წყარო: https://aikidotakemusu.org/reponse-entretien-leo-tamaki/
ეს სტატია ფიქციაა, წარმოსახვითი ჩართვაა ლეო ტამაკისა
და გიიომ ერარის საუბარში, რომელიც ამ უკანასკნელის
მიერ წარმართული ინტერვიუს დროს შედგა ამ რამდენიმე
წლის წინ, 2015 წელს.
ამ საუბარში ფანჯრიდან შევედი და თავი ისე დავიპატიჟე, რომ არავის
თანხმობა არ მქონია, დაე, მაპატიონ ეს არც თუ ისე დელიკატური
საქციელი, მაგრამ ვისთვისაც მიზანი მისაღებია, ეს ხერხიც მისაღები
იქნება.
ინტერვიუს დედანი აქ არის.
ჩემი მეგობარი ჟილბერი ‘პანიედანაა’, ის იქ ნამდვილი ფიგურაა და
მარსელის ამ უბნის ოცსაუკუნოვანი ისტორია მემკვიდრეობით ერგო.
1980-იან წლებში, როდესაც სერფინგი იპყრობდა საფრანგეთს, ერთი
მისი კოლეგა ამ სპორტს ესტაკის მხარეში ასწავლიდა და ერთხელ
სთხოვა, ამ გაგანია ზაფხულში რამდენიმე დღით შემცვალე და
მეცადინეობები შენ ჩაატარეო. ბედად, იმ ნაპირას მხოლოდ
შტორმსაწინააღმდეგო გამაგრებები იყო და ერთ-ერთი ასეთი
გამაგრების ბოლოში ჟილბერი ისე იდგა, რომ ფეხებიც არ
გაუსველებია. მისმა სიტყვაუხვმა განმარტებებმა და ჟესტებმა
სასწაული ქნა, მოვარჯიშეები, რომლებიც მის წინ დაქროდნენ ფიცარზე,
ამ მოლაპარაკე შუქნიშანს ისე ემორჩილებოდნენ, როგორც მისტრალის
ქარს დაემორჩილებოდნენ და თან ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მათი
მწვრთნელი მხოლოდ თამაშობდა მათ წინაშე და მეტი არაფერი: მას
ფეხიც კი არ დაედგა ცხოვრებში იალქნიან ფიცარზე.
ეს იშკილბაზი სიმპათიური აღმოჩნდა, ის თავის მეგობარს ეხმარებოდა
გასაჭირში, ქარს ყიდიდა, მაგრამ მხიარულად და ამ იშკილბაზობას
ღიმილიანი ნიღაბი ეკეთა.
მაგრამ არსებობს იშკილბაზობები, რომლებიც არ მოგგვიან ადამიანს
ღიმილს.
ამას წინათ ლეო ტამაკის ინტერვიუ წავიკითხე, რომელიც გიიომ
ერარმა ჩამოართვა.
აპრიორულად მე არაფერი მაქვს ლეოს საწინააღმდეგო, ამ
ახალგაზრდა მასწავლებელში იმ აღშფოთების ნიშნებსაც კი ვხედავ
ერთგვარად, რამაც 1990 წელს FFAB მიმატოვებინა. ის, რაც მიბიძგებს
დღეს წერისაკენ, არ გახლავთ ლეოს ურთიერთობის გაწყვეტა
ფედერალურ გარემოსთან, რომლის მიზნებისა და მეთოდებს მის
მსგავსად არც მე ვიზიარებ.
სამაგიეროდ, ყურში ცუდად მხვდება ინტერვიუს ტონალობა, რაც
სწორედაც იმ სათაურითაა განპირობებული, რომელიც გიიომ ერარმა
შეარჩია: “ახალგაზრდობა აიკიდოს ევოლუციის სამსახურში”. ეს
გვაფიქრებინებს, რომ ო-სენსეის ხელოვნება შეცვლადია, რომ
თითოეული მოვარჯიშე თავისუფალია, ისე გაათანამედროვეოს ის,
როგორც მოეპრიანება და პირადი გემოვნების შესაბამისად შეარჩიოს
ის მიმართულება, რომელიც ამ ევოლუციას შეეფერება… და ყოველივე
ამით ახალი სკოლების დაფუძნება გახადოს ლეგიტიმური.
იაპონიაში მეომრები, რომლებმა თავიანთი რიუები დააფუძნეს ლეოს
ასაკში, იშვიათად შეგებებიან სასიკვდილო გამოწვევებს და სწორედ
ამან გამოიწვია მათი ეს გამბედაობა, თუმცა ამგვარი შარები
მოჩხუბარა რონინების გაქრობასთან ერთად გაქრა და დღეს
საბრძოლო სკოლის დაარსება აღარ გულისხმობს ძალადობრივი
სიკვდილის საფრთხეს.
ამ სულიერი სიმშვიდის საპირწონე მაინც არსებობს და ისაა, რომ
სახელგანთქმულობის კანდიდატებმა თავიანთი ღირებულება იმ
საშუალებებით უნდა დაამტკიცონ, რომელსაც არაფერი აქვს ზოგად
საბრძოლო თვისებებთან. დღევანდელი ბრძოლის ველი კომუნიკაციაა,
ხოლო ხმალსა და შუბს აქ უკვე აღარაფერი ესაქმება.
მართლაც, ამა თუ იმ საბრძოლო ხელოვნების ღირებულება აღარ
იზომება იმ უნარით, რომელსაც იგი ანიჭებს ადამიანს, ცოცხალი
დაბრუნდეს ომიდან. იგი ამიერიდან იმ მედიატიზებით იზომება,
რომელსაც ამ ხელოვნების შემქმნელი პიონერები აღწევენ. და ამგვარი
შეფასებისას საკუთრივ სკოლის ტექნიკურ არსენალს ბევრად ნაკლები
მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ამ ტექნიკური არსენალის იმიჯსა და
მარკეტინგს.
მასწავლებელი აირჩევა იმის მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს მას
მადიაში: კომენტარები, აი რა ფასობს, მომხრეთა კომენტარები, ისევე
როგორც მოწინააღმდეგეთა, სხვათა შორის, რადგან მნიშვნელოვანი
ამ კომენტარების შინაარსი კი არა, მათი რაოდენობაა. ხელოვნების
ობიექტური შინაარსი აღარ გახლავთ შეფასების შემადგენელი ნაწილი,
ის აღარ არის გამოკვლეული, გამოცდილი, მასზე მხოლოდ საუბრობენ.
თანამედროვე მეომრები საუბრობენ.
თითოეული თავის აზრს გადმოსცემს, იმართება დიალოგი, არის
გაცვლა-გამოცვლა, ყველა თვალსაზრისს თავისი ადგილი აქვს,
ო-სენსეი არ დამშვრალა ტყუილუბრალოდ, დემოკრატიულმა დისკუსიამ
დიდი ‘აიკის’ გარშემო ადამიანებს ერთი სახურავის ქვეშ მოუყარა
თავი.
თუმცა თავს უყრის ბისტროშიც, სალაქლაქო ადგილებშიც და
“ფალსიფიკატორისგან ოქრომჭედელს ქმნის”.
