Categories
ტატამს მიღმა

ღია წერილი იეჰუდა ლანკრის

ისრაელის ყოფილ ელჩს საფრანგეთსა და გაეროში.

გამარჯობა, იეჰუდა,

ადამიანის უმწეობა იმ მოვლენების წინაშე, რომლებიც მას უსაზღვროდ აღემატება, საძნელო გრძნობაა, მაგრამ ერთი ადამიანი, რასაკვირველია, არაა დამნაშავე, რომ ვერ პოულობს წამალს მსოფლიოს დამანგრეველი სიღატაკისაგან განსაკურნებლად. ლიბანის განადგურება ისრაელის არმიის მხრიდან 2006 წლის აგვისტოში ისტორიის ამ ფენომენთა ნაწილს შეადგენს, რომლის პირისპირაც ადამიანი გრძნობს, რომ მისი ძალა მტვრის მარცვლის ხელაა. თუმცა მტვრის ამ მარცვლებსაც თავ-თავიანთი ისტორია აქვთ.

სამოცდაათიანი წლების მიწურულს ჩვენმა ერთობლივმა ლექციებმა ნიცის უნივერსიტეტში და უთუოდ აზროვნების ერთგვარმა მსგავსებამ დაგვაახლოვა ფილოსოფიის ერთ თავისებურ ლექტორთან და საშუალება მოგვცა, მასთან მეგობრული ურთიერთობა დაგვემყარებინა. მერე ყველა ჩვენგანი თავის გზას დაადგა. შენ დიპლომატიური კარიერა აირჩიე და ყურს გიგდებენ როგორც შენს საკუთარ ქვეყანაში, ისე უცხოეთში. მე იაპონიის სიღრმეში გავეშურე და ვისწავლე ხელოვნება, რომელსაც აიკიდო ეწოდება. სხვადასხვა ქვეყნებში ვასწავლი და უკვე ათ წელზე მეტია, რაც ხშირად დავდივარ ლიბანში ამ ხელოვნების განსავითარებლად. კარგად ვიცნობ ამ ქვეყანას, მოწაფეები მყავს იქ, მეგობრები, ქრისტიანებიც და მუსულმანებიც. ერთი მხრივ შენთან, ისრაელის წარმომადგენელთან დამყარებული მეგობრული ურთიერთობები და, მეორე მხრივ, ის კავშირები, რომლებიც გავაბი ჩემს ლიბანელ მოწაფეებთან და მეგობრებთან, და, ზოგადად, გარემოებები დღეს სიტყვით გამოსვლისკენ მიბიძგებს. რადგანაც აიკიდო მხოლოდ დოჯოში არ კეთდება, ის მსოფლხედვასა და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებსა და მიდგომებს აყალიბებს. ამიტომ, ამგვარი სტატია რაც უნდა უცნაურად ჩანდესა ამ ინტერნეტსაიტზე, თემას დაშორებული მაინც არ არის.

