Categories
სტატიები

კაკუტო – მნიშვნელოვანი პუნქტები

ყველაფერი, რაც არსებობს სამყაროში, სამი ძალისგანაა. აიკიდოშიც თითოეული მოქმედება, თითოეული შესვლა სამ ძალას აამოქმედებს…

რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი:

აიკიდოში თავს არ ვიცავთ, არ ვრჩებით ადგილზე, შევდივართ მოწინააღმდეგის შეტევაში.

იმის გამო, რომ ვდგავართ ჰანმის პოზიციაში, ყოველთვის ოთხი შესაძლო კუთხე არსებობს შეტევაში შესასვლელად.

შეგვიძლია ავირჩიოთ ნებისმიერი ამ კუთხეთაგან:

მაგრამ არ შევდივართ სწორხაზოვნად. რომელი კუთხეც არ უნდა ავარჩიოთ შესასვლელად, იქ ბრუნვით შევიდვართ. და ყოველთვის ორ მხარეს ბრუნვაა შესაძლებელი: მარჯვნივ ან მარცხნივ. თუ დავიცავთ აიკიდოს პრინციპს, არ არსებობს თითოეულ კუთხეში გადაადგილების სხვა შესაძლებლობა ამ ორის გარდა.

რა იარაღიც არ უნდა გვეჭიროს ხელში, ყოველთვის ორ მოწინააღმდეგეს ვურტყამთ თითოეული გადაადგილებისას. ეს გახლავთ როტაციული პრინციპის შედეგი.

ტორი წრის შუაგულშია, რომელიც გადაადგილდება სივრცეში. ყველა მოქმედება ამ ცენტრიდან იწყება. თითოეული მოძრაობის დასასრული მომდევნო მოძრაობის დასაწყისია და ასე გადაებმება ერთმანეთს ერთმანეთის იდენტური გადაადგილებები. ირიმი-ტენკანი არის სახელი, რომელიც ამ მოქმედება ეწოდება, ესაა აიკიდოს გული, ესაა უცვლელი მოქმედება. სამაგიეროდ, ტექნიკური ფორმები, რომლებიც ამ მოქმედებიდან წამოიშვება, ნაირგვარია, იქნება ეს იარაღით თუ უიარაღოდ, და მათ რელატიური მნიშვნელობა აქვთ.ყველაფერი, რაც სამყაროშია, სამი ძალისგანაა. აიკიდოშიც თითოეული მოქმედება, თითოეული შესვლა, სამ ძალას აამოქმედებს: ერთ ძალას, ირიმის (დადებითს), ერთ ძალას, ტენკანს (უარყოფითს), და ერთსაც – ნეიტრალურ ძალას. ეს გახლავთ აიკიდოს წმინდა სამება, ამას უწოდებდა ო-სენსეი სანგენს. აიკიდო მინიატურული სამყაროა, რომელიც იმავე კანონებს ემორჩილება, რომელსაც მაკროკოსმოსი, ამიტომაც აიკიდოს შესწავლა თვალს აგვიხელს და გვიჩვენებს, როგორაა მოწყობილი სამყარო.

ფილიპ ვოარინო
18 თებერვალი, 2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kakuto-points-de-repere/

Categories
სტატიები

უშირო რიოტე დორი კოკიუ ნაგე – შესრულება

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ირიმი-ტენკანით გადაადგილების კანონის დაცვა ადეკვატური კუთხით, როდესად ერთი ფეხი აკეთებს ირიმის, მეორე კი ტენკანს.

ხშირად ვხედავთ, როგორ ასრულებენ ამგვარ გდებას უკნისაკენ მარტივი გადაადგილებით.

თავისთავად ცხადია, რომ დიდი რისკია უკეს გდება წინისაკენ გადაადგილებით, თუკი სამი სხვა მოწინააღმდეგე ერთდროულად გვიტევს, სწორედაც წინიდან და ორივე გვერდიდან:

აქაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ირიმი-ტენკანით გადაადგილების კანონის დაცვა ადეკვატური კუთხით, კანონი ყოველთვის ერთი და იგივეა: ორიდან ერთი ფეხი აკეთებს ირიმის, მეორე კი ტენკანს.

ირიმის თვლას ყოველთვის თან ახლავს ატემი. ქვედა ფოტოზე ვხედავთ, რომ ირიმი-ტენკანით ეს შესვლა გვერდითა მოწინააღმდეგისკენ ამავე დროს მოძრაობაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, წონასწორობა დავაკარგინოთ იმ მოწინააღმდეგეს, რომელიც მხრებში გვავლებს ხელებს:

ეს მნიშვნელოვანია, აიკიდოს ყველა მოქმედება სრულდება ერთდროულად ორ მოწინააღმდეგეზე, როგორიც არ უნდა იყოს შეტევის კონტექსტი და მაშინაც კი, როდესაც მოწინააღმდეგე ერთადერთია. ეს არის აიკიდოს კანონი.

ვიდეოზე თვალნათლივ ჩანს, წინა ფეხი აკეთებს ირიმის, მაშასადამე, უკანა ფეხი აკეთებს ტენკანს.

ტორის გადაადგილება ერთდროულად აყენებს მას უსაფრთხო ადგილას და ქმნის სიცარიელეს, რომელშიც შეისრუტება უკე, თუკი მას ძლიერად აქვს ჩავლებული ხელები ტორის მაჯებში.ეს უკანასკნელი პუნქტი მართლაც მნიშვნელოვანია: მოწინააღმდეგე, რომელსაც მაჯები უჭირავს, ამას მთელი ძალით აკეთებს და მისი გონება იქაა ფიქსირებული, მთელი მისი არსება ამ გაუძრავებაშია. ადამიანი, რომელიც ასეთ ვითარებაშია, ხელს არ უშვებს ტორის პირველი მოძრაობისას და მაჯებს მტკიცედ ავლებს. ამიტომაც უჭირავს მთელი ძალით და ბოლომდე, სწორედ იმიტომ, რომ ის ერთგვარი ტყვე ხდება საკუთარი ჩაჭიდებისა, მისი ვარდნაც გარდაუვალია:

ეს კოკიუ ნაგე შესაძლებელია და მას აზრი მხოლოდ ასეთ კონტექსტში აქვს. ვარჯიშის დროს აუცილებელია, რომ უკემ გულწრფელად ჩაავლოს ხელები ტორის მაჯებს ვარდნის მომენტამდე. მაჯებისთვის ხელის გაშვება სხეულის პირველივე გატოკებაზე გვეჩვენებს, რომ უბრალოდ არ გვესმის ამ გდების აზრი და ვარჯიში ასეთ დროს შეუძლებელი ხდება.