ამიტომაც ხელში ვიღებ ჩემს „გინესს“, ბარის მაღალი სკამიდან ვდგები,
სადაც აქამდე მარტო ვწრუპავდი და ვუახლოვდები ღუმელს, სადაც
თქვენა გაქვთ მაგიდა, ჩემი მეგობრებო, სკამს გამოვწევ და ვიკავებ
ადგილს მოლაყბეთა როგში, რადგან მეც მინდა ტიტინი და ამ საუბარში
ჩართვა. დამთანხმდით, რომ თქვენი დუეტი ტრიოდ იქცეს და წყეულიმც
იყოს, ვინც ამაზე ცუდად იფიქროს.
გიიომი – ნუთუ იარაღი მართლა აუცილებელია აიკიდოს სასწავლად?
მაშინაც კი, თუკი დავუშვებთ, რომ ასეა, რომელი სკოლით უნდა
ვივარჯიშოთ? ო-სენსეიზე ამბობენ ონო-ჰა იტტო-რიუო, შინკაგე-რიუ
და თვით კაშიმა შინტო-რიუო და მაინც, აიკიდოს სემინარების დროს
ვხედავთ კაშიმა შინ-რიუს, კატორი შინტო-რიუს ან მუსო შინდენ-რიუს.
რა კავშირები და მიმართებებია?
ფილიპი – არავითარი კავშირი, გიიომ, არავითარი. ო-სენსეიმ კი
შეისწავლა ზოგიერთი ამ ხელოვნებათაგანი ახალგაზრდობაში, მაგრამ
იმას, რასაც მერე აკეთებდა ხმლით, ჯოხითა თუ შუბით, აღარ იყო
იმათგან აღარც ერთი, ეს იყო აიკიდო. იარაღის ხმარებას ო-სენსეის
მიერ არაფერი აქვს საერთო იარაღის ისეთ ხმარებასთან, როგორც მაგ
რიუებში იხმარება, არაფერი. და თუ საჭიროა პასუხის გაცემა
შეკითხვაზე, იარაღის ამ სკოლათაგან რომელი მოგვცემს საშუალებას,
ჩავწვდეთ აიკიდოს, პასუხი ასეთია: არც ერთი.
ლეო – ინტერპრეტაციები ღაღადებენ, რომ…
ფილიპი – …და სხვა ინტერპრეტაციები საპირისპიროს ამბობენ. ყურები
მეხშობა, როდესაც ინტერპრეტაციები და მოსაზრებები წარმოჩნდებიან
ხოლმე არგუმენტების ნაცვლად.
ლეო – არის თუ არა იარაღის საჭიროება აიკიდოს საკეთებლად?
ჩემთვის, არავითარ შემთხვევაში. ანუ ჩემი აზრით, ტაიჯიცუს სამუშაო
სავსებით საკმარისი შეიძლება იყოს.
ფილიპი – მართალია, არ არის საჭირო იარაღი აიკიდოს საკეთებლად,
ჩვენ აიკიდოს ვაკეთებთ აიკიდოს იარაღით, მორჩა და გათავდა, ისევე
როგორც ვაკეთებთ ამას უიარაღოდ და პირუკუ, სულ ეს არის.
მთლიანობა არ იყოფა, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის
მთლიანობა აღარ იქნებოდა, არაა საქმე არჩევაზე.
რას მეტყოდი, ლეო, მე თუ დაგისვამდი შეკითხვას შებრუნებით:
„საჭიროა თუ არა ტაიჯიცუ აიკიდოს საკეთებლად“, და დავუმატებდი,
რომ იარაღით მუშაობა „შეიძლება სრულიად საკმარისი იყოს“?
შემთხვევით იმას ხომ არ იფიქრებდი, რომ მე ცოტას ვმუშაობ შიშველი
ხელით?
ლეო – ჩემი თვალსაზრისი ისაა, რომ იარაღით მუშაობა ო-სენსეის
პირადი მუშაობა იყო და რომ ის ამას იყენებდა ზოგიერთი
პრინციპისთვის ხაზის გასასმელად, რომ ეს ძალიან ადგებოდა
დემონსტრაციების დროს და რომ იყენებდა ამას სავარჯიშოებში,
ტანრენში და ა. შ. მე ვფიქრობ, მას არ არავითარ შემთხვევაში არ
შეუქმნია იარაღების სტრუქტურიზებული სისტემა და ვერ
წარმომიდგენია, რომ მას ეს სურდა. თუმცა, ცხადია, ეს მხოლოდ და
მხოლოდ ვარაუდებია.
ფილიპი – მე კი ვვარაუდობ, რომ ეიფელის კოშკი პარიზშია… როდესაც
რაღაც ნამდვილია, არ არის ცოდვა ამის თქმა დარწმუნებით. ო-სენსეის
არასდროს შეუქმნია იარაღების სტრუქტურირებული სისტემა:
მართალია. მას არასდროს უსწავლებია იარაღი ამა თუ იმ მეთოდის
მიხედვით: მართალია. მორიჰირო საიტომ მკაფიოდ თქვა, რომ სწორედ
მან მოაქცია სტრუქტურაში იარაღი გარკვეული მეთოდის მიხედვით,
რათა გაეგო და უკეთ დაეხსომებინა ო-სენსეის ტექნიკა, რომელიც
სპონტანურად წარმოიქმნებოდა ხოლმე ყოველგვარი ნიშნებისა და
ნიშნულების გარეშე.
მაგრამ ყველაფერი პერსპექტივაში უნდა განიხილო, ლეო, და მაშინ
გამოდის, რომ არც შიშველი ხელის ტექნიკათა სწავლება შეუქმნია
ო-სენსეის იარაღის ტექნიკის სწავლებაზე უფრო სტრუქტურიზებულად.
და ის ტექნიკური სრული აბდაუბდა, რასაც დღეს აიკიდოს სახელით
ვხვდებით, შეიძლება ძალიანაც კავშირშია ფუძემდებლის სწავლების
არც თუ ისე დიდაქტიკურ ხასიათთან, რა მიზეზითაც არ უნდა ხდებოდეს
ეს, სხვათა შორის.
„იარაღით მუშაობა ო-სენსეის პირადი მუშაობა იყო“. ვანაცვლებ აქ
სიტყვა პირადს სიტყვით სპეციფიკური და მსგავსადვე ვამბობს:
მართალია, და ო-სენსეის ამ სპეციფიკურ მუშაობას, განსხვავებულს
ყველა სხვა დანარჩენისაგან, ეწოდება აიკიდო. სწორედ ამ
სპეციფიკურობის გაგებაა შეუძლებელი, გიიომ, როდესაც ამას სხვა
რიუების შუქზე ცდილობენ ადამიანები, რაგინდ პატივსაცემებიც არ უნდა
იყოს ისინი თავიანთ სფეროში.
უეშიბა, რასაკვირველია, იყენებდა ტანრენის დროს იარაღს თავისი
ხელოვნების ასამეტყველებლად, როგორც მხატვარი იყენებს ფუნჯს.
