Categories
ტატამს მიღმა

ო-სენსეი რასაც აკეთებდა, ის აიკიდო არ იყო

ბატონო, გაკვეთილის დროს თქვენ ატემი აჩვენეთ… არ მესმის. იმიტომ, რომ  მე არ მინდა საბრძოლო ხელოვნებაში ვივარჯიშო… მე მინდა, ვივარჯიშო აიკიდოში.

ყბა ჩამომივარდა, ისევე, როგორც ცურვის მასწავლებელს დაემართებოდა, რომელიმე მოწაფეს რომ ეთქვა „ბატონო, არ მინდა წყალში ჩასვლა… მე მინდა ცურვის სწავლა“.

უსაზღვროდ მადლობელი ვარ ახალგაზრდა მოვარჯიშისა, რომელმაც ერთ-ერთი სემინარის ბოლოს მომაკითხა და ამაზე დამაფიქრა. სასწაულებრივი ფრაზაა. უკეთ ვერ განსაზღვრავ იმ გაუგებრობას,რომელიც დასავლეთში აიკიდოს გამოჩენით იშვა. ვუდსტოკის ხანაში, 1968 წლის შემდგომ, ზოგიერთი მოვარჯიშის კეიკოგიზე დაინახავდით წარწერას: „გიყვარდეთ ერთმანეთი, არ ეომოთ ერთმანეთს“. აიკიდო სიყვარული და ჰარმონიაა, მაშასადამე, არ შეიძლება ატემის გაკეთება, აიკიდო სიყვარული და ჰარმონიაა, მაშასადამე, არ შეიძლება ხმლის ხმარება, რომელიც ჩემს წარმოდგენაში წარსულში ბრძოლის ველებზე დაღვრილი სისხლი ჯერ არ შეშრობია. ესაა კრედო.

უბრალოდ, ფოტოდოკუმენტები, რომლებზე ო-სენსეია გამოსახული, რომელიც ატემის ასრულებს ან თავისი ხმლით მოწინააღმდეგეს სიმბოლურად ორად აპობს, ძალიან უხვადაა. „ეს არქაული, უმწიფარი და არასრული აიკიდოს გამოხატულებაა“, ასეთ პასუხს სცემენ სიყვარულის მომხრენი და სახეს იმალავენ. ერთი უბრალო „დეტალი“ კი ავიწყდებათ: ეს ფოტოები გადაღებულია ფუძემდებლის ყველა ასაკში, 50-დან 80 წლის ჩათვლით, რაც შეუძლებელს ხდის იმგვარ ახსნას, ვითომ ეს ძიებით, გზა-კვალის არევით ან სულაც ჯეელობით გამოწვეული შეცდომებია.

მაშ რა ხდება? აიკიდოს შემქმნელი გარდაცვალებამდე გონებაში (და ხანდახან სინამდვილეშიც) ურტყამდა თავის უკეებს მუშტსაც, ხმალსაც და ჯოხსაც. და უნდა დავასკვნათ აქედან? რა და ძალიან მარტივად: ვინაიდანაიკიდოში არ შეიძლება ატემის დარტყმა და ვინაიდან ო-სენსეი მთელი თავის ცხოვრება ატემის ურტყამდა, გამოდის, რომ ის, რასაც ო-სენსეი აკეთებდა, არ ყოფილა აიკიდო.

აი, რა გამოდის ამ ყველაფრიდან. თვალნათლივია, ო-სენსეი აგრესიული და უხეში კაცი ყოფილა. ჩვენ კიდევ ცივილიზებულები, რომლებსაც საკუთარი შეხედულებები გვაქვს, ძალადობას გავურბივართ, გამთბარ და შხაპებიან დარბაზებში ვეწაფებით მშვიდობის ხელოვნებას, აიკიდოში ვვარჯიშობთ. ძნელი გასაგებია ეს ყველაფერი? კარგად რომ დავუფიქრდეთ, ჩვენ ვყოფილვართ შანსი კაცობრიობისთვის. უჩვენოდ არავის არ ეცოდინებოდა, რა არის აიკიდო.

როგორ მოგწონთ ამგვარი აზროვნება? ხომ დიდებულია ?
ხომ ჩანს, სადამდე მივალთ, ამ ლოგიკას ბოლომდე თუ გავყვებით?

