Categories
სტატიები

კი მუსუბი ნო ტაჩი – ხმლის გაკონტროლების მიზეზი

მხოლოდ 4 მიმართულებიან პრაქტიკას შეუძლია მოხსნას ელემენტარული, ერთმიმართულებიანი პედაგოგიური სავარჯიშოს ესოდენ თვალში საცემი ლოგიკური შეუსაბამობები.

კი მუსუბი ნო ტაჩის სავარჯიშოში მესამე დარტყმის შესრულების შემდეგ, ანუ თავისკენ მიმართული იოკომენის შემდეგ საიტო სენსეის სასწავლო მეთოდი მოითხოვს უკე ტაჩისაგან, რომ მან დაასრულოს ეს იოკომენი კონტროლით უჩი ტაჩის ხმლის ზურგის ნაწილზე, ვიდრე უკანასკნელ მოძრაობაზე გადავიდოდეს:

ყველა მოწაფე იმეორებს ამას კეთილსინდისიერად და ეს კარგია.

ზოგჯერ ვინმე დასვამს ხოლმე შეკითხვას იმ მოწინააღდეგის ხმლის გაკონტროლების აუცილებლობის შესახებ, რომელსაც ის-ისაა თავი მოვაჭერით.

პასუხი ის გახლავთ, რომ მართლაც, არაფითარი საფუძველი არ არსებობს ამის გაკეთებისა იმ მოწინააღმდეგესთან, რომელიც ეს-ესაა დავარტყით, ვინაიდან ის უკვე გამოეთიშა ბრძოლას და მისი ხმალი არავითარ საშიშროებას აღარ წარმოადგენს ჩვენთვის.

მაშინ რისთვისღაა საჭირო ეს კონტროლი?

ქვევით წარმოდგენილი ვიდეო საშუალებას გვაძლევს გავიგოთ მიზეზი, რომელიც უჩი ტაჩის ხმლის კონტროლის უკან იმალება:ეს ვიდეო ჩემთვის ცოტათი განსაკუთრებული მოგონებაა, იმიტომ რომ იმ მომენტის დაჭერას ჰგავს, როდესაც მივხვდი ამ კონტროლის არსებობის მიზეზს, ეს კონტროლი მექანიკურად რამდენიმე ათასჯერ მაინც შემისრულებია კი მუსუბი ნო ტაჩის ოცდაათწლიანი რეგულარული პრაქტიკის განმავლობაში:

აქ საჭიროა, გავიხსენო, რომ მე დიდი პრივილეგია მხვდა წილად ივამა რიუს სწავლების თვალსაზრისით, იმ გაგებით, რომ დიდხანს ვიცხოვრე ივამაში, რომ მორიჰირო საიტოს უშუალო მოწაფე ვიყავი 16 წლის მანძილზე, 1986-დან 2002 წელს, მის გარდაცვალებამდე, და რომ მან გადმომცა უმაღლესი წოდება, რაც მისი სწავლების მეთოდის ფლობას ადასტურებდა და ამაში, განსაკუთრებით, აიკი-კენისა და აიკი-ჯოს ხუთი მოკუროკუ იგულისხმება.

უთუოდ დრო კიდევ მჭირდება ამ ყველაფრის არსის გასაგებას, მაგრამ ეს მაინც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ივამას მეთოდის ფლობა, მისი სწავლება და სხვებისთვის გადაცემა ისე, რომ ადამიანს არ ესმოდეს, რას აკეთებს. შესაძლებელია, ადამიანმა შესანიშნავად იმეოროს მეთოდი ისე, რომ თან აიკიდოსი არაფერი გაეგებოდეს.

იმისათვის, რომ აიკიდომდე მივაღწიოთ, არსებითია, რომ მეთოდი ვაგშიფროთ, ამისათვის კი თითოეული საბაზო სავარჯიშო უნდა შევისწავლოთ ოთხი მიმართულებით. მხოლოდ ამ ოთხი მიმართულებით შესრულებული პრაქტიკა მოგვცემს საშუალებას მოვხსნათ ერთმიმართულებიანი პედაგოგიური სავარჯიშოს ესოდენ თვალში საცემი ლოგიკური შეუსაბამობები:

სრულიად აუცილებელია ამის გაკეთება, თუკი გვინდა გავიგოთ, რომ აიკიდო არ არის მთელი ცხოვრების მანძილზე წრფივი, სასკოლო და რუტინული სავარჯიშოების მონოტონური გამეორება.პასუხი, რომელიც უნდა გაეცეს იმას, ვისაც არ ესმის, თუ რატომ გვავალდებულებს მეთოდი, გავაკონტროლოთ მკვდარი მოწინააღმდეგის ხმალი, შემდეგია – ეს კონტროლი სინამდვილეში განკუთვნილია მომდევნო მოწინააღმდეგისათვის, მას შემდეგ, რაც უკე ტაჩის ხმალი გაივლის და გადაკვეთს წინა მოწინააღმდეგის თავს:

ამის გასაკეთებლად რამდენიმე მოწინააღმდეგეა საჭირო და რაკი მეთოდის სავარჯიშოში მხოლოდ ერთი მეტოქე გვყავს, იმავე პარტნიორს, რომელსაც თავს ვკვეთთ, სიმულაციას ვუკეთებთ ხმლის კონტროლისა, უბრალოდ, სხვა გზა არ არის.

ეს საშუალება გამონახა საიტო სენსეიმ იმისათვის, რომ ხმლის პრაქტიკის ამ ელემენტის ცოდნა არ დაკარგულიყო. რას ვიზამთ, თუკი ასეთი შეუსაბამობაა მეთოდის სტადიაზე, ტექნიკის მექანიკური გამეორება, თუგინდ ის გაუაზრებლად შესრულდეს, საშუალებას გვაძლევს გადავარჩინოთ და შევინახოთ ინფორმაცია. არსებითია ცოდნასთან მისასვლელი გზის დაცვა, ვინც ეძებს, ის იპოვის, ხოლო ვისაც შეუძლია, ის ჩასწვდება კიდეც მის არსს, საიტომ თავისი საქმე გააკეთა და ამისთვის დიდი მადლობა მას.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ki-musubi-no-tachi-la-raison-du-controle-du-sabre/

Categories
სტატიები

კი მუსუბი ნო ტაჩი – 4 მოწინააღმდეგე

კი მუსუბი ნო ტაჩის სავარჯიშოში 4 დარტყმაა. ამ დარტყმათაგან თითოეული სხვადასხვა მოწინააღმდეგისთვისაა განკუთვნილი. ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს არ ურტყამენ 4-ჯერ ზედიზედ.

კი მუსუბი ნო ტაჩის სავარჯიშოში ოთხი დარტყმაა. ამ დარტყმათაგან თითოეული სხვადასხვა მოწინააღმდეგისთვისაა განკუთვნილი. იაპონური ხმლით ზედიზედ ოთხჯერ არ ურტყამენ ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს.სავარჯიშოში ოთხჯერ ვურტყამთ ერთსა და იმავე ადამიანს, მაგრამ აქ ის პარტნიორია, აქ სიტუაციას ვქმნით სწავლისა და ვარჯიშისათვის. აქ

არ არის ჭრის ფორმები ისეთი, როგორიც საბრძოლო გარემოებათა რეალობაში გვხვდება. და ამის უპირველესი მიზეზი ის გახლავთ, რომ საბრძოლო სიტუაციაში არ არის მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე, არამედ რამდენიმეა და ისინი ერთდროულად გვიტევენ. ასეთ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კუმიტაჩიში ნასწავლი დარტყმების გამოყენება, რასაკვირველია, მაგრამ ამჯერად სხვადასხვა მხარეს, იქით, საითაც დანარჩენი მოწინააღმდეგეები არიან. სწორედ  ამას გვიჩვენებს ვიდეო.

ცხადია, სავალდებულოა თავიდან კი მუსუბი ნო ტაჩის კეთება ხაზზე, ერთ პარტნიორთან, რადგან უამისოდ ვერ ვისწავლით სხვადასხვა მხარეს დარტყმების მოძრაობებსა და რიტმს, მაგრამ აუცილებლად უნდა განვთავისუფლდეთ იმ აზრისაგან, რომ კუმიტაჩი რეალურ სიტუაციაშიც შეიძლება შესრულდეს ასე, ამ სახით: ის არ შექმნილ-გააზრებულა ამისათვის, ის დამუშავდა და დაიხვეწა აუცილებელი მოძრაობების ასათვისებლად, რომლებიც შემდგომში ოთხი მიმართულებით როტაციული მუშაობის საშუალებას მოგვცემს. კუმიტაჩი არ არის ბრძოლა, ის აიკი-კენის ყოველგვარი მომავალი პრაქტიკის მხოლოდ და მხოლოდ წინამორბედი სასწავლო სავარჯიშოა.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ki-musubi-no-tachi-4-adversaires/

Categories
სტატიები

აიკი კენი – მიგი ავასე

მიგი ავასე არის სავარჯიშო, რომელიც შეიძლება შესრულდეს მაშინაც, როდესაც შეტევა იწყება უკნიდან.