როდესაც 1941 წელს იაპონია მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო, აიკიდოს შემოქმედმა, მორიჰეი უეშიბამ პროტესტი იმით გამოხატა, რომ ყველა იმ ოფიციალური თანამდებობაზე თქვა უარი, რომლებიც საბრძოლო ხელოვნებები ეროვნული ადმინისტრაციის წიაღში ეჭირა, დატოვა ტოკიო და საცხოვრებლად და თავისი ხელოვნების სასწავლებლად ერთ უბრალო სოფელში გადავიდა. აიკიდო საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც გვასწავლის მართლაც, რომ დიდი სიბეცეა გჯეროდეს, რომ კონფლიქტების გადაჭრის გზა ფრონტალურ შეტევასა და სხვის განადგურებაზე გადის. ამ სიბეცემ მიიყვანა იაპონია ყველასთვის ცნობილ კატაკლიზმამდე და მოსახლეობის ერთი ნაწილის საზარელ პირობებში განადგურებამდე, სამხედრო ოკუპაციამდე და წინაპართა კულტურის ამოძირკვამდე. აიკიდო სამყაროს ნათელ ხედვას ემყარება, კონფლიქტთა გადაწყვეტა საპირისპიროთა (რაც სინამდვილეში ერთმანეთის შემავსებლებია) ერთიანობაზე, წყლისა და ცეცხლის ერთიანობაზე გადის. ვიცი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფრაზაა და რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, რა აზრი უნდა ჩავდოთ ამ სიტყვებში. ინტელექტუალური სპეკულაცია არ არის საკმარისი იარაღი ესოდენ ღრმა ჭიშმარიტების შესაცნობად. მაგრამ მე შემიძლია აიკიდოს წყალობით გაჩვენო, როგორ მესმის ეს სიტყვები. ადრე თუ გვიან სხვისი განადგურების სურვილი, იქნება ეს ხმლით თუ ყუმბარების ხალიჩის ქვეშ, ამ არჩევანის გამკეთებელს უკან მიუბრუნდება. მინდა, ყველას კარგად ესმოდეს, მე ამას მორალური თვალსაზრისით არ ვამბობ. მორალური თვალსაზრისი დაბრკოლებაა სამყაროს ჭეშმარიტი ჭკუისთვის. მე ამას რეალურობის პრინციპის თვალსაზრისით ვამბობ. რეალობა კი ისაა, რომ სამყარო დაპირისპირების უხეში ძალისგან სრულიად განსხვავებული კანონებით მუშაობს. მთიდან ჩამოსული წყალი დიდ ლოდებს კი არ გადააადგილებს, არამედ გვერდს უვლის, იქ უტევს, სადაც კონსისტენცია ყველაზე ნაკლებია. სწორედ ამგვარად აღმოჩნდებიან ერთ დღესაც ვაკე ადგილას. მოქნილობა უხეშობას სჯაბნის. სამყაროს კანონების არდაცვა მის შეწინააღმდეგებას ნიშნავს. ლიბანში შესვლით ისრაელი ჰეზბოლას არ დაპირისპირებია ბრძოლით, ისრაელი გაუაზრებლად და ბრძოლით დაუპირისპირდა პრინციპს, რომლის მიხედვითაც სამყაროში ყველაფერია ორგანიზებული. რაგინდ დიდი იყოს იმის ძალა, ვინც ამგვარად მოქმედებს, რაც არ უნდა არათანაბარი იყოს ბრძოლა, ის ვერ იქნება გამარჯვებული. და ლეგიტიმურობას ამასთან საერთო არაფერი აქვს. ძალიან შორსა ვარ იქიდან, იეჰუდა, რომ ვინმეს მივემხრო, ვთქვა, რომელია სწორი გზა და ვინ არის მართალი, ავირჩიო ერთი ბანაკი და დავგმო მეორე. ვერაფერი ვერ ამართლებს იმას, რომ ბავშვები იხოცებიან ადამიანის მიერ გავლებული საზღვრის რომელ მხარესაც არ უნდა იყოს ეს. მაგრამ იმდენჯერ ამოიღეს ხმა მაშინ, როცა დუმილი აჯობებდა ყველაფერს, რომ მე ვერ დავრჩები დამუნჯებული დღეს, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ სიტყვა მაქვს საიმისოდ, რომ არ ვიყო უსარგებლო.

ამ რამდენიმე ხაზს ისე ვისვრი ინტერნეტში, როგორც ბოთლს ისვრიან ხოლმე ზღვაში, ისე, რომ არც ვიცი, ჩაგივარდება თუ არა ხელში, თუმცა, იმედს ვიტოვებ, რამენაირად მოაღწევს შენამდე. გზები, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, ყოველთვის სწორი და პირდაპირი არ არის. გითვლი მოკითხვას და გამოვთქვამ სურვილს, შთაგონებული იყო იმ მარადიული კანონებით, რომლებიც სამყაროს მართავს, იმისათვის, რომ ხელი შეუწყო ამ კონფლიქტის დასრულებას.

ფილიპ ვოარინო, ანტიბი, 2006 წლის აგვისტო

სტეფანო მაფის ფოტო ლიცენზიით CC-BY-NC-ND