არ ღირს, დააფუძნოთ ამგვარი მსჯელობა წინასწარ შექმნილ რაღაც მიდგომებზე. აიკიდო ნამდვილად წამოჭრის ხოლმე შეკითხვებს, მაგრამ რა საჭიროა უშუალო პასუხების ძებნა რაღაც დამკვიდრებული აზრების ბაზარში? იმ ახალგაზრდა მოვარჯიშეს, რომელსაც ვერაფრით ვერ გაურკვევია, რომელია მართალი – აიკიდო ომის ხელოვნებაა თუ მშვიდობის – მინდა ვუთხრა, რომ მარტივი ხერხი არსებობს ამ პარადოქსის ასახსნელად: სულ ოდნავ ენდოს ო-სენსეის და მიჰყვეს მისგან მკაფიოდ მითითებულ გზას, ხმლით იქნება ეს, შუბით თუ ატემით. ფუძემდებლისა და მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობისა და მეთოდის მიმართ გამოჩენილი ერთგულებით წარმოჩინდება აიკიდოსეული მსოფლხედვა, რომელიც, რა თქმა უნდა, უსაზღვროდ აღემატება თავის მოკვეთის ტექნიკის ვულგარულ უნარს. მაგრამ თავის მოკვეთის სწავლაც აუცილებელია. ადამიანთა ამხდარი სამოთხის შეცნობამდე ჯერ ჯოჯოხეთში უნდა ჩაეშვას კაცი. უამისოდ არანაირი ინიციაცია არ იქნება. ესაა მეომრის გზა. მეომარს კონფრონტაცია სჭირდება. ჭკუის კოლოფობა კი არა, მოქმედება გაძლევს საშუალებას, საბრძოლო გზის ბოლოს ჩასწვდე ბრძოლად მონათლული ნგრევა-განადგურების სურვილის ამაოებას. რასაკვირველია, „იმას, ვინც არ იბრძვის, დედამიწის ზურგზე ვერავინ შეებრძოლება.“ რა აზრი შეიძლება მიეცეს ამ ფრაზას? ძალიან ადვილია, შეცდეს ადამიანი დაოს ამ სწავლებისაგან, ეს რომ მხოლოდ სპეკულაცია ყოფილიყო და არა გამოცდილების შედეგი. ჭეშმარიტი მეომარი თუ არ იბრძვის, ვერ იტყვი მასზე შემდეგომ, პასიური გახდაო. ყველაფერი პირიქითაა, ის სრულად მოქმედებს, რადგან ის ამ სფეროში ავთენტური, სუფთა სახის მოქმედებით მოხვდა. ანუ ის აღარ ეძებს კონფლიქტის გადაწყვეტას შეწინააღმდეგების ძალით, რომლის ხმარებასაც ნელ-ნელა გადაეჩვევა, და იწყებს სამყაროს კანონების დაცვასა და პატივისცემას,რომელთა შეცნობაც ნასწავლი აქვს. მის ნათელ ცნობიერებაში შედის ის ამბავი, რომ დაპირისპირების ძალა, თუნდაც ყველაზე დახვეწილი და ნიჭიერი, არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ ის გარდაუვლად მიადგება ამ ზღუდეს, გაანადგუროს სხვა ან განადგურდეს თვითონ. თუ ჭეშმარიტი მეომარი გამარჯვებას ზეიმობს, არა იმიტომ, რომ ის უფრო ძლიერი, უფრო სწრაფი ან უფრო მარჯვეა, ის ზეიმობს იმიტომ, რომ სამყაროს დინებაში ის ისეთ ადგილს იკავებს, რომ სხვაგვარად ვერც იქნებოდა. და ამ მიზეზით მისი ტრიუმფი არა მტრის განადგურება, არამედ ცასა და დედამიწას შორის არსებული წონასწორობის დაცვაა. მისი საშუალებით თავის თავს წარმოაჩენს ძალა, რომელიც ბევრად აღემატება ადამიანის მიერ თავისი მსგავსის ძირს დაგდებისთვის აუცილებელ ძალას.

