體ノ變化後 両足ヲ六方に開き姿勢ヲ安定セシマルを要ス – ამ ფრაზის ინგლისური თარგმანიც ისეთივე მაზალოა, როგორც წინა ფრაზებისა…

…გაგრძელება…
2 – ირიმი 入身
…შევარდენი გადაადგილდება (動)…

მოძრაობა, რომელსაც ო-სენსეი აჩვენებს ამ ფოტოებზე, აიკიდოში ირიმი ნაგეს სახელითაა ცნობილი. ფუძემდებელი აქ ამ ტერმინს არ იყენებს, ის მხოლოდ ირიმის ახსენებს.
ნეტავ რატომ?
პირველი მიზეზი საკმაოდ რადიკალურია — ფუძემდებელი არც ერთ ტექნიკას ინდივიდუალური დასახელებით არ მოიხსენიებდა. ის არ იყენებდა არც ირიმი ნაგეს და არც სხვა სახელწოდებებს, რომლებსაც ჩვენ ვხმარობთ დღეს ილეთების მოსახსენიებლად. ამ უმნიშვნელოვანეს პუნქტს მომდევნო თავში ისევ დავუბრუნდებით.
რაც შეეხება მეორე მიზეზს — რაც ასევე კავშირშია პირველ მიზეზთან — მასზე პასუხის გაცემის საშუალებას მე დღეს ტამურა სენსეი მაძლევს. ერთ დღეს, როდესაც ის პიერ შასანთან ერთად თვითმფრინავით მგზავრობდა, არც აცია, არც აცხელა და პიერი ამ სიტყვებზე დააფიქრა: „ირიმი ნაგეს იმიტომ ჰქვია ასე, რომ ის ყველაზე უკეთ ასახავს ირიმის პრინციპს“. „სენსეი, რატომ უფრო ადრე არ მითხარით ეს?“ ჰკითხა პიერმა, რომელიც ამ შენიშვნამ ჯერ დააფიქრა, შემდეგ კი ჩამთან ლაპარაკში გამიმეორა.
ირიმი (入身) სხეულში შესვლას ნიშნავს, შეტევის სხეულში, ესე იგი მოწინააღმდეგის სფეროში მოქმედებაზე კონტროლის ხელში აღების მიზნით. ეს აიკიდოს ფუძემდებლური პრინციპია და აიკიდოს ყველა ტექნიკა აუცილებლად ამ პრინციპსაა მორგებული. თუმცა დღეს ირიმი ნაგეს სახელით ცნობილ გდების ტექნიკას ერთი თავისებურება ახასიათებს, იგი ტორის ხერხემლის მოწინააღმდეგის ხერხემალზე სუპერპოზიციის საშუალებით ხორციელდება. ეს დამთხვევა, ორი ხერხემლის ეს ერთიანობა ირიმი ნაგეს ის თავისებურება გახლავთ, რომლითაც ირიმის პრინციპი თვალსაჩინოდ და განსაკუთრებული სიცხადით იჩენს თავს. აი, რისი თქმა უნდოდა ტამურა სენსეის პიერ შასანისთვის, აი, რატომ ჰქვია ირიმი ნაგეს ეს სახელი
თუკი ფუძემდებელი თავისი წიგნის მე-2 პუნქტს ასათაურებს ტერმინით ირიმი, ეს ნიშნავს, რომ იგი აქ არა ერთ რომელიმე ტექნიკაზე, ილეთზე, არამედ თავად აიკის პრინციპზე ლაპარაკობს. ამ პრინციპის წარმოსაჩენად, მკითხველისთვის მის საჩვენებლად, ის აიკიდოს მოძრაობას მიმართავს დახმარებისათავის, სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ბუდოს მე-10 გვერდის ამ ოთხი ფოტოს მიზანი ირიმი ნაგეს ჩვენება არ გახლვათ, მათი დანიშნულება პრინციპის წარმოდგენაა, რომელიც ყველაზე ნიშანდობლივად და სუფთა სახით სწორედ ამ ილეთში იჩენს თავს. ეს სურათები პრინციპის ილუსტრაციაა და ყოველგვარი ტექნიკური განხილვა-შეფასება გვერდზეა გადადებული. სწორედ ამის გამო არ არის ნაჩვენები უკეს ვარდნა, რადგან ის მართლაც ტექნიკაზე გააკეთებდა აქცენტს და პრიციპიდან სხვა რამეზე გადაიტანდა ყურადღებას.
ამასთან აიკიდოს პრინციპი შესვლაა და ის ტრიალით შესვლაში მდგომარეობს. ეს მისი მოდალობაა. ეს არის უმთავრესი ინფორმაცია — გამქრალი ინგლისურ თარგმანში — რომელიც ო-სენსეიმ მოგვცა კამაეს ამ მესამე, ესოდენ მნიშვნელოვან ფრაზაში: ამ ექვსი მიმართულებისკენ არ მივდივართ ნებისმიერი სახით, არ მივდივართ პირდაპირ, იქითკენ სპირალური ბრუნვით მივემართებით.
