საიტო სენსეი განმარტავს მიზეზს, თუ რატომ არის სუბურები ფუნდამენტური: ესაა ფორმის შესწავლა.
ივარჯიშეთ ნელა და ააგეთ სწორი ფორმა.
საიტო სენსეის ეს ფრაზა განმარტავს მიზეზს, თუ რატომაა სუბურები ფუნდამენტური: ფორმის შესწავლას.
და სინელე აუცილებელია სწავლისათვის.
აიკი ფორმის მიღმაა, მართალია, თუმცა ისიც მართალია, რომ სწორი ფორმის შესწავლა აუცილებელია აიკის არსის გაგებისათვის, მისი ნათლად დანახვისათვის.
არასწორი ფორმა გარანტიაა იმისა, რომ შინაარსს ვერ გაიგებს ადამიანი, მაგრამ ამის საპირისპირო აზრი არაა მართალი, სწორი ფორმა არაა გარანტია იმისა, რომ არსს ჩასწვდება ადამიანი.
ვერტიკალური ხაზი კენის სუბურია, ეს შომენია. აიკიდომდე ჯერ შომენის სწავლაა საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება აიკიდო.
კენის შვიდი სუბურის სერია საიტო სენსეიმ შექმნა და არა ო-სენსეიმ.
ასევე საიტო სენსეიმ შექმნა კენის ექვსი კუმიტაჩის სერია და არა ო-სენსეიმ.
კარგია, თუ არ დავივიწყებთ ამ სავარჯიშოების შესწავლისას, რომ თავიდან ისინი ახალზარდა მორიჰირო საიტომ საკუთარი მოხმარებისათვის შეიმუშავა. სურდა, თავის თავს დახმარებოდა ფუძემდებლის უკიდურესად დატვირთული პრაქტიკის გაგებაში, რომლისთვის გონების სრულად მიდევნებას ვერ ახერხებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკა ყოველ დღე მის თვალწინ მიმდინარეობდა და თვითონ იქ მოვარჯიშე პარტნიორის ამპლუაში იყო.
მინდა ეს მეორე სუბური ზოგიერთი მნიშვნელოვანი პუნქტის გაგებისათვის გამოვიყენოთ და, ამავე შემთხვევით ვისარგებლოთ და პასუხი გავცეთ ამას წინათ ფორუმზე დასმულ შეკითხვებს, ვინაიდან ეს შეკითხვები თემატურია და უფრო სრული პასუხის გაცემას იმსახურებს.
როდესაც ადამიანის დადის, ყოველ ჯერზე, როცა ის ნაბიჯს დგამს, ერთ-ერთი მისი თეძო ბრუნავს წინისაკენ, ამასთან და ამავდროულად მეორე თეძო ბრუნავს უკნისაკენ. ეს ბუნებრივია, თეძოები ხერხემლის ღერძის გარშემო ერთმანეთის საპირისპიროდ, ან ურთიერთშემავსებლად მოძრაობს, თუ ასე გნებავთ. მაგრამ ეს არ კმარა ირიმი-ტენკანის განსაზღვრებისათვის და, სხვათა შორის, არც მოსიარულე ადამიანზე ამბობენ, ის აიკიდოს, ან ირიმი-ტენკანს აკეთებსო.
ირიმი-ტენკანი არის მოქმედება, რომელსაც სჭირდება მოწინააღმდეგის შეტევა იმისათვის, რომ თავი იჩინოს. ეს არის მოქმედება, რომელიც ვერ იარსებებს სხვის გარეშე. ცხადია, ირიმი-ტენკანის მოძრაობისას თეძოები თანაბრად მუშაობს ურთიერთშემავსებლად, ისევე როგორც ყველანაირ მბრუნავ მოძრაობაში, რომელსაც ადამიანი ასრულებს, მაგრამ ამ გარემოებას არავინ იყენებს იმის სათქმელად, რომ, მაგალითად, სიარული ირიმი-ტენკანისათვის მოსამზადებელი სავარჯიშოა. სიარულსა და ირიმი-ტენკანს შორის არ არის არავითარი კავშირი.
ჰოდა, მეორე სუბური სხვა არაფერია, თუ არა უკანა ფეხის წინ გადადგმით შესრულებული ნაბიჯი, როგორც ვიქცევით ხოლმე, როცა ქუჩაში ვართ და თონეში პურის საყიდლად მივდივართ. ამ თვალსაზრისით, არაფერი არ განასხვავებს მეორე სუბურს სიარულისაგან, თუ არ ჩავთვლით კენს, რომელიც ხელში გვიჭირავს. მაშასადამე, კენის ეს მეორე სუბური არანაირად არ არის მომზადება ირიმი-ტენკანის პრაქტიკისათვის, ყოველ შემთხვევაში, სიარულზე მეტად არა.
