ჯუსან ნო ჯოს დასაწყისის ოთხი მარტივი დარტყმა, მაგრამ ამჯერად რამდენიმე მოწინააღმდეგის შეტევების რეალობაში განფენილი.
აიკიდოში შეცდომისა და აღრევის ასეთი წყარო არსებობს: ჰგონიათ, რომ კენისა და ჯოს კატები როგორც სრულდება დარბაზში, ასევე სრულდება ისინი რეალური ბრძოლის დროსაც. არადა ამ სულისკვეთებით არ არის ისინი შექმნილ-ჩაფიქრებული.
აიკიდოს კატები იმ ბოთლს ჰგავს, რომელშიც ჯერ წერილს დებენ და მერე ზღვაში ისვრიან, იმ იმედით, რომ წერილი შეინახება და მას ოდესმე ვინმე წაიკითხავს, ის, ვინც მას იპოვის.
აიკიდოს კატები წერილებია, ოღონდ დაშიფრული წერილები. ისინი თავის თავში მოიცავს ჭეშმარიტებას, მაგრამ ეს ჭეშმარიტება არ გახლავთ ხილული, ისინი დაფარულია შეგნებულად და, შეიძლება ითქვას, გენიალურადაც კი. გენიალურად, იმიტომ რომ ნამდვილად საგმირო საქმეა რთული ჭეშმარიტების ჩატევა და მოთავსება სრულიად მარტივ სტრუქტურაში.
კატის მარტივი მოძრაობები იოლი სასწავლი და იოლი გასამეორებელია. სიმართლე, რომელიც ამ სიმარტივეში იმალება, ასევე მარტივად გადასაცემია სხვისთვის, თვით იმათ მიერაც კი – და უდიდესი უმრავლესობის შემთხვევაშიც ასეც არის – ვინც ამ სიმართლეს ვერ ხედავს. სწორედ ასე შეიძლება ტრადიციული სწავლების გადარჩენა დავიწყებისაგან და მისი დაცვა-შენარჩუნება და გადაცემა მომავალი თაობებისათვის, მაშინაც კი, როცა თავად გადამცემს არ ესმის, რას გადასცემს სინამდვილეში. აი ამიტომ არ უნდა შეიცვალოს არაფერი სწავლების მეთოდში, მაშინაც კი, როცა მისი საფუძველი არ გვესმის.
კატა 13-ის (ჯუსან ნო ჯოს) პირველი ოთხი მარტივი მოძრაობა სრულდება ერთსა და იმავე პარტნიორთან, რომელიც გვიტევს და გვიტევს ხელახლა, მაშინ როცა ყოველ ჯერზე სულ მას ხვდება. ამ უცნაურმა სიტუაციამ უნდა დააფიქროს ადამიანი, თავისთავად ცხადია, რომ რეალობაში ასე ვერ იქნება. იმისათვის, რომ ერთ, „უკვდავ“ მოწინააღმდეგესთან და თან ერთ სწორ ხაზზე შესრულებულმა ამ მარტივმა მოძრაოებმა აზრი და ინტერესი შეიძინოს, უნდა გვესმოდეს, რომ ისინი აუცილებლად მალავენ უფრო ღრმა ცოდნას, სხვადასხვა მხრიდან წამოსულ რამდენიმე მოწინააღმდეგეებთან ერთად.
ეს სწავლება არის ენიგმა, თუმცა ის არ მოითხოვს ალან ტურინგის გენიას იმისათვის, რომ გაიშიფროს და თითოეულს შეუძლია იპოვოს ის ძაფი, რომელიც კატის მოძრაობების სიმარტივეზეა დახვეული. მაგრამ ამ დახვეული ძაფის გამოსაშლელად მთელ მის სირთულესა და სიმართლეში, არსებობს გარკვეული პირობები: ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ აიკიდოს ბაზები, შეგვეძლოს ლოგიკის მოხმობა და მცირეოდენი თავმდაბლობაც არ გვაწყენდა, რასაკვირველია.
ვიდეოში ნაჩვენებია ჯუსან ნო ჯოს საწყისი მარტივი დარტყმები, მაგრამ ამჯერად გაშლილი რეალობის ოთხი მიმართულებით, ისე, რომ ეს დარტყმები რამდენიმე მოწინააღმდეგის მიერ წარმოებული შეტევების 360°-ს მოიცავს და არ რჩება სწორ ხაზზე ერთ მეტოქესთან მიმართებაში.
ფილიპ ვოარინო
20 მარტი, 2022
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jusan-no-jo-message-chiffre/