეგ, რაც ირიმი იმ მოძრაობით აჩვენა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს ამ პრინციპს, ო-სენსეიმ ახლა უკვე ტრიალი უნდა გვიჩვენოს. და იგი ამას გააკეთებს იმ მოძრაობით, რომელიც საუკეთესოდ და ყველაზე არსებითი სახით გამოხატავს პრინციპის ბრუნვით მოდალობას. ეს მოძრაობა არის ტაი ნო ჰენკა და ამიტომაცა იგი ბუდოს გეგმის მესამე პუნქტი, ჯუნბი დოსას მესამე პუნქტი

3 – ტაი ნო ჰენკა   體ノ變化

 …შევარდენი რწევით გადაადგილდება (動) …

ტაი ნო ჰენკა 180°-ით ტრიალია, რომელსაც ჩვენი სხეული მოწინააღმდეგის გვერდით მიჰყავს, რათა მათ ერთი მიმართულებით იყურონ. წინა ტერფი არის ის ღერძი, რომლის გარშემოც უკანა ფეხი ტრიალებს.

აი, ის მნიშვნელოვანი მითითება, რომელსაც ო-სენსეი გვაძლევს, თარგმნილი სიტყვასიტყვით, როგორც ყოველთვის:

 體ノ變化後                  ტაი ნო ჰენკას შესრულების შემდეგ,

両足ヲ六方に開き                 გახსენით ტერფები ექვსი მიმართულებით                

姿勢ヲ安定セシマルを要ス           რათა აღიდგინოთ დგომი, ეს არსებითია.

აი როგორ თარგმნა ეს ჯონ სტივენსმა:

სხეულის ბრუნვის შემდეგ შეინარჩუნეთ სამოცი გრადუსიანი კუთხით გახსნილი ტერფები – ეს ყველაზე მდგრადი დგომია.

ეს თარგმანი ისეთივე მაზალოა, როგორც წინა თარგმანები:

1-     იაპონური ტექსტი არ გვეუბნება ტაი ნო ჰენკას შესრულების დროსო, ის გვეუბნება, ტაი ნო ჰენკას შესრულების შემდეგო (後). ეს სავსებით ნორმალურია, რადგან  როპო (ჰანმი-ირიმი) დგომია, შეჩერების თვლაა, 180°-ით ტრიალის დროს კი სხეული მოძრაობს და ყველასთვის გასაგებია, რომ შეუძლებელია თან გადაადგილდე და თან, ამავდროულად, ერთ პოზიციაში დარჩე, ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია.

2-     როპო კიდევ ერთხელ არის ნათარგმნი, როგორც სამოც გრადუსიანი კუთხე, მაშინ როცა იაპონური ტექსტი სულაც არ ამბობს ამას და ისევ და ისევ ჯიუტად იმეორებს გამოთქმას ექვსი მიმართულება (六方).

3-     იაპონური ტექსტი არავითარ შემთხვევაში არ ამბობს, რომ როპო ყველაზე მდგრადი დგომია. ამისათვის უნდა ეწეროს: 最も安定した姿勢である. მაგრამ კანჯი 最, რომელიც ნიშნავს ყველაზე მეტად, არსადაა ო-სენსეის ტექსტში. როპოსთვის მინიჭებული ეს მდგრადობა მთარგმნელი გამოგონებაა. ო-სენსეი უბრალოდ წერს, მოძრაობის შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ მდგრადობასო, უნდა აღვიდგინოთ როპოს საწყისი უსაფრთხო დგომი, რომლის შესახებაც უკვე განმარტა კამაეს სათაურის ქვეშ, ყოველი მოქმედების ბოლოს უნდა დავიბრუნოთო. ჰანმიში ამ დაბრუნების მიზეზი ამ დგომის დიდ სიმდგრადეში კი არ მდგომარეობს, რასაც ო-სენსეი საერთოდ არ ახსენებს, არამედ ექვსი მიმართულებით (როპო) მისი მობილურობის პოტენციალში, რაც მთავარი სტრატეგიული უპირატესობაა.

ვნახოთ, რას გვეუბნება ტაი ნო ჰენკას იდეოგრამები:

體 – ტაი
ეს არის ის, რაშიც ბევრი ძვალია, სხვა სიტყვებით, სხეული. ო-სენსეი ჯერ კიდევ იყენებდა ამ ძველ კანჯის, რომელიც დღეს 体-ითაა შეცვლილი.

ノ- ნო
ეს ძველებური ყაიდაა の-ს დასაწერად და კავშირის მარტივი (კუთვნილების აღმნიშვნელი) ნაწილაკია.

變 – ჰენ
ო-სენსეი ჰენ-ის ძველ ფორმას იყენებს, რომელიც ომის შემდეგ გამარტივდა, 変-ად იქცა და ცვლილებას, ტრანსფორმაციას, მეტამორფოზას ნიშნავს.