თუ თავიდანვე და ერთბაშად ჩამოვიშორებთ საბრძოლო ხელოვნებას ამ „სიცუდის“ გამო, რაღა აზრი უნდა მივანიჭოთ ტრანსცენდენტულობის ცნებას? განა ტრანსცენდირება ზუსტადაც იმ საშუალების გამოყენება არ არის, რომლითაც ბუნების მიღმა არსებულ ნაყოფს ან ამ საშუალების თვალსაჩინოშესაძლებლობებს მივიღებთ? საბრძოლო ხელოვნების ტრანსცენდირება ნიშნავს, რომ მას შეაქმნევინო ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა, საბრძოლო ხელოვნებას ამის შექმნა შეუძლია. მაგრამ ამისთვის ჯერ შემოთავაზებულ გზას უნდა დაადგე. მორიჰეი უეშიბა რაიმე განკარგულებით არ გამხდარა ო-სენსეი, მან გაიარა გასავლელი, იარა ომიდან მშვიდობისკენ და მიჰყვა გზას, რომელსაც წინა პლანზე გამოჰყავს და საქმეში რთავს საბრძოლო ხელოვნებას და მან თამაშის ეს წესები დაიცვა. თუ რაიმე მადლმა არ გაგასხივოსნა, ჭეშმარიტებით ვერ მიაღწევ ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას შეცდომის გავლით მიაღწევ. სიხარულს სიხარულით ვერ მიაღწევ, სიხარულს დაღლილობისა და ტკივილის მერე ეზიარები და თუ მინდა, რომ ჩემი ბოსტანი აყვავებული ვნახო, იქამდე ჩემივე ოფლით უნდა მოვრწყა. ბუნება უხვია, გამუდმებით ქმნის ახალ ფორმებს, ახალ პეიზაჟებს, ახალ არსებებს, მაგრამ მას ეს იმის გამო ძალუძს, რომ ამავე დროს მიწასთან ასწორებს მთებს, აზვირთებს ოკეანეებს და სრულიად უგრძნობლად ანადგურებს ყველაფერს. არ არსებობს ქმნა განადგურების გარეშე. სიცოცხლის მომავალი სიკვდილშია, სიკვდილის მომავალი კი სიცოცხლეში. საპირისპირო საგანთა ურთიერთდამოკიდებულება დასტურია იმისა, რასაც სამყარო განუწყვეტლივ გვიშლის თვალწინ. უსასრულო დაბრუნების პროცესში ყველაფერი კვებავს და წარმოშობს თავის საპირისპიროს. აბა მაშინ რატომ არის გასაკვირი, რომ აიკიდოსნაირი მშვიდობის ხელოვნება ომის ხელოვნებიდან იყოს წარმოშობილი? სწორედ ამაში არ არის აუცილებლობა ? განა შეიძლება სხვაგვარად იყოს? ბუდიზმი, უარის თქმისა და თავიდან მოშორების გზა, განა სათავეს სამეფო სასახლეების ფუფუნებიდან არ იღებს? სიდჰარტა გაუტამა საკიას პრინცი იყო, მეფის შვილი, ვისაც გონება დაებინდა… მაგრამ ვინ იცოდა მასზე უკეთ ამის მიზეზი?

მიდგომას, რომელიც საგანთა ცალმხრივად აღქმაში, ამ ცალი მხარის ამორჩევაში, ამაზე მიბმაში და სხვა დანარჩენის უკუგდებაში მდგომარეობს, ფიქრი, რომ შეიძლება სიცოცხლე ისე მიიღო, რომ ამას სიკვდილიც არ ახლდეს თან, იყო ბედნიერი და არ იცოდე, რომ ოდესმე უბედურიც იქნებიაუცილებლად, ამ მიდგომას ერთადერთი სახელი აქვს: დუალიზმი. და ეს არცოდნაა. ეს ორბუნებოვნება თავისთავად არ არსებობს სამყაროში, ის ჩვენს დამოკიდებულებაშია სამყაროს მიმართ, ის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მომენტია, უთუოდ აუცილებელი ჩვენი ჯერ კიდევ რუდიმენტული ცნობიერებისთვის. აიკიდო კი არ ეწინააღმდეგება ამ ორბუნებოვნებას, არამედ გვთავაზობს გონების დახვეწას, რათა აღმოვაჩინოთ, რომ ამ ორბუნებოვნების გარსის ქვეშ სინამდვილეში ერთიანობის ალმასი იმალება: აიკი გაერთიანებული კის დაბრუნების გზაა, მაგრამ ალმასის გარსის გარეშე. სიყვარული სიძულვილის მეორე სახეა. სინაზე ძალადობის გარეშე ვერ არსებობს. მშვიდობა უომრად არ არსებობს. ზომიერება სიჭარბის და არის. ძველ ბერძნებს აპოლონისა და დიონისეს საპირისპირო და ერთმანეთის შემავსებელ ღვთაებებში ჰქონდათ პერსონიფირებული ეს დაპირისპირებული ძალები და ეს ამბავი იანუსის ორსახიანი ღვთაებით გამოხატეს. მონეტაზე, სადაც ადამიანის ბედი წერია, არ არის ზედა ან ქვედა მხარე, არის ზედაც და ქვედა მხარეც. და მე თუ არ მიყვარს ქვედა მხარე, შემიძლია სისქეში შუაზე გავჭრა ეს მონეტა, მაგრამ მაინც მექნება ისევ ქვედა მხარე.

