Categories
სტატიები

მამაჩემი ამბობდა

კვადრატი წრის შიგნით ტრიალებს გადაადგილების ოთხი მთავარი და ოთხი დამატებითი ღერძის მიხედვით, ესე იგი რვა მიმართულებით.

მამაჩემი ამბობდა, 1950-იან წლებში ერთი გასართობი ხერხი არსებობდა რთული საკითხის თავიდან აცილებისთვის ან ისეთი რამის მოგვიანებით გადადებისთვის, რისი გაკეთების სურვილიც არა გვაქვსო. ის ამას ღიმილით და ასეთი ფრაზით ამბობდა: „ეს 2000 წელს გამოჩნდებაო“, რაც ნიშნავდა, არასდროსო.

მაგრამ 2000 წელი უკან მოვიტოვეთ.

როდესაც ვფიქრობთ, რომ თითოეული ადამიანი დედამიწაზე მისი წინაპრების უწყვეტი წარმატების შედეგია, წინაპრებისა, რომელთაც მას სიცოცხლე თაობიდან თაობაში გადასცეს და რომ ის თავის არსებობას ამ ხაზის განგრძობითობას უნდა უმადლოდეს, ერთგვარი სასწაულის შეგრძნება გვეუფლება.

რადგან გარკვეულ ვითარებაში ქვიშის სულ უმცირეს მარცვალს შეუძლია ბოლო მოუღოს თაობების ამ მონაცვლეობას ათასგზის განახლებულ ამ ნათესაობას და ის, ვინც უდარდელად ტკბება დღეს ზამთრის საღამოს სავსე მთვარის ყურებით, შეიძლება სულ არ ყოფილიყო ამქვეყნად.

ყოველთვის, როდესაც ადამიანი შთამომავლობის გარეშე მიდის, კაცობრიობის ხეზე თითო რტო კვდება. ის თაობების იმ ძაფს წყვეტს, რომელიც უხსოვარი დროიდან მოდის და მოქმედებს, რათა დღის სინათლე იხილოს, ის ამით არყოფნისთვის წირავს მთელ შთამომავლობას, რომელსაც ამის გამო არსებობა არ უწერია.

ამ თვალსაზირით სიცოცხლის გადაცემა თაობიდან თაობაში ძალიან მყიფე რამაა. სიმართლე ითქვას, ყველანაირი გადაცემა მყიფეა – ისევე აღარავის აქვს ის ცოდნა, რომელიც დროთა განმავლობაში დაიკარგა, როგორც არ ჰყავს შთამნომავლობა ადამიანს, რომელისაც შვილი არ ჰყოლია. რაც უფრო მეტად ვშორდებით ტრადიციული ცოდნის სათავეს, მით უფრო მეტია დანაკარგი.

აიკიდო არის ხელოვნება, რომელიც კაცობრიობასთან ერთად დაიბადა, მაგრამ სახე მისცა და დახვეწა მოგვინებით მორიჰეი უეშიბამ, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში. მაშასადამე, ჩვენ ჯერ კიდევ ახლოს ვართ დასაწყისთან და ჩემი დაბადების ბედისწერამ ჩამაყენა იმ მდგომარეობაში, რომ სწავლება აიკიდოს ფუძემდებლის პირდაპირი (უშუალო) მოწაფეებისგან მიმეღო.

ნობუიოში ტამურასთან ვარჯიშში გატარებულ წლებს ვაჯამებ და მათ პირველი შეხვედრით გამოწვეულ მოჯადოებას ვუწოდებ. მართლაც, მისი წყალობით აღმოვაჩინე აიკიდო 1977 წელს ნიცის ერთ-ერთ ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, ოცი წლის გახლდით და ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება. მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ის ჩემი მასწავლებელი იყო, ჩვენს ურთიერთობას ის სიახლოვე აკლდა, რომელიც მასწავლებლისა და მოწაფის ურთიერთდამოკიდებულებას უნდა ახლდეს თან.

მის შემდეგ ორი ადამიანი იყო: პიერ შასანი და მორიჰირო საიტო. ისინი ჩემთვის ახლობლები იყვნენ და, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვაგვარად, მაგრამ ორივენი მასწავლებლები იყვნენ. ამაზე წერისას თავში ის წარწერა მომდის, რომელიც ნიცშეს ჰქონდა თავისი კარის თავზე:

‘ ვცხოვრობ ჩემს საკუთარ სახლში,

არასდროს არავისთვის მიმიბაძავს,

და დავცინოდი ყველა მასწავლებელს,

რომელიც თავის თავს არ დასცინოდა.’

მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ეს ორი მასწავლებელი თავის თავს დასცინოდა, იმ გაგებით, რომ არ ჰქონიათ ილუზია, რომ მათ ჭეშმარიტების მხოლოდ ის ნაწილი შეეძლოთ გადაეცათ მოწაფეებისთვის, რომელიც თითოეულ მათგანს ჰქონდა მიღებული აიკიდოსგან. და იმის გამო, რომ ისინი დასცინოდნენ საკუთარ თავს, მე მათთვის არასოდეს დამიცინია. მე მათთვის არ მიმიბაძავს, მე მათ ვუყურებდი, ვუსმენდი, მე მათი გონების სინათლე და პატიოსნება მიყვარდა და მათ ისე ნელა, თანდათანობით მასწავლეს, რომ მე ეს არც კი შემიმჩნევია.

ორივემ იცოდა სწავლების ის დიდი ჭეშმარიტება, რომლის თანახმადაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გადაცემაა შესაძლებელი მოწაფეებისთვის, რის მისაღებადაც ეს უკანასკნელნი არიან მზად, რისი წარმოდგენის უნარიც აქვთ მათ: იმისა, რაც მათ იციან უკვე. ის, რაც ადამიანმა მართლაც არ იცის, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იპოვოს, იმას ადამიანი სხვისგან ვერ ისწავლის.