მიგი ავასეს სავარჯიშო ძირითადად სრულდება იმ პირობებში, როდესაც ორი პარტნიორი ერთმანეთის პირისპირ დგას, თუმცა ეს არ არის ერთადერთი შესაძლო განლაგება.

ამ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ მიგი ავასე შეიძლება შესრულდეს უკნიდან მომავალ ხმალზეც (მიგი ჰქვია იმიტომ, რომ მოძრაობა მარჯვენა ფეხს უკავშირდება, როგორიც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგეთა საწყისი პოზიციები):

ეს მნიშვნელოვანია: უკე ტაჩის საწყისი დგომი ყოველთვის სამკუთხედია (სანკაკუ) და მას ჰანმის უწოდებენ, თუმცა ჭრის მომენტი ყოველთვის ოთხკუთხედია (შიკაკუ) და მას კენკა გოში ეწოდება. მხოლოდ ჭრის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს სხეული ჰანმის და ამით დაშორდეს უკეს, ანუ გამოაძროს ხმალი მოწინააღმდეგის სხეულიდან, თუკი მისი ჭრა რეალურია და ამით აღიდგინოს სამკუთხა პოზიცია, რომელიც ახალი მოძრაობის დასაწყებადაა აუცილებელი:

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/aiki-ken-migi-awase/

Categories
სტატიები

კოტე გაეში – უწყვეტი მოქმედება

აიკიდოს გაგება მოითხოვს, რომ ყველა მოძრაობა ტორის გარშემო უნდა იყრიდეს თავს და რომ სპირალი ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი.

წინა სტატიაში უძრავი მოქმედება, ირიმი ნაგეს მაგალითზე ვნახით, რომ მოქმედების მოტორი უძრავია და ის იმიტომაცაა უძრავი, რომ მას ამ მოქმედების გრავიტაციული ცენტრი უჭირავს: სწორედ ამ ადგილას უნდა იყოს ტორი, რომ მან მოძრაობა წარმართოს.

ქვემოთ, ვიდეოში იგივე პრინციპია ნაჩვენები, მაგრამ ამჯერად კოტე გაეშის მაგალითზე:

ერთი რამ კარგად უნდა გვესმოდეს: როდესაც აიკიდოს მოძრაობა იწყება, რომელიც არ უნდა იყოს ის, ეს სპირალი აუცილებლად უნდა მივიდეს დასასრულამდე. შეუძლებელია, დაიწყო სპირალი ერთი მიმართულებით, გაჩერდე შუა გზაში და გააგრძელო საპირისპირო მიმართულებით. თავად აიკიდოს პრინციპი, რომელიც მოითხოვს, რომ ტორი მოძრაობის ცენტრში იყოს და რომ უკე მოძრაობდეს პერიფერიაზე, კრძალავს ამგვარ მოქმედებას.

გარდა იმისა, რომ ეს პრინციპს ეწინააღმდეგება, ამგვარი პრაქტიკა საშიშია, რადგან არსებობს ე. წ. „მკვდარი მონაკვეთი“, როდესაც ტორი წყვეტს თავის ბრუნვას, რათა საპირისპირო მხარეს დატრიალდეს, ამ დროს კი უკეს შეუძლია აღიდგინოს წონასწორობა და კონტრ-ტექნიკაზე გადავიდეს. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, რომ სპირალი უწყვეტად მივიყვანოთ თავის ბუნებრივ დასასრულამდე, ვიტრიალოთ იმავე მიმართულებით, ბოლომდე და თავიდან ავიცილოთ ამ ბრუნვითი მოძრაობის ყოველგვარი წყვეტა:

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო : https://www.aikidotakemusu.org/kote-gaeshi-laction-continue/

Categories
სტატიები

შიჰო ნაგე – Spira mirabilis

ისწავლეთ, როგორ შეასრულოთ შიჰო ნაგე ისე, რომ მიაღწიოთ იდეალური ძალისა და უსაფრთხოების მდგომარეობას ლოგარითმული სპირალის წყალობით.

