Categories
სტატიები

უძრავი მოქმედება

მოქმედების მოტორი უძრავია, იმიტომ რომ მას ამ მოქმედების მიზიდულობის ცენტრი უჭირავს, სწორედ ასეთ ადგილას უნდა იყოს ტორი.

‘ერთ ბორბალში ოცდაათი სპიკია,

მაგრამ ეტლს მათ შორის სიცარიელის გამო ხმარობენ.’

– ლაო ძი – დაო დე ძინი

მოქმედების ძრავა უძრავია, ის უძრავია, რადგან მას ამ მოქმედების ცენტრი უჭრავს და სწორედ ასეთ ადგილას უნდა იყოს ტორი, რომ წარმართოს მოქმედება.

თუმცა მეთოდის სწავლებაში ირიმი ნაგეს მოძრაობა ისე ისწავლება, რომ ტორი გადაადგილდება უკეს გარშემო, რათა მის ზურგუკან აღმოჩნდეს და შემდეგ ამგვარად დააგდოს. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ უკეს უჭირავს მოქმედების ცენტრი:

ასეთი თვალში საცემი წინააღმდეგობა თავად აიკიდოს პრინციპთან კარგად გვიჩვენებს, რომ მეთოდი გაგებულ უნდა იქნეს, როგორც აუცილებელი პედაგოგიური ეტაპი და რომ აიკიდოდ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიჩნეოდეს. მეთოდის შემდეგ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი აიკიდოს აღმოსაჩენად და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ტაკემუსუ აიკიდოზე ლაპარაკი.


აიკიდოს საკეთებლად ტორიმ საქმეში უნდა ჩართოს ირიმი-ტენკანის პრინციპი, რაც თავისივე სხეულის ვერტიკალური ღერძის ბრუნვაში მდგომარეობს. ირიმი-ტენკანი გამოიხატება ტაი ნო ჰენკათი, თუკი განსხეულებულად გვინდა დავინახოთ ეს. თუკი ტორის აიკიდოს პრინციპის დაცვა უნდა, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადიოდეს უკეს გარშემო ნაბიჯებით. ტორი არ დადის, ის მხოლოდ მუდმივად ტრიალებს თავისი ღერძის გარშემო და სწორედ ამაში მდგომარეობს გამოთქმის აზრი – „უფეხებოდ სიარული“ – რომელსაც ოსტატი ნაკაძონო იყენებდა. ასეთ დროს უკე ტორის ბრუნვით მოძრაობას მიჰყავს და მის გარშემო ტრიალებს, რასაც ფიზიკაში კუთხურ სიჩქარეს უწოდებენ:

ერთ დღეს, ივამაში, ერთმა მოწაფემ საიტო სენსეის დაუსვა შეკითხვა, რომელიც დამახასიათებელია შესწავლის იმ პერიოდისთვის, როცა ადამიანს არ ესმის, რომ ასეთი შეკითხვის დასმას აზრი არ აქვს, თუკი ცოდნის გზაზე გარკვეული მანძილი არ გაქვს გავლილი. გულუბრყვილოდ ჰკითხა, რა არის აიკიდოს საიდუმლოო. საიტო სენსეიმ მკვირცხლად მიუგო, აიკიდოს საიდუმლო… აქ არის, უბრალოდ და მარტივად, თქვენს ფეხებთანო. აიკიდოში მუშაობის მთავარი აზრი გადაადგილების პრინციპის გაგებაში მდგომარეობს. თუ ეს გადაადგილება გაგებული და შესრულებული იქნება, ტექნიკა, ილეთები სპონტანურად დაიბადება, რადგან ისინი ამ გადაადგილების როტაციულ ლოგიკაში ეწერებიან და იქიდან ბუნებრივი შედეგის სახით ჩნდებიან. სწორედ აქედან ამოჩქეფს ტაკემუსუ აიკის სასწაულებრივი სამყარო, რომელზეც ო-სენსეი ლაპარაკობს. თავისთავად ცხადია, რომ საიტო სენსეის პასუხი ჰერმეტული დარჩა იმხანად იმ მოწაფისთვის.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/laction-immobile/

Categories
სტატიები

პოლიტიკური აიკიდო

შემოუტრიალო ფიზიკური ძალადობის სიტუაციას იმას, ვინც იწყებს ამ ძალადობას, თან ისე, რომ ფიზიკურად არ შეეწინააღმდეგო მის ძალას.

მოვისმინე, როგორ განმარტავდა რადიოში მებრძოლი ეკოლოგისტი, ჟონ პალე, ჩემი არაძალადობრივი ბრძოლა პლანეტის გადასარჩენად პოლიტიკური აიკიდოს ერთგვარი ფორმააო. რადგან ძალადობითვე უპასუხო მძლავრი და დომინანტური ეკონომიკური სისტემის ძალადობას, იგივეა გამოიყენო იგივე იარაღები, რაც მას აქვს, ოღონდ თან არ გქონდეს შესაბამისი საშუალებები. ეს წამოწყება თავიდანვე განწირულია მარცხისათვის. პალე შთაგონებას განდის მოქმედებისაგან იღებს.