მაგრამ, ლეო, ტაიჯიცუსაც ამგვარადვე არ იყენებდა განა? რა გამოდის
მაშინ ტაიჯიცუ, თუ არა ტანრენი? აიკიდო მთლიანობაში ტანრენის
გარდა სხვა არაფერია, აიკი-დო მხოლოდ და მხოლოდ აიკისკენ
მიმავალი სავარჯიშო და წვრთნაა. ამ გზაზე იარაღი და ტაიჯიცუ
საშუალებებია, აუცილებელი ინსტრუმენტებია და არც ერთ მათგანს
უპირატესობა არა აქვს მეორეზე.
ლეო – შემდეგ თუ ეს პირადი გემოვნების ამბავია, შესაძლებელია
იარაღებით ივარჯიშო და მიაღწიო განვითარება. მე ნება დავრთე
საკუთარ თავს მეკეთებინა ძალიან პრეტენზიული რაღაცეები.
განვავითარე იარაღის საკუთარი ფორმები, რადგან ისინი, რომლებიც
არსებობდა, არ შემეფერებოდა მე და არ შეესამაბამებოდა იმ აიკიდოს,
რომელიც მე მასწავლეს.
ფილიპი – აი ის, რასაც ტიპიურად უწოდებენ ახალგაზრდულ შეცდომას:
როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ შეიძლება საკუთარი აზრისა და
ყაიდის მიხედვით მოაწყო უზენაესი რაღაცეები. ამას პირდაპირ
გეუბნები, ლეო, იმიტომ რომ ეს შეცდომა მე თვითონ დავუშვი შენამდე.
აიკიდო არ არის ჩვენზე დამოკიდებული, აიკიდო კრძალავს „პირადი
ფორმების განვითარებას“, პრინციპი განსაზღვრავს და არა ადამიანი.
პრინციპს კი სულ არ ადარდებს პიროვნული კონცეფციები,
თვალსაზრისები, რომლებიც შეიძლება გვქონდეს და ინტერპრეტაციები,
რომლებიც შეგვიძლია გავაკეთოთ. იგი მოითხოვს და ყველაფერი, რაც
არ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, არასწორია, მორჩა და გათავდა.
ის, რაც მე შემეფერება, ის, რაც მე არ შემეფერება, ერთთა გემოვნება,
მეორეთა გემოვნება, საკუთარ ჭიპზე მორგებული მთელი ეს
მოსაზრებები, ყველა ეს გუნება-განწყობილება უსაგნოა.
არაფერი მოდის ინდივიდიდან, ადამიანი, რომელიც ვარჯიშობს, ის
მანქანაა იმ რაღაცისა, რაც მასზე დიდია, მას აღემატება უსაზღვროდ და
ერთადერთი, რისი მოტანაც მას შეუძლია სინამდვილეში, თავისი
ნეიტრალიტეტია იმ ძალების გამოხატვისას, რომლებიც მასშია
თავმოყრილი. ეს ლარნაკი არ გახლავთ, ეს სიცარიელეა, რომელიც
იღებს და იტევს წყალს.
ლეო – ვხედავდი, რომ არ იყო კოჰერენტულობა. ხშირად ის მიქმნის
უხერხულობას, რომ შესაბამისობას ვერ ვხედავ შიშველი ხელის
სისტემასა და იარაღების სისტემას შორის, როდესაც რაღაცეებს
აქეთ-იქიდან უბრალოდ იღებენ. ის, რაც მასწავლეს, არ ეწებებოდა
ტაიჯიცუს სამუშაოს, რომელიც მივიღე […] მე ყველაფერს დავეწაფე რაც
მოდიოდა ივამას სტილიდან, ნიშიოს სტილიდან და ა. შ. ნაირნაირი
მასწავლებლებისგან, მაგრამ ეს ყველაფერი არ შეესაბამებოდა იმას,
რასაც შიშველი ხელით ვაკეთებდი.
ფილიპი – ან შეიძლება ის, რასაც შენ აკეთებდი შიშველი ხელით, არ
შეესაბამებოდა ამ ყველაფერს. ან შეიძლება აქა და იქ აკრეფილი
ფრაგმენტები იყო ძალიან ბუნდოვანი. ნაწილები წამოსული მარჯვნიდან
და ნაწილები, წამოსული მარცხნიდან, სხვადასხვა სკოლებიდან
აკრეფილი ორაზროვანი ელემენტების არასრულ ნაერთს სინკრეტიზმი
ჰქვია და სინკრეტიზმი ვერასდროს ქმნის სინთეზს.
შენ კოჰერენტულობას ეძებ, როგორც ამბობ და სწორედ სინთეზი ქმნის
ერთიანობის ყველა ელემენტის კოჰერენტულობას ერთმანეთთან
მიმართებაში, და თან მხოლოდ მაშინ, როცა ისინი საერთო სათავიდან
იღებენ განვითარებას.
გინდა, რომ იმ შეზღუდული საშუალებებიდან, რომელიც ო-სენსეის
გენიასთან შედარებით გაქვს, ხელახლა შექმნა სინთეზი, რომლის
დახვეწასაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა და რომელსაც აიკიდო
ეწოდება?
ეს სინთეზი ჩვენს თვალწინაა, ფუძემდებელმა ჩვენ დაგვიტოვა, ცხადია,
ჩვენც ჩვენი უნდა გავაკეთოთ, ოღონდ მის გაკვალულ გზას არ უნდა
ავცდეთ. ძნელია ეს, მაგრამ ხელახლა გაიარო იგივე გზა სულ თავიდან,
თავიდან აღმოაჩინო გზა, რომელიც განსაკუთრებულმა ადამიანმა
გაიარა, ეს ისეთივე შეუსრულებადია, როგორიც აბსურდული, ეს
იგივეა, თავიდან აღმოაჩინო ნიუტონის კანონები, თითქოს ნიუტონს არც
უარსებია.
გიიომი – შენ ლაპარაკობ ჰიტოემიზე, დგომზე, რომელიც ბევრ
საბრძოლო ხელოვნებაში გვხვდება, იყენებ მას შენს აიკიდოში?
ფილიპი – თუკი ადამიანი სვამს შეკითხვებს იარაღებისა და აიკიდოს
კავშირზე, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, როდესაც ადამიანი
აპრიორულად მიიჩნევს, რომ არსებობს ორი სხვადასხვა სფერო, რომ
იარაღი მდინარის მარცხენა ნაპირზე, აიკიდო კი მარჯვენაზე
მდებარეობს.
მაგრამ ასე არ დგას საკითხი, გიიომ, აიკიდოს იარაღები არ არის
აიკიდოს გარეთ, აიკიდოს იარაღი არ არის სხვა რამე, განსხვავებული
აიკიდოსაგან და ვერ შეადარებ ერთმანეთს აიკიდოს იარაღებს, ისევე
როგორც ვერ შეადარებ, მაგალითად კროლსა და ცურვას, იმიტომ რომ
კროლი არის ცურვა.
ორი რამიდან ერთი გამოდის: ჰიტოემი ან ეკუთვნის აიკიდოს და მას
იყენებენ პრაქტიკის დროს აიკიდოს იარაღებით ან უიარაღოდ, ანდა
ჰიტოემი არ ეკუთვნის აიკიდოს და, ასეთ შემთხვევაში, ვერ იქნება
აიკიდოში ვერც იარაღებით პრაქტიკის დროს და ვერც შიშველი ხელით
პრაქტიკის დროს.
