Categories
ო-სენსეის წიგნი

აიკიდოს ფუძემდებლის გადამალული წიგნი – შესავალი #3 (დასასრული)

მაშასადამე, სრულიად მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი გარემოებების წყალობით, 1987 წელს ო-სენსეის წიგნის მფლობელი გავხდი. ამ თვალსაზრისით, მსოფლიოში სულ რამდენიმე პრივილეგირებული ადამიანი ვიყავით…

სადაო თარგმანი
სადაო თარგმანი

…გაგრძელება…

ბუდოს თარგმანი

მაშასადამე, სრულიად მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი გარემოებების წყალობით, 1987 წელს ო-სენსეის წიგნის მფლობელი გავხდი. ამ თვალსაზრისით, მსოფლიოში სულ რამდენიმე პრივილეგირებული ადამიანი ვიყავით: რამდენიმე ადამიანი იაპონიაში, რომელთაც თითო დედანი-ეგზემპლარი ჰქონდათ და, შეიძლება, სტენლი პრანინის რამდენიმე მეგობარი, რომელთაც ჩემსავით საჩუქრად მიიღეს ხელახალი გამოცემის (რეპრინტის) თითო ეგზემპლარი. უნდა გვახსოვდეს, რომ იმხანად ინტერნეტი და PDF-ები ჯერ არ არსებობდა. ამ არაჩვეულებრივი შანსის მიუხედავად, ბუდო წლების განმავლობაში ჩემი ბიბლიოთეკის თაროზე შემოდებულ ერთგვარ ღირსშესანიშნაობად რჩებოდა. ნაშრომის ტექნიკური ნაწილის უწესრიგობიდან თითქმის ვერანაირი აზრი ვერ გამომქონდა. სიმართლე ითქვას, დიდად საინტერესო ვერაფერი ვნახე იქ, გარდა ილუსტრაციებისა, რომელთაც აიკიდოზე დაწერილ ნებისმიერ წიგნშიც ნახავს ადამიანი, რომ არა მისი ისტორიული და სენტიმენტალური განზომილება ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც ამ პატივსაცემი ავტორის სახლში უცხოვრია (აქვე ვადასტურებ, რომ ბუდო არ იყო ო-სენსეის ბიბლიოთეკაში, ივამაში). რაც შეეხება ტექსტს, ის სრულიად უსარგებლო იყო ჩემთვის, რადგან იაპონურად ვერ ვკითხულობდი.

ამასობაში კიშომარუ უეშიბამ, რომელიც იაპონურ ენაზე წიგნის ხელახალ გამოცემას კრძალავდა, პარადოქსულად გასცა ნებართვა, რომ წიგნი ინგლისურ ენაზე თარგმნილიყო და გამოცემულიყო. 1991 წელს გამომცემლობა „კოდანშა ინტერნეიშენელმა“ გამოსცა ბუდო – აიკიდოს ფუძემდებლის სწავლება. ნაშრომი სამ ნაწილადაა დაყოფილი: პირველი ნაწილი ო-სენსეის ცხოვრების გრძელი წარდგინებაა მისი ვაჟის მიერ, მეორე — საკუთრივ ო-სენსეის წიგნია, მესამე კი კომპილაციაა ფოტოებისა, რომლებიც 1936 წელს გამომცემლობა „კონადშას“ იმდროინდელი თავკაცის, სეიჯი ნომას კერძო დარბაზშია გადაღებული. ამ ყველაფრის მთარგმნელი ამერიკელი ჯონ სტივენსია, რომელმაც ო-სენსეის მიერ გამოყენებული კლასიკური იაპონური ენიდან თარგმნისას თავისი მასწავლებლის და აიკიკაის მაღალი პასუხისმგებლობის პირის, რინჯირო შირატას სრული მეთვალყურეობის ქვეშ იმუშავა. თანამედროვე იაპონურზე კითხვა მართლაც არ კმაროდა მეორე მსოფლიო ომამდელი იაპონურის გასაგებად. ამასთან, თავად ფუძემდებელსაც მეტყველების თავისი ძალიან თავისებური სტილი ჰქონდა.

ცხადია, ინგლისურად ნათარგმნი წიგნი გამოცემისთანავე შევიძინე, ერთი სული მქონდა, ბოლოს და ბოლოს აიკიდოს ო-სენსეისეულ წარდგინებასა და მის ტექნიკურ კომენტარებს გავცნობოდი. იმედები გამიცრუვდა. წიგნის ფილოსოფიური ნაწილი ყოველგვარ რეალობას მთლიანად მოწყვეტილი მეჩვენა, ტექნიკის ფუნამენტური პუნქტებისათვის თანდართული განმარტებები კი სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა, რასაც კიდევ უფრო აბუნდოვანებდა მთარგმნელის მიერ თანდართული შენიშვნები.

არ მესმოდა. ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, აიკიდოს ფუძემდებლის მიერ იმპერატორის ოჯახისთვის დაწერილი ეს ერთადერთი წიგნი, რომელიც თითქოსდა ამ მიზეზით აიკიდოს კვინტესენცია უნდა ყოფილიყო, რატომ აღმოჩნდა ესოდენ ბურუსით მოცული, ბუნდოვანი, აბურდულ-დაბურდული, ლამის დაუსრულებელი მონახაზი. ამ ყველაფერს ღირებულ ახსნას ვერა და ვერ ვუძებნიდი.

დრო გავიდა, წიგნის ფრანგული ვერსია გამოიცა, რაც, ცხადია, ვერ იქცა მოვლენად, რაკიღა ინგლისურიდან იყო ნათაგრმნი და ამიტომაც მხოლოდ და მხოლოდ იმეორებდა ინგლისური ვერსიის მთარგმნელისეულ არჩევანსა და წარმოდგენებს, ოღონდ ამ ყოველივეს იაპონურის ტრანსკიფციის დამატებითი დამახინჯებებიც ემატებოდა.

ოცმა წელმა განვლო ამგვარ იმედგაცრუებაში, მაგრამ ბედისწერას ყოველთვის მოაქვს თავისი დინებისთვის აუცილებელი ელემენტები და აი… კრისტოფერ ლიმ, აიკიდოს მასწავლებელმა ჰავაიზე და ასევე აიკიდოს ისტორიის მკვლევარმა, 2012 წელს გამოაქვეყნა სტატია, სახედწოდებით Morihei Ueshiba Budō and Kamae. ამ სტატიაში ის მორიჰეი უეშიბას მიერ განხილული პირველი ტექნიკური პუნქტის საკუთარ თარგმანს იძლევა ინგლისურ ენაზე, ძალიან მოკლე, მაგრამ ფუნდამენტური პუნქტისას, ვინაიდან იგი აიკიდოს დგომს, კამაეს შეეხება. კრისტოფერის მიდგომა დიდი პატიოსნებით გამოირჩევა და ცდილობს, ამ პუნქტში შემავალი რამდენიმე ფრაზის ზუსტი შინაარსი დაადგინოს. რადგანაც თარგმანი იაპონური ტექსტიდანაა შესრულებული, კანჯის კარგი ლექსიკონით მართლაც შესაძლებელია იმის შემოწმება, რომ მთარგმნელის არჩევანი მაქსიმალურად უახლოვდება მნიშვნელობით ო-სენსეის მიერ გამოყენებულ იდეოგრამებს.