ფილიპ ვოარინო
5 იანვაი, 2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ushiro-ryote-dori-kokyu-nage-application/

Categories
სტატიები

სულიერი განწყობა ვარჯიშისთვის

თითოეული ტექნიკა, რომელსაც ვასრულებთ, ისეთია, რომ ის ოთხი მიმართულებიდან ერთდროულად წამოსული შეტევების მოთხოვნებს პასუხობს.

ქვედა ვიდეოში ნაჩვენებია იმ მოძრაობის შესრულება, რომლის ტექნიკური დეტალებიც განმარტებულია სტატიაში ჰიტო ე მი არ არის აიკიდოს დგომი“.

ამ ვიდეოში შეიძლება იმის ნახვა, რომ აიკიდოს ფუძემდებლის მიერ 1931 წელს ტოკიოს ძველი კობუკანის, „ჯოჯოხეთის დოჯოს“ შესასვლელში გაკრული ტექსტის პირველი რეკომენდაცია არ არის ზოგადი სახის თავაზიანი რჩევა, სიფრთხილისკენ უბრალო მოწოდება. არა, პრიქითაც კი, ეს მოთხოვნა და აიკიდოს სწავლების ფუნდამენტური გასაღებია:

ერთ მოწინააღმდეგესთანაც კი არ უნდა გვადარდებდეს მხოლოდ ის, ვინც წინ გვიდგას, აუცილებელია, ვარჯიშის დროს ყურადღებით ვიყოთ ოთხივე და რვავე მხარეს.

ო-სენსეის ეს ტყუილუბრალოდ არ დაუწერია. მან გააზრებულად მოათავსა ეს მითითება ვარჯიშის რეკომენდაციების თავში და შემდეგ ეს ტექსტი დოჯოს შესასვლელში გამოაკრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უპირველესი მნიშვნელობის სწავლებაა.

მოწაფემ ეს სწავლება მეგზურად უნდა გამოიყენოს, მეგზურად, რომელიც დამცავ მოაჯირივით იმოქმედებს იმ დროს, როდესაც მოწაფე სწორ ტექნიკას ეძებს და იკვლევს. ეს მას არ მისცემს საშუალებას, პირადი წარმოდგენებისა და ინტერპრეტაციების ოკეანეში დაიკარგოს.

რადგან კრიტერიუმი, რომელიც განაპირობებს, რომ აიკიდოს ტექნიკა აიკდოს ტექნიკაა, არ გახლავთ ის, რომ ეს ტექნიკა არ არის შედეგიანი მხოლოდ ერთი მეტოქის წინააღმდეგ – საბრძოლო ხელოვნებები, ძირითადად, ერთი მეტოქის წინააღმდეგაა ხოლმე ეფექტური – რომ ის ისეთივე შედეგიანია როგორც ოთხი, ისე ერთი მეტოქის წინააღმდეგ. ეს ხდება სისტემატურად და თან ისე, რომ მოძრაობა არ იცვლება გარემოებების მიხედვით. ეს პირობა რომ არ იყოს შემოწმებული, არ იქნებოდა მოქმედების ერთიანობა, სხვა სიტყვებით, „ერთი“ ვერ იქნებოდა მიღწეული.

საკმარისია, ამ ცოდნის ჭრილში შევხედოთ აიკიდოს დემონსტრაციისას ნებისმიერ ტექნიკას, იქნება ეს იარაღით თუ უიარაღოდ, რომ მყისიერად მივხვდებით, ჩვენ წინ აიკიდოს ტექნიკაა თუ არა. უმეტეს შემთხვევაში ტორი სამჯერ მოკვდებოდა, თუკი მის გარშემო სამი დამატებითი მოწინააღმდეგე იდგებოდა და თან ერთდროულად შეუტევდა. ასეთ დროს ნათლად ჩნდება, რომ ის, რაც საღდება აიკიდოდ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოვარჯიშის მიერ გადმოცემული სურათია, მოვარჯიშისა, რომელსაც არაფერი გაეგება იმ სასიცოცხლო აუცილებებისა, რომელიც მე-16 საუკუნის ბრძოლის ველებს წარმართავდა. კარგად უნდა გვესმოდეს, აიკიდო არ არის უბრალო მუშტი-კრივი.

თუ არ გვინდა, “new age” აიკიდოსაგან გაჩენილი ილუზიებით ვიკვებოთ, რაც მოდაშია დღეისათვის, თუ არ გვინდა, რომ ძალისხმევით სავსე ცხოვრება იმის ამაოდ დაჯერებას მივუძღვნათ, რაც სიმართლე არ არის, მაგრამ სიმართლეს ჰგავს, მაშინ ფუძემდებლის მიერ დატოვებულ მითითებებს უნდა მივყვეთ. ყოველ ჯერზე უდიდესი სიზუსტით უნდა ვამოწმოთ, რომ თითოეული ტექნიკა, რომელსაც ვასრულებთ, ისეთია, რომელიც ოთხი მხრიდან ერთდროულად წამოსული შეტევების მოთხოვნას პასუხობს და ეს მაშინაც კი, როცა მოწინააღმდეგე ერთადერთია:

ფილიპ ვოარინო
29 იანვარი, 2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/disposition-desprit-pour-lexercice/

Categories
სტატიები

ჰიტო ე მი – არ არის აიკიდოს დგომი

ჰანმი სტატიკურია, დგომია. ჰიტო ე მი კი პირიქით, დინამიკაა, მოძრაობის პირველი თვლაა.