შიჰო ნაგეს სპირალი ლოგარითმული სპირალია, ჰომითეტიაა, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ მის წერტილს მუდმივი კონტაქტი აქვს ყველა დანარჩენთან, აქედან გამომდინარე კი ის მკაცრად ერთნაირ გზას გადის სივრცეში. “Eadem mutata resurgo“, მე კვლავ ვიბადები ჩემივე თავის თანასწორი, აი როგორ აღწერს ამ შესანიშნავ მრუდს ჟაკ ბერნული.

აიკიდოში მოვარჯიშისათვის ეს მათემატიკური კანონი იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არა აქვს, შიჰო ნაგე სრულდება ჯოს, კენის, თუ შიშველი ხელის შეტევის პასუხად. როგორიც არ უნდა იყოს გარემოებები, შიჰო ნაგეს სპირალი მუდამ ერთი უნდა იყოს და დასრულდეს ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას, უცვლელად, ზუსტად უკეს ზურგსუკან:

ტორის მოძრაობის მრუდი საპირისპირო მიმართულებით მიჰყვება სპირალის ზრდას, ის ამ სპირალის თავდაპირველი წერტილიდან იწყება და ბოლოს თავის დასაწყისს უბრუნდება.

ეს დასაწყისი გეომეტრიულად უკეს ვერტებრალური ღერძის შუაგულში მდებარეობს და ამ ღერძისთვის წონასწორობის დასაკარგინებლად არსებითია, რომ სპირალის ძალა მივიყვანოთ და თავი მოვუყაროთ ზუსტად ამ წერტილში. ამისათვის კი უნდა გავაგრძელოთ ბრუნვა შორს, უკეს ზურგისკენ.

მაგრამ მეთოდი მოძრაობის ამ ასპექტს არ გვიჩვენებს, პირიქითაც კი, ის მოითხოვს, რომ ტორიმ შეწყვიტოს თავისი ბრუნვა უკეს გვერდით, რათა ამ უკანასკნელს უსაფრთხოდ ვარდნის საშუალება მისცეს. ამგვარი პრაქტიკა, რომელიც პედაგოგიკის ზოგერთ მოთხოვნას პასუხობს, შესაძლებელია გარკვეულ პირობებში (კატატე დორი, შომენ უჩი, იოკომენ უჩი…), მაგრამ მისი შესრულება შეუძლებელია სხვა პირობებში, ჯო დორის დროს, მაგალითად, ან როდესაც უკეს ორივე ხელი დაჭერილია, როგორც ნაჩვენებია ეს წინა ტექნიკურ სტატიაში, ისევე როგორც წინამდებარე ვიდეოში:

ის ამბავი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შიჰო ნაგეს შესრულება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუკი ტრიალის ბოლოს უკეს ზურგსუკან შევალთ, რათა ძალისა და უსაფრთხოების იდეალურ პოზიციაში აღმოვჩნდეთ, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ შესრულების ამგვარი მანერა უნივერსალური პირობაა ყველა შიჰო ნაგესათვის, როგორიც არ უნდა იყოს ის. მართლაც, სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ მიმართება ლოგარითმული სპირალის წერტილებს შორის არ არის მუდმივი, რომ ის შეიძლება განსხვავდებოდეს გარემოებების მიხედვით… ეს კი მაშინ მათემატიკის კანონის უარყოფა იქნებოდა.

ამას აბსურდით დემონსტრაცია ეწოდება: აბსურდია იმის თქმა, რომ ლოგარითმული სპირალი არაა უცვლელი, ან შიჰო ნაგეს შესრულება ხან ერთი გადაადგილებით შეიძლება და ხან მეორეთი, იგივე იქნებოდა გვეთქვა, რომ ლოგარითმული სპირალის უცვლელობა დაცული არ არის, რაც აბსურდია. ო-სენსეის გადაადგილების მკაცრი გეომეტრიული
ასპექტის უფრო სრულ კვლევას იპოვით, თუკი წაიკითხავთ ან გადაიკითხავთ ტექნიკურ სტატიას, სახელად „აქვს თუ არა აზრი ო-სენსეის სიტყვას #2″.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/shiho-nage-spira-mirabilis/

Categories
სტატიები

შიჰო ნაგე – გარამუ

უკეს ხელის ჩახვევა, მეორეში ჩავლება კვანძის შესაქმნელად, გარამუ. გდება უფრო ეფექტურია, თუკი ბოლო ნაბიჯს უკეს ზურგსუკან ვდგამთ.

შიჰო ნაგეს საბაზო ფორმა უკეს ერთ-ერთი ხელის მისკენვე ჩახვევით ხორციელდება.