ერთმანეთს თუ შევუდარებთ ამ მოკლე პასაჟში კრისტოფერ ლისა და ჯონ სტივენსის თარგმანებს, თვალნათლივ გამოჩნდება, რომ სტივენსის თარგმანი სრულად ეწინააღმდეგება იაპონურ ტექსტს. მთარგმნელის გაუმართლებელი, სუბიექტური და გაუმჭვირვალი მიდგომა სრულ დეფორმაციას უკეთებს დედანს. კიდევ უფრო სერიოზული კი ის გახლავთ, რომ თარგმანში მთელი ფრაზებია გამოტოვებული… ო-სენსეის ნააზრევი იმგვარადაა დამახინჯებული და შემოკლებულ-შეკვეცილი, რომ სრულიად გაუგებარი ხდება. ცხადია, ეს მტკიცება არგუმენტაციას მოითხოვს, რაც ამ წიგნის თანამდევი იქნება დასაწყისიდან დასასრულამდე. ჯერჯერობით კი ერთი რამის თქმაც საკმარისია — კრიტოფერ ლის მიერ ნათარგმნმა რამდენიმე ფრაზამ მიმახვედრა, რომ შეუძლებელია, ადამიანი ჯონ სტივენსის თარგმანს ენდოს, რათა შანსი მოიპოვოს, რომ ო-სენსეის წიგნის შინაარსს ჩასწვდეს (და იმან, რაც მე ასე გაკვრით ვიხილე, მაფიქრებინა, რომ ტექსტი ინფორმაციის ნამდვილი საბადო იყო). ამისათვის აუცილებელია, რომ დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული თარგმანი მაინც ჰქონდეს. გამიმყარდა რწმენა, რომ ბუდოს კითხვისას ჩემი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა თავად ნაწარმოების ბრალი არ იყო და რომ ფუძემდებლის წიგნში უნდა ყოფილიყო ის სიღრმე, რომელიც არასწორი თარგმანის გამო მიუწვდომელი რჩებოდა ჩემთვის.

ამასობაში კრისტოფერ ლის მიერ ნათარგმნმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესმა ფრაზამ წინსვლის საშუალება მომცა, რადგან ისინი ო-სენსეის სათქმელის სულსა და გულთან იყო კავშირში. ასე და ამგვარად, 2012-2018 წლბში გამოვაქვეყნე ტექნიკური დოსიეს არაერთი სერია სტატიებისა TAI-ს საიტზე (aikidotakemusu.org). ეს დოსიეები აიკიდოს გაგებისათვის აუცილებელ ორ ფუნდამენტურ პუნქტს შეეხებოდა: კანონები, რომლებიც ილეთებს ოთხი ფუნდამენტური პრინციპის მიხედვით აწესრიგებს (კაჯოები), და ექვსი მიმართულება სივრცეში, საითაც ეს პრინციპებია გააქტიურებული (როპო).

ისე, რომ თავადაც ვერ მივხვდი, განვმარტე — მართალია, არასრულყოფილად, ისე, რომ ჩრდილოვანი ზონები კიდევ რჩებოდა — აიკიდოს გეგმა იმ სახით, რა სახითაც ეს ო-სენსეის წიგნშია წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, ათწლიანი ლოდინი მომიხდა იქამდე, ვიდრე ჩემ მიერ შესრულებულ სამუშაოსა და ბუდოს შორის ნამდვილ კავშირს მივხვდებოდი. კაჯოს დოსიეების გასწორებათა მნიშვნელოვანი სერია, რომელიც გამოვაქვეყნე 2024 წლის შობაზე უთუოდ განმსაზღვრელი ელემენტი გახდა ამ ყოველივეს გაცნობიერების თვალსაზრისით.

2018-2019 წლებში მოწაფედ მყავდა (მხოლოდ ინგლისში ჩატარებული ორი-სამი სემინარის დროს), ერთი აიკიდოკა, სახელად დევიდ ფული. დევიდს აიკიდო თავისი ცხოვრების უკანასკნელ ნაწილში დაეწყო, 70 წლის იყო და მხოლოდ შოდანი (1-ელი დანი) გახლდათ, მაგრამ ის იმ ფრაზას მახსენებდა, რომელიც უნივერსიტეტში ჩემი ბერძნული ენის წიგნს ჰქონდა წამძღვარებული სათაურის ქვეშ „ხნიერ დამწყებთათვის“. დევიდი ყოველმხრივ შეესაბამებოდა დამწყების შინაარსს: იმიტომ რომ აიკიდო საპენსიო ასაკში დაიწყო და იმიტომაც, რომ, მიუხედავად ამის, ახალგაზრდა კაცის ენთუზიაზმი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მას პრაქტიკა შედარებით ახალი დაწყებული ჰქონდა, ის მიხვდა იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც ბევრი მასწავლებელი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ვერ მიხვდა: დოჯოში ისწავლება არა აიკი, არამედ აიკი-დო, ანუ სწავლების მეთოდი, რითიც ადამიანი აიკისთან უნდა მივიდეს. მან აქედან დაასკვნა, რომ ამ მეთოდის მიღმა არსებულთან მიღწევის შანსები თითქმის ნულის ტოლი იქნება იმდენ ხანს, ვიდრე მოვარჯიშე არ დარწმუნდება, რომ ის, რასაც აქამდე აკეთებდა — რომელი სტილი ან მასწავლებელიც არ უნდა იყოს ეს — სხვა არაფერი იყო, თუ არა მეთოდი და ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, მეთოდი, რომელსაც ცუდად ასწავლიან. აქედან ის მომდევნო დასკვნამდე მივიდა, რომ ამ მეთოდის ფარგლებს გარეთ გამოსვლისათვის სახელმძღვანელოდ მორიჰეი უეშიბას ერთადერთი წიგნი, ბუდო, უნდა ავიღოთ და ის, მისი აზრით, ყველაზე ლეგიტიმურ, მორიჰირო საიტოს მეთოდს შევადაროთ.

მე თვითონაც მივედი იმ მკაფიო ხედვამდე — მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ბევრად უფრო მეტი დრო დამჭირდა — რომ აიკიდო მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი მეთოდია აიკიმდე მისასვლელად, რომ ეს მეთოდი მოწოდებულია და საფუძველს იძლება, რომ ოდესმე მოვარჯიშემ დატოვოს ის, და რომ ბუდო არის გასაღები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გადავიდეთ იმ სამყაროში, რომელიც ამ მეთოდის მიღმა არსებობს. სხვათა შორის, უკვე წლებია, რაც რუბრუკას ვუძღვები ამ თემაზე TAI-ს საიტზე. მაგრამ ისიც გაცნობიერებული მქონდა, რომ ო-სენსეის წიგნის შინაარსი შებურული იყო, რომ პირობა იქიდან სარგებლის ნახვისა მის გაშიფვრაში მდგომარეობდა და რომ ამისთვის სანდო თარგმანის ქონა აუცილებელი იყო. არადა ასეთი თარგმანი არ არსებობდა.