ადამიანის ბუნება იოლი სიამოვნებისა და მყისიერი ბედნიერებისკენაა გადახრილი და მიმართული. სიყვარულისკენ, როგორ შაქრისკენ, ისე მივდივარ, იმიტომ რომ ტკბილი და საამოა. მაგრამ მხოლოდ ნამცხვრების ჭამაზე თუ გადავალ, ბოლოს დიაბეტი დამემართება. წონასწორობის დარღვევა სიკვდილს იწვევს. ყველაფრის არსებობა წონასწორობაზეა აგებული და ამ მხრივ არც სიყვარულია გამონაკლისი. წონასწორობა ერთმანეთის შემავსებელ ძალებს ემყარება და, ცხადია, ადვილი არაა ამ ჰარმონიის დაცვა. მაგრამ ამ ამბავში რაღაცეების ვითომ კეთება არ გამოდის, არა-შეწინააღმდეგების ხელოვნება წინააღმდეგობას შეიცავს, არ შეიძლება თაღლითობა, თუკი უკე თვითონ ეცემა, აიკიდოს ჭეშმარიტი აზრი იკარგება. აიკიდო არის გზა, რომელიც თავის არსში სიცოცხლისა და სიკვდილის, განადგურებისა და შექმნის შესაძლებლობასაც კი მოიცავს. სწორედ ამიტომ, პროტოტიპი იმისა, რასაც ფუძემდებელი ჭეშმარიტ საბრძოლო ხელოვნებას უწოდებდა, ჭეშმარიტების ბუა. ეს საბრძოლო ხელოვნება შეიძლება გამოიყენოს კაცმა მთელ სამყაროში თავისი შემქმნელი და დამცველი ძალის სიდიდის გამო და იმ აზრის გამო, რომელიც მას ო-სენსეიმ მისცა, ეს არის ტაკემუსუ აიკის აზრი, ეს არის აზრი, რომელიც ყველა ნამდვილმა აიკიდოკამ უნდა ჩადოს ამაში. მაგრამ თუ თვითონ სამყარო ვერ აშენებს, თუკიამავდროულად რამეს არ ანგრევს, როგორ მოახერხებს ამას ადამიანი? ირიმი-ტენკანი არის ის პრინციპი აიკიდოში, რომელიც ყოფიერების ამ გარდაუვალ ჭეშმარიტებას წარმოაჩენს. ხმალი, შუბი, ატემი ის სიმბოლოებია, რომლებიც ამ საგანთა ფუნდამენტურ ასპექტს შეგვახსენებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, შემიძლია იმედი მქონდეს, ვიქცე სამყაროდ და უზენაეს ტახტზე დავჯდე იქ, სადაც ყველაფერი საპირისპიროთა ერთიანობაში სპონტანურად წყდება, თუკი დაწყებამდე უარვყოფ სამყაროს ერთ ნაწილს, თუკი რაიმე იდეის სახელით ომს გამოვუცხადებ ძალადობას და მას პერსონა ნონ გრატად შევრაცხავ? გამოსავალი ძალადობის გარიყვაში არ არის, გამოსავალი ისაა, რომ ვიცოდე რას ვუშვრები მას. წარჩინებულს ფესვი წარუჩინებელი აქვს, მაღალს საფუძვლად დაბალი უძევსო, ღაღადებს დაო. წყალი გზას ყველაზე დაბალი და ამაზრზენი ადგილებისკენ მიიკვლევს, სწორედ ამგვარად აღწევს ოკეანემდე და ბოლოს მთებს რწყავს თავისი მკვებავი სიწმინდით. სწორედ ასევე, აიკიდოს სიდიადე საბრძოლო ხელოვნების უბადრუკობიდან გამოდის. აიკიდო შუქისა და ჩრდილის, სიყვარულისა და სიძულვილის, ომისა და მშვიდობის კავშირია. რომელიმე მათგანის ამოგდება ყველაზე ლეგიტიმური და ყველასთვის მისაღები მორალური პრინციპების სახელით, თუნდაც იყოს ეს ძალადობა, მის შეწინააღმდეგებას ნიშნავს, ეს კი, როგორც ო-სენსეი ხსნიდა, უკვე აღარ იყო ღვთაებრივი საწყისი. აქ ვეხებით იმის ღრმა აზრს, რაზეც უეშიბა სენსეი ამბობდა: „ნუ შექმნით პრობლემას ერთმანეთთან ისეთი დაკავშირებული რაღაცეებით, როგორებიცაა სიკეთე და ბოროტება.“ სხვაგვარად, ეცადეთ სიკეთისა და ბოროტების მიღმა იყოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ადამიანური ცნებებია, ეცადეთ იყოთ იმ სამეფოში, რომელსაც ის სატოში გოკოროს უწოდებდა: ღვთიური ცნობიერება. იესო ნაზარეთელი სხვას კი არაფერს ამბობდა, „ცათა სასუფეველი თქვენშიაო“.