ეს პოზიცია მაინტერესებს, რასაკვრიველია. წლებია, ვცდილობ სამყარო იმ ჭრილში დავინახო, რომელსაც აიკიდოს პრინციპის შესწავლა მაძლევს და მაინტერესებს, როგორ ჩამოყალიბდება ევროპაში პოლიტიკური აიკიდოს ჯერ კიდევ განსასაზღვრი ფორმები.

ვიდრე ეს დღე დადგებოდეს, ვსარგებლობ წინამდებარე ტექნიკური სტატიით, რათა ვაჩვენო, როგორ შეიძლება შემოუტრიალო ფიზიკური ძალადობის სიტუაცია იმას, ვინ იწყებს ამ ძალადობას და თან ისე, რომ ფიზიკურად არ შეეწინააღმდეგო მის ძალას.

მოწინააღმდეგის შეტევის თვით პროცესი ქმნის გარდაუვალ ბუნებრივ სიცარიელეს, რომელშიც ის ყოველთვის შეიძლება შევიდეს, ცხადია, თუკი შესაბამის მომენტს დაიჭერ:

ეს შესვლა ყოველთვის უნდა განხორციელდეს ბრუნვით. ვიდეოში ნაჩვენებ მაგალითში ბრუნვის მიმართულება შეტევის დინამიკის საპირისპირო მიმართულებით ხორციელდება.

მოძრაობის დასასრულებლად გამოყენებულ ტექნიკას სახელად უჩი კაიტენ სანკიო ჰქვია.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/aikido-politique/

Categories
სტატიები

აიკიდო – მაგიური

ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური სავარჯიშოები, იარაღით იქნება ეს, თუ უიარაღოდ, ერთნაირად დაშიფრული მესიჯებია.

შარლ კარტინი იყო მკვლევარი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მუშაობდა ცნობილი ჯადოსნური კვადრატის, იმავე წმინდა კვადრატის, სატორის ინტერპრეტაციაზე:

იგი გახლდათ ლათინისტი, რომელმაც გვიჩვენა, თუ როგორ შეიძლება გაიშალოს იერატიკული ფორმულის სახით არსებული იდუმალებით მოცული წარწერა satorarepotenetoperarotas. მისი წყალობით დადგინდა, რომ კვადრატი კრიპტოგრამაა, რომელიც თავის თავში წმინდა ისტორიას მალავს. მასში შეიძლება მდიდარი და გასაოცარი ტექსტის პოვნა, თუკი ისე განვიხილიავთ ამ 25 უცნაურ ასოს, როგორც საჭიროა და ამისთვის თავად კვადრატში მოცემულ ინსტრუქციას გამოვიყენებთ.

ზმნა ‘გაშლა’ აქ მნიშვნელოვანია, რადგან ეს საკმაოდ გრძელი ისტორია ერთგვარი მეთოდითაა შეკუმშული და ესაა ტექსტის შემადგენელი ფრაზების თანდათანობითი სპირალური ჩახვევა იქამდე, ვიდრე ჩვენთვის ნაცნობი კვადრატის სრულყოფილებას არ მიაღწევს, რაც არ უნდა იყოს ამ დაუჯერებელი გმირობის მიზეზი და ვინც არ უნდა იყოს მისი შემოქმედი. ხოლო იმის გაშლა, რაც ჩახვეულია, უკვე შესანიშნავი შრომაა… ჩვენი პატივისცემა ბატონ კარტინის…

მაშასადამე, ეს ისე არაჩვეულებრივად კოდირებული მესიჯია, როგორის წარმოდგენაც კი შესაძლებელია. მისი დეკოდირებისთვის შარლ კარტინიმ მოთმინებით იპოვა და დაიცვა ის ინსტრუქციები (მოქმედების ხერხი, გარკვეუწილად), რომლებიც თავად იყო დაშიფრული საკვლევი ტექსტის შესავალში. იქ ნათლად არის ახსნილი (ლათინურად), თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ თანდათანობით და სპირალურად, რათა გავხსნათ ის, რაც კვადრატის ოთხივე კუთხეში იქნა შეკრული.

მე ეს წიგნი დიდი ხნის წინ წავიკითხე და ის დღეს აიკიდოს გაგებაში მეხმარება.

მართლაც, ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური სავარჯიშოები, იარაღით იქნება ეს, თუ უიარაღოდ, ასეთივე დაშიფრული მესიჯებია. მათში ჩაწერილია გაუთვითცნობიებელთათვის უხილავი ის ინფორმაცია, რომელიც ტაკემუსუ აიკის ჭეშმარიტებასთან მისასვლელად გვჭრდება. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ამ სავარჯიშოების კეთება, რათა ისე დავიცვათ და შევინარჩუნოთ ისინი, რომ მათში არანაირი ცვლილება არ შევიტანოთ. ეს გახლავთ საიტო სენსეის ყველასათვის კარგად ცნობილი მესიჯი. მაგრამ უნდა ვეძიოთ, არ დავკმაყოფილდეთ მთელი ცხოვრების მანძილზე ამ ელემენტების ისე გამეორებით, რომ მათ არსს არ ჩავწვდეთ, ისინი უნდა გავშიფროთ წმინდა კვადრატივის მსგავსად – სპირალებისა და ოთხი მიმართულების საშუალებით. ესაა საიტო სენსეის მესიჯიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვისაა ცნობილი.