დევიდი, რომელმაც იცოდა ის გზა, რომელიც მე გავიარე საიტო სენსეისთან, ჩემდამი მეგობრული განწყობით იფიქრა, რომ მისი ნაშრომის ჩემეული შეფასება შეიძლება საინტერსო გამომდგარიყო და თავისი კვლევა-ძიების ელემენტები გამომიგზავნა, რომ წამეკითხა და შემდეგ ჩემი კომენტარები მისთვის გამეზიარებინა. ეს იყო ჩვენი მოკლე მიმოწერის დასაწყისი. მისი პროექტის სათაურის (Budō, Haphazard or Genius) შესატყვისობამ შემაფიქრიანა. თავისი მცირე გამოცდილებით მან დაინახა ის, რაც ბუდოს ინგლისურად მთარგმნელს გონებაში ეჭვადაც არ გაუვლია. მართლაც, ჯონ სტივენსი, აიკიდოს გამოცდილი მასწავლებელი თავის შესავალში წერს (გვ. 26): “The translation (…) follows the original organisation of the book, which was somewhat haphazard” [თარგმანი (…) წიგნის თავდაპირველ სტრუქტურას მიჰყვება, რომელიც ცოტა არ იყოს არეულ-დარეული იყო]. სტივენსის ამ ფრაზიდან ჩანს, რომ ღრმა აზრი იმისა, რასაც თარგმნიდა, მისთვის უცხო დარჩა. ო-სენსეის წიგნი არც არეულ-დარეულია და არც არაკოჰერენტული — დევიდ ფულიმ ეს წინასწარ იგრძნო და სათაურიც ამას მოწმობს — ო-სენსეის წიგნი მართლაც გენიალურია. სირთულე ისაა, რომ  გეგმა, რომელსაც ის მიჰყვება, უხილავია იმისთვის, ვინც აიკი-დოს სტადიაშია და, აქედან გამომდინარე, ჯერ არ მიუღწევია იმ დონისთვის, რომელიც სწავლების მეთოდის მიღმა მდებარეობს.

ვერცერთი პრობლემა ვერ გადაწყდება ცნობიერების იმ დონეზე, რომელმაც ის შექმნა, ალბერტ ეინშტეინის მიერ გამოთქმული ეს ჭეშმარიტება ღირებულია დევიდის შემთხვევაშიც, რომელმაც სრულიად გასაოცარი ინტუიცია გამოვლინა, მაგრამ იმის გამო, რომ გვიან დაიწყო აიკიდოს სწავლა, ამ ამბიციური პროექტისთვის აუცილებელ მის ცოდნას გამოცდილებისა და სიმწიფის ნაკლებობის კვალი დაეტყო. არ დასცალდა საკმარის ხანს სიცოცხლე დაკარგული დროის ასანაზღაურებლად, 2019 წლის მიწურულს გარდაიცვალა და თან წაიღო პროექტი, რომლითაც აპირებდა, პერსპექტივაში დაენახა ო-სენსეის წიგნი. თუმცა ეს ბევრად აღემატებოდა აიკის გაგების იმ დონეს, რომლისთვისაც მას მიეღწია. გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე საავადმყოფოდან, სადაც ის იწვა, გულთბილი წერილი გამომიგზავნა, რომ გავემხნევებინე ბუდოს განმარტების ჩემეულ პროექტში. დღეს, ამხელა დროის გასვლის შემდეგ, ამ წერილის ხელახლა გადაკითხვისას, ვხვდები, რომ მას არავითარი იმედი აღარ ჰქონდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ნაშრომს წაიკითხავდა. მისი სიტყვები, რომლებიც ახლა ისევე უცნაურად ჟღერს, როგორც სერჟის სიტყვები მისი თვითმკვლელობის წინ, განმიმტკიცებს შეგრძნებას, რომ ჩემი ცხოვრების წლებმა და მოვლენებმა დამაყენეს იმ ამოცანის წინაშე, რომელიც ვიცი, რომ ჩემია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, რატომ. თითოეული ადამიანი, რომელიც საკმარის ხანს ცხოვრობს, სიცოცხლის უკანასკნელ ნაწილში დგება იმ ამოცანის წინაშე, რომელსაც მის მიერ განვილი გზა, მის არჩევანთა ერთიანობა, მისი თვისებები და ასევე მისი ნაკლოვანებები უსახავს. ეჭვიც არ მეპარება, რომ სწორედ ჩემი ნაკლოვანებები მიკრძალავს დღეს, რომ თავი ავარიდო იმ წამოწყებას, რომელიც ასე და ამგვარად დამეკისრა მე.

თუკი არ შეიძლებოდა ნდობა გამოგვეცხადებინა ჯონ სტივენსის თარგმანისთვის, ახალი, ამჯერად სანდო თარგმანი ხდებოდა აუცილებელი. პირველი აზრი, რომელიც თავში მომივიდა, კრისტოფერ ლისთან დაკავშირება იყო, ვინაიდან მან ინტერესი გამოავლინა ო-სენსეის ტექსტის მიმართ და პატიოსანი მთარგმნელის თვისებები გამოიჩინა. სამწუხაროდ, მან მიპასუხა, რომ ახლო მომავალში მისი საცხოვრებლად გადასვლა იაპონიაში ახლა და ამ ზომის სამუშაოში ჩაბმის საშუალებას არ აძლევდა. თვეების განმავლობაში ამაოდ ვეძებე იაპონურიდან ინგლისურად მთარგმნელი, რომელიც ჩემს კრიტერიუმებს შეესაბამებოდა. ერთმანეთის მიყოლებით განცდილი მარცხების გამო გადავიხარე იქით, რომ მომეძებნა ვინმე, ვინც იაპონურიდან ფრანგულად თარგმნიდა. არაერთი უარის შემდეგ, რომლებიც კლასიკური იაპონურის ცოდნასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ კომპეტენტურობას უკავშირდებოდა, როგორც იქნა, ვიპოვე ადამიანი, რომელიც დამთანხმდა, ფრანგულად ეთარგმნა ო-სენსეის ნაშრომი და შეესრულებინა ჩემ მიერ წამოყენებული პირობები: თარგმანი უნდა ყოფილია ღია, რთულ შემთხვევებში შენარჩუნებულიყო იდეოგრამების სხვადასხვა მნიშვნელობები, ვარიანტების არსებობის შემთხვევაში კი არ შემოფარგლულიყო მხოლოდ მთარგმნელისთვის მისაღები არჩევნით.

იმისათვის, რომ მივხვდეთ მორიჰეი უეშიბას ძველი, ხანდახან ჰერმეტული იაპონურის სირთულეს, თავს ვერ ვიკავებ, ერთი სასაცილო ამბის მოყოლით არ ვისიამოვნო, რომელიც 1961 წელს ჰავაიში მისი მოგზაურობის ჟამს მოხდა. ახალგზარდა კაცი, რომელიც მის სიტყვებს თარგმნიდა, თავი ვალდებულად იგრძნო, რაღაც დროს კომენტარი გაეკეთებინა ო-სენსეის საქმის კურსში ჩაუყენებლად, რომელიც, ცხადია, ინგლისურად არ ლაპარაკობდა — სიტყვასიტყვით, ზუსტად ვთარგმნი ყველაფერს, რაც მესმის, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ვერ ვიგებ ვერაფერს, რასაც ვთარგმნიო. იაპონიაში დაბრუნებისას, როდესაც ისევ ასწავლიდა თავის მოწაფეებს, ო-სენსეი გაუწყრა მათ, რადგან ჩათვალა, რომ მისი ნათქვამიდან არაფერი ესმოდათ. და სწორედ მაშინ ის შენიშვნა, რომელიც სასაცილო აღმოჩნდა ამ კონტექსტში — რა დასანანია, რომ ახალგაზრდა თარჯიმანი, რომელიც ჰავაიში მყავდა, აქ არ არის, თორემ ძალიან დაგვეხმარებიდა, მას ხომ ასე კარგად ესმოდა ჩემი სიტყვებიო.

ო-სენსეის მეტყველება ენიგმატურია, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ყოველთვის არის არიადნეს ძაფი, რომელსაც სიტყვების ლაბირინთიდან გარეთ გამოვყავართ. და ეს ძაფი, რომელიც გაყოლის საშუალებას გვაძლევს, აიკიდო არ არის, ეს არის აიკი. თუკი ტაკემუსუ აიკი, რაზეც ო-სენსეი ლაპარაკობს, აიკიდოს საბოლოო მიზანია, ის ამავე დროს გზა არის, ამ მიზნისკენ მიმავალი. და სწორედ აქ არის ტაოს (დო) ერთ-ერთი ღრმა შინაარსი, რაზეც ფუძემდებელი მიგვანიშნებდა: მიზანი და ამ მიზნისკენ მიმავალი გზა ერთმანეთშია არეულიო.