ამ საიტზე არაერთხელ განმიმარტავს, თუ რატომაა აიკიდოში ერთადერთი დგომი, და თუ რატომაა ეს ჰანმი.

ისიც განვმარტე, თუ რატომ არ უნდა მივიჩნიოთ ჰიტო ე მი დგომად. ჰიტო ე მი სინამდვილეში მოძრაობაა, რომელიც სხეულს ხსნის და რომელიც ჰანმის დგომიდან ხორციელდება.

ჰანმი სტატიკურია, დგომია. ჰიტო ე მი, პირიქით, დინამიურია, მოძრაობაა, ანდა, უფრო ზუსტად, ის მოძრაობის პირველი თვლაა, რომელიც დასრულებისთანავე ხდება ის, რასაც აიკიდოს ტექნიკა ეწოდება.

მაგალითად, იკიო ომოტე აიკიდოს ერთ-ერთი ტექნიკაა, რომელიც დაწყებისთანავე ითხოვს ჰიტო ე მის, შიჰო ნაგეც ასეთივე, კაიტენ ნაგეც ასეთივეა.

თუმცა ამასთან უნდა გვესმოდეს, რომ ჰიტო ე მი ყოველთვის არაა აუცილებელი და ამიტომაც არაა სისტემატური: ესაა კუთხე, საითაც მიმართულია სხეული ჰანმის დგომიდან, რომელიც განსაზღვრავს, ანუ წყვეტს, საჭიროა თუ არა მისი გამოყენება. მართლაც, ჰანმის დგომი საშუალებას გვაძლევს პირდაპირ მივაღწიოთ ზოგიერთ იმ კუთხეს ისე, რომ ამისთვის ჰიტო ე მით დაწყება არ გახდეს აუცილებელი.

სამაგიეროდ, არის გარემოებები, როდესაც ჰიტო ე მით გახსნა გარდაუვალია. ვახსენეთ იკიო ომოტე, შიჰო ნაგე ომოტე, კაიტენ ნაგე და ამ ვიდეოში ნაჩვენები უშირო ერი დორი ირიმი ნაგეც ერთ-ერთი ასეთი მაგალითია.

ნათლადაა ნაჩვენები, რომ ტორისთვის შეუძლებელია 180°-იანი კუთხის მიღწევა თავის ზურგსუკან, თუკი სხეულს ჰიტო ე მით არ გახსნის შემობრუნების პირველივე თვლაზე:

ასეთ შემთხვევაში ჰიტო ე მი ტექნიკისთვის აუცილებელი პირობაა.

ასევე თვალნათლივია, რომ აქ ლაპარაკია მოძრაობის პირველ ნაწილზე და არა დგომზე:

დგომი აქ, როგორც ყოველთვის, ისაა, რომელშიც ტორია მოძრაობის დასაწყისში, ესაა მოძრაობის სათავე, ჰანმი:

პიველი ნაბიჯი #2″-ში დეტალური ინფორმაციაა ჰიტო ე მისა და ჰანმის შორის კავშირზე. ეს ინფორმაცია ჩემი გამოგონილი არ გახლავთ, მას დიდი ღირებულება აქვს, რეადგან ის უშუაოდ ო-სენსეისგან მომდინარეობს.

შეგიძლიათ წაიკითხოთ ასევე ინტერვიუ “ის ნიღაბს ატარებს“. იქ გრძლად ვპასუხობ ჩემი მეგობრის, აიკიდოს ამომავალი ვარსკვლავის ძალიან სუბიექტური კონცეპიის პუნქტებსაც…

ფილიპ ვოარინო
22 იანვარი, 2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/hito-e-mi-nest-pas-une-position-daikido/

Categories
სტატიები

რიაი

აიკიდოს ყველა ტექნიკას საერთო წარმოშობა აქვს და სწორედ ეს საერთო წარმოშობა ქმნის კავშირს ამ ტექნიკებს შორის.

თუკი აიკიდო სხვა საბრძოლო ხელოვნებებისგან გამოირჩევა, სწორედ იმ განსაკუთრებული კავშირის გამოა, რომელიც ამ ხელოვნების ტექნიკებს შორის არსებობს.

ამ კავშირს, რომელსაც იაპონურად რიაი ეწოდება, ხშირად ახსენებენ აიკიდოს გაკვეთილების დროს. მას, ძირითადად, განმარტავენ, როგორც ერთგვარ ნათესაობას ტექნიკებს შორის. ამ ნათესაობას უმეტესწილად ამართლებენ იმ მსგავსებით, რომელსაც ტექნიკების ზოგიერთ ელემენტს შორის ნახულობენ.

მაგალითად, შიჰო ნაგე ერთ-ერთ ასეთ კლასიკური მიდგომის მაგალითს წარმოადგენს: ტორი აგდებს ამ ტექნიკით, შემდეგ იღებს ხმალს, ზუსტად ასევე ჭრის და ამგვარად აჩვენებს, რომ არ არის განსხვავება შიშველი ხელით მოძრაობასა და ხმლიან მოძრაობას შორის.

ძალიან კარგი და არც არის სადაო, რომ ასე ხილული ხდება გარკვეული გარეგანი მსგავსებები ამ ორ ტექნიკას შორის. მაგრამ არის კი საკმარისი ეს რიაის არსის გასაგებად?

ეს ცოტათი იმ ამბავს ჰგავს, როცა კავშირს განმარტავენ ორ ნამდვილ ტყუპს შორის და ამბობენ, მათ ერთნაირი ცხვირი, ყურები, თვალები და ყოფა-ქცევა აქვთო… ეს ყველაფერი სიმართლეა, რასაკვირველია, ისინი გარეგნულად სრულად ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ შედეგია იმ მიზეზისა, რამაც ეს შესაძლებელი გახადა.

