წყარო: https://aikidotakemusu.org/ken-suburi-7/
აიკი კენის მეშვიდე სუბური იოკომენია, რომელსაც ცუკი მოჰყვება, როგორც მეექვსე სუბურში. მაგრამ, მეექვსე სუბურისაგან განსხვავებით, ცუკი უკანა ფეხის წინ წადგმით სრულდება.
აიკი კენის მეშვიდე სუბური იოკომენია, რომელსაც ცუკი მოჰყვება, როგორც მეექვსე სუბურში. მაგრამ, მეექვსე სუბურისაგან განსხვავებით, ცუკი უკანა ფეხის წინ წადგმით სრულდება.
კიდევ ერთხელ, დარტყმებისას, როგორიც არ უნდა იყოს ის, განმსაზღვრელი სიმძლავრეა.
ცუკის მაქსიმალური სიმძლავრე მიიღწევა მაშინ, როცა ის უკანა ფეხის წინ წადგმით სრულდება. და მაინც, ეს სიმძლავრე მხოლოდ და მხოლოდ ირიმი-ტენკანის გამოყენებით შეიძლება გამოიხატოს, ანუ წრიული შესვლის საშუალებით.
რამდენადაც ცუკი წრფივად სრულდება მეთოდის ფარგლებში, თუგინდ უკანა ფეხის წინ წადგმით გაკეთდეს, როგორც ეს მეშვიდე სუბურშია, ის მაინც ვერ მიიღებს ნამდვილ სიმძლავრეს, რომელსაც მხოლოდ ირიმი-ტენკანის ამუშავება გვანიჭებს.
იმისათვის, რომ ყურადღება გაემახვილებინა აიკიდოში თეძოების გამოყენების ფუმდამენტურ ხასიათზე, საიტო სენსეი დაჟინებით მიგვითითებს ვიდეოში იმის აუცილებლობაზე, რომ არ უნდა დავარტყათ „პირდაპირ“, ბრუნვის გარეშე და მოძრაობის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს წრფივი სამუშაოა, უნდა დავურთოთ თეძოს ხმარების ერთგვარი „განზრახულობა“, რაც წინსრებით შეგვიქმნის წარმოდგენას ირიმი-ტენკანის ავთენტურ სამუშაოზე ჭეშმარიტი მოქმედებისას.
თუმცა, რაკი სამუშაო კვლავაც წრფივია, წრიულობის ამ მონახაზის გავლება შეუძლებელია უკანა თეძოს და ტერფის ჰანმიში გახსნის გარეშე დარტყმის დროს.
ამასთან, ჰანმის დგომი დარტყმის მომენტში შეუძლებელია, როდესაც ცუკი ირიმი-ტენკანის წრიული შესვლით სრულდება. წრიული შესვლის შემთხვევაში უკანა ტერფი მართლაც რჩება ადგილზე იმ დროს, როცა ცუკი სრულდება და ჰანმის პოზიციას დარტყმის შემდეგ უბრუნდება მხოლოდ და მხოლოდ: ირიმი-ტენკანის დარყმისას ტერფები ყოველთვის კენკა გოშის (კვადრატულ) დგომშია და არასდროს ჰანმიში (სამკუთხა), ამის შემოწმება ო-სენსეის ნებისმიერ ფოტოზე შეიძლება (კენით იქნება ეს, ჯოთი, თუ შიშველი ხელებით).
პრობლემა გადაუჭრელია, თეძოების ირიმი-ტენკანის წრიული მოძრაობის იძულება, რომ ის გაიშალოს სწორ ხაზზე მისი ბუნების საწინააღმდეგოდ, ქმნის იმავე სირთულეებს, როგორებიც წარმოიშვა მერკატორის (გერარდუს მერკატორი, ფლანდრიელი გეოგრაფი, რომელმაც 1569 წელს შექმნა რუკის ეს პრინციპი – კონფორმული პროექცია, რაც კუთხეების შენარჩუნებას ითვალისწინებს, მაგრამ რაც უფრო ვშირდებით ეკვატორს პოლუსებისკენ, დისტორსია სულ უფრო იზრდება.) ან პეტერსის (არნო პეტერსი – 1916-2002 წწ. გერმანელი ისტორიკოსი და კარტოგრაფი, მერკატორისგან განსხვავებით და საპირისპიროდ, მისი პროექციისას პოლუსებისკენ უფრო ნარჩუნდება რეალური ფორმები და პროპორციები და ეკვატორთან მახინჯდება) პროექციებისას და რომლებიც აიძულებს დედამიწის სფერულ ზედაპირს გაბრტყელდეს ქაღალდზე, რათა რუკის სახე მიიღოს: ეს ეფექტი გახლავთ გარდაუვალი დეფორმაცია.