ამ საბაზო ფორმის ვარიაცია (ჰენკა ვაზა) ტრიალისას უკეს მეორე ხელის ჩავლებაში მდგომარეობს, რაც საშუალებას გვაძლევს ნამდვილი ნასკვი (გარამუ) შევკრათ მისი ხელებით, ჯუჯი გარამის მსგავსად. გდება ამით უფრო ეფექტური და უფრო სახიფათო ხდება უკესათვის, რომლის ორივე ხელი დატყვევებულია ვარდნის მომენტში (ამიტომაც ჩნდება ზომიერებისა და კონტროლის აუცილებლობა ამ ილეთის კეთებისას ვარჯიშის დროს). სწორედ ეს ფორმაა ნაჩვენები ვიდეოში:

უკეს მეორე ხელის ჩავლება იმ დროსაა საჭირო, როდესაც ტორი მის პირველ ხელს წევს ზევით, არც უფრო ადრე და არც უფრო გვიან:

ეს ვარიაცია საშუალებას გვაძლევს, გადავამოწმოთ შიჰო ნაგეს ბრუნვის ბოლომდე, უკეს ზურგსუკან მიყვანის აუცილებლობა. ეს ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელი ხდება სხეულის ჰიტო ე მით გახნის შედეგად, მართლად ერთადერთი ხერხია საიმისოდ, რომ უკეს ხელებისაგან წარმოქმნილი ნასკვი სწორად „შევკრათ“, ანუ შევკრათ სხეულის ბრუნვით და არა მხოლოდ ტორის ხელების კონთოვანი ღონით:

ის, რაც ბევრჯერ გვინსახავს ამ საიტზე, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება: შიჰო ნაგეს, როდესაც ის პედაგოგიური მეთოდით ისწავლება, ბოლო ნაბიჯი აკლია სისტემატურად. ეს ნორმალურია სწავლებისას, რაც გამარტივებას (და, გარკვეულწილად, დამალვა-დაფარვას) წარმოადგენს, მაგრამ მეთოდისთვის დამახასიათებელ ამ მანერას ერთ დღესაც უნდა გავცდეთ, თუ გვინდა, რომ აიკიდოს მივუახლოვდეთ.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/shiho-nage-garamu/

Categories
სტატიები

უძრავი მოქმედება

მოქმედების მოტორი უძრავია, იმიტომ რომ მას ამ მოქმედების მიზიდულობის ცენტრი უჭირავს, სწორედ ასეთ ადგილას უნდა იყოს ტორი.

‘ერთ ბორბალში ოცდაათი სპიკია,

მაგრამ ეტლს მათ შორის სიცარიელის გამო ხმარობენ.’

– ლაო ძი – დაო დე ძინი

მოქმედების ძრავა უძრავია, ის უძრავია, რადგან მას ამ მოქმედების ცენტრი უჭრავს და სწორედ ასეთ ადგილას უნდა იყოს ტორი, რომ წარმართოს მოქმედება.

თუმცა მეთოდის სწავლებაში ირიმი ნაგეს მოძრაობა ისე ისწავლება, რომ ტორი გადაადგილდება უკეს გარშემო, რათა მის ზურგუკან აღმოჩნდეს და შემდეგ ამგვარად დააგდოს. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ უკეს უჭირავს მოქმედების ცენტრი:

ასეთი თვალში საცემი წინააღმდეგობა თავად აიკიდოს პრინციპთან კარგად გვიჩვენებს, რომ მეთოდი გაგებულ უნდა იქნეს, როგორც აუცილებელი პედაგოგიური ეტაპი და რომ აიკიდოდ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიჩნეოდეს. მეთოდის შემდეგ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი აიკიდოს აღმოსაჩენად და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ტაკემუსუ აიკიდოზე ლაპარაკი.