მორიჰეი უეშიბა ბუდოში მართლაც მიჰყვება ძალიან მკაცრად შედგენილ გეგმას, მაგრამ ეს გეგმა არ არის მისი ფანტაზიის ნაყოფი, ის არ გამოუგონია ადამიანს რაიმე გამოცემის საჭიროებისათვის. ეს სრულყოფილი გეგმა თავად ხელოვნების სტრუქრითაა ნაკარნახევი და ის ორი მთავარი ღერძის გარშემოა ორგანიზებული:

1-     აიკის მოქმედების პრინციპის აღწერა.

2-     აიკის ოთხი ფუნდამენტური კანონის აღწერა.

ო-სენსეის წიგნის გეგმა სრულიად შეუმჩნეველი რჩება იმისთვის — მაგალითად, ჩემთვის, დიდი ხნის განმავლობაში — ვინც არ იცის აიკის მოქმედების ოთხი კანონი და ამ წიგნში რამე ლოგიკას ეძებს აიკიდოსთან, ანუ სწავლების მეთოდთან მიმართებაში. რადგან ელემენტარული პედაგოგიკის (რომლის ნაწილსაც ტექნიკური კატალოგი შეადგენს) მენტალური სქემები არ შეესაბამება აიკის სტრუქტურათა რეალობას. აი, რატომ ეჩვენა ცოტათი არეულ-დარეული (somewhat haphazard) ამ წიგნის ორგანიზაცია მთარგმნელ ჯონ სტივენსს, ისევე როგორც მე მეჩვენა მოუწესრიგებელი და აბურდული, იმ წლების განმავლობაში, როდესაც ის მოწყენით იდო ჩემს ბიბლიოთეკაში. განსხვავება ჩემსა და სტივენსს შორის ისაა, ჩემი აზრით, რომ მე ვკითხე საკუთარ თავს, ეს უცნაურობა ჩემი ხედვის სისუსტის შედეგი ხომ არ არის-მეთქი და ვარჩიე, ნდობა ო-სენსეისთვის გამომეცხადებინა და არა საკუთარი მოსაზრებებისთვის. მართლაც, ვინ ვიყავი მე, რომ მეფიქრა, საბრძოლო ხელოვნებების ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ოსტატმა, რომელიც იაპონიას უშვია, თავისი ერთადერთი წიგნი, განკუთვნილი საიმპერატორო კარისათვის, შემთხვევით და ალალბედზე დაწერა-მეთქი? ეჭვებისგან თავისუფალმა სტივენსმა ცოდნის კარი გამოიხურა, მე კი, ეჭვებში დარჩენილმა, ეს კარი ღია დავტოვე და ბოლოს მოვახერხე კიდეც მორიჰეი უეშიბას წიგნში შესვლა, შანსი დავიტოვე, რომ რაღაცას მივხვედრილიყავი და ამისათვის იმ გეგმით მევლო, რომელსაც ის თავად მიჰყვებოდა, აიკის დიად გეგმას.

ახლა შევეცდები ეს გეგმა წარმოგიდგინოთ.

…გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წელი, სექტემბერი

წყარო : https://www.aikidotakemusu.org/le-livre-cache-du-fondateur-de-laikido-introduction-3-fin/

Categories
ო-სენსეის წიგნი

აიკიდოს ფუძემდებლის გადამალული წიგნი – შესავალი #2

თუკი ბუდო მკითხველთა ფართო მასებისთვის განკუთვნილი არ იყო, აბა მაშ რა იყო? ეს გახლდათ მორიჰეი უეშიბას საჩუქარი იმ მეცენატებისათვის, რომლებიც ფინანსურად დაეხმარნენ მას აიკიდოს აღმოჩენაში.

ივამა – მორიჰეი უეშიბას სახლი

…გაგრძელება

ბუდოს ბედი

ამის შემდეგ არაერთხელ შევხვდი სტენლი პარანინს, რადგან იმხანად ყოველ კვირა ჩამოდიოდა ტოკიოდან ივამაში საიტო სენსეის გაკვეთილებზე დასასწრებად. ვხვდებოდით ტატამზე და შემდეგ თითო ჭიქასაც გეახლებოდით ხოლმე, როდესაც ის მატარებელს ელოდებოდა, რითიც უნდა დაბრუნებულიყო. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ის დამელაპარაკა ბუდოზე და მიამბო, თუ როგორ ბედზე აღმოაჩინა ეს წიგნი სრულიად შემთხვევით.

მძიმედ ვცდებოდით, როდესაც წარმოგვედგინა, რომ მორიჰეი უეშიბა 1930-იანი წლების ერთ მშვენიერ დღეს დაჯდა და გონებაში გაივლო აზრი, დაეწერა წიგნი, რომლითაც ის აიკიდოს მკითხველთა ფართო მასებს გააცნობდა. ეს დრომოჭმული აზრი ნაყოფია თანამედროვე აზროვნებისა, რომელიც შეჩვეულია, იფიქროს, რომ, ერთი მხრივ, ბუნებრივია, ადამიანმა მზის სინათლეზე გამოიტანოს და თანაც შეუზღუდავად ის, რაც თავად იცის და, მეორე მხრივ, რომ შესაძლებელია, ეს ცოდნა ქაღალდზე დაიტანოს და ასე გადასცეს სხვას. ეს ტრადიციული იაპონური ხელოვნებების შესახებ წარმოდგენის არქონის ნიშანია, სადაც ყველაფერი დაფარულ-გასაიდუმლოებულია და ის შეიძლება აღმოაჩენოს მხოლოდ იმან, ვინც ამ გზას წრფელი გულით დაადგება. მაშასადამე, პირველი პირობა ძებნა-ძიებაა. დააკაკუნეთ და გაგიღებენ, მხოლოდ ასე ხდება და ბუდო აიკიდოს ვულგარიზაციის მცდელობისაგან ისეა დაშორებული, მეტი რომ არ შეიძლება. ო-სენსეი თადარიგს იჭერს და თავის წიგნში წერს, რომ ეს ტექნიკები არ უნდა გაუმჟღავნდეს ფართო პუბლიკას განურჩევლად.

თუკი ბუდო მკითხველთა ფართო მასებისთვის განკუთვნილი არ იყო, აბა მაშ რა იყო?

რა და, ბუდო საჩუქარია, მადლიერების ნიშანია მორიჰეი უეშიბას მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც აქტიურად დაუჭირეს მხარი და სხვადასხვაგვარად დაეხმარნენ მას აიკიდოს აღმოჩენასა და ამ აღმოჩენის დახვეწის საქმეში და რომლებთანაც ვალში იყო მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ამ მეცენატთაგან პირველი იაპონიის იმპერატორის ცოლის ღვიძლი ბიძაშვილი, პრინცი კაია ცუნენორი იყო და ეს ნაშრომიც სწორედ მას მიუძღვნა. მადლიერება გამოხატა ყველას მიმართ, რანგისა და დამსახურების მიხედვით. თუმცა სხვებმაც მიიღეს ეს საჩუქარი. ასე მოხდა, რომ ივამელი აკაძავების ოჯახს წიგნის ერთი ეგზემპლარი ერგო მადლიერების ნიშნად იმ არსებითი როლისათვის, რომელიც მათ შეასრულეს 70 აკრი მიწის შესყიდვის საქმეში იბარაკის პრეფექტურის ამ პატარა სოფლის განაპირას, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. მორიჰეი უეშიბა იქ საბოლოოდ 1942 წელს დაფუძნდა. დიდი დახმარება გაუწიეს მისმა თანამორწმუნეებმა ომოტო-კიოს სექტიდან — თანდათანობით აშენდა მისი სახლი, შემდეგ აიკი ჯინკა (აიკიდოსადმი მიღძვნილი საკურთხეველი), და ბოლოს დოჯო ომის შემდგომის წლების განმავლობაში.

ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ძენძაბურო აკაძავა, ო-სენსეის მოწაფე გახლდათ 1930-იან წლებში. სტენლი პრანინმა მას ინტერვიუ ჩამოართვა ივამაში, მასთან სახლში, 1980 წელს. ერთ მომენტში, თავისი სიტყვების გასამყარებლად ბუდო ახსენა. სტენლი, რომელიც ვერ მიხვდა, რაზე იყო ლაპარაკი, ჰკითხა, რას გულისხმობთო. აკაძავა წამომდგარა, ბიბლიოთეკიდან წიგნი გამოუღია და მისთვის უჩვენებია. ეს მთელ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა სტენლი პრანინის, აიკიდოს ისტორიის მკვლევრისათვის. ხელში საუნჯე ეჭირა: აიკიდოს ფუძემდებელს წიგნი დაუწერია, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა.

ძნელი მისახვედრი არ არის მიზეზი ამ არცოდნისა, თუკი გვეცოდინება მიზანი, რომელიც მორიჰეი უეშიბას ჰქონდა დასახული, როდესაც თავის ნაშრომს აქვეყნებდა, ავტორის ხარჯით, 1938 წელს. როდესაც ვინმეს საჩუქრად უნდა ესა თუ ის წიგნი რამდენიმე რჩეული ადამიანისთვის, მას არ გამოსცემს ათი ათას ეგზემპლარიანი ტირაჟით. შეიძლება დაბეჭდოს ოცი, ან ორმოცდაათი ეგზემპლარი, თუ დიდი სანაცნობო წრე ჰყავს. მაშასადამე, ბუდო ძალიან მცირე ოდენობით გამოიცა და აქედან ალბათ ცოტა თუ გადაურჩა იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელ არეულობებს. სტენლი პრანინის მიერ ასეთ უცნაურ ვითარებაში აღმოჩენა რომ არა, თითქმის დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი სამუდამო დავიწყებას მიეცემოდა.

რომ შევიქმნათ წარმოდგენა იმ კონფიდენციალურობის შესახებ, რომელიც ამ წიგნის ირგვლივ მეფობდა, საკმარისია, გავიხსენოთ, რომ მორიჰირო საიტომ  მისი არსებობს შესახებ არაფერი იცოდა, მაშინ როცა მან პრაქტიკა 1946 წელს, წიგნის გამოცემიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო და ფუძემდებელთან უახლოეს კონტაქტში გაატარა თავისი ცხოვრების 23 წელი, მასზე ყოველდღიურ ზრუნვასა და მისი მეთვალყურეობით ვარჯიშში 1969 წლამდე — ო-სენსეის გარდაცვალებამდე. მან წიგნის არსებობის შესახებ სტენლი პრანინისგან შეიტყო, რომელმაც აკაძავასგან ნათხოვარი ეს ეგზემპლარი აჩვენა. ადვილი წარმოსადგენია მისი გაოცება.

ამ აღმოჩენის შემდგომ წლებში სტენლი პრანინი, რომელიც ზრუნავდა, რომ ფუძემდებლის ეს ნაშრომი მომავალი თაობებისთვის გადაეცა და აცნობიერებდა, რომ მისი პროფესიული საქმიანობა მას ავალდებულებდა, ეს ამოცანა საუკეთესოდ შეესრულებინა, ხელახალი გამოცემის (რეპრინტის) სახით ათას ეგზემპლარად დააბეჭდინა იაპონურ ენაზე, ზუსტი ასლი იმ დედნისა, რომელიც მას აკაძავამ ათხოვა. ბუნებრივია, მისი გავრცელების ნებართვა სთხოვა ო-სენსეის ვაჟსა და საავტორო უფლების მფლობელს, დოშუ კიშომარუ უეშიბას, და ასევე კისაბურო ოსავას, აიკიკაის იმდროინდელ რუხ კარდინალს. მისი ერთადერთი მოთხოვნა იმ ხარჯების ანაზღაურება იყო, რომელიც მან ამ საქმეში გასწია. ეს ნებართვა მისთვის არასოდეს მიუციათ. მან ეს მიამბო  გრძნობით, რომელშიც თანაბრად იყო სევდაცა და ბრაზიც. ეს 1987 წლის ზაფხულის ერთ დღეს მოხდა, როდესაც მას სტუმრად ვეწვიე შინ, ტოკიოში და გაკვირვებულმა დავინახე ჭერამდე ახორხლილი მუყაოს დასტები, რომლებიც მისი ბინის შესასვლელს ხერგავდა. სიტყვას საქმე დაურთო თან, დასტიდან ბუდოს ერთი ეგზემპლარი გამოაძრო და გამომიწოდა. სწორედ ასე, სტენთან ერთად მის საცხოვრებელი სახლის ძირას იაკისობას საჭმელად ჩასულმა გადავფურცლე პირველად ეს უცნაური ბედისწერის მქონე წიგნი. აქამდე ის მხოლოდ საიტო სენსეის ხელში მენახა. რაღაც ხნით ადრე სტენლიმ მასაც აჩუქა ერთი ეგზემპლარი, რომელიც საიტო სენსეის სულ თან დაჰქონდა, დედამიწის ყველა წერტილში, სადაც კი სემინარებს ატარებდა და ყველას აჩვენებდა, რომ მისი სწავლება სრულად, ყველა პუნქტში იდენტური იყო ფუძემდებლის სწავლებისა. ვისაც უნახავს საიტო სენსეი, როგორ უფრიალებდა ცხვირწინ გაოგნებულ დასავლელებს, რომელთაც ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდათ იაპონურისა, და ამასთან თავის სათვალესაც სთავაზოვობდა, მათ უკეთ რომ წაეკითხათ, ეს მომენტები ღიმილით ახსენდება.

მაშასადამე ორმაგად უნდა ვუმადლოდე სტენლის, რომ მე ამ არც თუ ისე ჩვეულებრივ წიგნს გადავეყარე: პირველ რიგში იმიტომ, რომ მან ის აღმოაჩინა და მეორეც, იმიტომ რომ, მიუხედავად კიშომარუ უეშიბას მხრიდან მტკიცე აკრძალვისა, მან მეგობრულად მაჩუქა ერთ-ერთი ეგზემპლარი. სტენლი 2017 წელს გარდაიცვალა. იმედი მაქვს, სამუშაო, რომელიც ამ ამბის გაგრძელება იქნება, post mortem შესძენს აზრს მის სულგრძელობას და ამასთან გამოხატავს ჩემს ღრმა მადლიერებას, რათა გვახსოვდეს, რომ ო-სენსეის სწავლების გაშიფვრა ბუდოს ახსნით (რაც მომდევნო გვერდების საგანს წარმოადგენს) შეუძლებელი იქნებოდა ამ საქმეში სტენლი პრანინის არსებითი მონაწილეობის გარეშე.