ეს მარტივი და წრფივი სავარჯიშოები მათ შინაგან სიმდიდრეს, ყველა მიმართულებით მათი განვითარების არაჩვეულებრივ უნარს წარმოაჩენს. ამ მკაცრად განსაზღვრული მოძრაობების სიმდიდითა და მათი ურიცხვი კომბინაციებით გარკვეული კანონები თვალსაჩინო და გასაგები ხდება, ისევე როგორც ზოგიერთ ე. წ. წმინდა ცეკვაში.

იმისათვის, რომ ამგვარი კვლევა-ძიება შესაძლებელი გახდეს, რასაკვირველია, არსებითია, რომ თავდაპირველი სავარჯიშოები წრეგადასულად არ დეფორმირდეს თანამედროვე, ევოლუციური აიკიდოს მიერ. რადგან ამ უკანასკნელს, რომელიც ფიქრობს, რომ თავისუფალია მოძრაობების თავის გემოზე ინტერპრეტირებაში, ძალიან დიდი ზიანი მოაქვს იოლი ესთეტიკის სახელით და თანდათანობით შლის ტრადიციის მიერ უცვლელი გასაღებების სახით დატოვებულ მითითებებს, რომლებიც ერთადერთი ელემენტებია ჩვენთვის პროგრესის გზის საპოვნელად.

ამაზეა ლაპარაკი ვიდეოში, რომელიც უფრო გასაგები გახდება, თუკი წინა ორ ტექნიკურ სტატიას მივუბრუნდებით, რომელთა დასკვნით ნაწილსაც თავად ეს ვიდეო წარმოადგენს.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/aikido-magique/

Categories
სტატიები

ოკუდენ – დაფარული შინაარსი

აიკიდოს მეთოდში იარაღის მოძრაობის დაფარული შინაარსი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ერთ მოწინააღმდეგესთან წრფივი სწავლებიდან გამოვდივართ.

აქ სან ჯუ იჩი ნო ჯოს ერთადერთ, მე-12 თვლას განვიხილავთ.

ეს მე-12 თვლა, როდესაც მას კატის კეთებისას ვასრულებთ, წარმოჩნდება, როგორც მოწინააღმდეგის ჯოზე დარტყმა, როგორც ნაჩვენებია ეს ვიდეოს პირველ ნაწილში, რომელიც მე-7-დან მე-13 თვლებს მოიცავს.

ეს მძლავრი დარტყმა ჯოზე შეიძლება გასაკვირი აღმოჩნდეს, იმდენად რამდენადაც აიკიდოს იარაღები, წესით, ჩუმი (ოტონაში) უნდა იყოს. ისიც ნათლადაა გარკვეული, რომ აიკიდოში არასდროს ვებრძვით მოწინააღმდეგის იარაღს, არ ვბლოკავთ მას, არ ვიგერიებთ, არ ვეხებით.

აიკიდოს ამ მოთხოვნების შედეგად კატა 13-ის მე-12 თვლა (და არა მარტო ის) გაუგებარი დარჩებოდა, თუკი მის დაფარულ შინაარსს (ოკუდენ) არ ვიპოვიდით.

აიკიდოს მეთოდში იარაღის მოძრაობის დაფარული შინაარსი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ერთ მოწინააღმდეგესთან წრფივი სწავლებიდან გამოვდივართ და ოთხ მოწინააღმდეგესთან 360°-იან წრიულ პრაქტიკაზე გადავდივართ.

მაშინ მე-12 თვლა სულ სხვა განზომილებას იძენს და სწორედ ეს ჩანს ვიდეოს მეორე ნაწილში. 

როდესაც წრფივი სავარჯიშოდან როტაციულ სავარჯიშოზე გადავდივართ, ჯოს მოძრაობა არანაირად არ იცვლება, ეს არსებითი რამაა. სხეულის გადაადგილება იცვლება მხოლოდ:

ირიმი-ტენკანის როტაციული გადაადგილება ჯოს ზუსტად იმავე ტექნიკას იყენებს, რომელიც მეთოდში შევისწავლეთ, მაგრამ ამ ტექნიკის შედეგი ამიერიდან განსხვავებულია. იგი ორი მოქმედებით მატერიალიზდება, რაც უხილავია წრფივი მუშაობის დროს: ვტოვებთ საფრთის ზონას და ამასთან სინქრონულად ისე ვურტყამთ ორ მოწინააღმდეგეს, რომ მათ იარაღებს ფიზიკურად არ ვაკონტროლებთ.

წრფივი მუშაობის არსი, როგორც ისწავლება ის მეთოდში, არსებითად მდგომარეობს იმაში, რომ სწორ კუთხეებს ვიღებთ მონაცვლეობით ერთი მხრიდან წამოსული შეტევის ხაზის ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. როტაციული მუშაობისას კი იმ სივრცეში შევდივართ, რომელიც თავისუფალი რჩება რამდენიმე მოწინააღმდეგის მიერ სხვადასხვა მხრიდან და ერთდროულად განხორციელებული შეტევის დროს.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/okuden-le-sens-cache/

Categories
სტატიები

კოკიუ ნაგე – პატარა ეშმაკობა

არავითარი პატარა ტრიუკი არ არსებობს კოკიუ ნაგეს შესასრულებლად, საკმარისია აიკიდოს გადაადგილების პრინციპი დაიცვა: ირიმი-ტენკანი.