ის ამას კიდევ უფრო ნაკლებად დაინახავს, აღმოაჩენს ვინმე ისეთთან, რომელმაც მასზე მეტი არ იცის. ერთმა სულ ახალმა, ახლადგამომცხვარმა აიკიდოს მასწავლებელმა მისაყვედურა, რატომ გამოდიხარ სიტყვით და არ მონაწილეობ დისკუსიებშიო. ის ჩემს სიტყვას ქედმაღლურად მიიჩნევდა, და, რა თქმა უნდა, არც დაფიქრებულა, რომ ამით საიტო სენსეის სიტყვასაც ასეთად თვლის. მისთვის დისკუსია გონების გახსნასა და ცოდნის გაზიარებას ემსახურებოდა, თუმცა ვერ ხედავდა, რომ დისკუსია, სადაც უმთავრესი რამ არ იციან მასში მონაწილეებმა, ბანალობებისა და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების გაცვლა-გამოცვლაა და მეტი არაფერი. ასეთი ლაყბობებიდან არავითარი ჭეშმარიტება არ იბადებს და მათში თავმდაბლობის ნიღბის უკან ნამდვილი პატივმოყვარეობა იმალება.

როდესაც ადამიანი გარკვეულ ასაკს გადასცდება, აღარც დრო აქვს ლაყბობის და აღარც სურვილი. მაშ რა უნდა ქნას – თუკი მხოლოდ იმის გადაცემა შეუძლია სხვებისათვის, რაც მათ უკვე იციან – იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ცოდნა, რომელიც უმეტეს აიკიდოში მოვარჯიშეთა მხედველობის ველში არ არის?

ვფიქრობ, უბრალოდ, უნდა იმუშაოს, პიერისა და საიტო სენსეის მსგავსად, და არ იდარდოს ზედმეტად, თუ რა სარგებელი შეიძლება ნახონ შემთხვევით სხვებმა ამ „მაგალითიდან“. ეს არ გახლავთ ფატალიზმი, ეს რეალიზმია და ვფიქრობ, ესაა ტერმინ „შიჰანის“ ღრმა შინაარსი, რომელსაც ზოგადად თარგმნიან, როგორც „მოდელს“, მისაბაძს.

მე-6 დანის მიღება არ ნიშნავს ავტომატურად შიჰანობას. ის, რომ აიკიკაიმ ასეთი ბავშვური წესი დაამკვიდრა, მხოლოდ იმ უფსკრულს აჩვენებს, რომელიც თანამედროვე აიკიდოს საზოგადოებას ტრადიციული პრინციპებისაგან აშორებს. დღეს იაპონიაში შიჰანების კლუბი არსებობს, შიჰანკაი, და ამით ყველაფერია ნათქვამი.

თუკი ITAF-ს ასეთი დასახელება არა აქვს, ეს იმიტომ ხდება, რომ ის ტერმინ „შიჰანს“ ისევე უყურებს, როგორც ტერმინ „ო-სენსეის“ (დიდ მასწავლებელს). მორიჰეი უეშიბას არ გადაუწყვეტია ერთ მშვენიერ დღეს, რომ მისთვის ასე ეწოდებინათ. მე ამას ივამაში მივხვდი, როდესაც ერთ-ერთმა იაპონელმა მოწაფემ საიტო სენსეის „ო-სენსეი“ უწოდა. გაკვირვებისგან სახტად დავრჩი იმ ტერმინის გაგონებისას, რომელიც ჩემს გონებაში მხოლოდ აიკიდოს ფუძელდებლისთვის იყო განკუთვნილი. სიმართლე ითქვს, ის კიდევ უფრო გამიკვირდა, რომ საიტო სენსეიმ ღიმილით უპასუხა ამ წინდაუხედავ მოწაფეს, ნაცვლა იმისა, რომ უხეშად შეეხსენებინა მისთვის წესები, როგორც სჩვეოდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ უბრალოდ იქამდე არასოდეს მეფიქრა, საიდან იბადება ამგვარი ტერმინები. მართლაც, სწორედ მოწაფეები წყვეტენ ერთ დღეს, დაუძახონ „ო-სენსეი“ იმას, ვისაც იქამდე უბრალოდ, „სენსეის“ უწოდებდნენ.

დამოკიდებულების ამგვარ გამოხატულებაში უთუოდ არ იგულისხმება მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, ამაში უთუოდ ცხოვრებისეული პატივისცემის ფორმაც იგულისხმება, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამაა ნათელი – ვერავინ გახდება შიჰანი ან ო-სენსეი, თუკი მას ასეთად სხვები არ აღიარებენ. რაც შემეხება მე, ნაკლებად მადარდებს იმის ცოდნა, თუ ვინ ვარ. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი გადასაწყვეტი არ გახლავთ. ვმუშაობ მხოლოდ იმაზე, რომ ცხადვყო ის ბუნებრივი პრინციპი, რომელიც ქმნის აიკიდოს, რადგან ამ ცოდნის მატარებელი მე გავხდი, რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს ეს გაიჯინისთვის (გაიჯინი – იაპონურად, უცხოელი, არაიაპონელი): კვადრატი წრის შიგნით ტრიალებს გადაადგილების ოთხი მთავარი და ოთხი დამატებითი ღერძის მიხედვით, ესე იგი რვა მიმართულებით. ამასთან შედარებით ტექნიკას მხოლოდ ნაწილობრივი მნიშვნელობა აქვს.

ბედნიერ ახალ, 2023 წელს გისურვებთ ყველას, ვინც პატიოსნად ეძებს. და იპოვეთ, რადგან ამას ვერავინ გააკეთებს თქვენს ნაცვლად!

ლავერნი, 2023 წლის 1-ლი იანვარი
ფილიპ ვოარინო

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/mon-pere-disait/

Categories
სტატიები

უშირო რიო კატა დორი კოკიუ ნაგე

აიკიდოს ყველა ტექნიკა ორი ნაბიჯით სრულდება, პირველი ნაბიჯი ბრუნვის ირიმის ფაზას შეესაბამება, მეორე კი ტენკანისას.