ისე მოხდა, რომ ჰიტოემი კავშირშია აიკიდოს გადაადგილებასთან, მას
შემდეგ და იმ ზომით, რამდენადაც ეს გადაადგილება ყოველთვის
იდენტურია თავისი თავისა, ჰიტოემი აუცილებლად თანაბრად
ნაწილდება, აიკიდოს პრაქტიკა შესრულდება იარაღით თუ უიარაღოდ.
ლეო – მე სამ პოზას ვიყენებ და ესენია შიზენტაი, ჰანმი და ჰიტოემი.
ფილიპი – მეც ვიყენებ შიზენტაის, ისევე როგორც ყველა, როდესაც
ფოსტაში ვდგავარ რიგში. ოღონდ, ყურადღებით, ლეო, „პოზა“ ცოტა
შეუფერებელი სიტყვაა, აქ სიტყვა პოზიცია, დგომი უფრო შესაფერისია.
პოზიციის, დგომის დროს ადამიანის სხეული უძრავია, ჩერდება
გარკვეულ ხანს, რჩება ასე, დაპაუზებულია, მაშინ როცა პოზა ცოტათი
ეფლირტავება პოზიორობას.
შიზენტაის პოზიცია ადამიანის დგომია, როდესაც ტერფები მხრების
სიგანეზეა და ის კომფორტულიაო, როგორც იტყოდა ტამურა სენსეი,
სწორედ ამიტომაც მას შეხვდებით მეთევზესთან, რომელიც ანკესით
თევზაობს, ინგლისის დედოფალთან, როდესაც ის პარადს ესწრება და
ასევე ზოგიერთ საბრძოლო ხელოვნებაში, მაგრამ ის არასდროს
გვხვდება აიკიდოში.
მართალია, რომ ო-სენსეიმ ამოიღო თავისი პრაქტიკიდან შიზენტაი,
იმიტომ რომ ეს პოზიცია მოწინააღმდეგეს დამატებით დაუცველ
ადგილებს სთავაზობს შეტევისათვის, ვიდრე პროფილური დგომი.
მაგრამ ეს უბრალო ნათქვამია და ამიტომაც არ გახლავთ საკმარისი.
შიზენტაი არ მოგვძევება აიკიდოში ბევრად უფრო ღრმა მიზეზის გამო:
იმიტომ რომ ეს დგომი არ გვაძლევს საშუალებას მყისიერად
გადავადგილდეთ ექვსი შესაძლო მიმართულებით. ერთადერთი დგომი,
რომელიც საშუალებას გვაძლევს მყისიერად წავიდეთ იმ ექვსიდან
(როპპო) ნებისმიერი მიმართულებით, არის ჰანმი, სწორედ ამიტომაც
ეწოდებოდა წინათ ჰანმის როპო, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო
დაკარგული ამ სპეციფიკურობის ცოდნა. ჰანმი მახვილს სვამს სხეულის
ფორმასა და წარმოდგენაზე სივრცეში, როდესაც ტერფები
სამკუთხედადაა, როპო კი აქცენტს აკეთებს ექვს მიმართულებაზე,
რომელი მიმართულებით გადაადგილების საშუალებასაც სხეულის ეს
სამკუთხა ფორმა გვაძლევს და რომლებიც მას ექვემდებარება.
განსაკუთრებული მობილობა, რომელსაც გულისხმობს ჰანმის დგომი,
ტერფების ტრიანგულაციის გეომეტრიული შედეგია.
ნებისმიერი სხვა დგომი, გარდა ჰანმისა – და სწორედაც შიზენტაი –
ხელს უშლის მყისიერ გადაადგილებას ექვსი მიმართულებით. აი,
რატომ ჩააჭედა ო-სენსეიმ თავის სწავლებაში, რომ აიკიდოში არ უნდა
იყოს ჰანმის გარდა სხვა დგომი, მან ეს დაწერა არაერთგზის და
არაორაზროვნად, რატომ არ ვკითხულობთ მას, რატომ არ ვუსმენთ
მას?
რაც შეეხება ჰიტოემის, რასაკვირველია, მას უდიდესი მნიშვნელობა
აქვს, უბარლოდ, ის დგომი არ არის, ესაა სხეულის ფოტოგრაფიული
კადრი, გადაღებული სხეულის ტრიალის გარკვეულ მომენტში:
მაშასადამე ეს სხეულის მოძრაობაა, ხოლო მოძრაობა დგომის
საპირისპირო ცნებაა.
ამით იმის თქმა არ მსურს, რომ მოძრაობა და პოზიცია, დგომი,
ერთმანეთთან არაა დაკავშირებული. სამხედრო კონფლიქტების დროს
ხშირად უპირისპირებენ ერთმანეთს პოზიციის ომსა და მოძრაობის ომს
და ეს არასწორი ხედვაა საგნისა: მოძრაობა და დგომი
დამოკიდებულია ერთმანეთზე, არ არსებობს მოძრაობა სწორი საწყისი
დგომის გარეშე. სწორედ ამიტომაა ჰანმის დგომი ფუნდამენტური,
აიკიდოს ირიმი-ტენკანი, როგორიც არ უნდა იყოს კუთხე, რომლითან ის
ვლინდება, მხოლოდ და მხოლოდ ჰანმის საწყისი დგომიდანაა
შესაძლებელი: ჰიტოემი ჩნდება ჰანმიდან დაწყებული მოძრაობის
დროს.
თუ გნებავთ ამის ერთი კონკრეტული მაგალითი, საკმარისია დადგეთ
ჰანმის დგომში და ადგილზე დატრიალდეთ 180°-ით და თან ისე, რომ
ტერფის ცერთან გამობრცული ნაწილი არ მოაშოროთ იატაკს,
დაინახავთ, რომ სხეულის ბრუნვა 180°-ით ჰანმის დგომიდან
აუცილებლად მიგიყვანთ ჰიტოემიში (
). არ გამოგრჩეთ
მხედველობიდან, რომ არ ვჩერდებით ჰიტოემიში, რადგან ეს მხოლოდ
და მხოლოდ გარდამავალი რამაა.
ასევე არასროს უნდა გამოგვჩეს მხედველობიდან, რომ მოძრაობის
დაშლა სასარგებლოა გაგებისათვის, რასაკვირველია, მაგრამ
ამგვარად დაშლილი ფაზები არ გახლავთ პოზიციები, ისინი დინამიკის
მომენტებია, ხელოვნურად გაშეშებული პედაგოგიური
საჭიროებისათვის. როდესაც ფოტო „აუძრავებს“ ტანმოვარჯიშეს,
რომელიც უკნისაკენ აკეთებს სალტოს, ყველას ესმის, რომ ის არ არის
რომელიმე პოზიციაში და ის მოძრაობის გარკვეულ მომენტშია. დგომში
ის მხოლოდ მოძრაობის დაწყებამდეა.
გიიომი – მოკლედ, ჰიტოემის განსაზღვრება რიუზე ყოფილა
დამოკიდებული.