1960-იან წლებში მუცურო ნაკაძონო ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც ის ტადაში აბეს იაპონიაში დაბრუნების შემდეგ დასახლდა. ერთ-ერთი გაკვეთილის დროს ბრიუსელში, ბელგიური აიკიდოს პიონერის, ჟულიენ ნესენსის დოჯოში, მოვარჯიშეთა პატარა ჯგუფი – მათ შორის პიერ შასანი, რომელმაც მიამბო ეს პატარა ამბავი – კათხა ლუდის გარშემო შეიკრიბა.

საუბარი ტექნიკას შეეხო და ნესენსმა თქვა, ნიკიოსთვის მე ერთი ჩემი პატარა ეშმაკობა მაქვსო.

ცხადია, ნაკაძონოსთვის „პატარა ეშმაკობის“ ახსნას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ როგორც კი მიხვდა, მაშინვე ხმამაღლა შესძახა, პატარა ეშმაკობა ცუდია, პატარა ეშმაკობა სახიფათოა, უნდა მოვიშოროთ თავიდან პატარა ეშმაკობაო.

ნაკაძონოს ამგვარად იმის თქმა უნდოდა, რომ აიკიდო რაღაც პატარა ოინებზე არ დგას, რომ ის მარად უცვლელ პრინციპს ეფუძნება და რომ ტექნიკა იმიტომ მუშაობს, რომ ეს პრინციპია დაცული და არა იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც ხრიკებს მიაგნო. პატარა ეშმაკობა საშიშია, იმიტომ რომ ის გონებას პატარ-პატარა ოინებით აკავებს და აქედან მხოლოდ ის გამომდინარეობს, რომ პრინციპი მხედველობიდანაა დაკარგული და ამიტომაც აღარ მუშაობს: პატარა ეშმაკობა ვერ ჩაანაცვლებს პრინციპს.

ვიდეოში ნაჩვენები კოკიუ ნაგეს შესრულებაში არავითარი პატარა ეშმაკობა არ არის, საკმარისია აიკიდოს გადაადგილების უცვლელი პრინციპი დაცვა: გამოიყენო ირიმი-ტენკანი იმისათვის, რომ ბრუნვით გახვიდე ოთხი მხრიდან მომავალი შეტევებისაგან დატოვებულ რომელიმე თავისუფალი მიმართულებით. უკე ვარდება ზუსტად იმ ადგილას, სადაც ტორი იდგა წამით ადრე, იმ სიცარიელეში, რომელსაც ეს გადაადგილება წარმოქმნის:

ტატამის ხაზები ამ სამ ფოტზე საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ტორის მიერ არჩეული სხეულის გადაადგილების კუთხე და დავრწმუნდეთ, რომ ეს დიაგონალია ოთხი მხრიდან მომავალი შეტევებისათვის, როგორც ო-სენსეი ხატავდა სქემას, როდესაც ის აიკიდოს პრინციპის ახსნას ცდილობდა.

ფილიპ ვოარინო
11 თებერვალი, 2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kokyu-nage-ptit-truc/

Categories
სტატიები

კაკუტო – მნიშვნელოვანი პუნქტები

ყველაფერი, რაც არსებობს სამყაროში, სამი ძალისგანაა. აიკიდოშიც თითოეული მოქმედება, თითოეული შესვლა სამ ძალას აამოქმედებს…

რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი:

აიკიდოში თავს არ ვიცავთ, არ ვრჩებით ადგილზე, შევდივართ მოწინააღმდეგის შეტევაში.

იმის გამო, რომ ვდგავართ ჰანმის პოზიციაში, ყოველთვის ოთხი შესაძლო კუთხე არსებობს შეტევაში შესასვლელად.

შეგვიძლია ავირჩიოთ ნებისმიერი ამ კუთხეთაგან:

მაგრამ არ შევდივართ სწორხაზოვნად. რომელი კუთხეც არ უნდა ავარჩიოთ შესასვლელად, იქ ბრუნვით შევიდვართ. და ყოველთვის ორ მხარეს ბრუნვაა შესაძლებელი: მარჯვნივ ან მარცხნივ. თუ დავიცავთ აიკიდოს პრინციპს, არ არსებობს თითოეულ კუთხეში გადაადგილების სხვა შესაძლებლობა ამ ორის გარდა.

რა იარაღიც არ უნდა გვეჭიროს ხელში, ყოველთვის ორ მოწინააღმდეგეს ვურტყამთ თითოეული გადაადგილებისას. ეს გახლავთ როტაციული პრინციპის შედეგი.