ერთ-ერთი არსებითი დანიშნულება ამ სუბურისა შეტევის ხაზის მატერიალიზება გახლავთ და სწორედ ამიტომ ამახვილებს ყურადღებას საიტო სენსეი ამ ვიდეოში იმაზე, რომ დარტყმა უზადოდ სწორ ხაზზე უნდა შესრულდეს.
იმდენად, რამდენადაც განვმარტეთ, რომ ირიმი-ტენკანის პრინციპი ვერ ამუშავდება ამ სახის მოძრაობაში, და იმდენად, რამდენადაც უკვე ავხსენით სხვაგან, ამ საიტზე, რომ არ არსებობს აიკიდო ირიმი-ტენკანის გარეშე, უნდა დავასკვნათ, რომ მეორე სუბური არ არის აიკიდოს მოძრაობა.
საიტო სენსეის არასდროს დაუჩემებია, ის შვიდი სუბური, რომელიც მე დავხვეწე, აიკიდოაო. მან, უბრალოდ, თქვა, მე ესენი მჭირდება იმისათვის, რომ გავიგო, რას აკეთებდა ო-სენსეიო, რაც სრულიად სხვა რამ გახლავთ.
როდესაც იაპონიაში კალიგრაფიას სწავლობენ, ამას ფუნჯით მარტივი ვერტიკალური ხაზის გავლებით იწყებენ. ეს ჯერ არ გახლავთ კალიგრაფია, ეს ჯერ არც იდეოგრამაა, ეს ერთი უბრალო, ვერტიკალური ხაზია. და ამ ვერტიკაულ ხაზს ავლებენ თვეების განმავლობაში, მხოლოდ ვერტიკალურ ხაზს და მეტს არაფერს, იმიტომ რომ სულაც არ გახლავთ იოლი ფუნჯით ვერტიკალური ხაზის გავლება. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება პირველი იდეოგრამის შესწავლა, რომელიც უბრალო ჰორიზონტალური ხაზია, იჩი (ერთი). აი ამ დროს იწყება კალიგრაფიის ჭეშმარიტი შესწავლა.
ვერტიკალური ხაზი კენის სუბურია, შომენია. ჯერ შომენი უნდა აკეთო ადამიანმა, ვიდრე აიკიდოს დაიწყებდეს. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება აიკიდოს შესწავლა.
განა წარმოსადგენია, რომ ვინმე შეიძლება დაკმაყოფილდეს კალიგრაფიაში „მსუბუქად“ გადახრილი ვერტიკალური ხაზით? არა, რასაკვირველია, და მაინც, ბიომექანიკურმა წინააღმდეგობებმა აქაც შეიძლება აფიქრებინოს ვინმეს, რომ შეუძლებელია სრულყოფილად ვერტიკალური ხაზის გავლება (ფუნჯის ჭერა, მაჯის ადგილმდებარეობა, მთელი სხეულის გამოყენება წერისათვის).
ზუსტად ფუნჯის ხაზივით, შომენი მხოლოდ და მხოლოდ სრულყოფილად ვერტიკალური შეიძლება იყოს. თუმცა ისევე ძნელია ვერტიკალური ჭრა კენით, როგორც ვერტიკალური ხაზის გავლება ფუნჯით. მართლაც, თეძოების ბრუნვითი მოძრაობა, რაგინდ სუსტიც არ უნდა იყოს ის, ხელს უშლის ჭრის ვერტიკალურობას. აი, რატომ იწყებენ სუბურების შესწავლით – ეს სავარჯიშოები ისე ამცირებს თეძოების ბრუნვას, რომ უმკაცრეს მინიმუმამდე დაჰყავს ის. ამ უმაცრეს მინიმუმში პრაქტიკის წყალობით აღმოვაჩენთ, რომ არსებობს ფანჯარა, მოკლე წამი, როდესაც ტერფები კვადრატულადაა, ხოლო მხრები პირდაპირ. ეს ფანჯარა საშუალებას გვაძლევს, ჩამოვიტანოთ ხმალი სრულიად ვერტიკალურად, და ამ დროს ხმალი ჭრის იმაზე ოდნავ ადრე, ვიდრე წინა ტერფი დაიდგმება.