სტენლი პირველი იყო, ვინც ბუდოს მნიშვნელობას მიხვდა. 1977 წელს იაპონიაში დაფუძნების შემდეგ, წიგნის აღმოჩენამდე სამი წლით ადრე, დიდად აღფრთოვანებული იყო საიტო სენსეით, რომლის გაკვეთილებსაც რეგულარულად ესწრებოდა. თუმცა სტენლი დარწმუნებული არ გახლდათ, თავად საიტო სენსეის ხშირი მტკიცების მიუხედავად, რომ მისი სწავლება ზუსტი ანარეკლი იყო ფუძემდებლის სწავლებისა. საიტოში ის დიდ მასწავლებელს ხედავდა, მაგრამ თავისი გარკვეული თავისებურებებით, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, გოძო შიოდა და კოიჩი ტოჰეი. ო-სენსეის ამ პატარა ნაშრომის წაკითხვამ გაუფანტა ეს ეჭვები: აშკარად ერთი და იგივე იყო თვით სწავლებაც, ყველა მოქმედება, ყველა სიტყვა, ყველა ახსნა-განმარტება ემთხვეოდა ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე საიტოს არასდროს ენახა წიგნი და ამიტომაც ვერავინ შეიტანდა ეჭვს იმაში, რომ იქიდან კვებავდა თავის სწავლებას. აქედან სტენლიმ ეს რევოლუციური დასკვნა გამოიტანა:

თუკი არავითარი განსხვავება არ არსებობს ო-სენსეის მიერ საიტოსთვის 1946-1969 წლებში ნასწავლებ აიკიდოსა და 1938 წლის აიკიდოს შორის (უფრო ადრინდელსაც ეხება ეს — 1935 წელს ოსაკას ასაჰი შინბუნში გადაღებული კინოფირი, რომელზეც ო-სენსეია ასახული, საკმარის დამაჯერებლობას სძენს ამ აზრს), აიკიდოს თანამედროვე ევოლუცია არის მოვლენა, რომელიც შეუძლებელია, ფუძემდებელს ეკუთვნოდეს.

მაშასადამე, ეს ევოლუცია უეჭველად აიკიკაის ჰომბუ დოჯოს, ტოკიოს ცენტრალური დარბაზის სწავლებას უკავშირდება, სადაც ეს სწავლება კიშომარუ უეშიბას ტექნიკური მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწავლება, რომელსაც ავრცელებს აიკიკაი და რომელიც მთელ მსოფლიოში აიკიდოს ავთენტურობის განარტადაა წარმოდგენილი, სინამდვილეში ფუძემდებლის სწავლებას დაშორდა, ხოლო ისინი, რომლებიც ო-სენსეის სწავლების ერთგულნი დარჩნენ, დღეს გზასაცდენილებად არიან მიჩნეულები. და მაშინ სტენლი მიხვდა, რომ „ივამას სტილი“ (Iwama style, როგორც გაიჯინები [არაიაპონელები] ეძახდნენ), არ ყოფილა სხვადასხვა სტილთაგან ერთ-ერთი, აიკიდოს განსხვავებული ფორმა, არამედ ო-სენსეის სწავლების ზუსტი ფორმა გახლდათ. და ის მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აიკიკაის აიკიდო, აიკიდო, რომელსაც წიგნებში ოფიციალური ეწოდა, სინამდვილეში გადახრილ-გადაგვარებული ფორმაა და არასწორად მიიჩნევა საფუძვლად და სარწმუნო წყაროდ,  რასაც შეიძლება ადამიანი დაეყრდნოს.

რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, სწორედ ასე მოხდა — ძალები, რომლებიც საკუთარ ინტერესს მიჰყვებიან, იღებენ იმათ ფორმას, რომლებიც წინათ ნამდვილ იმპულსებს იძლეოდნენ. ასეთია ადამიანთა მოდგმის ისტორია და თანაც ყველა სფეროში. სტენლი პრანინმა არგუმენტებით გაამყარა ეს მოსაზრება 1996 წელს Aikido Journal-ის 109-ე ნომრის სარედაქციო წერილში, სათაურით “Is O Sensei really the father of modern Aikido ?” (მართლა იყო თუ არა ო-სენსეი თანამედროვე აიკიდოს მამა?).

ასეთი ჭეშმარიტება ისეთი ბუნებისა გახლდათ, როგორიც ეჭვქვეშ აყენებს აიკიკაის ავტორიტეტს მთელ მსოფლიოში და კიშომარუ უეშიბაც, ალბათ კისაბურო ოსავას რჩევით, მიხვდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თავიდან აეცილებინა მამამისის წიგნის ხელახალი გამოცემა (რეპრინტი). ამას სტენლი პრანინის გარდა შეიძლება სხვა ადამიანებიც მიეყვანა ამავე დასკვნამდე. აი, რატომ არის, რომ უეშიბების ოჯახის მიერ დადებული ვეტოს გამო აიკიდოს ფუძემდებლის მიერ დაწერილი ერთადერთი წიგნის შოვნა იაპონურ ენაზე დღესაც შეუძლებელია…

… გაგრძელება იქნება

ფილიპ ვოარინო
2025 წელი, სექტემბერი

წყარო : https://www.aikidotakemusu.org/le-livre-cache-du-fondateur-de-laikido-introduction-2/

Categories
ო-სენსეის წიგნი

აიკიდოს ფუძემდებლის გადამალული წიგნი – შესავალი #1

მე დიდი ხნის განმავლობაში მიცხოვრია ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას ხის პატარა სახლში, ივამაში, და მის საძინებელ ოთახში მიძინია.

გვერდი ტადაში აბესა და ჟან ძინის წიგნიდან აიკი-დო, 1958 წელი

დღეს 2025 წლის 8 ივნისია და მე 68 წლის გახდი. უკვე 40 წელია, აიკიდოს ვასწავლი. ცოტა ხნის წინ სერჟი, ჩემი ერთ-ერთი პირველი მოწაფე, გარდაიცვალა. რამდენიმე საათით ადრე კი ერთად ვსვამდით ყავას და ვლაპარაკობდით წიგნზე, რომელიც დღეს აქ, თქვენ თვალწინაა. მაშინ ეს ჯერ კიდევ გეგმა იყო. გამომშვიდობებისას ბოლო სიტყვებით სერჟმა ამ გეგმის განსახორციელებლად გამამხნევა. ის ვერ წაიკითხავს ამ წიგნს, მაგრამ მე ის დავწერე. მისი სიტყვები მივიღე ნიშნად, რომ დადგა მომენტი, როდესაც მე სხვებს უნდა გავუზიარო ის, რასაც ბუდოს კითხვისას ჩავწვდი. ჩემთვის ეს ერთგვარი საშუალება აღმოჩნდა იმისა, რომ მისი თვითმკვლელობისათვის რაიმე აზრი მიმეცა.

აიკიდოს შესწავლა ნახევარი საუკუნის წინ, 1977 წელს, ნიცის ჯიუდოს კლუბში, რობერ ბოგართან დავიწყე. ის ჯიუდოს დიდი მასწავლებელი იყო და ცოტა რამ თუ იცოდა აიკიდოს შესახებ, მაგრამ მისი წყალობით ამ ხელოვნების ორი ოსტატი გავიცანი: ჯერ ნობუიოში ტამურა და შემდეგ პიერ შასანი.

ტამურა სენსეი აიკიდოს დიდი პრაქტიკოსი იყო. მას ჩემთვის თავისი ცოდნა არ გადმოუცია. მიუხედავად იმისა, რომ მან დაწერა წიგნი, სათაურით ეტიკეტი და ცოდნის გადაცემა — რის დროსაც მე მასთან ვთანამშრომლობდი — მჯერა, რომ მას თავისი ცოდნა არასდროს და არავისთვის გადაუცია ისე, რასაც სინამდვილეში გადაცემა ჰქვია. აქ მე არ მეთქმის ამის ნამდვილი მიზეზი. მაგრამ ჩემი ცხოვრების იმ პერიოდში, როდესაც ჩემს ახალგაზრდობას ენთუზიაზმი სჭირდებოდა, მისმა მასტიმულირებელმა პრაქტიკამ მე აიკიდოს შესწავლის სურვილი გამიჩინა. მასთან ჩემი ურთიერთობა 1989 წელს შეწყდა, მას შემდეგ, რაც მორიჰირო საიტო სენსეი მოვიწვიე საფრანგეთში ორკვირიანი ტურნესათვის.