უკე ხელებს ავლებს ტორის მხრებში იმ განზრახვით, რომ მას უკნისაკენ დააკარგინოს წონასწორობა:

ამ დროს ტორი არ დგამს ნაბიჯს უკნისაკენ, რომ პოზიცია დაიბრუნოს: ტორი ირიმი-ტენკანს აკეთებს.

როდესაც გადაადგილებაზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ტერმინი ირიმი-ტენკანი, რადგან აიკიდოში ირიმი-ტენკანის გარდა სხვა რამ არ არსებობს.

ვიდეოში და, იმის მიხედვით, მოძრაობის დასაწყისში ტორი ჰიდარი ჰანმიშია თუ მიგი ჰანმიში, ის წრის ან უკანა მარცხენა, ან უკანა მარჯვენა ციფერბლატზე გადაადგილდება.

ცხადია, აქ არავინ დაობს იმაზე, რომ გადაადგილება უკნისაკენაა. თუმცა გადაადგილება აიკიდოში ყოველთვის ერთი და იგივეა და ის ასეთია: გადაადგილების პირველი ნაწილი ყოველთვის ირიმია, მეორე ნაწილი კი ყოველთვის ტენკანი.

ტორი თუ რომელიმე ამ ციფერბლატისკენ მხოლოდ წინა ფეხის უკან გადადგმული ნაბიჯით გადაადგილდებოდა პირველ თვლაზე, იგივე იქნებოდა, რომ მას გადაადგილება ტენკანით, ანუ პრინციპის თავდაყირა დაყენებით დაეწყო.

მაგრამ როგორ გადავადგილდეთ უკნისაკენ ირიმით და თან წინა ფეხით? აქ არანაირი პარადოქსი არ არის და პასუხი კვლავაც იგივეა: კვლავ ოთხი მიმართულებით გადაადგილების პრინციპით. წინა ფეხი უბრალოდ უკან არ იდგემება, ის აკეთებს ირიმის, რომ დაარტყას მოწინააღმდეგეს, დაიწყება ეს მარჯვნიდან, ან მარცხნიდან, საწყისი დგომიდან გამომდინარე:

გადაადგილების მეორე თვლა, ტენკანის თვლა იმ მოწინააღმდეგის გდებისთვისაა, რომელსაც ხელები მხრებში აქვს ჩავლებული:

ამ ირიმი-ტენკანს კიდევ დავუბრუნდებით მომდევნო სტატიაში.

ამგვარად შემოწმდა კიდევ ერთხელ ის ფუნდამენტური სწავლება, რომ აიკიდოს ყველა ტექნიკა ორი ნაბიჯით სრულდება, პირველი შეესაბამება ირიმის ფაზას, მეორე კი ტენკანისას. აიკიდოს არც ერთ ტექნიკაში ამ ორ ნაბიჯზე მეტი არ არის, და არც ნაკლები.

ფილიპ ვოარინო
1 იანვარი, 2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ushiro-ryo-kata-dori-kokyu-nage/

Categories
სტატიები

საპირისპირონი ერთმანეთს ავსებს

საპირისპირონი ერთმანეთს ავსებს, ესაა აიკიდოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწავლება. „რაც ერთმანეთს უპირისპირდება, ერთ საქმეს აკეთებს“, ჰარმონიას ეს ფასი აქვს.

აიკიდო არის ხელოვენება, რომლის საშუალებითაც ვსწავლობთ კონფლიქტების გადაჭრას ისე, რომ არ მივმართოთ ძალების ფრონტალურ დაპირისპირებას.

აიკიდოს საგანმანათლებლო ნაწილი ფიზიკური სავარჯიშოების ამ დიდი რაოდენობის მიზნითაა შედგენილი, რომლებიც ერთი მოწინააღმდეგის (და ამ სტადიაზე ის სხვა არაფერია, თუ არა პარტნიორი) შეტევის სხვადასხვა ფორმებს წარმოგვიჩენენ და გვასწავლიან, როგორ შევერწყათ ამ შეტევების დროს წარმოქმნილ ენერგიებს, იქნება ეს შიშველი ხელით თუ იარაღით.

ეს სავარჯიშოები ჯერ კიდევ მხოლოდ მოსამზადებელი ტანვარჯიშია, მაგრამ აქ მხოლოდ ეს ჩანს აიკიდოდან და, ზოგადად, მხოლოდ ეს იციან. ის, რაც მერე მოდის, არ ისწავლება და ვისაც შეუძლია, უნდა ასწიოს ისიდას პირსაბურავი. და, სიმართლე ითქვას, აიკიდოს ცოდნა იშვიათად თუ სცდება ამ აუცილებელი, თუმცა კი, სრულიად არასაკმარის სტადიას.  

შერწყმა, ჰარმონიზება (ავასერუ) ნიშნავს, შეუერთო საკუთარი ენერგია მოწინააღმდეგისას ისე, რომ ეს ორი ენერგია აღარ იყოს ერთმანეთის საწინააღმდეგო და მათ ერთი, საერთო ენერგია შეადგინონ. ასეთ დროს შესაძლებელია, წარმართო ეს ენერგია იმ მიმართულებით, საითაც ის აღარ წარმოადგენს საშიშიროებას.

ამისათვის აუცილებელია იმ ენერგიების სპირალების ვიზუალიზაცია, რომლებიც ორ მოწინააღმდეგეს აკავშირებს ურთიერთქმედების მომენტში. გარემოებიდან გამომდინარე, საჭიროა შესვლა (ირიმი) მოწინააღმდეგის სფეროში იმავე სპირალით, რომლითაც ის მოძრაობს, თუმცა ხანდახან შესვლა საჭიროა მისი სპირალის საპირისპირო სპირალითაც.