თუ თეძოების მუშაობის შემოტანა გვინდა წრფეზე შესრულებულ მოქმედებებში, თანაც ცირკულარული ბუნების შენარჩუნებით, იძულებული ვიქნებით დავარტყათ ჰანმიში, მაგრამ ჰანმიში დარტყმა ვერ ერგება ცირკულარული მოძრაობის ჭეშმარიტებას, რომელიც გვაიძულებს დავარტყათ კენკა გოშის დგომში.
გარდა ამისა, ჰანმის პოზიციაში დაბრუნება უკანა თეძოს და შესაბამისი ტერფის გვერდზე გარიდებით სხეულს უკნისაკენ სწევს. ეს უკნისაკენ გაწევა შესანიშნავია დარტყმის შემდეგ, როცა სწორედაც საჭიროა ხმლის გამოღება იმ მოწინააღმდეგის სხეულიდან, რომელშიც ამ ცუკიმ გაიარა: ამისთვისაც არის ის. მაგრამ სხეულის ამგვარი გაწევა უკნისაკენ, ცხადია, სრულად ეწინააღმდეგება წინისკენ მიმართული მოქმედების მოთხოვნას, თუკი ის შესრულებულია დროში შეუსაბამოდ, ანუ იმ მომენტში, როდესაც ხმალი სწორედაც წინ უნდა მიდიოდეს, რათა მეტოქე ძლიერად გაკვეთოს.
საკუთარი თავის იძულება, რომ აამოძრაო თეძოები მაშინ, როცა მოძრაობა სწორ ხაზზე სრულდება, აუცილებლად გამოიწვევს ამ მოძრაობის დეფორმაციას. ეს დეფორმაცია გარდაუვალია, ეს ამბავი ეპატიება მეთოდს, ისევე როგორც ვპატიობთ კონტინენტების ზომებისა და ფორმების დისტორსიას პლანისფეროზე (გრენლანდია ჩვენს რუკებზე ორჯერ უფრო დიდი ჩანს აფრიკასთან შედარებით, მაშინ როცა სინამდვილეში მასზე 14-ჯერ უფრო პატარაა).
ოთხკუთხედ სოლს მრგვალ ნახვრეტში ვერ ჩაარჭობ (ინგლისელები ამბობენ, მრგვალ სოლს ოთხკუთხა ნახვრეტში ვერ ჩაასობო, მაგრამ, მე მგონი, ერთი და იგივეა) ისე, რომ სოლმა დეფორმაცია არ მიიღოს.
წრფივი გადაადგილების პედაგოგიური არჩევანი, ისეთი, როგორიც ეს მეთოდში იჩენს თავს, შეუთავსებელია ირიმი-ტენკანის პრინციპთან, რაც აიკიდოს გულია და რაც, პირიქით, წრიულ გადაადგილებას მოითხოვს.
აქ ჩნდება ნათლად ის საფრთხე, რომელსაც შეიძლება წარმოადგენდეს მეთოდი, თუკი ის კარგად არ იქნა გაგებული. მართლაც, ძალიან ადვილია ყველაფრის ერთმანეთში არევა, მეთოდის არევა თავად ხელოვნებაში, თუკი არ გვესმის, რა რისთვის და რატომ არსებობს. საიტო სენსეიმ იცოდა, რომ ქმნიდა მეთოდს გარემოებებიდან გამომდინარე და მას არ ერეოდა ეს მეთოდი აიკიდოში. მე არ გახლავართ დარწმუნებული, რომ მასწავლებლებს, რომლებიც დღეს აცხადებენ, საკუთარ მეთოდს ვქმნითო, ნათლად ჰქონდეთ გააზრებული ის გარდაუვალი ცდომილება, რომელიც ამ მეთოდსა და მორიჰეი უეშიბას ხელოვნებას შორის არსებობს.