პიერ შასანი ჩემი მასწავლებელი და მეგობარი იყო. ის ნამდვილი მეომარი იყო, გენერალ დე გოლს შეუერთდა კარლტონ გარდენში, ლონდონში, მას შემდეგ, რაც თავისი ყაზარმიდან გამოიპარა 18 ივნისის მოწოდებამდეც კი [იგულისხმება შარლ დე გოლის მიერ 1940 წლის 18 ივნისს ლონდონიდან, რადიო BBC-ს საშუალებით გაკეთებული მოწოდება] და შემდეგ, მთელი ომის განმავლობაში თავისუფალი საფრანგეთის პირველ დივიზიაში იბრძოდა. 1953 წელს ის ტადაში აბეს მოწაფე გახდა. ტადაში აბე გუშინდელი მტერი და იაპონიის კაპიტულაციის წყალობით ცოცხლად გადარჩენილი ახალგზარდა კამიკაძე იყო, აიკიდოს ფუძემდებლის მოუსვენარი მოწაფე ივამაში 1944-1951 წლებში, სადაც მისი სემპაი კოიჩი ტოჰეი, კოჰაი (ახალგაზრდა მოწაფე) კი მორიჰირო საიტო იყო. პიერმა მე აიკიდოს სულისკვეთება ამ ხელოვნებისადმი მიძღვნილი თავისი გრძელი და თავგადასავლებით სავსე ცხოვრების გამოცდილებითა და დიდი გატაცებით გადმომცა. ჩვენი მეგობრობა სამ ათწლეულს გაგრძელდა და, უცნაურია და, 2013 წლის 26 აპრილს, ზუსტად იმ დღეს დასრულდა, რა დღესაც ორმოცდაოთხი წლით ადრე მორიჰეი უეშიბა გარდაიცვალა.

1986 წელს მორიჰირო საიტოს მოწაფე გავხდი და ეს მის სიკვდილამდე, 2002 წლამდე გაგრძელდა. ის დიდი ოსტატი იყო, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თავისი ყოველდღიური ცხოვრება 23 წლის განმავლობაში აიკიდოს ფუძემდებელთან ერთად გაატარა. მე ვიცხოვრე ივამაში მასთან ერთად, როგორც მან იცხოვრა ამ პატარა სოფელში მორიჰეი უეშიბასთან ერთად ოთხი ათწლეულით ადრე. ადგილის სიმცირის გამო მე დიდხანს მომიწია თავად ო-სენსეის ხის პატარა სახლში ცხოვრება:

ო-სენსეის ხის პატარა სახლი ივამაში

მიძინია მის საძინებელ ოთახში, 1957 წელს ანდრე ნოკეს მიერ ნაჩუქარი ლიმოჟის ფაიგურით შესრულებული მისი პორტრეტის ქვეშ:

ო-სენსეის საძინებელი ოთახი ივამაში და საფრანგეთის მიერ 1957 წელს ნაჩუქარი პორტრეტი

გავეცანი მისი ბიბლიოთეკის ნაშრომებს და დამიკეცია მისი თეთრი ჰაკამა, რომელიც დაჭმუჭნული ეგდო კომოდის ერთ-ერთ უჯრაში. მივარჯიშია მისი ხმლითა და შუბით, რომლებიც იმხანად ჯერ კიდევ ეწყო  დოჯოს იარაღის სადგამზე:

ო-სენსეის მოკლე შუბი — ფოტო გადაღებულია ივამას დოჯოს კამიზას წინ

ფუძემდებლის სულითა და ისტორიით გაჟღენთილ ამ ადგილას საიტო სენსეიმ გადმომცა ტექნიკა ზუსტად იმ ფორმით, როგორითაც ო-სენსეი ასწავლიდა მათ, 1989-1991 წლებში გადმომცა აიკი კენისა და აიკი ჯოს ხუთივე მოკუროკუ, 2001 წელს კი მეექვსე დანი.

მე იაპონიაში ტურიზმისთვის არ წავსულვარ, არამედ გამეშურე იმ იმედით, რომ იქ ვიპოვიდი იმას, რასაც ევროპაში ამაოდ ვეძებდი წინა ათი წლის განმავლობაში: იმ ხელოვნების შინაარსს, რომელსაც მე მივდევდი, აიკიდოს შინაარსს. სწორედ ამ სულისკვეთებით ჩავედი პირველად ტოკიოში 1986 წლის თებერვლის თვის ერთ ყინულივით ცივ ღამეს. დამშეული ვიყავი (პირდაპირი და ირიბი გაგებით). ინტერნეტის შექმნამდე ხუთი წლით ადრე და მობილური ტელეფონების არსებობამდე ათი წლით ადრე ჩემი მომზადების დონე ასეთი იყო იმხანად: ვიცოდი ოთხი სიტყვა იაპონურად, ჯიბეში კი ტელეფონის ნომერი, გულუბრყვილობის გარკვეული დოზა და, მგონი, ბედნიერი ვარსკვლავიც მედო.

მისამართი იყო აიკი შურენ დოჯო, ივამა, იბარაკი-კენ. წარმოდგენაც კი არ მქონდა, როგორ უნდა ჩავსულიყავი სოფელ ივამაში, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იქ ჩასვლისას დარბაზის მიმართულება უნდა მეკითხა სადგურის უფროსისთვის…

ტოკიოში მყოფი სტენლი პრანინის ტელეფონის ნომერი მქონდა და მეორე დილასვე დავურეკე. კაფეში, რომელშიც ის გავიცანი და სადაც ცხოვრებაში პირველად გავსინჯე დონატის გემო, მან ქაღალდის ნაგლეჯზე სამი სიტყვა დამიწერა იაპონურად და გამომიწოდა: „ივამა მადე, კუდასაი“ (ივამისკენ, თუ შეიძლება). მადლობა გადავუხადე, ეს ძვირფასი საშვი დიდი სიფრთხილით შევინახე ჩემს პორტფელში და მანაც ასე თუ ისე, რაღაცნაირად მაინც მიმიყვანა იბარაკის პრეფექტურამდე. როდესაც, როგორც იქნა, აიკი შურენ დოჯოს შესასვლელამდე მივაღწიე, თოვდა…

პატარა „საკურთხეველი“ ივამას დოჯოს შესასვლელთან

 …გაგრძელება იქნება…

ფილიპ ვოარინო
2025 წელი, აგვისტო

წყარო : https://www.aikidotakemusu.org/le-livre-cache-du-fondateur-de-laikido-introduction-1/

Categories
ო-სენსეის წიგნი

აიკიდოს ფუძემდებლის გადამალული წიგნი

შესავალი აიკიდოს ფუძემდებლის ერთადერთი წიგნისათვის, რომელიც იაპონური დედანი ტექსტიდან ფილიპ ვოარინომ გაშიფრა.

“  ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. – ლუკა, 12:2

შესავალი

აიკიდოს ფუძემდებელმა, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბამ ცხოვრებაში ერთაერთი წიგნი დაწერა. ეს წიგნი გასაიდუმლოებულია და ამის მიზეზი როგორც მისი ბედისწერა, ისე მისივე ბუნებაა .