化 – კაამ კანჯის შინაარსიც ცვლილებაა, თუმცა მოტყუების, ფინტის გაკეთების ნიუანსით, რასაც შეცდომაში შეყვანის, გაცურების, თავგზის არევის და თვით მოჯადოების აზრიც ემატება.

მაშასადამე აიკიდოში ტაი ნო ჰენკა 體ノ變化  მოულოდნელი მოძრაობით მოწინააღმდეგის მოტყუება, სხეულის მარტივი, ბრუნვით მოძრაობით მისი წამიერი დეზორიენტირება და, შედეგად, გაუჩინარებაა, რითაც თითქოს ნუსხავ და აჯადოებ მას.

ჰენ-ში 變 არსებული მეტამორფოზის იდეა თავის მნიშვნელობას ჰენკა-ში 變化 კიდევ უფრო აძლიერებს. გამოდის, რომ ფინტთან, მისტფიკაციასთან დაკავშირებული ეს ნაირნაირი ნიუანსები მთლიანად გამქრალია ტაი ნო ჰენკას თანამედროვე დაწერილობაში (体の変更), რომელიც მხოლოდ სხეულის უბრალო მოდიფიკაციას (変更) ნიშნავს. თანამედროვე აიკიდომ ტაი ნო ჰენკას დაწერის მანერა შეცვალა და ამით ის შინაარსი დაკარგა, რომელიც ო-სენსეის დედან ნაწერში იყო და რომლის მნიშვნელობასაც მე-3 თავში დავინახავთ.

აქ წამით შევჩერდეთ და ჩვენს ხელთ არსებული ცნობები შევაჯამოთ:

1-     კამაე ჰანმი-ირიმის ასე იმიტომ ჰქვია, რომ ეს დგომი ბუნებრივად ღიაა ექვსი მიმართულებით და საშუალებას იძლევა, ადამიანი მყისიერად გადაადგილდეს ამ ექვსი მიმართულებით… და ამგვარად შევიდეს მტრის სფეროში.

2-     ეს ღიაობა ექვსი მიმართულებით მხოლოდ ჰანმი-ირიმის დგომიდანაა შესაძლებელი, ესაა მისთვის დამახასიათებელი თავისებურება და ამიტომაც მიეწება ბუნებრივი ატრიბუტივით სახელი როპო (ექვსი მიმართულება). რაკი მეტონიმიის გამო ეს ორი ცნება ერთმანეთს ასოციაციით მჭიდროდ უკავშირდება, როპო ხანდახან ჰანმის ნაცვლად იხმარება დგომის აღსანიშნავად, მაგრამ ჩვენ წინაშე არსებული რეალობა ერთადერთია და ორი ერთმანეთისგან განსხვავებული დგომი არ არსებობს.

3-     ეს ექვსი მიმართულებით ღიაობა საბრძოლო უპირატესობაა, იმიტომ რომ იგი დიდ მობილურობას გვთავაზობს. ამიტომაც უნდა იყოს ის ყველა მოძრაობის დასაწყისში და ახალი მოქმედების ევენტუალობის გამო ის აუცილებლად უნდა აღდგეს, როგორც კი მოძრაობა ჩერდება და მდგრადობა ბრუნდება. სამაგიეროდ, მას არ მოაქვს დიდი მდგრადობა, განსხვავებით იმისაგან, რასაც ჯონ სტივენსი არასწორად ათქმევინებს ო-სენსეის.

4-     შესვლა (ირიმი) მოწინააღმდეგის გვერდზე შეცურებით ხორციელდება, რომელიც არ უნდა იყოს არჩეული მიმართულება.

5-     თავისი სრული სახით შესრულებულ ირიმის თან ახლავს 180°-იანი ტრიალი წინა ტერფის გარშემო, რომელიც ამ შემთხვევაში ღერძად იქცევა. ტაი ნო ჰენკად წოდებული ეს ტრიალი აუცილებელია იმ სპირალური გზის დასაწყებად, რომელსაც ექვსი მიმართულებით მივყავართ.

რა გვაკლია იმისათვის, რომ აიკის მოქმედება სრული იყოს?

გვაკლია ირიმის წარმოდგენა, როდესაც ის თავისი სრული ფორმით კეთდება, ანუ მოჰყვება ტაი ნო ჰენკად წოდებული 180°-იანი ბრუნი, რომელიც ჩვენ ეს-ესაა, ვნახეთ. აიკიდოს მოძრაობისათვის დამახასიათებელი ამ თავისებური შესვლის აღსაწერად დღეს სახელად ირიმი-ტენკანი ჰქვია, თუმცა ო-სენსეი მას არ ეძახდა ასე. ის ამბობდა და წერდა ირიმი-ტენკა. ეს იქნება ჯუნბი დოსას უკანასკნელი პუნქტი, რომელსაც ფუძემდებელი აიკის მოძრაობის გეგმის წარმოსადგენად გვაძლევს.

…გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წლის სექტემბერი

წყარო : https://www.aikidotakemusu.org/le-livre-cache-du-fondateur-de-laikido-zhun-bei-dong-zuo-junbi-dosa-2-irimi-tai-no-henka/