თუკი მონოზიგოტური ტყუპისცალები ჰგვანან ერთმანეთს, ეს იმიტომ ხდება, რომ ორივე ემბრიონი ერთი და იმავე საწყისი უჯრედიდან გამოდის და ამიტომ მათ ერთი და იგივე გენეტიკური მემკვიდრეობა აქვთ: არსებობს უპირველესი მიზეზი მათი მსგავსებისა.

ასევე, არსებობს აიკიდოს ყველა ტექნიკის საერთო წარმომავლობა და ეს საერთო საწყისი წარმოშობს მიმართებას ტექნიკებს შორის. სწორედ ეს საწყისი უნდა გვესმოდეს, თუკი გვინდა რომ რიაის აზრს ჩავწვდეთ.

აიკიდოს ყველა ტექნიკისთვის – რომელიც არ უნდა იყოს, ის, შიშველი ხელისა, ხმლისა თუ ჯოსი – საერთო „გენეტიკური მემკვიდრეობა“ ცენტრალური ღერძის ტრიალია, რომელიც ორნაბიჯიან მოძრაობას უდებს სათავეს, იქნება ეს წინა, თუ უკანა ფეხით დაწყებული. სხვა გადაადგილება არ არსებობს და ის აიკიდოს ყველა ტექნიკის სათავეა. ამ სრულიად განსაკუთრებულ, ბრუნვით გადაადგილებას თავისი სახელი აქვს და მას ირიმი-ტენკანი ეწოდება:

და რადგანაც ყოველი ტექნიკის წარმოშობაში ირიმი-ტენკანის ეს მუდამ ერთნაირი გადაადგილება არსებობს, ამიტომ შეგვიძლია გავყვეთ იმ წითელ ძაფს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ხელოვნების ყველა ტექნიკას და ამგვარად მათ ერთი ოჯახის წევრებად აქცევს.

ვიდეოში სამაგალითოდაა ნაჩვენები, რომ სწორედ ერთი და იგივე გადაადგილება გვაძლევს საშუალებას, ისევე შევასრულოთ სანკიო, როგორც კოტე გაეში და ეს ორივე ოფცია ისევე კარგად ერგება როგორც ერთ, ისე ორ მოწინააღმდეგეს.

სანკიო და კოტე გაეში აქ სხეულის საერთო მოძრაობითაა დაკავშირებული, რასაც საერთო გადაადგილებასთან მივყავართ. ამ ორი ტექნიკის წარმოშობის იდენტურობა მათ სიღრმისეულ ნათესაობას წარმოჩენს:

რა თქმა უნდა, ეს ნათესაობა შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, თუ ტექნიკების მხოლოდ გარეგულ მსგავსებას მივაქცევთ ყურადღებას, რადგან მართალია, რომ სანკიოსა და კოტე გაეშის ფორმები ვიზუალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

მაგრამ ეს განსხვავება მხოლოდ გარეგნულია, ზედაპირულია და მხოლოდ ინვერსიული ჩავლებების შედეგია. ამგვარი შეზღუდვა მეორეხარისხოვანია და მხოლოდ ზედაპირზე ჩანს, ის ვერაფერს უცვლის მოძრაობის სიღრმეს, რომელიც ამ ორივე ტექნიკისთვის ერთი და იგივეა. სწორედ ასეთ სიღრმეებში უნდა ვეძებოთ რიაი.

ტექნიკებს შორის ასეთი ნათესაობის სხვა ასპექტებიც არსებობს, მაგალითად, იმ შემთხვევისთვის, რომელსაც ახლა განვიხილავთ, ის ფაქტი, რომ სანკიოსა და კოტე გაეშის ორი ბრუნვა უკეს წინამხარზე სრულიად ურთიერთშემავსებელია.

სინამდვილეში, აქ საქმე გვაქვს ერთი და იმავე ტექნიკის ორ ძალასთან. ეს ცოტათი იმ ქაღალდის ფურცელს ჰგავს, რომელსაც წინა და უკანა მხარე აქვს. ასეთ დროს თავში არავის მოუვა აზრად, რომ წინ ორი ფოთოლი უდევს. გვერდი ორია, ფურცელი კი ერთი. ასევე – არ არის ორი ტექნიკა, სანკიო და კოტე გაეში, არის ერთი საერთო მოძრაობა, რომელიც ვლინდება ანალოგიური და ურთიერთშემავსებელი ფორმებით და ეს ორი ფორმა ერთი მთლიანობის შემადგენელი ნაწილებია.რიაის დანახვა მრავალგანშტოებიანი ხის დანახვას ჰგავს, როცა გვესმის, რომ ყველა ეს განშტოება ერთი ღეროდანაა გამოსული, სიმრავლეში ერთიანობის დანახვას ჰგავს. ეს, ცხადია, ტექნიკების ერთგვარი დავიწყებაა, ვინაიდან ამის შემდეგ აღარ არსებობს საკუთრივ ტექნიკები, რომლებიც შექნილ-გააზრებულია ერთმანეთისგან მკაფიოდ განსხვავებული ელემენტებივით, რაც აიკიდოს ფედერაციების წიაღში საგამოცდო კატალოგებშია მოთავსებული.

ფილიპ ვოარინო
16 იანვარი, 2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/riai/

Categories
სტატიები

მამაჩემი ამბობდა

კვადრატი წრის შიგნით ტრიალებს გადაადგილების ოთხი მთავარი და ოთხი დამატებითი ღერძის მიხედვით, ესე იგი რვა მიმართულებით.

მამაჩემი ამბობდა, 1950-იან წლებში ერთი გასართობი ხერხი არსებობდა რთული საკითხის თავიდან აცილებისთვის ან ისეთი რამის მოგვიანებით გადადებისთვის, რისი გაკეთების სურვილიც არა გვაქვსო. ის ამას ღიმილით და ასეთი ფრაზით ამბობდა: „ეს 2000 წელს გამოჩნდებაო“, რაც ნიშნავდა, არასდროსო.