აიკიდოს საკეთებლად ტორიმ საქმეში უნდა ჩართოს ირიმი-ტენკანის პრინციპი, რაც თავისივე სხეულის ვერტიკალური ღერძის ბრუნვაში მდგომარეობს. ირიმი-ტენკანი გამოიხატება ტაი ნო ჰენკათი, თუკი განსხეულებულად გვინდა დავინახოთ ეს. თუკი ტორის აიკიდოს პრინციპის დაცვა უნდა, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადიოდეს უკეს გარშემო ნაბიჯებით. ტორი არ დადის, ის მხოლოდ მუდმივად ტრიალებს თავისი ღერძის გარშემო და სწორედ ამაში მდგომარეობს გამოთქმის აზრი – „უფეხებოდ სიარული“ – რომელსაც ოსტატი ნაკაძონო იყენებდა. ასეთ დროს უკე ტორის ბრუნვით მოძრაობას მიჰყავს და მის გარშემო ტრიალებს, რასაც ფიზიკაში კუთხურ სიჩქარეს უწოდებენ:

ერთ დღეს, ივამაში, ერთმა მოწაფემ საიტო სენსეის დაუსვა შეკითხვა, რომელიც დამახასიათებელია შესწავლის იმ პერიოდისთვის, როცა ადამიანს არ ესმის, რომ ასეთი შეკითხვის დასმას აზრი არ აქვს, თუკი ცოდნის გზაზე გარკვეული მანძილი არ გაქვს გავლილი. გულუბრყვილოდ ჰკითხა, რა არის აიკიდოს საიდუმლოო. საიტო სენსეიმ მკვირცხლად მიუგო, აიკიდოს საიდუმლო… აქ არის, უბრალოდ და მარტივად, თქვენს ფეხებთანო. აიკიდოში მუშაობის მთავარი აზრი გადაადგილების პრინციპის გაგებაში მდგომარეობს. თუ ეს გადაადგილება გაგებული და შესრულებული იქნება, ტექნიკა, ილეთები სპონტანურად დაიბადება, რადგან ისინი ამ გადაადგილების როტაციულ ლოგიკაში ეწერებიან და იქიდან ბუნებრივი შედეგის სახით ჩნდებიან. სწორედ აქედან ამოჩქეფს ტაკემუსუ აიკის სასწაულებრივი სამყარო, რომელზეც ო-სენსეი ლაპარაკობს. თავისთავად ცხადია, რომ საიტო სენსეის პასუხი ჰერმეტული დარჩა იმხანად იმ მოწაფისთვის.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/laction-immobile/

Categories
სტატიები

პოლიტიკური აიკიდო

შემოუტრიალო ფიზიკური ძალადობის სიტუაციას იმას, ვინც იწყებს ამ ძალადობას, თან ისე, რომ ფიზიკურად არ შეეწინააღმდეგო მის ძალას.

მოვისმინე, როგორ განმარტავდა რადიოში მებრძოლი ეკოლოგისტი, ჟონ პალე, ჩემი არაძალადობრივი ბრძოლა პლანეტის გადასარჩენად პოლიტიკური აიკიდოს ერთგვარი ფორმააო. რადგან ძალადობითვე უპასუხო მძლავრი და დომინანტური ეკონომიკური სისტემის ძალადობას, იგივეა გამოიყენო იგივე იარაღები, რაც მას აქვს, ოღონდ თან არ გქონდეს შესაბამისი საშუალებები. ეს წამოწყება თავიდანვე განწირულია მარცხისათვის. პალე შთაგონებას განდის მოქმედებისაგან იღებს.

ეს პოზიცია მაინტერესებს, რასაკვრიველია. წლებია, ვცდილობ სამყარო იმ ჭრილში დავინახო, რომელსაც აიკიდოს პრინციპის შესწავლა მაძლევს და მაინტერესებს, როგორ ჩამოყალიბდება ევროპაში პოლიტიკური აიკიდოს ჯერ კიდევ განსასაზღვრი ფორმები.

ვიდრე ეს დღე დადგებოდეს, ვსარგებლობ წინამდებარე ტექნიკური სტატიით, რათა ვაჩვენო, როგორ შეიძლება შემოუტრიალო ფიზიკური ძალადობის სიტუაცია იმას, ვინ იწყებს ამ ძალადობას და თან ისე, რომ ფიზიკურად არ შეეწინააღმდეგო მის ძალას.

მოწინააღმდეგის შეტევის თვით პროცესი ქმნის გარდაუვალ ბუნებრივ სიცარიელეს, რომელშიც ის ყოველთვის შეიძლება შევიდეს, ცხადია, თუკი შესაბამის მომენტს დაიჭერ:

ეს შესვლა ყოველთვის უნდა განხორციელდეს ბრუნვით. ვიდეოში ნაჩვენებ მაგალითში ბრუნვის მიმართულება შეტევის დინამიკის საპირისპირო მიმართულებით ხორციელდება.