ლეო – ძალიან. მე ეს პირდაპირ ვკითხე ტამურა სენსეის და მან მითხრა,
ჰანმისა და ჰიტოემის შორის განსხვავება არ არისო. მაგრამ აქვე
დავძენ, რომ ეს ჩემი პირადი მოსაზრება არ არის. ჩემთვის ეს ორი
ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პოზაა, რომლებიც ორი
სხვადასხვა და მკაფიო სიტყვით გამოიხატება. თუმცა ეს მისი
მოსაზრება იყო მაშინ, როდესაც მე მას ამაზე ველაპარაკე.
ფილიპი – და ის ათასგზის მართალი იყო, ლეო, ის, რის ახსნასაც
ცდილობდა შენთვის, იგივეა, რისი თქმაც მინდა აქ: ჰიტოემი მხოლოდ
და მხოლოდ ბრუნვითი მოძრაობის მსწრაფლწარამავალი წამია,
რომელიც იწყება ჰანმიდან, რათა ბოლოს ისევ ჰანმიში დასრულდეს.
ვერ ვუსაყვედურებთ ო-სენსეის, რომ მან მკაფიოდ არ განმარტა ეს
პუნქტი.
ვეცდები ჩემი სიტყვებით გამოვხატო:
ჰანმი არის მოძრაობა, რომელიც ჯერ არ გამოვლენილა, ის
არისტოტელეს უძრავი მოტორია, უმთავრესი პრინციპი. აიკიდოს
გადაადგილების კონტექსტში ის მდგარადი და მშვიდი გულია ექვსი
შესაძლებლობისა, რომლებიც მშვიდად, მაგრამ მზად არიან, ნებისმიერ
მომენტში გაიშალონ. ხილული ჯერ არხილულშია, ის არის, უბრალოდ,
ჯერ არ ჩანს და სწორედ აქაა მნიშვნელოვანი სწავლება, რომელიც
შეიძლება მივიღოთ აიკიდოსაგან.
ჰიტოემი არის ხერხი, რომლის ბრუნვაც ადამიანის სხეულს ექვსი
შესაძლოდან ნებისმიერი მიმართულებით აღებს, თანაც იმ წამს,
როდესაც ჰანმი გაინძრევა, როდესაც ჰანმი იწყებს მოძრაობას.
კენკაგოში არის ეტაპი, რომელიც დაუყოვნებლივ მოჰყვება ჰანმიდან
ამოძრავებულ ჰიტოემის, ესაა ირიმის მომენტი, დარტყმის მომენტი,
მომენტი, როდესაც ტერფები გადადიან სამკუთხა ფაზიდან (სანკაკუ)
ოთხკუთხა ფაზაში (შიკაკუ) როტაციის სპირალის ეფექტით Δ
□.
ჰიტოემი და კენკაგოში ეფემერული ფორმებია. მათ სხეული იღებს
მაშინ, როდესაც მოძრაობა, რომელიც ჯერ მხოლოდ პოტენციურია
ჰანმიში, თავს იჩენს უეცრად. ირიმი-ტენკანის ტრიალი ამ ფორმებს
ჰანმიდან ხანმოკლედ და წამიერად წარმოქმნის და ტრიალის
დასრულებისთანავე უკან ბრუნდება.
ჰანმიდან ჰანმიშიო, როგორ ო-სენსეი განმარტავს.
ტამურა სენსეიმ რომ გითხრა, ჰანმი და ჰიტოემი ერთი და იგივეაო,
ლეო, ასეა, უბრალოდ, ერთი განსხვავებიაა მოდალობაში ამ „ორ“
რამეს შორის, რაც სინამდვილეში ერთი და იგივე რეალობაა. ეს
მოდალობა მოძრაობა გახლავთ. ტამურამ იცოდა ეს, გითხრა
თავისებურად, მაგრამ შენი გონება ჩაეჭიდა სიტყვებს და ეს სიტყვები
შენთვის იყო „განსხვავება და მკაფიო“.
მხოლოდ ისეთი რამეების შედარება შეიძლება ერთმანეთთან, რაც
შედარებადია და მე სავსებით გეთანხმები, გიიომ, როდესაც შენ ხაზს
უსვამ და ამბობ, მნიშვნელოვანია იმ რამის „დეფინიციის“
მხედველობაში მიღება, რაზეც მიდის ლაპარაკიო.
ჰოდა თუ სხვა რიუები განსაზღვრავენ ჰიტოემის, როგორც დგომს,
მაშინ არაფრის შედარება აღარაა შესაძლებელი აიკიდოში, რადგან
ჰიტოემი, პირქით, აიკიდოში მოძრაობის ეფემერული მომენტია და ეს
ორი პუნქტი ერთმანეთთან ბუნებით შეუთავსებელია. ბუნებით ისეა,
რომ ის, რაც გაჩერებულია, გაჩერებულია, ხოლო ის რაც მოძრაობაშია,
მოძრაობაშია.
ლეო – ჰიტოემიში შენი თეძოები ხაზზე სწორდება და ამიტომაც ამ დროს
რაც შეიძლება პატარა სივრცეს იკავებ. ეს კი მნიშვნელოვანი პუნქტია
იარაღის მრავალ მოძრაობაში. სხვათა შორის, მე არასდროს ვმუშაობ
შიზენტაიში, რაც ძალიან სახიფათოა ამ კონტექსტში და ეს ყველაზე
დიდი ოსტატებისთვისაა განკუთვნილი.
ფილიპი – აქედან ვასკვნი, რომ ყველაზე დიდი ოსტატებისთვის
განკუთვნილია ის ამბავი, რომ შეუსაბამობაში იყვნენ ო-სენსეისთან და,
ამასთან დამატებით, სამყაროსთან, როცა ისინი არ იცავენ ჰანმის.
რაც შეეხება ჰიტოემის მიჩნევას გაჩერებულ პოზიციად (ბოდიშს ვიხდი
ამ პლეონაზმისთვის, მაგრამ დაჟინებით ვიმეორებ ერთსა და იმავეს),
რაც შეეხება „ჰიტოემის დგომში“ გაჩერებას ხმლით თუ შუბით ხელში,
ეს იგივეა, რომ ჩაკეტო მუხლი წინა ტერფის უაღრესად მნიშვნელოვანი
გაღებით, მუხლის ეს ჩაკეტვა თეძოებს ბლოკავს და მენჯის ყოველგვარ
მობილობას და, აქედან გამომდინარე, სხეულის ყოველგვარ ბრუნვას
უშლის ხელს.
იოშინკანის მოწაფეები, რომლებიც ივამაში ჩამოდიოდნენ ხოლმე, ვერ
ვარჯიშობდნენ იარაღზე, საჭირო ხდებოდა ხოლმე, რომ წინასწარ
გადაჩვეულიყვნენ ამ „ჰიტოემის დგომს“, როგორც მათ წვრთნიდა
შიოდა სენსეი. მე მივარჯიშია ერთ-ერთ მათგანთან ივამაში,
იოშინკანის მეოთხე დანი ჰქონდა და ვერაფრით ვერ ხვდებოდა, რატომ
ვერ ახერხებდა განძრევას ხმლით ხელში.
ჰანმი აიკიდოს ერთადერთი დგომი და აიკის მოძრაობის
წარმმართველი.