ტორი წრის შუაგულშია, რომელიც გადაადგილდება სივრცეში. ყველა მოქმედება ამ ცენტრიდან იწყება. თითოეული მოძრაობის დასასრული მომდევნო მოძრაობის დასაწყისია და ასე გადაებმება ერთმანეთს ერთმანეთის იდენტური გადაადგილებები. ირიმი-ტენკანი არის სახელი, რომელიც ამ მოქმედება ეწოდება, ესაა აიკიდოს გული, ესაა უცვლელი მოქმედება. სამაგიეროდ, ტექნიკური ფორმები, რომლებიც ამ მოქმედებიდან წამოიშვება, ნაირგვარია, იქნება ეს იარაღით თუ უიარაღოდ, და მათ რელატიური მნიშვნელობა აქვთ.ყველაფერი, რაც სამყაროშია, სამი ძალისგანაა. აიკიდოშიც თითოეული მოქმედება, თითოეული შესვლა, სამ ძალას აამოქმედებს: ერთ ძალას, ირიმის (დადებითს), ერთ ძალას, ტენკანს (უარყოფითს), და ერთსაც – ნეიტრალურ ძალას. ეს გახლავთ აიკიდოს წმინდა სამება, ამას უწოდებდა ო-სენსეი სანგენს. აიკიდო მინიატურული სამყაროა, რომელიც იმავე კანონებს ემორჩილება, რომელსაც მაკროკოსმოსი, ამიტომაც აიკიდოს შესწავლა თვალს აგვიხელს და გვიჩვენებს, როგორაა მოწყობილი სამყარო.

ფილიპ ვოარინო
18 თებერვალი, 2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kakuto-points-de-repere/

Categories
სტატიები

უშირო რიოტე დორი კოკიუ ნაგე – შესრულება

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ირიმი-ტენკანით გადაადგილების კანონის დაცვა ადეკვატური კუთხით, როდესად ერთი ფეხი აკეთებს ირიმის, მეორე კი ტენკანს.

ხშირად ვხედავთ, როგორ ასრულებენ ამგვარ გდებას უკნისაკენ მარტივი გადაადგილებით.

თავისთავად ცხადია, რომ დიდი რისკია უკეს გდება წინისაკენ გადაადგილებით, თუკი სამი სხვა მოწინააღმდეგე ერთდროულად გვიტევს, სწორედაც წინიდან და ორივე გვერდიდან:

აქაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ირიმი-ტენკანით გადაადგილების კანონის დაცვა ადეკვატური კუთხით, კანონი ყოველთვის ერთი და იგივეა: ორიდან ერთი ფეხი აკეთებს ირიმის, მეორე კი ტენკანს.

ირიმის თვლას ყოველთვის თან ახლავს ატემი. ქვედა ფოტოზე ვხედავთ, რომ ირიმი-ტენკანით ეს შესვლა გვერდითა მოწინააღმდეგისკენ ამავე დროს მოძრაობაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, წონასწორობა დავაკარგინოთ იმ მოწინააღმდეგეს, რომელიც მხრებში გვავლებს ხელებს:

ეს მნიშვნელოვანია, აიკიდოს ყველა მოქმედება სრულდება ერთდროულად ორ მოწინააღმდეგეზე, როგორიც არ უნდა იყოს შეტევის კონტექსტი და მაშინაც კი, როდესაც მოწინააღმდეგე ერთადერთია. ეს არის აიკიდოს კანონი.

ვიდეოზე თვალნათლივ ჩანს, წინა ფეხი აკეთებს ირიმის, მაშასადამე, უკანა ფეხი აკეთებს ტენკანს.

ტორის გადაადგილება ერთდროულად აყენებს მას უსაფრთხო ადგილას და ქმნის სიცარიელეს, რომელშიც შეისრუტება უკე, თუკი მას ძლიერად აქვს ჩავლებული ხელები ტორის მაჯებში.ეს უკანასკნელი პუნქტი მართლაც მნიშვნელოვანია: მოწინააღმდეგე, რომელსაც მაჯები უჭირავს, ამას მთელი ძალით აკეთებს და მისი გონება იქაა ფიქსირებული, მთელი მისი არსება ამ გაუძრავებაშია. ადამიანი, რომელიც ასეთ ვითარებაშია, ხელს არ უშვებს ტორის პირველი მოძრაობისას და მაჯებს მტკიცედ ავლებს. ამიტომაც უჭირავს მთელი ძალით და ბოლომდე, სწორედ იმიტომ, რომ ის ერთგვარი ტყვე ხდება საკუთარი ჩაჭიდებისა, მისი ვარდნაც გარდაუვალია:

ეს კოკიუ ნაგე შესაძლებელია და მას აზრი მხოლოდ ასეთ კონტექსტში აქვს. ვარჯიშის დროს აუცილებელია, რომ უკემ გულწრფელად ჩაავლოს ხელები ტორის მაჯებს ვარდნის მომენტამდე. მაჯებისთვის ხელის გაშვება სხეულის პირველივე გატოკებაზე გვეჩვენებს, რომ უბრალოდ არ გვესმის ამ გდების აზრი და ვარჯიში ასეთ დროს შეუძლებელი ხდება.

ფილიპ ვოარინო
5 იანვაი, 2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ushiro-ryote-dori-kokyu-nage-application/

Categories
სტატიები

სულიერი განწყობა ვარჯიშისთვის

თითოეული ტექნიკა, რომელსაც ვასრულებთ, ისეთია, რომ ის ოთხი მიმართულებიდან ერთდროულად წამოსული შეტევების მოთხოვნებს პასუხობს.

ქვედა ვიდეოში ნაჩვენებია იმ მოძრაობის შესრულება, რომლის ტექნიკური დეტალებიც განმარტებულია სტატიაში ჰიტო ე მი არ არის აიკიდოს დგომი“.