ვიდეოში ნაჩვენები მოძრაობა მართლაც ორი, ერთმანეთის საპირისპირო ბრუნვის საშუალებით სრულდება და გვიჩვენებს, რომ ორი საპირისპირო მოძრაობა არ არის აუცილებლად და გარდაუვლად კონფლიქტური.

საპირისპირონი ერთმანეთს ავსებს, ეს აიკიდოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლებაა. „რაც ერთმანეთს უპირისპირდება, ერთ საქმეს აკეთებს“, ჰარმონიას ეს ფასი აქვს, დასავლეთში ჰერაკლიტემ დაინახა ეს. აღმოსავლეთში საპირისპიროთა ეს თანამშრომლობა, რითაც შეიქმნა ყველაფერი ბუნებაში, ინისა და იანის კონცეპტებით გამოიხატება:

ამან უნდა დაგვაფიქროს, რომ ნაკლებად მორალურად და ნაკლებად მანიქეველურად შევაფასოთ სიკეთისა და ბოროტების ერთმანეთთან დაპირისპირება.

ფილიპ ვოარინო
25 დეკემბერი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/les-contraires-sont-complementaires/

Categories
სტატიები

კი ნო ნაგარე

ეს კოტე გაეში შესაძლებელი მხოლოდ კი ნო ნაგარეშია, ფორმაში, რომელშიც განგრძობითობა და უკეს ენერგიასთან სინქრონიზაცია უმთავრესია.

უშირო რიოტე დორი კოტე გაეშისადმი მიძღვნილ წინა ორ სტატიაში (სტრატეგია და გადაადგილება), ვიხილეთ, რომ როდესაც უკე ზურგსუკან ავლებს ტორის, გადაადგილება შეიძლება დაიწყოს როგორც წინა, ისე უკანა ფეხით: ტრიალის მიმართულება განსაზღვრავს ამ ორი ოფციიდან ერთი იქნება, თუ მეორე.

მაგრამ ასევე შესაძლებელია კოტე გაშის შესრულება უკეს მიერ ჩავლების დროსაც, იქამდე, ვიდრე ის ტორის ზურგსუკან შესვლას მოასწრებს.

ტექნიკის შესრულების ამგვარი მანერა მოითხოვს, რომ ტორი უნდა დატრიალდეს უკეს შეტევის საპირისპირო მიმართულებით, როგორც კი ეს უკანასკნელი დაიწყება: ეს შეიძლება გაკეთდეს, თუკი მოქმედებას მხოლოდ და მხოლოდ წინა ფეხით დავიწყებთ.

ასეთ დროს წრის ციფერბლატი, რომლისკენაც გადაადგილდება ტორი, განსხვავებულია იმ ციფერბლატისაგან, რომელიც უკეს ზურგსუკან სრულად შესვლისას გამოიყენება, რაც ნორმალურია, ვინაიდან ორივე მხარის ჰანმი კოტე გაეშის დასაწყისში ერთმანეთის საპირისპიროა თითოეულ გარემოებაში.

უკე და ტორი საპირისპირო მიმართულებით ტრიალდებიან:

ეს გარემოება მათ სისწრაფეთა ზრდას განაპირობებს. ტორის მოძრაობა ამით ძალიან მოკლე და სწრაფი ხდება:

ამგვარი კოტე გაეში მხოლოდ კი ნო ნაგარეშია შესაძლებელი, ანუ მუშაობის ფორმაში, რომელშიც განგრძობითობა და უკეს ენერგიასთან სინქრონიზაცია უმთავრესი უნდა იყოს.

ფილიპ ვოარინო
18 დეკემბერი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ki-no-nagare/

Categories
სტატიები

გადაადგილება

იჩი რეი, ში კონ, სან გენ, ჰაჩი რიკი, მთელი აიკიდო ამაშია. აიკიდოში გადაადგილება ყოველთვის წრეში ხდება.

ადამიანი ორ ფეხზე დგას. იდეალურ შემთხვევაში სხეულის წონა თანაბრად ნაწილდება ფეხებს შორის. ერთ ფეხზე არ უნდა მოდიოდეს მეტი წონა, ვიდრე მეორეზე.

სწორედ ამ გაწონასწორებული დგომის დამსახურებაა, რომ მყისიერი გადაადგილების დაწყება შესაძლებელია როგორც წინა, ისე უკანა ფეხით.

აიკიდოში გადაადგილება ყოველთვის წრეზე ხდება. ეს არ გახლავთ ზოგადი კონცეფცია, სავსებით კონკრეტული რამაა.

წრე მართლაც ოთხ ციფერბლატად, 90°-იან ოთხ სექტორადაა დაყოფილი და ესენი გადაადგილების (შიკონ) ოთხი სულია. ცენტრიდან ყოველთვის ერთნაირად მივდივართ თითოეული ამ ციფერბლატისკენ: ტრიალით. გონება მართლაც ერთადერთია (იჩი რეი), თუმცა ტრიალს იანუსივით ორი სახე აქვს: ის შეიძლება მარჯვნისაკენ ან მარცხნისაკენ ტრიალებდეს.

ჰანმის სამკუთხა დგომი მოძრაობის სათავეა (სან გენ). იმის მიხედვით, თუ რომელი ჰანმია, მარცხენა თუ მარჯვენა და იმის მიხედვით, მარჯვნისკენ ვბრუნავთ, თუ მარცხნისკენ, მოძრაობა იწყება ან წინა ფეხით, ან უკანა ფეხით.

წინა სტატიაში (სტრატეგია), კოტე გაეშის ტექნიკა უკანა ფეხით დაწყებული მოძრაობიდან სრულდება. ამან საშუალება მოგვცა ზემოთ განხილულ ციფერბლატში შესაძლო გადაადგილებათა ორი მიმართულებიდან ერთ რომელიმეს დავდგომოდით.