მას შემდეგ, რაც ირიმი იმ მოძრაობით აჩვენა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს ამ პრინციპს, ო-სენსეიმ ახლა უკვე ტრიალი უნდა გვიჩვენოს. და იგი ამას გააკეთებს იმ მოძრაობით, რომელიც საუკეთესოდ და ყველაზე არსებითი სახით გამოხატავს პრინციპის ბრუნვით მოდალობას. ეს მოძრაობა არის ტაი ნო ჰენკა და ამიტომაცა იგი ბუდოს გეგმის მესამე პუნქტი, ჯუნბი დოსას მესამე პუნქტი
3 – ტაი ნო ჰენკა 體ノ變化
…შევარდენი რწევით გადაადგილდება (動) …

ტაი ნო ჰენკა 180°-ით ტრიალია, რომელსაც ჩვენი სხეული მოწინააღმდეგის გვერდით მიჰყავს, რათა მათ ერთი მიმართულებით იყურონ. წინა ტერფი არის ის ღერძი, რომლის გარშემოც უკანა ფეხი ტრიალებს.
აი, ის მნიშვნელოვანი მითითება, რომელსაც ო-სენსეი გვაძლევს, თარგმნილი სიტყვასიტყვით, როგორც ყოველთვის:
體ノ變化後 ტაი ნო ჰენკას შესრულების შემდეგ,
両足ヲ六方に開き გახსენით ტერფები ექვსი მიმართულებით
姿勢ヲ安定セシマルを要ス რათა აღიდგინოთ დგომი, ეს არსებითია.
აი როგორ თარგმნა ეს ჯონ სტივენსმა:
სხეულის ბრუნვის შემდეგ შეინარჩუნეთ სამოცი გრადუსიანი კუთხით გახსნილი ტერფები – ეს ყველაზე მდგრადი დგომია.
ეს თარგმანი ისეთივე მაზალოა, როგორც წინა თარგმანები:
1- იაპონური ტექსტი არ გვეუბნება ტაი ნო ჰენკას შესრულების დროსო, ის გვეუბნება, ტაი ნო ჰენკას შესრულების შემდეგო (後). ეს სავსებით ნორმალურია, რადგან როპო (ჰანმი-ირიმი) დგომია, შეჩერების თვლაა, 180°-ით ტრიალის დროს კი სხეული მოძრაობს და ყველასთვის გასაგებია, რომ შეუძლებელია თან გადაადგილდე და თან, ამავდროულად, ერთ პოზიციაში დარჩე, ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია.
2- როპო კიდევ ერთხელ არის ნათარგმნი, როგორც სამოც გრადუსიანი კუთხე, მაშინ როცა იაპონური ტექსტი სულაც არ ამბობს ამას და ისევ და ისევ ჯიუტად იმეორებს გამოთქმას ექვსი მიმართულება (六方).
3- იაპონური ტექსტი არავითარ შემთხვევაში არ ამბობს, რომ როპო ყველაზე მდგრადი დგომია. ამისათვის უნდა ეწეროს: 最も安定した姿勢である. მაგრამ კანჯი 最, რომელიც ნიშნავს ყველაზე მეტად, არსადაა ო-სენსეის ტექსტში. როპოსთვის მინიჭებული ეს მდგრადობა მთარგმნელი გამოგონებაა. ო-სენსეი უბრალოდ წერს, მოძრაობის შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ მდგრადობასო, უნდა აღვიდგინოთ როპოს საწყისი უსაფრთხო დგომი, რომლის შესახებაც უკვე განმარტა კამაეს სათაურის ქვეშ, ყოველი მოქმედების ბოლოს უნდა დავიბრუნოთო. ჰანმიში ამ დაბრუნების მიზეზი ამ დგომის დიდ სიმდგრადეში კი არ მდგომარეობს, რასაც ო-სენსეი საერთოდ არ ახსენებს, არამედ ექვსი მიმართულებით (როპო) მისი მობილურობის პოტენციალში, რაც მთავარი სტრატეგიული უპირატესობაა.
ვნახოთ, რას გვეუბნება ტაი ნო ჰენკას იდეოგრამები:
體 – ტაი
ეს არის ის, რაშიც ბევრი ძვალია, სხვა სიტყვებით, სხეული. ო-სენსეი ჯერ კიდევ იყენებდა ამ ძველ კანჯის, რომელიც დღეს 体-ითაა შეცვლილი.
ノ- ნო
ეს ძველებური ყაიდაა の-ს დასაწერად და კავშირის მარტივი (კუთვნილების აღმნიშვნელი) ნაწილაკია.
變 – ჰენ
ო-სენსეი ჰენ-ის ძველ ფორმას იყენებს, რომელიც ომის შემდეგ გამარტივდა, 変-ად იქცა და ცვლილებას, ტრანსფორმაციას, მეტამორფოზას ნიშნავს.