ამ ვიდეოში შეიძლება იმის ნახვა, რომ აიკიდოს ფუძემდებლის მიერ 1931 წელს ტოკიოს ძველი კობუკანის, „ჯოჯოხეთის დოჯოს“ შესასვლელში გაკრული ტექსტის პირველი რეკომენდაცია არ არის ზოგადი სახის თავაზიანი რჩევა, სიფრთხილისკენ უბრალო მოწოდება. არა, პრიქითაც კი, ეს მოთხოვნა და აიკიდოს სწავლების ფუნდამენტური გასაღებია:

ერთ მოწინააღმდეგესთანაც კი არ უნდა გვადარდებდეს მხოლოდ ის, ვინც წინ გვიდგას, აუცილებელია, ვარჯიშის დროს ყურადღებით ვიყოთ ოთხივე და რვავე მხარეს.

ო-სენსეის ეს ტყუილუბრალოდ არ დაუწერია. მან გააზრებულად მოათავსა ეს მითითება ვარჯიშის რეკომენდაციების თავში და შემდეგ ეს ტექსტი დოჯოს შესასვლელში გამოაკრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უპირველესი მნიშვნელობის სწავლებაა.

მოწაფემ ეს სწავლება მეგზურად უნდა გამოიყენოს, მეგზურად, რომელიც დამცავ მოაჯირივით იმოქმედებს იმ დროს, როდესაც მოწაფე სწორ ტექნიკას ეძებს და იკვლევს. ეს მას არ მისცემს საშუალებას, პირადი წარმოდგენებისა და ინტერპრეტაციების ოკეანეში დაიკარგოს.

რადგან კრიტერიუმი, რომელიც განაპირობებს, რომ აიკიდოს ტექნიკა აიკდოს ტექნიკაა, არ გახლავთ ის, რომ ეს ტექნიკა არ არის შედეგიანი მხოლოდ ერთი მეტოქის წინააღმდეგ – საბრძოლო ხელოვნებები, ძირითადად, ერთი მეტოქის წინააღმდეგაა ხოლმე ეფექტური – რომ ის ისეთივე შედეგიანია როგორც ოთხი, ისე ერთი მეტოქის წინააღმდეგ. ეს ხდება სისტემატურად და თან ისე, რომ მოძრაობა არ იცვლება გარემოებების მიხედვით. ეს პირობა რომ არ იყოს შემოწმებული, არ იქნებოდა მოქმედების ერთიანობა, სხვა სიტყვებით, „ერთი“ ვერ იქნებოდა მიღწეული.

საკმარისია, ამ ცოდნის ჭრილში შევხედოთ აიკიდოს დემონსტრაციისას ნებისმიერ ტექნიკას, იქნება ეს იარაღით თუ უიარაღოდ, რომ მყისიერად მივხვდებით, ჩვენ წინ აიკიდოს ტექნიკაა თუ არა. უმეტეს შემთხვევაში ტორი სამჯერ მოკვდებოდა, თუკი მის გარშემო სამი დამატებითი მოწინააღმდეგე იდგებოდა და თან ერთდროულად შეუტევდა. ასეთ დროს ნათლად ჩნდება, რომ ის, რაც საღდება აიკიდოდ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოვარჯიშის მიერ გადმოცემული სურათია, მოვარჯიშისა, რომელსაც არაფერი გაეგება იმ სასიცოცხლო აუცილებებისა, რომელიც მე-16 საუკუნის ბრძოლის ველებს წარმართავდა. კარგად უნდა გვესმოდეს, აიკიდო არ არის უბრალო მუშტი-კრივი.

თუ არ გვინდა, “new age” აიკიდოსაგან გაჩენილი ილუზიებით ვიკვებოთ, რაც მოდაშია დღეისათვის, თუ არ გვინდა, რომ ძალისხმევით სავსე ცხოვრება იმის ამაოდ დაჯერებას მივუძღვნათ, რაც სიმართლე არ არის, მაგრამ სიმართლეს ჰგავს, მაშინ ფუძემდებლის მიერ დატოვებულ მითითებებს უნდა მივყვეთ. ყოველ ჯერზე უდიდესი სიზუსტით უნდა ვამოწმოთ, რომ თითოეული ტექნიკა, რომელსაც ვასრულებთ, ისეთია, რომელიც ოთხი მხრიდან ერთდროულად წამოსული შეტევების მოთხოვნას პასუხობს და ეს მაშინაც კი, როცა მოწინააღმდეგე ერთადერთია:

ფილიპ ვოარინო
29 იანვარი, 2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/disposition-desprit-pour-lexercice/

Categories
სტატიები

ჰიტო ე მი – არ არის აიკიდოს დგომი

ჰანმი სტატიკურია, დგომია. ჰიტო ე მი კი პირიქით, დინამიკაა, მოძრაობის პირველი თვლაა.

ამ საიტზე არაერთხელ განმიმარტავს, თუ რატომაა აიკიდოში ერთადერთი დგომი, და თუ რატომაა ეს ჰანმი.

ისიც განვმარტე, თუ რატომ არ უნდა მივიჩნიოთ ჰიტო ე მი დგომად. ჰიტო ე მი სინამდვილეში მოძრაობაა, რომელიც სხეულს ხსნის და რომელიც ჰანმის დგომიდან ხორციელდება.