მოძრაობის დასასრულებლად გამოყენებულ ტექნიკას სახელად უჩი კაიტენ სანკიო ჰქვია.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/aikido-politique/

Categories
სტატიები

აიკიდო – მაგიური

ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური სავარჯიშოები, იარაღით იქნება ეს, თუ უიარაღოდ, ერთნაირად დაშიფრული მესიჯებია.

შარლ კარტინი იყო მკვლევარი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მუშაობდა ცნობილი ჯადოსნური კვადრატის, იმავე წმინდა კვადრატის, სატორის ინტერპრეტაციაზე:

იგი გახლდათ ლათინისტი, რომელმაც გვიჩვენა, თუ როგორ შეიძლება გაიშალოს იერატიკული ფორმულის სახით არსებული იდუმალებით მოცული წარწერა satorarepotenetoperarotas. მისი წყალობით დადგინდა, რომ კვადრატი კრიპტოგრამაა, რომელიც თავის თავში წმინდა ისტორიას მალავს. მასში შეიძლება მდიდარი და გასაოცარი ტექსტის პოვნა, თუკი ისე განვიხილიავთ ამ 25 უცნაურ ასოს, როგორც საჭიროა და ამისთვის თავად კვადრატში მოცემულ ინსტრუქციას გამოვიყენებთ.

ზმნა ‘გაშლა’ აქ მნიშვნელოვანია, რადგან ეს საკმაოდ გრძელი ისტორია ერთგვარი მეთოდითაა შეკუმშული და ესაა ტექსტის შემადგენელი ფრაზების თანდათანობითი სპირალური ჩახვევა იქამდე, ვიდრე ჩვენთვის ნაცნობი კვადრატის სრულყოფილებას არ მიაღწევს, რაც არ უნდა იყოს ამ დაუჯერებელი გმირობის მიზეზი და ვინც არ უნდა იყოს მისი შემოქმედი. ხოლო იმის გაშლა, რაც ჩახვეულია, უკვე შესანიშნავი შრომაა… ჩვენი პატივისცემა ბატონ კარტინის…

მაშასადამე, ეს ისე არაჩვეულებრივად კოდირებული მესიჯია, როგორის წარმოდგენაც კი შესაძლებელია. მისი დეკოდირებისთვის შარლ კარტინიმ მოთმინებით იპოვა და დაიცვა ის ინსტრუქციები (მოქმედების ხერხი, გარკვეუწილად), რომლებიც თავად იყო დაშიფრული საკვლევი ტექსტის შესავალში. იქ ნათლად არის ახსნილი (ლათინურად), თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ თანდათანობით და სპირალურად, რათა გავხსნათ ის, რაც კვადრატის ოთხივე კუთხეში იქნა შეკრული.

მე ეს წიგნი დიდი ხნის წინ წავიკითხე და ის დღეს აიკიდოს გაგებაში მეხმარება.

მართლაც, ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური სავარჯიშოები, იარაღით იქნება ეს, თუ უიარაღოდ, ასეთივე დაშიფრული მესიჯებია. მათში ჩაწერილია გაუთვითცნობიებელთათვის უხილავი ის ინფორმაცია, რომელიც ტაკემუსუ აიკის ჭეშმარიტებასთან მისასვლელად გვჭრდება. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ამ სავარჯიშოების კეთება, რათა ისე დავიცვათ და შევინარჩუნოთ ისინი, რომ მათში არანაირი ცვლილება არ შევიტანოთ. ეს გახლავთ საიტო სენსეის ყველასათვის კარგად ცნობილი მესიჯი. მაგრამ უნდა ვეძიოთ, არ დავკმაყოფილდეთ მთელი ცხოვრების მანძილზე ამ ელემენტების ისე გამეორებით, რომ მათ არსს არ ჩავწვდეთ, ისინი უნდა გავშიფროთ წმინდა კვადრატივის მსგავსად – სპირალებისა და ოთხი მიმართულების საშუალებით. ესაა საიტო სენსეის მესიჯიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვისაა ცნობილი.

ეს მარტივი და წრფივი სავარჯიშოები მათ შინაგან სიმდიდრეს, ყველა მიმართულებით მათი განვითარების არაჩვეულებრივ უნარს წარმოაჩენს. ამ მკაცრად განსაზღვრული მოძრაობების სიმდიდითა და მათი ურიცხვი კომბინაციებით გარკვეული კანონები თვალსაჩინო და გასაგები ხდება, ისევე როგორც ზოგიერთ ე. წ. წმინდა ცეკვაში.