მაგრამ 2000 წელი უკან მოვიტოვეთ.

როდესაც ვფიქრობთ, რომ თითოეული ადამიანი დედამიწაზე მისი წინაპრების უწყვეტი წარმატების შედეგია, წინაპრებისა, რომელთაც მას სიცოცხლე თაობიდან თაობაში გადასცეს და რომ ის თავის არსებობას ამ ხაზის განგრძობითობას უნდა უმადლოდეს, ერთგვარი სასწაულის შეგრძნება გვეუფლება.

რადგან გარკვეულ ვითარებაში ქვიშის სულ უმცირეს მარცვალს შეუძლია ბოლო მოუღოს თაობების ამ მონაცვლეობას ათასგზის განახლებულ ამ ნათესაობას და ის, ვინც უდარდელად ტკბება დღეს ზამთრის საღამოს სავსე მთვარის ყურებით, შეიძლება სულ არ ყოფილიყო ამქვეყნად.

ყოველთვის, როდესაც ადამიანი შთამომავლობის გარეშე მიდის, კაცობრიობის ხეზე თითო რტო კვდება. ის თაობების იმ ძაფს წყვეტს, რომელიც უხსოვარი დროიდან მოდის და მოქმედებს, რათა დღის სინათლე იხილოს, ის ამით არყოფნისთვის წირავს მთელ შთამომავლობას, რომელსაც ამის გამო არსებობა არ უწერია.

ამ თვალსაზირით სიცოცხლის გადაცემა თაობიდან თაობაში ძალიან მყიფე რამაა. სიმართლე ითქვას, ყველანაირი გადაცემა მყიფეა – ისევე აღარავის აქვს ის ცოდნა, რომელიც დროთა განმავლობაში დაიკარგა, როგორც არ ჰყავს შთამნომავლობა ადამიანს, რომელისაც შვილი არ ჰყოლია. რაც უფრო მეტად ვშორდებით ტრადიციული ცოდნის სათავეს, მით უფრო მეტია დანაკარგი.

აიკიდო არის ხელოვნება, რომელიც კაცობრიობასთან ერთად დაიბადა, მაგრამ სახე მისცა და დახვეწა მოგვინებით მორიჰეი უეშიბამ, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში. მაშასადამე, ჩვენ ჯერ კიდევ ახლოს ვართ დასაწყისთან და ჩემი დაბადების ბედისწერამ ჩამაყენა იმ მდგომარეობაში, რომ სწავლება აიკიდოს ფუძემდებლის პირდაპირი (უშუალო) მოწაფეებისგან მიმეღო.

ნობუიოში ტამურასთან ვარჯიშში გატარებულ წლებს ვაჯამებ და მათ პირველი შეხვედრით გამოწვეულ მოჯადოებას ვუწოდებ. მართლაც, მისი წყალობით აღმოვაჩინე აიკიდო 1977 წელს ნიცის ერთ-ერთ ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, ოცი წლის გახლდით და ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება. მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ის ჩემი მასწავლებელი იყო, ჩვენს ურთიერთობას ის სიახლოვე აკლდა, რომელიც მასწავლებლისა და მოწაფის ურთიერთდამოკიდებულებას უნდა ახლდეს თან.

მის შემდეგ ორი ადამიანი იყო: პიერ შასანი და მორიჰირო საიტო. ისინი ჩემთვის ახლობლები იყვნენ და, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვაგვარად, მაგრამ ორივენი მასწავლებლები იყვნენ. ამაზე წერისას თავში ის წარწერა მომდის, რომელიც ნიცშეს ჰქონდა თავისი კარის თავზე:

‘ ვცხოვრობ ჩემს საკუთარ სახლში,

არასდროს არავისთვის მიმიბაძავს,

და დავცინოდი ყველა მასწავლებელს,

რომელიც თავის თავს არ დასცინოდა.’

მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ეს ორი მასწავლებელი თავის თავს დასცინოდა, იმ გაგებით, რომ არ ჰქონიათ ილუზია, რომ მათ ჭეშმარიტების მხოლოდ ის ნაწილი შეეძლოთ გადაეცათ მოწაფეებისთვის, რომელიც თითოეულ მათგანს ჰქონდა მიღებული აიკიდოსგან. და იმის გამო, რომ ისინი დასცინოდნენ საკუთარ თავს, მე მათთვის არასოდეს დამიცინია. მე მათთვის არ მიმიბაძავს, მე მათ ვუყურებდი, ვუსმენდი, მე მათი გონების სინათლე და პატიოსნება მიყვარდა და მათ ისე ნელა, თანდათანობით მასწავლეს, რომ მე ეს არც კი შემიმჩნევია.

ორივემ იცოდა სწავლების ის დიდი ჭეშმარიტება, რომლის თანახმადაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გადაცემაა შესაძლებელი მოწაფეებისთვის, რის მისაღებადაც ეს უკანასკნელნი არიან მზად, რისი წარმოდგენის უნარიც აქვთ მათ: იმისა, რაც მათ იციან უკვე. ის, რაც ადამიანმა მართლაც არ იცის, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იპოვოს, იმას ადამიანი სხვისგან ვერ ისწავლის.

ის ამას კიდევ უფრო ნაკლებად დაინახავს, აღმოაჩენს ვინმე ისეთთან, რომელმაც მასზე მეტი არ იცის. ერთმა სულ ახალმა, ახლადგამომცხვარმა აიკიდოს მასწავლებელმა მისაყვედურა, რატომ გამოდიხარ სიტყვით და არ მონაწილეობ დისკუსიებშიო. ის ჩემს სიტყვას ქედმაღლურად მიიჩნევდა, და, რა თქმა უნდა, არც დაფიქრებულა, რომ ამით საიტო სენსეის სიტყვასაც ასეთად თვლის. მისთვის დისკუსია გონების გახსნასა და ცოდნის გაზიარებას ემსახურებოდა, თუმცა ვერ ხედავდა, რომ დისკუსია, სადაც უმთავრესი რამ არ იციან მასში მონაწილეებმა, ბანალობებისა და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების გაცვლა-გამოცვლაა და მეტი არაფერი. ასეთი ლაყბობებიდან არავითარი ჭეშმარიტება არ იბადებს და მათში თავმდაბლობის ნიღბის უკან ნამდვილი პატივმოყვარეობა იმალება.