化 – კაამ კანჯის შინაარსიც ცვლილებაა, თუმცა მოტყუების, ფინტის გაკეთების ნიუანსით, რასაც შეცდომაში შეყვანის, გაცურების, თავგზის არევის და თვით მოჯადოების აზრიც ემატება.
მაშასადამე აიკიდოში ტაი ნო ჰენკა 體ノ變化 მოულოდნელი მოძრაობით მოწინააღმდეგის მოტყუება, სხეულის მარტივი, ბრუნვით მოძრაობით მისი წამიერი დეზორიენტირება და, შედეგად, გაუჩინარებაა, რითაც თითქოს ნუსხავ და აჯადოებ მას.
ჰენ-ში 變 არსებული მეტამორფოზის იდეა თავის მნიშვნელობას ჰენკა-ში 變化 კიდევ უფრო აძლიერებს. გამოდის, რომ ფინტთან, მისტფიკაციასთან დაკავშირებული ეს ნაირნაირი ნიუანსები მთლიანად გამქრალია ტაი ნო ჰენკას თანამედროვე დაწერილობაში (体の変更), რომელიც მხოლოდ სხეულის უბრალო მოდიფიკაციას (変更) ნიშნავს. თანამედროვე აიკიდომ ტაი ნო ჰენკას დაწერის მანერა შეცვალა და ამით ის შინაარსი დაკარგა, რომელიც ო-სენსეის დედან ნაწერში იყო და რომლის მნიშვნელობასაც მე-3 თავში დავინახავთ.
აქ წამით შევჩერდეთ და ჩვენს ხელთ არსებული ცნობები შევაჯამოთ:
1- კამაე ჰანმი-ირიმის ასე იმიტომ ჰქვია, რომ ეს დგომი ბუნებრივად ღიაა ექვსი მიმართულებით და საშუალებას იძლევა, ადამიანი მყისიერად გადაადგილდეს ამ ექვსი მიმართულებით… და ამგვარად შევიდეს მტრის სფეროში.
2- ეს ღიაობა ექვსი მიმართულებით მხოლოდ ჰანმი-ირიმის დგომიდანაა შესაძლებელი, ესაა მისთვის დამახასიათებელი თავისებურება და ამიტომაც მიეწება ბუნებრივი ატრიბუტივით სახელი როპო (ექვსი მიმართულება). რაკი მეტონიმიის გამო ეს ორი ცნება ერთმანეთს ასოციაციით მჭიდროდ უკავშირდება, როპო ხანდახან ჰანმის ნაცვლად იხმარება დგომის აღსანიშნავად, მაგრამ ჩვენ წინაშე არსებული რეალობა ერთადერთია და ორი ერთმანეთისგან განსხვავებული დგომი არ არსებობს.
3- ეს ექვსი მიმართულებით ღიაობა საბრძოლო უპირატესობაა, იმიტომ რომ იგი დიდ მობილურობას გვთავაზობს. ამიტომაც უნდა იყოს ის ყველა მოძრაობის დასაწყისში და ახალი მოქმედების ევენტუალობის გამო ის აუცილებლად უნდა აღდგეს, როგორც კი მოძრაობა ჩერდება და მდგრადობა ბრუნდება. სამაგიეროდ, მას არ მოაქვს დიდი მდგრადობა, განსხვავებით იმისაგან, რასაც ჯონ სტივენსი არასწორად ათქმევინებს ო-სენსეის.
4- შესვლა (ირიმი) მოწინააღმდეგის გვერდზე შეცურებით ხორციელდება, რომელიც არ უნდა იყოს არჩეული მიმართულება.
5- თავისი სრული სახით შესრულებულ ირიმის თან ახლავს 180°-იანი ტრიალი წინა ტერფის გარშემო, რომელიც ამ შემთხვევაში ღერძად იქცევა. ტაი ნო ჰენკად წოდებული ეს ტრიალი აუცილებელია იმ სპირალური გზის დასაწყებად, რომელსაც ექვსი მიმართულებით მივყავართ.
რა გვაკლია იმისათვის, რომ აიკის მოქმედება სრული იყოს?
გვაკლია ირიმის წარმოდგენა, როდესაც ის თავისი სრული ფორმით კეთდება, ანუ მოჰყვება ტაი ნო ჰენკად წოდებული 180°-იანი ბრუნი, რომელიც ჩვენ ეს-ესაა, ვნახეთ. აიკიდოს მოძრაობისათვის დამახასიათებელი ამ თავისებური შესვლის აღსაწერად დღეს სახელად ირიმი-ტენკანი ჰქვია, თუმცა ო-სენსეი მას არ ეძახდა ასე. ის ამბობდა და წერდა ირიმი-ტენკა. ეს იქნება ჯუნბი დოსას უკანასკნელი პუნქტი, რომელსაც ფუძემდებელი აიკის მოძრაობის გეგმის წარმოსადგენად გვაძლევს.
…გაგრძელება იქნება…
ფილიპ ვოარინო
2025 წლის სექტემბერი