იმისათვის, რომ ამგვარი კვლევა-ძიება შესაძლებელი გახდეს, რასაკვირველია, არსებითია, რომ თავდაპირველი სავარჯიშოები წრეგადასულად არ დეფორმირდეს თანამედროვე, ევოლუციური აიკიდოს მიერ. რადგან ამ უკანასკნელს, რომელიც ფიქრობს, რომ თავისუფალია მოძრაობების თავის გემოზე ინტერპრეტირებაში, ძალიან დიდი ზიანი მოაქვს იოლი ესთეტიკის სახელით და თანდათანობით შლის ტრადიციის მიერ უცვლელი გასაღებების სახით დატოვებულ მითითებებს, რომლებიც ერთადერთი ელემენტებია ჩვენთვის პროგრესის გზის საპოვნელად.

ამაზეა ლაპარაკი ვიდეოში, რომელიც უფრო გასაგები გახდება, თუკი წინა ორ ტექნიკურ სტატიას მივუბრუნდებით, რომელთა დასკვნით ნაწილსაც თავად ეს ვიდეო წარმოადგენს.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/aikido-magique/

Categories
სტატიები

ოკუდენ – დაფარული შინაარსი

აიკიდოს მეთოდში იარაღის მოძრაობის დაფარული შინაარსი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ერთ მოწინააღმდეგესთან წრფივი სწავლებიდან გამოვდივართ.

აქ სან ჯუ იჩი ნო ჯოს ერთადერთ, მე-12 თვლას განვიხილავთ.

ეს მე-12 თვლა, როდესაც მას კატის კეთებისას ვასრულებთ, წარმოჩნდება, როგორც მოწინააღმდეგის ჯოზე დარტყმა, როგორც ნაჩვენებია ეს ვიდეოს პირველ ნაწილში, რომელიც მე-7-დან მე-13 თვლებს მოიცავს.

ეს მძლავრი დარტყმა ჯოზე შეიძლება გასაკვირი აღმოჩნდეს, იმდენად რამდენადაც აიკიდოს იარაღები, წესით, ჩუმი (ოტონაში) უნდა იყოს. ისიც ნათლადაა გარკვეული, რომ აიკიდოში არასდროს ვებრძვით მოწინააღმდეგის იარაღს, არ ვბლოკავთ მას, არ ვიგერიებთ, არ ვეხებით.

აიკიდოს ამ მოთხოვნების შედეგად კატა 13-ის მე-12 თვლა (და არა მარტო ის) გაუგებარი დარჩებოდა, თუკი მის დაფარულ შინაარსს (ოკუდენ) არ ვიპოვიდით.

აიკიდოს მეთოდში იარაღის მოძრაობის დაფარული შინაარსი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ერთ მოწინააღმდეგესთან წრფივი სწავლებიდან გამოვდივართ და ოთხ მოწინააღმდეგესთან 360°-იან წრიულ პრაქტიკაზე გადავდივართ.

მაშინ მე-12 თვლა სულ სხვა განზომილებას იძენს და სწორედ ეს ჩანს ვიდეოს მეორე ნაწილში. 

როდესაც წრფივი სავარჯიშოდან როტაციულ სავარჯიშოზე გადავდივართ, ჯოს მოძრაობა არანაირად არ იცვლება, ეს არსებითი რამაა. სხეულის გადაადგილება იცვლება მხოლოდ:

ირიმი-ტენკანის როტაციული გადაადგილება ჯოს ზუსტად იმავე ტექნიკას იყენებს, რომელიც მეთოდში შევისწავლეთ, მაგრამ ამ ტექნიკის შედეგი ამიერიდან განსხვავებულია. იგი ორი მოქმედებით მატერიალიზდება, რაც უხილავია წრფივი მუშაობის დროს: ვტოვებთ საფრთის ზონას და ამასთან სინქრონულად ისე ვურტყამთ ორ მოწინააღმდეგეს, რომ მათ იარაღებს ფიზიკურად არ ვაკონტროლებთ.

წრფივი მუშაობის არსი, როგორც ისწავლება ის მეთოდში, არსებითად მდგომარეობს იმაში, რომ სწორ კუთხეებს ვიღებთ მონაცვლეობით ერთი მხრიდან წამოსული შეტევის ხაზის ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. როტაციული მუშაობისას კი იმ სივრცეში შევდივართ, რომელიც თავისუფალი რჩება რამდენიმე მოწინააღმდეგის მიერ სხვადასხვა მხრიდან და ერთდროულად განხორციელებული შეტევის დროს.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/okuden-le-sens-cache/