თუმცა ასე არ ასწავლის სუბურებს საიტო სენსეი. ის ამ დროს მართლაც ჭრის ისე, რომ კენი და ფეხი ერთდოულად გადის წინ. ასე კეთებისას გარდაუვალია, რომ ხმლის პირი მსუბუქი კუთხით გადაიხაროს და ჩვენ ამის გადამოწმება შეგვიძლია ვიდეოში: გადახრა გამოჩნდება მოძრაობის მეორე ნაწილში, ჰანმის შეცვლისას, რაც სწორედ ამის შედეგია.
თუკი საიტო სენსეი ამას აკეთებს სუბურებში, მაშ რატომ ხსნიდა ასე ხშირად, რომ საპირისპიროს გაკეთება იყო საჭირო და თავში გვიბეჭდავდა იმ ამბავს, რომ ჭრისას ხმალი ყოველთვის ადრე უნდა მივიდეს საბოლოო ადგილას, ვიდრე ფეხი. და ეს ჭეშმარიტება შეგვიძლია შევამოწმოთ მის ფოტოებსა და ვიდეოებში, რომელთაც ამ საიტზე იპოვით.
ეს “წინააღმდეგობა”, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, ნიშნავს შემდეგს: სუბურები არ იცავს ხმლით აიკის ჭრის ზოგიერთ პრინციპს, მაგრამ, ისინი საშუალებას აძლევს მათ, ვინც სწავლობს ამ სუბურებს მოთმინებით, შენიშნოს და გაიაზროს ეს პრინციპები. სწორედ ამაშია მისი არსებობის საფუძველიც: დაგვეხმაროს, მივხვდეთ, თუ რას აკეთებდა ო-სენსეი.
თუ ბოლომდე მივყვებით ამ მსჯელობა, მაშინ გამოვა, რომ არა მხოლოდ პირველი სუბური გვაძლევს საშუალებას, ვჭრათ სრულყოფილად ვერტიკალურად, არამედ, პირველთან ერთად აიკი-კენის მეორე, მესამე და მეოთხე სუბურებიც, ანუ ის ოთხი სუბური, რომლებიც თავის თავში შომენ უჩის შეიცავს. სამაგიეროდ, ხმლის პირის კუთხით გადახრას ვხვდებით ბოლო სამ სუბურში, რადგანაც ისინი თავის თავში იოკომენ უჩის შეიცავს და არა შომენ უჩის.
სხვა სიტყვებით, სუბურების კეთება საიტო სენსეის მიერ მითითებული ფორმით და თან ისე, რომ მათში არ მოვძებნით შომენის ჭრის ფუნდამენტურ მახასიათებელს, ტანვარჯიშია და სხვა არაფერი. ეს ტანვარჯიში არასდროს მოგვცემს საშუალებას, მივაგნოთ შომენის ჭეშმარიტებას. ეს ჭეშმარიტება კი ის გახლავთ, რომ სრულყოფილად ვერტიკალური შომენის შესრულება შასაძლებელია ირიმი-ტენკანის მოქმედებისას. ამ წმინდად ტექნიკური ასპექტის მიღმა კი ჭეშმარიტება ისაა, რომ აიკიდო სამყაროს ღერძის გამოძახილს წარმოადგენს და სამყაროს ღერძი სრულყოფილად ვერტიკალურია, ის არ არის მხოლოდ 99 %-ით ვერტიკალური. თუ ხმლით შომენის ჭრას კავშირი აქვს სამყაროს ღერძთან, თუკი ამაში ეს იგულისხმება, გამოდის, რომ ისიც აუცილებლად ასეთივე სრულყოფილია, რომ ყველა პროპორცია დაცულია და ყველაფერი თანასწორია ამავდროულად.
ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს უკვე ეზოთერიზმისკენ იხრება და თითოეული თავისუფალია, უკუაგდოს აიკიდოს მეტაფიზიკური განზომილება, მაგრამ მაშინ ამასთან მისი ფიზიკური განზომილებაც უნდა უკუაგდოს, რადგან თავად ფუძემდებელი გვასწავლის, რომ აიკიდოს ფიზიკური პრაქტიკა სრულად ეფუძნება მეტაფიზიკურ მოდელს.
ხმლის პრაქტიკა სწორად ჭერის სწავლით იწყება. იხილეთ აქ, როგორ დაიჭიროთ სწორად თქვენი კენი 1-ელი სუბურის შესასრულებლად.
ხმლის პრაქტიკა სწორად ჭერის სწავლით იწყება.