გიიომი – საინტერესოა, რადგან დაიტო-რიუში, აიკიდოსგან და მისი
სპეციფიკური ჰანმისგან განხსვავებით, ძალიან ბევრს ვარჯიშობენ
შიზენტაიში და ჰანმის დგომი არაა წახალისებული. არადა, აიკიდოს
ტექნიკა დაიტო-რიუდან მომდინარეობს და საინტერესოა, რა მიზეზით
შეცვალა ეს საწყისი დგომი ო-სენსეიმ. ელის ამდური უეშიბას ჰანმის
მის ჯუკენდოში გამოცდილებას მიაკუთვნებს.
ფილიპი – მეც ელის ამდურივით ვფიქრობ, რომ უეშიბა სენსეის
გამოცდილებამ ჯუკენდოსა და შუბის ხმარებაში ის ჰანმის დგომს
მიაჩვია და უბიძგა მას შეედარებინა ეს უკანასკნელი ტაკედა სენსეისგან
შიზენტაიში ნასწავლი ტექნიკებისათვის.
ამ შედარება-შედარებაში მან ჰანმის არაჩვეულებრივი ნიშან-თვისებები
დაიხანა, რამაც საბოლოოდ მას სრულად მიატოვებინა დაიტო-რიუს
შიზენტაი, რათა ერთხელ და სამუდამოდ შემოეღო ჰანმის დგომი.
ამასთან, არც კი შეყოყმანებულა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა – ამის
გამო თავის მასწავლებელთან მოუწევდა ურთიერთობის გაწყვეტა.
დგომის ამ შეცვლამ შექმნა აიკიდო. სოკაკუ ტაკედას სწავლებასთან ამ
წყვეტის გარეშე აიკიდო მხოლოდ და მხოლოდ დაიტო-რიუს
დახვეწილ-განვითარებულ ფორმად დარჩებოდა და ოლივიე გორენი
მართალი იქნებოდა როდესაც აიკიდოს ფესვებს ამ სკოლაში დაუწყებდა
ძებნას.
მაშინ ჰო, „შეიძლება დავინტერესდეთ“, როგორც შენ ამბობ, გიიომ, იმ
მიზეზით, რომელმაც ო-სენსეი მიიყვანა დგომის ასეთ ცვლილებამდე. მე
ვიტყოდი უნდა დავინტერესდეთ კიდეც, რომ ეს არის კამათის მთავარი
საგანი და რომ პასუხი ამ შეკითხვაზე უმთავრესია იმის გასაგებად, თუ
რა განასხვავებს აიკიდოს დაიტო-რიუსაგან.
ვიმეორებ აქ იმ რისკის ფასად, რომ შეიძლება დავქანცო მკითხველი,
მაგრამ ამასთან ვცდილობ, წონა შევძინო ჩემს სიტყვებს, და ვამბობ,
რომ სიღრმისეული მიზეზი, რომელმაც მორიჰეი უეშიბას უბიძგა
შეეცვალა დაიტო-რიუს დგომი შიზენტაი ჰანმის დგომით, უკავშირდება
ჰანმის იმ შესანიშნავ თვისებას, რომელიც ადამიანის გადაადგილებას
განაპირობებს: ჰანმის დგომი საშუალებას გვაძლევს გადავადგილდეთ
მყისიერად ექვსი შესაძლო მიმართულებით სხეულის წინისაკენ,
სწორედ ამის გამო ჰანმის აქვს მეორე სახელწოდება ‘როპო’ (რაც ექვს
მიმართულებას ნიშნავს). შიზენტაის დგომი ამის საშუალებას არ
გვაძლევს. მხოლოდ ჰანმის დგომი იძლევა ექვსი მიმართულებით
მყისიერად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას ოთხი
მოწინააღმდეგის მხრიდან ერთდროულად დაწყებული შეტევის დროს.
მხოლოდ ჰანმის დგომი იძლევა საშუალებას სხეულს ბზრიალასნაირი
იდეალური ტრიალი (ტაი ნო ჰენკა) დააწყებინოს აიკის ირიმი-ტენკანის
პრინციპით და ამასთან ელვის სისწრაფით მიაღებინოს ექვსი
მიმართულებიდან ნებისმიერი, თან ისე, რომ ამ დროს სხვისგან
შეხების საშიშროება არ ემუქრებოდეს.
მცირე ტესტი: რამდენ მასწავლებელს შეუძლია დღეს დადგეს ჰანმის
პოზიციაში და ნათლად აჩვენოს ექვსი შესაძლო გადაადგილება ამ
დგომიდან ჯგუფური შეტევის კონტექსტში?
ვშიშობ, ძალიან ცოტას, ჰოდა ვისაც არ ესმის, კონკრეტულად როგორაა
შესაძლებელი ექვსი მიმართულებით უსაფრთხო გადაადგილება ჰანმის
დგომიდან, ის ვერც ო-სენსეის მოთხოვნას გაიგებს, თუ რატომ უნდა
აირჩიოს ეს პოზიცია მოქმედების დაწყებამდე და ვერც იმას, თუ რატომ
უნდა დაუბრუნდეს ყოველთვის მას მოქმედების დასრულებისთანავე.
ამ მოთხოვნას არაერთგან შეხვდებით ო-სენსეის წიგნში „ბუდო“. მე კი,
ჩემის მხრივ, მუდამ თვალწინ მედგება საიტო სენსეის ხატება თავის
მოპედზე, როდესაც, ერთ დღეს გასასეირნებლად მიდიოდა ივამაში:
როდესაც ჩაგვიარა მინდორთან, სადაც ჩვენ თავისუფლად
ვვარჯიშობდით, ჩვენი მისამართით დაიყვირა ღიმილით „ჰანმი,
„ჰანმი… „ჰანმი!“, თითქოს ამით უნდოდა ეთქვა, მთავარი არ
გამოგრჩეთ მხედველობიდანო.
ლეო – მე ძალიან ვიყენებ ჰანმის. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ,
რომ ადამიანს მკაფიოდ უნდა ჰქონდეს გარკვეული თავისი ტექნიკური
არჩევანი, ესმოდეს, რომ ეს მხოლოდ არჩევანია და ამიტომაც შენი
არჩევანი არ უნდა აქცევდეს არაღირებულად სხვისას. ჰანმის დგომი თუ
ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის იმ მომენტიდან, როცა საქმეში
შემოდის იარაღის ცნება, მას ბევრად ნაკლები მნიშვნელობა აქვს
შიშველი ხელის შემთხვევაში. მართლაც, იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევ,
რომ აიკიდო შეიძლება გაკეთდეს იქნეს იარაღის გარეშე, მაშინ
რაღატომ უნდა დადგე ჰანმიში? თუ არ მუშაობს ადამიანი იარაღებით,
ჩემთვის ეს არ არის აბსოლუტური აუცილებლობა და თუ ვინმე არ
მუშაობს იარაღით, იმიტომ რომ მას ეს არ აინტერესებს, შეუძლია
მიაღწიოს ყველაზე მაღალ დონეს აიკიდოში და, ჩემი აზრით, ამისთვის
სულ არ სჭირდება ჰანმის დგომი.