მცირე ნაშრომი, ბუდო, რომელიც სულ რაღაც 47 გვერდისგან შედგება, თავიდანვე დამალეს და გაასაიდუმლოვეს. თავისუფლად შეიძლება, რომ მეორე მსოფლიო ომის დიდი არეულ-დარეულობის წინ, იაპონიაში, 1938 წელს ავტორის ხარჯით და მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარად გამოცემულ ამ წიგნს  ჩვენამდე ვერ მოეღწია. დღეს თუ შეგვიძლია, ამ ნაშრომს გავეცნოთ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ეგზემპლარი სრულიად შემთხვევით იპოვა ადამიანმა, რომელიც ერთადერთი იყო, ვისაც ხელეწიფებოდა მისი არსებობის შესახებ მთელი მსოფლიოსთვის ეცნობებინა. ეს ადამიანი აიკიდოს ისტორიკოსი და d’Aikido Journal-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, სტენლი პრანინი გახლდათ.

მისი აღმოჩენის შემდეგ ეს წიგნი სხვადასხვა მიზეზთა გამო გადამალეს.

დღეს უკვე ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ არსებობს ერთი, ომამდელი აიკიდო და ასევე არსებობს მეორე, ომის შემდგომი პერიოდის აიკიდო, რომ თითქოს ბუდოს გამოქვეყნებისთანავე მორიჰეი უეშიბამ ძირფესვიანად შეცვალა მთელი თავისი პრაქტიკის მანერა. ამის საპირისპიროს მოწმობს უამრავი ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც 1935 წლიდან მის გარდაცვალებამდე, 1969 წლამდეა გადაღებული და რომელიც პირიქით, მისი სწავლების სრულ უწყვეტობას გვიჩვენებს მთელი ამ დროის განმავლობაში.

სამაგიეროდ, ის კი მართალია, რომ აიკიდოს ინტერპრეტაციამ, რომელიც სრულიად განსხვავდება ო-სენსეის აიკიდოსგან, იაპონიაში 1950-იანი წლებიდან, ანუ თვით ფუძემდებლის სიცოცხლეშივე მოიკიდა ფეხი. ამ გზიდან გვერდზე გადახვევას თავისი სახელი აქვს, თანამედროვე აიკიდო ჰქვია და ის მორიჰეის ვაჟის, კიშომარუ უეშიბას სწავლებიდან მომდინარეობს. უეშიბას სახელი გარანტია გახდა იმ ევოლუციისა, რომლის სათავეშიც ო-სენსეი არ იდგა. ამასთან პატარა წიგნი ბუდო სავსებით ნათლად გვიჩვენებს, თუ რაოდენ დიდია ეს გზასაცდენილობა. რაკიღა აცნობიერებდა ინტერესთა კონფლიქტს და ზრუნავდა, რომ ზიანი არ მისდგომოდა აიკიკაის (ორგანიზაცია, რომელიც იაპონიიდან აკონტროლებს აიკიდოს საერთაშორისო განვითარებას) ავტორიტეტს, კიშომარუმ ბუდოს ნებისმიერი გამოცემა აკრძალა იაპონურ ენაზე მას შემდეგ, რაც სტენლი პრანინმა ეს წიგნი აღმოაჩინა. ამ გადაწყვეტილებით კიშონმარუმ მამამისის წიგნი ცხრაკლიტულში ჩაკეტა.

პარადოქსია და მან ნებართვა გასცა, თარგმნილიყო ბუდო ინგლისურ ენაზე, რასაც საკუთარი ხელით დაწერილი გრძელი წინასიტყვაობაც კი წაუმძღვარა. მაგრამ ისე მოხდა, რომ რინჯირო შირატას (აიკიკაის ერთ-ერთი მაღალი პასუხისმგებლობის პირი) ზედამხედველობის ქვეშ შესრულებული ეს თარგმანი იმდენად განსხვავდება და დაშორებულია დედანი ტექსტისაგან, რომ მთელი ეს ამბავი თავისი არსით ნამდვილ ცენზურას მოგვაგონებს. ფუძემდებლის მესიჯი შეცვლილ-დამახინჯებულია და გაუგებარი რჩება მკითხველისთვის, რომელიც ვერც კი ეჭვობს, რომ ავტორის სიტყვები სერიოზულადაა შეცვლილ-დეფორმირებული და რომ სინამდვილეში ინგლისურად კითხულობს რაღაცას, რაც თავიდან ბოლომდე განსხვავებულია იაპონური ტექსტისაგან.

და ბოლოს, ეს წიგნი დაფარულია თვით თავისი ბუნებისა გამო, იმიტომ რომ მის გვერდებზე გადმოცემულ სწავლება სრულიად გაუგებარი და ჰერმეტული რჩება მოუმზადებელი მკითხველისთვის, ადამიანისთვის, ვისაც არ გაუვლია ამ წიგნის მიერ შემოთავაზებული ცოდნისკენ მიმავალი გზის ერთი ნაწილი მაინც.

ყველაფერს, რასაც აქ მოგახსენებთ, ახსნა-განმარტება სჭირდება, რასაც ახლავე მოგაწვდით.

გარემოებებმა, ან ბედისწერამ, საშუალება მომცა, ახლოს მეცხოვრა ადამიანებთან, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ მორიჰეი უეშიბას ცხოვრებასთან და რომელთაც აიკიდოს ისტორია შექმნეს მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. ამ ოსტატებმა ვარჯიშისა და აიკიდოს სულის გაგების სურვილი გამიღვივეს და ფუძემდებლის სწავლებისთვის დამახასიათებელი ზუსტი ტექნიკის ცოდნა გადმომცეს. მე მათთან ვალში ვარ ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს აუცილებელი ბაგაჟი ჩემთვის მაინც ვერ იქნებოდა საკმარისი ბუდოს გაშიფვრისათვის. მოთმინებით გავითავისე მიღებული ცოდნა, მას, როგორც ხელჯოხს, ისე დავეყრდენი და ასე განვაგრძე შემდეგ ჩემი საკუთარი გზა. იქიდან, რასაც ო-სენსეის წიგნიდან გამოვააშკარავებ, არაფერი მომცემია ვინმესგან, ის მე თვითონ ვიპოვე, ნელა, იმ დროის დაცვით, რომელსაც ყველა შორეული სინათლე მოითხოვს, ჩვენთან ახლოს, ჩვენ თვალწინ რომ გამოჩნდეს. სამუშაო, რომელსაც ვასაჯაროებ დღეს, რამდენიმე ათწლეულის მანძილზე გრძელდებოდა და ამგვარად მიღებულ ცოდნას მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ვუმადლოდე. ამიტომაც შემიძლია განვკარგო თავისუფლად და გადავცე სხვებს, თუკი დავინახავ, რომ ამის გაკეთების ინტერესი არსებობს, რადგან იზისს პირბადე იმიტომაც უკეთია, რომ ის ვინმემ მოხსნას.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ცოდნის გადაცემისას ერთი ჭეშმარიტება უნდა გავითვალისწინოთ: როდესაც ყველაფერს ვაძლევთ ვინმეს, ვისაც გზის უდიდესი ნაწილი თავად არ გაუვლია, სინამდვილეში მას არ ვაძლევთ არაფერს. ეს რეალობა მიზეზი გახლავთ იმ იდუმალებისა, რომელიც გარს აკრავს ცოდნას და რომელიც, თავის მხრივ, ერთადერთი მიზეზის — მისი სიძნელის — გამო დაფარულად გვეჩვენება.

ფილიპ ვოარინო
2025 წლის აგვისტო

წყარო : https://www.aikidotakemusu.org/le-livre-cache-du-fondateur-de-laikido-preambule/