კენი მარცხენა და მარჯვენა ხელების ნეკსა და არათითს უჭირავს. აკუპუნქტურის ორი მნიშვნელოვანი მერიდიანი, გულის მერიდიანი და წვრილი ნაწლავის მერიდიანი, აკავშირებს ნეკის ბოლოებს მუცლის სიღრმესთან, იმ ადგილთან, სადაც იაპონური ტრადიციის მიხედვით მდებარეობს კიკაი ტანდენი, ენერგიის ოკეანე. კენის ჭერა მარცხენა და მარჯვენა ნეკებიდან, ნიშნავს მის ჭერას სხეულის ცენტრით, იმ ენერგიით, რომელიც მუცლიდან გადმოდის.
ამ ოთხ თითს მტკიცედ უნდა ეჭიროს ცუკა (ხმლის ტარი).
სამაგიეროდ, თითოეული ხელის შუა და საჩვენებელ თითებს ძალიან მოქნილად უნდა ვუჭერდეთ, ჩავლებისას მათ მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებათ და საერთოდ რომ არ გვქონდეს ისინი, ამით ჭრა სულ არ შეიცვლებოდა.
მაშასადამე, კენი სხეულის ენერგიის გადამცემია, მან საშუალება უნდა მისცეს ამ ენერგიას, თავისუფლად იტრიალოს, ესაა არხი, საიდანაც კიკაი ტანდენის ენერგია უნდა გამოედინოს. სწორედ ამიტომ უნდა გვეჭიროს ის მუცლის გაგრძელებაზე, როგორც ამას საიტო სენსეი გვიჩვენებს ვიდეოში, წვერით მკერდის სიმაღლეზე (ჩუდან).
ქვედა ფოტო ნამდვილი თვალსაჩინოებაა და მას თავისი ისტორია აქვს: 1950-იან წლებში, როდესაც ო-სენსეი მინდორში მუშაობდა რამდენიმე თავის მოწაფესთან ერთად, რომელთა შორის საიტოც იყო, საუბარი ჩამოვარდა ხმლის სწორი ჭერის შესახებ. მაშინ ფუძემდებელმა ითხოვა, წასულიყო ვინმე სოფლის ფოტოგრაფის მოსაყვანად და მანვე თავის სამუშაო ტანსაცმელში გადაიღო სურათი ზუსტი დგომის უკვდავსაყოფად.
მე აქ ვდებ საიტო სენსეის ფოტოს იმავე ჩუდან ნო კამაე დგომში. ფოტო ოცდაათი წლით გვიანაა გადაღებული (ანტიბის ფორტიფიკაციებზე 1989 წლის ოქტომბერში).
კენის ჭერა ჩუდან ნო კამაეში ზედმეტად ვერტიკალური ღერძით, ხმლის წვერით ცისკენ, შეცდომაა, რომელიც ხელს უშლის მის გამოყენებას, როგორც მუცლის ბუნებრივ გაგრძელებას და აიძულებს მოვარჯიშეს, რომ მხოლოდ მხრების კუნთოვანი ენერგია ამუშაოს.
პირველი სუბურის ჭრა ხმლის ერთადერთი შესაძლო სრულყოფილი შომენია. კენი ადის პირდაპირ და ჩადის ზურგს უკან იქამდე, ვიდრე ხერხემალს არ შეეხება, შემდეგ შეუძლია ისევე სწორ ხაზზე ჭრას შომენ უჩით, როგორც აიტანა, ასეთ დროს ხმლის პირის გვერდზე გადახრა ნულს უდრის, ის იატაკის პერპენდიკულარულია და ვერტიკალურობაც სრულყოფილია.
ჭრის დასასრულს, კისაკი (ხმლის წვერი) იატაკის პარალელურად უნდა გაჩერდეს. ხმლის გაჩერება ამ წერტილამდე, ნიშნავს ჭრისთვის ხელის შეშლას მოძრაობის დინამიკის ნაადრევი და ხელოვნური დაბლოკვით. და პირუკუ, ხმლის გაჩერება ამ წერტილის მიღმა, ქვევით, ნიშნავს კონტროლის დაკარგვას იარაღზე, რასაც შედეგად სხეულის წინ გაქაჩვა მოჰყვება.
შიმერუ სახელწოდებაა მოქმედებისა, რომელიც კეტავს ხმალს ზუსტ ადგილას ჭრის ბოლოს. ეს არ გახლავთ მარჯვენა ხელის მოქმედება, რომელიც „შეაკავებდა“ ხმალს დაშვებისას, ესაა ტალღოვანი ფორმის მოქმედება, რომელიც მარცხენა ხელსა და მუცელს შორის სუბტილურ მიმართებას მოჰყვება შედეგად.