მაგრამ სრულიად შესაძლებელია – ამავე სიტუაციაში – მოძრაობა წინა ფეხითაც დავიწყოთ. ამისათვის საკმარისია, რომ საპირისპირო მიმართულებით დავტრიალდეთ. ეს ჩვენ გადაადგილების მეორე მიმართულებას გვაძლევს. სწორედ ამავე ციფერბლატში ეს მეორე შესაძლო მიმართულებაა ნაჩვენები ვიდეოში:

გადაადგილების ორი შესაძლებლობა ამ ოთხი ციფერბლატიდან თითოეულში ნიშნავს იმას, რომ წრეში მოქმედებისას ყოველთვის არსებობს რვა მიმართულება (ჰაჩი რიკი).

იჩი რეი, ში კონ, სან გენ, ჰაჩი რიკი, მთელი აიკიდო ამაშია.

ფილიპ ვოარინო
11 დეკემბერი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ichi-rei-shi-kon-san-gen-hachi-riki-tout-laikido-est-la/

Categories
სტატიები

კოტე გაეში – სტრატეგია

აიკიდოში არ არსებობს ერთ მოწინააღმდეგესთან შესრულებული ნამდვილი ტექნიკა, თუკი მისი შესრულება სხვა მოწინააღმდეგეების გათვალისწინებითაც არ შეიძლება.

აიკიდო სტრატეგიის ხელოვნებაა.

სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ცოცხალი დარჩეს ბრძოლის ველზე, ეს კი ნიშნავს, რომ გონება ყოველწამიერად უნდა იყოს დაკავებული ოთხი და რვა მხრიდან მომავალი საშიშროებით.

დაამარცხო ერთი მეტოქე და ამავდროულად მოკვდე მეორე მეტოქის დარტყმისაგან არ არის სტრატეგია. ხელის ან მაჯის მომტვრევა უსარგებლოა, თუ სიცოცხლეს ამ საბრალო გმირობის გამო გამოესალმები:

აიკიდოში არ არსებობს ერთი მოწინააღმდეგისათვის განკუთვნილი ტექნიკია, მაშინაც კი, როცა მოწინააღმდეგე ერთია. არ არსებობს აიკიდოს ნამდვილი ტექნიკა ერთ მოწინააღმდეგეზე, თუკი ის არ სრულდება ამავდროულად ყველა სხვა შესაძლო მეტოქეების გათვალისწინებით.

ის, რაც ეფექტურია მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოწინააღმდეგესთან, ის არ არის ეფექტური. ის, რაც ეფექტურია ერთ მოწინააღმდეგესთან, ეფექტური უნდა იყოს ყველა სხვა მოწინააღმდეგესთანაც.  და პირუკუ, რაც ეფექტურია ყველა სხვა მოწინააღმდეგესთან, აუცილებლად ეფექტური იქნება ერთადერთ მოწინააღმდეგესთანაც.

ესაა სტრატეგია და ესაა აიკიდო. არ არსებობს აიკიდოს ტექნიკა სტრატეგიის გაუთვალისწინებლად.სტრატეგია საშუალებას გვაძლევს რამდენიმე შეტევის შემდეგ ცოცხალი დავრჩეთ, მაგრამ მხოლოდ ესეც არ არის. მიამოტო მუსაში წერდა: „ფარიკაობის ჭეშმარიტი ღირებულება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტექნიკითო“, ეს იმას ნიშნავს, რომ ფარიკაობა თავის ღირებულებას ყველა ღირებულების სათავიდან იძენს, სადაც საბრძოლო ტექნიკა მხოლოდ ერთ-ერთია სხვებს შორის. ამიტომაცაა საბრძოლო ხელოვნება ხელოვნება. მებრძოლი თავის ტექნიკას გადარჩენისთვის იყენებს, მხატვარი ხატვისთვის, მუსიკოსი მუსიკისთვის, თუმცა ტექნიკა არც ერთი მათგანისთვის თვისთმიზანი არ გახლავთ, ხელოვნება ტექნიკის მიღმა დგას.

სტრატეგია არ დაიყვანება გადაადგილებამდე, მაგრამ სტრატეგიის გასააზრებლად უნდა გვესმოდეს გადაადგილების პრინციპი, რადგან სტრატეგია უკავშირდება გადაადგილებას, როგორც მხატვრობა უკავშირდება სინათლეს, მუსიკა კი რიტმს.

რიტმი ყველაფერშია, ესეც მუსაშის ერთ-ერთი სწავლებაა. აიკიდო სამთვლიანი რიტმია, სადაც ერთი ციკლის დასასრული ამავდროულად მომდევნოს დასაწყისია: ჰანმი-ირიმი-ტენკანი-ჰანმი, მოძრაობა ამ წრეში ეწერება. ჰანმი, სამკუთხედი, მოძრაობის დასაწყისი და დასასრული, მუსიკალური გასაღებივითაა, ის იძლევა მითითებებსა და მიმართულებებს, ეისენი კი ექვსია და სახელები მე მათ სხვა სტატიაში (Praetendere) დავარქვი: კრიერი, არტიკი, კალაერი, ანატოლი, მეზამბრინი და ჰესპერი. მოძრაობა, რომელიც ამ ექვსი მიმართულებით მიდის, ყოველთვის ერთი და იგივეა, ეს ირიმი-ტენკანია, კვადრატია. ამ კვადრატით ამოძრავდება სამკუთხედი წრეში. ესაა აიკიდოს რიტმი. წინა სტატიაში ვიხილეთ, რომ კოტე გაეში ექვსივე მიმართულებით შეიძლება შესრულდეს, არც მეტი და არც ნაკლები. ვიდეო გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი მიმართულება აკრძალულია. ვიდეო იმასაც გვიჩვენებს, რომ თითო მიმართულება საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ თითო ტექნიკა თითო მოწინააღმდეგეზე, ვაკონტროლოთ მეორე და დავშორდეთ სხვათა შესაძლო შეტევებს, და ეს ყველაფერი ერთი და იმავე მოძრაობით ხდება… ყოველთვის:

ფილიპ ვოარინო
4 დეკემბერი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kote-gaeshi-strategie/

Categories
სტატიები

უშირო რიოტე დორი კოტე გაეში

ვიდეოში ნაჩვენები კოტე გაეში შეიძლება შესრულდეს ექვსი სხვადასხვა მიმართულებით (როპო) და მრავლობითი შეტევების სრული გათვალისწინებით.