როდესაც ადამიანი გარკვეულ ასაკს გადასცდება, აღარც დრო აქვს ლაყბობის და აღარც სურვილი. მაშ რა უნდა ქნას – თუკი მხოლოდ იმის გადაცემა შეუძლია სხვებისათვის, რაც მათ უკვე იციან – იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ცოდნა, რომელიც უმეტეს აიკიდოში მოვარჯიშეთა მხედველობის ველში არ არის?

ვფიქრობ, უბრალოდ, უნდა იმუშაოს, პიერისა და საიტო სენსეის მსგავსად, და არ იდარდოს ზედმეტად, თუ რა სარგებელი შეიძლება ნახონ შემთხვევით სხვებმა ამ „მაგალითიდან“. ეს არ გახლავთ ფატალიზმი, ეს რეალიზმია და ვფიქრობ, ესაა ტერმინ „შიჰანის“ ღრმა შინაარსი, რომელსაც ზოგადად თარგმნიან, როგორც „მოდელს“, მისაბაძს.

მე-6 დანის მიღება არ ნიშნავს ავტომატურად შიჰანობას. ის, რომ აიკიკაიმ ასეთი ბავშვური წესი დაამკვიდრა, მხოლოდ იმ უფსკრულს აჩვენებს, რომელიც თანამედროვე აიკიდოს საზოგადოებას ტრადიციული პრინციპებისაგან აშორებს. დღეს იაპონიაში შიჰანების კლუბი არსებობს, შიჰანკაი, და ამით ყველაფერია ნათქვამი.

თუკი ITAF-ს ასეთი დასახელება არა აქვს, ეს იმიტომ ხდება, რომ ის ტერმინ „შიჰანს“ ისევე უყურებს, როგორც ტერმინ „ო-სენსეის“ (დიდ მასწავლებელს). მორიჰეი უეშიბას არ გადაუწყვეტია ერთ მშვენიერ დღეს, რომ მისთვის ასე ეწოდებინათ. მე ამას ივამაში მივხვდი, როდესაც ერთ-ერთმა იაპონელმა მოწაფემ საიტო სენსეის „ო-სენსეი“ უწოდა. გაკვირვებისგან სახტად დავრჩი იმ ტერმინის გაგონებისას, რომელიც ჩემს გონებაში მხოლოდ აიკიდოს ფუძელდებლისთვის იყო განკუთვნილი. სიმართლე ითქვს, ის კიდევ უფრო გამიკვირდა, რომ საიტო სენსეიმ ღიმილით უპასუხა ამ წინდაუხედავ მოწაფეს, ნაცვლა იმისა, რომ უხეშად შეეხსენებინა მისთვის წესები, როგორც სჩვეოდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ უბრალოდ იქამდე არასოდეს მეფიქრა, საიდან იბადება ამგვარი ტერმინები. მართლაც, სწორედ მოწაფეები წყვეტენ ერთ დღეს, დაუძახონ „ო-სენსეი“ იმას, ვისაც იქამდე უბრალოდ, „სენსეის“ უწოდებდნენ.

დამოკიდებულების ამგვარ გამოხატულებაში უთუოდ არ იგულისხმება მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, ამაში უთუოდ ცხოვრებისეული პატივისცემის ფორმაც იგულისხმება, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამაა ნათელი – ვერავინ გახდება შიჰანი ან ო-სენსეი, თუკი მას ასეთად სხვები არ აღიარებენ. რაც შემეხება მე, ნაკლებად მადარდებს იმის ცოდნა, თუ ვინ ვარ. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი გადასაწყვეტი არ გახლავთ. ვმუშაობ მხოლოდ იმაზე, რომ ცხადვყო ის ბუნებრივი პრინციპი, რომელიც ქმნის აიკიდოს, რადგან ამ ცოდნის მატარებელი მე გავხდი, რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს ეს გაიჯინისთვის (გაიჯინი – იაპონურად, უცხოელი, არაიაპონელი): კვადრატი წრის შიგნით ტრიალებს გადაადგილების ოთხი მთავარი და ოთხი დამატებითი ღერძის მიხედვით, ესე იგი რვა მიმართულებით. ამასთან შედარებით ტექნიკას მხოლოდ ნაწილობრივი მნიშვნელობა აქვს.

ბედნიერ ახალ, 2023 წელს გისურვებთ ყველას, ვინც პატიოსნად ეძებს. და იპოვეთ, რადგან ამას ვერავინ გააკეთებს თქვენს ნაცვლად!

ლავერნი, 2023 წლის 1-ლი იანვარი
ფილიპ ვოარინო

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/mon-pere-disait/

Categories
სტატიები

უშირო რიო კატა დორი კოკიუ ნაგე

აიკიდოს ყველა ტექნიკა ორი ნაბიჯით სრულდება, პირველი ნაბიჯი ბრუნვის ირიმის ფაზას შეესაბამება, მეორე კი ტენკანისას.

უკე ხელებს ავლებს ტორის მხრებში იმ განზრახვით, რომ მას უკნისაკენ დააკარგინოს წონასწორობა:

ამ დროს ტორი არ დგამს ნაბიჯს უკნისაკენ, რომ პოზიცია დაიბრუნოს: ტორი ირიმი-ტენკანს აკეთებს.

როდესაც გადაადგილებაზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ტერმინი ირიმი-ტენკანი, რადგან აიკიდოში ირიმი-ტენკანის გარდა სხვა რამ არ არსებობს.