ვინც აცნობიერებს აიკიდოს ნამდვილ მიზანს, მიხვდება, რომ უზარმაზარი ფარსია ამ ხელოვნების დაქვემდებარება სპორტის სამინისტროსთვის. აიკიდო სპორტი არ არის, რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ოფლი იღვრება. შემოთავაზებული ხედვა გრანდიოზულია, მაგრამ მოითხოვს, რომ ცოტა სიმაღლიდან შევხედოთ და პეიზაჟზე ხეობის ყველაზე დაბალი ადგილიდან ნუ ვიმსჯელებთ. უნდა გვწამდეს, რომ მწვერვალიდან ლამაზი გადმოსახედია და მოთმინებით და ნდობით გადავდგათ ნაბიჯები ერთიმეორის მიყოლებით იმ ბილიკზე, რომელსაც ჩვენამდე ი-სენსეი დაადგა. რადგან უნდა გასცე, რომ მიიღო. „როგორი ღრმა ნდობა უნდა ჰქონოდათ კეპლერსა და ნიუტონს სამყაროს გონივრული არქიტექტურისა, (…) რითაც ღვთიური მექანიკის ჭანჭიკებს არსი გაუგეს!“ წერდა ალბერტ აინშტაინი. ნდობა და რწმენა თუ არ გაქვს, იზისი დაფარული რჩება.

როდესაც ეთიკა ჰარმონიის მომხრე კონცეფციის სახელით აიკიდოს ერთ-ერთი შემადგენელი და გამაწონასწორებელი ელემენტის დაგმობასა და გაძევებას იწყებს, ის ამით ამ ჰარმონია ანგრევს და ყველაფერი ქაოსისკენ მიჰყავს. ერთიანობის სახელით ორბუნებოვნებაში იძირება. აიკიდოს სახელით აიკიდოს აფუჭებს და არარაობისკენ მიაქანებს. და მაშინ აიკიდოს ადგილას ერთგვარი აჩრდილი, სპორტი, დუალისტური ტანვარჯიში ვითარდება, რომელიც თავისთავად სულაც არ არის ცუდი, მაგრამ რომელიც, წესებს თუ მკაცრად და ზუსტად დავიცავთ, აიკიდოს სახელს არ უნდა ატარებდეს. ძალიან ბევრი მოწაფე მართლა სულით და გულით მეცადინეობს აიკიდოს ნაცვლად სულ სხვა რაღაცაში. და როდესაც შემთხვევით გზად აიკიდო შემოხვდებათ, ბუნებრივია, ისინი ამაში თავიანთ დისციპლინას ვერ ცნობენ. მათგან ყველაზე პატიოსნები – და მე აქ სრულიად გულწრფელად მივესალმები კიდევ ერთხელ იმ ახალგაზრდას, რომელმაც ის შეკითხვა დამისვა – ისინი ლოგიკურად იცავენ იმას, რაშიც დარწმუნებულები არიან. მათ დაიჯერეს, რომ აიკიდოს კავშირი არა აქვს საბრძოლო ხელოვნებასთან, ამიტომაც არაფრის გაგონება არ სურთ საბრძოლო ხელოვნების შესახებ. ყველაზე არათანმიმდევრულები, რომლებიც დავის თავიდა ასაცილებლად მუდამ მზად არიან, დაგთანხმდნენ, აცხადებენ, რომ ყველა განსხვავება ყოველთვის წვრილმანებშია და რომ სიღრმისეულად ყველა სტილი ღირებულია. თითქოს შესაძლებელი იყოს სტილების არსებობა აიკიდოში! განა არსებობს პითაგორას თეორემის ამოსახსნელად სხვადასხვა სტილი?

…და, ყველაფრისდა მიუხედავად, ამ სტატიაზეც იტყვიან, აქ ივამურ სტილზე იყო ლაპარაკიო!

ფილიპ ვოარინო, 2006 წლის 25 აგვისტო, ანტიბი