ტექნიკა (ილეთი) არ განაპირობებს გადაადგილებას, გადაადგილება არ არის მიბმული ტექნიკაზე, ის არ ახასიათებს რომელიმე ტექნიკას, ჩვენ არ გადავადგილდებით ასე ან ისე იმის მიხედვით, თუ რომელ ილეთს ვასრულებთ.

აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ გადაადგილება ყოველთვის იდენტურია აიკიდოში და არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ ილეთს ვასრულებთ.

რადგან მართლაც, ყოველთვის ორად ორი ხერხი არსებობს ადამიანის წინ 270°-ით გახსნილ წრეზე წასასვლელად, როდესაც ის ჰანმის პოზიციაში დგას: ან საათის ისრის მიმართულებით, ან საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.

სხვა ხერხი არ არსებობს ასამოძრავებლად აიკიდოში.

იმის მიხედვით, ერთ მხარეს ვტრიალებთ, თუ მეორე, ხან წინა ფეხი გადაადგილდება პირველი, ხანაც მეორე. აქაა მარჯვნივ მიმართული ან მარცხნივ მიმართული ბრუნვის უცილობელი შედეგი. ფეხები ერთნაირად გადაადგილდება ყველა გარემოებაში, ისინი ერთსა და იმავეს აკეთებენ, სხვადასხვანაირად ვერც მოიქცევიან და სხეულის ცენტრალური ღერძის ბრუნვას მიჰყვებიან.

რა თქმა უნდა, ტექნიკა შეტევისა თუ ჩავლების ტიპისაგან წარმოიქმნება, რადგან ყველაფერი, ცხადია, შესაძლებელი არ არის ნებისმიერ გარემოებაში. თითოეული გარემოებისთვის გარკვეული რაოდენობის შესაძლო ტექნიკა არსებობს და ისინი ბუნებრივად ჩნდებიან, როდესაც გადაადგილება არის სწორი.

როგორც კი ბრუნვის ორივე მიმართულება იხრება სამი ციფერბლატიდან (270°= 3 x 90°) ერთ-ერთისკენ, ორი ფეხიდან პირველი, რომელიც ამოძრავდება, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადგილას შეგვიძლია დავდგათ და შემდეგ იგივე ემართება მეორე ფეხს, რომელიც მხოლოდ ამის შემდეგ ამოძრავდება. როგორც კი ბრუნვა ექვსი მიმართულებიდან ერთ-ერთით იწყება, ფეხების გადაადგილება ვეღარ შეიცვლება, ის აუცილებლად იგივე იქნება. ფეხები ვერ წავა სხვაგან, ისინი მივა მხოლოდ იქ, სადაც ეს სხეულის ბრუნვითაა განპირობებული.

მეტრონომის ეს მუშაობა, ეს გადაადგილება მუდმივად თავის თავს უდრის და აიკიდოს უცვლელი პრინციპის, ირიმი-ტენკანის შედეგია. თავად ირიმი-ტენკანი ინისა და იანის (ან, იაპონურ კულტურაში, ინ-იოს) პრინციპის განსახიერებაა, რომელიც მთელ სამყაროს შექმნის სათავეშია.

როდესაც აიკიდოს პრინციპს ვაღიარებთ და მას უზენაესობას ვანიჭებთ, როდესაც მას ისე ავამოქმედებთ, რომ მოძრაობას პირადულს არაფერს ვანიჭებთ, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დგება და ტექნიკური ფორმა, რომელიც აქედან ჩნდება, ისეთივე სუფთა და სრულყოფილია, როგორიც უნდა იყოს წესით.

ამ სრულყოფილებას ვერასდროს მივაღწევთ, თუკი ვერ ვხედავთ აიკიდოს გადაადგილებას ერთადერთ პრინციპს. როდესაც თითოეული ილეთისთვის განსხვავებულ გადაადილებას ვეძებთ, გარდაუვლად ვიკარგებით ათასობით შესაძლო ტექნიკური ფორმის დეტალებში. მოძრაობები კი ხელოვნური და არაეფექტური, შესაბამისად, არარეალისტური ხდება.

ვიდეოში ნაჩვენები კოტე გაეში იბადება ბრუნვისაგან, რომელიც თავდაპირველად ტორის უკანა ფეხს აამოძრავებს. ჰიდარი ჰანმის (მარცხენა ჰანმის) დროს ეს ფეხი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ამოძრავდება. მიგი ჰანმის (მარჯვენა ჰანმის) დროს კი იგივე ფეხი საათის ისრის მიმართულებით იწყებს მოძრაობას.

როდესაც ფეხები თავის ადგილასაა, დანარჩენი ყველაფერი მას მიჰყვება აუცილებლად:

იგივე მოძრაობა – რასაკვირველია – ტორის გადაადგილებისათვის გახსნილ ორ ციფერბლატთაგან ნებისმიერ მხარეს შეიძლება შესრულდეს. მაშასადამე, ეს სამ მიმართულებას გვაძლევს. თუ ამას ამ სამ ციფერბლატში სამ შესაძლო მიმართულებას დავუმატებთ (ამჯერად წინა ფეხიდან დაწყებულს), დავინახავთ, რომ ვიდეოში ნაჩვენები კოტე გაეში ექვსი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება შესრულდეს. ამ ექვსი მიმართულებიდან თითოეული სრულიად ჯდება მრავლობითი შეტევის კონტექსტში, როდესაც ტორი ირიმი-ტენკანის წყალობით ყოველთვის ტოვებს სახიფათო ზონას.