ვიდეოში და, იმის მიხედვით, მოძრაობის დასაწყისში ტორი ჰიდარი ჰანმიშია თუ მიგი ჰანმიში, ის წრის ან უკანა მარცხენა, ან უკანა მარჯვენა ციფერბლატზე გადაადგილდება.

ცხადია, აქ არავინ დაობს იმაზე, რომ გადაადგილება უკნისაკენაა. თუმცა გადაადგილება აიკიდოში ყოველთვის ერთი და იგივეა და ის ასეთია: გადაადგილების პირველი ნაწილი ყოველთვის ირიმია, მეორე ნაწილი კი ყოველთვის ტენკანი.

ტორი თუ რომელიმე ამ ციფერბლატისკენ მხოლოდ წინა ფეხის უკან გადადგმული ნაბიჯით გადაადგილდებოდა პირველ თვლაზე, იგივე იქნებოდა, რომ მას გადაადგილება ტენკანით, ანუ პრინციპის თავდაყირა დაყენებით დაეწყო.

მაგრამ როგორ გადავადგილდეთ უკნისაკენ ირიმით და თან წინა ფეხით? აქ არანაირი პარადოქსი არ არის და პასუხი კვლავაც იგივეა: კვლავ ოთხი მიმართულებით გადაადგილების პრინციპით. წინა ფეხი უბრალოდ უკან არ იდგემება, ის აკეთებს ირიმის, რომ დაარტყას მოწინააღმდეგეს, დაიწყება ეს მარჯვნიდან, ან მარცხნიდან, საწყისი დგომიდან გამომდინარე:

გადაადგილების მეორე თვლა, ტენკანის თვლა იმ მოწინააღმდეგის გდებისთვისაა, რომელსაც ხელები მხრებში აქვს ჩავლებული:

ამ ირიმი-ტენკანს კიდევ დავუბრუნდებით მომდევნო სტატიაში.

ამგვარად შემოწმდა კიდევ ერთხელ ის ფუნდამენტური სწავლება, რომ აიკიდოს ყველა ტექნიკა ორი ნაბიჯით სრულდება, პირველი შეესაბამება ირიმის ფაზას, მეორე კი ტენკანისას. აიკიდოს არც ერთ ტექნიკაში ამ ორ ნაბიჯზე მეტი არ არის, და არც ნაკლები.

ფილიპ ვოარინო
1 იანვარი, 2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ushiro-ryo-kata-dori-kokyu-nage/

Categories
სტატიები

საპირისპირონი ერთმანეთს ავსებს

საპირისპირონი ერთმანეთს ავსებს, ესაა აიკიდოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწავლება. „რაც ერთმანეთს უპირისპირდება, ერთ საქმეს აკეთებს“, ჰარმონიას ეს ფასი აქვს.

აიკიდო არის ხელოვენება, რომლის საშუალებითაც ვსწავლობთ კონფლიქტების გადაჭრას ისე, რომ არ მივმართოთ ძალების ფრონტალურ დაპირისპირებას.

აიკიდოს საგანმანათლებლო ნაწილი ფიზიკური სავარჯიშოების ამ დიდი რაოდენობის მიზნითაა შედგენილი, რომლებიც ერთი მოწინააღმდეგის (და ამ სტადიაზე ის სხვა არაფერია, თუ არა პარტნიორი) შეტევის სხვადასხვა ფორმებს წარმოგვიჩენენ და გვასწავლიან, როგორ შევერწყათ ამ შეტევების დროს წარმოქმნილ ენერგიებს, იქნება ეს შიშველი ხელით თუ იარაღით.

ეს სავარჯიშოები ჯერ კიდევ მხოლოდ მოსამზადებელი ტანვარჯიშია, მაგრამ აქ მხოლოდ ეს ჩანს აიკიდოდან და, ზოგადად, მხოლოდ ეს იციან. ის, რაც მერე მოდის, არ ისწავლება და ვისაც შეუძლია, უნდა ასწიოს ისიდას პირსაბურავი. და, სიმართლე ითქვას, აიკიდოს ცოდნა იშვიათად თუ სცდება ამ აუცილებელი, თუმცა კი, სრულიად არასაკმარის სტადიას.  

შერწყმა, ჰარმონიზება (ავასერუ) ნიშნავს, შეუერთო საკუთარი ენერგია მოწინააღმდეგისას ისე, რომ ეს ორი ენერგია აღარ იყოს ერთმანეთის საწინააღმდეგო და მათ ერთი, საერთო ენერგია შეადგინონ. ასეთ დროს შესაძლებელია, წარმართო ეს ენერგია იმ მიმართულებით, საითაც ის აღარ წარმოადგენს საშიშიროებას.

ამისათვის აუცილებელია იმ ენერგიების სპირალების ვიზუალიზაცია, რომლებიც ორ მოწინააღმდეგეს აკავშირებს ურთიერთქმედების მომენტში. გარემოებიდან გამომდინარე, საჭიროა შესვლა (ირიმი) მოწინააღმდეგის სფეროში იმავე სპირალით, რომლითაც ის მოძრაობს, თუმცა ხანდახან შესვლა საჭიროა მისი სპირალის საპირისპირო სპირალითაც.

ვიდეოში ნაჩვენები მოძრაობა მართლაც ორი, ერთმანეთის საპირისპირო ბრუნვის საშუალებით სრულდება და გვიჩვენებს, რომ ორი საპირისპირო მოძრაობა არ არის აუცილებლად და გარდაუვლად კონფლიქტური.

საპირისპირონი ერთმანეთს ავსებს, ეს აიკიდოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლებაა. „რაც ერთმანეთს უპირისპირდება, ერთ საქმეს აკეთებს“, ჰარმონიას ეს ფასი აქვს, დასავლეთში ჰერაკლიტემ დაინახა ეს. აღმოსავლეთში საპირისპიროთა ეს თანამშრომლობა, რითაც შეიქმნა ყველაფერი ბუნებაში, ინისა და იანის კონცეპტებით გამოიხატება:

ამან უნდა დაგვაფიქროს, რომ ნაკლებად მორალურად და ნაკლებად მანიქეველურად შევაფასოთ სიკეთისა და ბოროტების ერთმანეთთან დაპირისპირება.