ფილიპი – აქ ცოტა ზედმეტია კონსენსუსის ძიება, ასე საღი აზრი
მოიკვლება: მე ვფიქრობ, რომ დედამიწა მრგვალია, მაგრამ სხვა
ადამიანები ფიქრობენ, რომ დედამიწა ბრტყელია, „ჩემი არჩევანი არ
უნდა ხდიდეს არაღირებულად სხვისას“. სისულელე, დედამიწის ფორმა
არ არის არჩევანის შედეგი, ეს რეალობის შედეგია. ფიზიკური
მეცნიერება, რომელიც ამ რეალობის შეცნობაა, არ არის
დამოკიდებული ერთთა თუ მეორეთა მოსაზრებებზე.
„რატომ დავდგეთ ჰანმიში?“ იმიტომ რომ თუ ჰანმი აიკიდოს მოძრაობის
სათავეა, ეს ადამიანის ბიომექანიკის აუცილებლობის შედეგია, ისევე
როგორც დედამიწის ფორმა სამყაროს შემქმნელ კანონებთან
დაკავშირებული აუცილებლობაა.
ჰანმი არ არის ადამიანის არჩევანის შედეგი, ლეო, არც შენი, არც ჩემი,
არც თვით ო-სენსეის. ჰანმი კავშირშია პრინციპთან, რომელიც კვეთს
მთელ ფიზიკას და მას უმცირესი მოქმედების პრინციპს უწოდებან.
აქედან კი ის გამოდის, რომ ვერც ერთი ბუნებრივი მოქმედება ვერ
იქნება შემოკლებული, როგორც ეს ძალიან ადრე ერთმა სხვა ლეომ
დაინახა, ლეონარდო და ვინჩიმ. ჰოდა ბუნება არ ირჩევს მოარგოს თუ
არა ეს პრინციპი შერჩევითად ვარსკვლავებს და არ მოარგოს, ვთქვათ,
სალათებს. პრინციპი არსებობის ყველა ფორმას უნივერსალურად
ერგება, ესაა პრინციპი, ესაა ფუნდამენტური კავშირი, რომელიც
საერთოა ერთიანობის ყველა ნაწილისთვის, რომლითაც ისინი არის
ორგანიზებული (‘დნმ’ ყველა ცოცხალი უჯრედისთვის, თუ გინდა),
პრინციპი ერთმანეთთან აკავშირებს ზემოხსენებული მთლიანობის
ყველა შემადგენელს ნაწილს, უგამონაკლისოდ.
ამის საპირისპიროდ ფიქრობ, რომ ჰანმის არა აქვს არსებითი ხასიათი,
სერიოზულად ამტკიცებ, რომ შეიძლება „მიაღწიო აიკიდოს უმაღლეს
დონეს ჰანმის გამოუყენებლადო“. ნება მიბოძე შეგახსენო, რომ
ო-სენსეი ასწავლიდა ზუსტად იმის საწინააღმდეგოს, რასაც შენ აქ
ამბობ ახლა. მან სიტყვასიტყვით დაწერა, რომ აიკიდოს ნებისმიერი
ტექნიკა უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს ჰანმის დგომში.
აქ ლაპარაკი არ არის მოსაზრებაზე ან რწმენაზე, აქ ლაპარაკია ბუნების
რეალობაზე, რომლის გადამოწმება და გაზომვა შეიძლება: ჰანმი
აუცილებელი პირობაა უმცირესი მოქმედების პრინციპის
ასამოქმედებლად, იმისათვის რომ ადამიანი გადაადგილდეს ჩვენი
პლანეტის ზედაპირზე.
ო-სენსეიმ დაინახა ის რეალობა, რაც ვერ დაინახა ტაკედამ და აიკიდოს
ილეთების ერთიანობა გააწყო ამაზე – იარაღით თუ უიარაღოდ –
ჰანმიდან, იმიტომ რომ ის არ იყო თავისუფალი თავის არჩევანში.
გესმის, ლეო, ამ გამოთქმის აზრი, შენ, ვინც ფიქრობ, რომ თავისუფალი
ხარ აირჩიო ინსტრუმენტები, რომლებიც შეესაბამება შენს აიკიდოს,
როგორც ამას კასტორამაში საყიდლების არჩევისას აკეთებენ ხოლმე?
ჩვენი თავისუფლება მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელთაც
გვიწესებს ჩვენი ბუნება. იმის შესასრულებლად, რასაც გვთავაზობს
აიკიდო, შენ ვერ ხარ თავისუფალი იმაში, რომ არ გამოიყენო ჰანმი
თითოეული ტექნიკის დასაწყისში. ეს არაა რამდენიმე ივამელი ან სხვა
ადგილიდან წამოსული ფანატიკოსის დოგმა, ეს რეალობაა, ისევე
როგორც სიცოცხლისთვის შენ არ ხარ თავისუფალი არჩევანში,
ისუნთქო თუ არ ისუნთქო.
გიიომი – იქმნება შთაბეჭდილება, რომ აიკიდოში ყველაფერი უნდა
გააკეთო იარაღით ისე, როგორც შიშველი ხელით, და პირუკუ.
როგორია შენი პოზიცია ამაზე?
ლეო – ტამურა სენსეიმ ერთხელ თქვა ერთი რამ, რასაც სრულიად
ვეთანხმები. ის განმარტავდა, რომ საერთო უნდა იყოს პრინციპები და
არავითარ შემთხვევაში ფორმები.
ფილიპი – საიდანაც გამოდის, რომ მნიშვნელოვანია ზემოხსენებული
პრინციპების შეჯერება, რომლებთან შედარებითაც ფორმები მეორადია
(და აქ თავს ვიკავებ ‘მეორეხარისხოვნის’ დაწერისაგან).
მეტყვიან, რომ ესენია შისეი, კოკიუ, მააი და ა. შ. ეს ყველაფერი ძალიან
მნიშვნელოვანია, სრულიად გეთახმებით, მაგრამ ესენი არ არის
პრინციპები, ესენი პრინციპისთვის აუცილებელი პირობებია,
აუცილებელი პირობები იმისათვის, რომ მოქმედების პრინციპი სწორად
ამუშავდეს.
კიდევ ერთხელ, პრინციპი სხვა რამეა, ესაა უმთავრესი წყარო
ყველაფრისა, რაც კი მასზე დამოკიდებულ კერძო შემთხვევებში
გვხვდება. ამიტომაც, ვერ იქნება პრინციპები აიკიდოში, არის ერთი
პრინციპი და შემდეგ არის პირობები მისი მოქმედებისა.
უმცირესი მოქმედების პრინციპს აიკიდოში ჰქვია ირიმი-ტენკანი, ესაა
ვერტიკალური ღერძის ტრიალი საკუთარი თავის გარშემო (ერთი),
რომელიც ოპოზიტების დამატებით მოქმედებას (ორი) წარმოქმნის.
აიკიდოში ეს ოპოზიტები ფიზიკურად გამოიხატება ორი თეძოს
ურთიერთშემავსებელი ბრუნვით ხერხემლის გარშემო, ერთი მეორის
საპირისპირო მიმართულებით, ყოველთვის. ინისა (აიკიდოში ტენკანი)
და იანის (აიკიდოში ირიმის) ეს ბრუნვა სათავეა მოძრაობისა.