ფილიპ ვოარინო
30 ნოემბერი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ushiro-ryote-dori-kote-gaeshi/

Categories
სტატიები

უშირო რიოტე დორი ირიმი ნაგე

როგორ მოექცეს ტორი ზურგში მოწინააღმდეგეს, რომელიც თავადაა მის ზურგსუკან და მის ორივე მაჯაში ჩავლებული აქვს ხელები?

ჰანმის დგომი გასაღებია, რომელიც აიკიდოში შესაძლო გადაადგილებათა ველს აღებს.

ჰანმის დგომიდან ტორის შეუძლია პირდაპირ გადაადგილდეს მის წინ მდებარე წრეზე 270°-ით, თუმცა ვერ გადაიხლართავს ფეხებს, რომ თავისივე ზურგსუკან 90°-იან კუთხეს მიაღწიოს. მომდევნო სტატიში უფრო დაწვრილებით დავუბრუნდებით აიკიდოს გადაადგილების ამ უპირატესობებსა და სპეციფიკურ უხერხულობებს.

ისე მოხდა, რომ ირიმი ნაგეს ტექნიკური სავარჯიშო მოწინააღმდეგის ზურგში შესვლას და მის საყელოში ხელის ჩავლებას მოითხოვს.

მაგრამ როგორ შეუძლია ტორის ზურგში მოექცეს მოწინააღმდეგეს, რომელიც თავადაა მის ზურგსუკან და მის ორივე მაჯაში ხელები აქვს ჩავლებული, მაშინ როცა, ჩვეულებრივ, კუთხის ეს სექტორი მისთვის ძნელი მისადგომია ამგვარ სიტუაციაში?

ამის გასაკეთებლად რამდენიმე ხერხი არსებობს. ერთი მათგანი, ნაჩვენები ამ ვიდეოში, მოითხოვს, რომ უკე საგრძნობლად უნდა გამოვიყვანოთ წინ:

ამგვარი მოქმედება სხეულის ღერძის მძლავრი დატრიალებით მიიღწევა, ისე რომ ამ სტადიაზე ჯერ კიდევ არანაირი გადაადგილება არაა დაწყებული. ამიტომაც ამ მოძრაობის განსახორციელებლად თეძოების დიდი სიმდგრადეა აუცილებელი, რაც თავისთავად კარგი სავარჯიშოა ამ სიმდგრადის განსავითარებლად.

ამგვარად მიცემულ იმპულსს უკე 270°-იან საზღვართან მოჰყავს, რომელიც ტორისა და მისი მანევრის ზღვრულ ველს შეადგენს. ამ შემთხვევაში ამ უკანასკნელს შეუძლია იქ გადაადგილდეს ჰიტო ე მის გახსნის გამოყენებით, რომელიც საშუალებას აძლევს უკეს ზურგსუკან მის საყელში ხელის ჩასავლებად შევიდეს (ირიმი):

ამის შემდეგ მას ისღა დარჩენია, რომ უკეს დასაგდებად თავისი ტაი ნო ჰენკა დაასრულოს:

ფილიპ ვოარინო
20 ნოემბერი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ushiro-ryote-dori-irimi-nage-2/

Categories
სტატიები

მოროტე დორი კოკიუ ჰო

კატატე დორი ტაი ნო ჰენკა მართლაც პირველია, რაც აიკიდოს მოქმედების პრინციპს აამუშავებს. ამ პრინციპს სახელად ირიმი-ტენკანი ჰქვია.

ივამაში ტაი ჯიცეუს გაკვეთილი ტრადიციულად კატატე დორი ტაი ნო ჰენკათი იწყებოდა, შემდეგ მას მოროტე დორი კოკიუ ჰო მოჰყვებოდა. მე ორი ათას საათზე მეტხანს მივარჯიშია ივამას აიკი შურენ დოჯოში მორიჰირო საიტოს მეთვალყურეობით და მას ეს წესი არც ერთხელ არ შეუცვლია.

აესებობს მიზეზიც, რატომ იწყება სისტემატურად ასე აიკიდოს ყველა გაკვეთილი.

კატატე დროსი ტაი ნო ჰენკა მართლაც პირველია, რაც აიკიდოს მოქმედების პრინციპს აამუშავებს. ამ პრინციპს სახელად ირიმი-ტენკანი ჰქვია: სხეულის ცენტრალური ღერძის ტრიალი შედეგად თეძოების ტრიალს იწვევს, ერთის წინისაკენ (ირიმი) და მეორის უკნისაკენ (ტენკან). ესაა სათავე.

მოძრაობა, რომელიც მაჯაში უბრალო ჩაჭიდების შემდეგ სრულდება, უჩვენებს ტორის, რომ მის სხეულს შეუძლია იმოძროას თავისუფლად, მიუხედავად ამ ჩავლებისა. მაგრამ ამ სტადიაზე უკეს არც ვაგდებთ და არც ვაკონტროლებთ, უბრალოდ, ტორი სწავლობს, რომ შესაბამისი გადაადგილებით ის უკესათვის მიუწვდომელ ადგილას მიდის და ამასთან მას წონასწორობასაც აკარგინებს.

მოროტე დორი კოკიუ ჰო ამავე პრინციპის შესრულების მეორე ეტაპია. ჩავლება აქ უფრო მძიმეა – უკეს მაჯას ამჯერად ორი ხელი ევლება, თუმცა ტრიალი ყოველმხრივ ტაი ნო ჰენკას იდენტურია და ბოლოს ის უკეს გდებოთ მთავრდება. ამ დროს ტორი სწავლობს, თუ როგორ დააკარგინოს უკეს წონასწორობა ისე, რომ მერე ის დააგდოს კიდეც.