ჰანმი სტატიკურია, დგომია. ჰიტო ე მი, პირიქით, დინამიურია, მოძრაობაა, ანდა, უფრო ზუსტად, ის მოძრაობის პირველი თვლაა, რომელიც დასრულებისთანავე ხდება ის, რასაც აიკიდოს ტექნიკა ეწოდება.

მაგალითად, იკიო ომოტე აიკიდოს ერთ-ერთი ტექნიკაა, რომელიც დაწყებისთანავე ითხოვს ჰიტო ე მის, შიჰო ნაგეც ასეთივე, კაიტენ ნაგეც ასეთივეა.

თუმცა ამასთან უნდა გვესმოდეს, რომ ჰიტო ე მი ყოველთვის არაა აუცილებელი და ამიტომაც არაა სისტემატური: ესაა კუთხე, საითაც მიმართულია სხეული ჰანმის დგომიდან, რომელიც განსაზღვრავს, ანუ წყვეტს, საჭიროა თუ არა მისი გამოყენება. მართლაც, ჰანმის დგომი საშუალებას გვაძლევს პირდაპირ მივაღწიოთ ზოგიერთ იმ კუთხეს ისე, რომ ამისთვის ჰიტო ე მით დაწყება არ გახდეს აუცილებელი.

სამაგიეროდ, არის გარემოებები, როდესაც ჰიტო ე მით გახსნა გარდაუვალია. ვახსენეთ იკიო ომოტე, შიჰო ნაგე ომოტე, კაიტენ ნაგე და ამ ვიდეოში ნაჩვენები უშირო ერი დორი ირიმი ნაგეც ერთ-ერთი ასეთი მაგალითია.

ნათლადაა ნაჩვენები, რომ ტორისთვის შეუძლებელია 180°-იანი კუთხის მიღწევა თავის ზურგსუკან, თუკი სხეულს ჰიტო ე მით არ გახსნის შემობრუნების პირველივე თვლაზე:

ასეთ შემთხვევაში ჰიტო ე მი ტექნიკისთვის აუცილებელი პირობაა.

ასევე თვალნათლივია, რომ აქ ლაპარაკია მოძრაობის პირველ ნაწილზე და არა დგომზე:

დგომი აქ, როგორც ყოველთვის, ისაა, რომელშიც ტორია მოძრაობის დასაწყისში, ესაა მოძრაობის სათავე, ჰანმი:

პიველი ნაბიჯი #2″-ში დეტალური ინფორმაციაა ჰიტო ე მისა და ჰანმის შორის კავშირზე. ეს ინფორმაცია ჩემი გამოგონილი არ გახლავთ, მას დიდი ღირებულება აქვს, რეადგან ის უშუაოდ ო-სენსეისგან მომდინარეობს.

შეგიძლიათ წაიკითხოთ ასევე ინტერვიუ “ის ნიღაბს ატარებს“. იქ გრძლად ვპასუხობ ჩემი მეგობრის, აიკიდოს ამომავალი ვარსკვლავის ძალიან სუბიექტური კონცეპიის პუნქტებსაც…

ფილიპ ვოარინო
22 იანვარი, 2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/hito-e-mi-nest-pas-une-position-daikido/

Categories
სტატიები

რიაი

აიკიდოს ყველა ტექნიკას საერთო წარმოშობა აქვს და სწორედ ეს საერთო წარმოშობა ქმნის კავშირს ამ ტექნიკებს შორის.

თუკი აიკიდო სხვა საბრძოლო ხელოვნებებისგან გამოირჩევა, სწორედ იმ განსაკუთრებული კავშირის გამოა, რომელიც ამ ხელოვნების ტექნიკებს შორის არსებობს.

ამ კავშირს, რომელსაც იაპონურად რიაი ეწოდება, ხშირად ახსენებენ აიკიდოს გაკვეთილების დროს. მას, ძირითადად, განმარტავენ, როგორც ერთგვარ ნათესაობას ტექნიკებს შორის. ამ ნათესაობას უმეტესწილად ამართლებენ იმ მსგავსებით, რომელსაც ტექნიკების ზოგიერთ ელემენტს შორის ნახულობენ.

მაგალითად, შიჰო ნაგე ერთ-ერთ ასეთ კლასიკური მიდგომის მაგალითს წარმოადგენს: ტორი აგდებს ამ ტექნიკით, შემდეგ იღებს ხმალს, ზუსტად ასევე ჭრის და ამგვარად აჩვენებს, რომ არ არის განსხვავება შიშველი ხელით მოძრაობასა და ხმლიან მოძრაობას შორის.

ძალიან კარგი და არც არის სადაო, რომ ასე ხილული ხდება გარკვეული გარეგანი მსგავსებები ამ ორ ტექნიკას შორის. მაგრამ არის კი საკმარისი ეს რიაის არსის გასაგებად?

ეს ცოტათი იმ ამბავს ჰგავს, როცა კავშირს განმარტავენ ორ ნამდვილ ტყუპს შორის და ამბობენ, მათ ერთნაირი ცხვირი, ყურები, თვალები და ყოფა-ქცევა აქვთო… ეს ყველაფერი სიმართლეა, რასაკვირველია, ისინი გარეგნულად სრულად ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ შედეგია იმ მიზეზისა, რამაც ეს შესაძლებელი გახადა.

