Categories
სტატიები

ჩავლება ძალადობის გარეშე

იმისათვის, რომ ჩავლება ეფექტური იყოს, ის უნდა განხორციელდეს სწორ ადგილას უკეს სხეულზე, იმ ადგილას, რომელიც საუკეთესოდ მოგვცემს საშუალებას, წონასწორობა დავაკარგინოთ მას

იმისათვის, რომ ჩავლება ეფექტური იყოს, ის უნდა განხორციელდეს სწორ ადგილას უკეს სხეულზე, ანუ იმ ადგილას, რომელიც საშუალებას მოგვცემს საუკეთესოდ დავაკარგინოთ წონასწორობა ამ უკანასკნელს, იქნება ეს მაჯაზე, იდაყვში, მხარში თუ სხვაგან. უწინარესი ინტერესი მოწინააღმდეგის ჩავლებისა გახლავთ ის, რომ შეიქმნას კავშირი ჩვენ შორის მისთვის წონასწორობის დასაკარკიგებლად, რათა ამით შემდეგ მისი გაკონტროლება შევძლოთ.

თუმცა დაუშვებელია პირდაპირ და სწორხაზოვნად მივიდეთ ჩავლებისათვის იდეალურ ადგილას. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ჩავლება ვერ იქნება გარანტირებული ასეთ შემთხვევაში და ადვილად შეიძლება ავცდეთ ზუსტ წერტილს ჩავლებისათვის, მაგრამ უფრო იმიტომ რომ თუკი ასე, ძალისმიერად მოვეპყრობით უკეს და მას უხეშად ვაიძულებთ იქ ჩავლებას, სადაც მას სურვილი არა აქვს, აუცილებლად გამოვიწვევთ მის რეაქციასა და წინააღმდეგობას.

მაშასადამე, ყველა ჩავლება ხორციელდება თანდათანობით, სპირალური ტრაექტორიის დაცვით, რაც ერთი შეხედვით საპირისპირო ძალების სავალდებულო პასაჟია, მაგრამ სინამდვილეში ეს ძალები ურთიერთშემავსებელი ხდება იმ საერთო გზაზე, რომელზეც ისინი ტორის ბრუნვითი მოძრაობის გამო ხვდებიან ერთმანეთს. ჩავლება (დორი) წონასწორობის წერტილია, სადაც ეს ძალები თითქოს ერთმანეთში ინასკვება ილეთის ამ გაელვებასავით ხანმოკლე მომენტში, რათა ამის შემდეგ კვლავ მყისიერად დასცილდნენ ერთმანეთს.

ყველაზე უხერხული ჩავლებაც არ არის უხეში, ის იმ ძალების ჰარმონიის შედეგია, რომელსაც წყნარად და მშვიდად, მაგრამ მტკიცედ მივყავართ მოწინააღმდეგის გდების ან გაუძრავებისაკენ. არ არსებობს არანაირი ძალმომრეობა, იმიტომ რომ არავითარი კონფლიქტი არ ჩნდება ძალებს შორის. კავშირი, როდესაც ის ნამდვილია, პირიქით, იმ სიღრმისეული, ბუნებრივი სიბრძნისა და წესრიგის გამოხატულებაა, რომელიც ცვლილებებსა და სამყაროს უწყვეტ ტრანსფორმაციას მართავს. გავიხსენოთ, რა თქვა ამაზე ჯორდანო ბრუნომ:

„აუცილებელია, რომ ის, ვინც უნდა შექმნას კავშირი, გარკვეულწილად ესმოდეს სამყაროს ერთიანობა, თუკი უნდა, რომ მასთან დააკავშიროს ადამიანი“

ჯორდანო ბრუნო – “კავშირები”

ახლა ეს სიტყვები ო-სენსეის სწავლებას შევადაროთ:

„აიკიდოს არსებითი პრინციპია, შეერწყას სამყაროს მოძრაობას, გახდეს ‘ერთი’ თავად სამყაროსთან ერთად.“

ფუძემდებლის სიტყვები – “ტაკემუსუ აიკი”

აიკიდოში ვსწავლობთ, თუ როგორ დავუკავშირდეთ სხვას სხეულით, მაგრამ შეუძლებელია, ვინმეს დაუკავშირდე სხეულით, თუ ამავდროულად არ ვუკავშირდებით მას სულიერადაც, გონებრივადაც. და განზომილება, რომელსაც აიკიდო აღწევს აქ, ბევრად აღემატება ბრძოლის უბრალო მეთოდს. ჩვენ აქ ვეხებით იმას, რასაც ვუ-ვეის უწოდებენ დაოსისტურ ტრადიციაში, ანუ როგორ ვიმოქმედოთ მოქმედების გარეშე, როგორ ვიმოქმედოთ სრულად ისე, რომ არასდროს შევიდეთ კონფლიქტში სამყაროს ბუნებრივ მოძრაობასთან.

ფილიპ ვოარინო
7 თებერვალი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/saisir-sans-violence-uke-efficace/