აიკიდო მთალიანად ამ დიდებულ დასაწყისზე დგას. ყველაფერი, რაც ამას მოჰყვება, ის, რასაც ჩვენ ილეთებს ვუწოდებთ, მხოლოდ და მხოლოდ ის გარეგნული ფორმაა, რომელსაც მოქმედების ეს პრინციპი იღებს, როდესაც ეს პრინციპი იჩენს თავს, როგორც ყველაფერი იწყება ერთი ‘დნმ’-ით, სიცოცხლე კი შემდეგ ნაირნაირ ფორმებს ღებულობს.

მაშასადამე, ტაი ნო ჰენკა და კოკიუ ჰო აიკიდოს გულის, არსის პირველადი გამოხატულებაა. სწორედ ამიტომ უნდა შესრულდეს ყოველი გაკვეთილის დასაწყისში კატატე დორი ტაი ნო ჰენკა და მოროტე დორი კოკიუ ჰო. ამ დაუქანცავი გამეორების წყალობით ერთ მშვენიერ დღეს ხილული ხდება აიკიდოს მოქმედების პრინციპი მოწაფის თვალისთვის.

აიკიდო გაუგებარი რჩება, თუ მას რაოდენობის თვალსაზრისით მივუდგებით, თუ მხოლოდ ამ ილეთების წრეზე დატრიალების მეტს არაფერს ვაკეთებთ, პირიქით, მას უნდა მივუდგეთ ამ ერთიანი პრინციპით, რომელიც ყველა ილეთის სათავეში დევს და რომელსაც ირიმი-ტენკანი ეწოდება.

ფილიპ ვოარინო
6 ნოემბერი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/morote-dori-kokyu-ho/

Categories
სტატიები

ერი დორი ირიმი ნაგე

მარცხენა ჰანმის (ჰიდარი ჰანმი) დგომიდან ორად ორი ხერხი არსებობს სხეულის უკანა მარჯვენა კუთხისაკენ გადაადგილებისათვის.

მარცხენა ჰანმის (ჰიდარი ჰანმი) დგომიდან მარჯვენა უკანა კუთხისაკენ გადაადგილებისათვის ორად ორი ხერხი არსებობს:

  • ან საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, რომელიც უკანა ფეხით  იწყება,
  • ან საათის ისრის მიმართულებით, რომელიც წინა ფეხით  იწყება:

აიკიდოში სხვა ხერხი არ არსებობს ჰიდარი ჰანმიდან ასეთი კუთხით გადაადგილებისათვის.

იმის მიხედვით, თუ რომელი შესაძლებლობა აირჩევა, პირველი თუ მეორე, სხვადასხვა ილეთების საშუალება გვეძლევა.

ყოველთვის უნდა გვქონდეს გონებაში ის აზრი, რომ აიკიდოში გადაადგილება პირველადი რამაა, ტექნიკა მხოლოდ ამის შედეგია, გარემოებაა და ის მეორადი მნიშვნელობისაა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

ვიდეოში ნაჩვენები ირიმი ნაგეც, აქედან გამომდინარე, ერთი იმათთაგანია, რომელიც ბუნებრივად ჩნდება, როდესაც ტრიალს წინა ფეხით ვიწყებთ:

იმის ნათლად გაგება, რომ ყოველ ჯერზე ტრიალის ორად ორი მიმართულება არსებობს ტორის გადაადგილებისათვის ღია სამი ფუნდამენტური კუთხიდან თითოეულში მისასვლელად, საშუალებას გვაძლევს გამოთქმა როპოს აზრს ჩავწვდეთ.

როპო მართლაც ექვს მიმართულებას ნიშნავს, ჰანმი კი სხეულის ნახევარს. ამ ორ სიტყვას ერთი და იგივე მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა ისინი ავსებენ ერთმანეთს. მართლაც, როდესაც სხეული ნახევრად ღიაა აიკიდოსთვის დამახასიათებელ დგომში, რომელსაც ჰანმი ეწოდება, მაშინ შეგვიძლია ექვსი სხვადასხვა მიმართულებით გადავადგილდეთ. ისინი ორ-ორადაა, ერთმანეთის შემავსებლადაა ორგანიზებული სამ სხვადასხვა კუთხეში. როპო არის ტერმინი, რომელიც იმის მისანიშნებლად გამოიყენება, რომ ჰანმის დგომიდან ექვსი გზა არსებობს გადაადგილებისათვის. მაშასადამე, როპო დგომი არაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა ხანდახან ამ მნიშვნელობით იხმარება.

სამაგიეროდ, ჰანმი დგომია და ის ერთადერთი დგომიც კია აიკიდოში. ტერფების სხვა ნებისმიერ განლაგებათა შორის ჰანმი იმიტომ წარმოადგენს ჩვენს ინტერესს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს დგომი ხსნის სხეულს ექვსი შესაძლო მიმართულებით და საშუალებას აძლევს მას მყისიერად გადაადგილდეს ამ ექვსი მიმართულებით. „მყისიერად“ ნიშნავს გადაადგილებას ნებისმიერი შუალედური ბიჯის გარეშე.

ეს თავისებურება უმთავრესია, ესაა მობილობის გასაღები, სწორედ ამის გამო შემოიღო ო-სენსეიმ ჰანმის დგომი 1920-იან წლებში და ამით გამოეყო ის დაიტო რიუს, რომელიც ამას არ იყენებს, ყოველ შემთხვევაში, სისტემატური სახით.

აიკიდო იშვა ჰანმისგან და ჰანმის გარეშე აიკიდო არ არსებობს. მხოლოდ ჰანმი უღებს კარს ექვს მიმართულებას. მანამ, სანამ ეს ექვსი მიმართულება ნათლად და მკაფიოდ არ იქნება გააზრებული, შეუძლებელია ისე გადაადგილება, როგორც ამას ო-სენსეი აკეთებდა და როგორ გადაადგილებასაც აიკიდო მოითხოვს.

ფილიპ ვოარინო
30 ოქტომბერი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/eri-dori-irimi-nage/