თუკი მონოზიგოტური ტყუპისცალები ჰგვანან ერთმანეთს, ეს იმიტომ ხდება, რომ ორივე ემბრიონი ერთი და იმავე საწყისი უჯრედიდან გამოდის და ამიტომ მათ ერთი და იგივე გენეტიკური მემკვიდრეობა აქვთ: არსებობს უპირველესი მიზეზი მათი მსგავსებისა.

ასევე, არსებობს აიკიდოს ყველა ტექნიკის საერთო წარმომავლობა და ეს საერთო საწყისი წარმოშობს მიმართებას ტექნიკებს შორის. სწორედ ეს საწყისი უნდა გვესმოდეს, თუკი გვინდა რომ რიაის აზრს ჩავწვდეთ.

აიკიდოს ყველა ტექნიკისთვის – რომელიც არ უნდა იყოს, ის, შიშველი ხელისა, ხმლისა თუ ჯოსი – საერთო „გენეტიკური მემკვიდრეობა“ ცენტრალური ღერძის ტრიალია, რომელიც ორნაბიჯიან მოძრაობას უდებს სათავეს, იქნება ეს წინა, თუ უკანა ფეხით დაწყებული. სხვა გადაადგილება არ არსებობს და ის აიკიდოს ყველა ტექნიკის სათავეა. ამ სრულიად განსაკუთრებულ, ბრუნვით გადაადგილებას თავისი სახელი აქვს და მას ირიმი-ტენკანი ეწოდება:

და რადგანაც ყოველი ტექნიკის წარმოშობაში ირიმი-ტენკანის ეს მუდამ ერთნაირი გადაადგილება არსებობს, ამიტომ შეგვიძლია გავყვეთ იმ წითელ ძაფს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ხელოვნების ყველა ტექნიკას და ამგვარად მათ ერთი ოჯახის წევრებად აქცევს.

ვიდეოში სამაგალითოდაა ნაჩვენები, რომ სწორედ ერთი და იგივე გადაადგილება გვაძლევს საშუალებას, ისევე შევასრულოთ სანკიო, როგორც კოტე გაეში და ეს ორივე ოფცია ისევე კარგად ერგება როგორც ერთ, ისე ორ მოწინააღმდეგეს.

სანკიო და კოტე გაეში აქ სხეულის საერთო მოძრაობითაა დაკავშირებული, რასაც საერთო გადაადგილებასთან მივყავართ. ამ ორი ტექნიკის წარმოშობის იდენტურობა მათ სიღრმისეულ ნათესაობას წარმოჩენს:

რა თქმა უნდა, ეს ნათესაობა შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, თუ ტექნიკების მხოლოდ გარეგულ მსგავსებას მივაქცევთ ყურადღებას, რადგან მართალია, რომ სანკიოსა და კოტე გაეშის ფორმები ვიზუალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

მაგრამ ეს განსხვავება მხოლოდ გარეგნულია, ზედაპირულია და მხოლოდ ინვერსიული ჩავლებების შედეგია. ამგვარი შეზღუდვა მეორეხარისხოვანია და მხოლოდ ზედაპირზე ჩანს, ის ვერაფერს უცვლის მოძრაობის სიღრმეს, რომელიც ამ ორივე ტექნიკისთვის ერთი და იგივეა. სწორედ ასეთ სიღრმეებში უნდა ვეძებოთ რიაი.

ტექნიკებს შორის ასეთი ნათესაობის სხვა ასპექტებიც არსებობს, მაგალითად, იმ შემთხვევისთვის, რომელსაც ახლა განვიხილავთ, ის ფაქტი, რომ სანკიოსა და კოტე გაეშის ორი ბრუნვა უკეს წინამხარზე სრულიად ურთიერთშემავსებელია.

სინამდვილეში, აქ საქმე გვაქვს ერთი და იმავე ტექნიკის ორ ძალასთან. ეს ცოტათი იმ ქაღალდის ფურცელს ჰგავს, რომელსაც წინა და უკანა მხარე აქვს. ასეთ დროს თავში არავის მოუვა აზრად, რომ წინ ორი ფოთოლი უდევს. გვერდი ორია, ფურცელი კი ერთი. ასევე – არ არის ორი ტექნიკა, სანკიო და კოტე გაეში, არის ერთი საერთო მოძრაობა, რომელიც ვლინდება ანალოგიური და ურთიერთშემავსებელი ფორმებით და ეს ორი ფორმა ერთი მთლიანობის შემადგენელი ნაწილებია.რიაის დანახვა მრავალგანშტოებიანი ხის დანახვას ჰგავს, როცა გვესმის, რომ ყველა ეს განშტოება ერთი ღეროდანაა გამოსული, სიმრავლეში ერთიანობის დანახვას ჰგავს. ეს, ცხადია, ტექნიკების ერთგვარი დავიწყებაა, ვინაიდან ამის შემდეგ აღარ არსებობს საკუთრივ ტექნიკები, რომლებიც შექნილ-გააზრებულია ერთმანეთისგან მკაფიოდ განსხვავებული ელემენტებივით, რაც აიკიდოს ფედერაციების წიაღში საგამოცდო კატალოგებშია მოთავსებული.

ფილიპ ვოარინო
16 იანვარი, 2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/riai/