დანარჩენი ყველაფერი, ყველა ტექნიკური ფორმა აქედან
გამომდინარებს, და ეს ფორმები იარაღით იქნება თუ უიარაღოდ,
სულერთია, ისინი აუცილებლად ამას ექვემდებარება, მთავარია, ისინი
ერთიანი მოძრაობის პრინციპიდან იყოს ავთენტურად გამოსული და
კიდევ გადაადგილებიდან, რაც ამის პირველადი გამოხატულებაა.
ისე მოხდა ფიზიკისა და გეომეტრიის ბუნებრივი კანონების გამო, რომ
ადამიანის სხეულის უმცირესი მოქმედების პრინციპის ასამუშავებლად
პირველი პირობა ჰანმია და ამიტომაც ჰანმი აიკიდოს კამაეს
სპეციფიკური ფორმაა.
გიიომი – არის თუ არა ნაგარე შენს სწავლებაში?
ლეო – კი. ჩემთან ეს სრულდება თავიდანვე, რადგან მე მაინც და მაინც
არ ვემხრობი უძრავი დასაწყისიდან მუშაობას. სულ ცოტა ხნის წინ
იარაღზე ვლაპარაკობდით. მიუხედავად იმისა, რომ აიკიდო მართლა არ
მოდის საფუძველშივე იარაღიდან, დღეს აიკიდო, რომელსაც მე
ვაკეთებ, ძალიანაა ინსპირირებული იარაღიდან. როგორც სხვა
სკოლებში, მათთვის იმაზე ბევრად მეტი მნიშვნელობის მინიჭება, ვიდრე
ეს თავდაპირველ აიკიდოს ჰქონდა, არის ნამდვილი ევოლუცია,
განვითარება.
ფილიპი – იმისთვის, რომ გავიგო „ევოლუცია“, რომლის მამობასაც შენ
იჩემებ, მჭირდება ვინმემ ამიხსნას რას ნიშნავს „თავდაპირველი
აიკიდო“ დთღევანდელობასთან მიმართებაში.
ო-სენსეის ყველა ფოტოზე, ყველა ფილმში, რომელიც კი მასზე
გადაღებულა, რაც არ უნდა ადრინდელი იყოს ის, ხელში ხმალი, შუბი,
ჯოხი ამ ხიშტიანი თოფი უჭირავს. ეს არ ნიშნავს, რომ აიკიდო მოდის
იარაღიდან – უაზრო და არაფრის მომცემი საკითხია, წამოსული ერთი
ყალბი პრობლემიდან – ეს სულ ცოტა იმას ნიშნავს, რომ ფუძემდებლის
პრაქტიკაში იარაღი თანაზომიერად არის ტაიჯიცუსთან და ეს მისი
ცხოვრების ყველა მონაკვეთში ასეა.
ამიტომაც იარაღის არსებობა აქ არ არის სადავო, ეს ასე იყო აიკიდოს
გარიჟრაჟზე, 1920-იან წლებში, როდესაც ო-სენსეიმ საბოლოოდ მიიღო
ჰანმის დგომი და ასე იყო მისი ახალგაზრდობის უფრო შორეულ
პერიოდშიც.
იმ ამბავმა, რომ ო-სენსეიმ უფრო მოუხშირა იარაღით პრაქტიკას
ივამაში 1942-დან 1960-იანი წლების ბოლომდე, არ უნდა მიჩქმალოს ის
ფაქტი, რომ იარაღი ყველგანმსუფევი იყო იმ „თავდაპირველ აიკიდოში“,
რომელსაც შენ ახსენებ. და საიტო სენსეის არასდროს მიუთვისებია
თავისი მეთოდის აიკი-კენისა და აიკი-ჯოს რომელიმე ტექნიკა,
რომლებზეც ამბობდა, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ო-სენსეის
სწავლებიდან მოდიოდა. და მართლაც, არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში
საიტო სენსეის მიერ შექმნილი მეთოდი და ის ტექნიკები, რომელთაც ეს
მეთოდი აორგანიზებს და რომლებიც მორიჰეი უეშიბასია.
სიფრთხილის გამო, თუ თავმდაბლობის გამო არა, ლეო, იქნებ ჯობდეს
ო-სენსეის მიერ აღმოჩენილი აიკიდოთი დავკმაყოფილდეთ და არ
ავახორხოლაოთ პირადი განმარტებები იმ კვლევის ერთმანეთთან
დაუკავშირებელი და ფრაგმენტული ელემენტებით, რომელი კვლევაც
ფუძემდებელმა ასე ბრწყინვალედ მიიყვანა ბოლომდე.
აიკიდო სრულქმნილია, აიკიდო ვერ განვითარდება, ადამიანები
ვითარდებიან, ვინც მას ვარჯიშობენ. ვერც ახალგზარდობა და ვერც
ხანდაზმულობა ვერ იქნება „აიკიდოს ევოლუციის სამსახურში“, თავად
აიკიდო არის ადამიანთა განვითარების სამსახურში, თუკი ისინი
კარგად იმუშავებენ.
ყურადღებით მაშ – ნუ განვავითარებთ ხელოვნებას, რომელმაც თავის
სიმწიფეს შენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე მიაღწია, რადგან მწიფე
ხილის ერთადერთი ევოლუცია მხოლოდ მისი ლპობაღა შეიძლება იყოს.
როგორც კლემანსო, პიერ დაკი და შემდეგ კოლიუში იტყოდნენ, რაც
უფრო ნაკლები სიჩქარით დავატრიალებთ პედლებს, უფრო ნაკლებად
წავალ წინ და აქ არ შემიძლია არ დავამატო ჩემი მხრივ მათ ნათქვამს:
განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ პედლებს ველოსიპედის გვერდზე
ვატრიალებთ.
თქვენთან საუბრისას ვერ მოიწყენს კაცი, მეგობრებო, მაგრამ
საუკეთესო რამეებსაც აქვს დასასრული, საბედნიეროდ, ყველაზე ცუდ
რამეებსაც და თუ ჩემი სიტყვები ვინმეს არ მოეწონება, ბოდიშს
მოვუხდი და მათ ჩემს ჩანთაში ჩავაწყობ. უნდა ვიცოდეთ, როდის
ავდგეთ მაგიდიდან და როდის დავუბრუნდეთ ჩვენ-ჩვენს კარანტინს.
გმადლობ, გიიომ, და გმადლობ, ლეო, ღუმლის გარშემო გამართული ამ
დისკუსიისთვის.
დუქნიდან გამოსვლისას ცხოვრების ქარბორბალაზე, ინისა და იანის
ეშმაკურ ქარბორბალაზე ვფიქრობ, რომელიც ისე მოაწყობს ხოლმე,
რომ მომხიბლავი სახე შეიძლება თაღლით თვითმარქვიას მალავდეს და
პირიქით – გულწრფელობა შეიძლება მახინჯი ნიღბის მიღმა
იმალებოდეს. დორიან გრეი შორს არ არის, „მე არის ვიღაც სხვა”,
ადამიანები არ არიან ისეთები, როგორებადაც თავს გვაჩვენებენ.
ვუალის აწევა, აკრძალული კარის გაღება, ეს ეშმაკის გამოცდაა, თუმცა
არ ფიქრობთ, რომ მაინც ღირს ამის გაკეთება?
მარად თქვენი
ფილიპ ვოარინო, 31 ოქტომბერი, 2020