ფილიპ ვოარინო
25 დეკემბერი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/les-contraires-sont-complementaires/

Categories
სტატიები

კი ნო ნაგარე

ეს კოტე გაეში შესაძლებელი მხოლოდ კი ნო ნაგარეშია, ფორმაში, რომელშიც განგრძობითობა და უკეს ენერგიასთან სინქრონიზაცია უმთავრესია.

უშირო რიოტე დორი კოტე გაეშისადმი მიძღვნილ წინა ორ სტატიაში (სტრატეგია და გადაადგილება), ვიხილეთ, რომ როდესაც უკე ზურგსუკან ავლებს ტორის, გადაადგილება შეიძლება დაიწყოს როგორც წინა, ისე უკანა ფეხით: ტრიალის მიმართულება განსაზღვრავს ამ ორი ოფციიდან ერთი იქნება, თუ მეორე.

მაგრამ ასევე შესაძლებელია კოტე გაშის შესრულება უკეს მიერ ჩავლების დროსაც, იქამდე, ვიდრე ის ტორის ზურგსუკან შესვლას მოასწრებს.

ტექნიკის შესრულების ამგვარი მანერა მოითხოვს, რომ ტორი უნდა დატრიალდეს უკეს შეტევის საპირისპირო მიმართულებით, როგორც კი ეს უკანასკნელი დაიწყება: ეს შეიძლება გაკეთდეს, თუკი მოქმედებას მხოლოდ და მხოლოდ წინა ფეხით დავიწყებთ.

ასეთ დროს წრის ციფერბლატი, რომლისკენაც გადაადგილდება ტორი, განსხვავებულია იმ ციფერბლატისაგან, რომელიც უკეს ზურგსუკან სრულად შესვლისას გამოიყენება, რაც ნორმალურია, ვინაიდან ორივე მხარის ჰანმი კოტე გაეშის დასაწყისში ერთმანეთის საპირისპიროა თითოეულ გარემოებაში.

უკე და ტორი საპირისპირო მიმართულებით ტრიალდებიან:

ეს გარემოება მათ სისწრაფეთა ზრდას განაპირობებს. ტორის მოძრაობა ამით ძალიან მოკლე და სწრაფი ხდება:

ამგვარი კოტე გაეში მხოლოდ კი ნო ნაგარეშია შესაძლებელი, ანუ მუშაობის ფორმაში, რომელშიც განგრძობითობა და უკეს ენერგიასთან სინქრონიზაცია უმთავრესი უნდა იყოს.

ფილიპ ვოარინო
18 დეკემბერი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ki-no-nagare/

Categories
სტატიები

გადაადგილება

იჩი რეი, ში კონ, სან გენ, ჰაჩი რიკი, მთელი აიკიდო ამაშია. აიკიდოში გადაადგილება ყოველთვის წრეში ხდება.

ადამიანი ორ ფეხზე დგას. იდეალურ შემთხვევაში სხეულის წონა თანაბრად ნაწილდება ფეხებს შორის. ერთ ფეხზე არ უნდა მოდიოდეს მეტი წონა, ვიდრე მეორეზე.

სწორედ ამ გაწონასწორებული დგომის დამსახურებაა, რომ მყისიერი გადაადგილების დაწყება შესაძლებელია როგორც წინა, ისე უკანა ფეხით.

აიკიდოში გადაადგილება ყოველთვის წრეზე ხდება. ეს არ გახლავთ ზოგადი კონცეფცია, სავსებით კონკრეტული რამაა.

წრე მართლაც ოთხ ციფერბლატად, 90°-იან ოთხ სექტორადაა დაყოფილი და ესენი გადაადგილების (შიკონ) ოთხი სულია. ცენტრიდან ყოველთვის ერთნაირად მივდივართ თითოეული ამ ციფერბლატისკენ: ტრიალით. გონება მართლაც ერთადერთია (იჩი რეი), თუმცა ტრიალს იანუსივით ორი სახე აქვს: ის შეიძლება მარჯვნისაკენ ან მარცხნისაკენ ტრიალებდეს.

ჰანმის სამკუთხა დგომი მოძრაობის სათავეა (სან გენ). იმის მიხედვით, თუ რომელი ჰანმია, მარცხენა თუ მარჯვენა და იმის მიხედვით, მარჯვნისკენ ვბრუნავთ, თუ მარცხნისკენ, მოძრაობა იწყება ან წინა ფეხით, ან უკანა ფეხით.

წინა სტატიაში (სტრატეგია), კოტე გაეშის ტექნიკა უკანა ფეხით დაწყებული მოძრაობიდან სრულდება. ამან საშუალება მოგვცა ზემოთ განხილულ ციფერბლატში შესაძლო გადაადგილებათა ორი მიმართულებიდან ერთ რომელიმეს დავდგომოდით.

მაგრამ სრულიად შესაძლებელია – ამავე სიტუაციაში – მოძრაობა წინა ფეხითაც დავიწყოთ. ამისათვის საკმარისია, რომ საპირისპირო მიმართულებით დავტრიალდეთ. ეს ჩვენ გადაადგილების მეორე მიმართულებას გვაძლევს. სწორედ ამავე ციფერბლატში ეს მეორე შესაძლო მიმართულებაა ნაჩვენები ვიდეოში:

გადაადგილების ორი შესაძლებლობა ამ ოთხი ციფერბლატიდან თითოეულში ნიშნავს იმას, რომ წრეში მოქმედებისას ყოველთვის არსებობს რვა მიმართულება (ჰაჩი რიკი).

იჩი რეი, ში კონ, სან გენ, ჰაჩი რიკი, მთელი აიკიდო ამაშია.

ფილიპ ვოარინო
11 დეკემბერი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ichi-rei-shi-kon-san-gen-hachi-riki-tout-laikido-est-la/